Facebook Twitter
# as-734-1103-06 ** *****, 2007 w

საქმე №ას-1340-1378-2014 11 მარტი, 2015 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ი. ხ-ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ა. გ-ა (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 11 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი – სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ფულადი ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ა. გ-ამ სარჩელი აღძრა სასამართლოში ი. ხ-ის მიმართ სესხის – 5000 აშშ დოლარის დაბრუნების შესახებ.

მოსარჩელემ განმარტა, რომ მოპასუხეს ასესხა 5000 აშშ დოლარი 2012 წლის 30 იანვრამდე. სესხის უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დაიტვირთა გურჯაანის რაიონის სოფელ კ-ში მდებარე ი. ხ-ის კუთვნილი უძრავი ქონება. მოპასუხემ ვალდებულება არ შეასრულა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 8 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ხოლო ამავე სასამართლოს 2013 წლის 20 დეკემბრის განჩინებით დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 11 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა სააპელაციო საჩივრის არგუმენტი, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 20 დეკემბრის საოქმო განჩინება მოწმის დაკითხვაზე უარის თქმის შესახებ უნდა გაუქმდეს. საგულისხმოა, რომ მოწმის დაკითხვას მხარე ითხოვდა იმ გარემოების დასადასტურებლად, თუ რა პირობებში ჩაიბარა მან ი. ხ-ისათვის განკუთვნილი გზავნილი, აგრეთვე იმისათვის, რომ სასამართლოს შეეფასებინა მოწმის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რათა დარწმუნებულიყო, რომ მოწმეს, ხანდაზმულობის გამო, არ შეეძლო სწორად აღექვა გზავნილის მნიშვნელობა.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად არ დააკმაყოფილა აღნიშნული შუამდგომლობა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლები განსაზღვრავენ გზავნილის ჩაბარების წესებს, მათ შორის მხარის ოჯახის წევრისათვის. სადავო არაა, რომ თ. ხ-მა ჩაიბარა არა მარტო მოსარჩელის მიერ გაგზავნილი გზავნილი, არამედ მანამდე, 2014 წლის 27 სექტემბერს სასამართლოს მიერ გაგზავნილი განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ და დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ თ. ხ-ის მიერ, ხანდაზმულობის გამო, მოვლენების არასწორად აღქმის ფაქტი არ შეიძლება დადგინდეს მარტოოდენ მისი მოწმედ დაკითხვით. ამისათვის აუცილებელია სამედიცინო ხასიათის ექსპერტიზის ჩატარება. ამდენად, თ. ხ-ის მოწმედ დაკითხვა ვერ დაადასტურებდა იმ გარემოებას, რაც მხარეს სურდა, რის გამოც ეს შუამდგომლობა მართებულად არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო პალატამ ასევე დაუსაბუთებლად მიიჩნია აპელანტის მითითება, რომ, ვინაიდან ი. ხ-ი მუშაობდა შპს „ი“-ში დარაჯად, რომლის ადგილსამყოფელია მცხეთის რაიონი და იქვე ცხოვრობდა, ამდენად, გზავნილი მას უნდა გაგზავნოდა ამ მისამართზე.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმები არ ავალდებულებენ მხარეს ან სასამართლოს, რომ გზავნილი ან უწყება პირადად მხარეს ჩაბარდეს. ამავე დროს, არც მოსარჩელეა ვალდებული მუდმივად იკვლიოს მოპასუხის ფაქტობრივი ადგილსამყოფელი და პირადად მას გაუგზავნოს უწყება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე სასამართლომ განმარტა, რომ კანონი უშვებს მითითებულ ნორმაში ჩაბარებას ნებისმიერ ჩამოთვლილ მისამართზე და სწორედ ასეთ, მხარის მიერ მითითებულ მისამართზე გურჯაანის რაიონის სოფელ კ-ში ჩაბარდა კიდეც უწყება. საგულისხმოა ისიც, რომ სესხის ხელშეკრულებაშიც ი. ხ-ის მისამართად ეს მისამართია აღნიშნული და დაუსწრებელი გადაწვეტილებაც მას ამავე მისამართზე გაეგზავნა და იგივე სახით ჩაბარდა 2013 წლის 18 ნოემბერს.

ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში ასეთი ჩაბარება განხორციელდა აპელანტის დედის – თ.ხ-ის მიმართ, რომლის ქმედუუნარობის დამადასტურებელი მტკიცებულებები მხარემ ვერ წარმოადგინა. შესაბამისად, გზავნილი ჩაბარდა კანონით განსაზღვრული წესების დაცვით და დაუსწრებელი გადაწყვეტილებაც სწორად იქნა მიღებული, რის გამოც არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება ი. ხ-მა გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება შემდეგი საფუძვლებით:

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ მოპასუხეს გაეგზავნა სამი სხვადასხვა გზავნილი და სამივეჯერ ეს გზავნილები ჩაბარდა ერთსა და იმავე პიროვნებას – მოპასუხის დედას. მითითებული გზავნილებით მხარეს გაეგზავნა სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე განჩინება, რომელიც ჩაბარდა 2013 წლის 13 ოქტომბერს და დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომელიც ჩაბარდა 2013 წლის 18 ნოემბერს. სააპელაციო სასამართლომ გზავნილები სათანადო წესის მოთხოვნათა დაცვით ჩაბარებულად მიიჩნია იