№ას-1237-1177-2014 2 მარტი, 2015 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – სსიპ ქალაქ აბაშის №... საჯარო სკოლა (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის საპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 3 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ სარჩელი აღძრა სსიპ ქალაქ აბაშის №... საჯარო სკოლის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე შემდეგი დასაბუთებით:
2005 წლის 9 დეკემბერს მხარეთა შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლითაც სსიპ ქალაქ აბაშის №... საჯარო სკოლამ იკისრა ვალდებულება ეწარმოებინა პროექტ „იმედით“ გათვალისწინებული სამუშაო - მარტივი ტიპის ღია სპორტული მოედნის მოწყობა 3000 ლარის ღირებულების ფარგლებში და ფინანსების გამცემისათვის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსათვის წარედგინა შესაბამისი ფინანსური ანგარიში და ხარჯვის დამადასტურებელი სათანადო წერილობითი საბუთები, რაც მის მიერ არ შესრულებულა.
მოპასუხე მხარემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო - მარტივი ტიპის ღია სპორტული მოედნების მოწყობა განხორციელდა სახელშეკრულებო პირობების შესაბამისად. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსაგან მიღებული 3000 ლარი გაიხარჯა მიზნობრივად და ამ თანხის მიზნობრივად გახარჯვის დამადასტურებელი წერილობითი მასალები არაერთხელ გადაეგზავნა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს. მართალია მოსარჩელის მიერ შესრულებული სამუშაო დღემდე მიღებული არ არის, მაგრამ ამის მიზეზი გახდა არა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს არაჯეროვნად შესრულება, არამედ ის გარემობა, რომ მიწის იმ ნაკვეთზე, სადაც ნაწილობრივ განთავსებული იყო სპორტული მოედანი, საჯარო სკოლა აწარმოებდა სასამართლო დავას სკოლის მოსაზღვრედ მცხოვრებ მოქალაქეებთან. სასამართლო დავის დასრულებამდე კი სამინისტრომ შესრულებული სამუშაოების მიღებაზე უარი განაცხადა.
სენაკის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 3 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა სენაკის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო „საქართველოს 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის ნაციონალური პროგრამის - „გ. ნ-ე - სპორტული მოედნების რეაბილიტაცია“ ფარგლებში ახორციელებდა საჯარო სკოლების მიერ წარმოდგენილი და კომისიის მიერ მოწონებული პროექტების დაფინანსებას, საქართველოს საჯარო სკოლებში მარტივი ტიპის ღია სპორტული მოედნების აღდგენა - მოწყობის მიზნით.
„გ. ნ-ე - სპორტული მოედნების რეაბილიტაციის“ ნაციონალური პროგრამის განხორციელების ფარგლებში, სსიპ ქალაქ აბაშის №... საჯარო სკოლის მიერ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარედგენა პროექტი „იმედი“, რომელიც შეეხებოდა სსიპ ქალაქ აბაშის №... საჯარო სკოლაში მარტივი ტიპის ღია სპორტული მოედნების მოწყობით სამუშაოთა წარმოებას 3 000 ლარის ღირებულების ფარგლებში.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით, სსიპ ქალაქ აბაშის №... საჯარო სკოლის პროექტი „იმედი“ გამოცხადდა გამარჯვებულად და დადგინდა ამ პროექტით გათვალისწინებულ სამუშაოთა დაფინანსება 3 000 ლარით.
2005 წლის 9 დეკემბერს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და სსიპ ქალაქ აბაშის №... საჯარო სკოლას შორის გაფორმდა №../... ხელშეკრულება, რომლის შესაბამისად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ იკისრა ვალდებულება პროექტ „იმედით“ გათვალისწინებული სამუშაოს 3000 ლარით დაფინანსების შესახებ. დაფინანსების მიმღებმა - მოპასუხე სსიპ აბაშის № ... საჯარო სკოლამ იკისრა ვალდებულება უზრუნველეყო პროგრამის - „გ. ნ-ე - სპორტული მოედნების რეაბილიტაციის“ ფარგლებში პროექტ „იმედით“ გათვალისწინებული სამუშაოს - საჯარო სკოლაში მარტივი ტიპის ღია სპორტული მოედნების მოწყობა, 3 000 ლარის ღირებულების ფარგლებში.
ხელშეკრულების 4.1. და 4.3. პუნქტების თანახმად, დაფინანსების მიმღებმა იკისრა გამარჯვებული პროექტით განსაზღვრული ღონისძიებების შესრულების ვალდებულება, პროექტში მითითებული ვადების დაცვით. იმავე ხელშეკრულების 4.5. პუნქტის თანახმად, დაფინანსების მიმღებს დაევალა ფინანსური ანგარიშისა და ხარჯვის პირველადი დოკუმენტაციის წარდგენა დაფინანსების გამცემისათვის - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსათვის.
ხელშეკრულების 6.2. პუნქტის თანახმად, დაფინანსების გამცემმა იკისრა ვალდებულება დაფინანსების მიმღებისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის, 3000 ლარის წინასწარი გადარიცხვის შესახებ, ხოლო იმავე ხელშეკრულების 5.2. პუნქტით განისაზღვრა დაფინანსების გამცემის უფლებამოსილება დაფინანსების მიმღების მხრიდან სამუშაოს არადამაკმაყოფილებლად შესრულების შემთხვევაში, მოეთხოვა თანხის უკან დაბრუნება.
ხელშეკრულების 3.1. პუნქტით განისაზღვრა ხელშეკრულების მოქმედების ვადა - მხარეთა მიერ ხელშეკრულების ხელმოწერისა და საქართველოს სახელმწიფო სახაზინო სამსახურში რეგისტრაციის დღიდან, მხარეთა მიერ აღებული ვალდებულების სრულ შესრულებამდე. იმავე ხელშეკრულების 7.1. და 7.2. პუნქტებით განისაზღვრა შესრულებული სამუშაოს მიღება - ჩაბარების წესი. კერძოდ დადგინდა, რომ დაფინანსების მიმღების მხრიდან ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო (საჯარო სკოლაში მარტივი ღია ტიპის სპორტული მოედნის მოწყობა) შესრულებულად ჩაითვლებოდა გადარიცხული თანხის შესაბამისი პირველადი დოკუმენტების განხილვისა და ფინანსური ანალიზის წარდგენის და მხარეთა შორის მიღება - ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ.
ხელშეკრულებით განსაზღვრული 3000 ლარი სსიპ ქალაქ აბაშის საჯარო სკოლის ანგარიშზე ჩაირიცხა 2005 წლის 20 დეკემბერს. პროექტ „იმედის“ განხორციელებისათვის საჯარო სკოლის სალაროდან გაცემული იქნა 2 970 ლარი.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სსიპ ქალაქ აბაშის №... საჯარო სკოლის მიერ მიღებული თანხა 3000 ლარი გაიხარჯა მიზნობრივად პროექტ „იმედით“ გათვალისწინებულ სამუშაოთა შესასრულებლად. აღნიშნული თანხის არამიზნობრივად ხარჯვის დადასტურება მოსარჩელემ ვერ შეძლო.
პალატამ ასევე დაადგინა, რომ მოპასუხემ რეალურად შეასრულა პროექტ „იმედით“ გათვალისწინებული სამუშაო - მოაწყო სპორტული მოედნები, სიგრძეზე სახტომი ორმო და საჭიდაო არენა, ტანვარჯიშის უჯრედი, შეიძინა საჭირო სპორტული ინვენტარი. მიუხედავად იმისა, რომ სპორტულ მოედნებს რეაბილიტაცია 2006 წლიდან არ ჩატარებია, ისინი ფუნქციონირებს დღემდე. სკოლა ასევე დღემდე სარგებლობს იმ სპორტული ინვენტარით, რომელიც შეძენილი იქნა პროექტის ფარგლებში.
პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: აბაშის №... საჯარო სკოლამ მეწარმე ი. წ-ისაგან (პ/ნ .....) შეიძინა 495.50 ლარის ღირებულების პროექტით გათვალისწინებული სხვადასხვა დასახელების სპორტული ინვენტარი; მოპასუხემ ასევე ინდივიდუალური მეწარმისაგან - ჯ. ლ-ისაგან შეიძინა 818 ლარის ღირებულების სამშენებლო და სამეურნეო საქონელი - ცემენტი, რკინა-ბეტონისა და ხის საღებავები, ელექტროდი, სხვადასხვა ზომის ლურსმანი; მოქალაქე გ. ქ-ამ იკისრა ვალდებულება ღია ტიპის სპორტული მოედნის რეაბილიტაციისათვის ეწარმოებინა ელექტრო-შესადუღებელი სამუშაოები. სსიპ აბაშის №... საჯარო სკოლამ კი იკისრა ვალდებულება გ. ქ-სათვის გადაეხადა 100 ლარი.
საქმეში არსებული აქტების თანახმად (იხ. ს.ფ. 60, 61, 62, 63, 64) სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია აბაშის №... საჯარო სკოლის მიერ 1560 ლარის მიზნობრივი ხარჯვა.
სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე და 361-ე მუხლებზე დაყრდნობით განმარტა, რომ მოპასუხე სსიპ ქალაქ აბაშის №... საჯარო სკოლის მიერ ვალდებულება შესრულებული იქნა.
პალატამ ასევე გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოება სარჩელის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ მოდავე მხარეთა შორის ხელშეკრულება გაფორმდა 2005 წლის 9 დეკემბერს, საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით კი დადგენილია, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება სსიპ ქალაქ აბაშის №... საჯარო სკოლამ შეასრულა 2006 წელს. შესაბამისად სამინისტროს, ხელშეკრულების შესრულებაზე შედავების ვადა წარმოეშვა 2006 წელს. მან კი სასამართლოს მიმართა 2014 წლის 7 აპრილს.
სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო კოდექსის 130-131-ე მუხლების თანახმად განმარტა, რომ ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. თუ მოთხოვნის წარმოშობა დამოკიდებულია კრედიტორის მოქმედებაზე, ხანდაზმულობა იწყება იმ დროიდან, როცა კრედიტორს შეეძლო განეხორციელებინა ეს მოქმედება.
სასამართლომ მიუთითა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და სსიპ ქალაქ აბაშის №... საჯარო სკოლას შორის 2005 წლის 9 დეკემბერს გაფორმებული №../.... ხელშეკრულების 3.1. პუნქტზე, რომლის თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულება ძალაში შედის მხარეთა უფლებამოსილი წარმომადგენლების ხელმოწერისა და საქართველოს სახელმწიფო სახაზინო სამსახურში რეგისტრაციის დღიდან და მოქმედებს მხრეთა მიერ აღებული ვალდებულების სრულ შესრულებამდე.
შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ სამინისტროს, ხელშეკრულების შესრულებაზე შედავების სამ წლიანი ვადა წარმოეშვა 2006 წელს, მან კი სენაკის რაიონულ სასამართლოს მიმართა 2014 წლის 7 აპრილს, ანუ სამ წლიანი ვადის დარღვევით.
სააპელაციო სასამართლოს განიჩინებაზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი დასაბუთებით:
კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 128-ე, 129-ე და 131-ე მუხლები და, შესაბამისად, არასწორად მიიჩნია ხანდაზმულად სარჩელი. კასატორის განმარტებით, სამინისტროსათვის ხელშეკრულების შეუსრულებლობის შესახებ ცნობილი გახდა შიდა აუდიტის დეპარტამენტის 2013 წლის 11 სექტემბრის დასკვნით და სწორედ ამ დროიდან წარმოიშვა მოთხოვნის უფლება და არა 2006 წლიდან, როგორც ამას სააპელაციო სასამართლო უთითებს.
საკასაციო საჩივრის ავტორი ასევე მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა 2004 წლის 22 დეკემბრის საგადასახადო კოდექსის 97-ე (1) პრიმა მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი პირების მიერ საქონლის/მომსახურების მიწოდების დროს მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას შესაბამისი მონაცემები აღირიცხება მხოლოდ საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენებით. ასევე არ იქნა გამოყენებული ამავე მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი, რომლიც ითვალისწინებს საქონლის/მომსახურების მიწოდების ღირებულების ნაღდი ფულით ანაზრაურებისას მომხმარებელზე საკონტროლო-სალარო აპარატის მიერ ამობეჭდილი ჩეკის გაცემას, რომელიც ადასტურებს საქონლის/მომსახურების მიწოდების ოპერაციასთან დაკავშირებით შესაბამისი ნაღდი ფულის გადახდის ფაქტს.
კასატორის აზრით, სასამართლომ ასევე არ გამოიყენა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2006 წლის 3 იანვრის №1 ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების წესი“.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 11 დეკემბრის განჩინებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. სუსგ №ას-547-515-2012; №ას-531-505-2013; №ას-1237-1087-2010).
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე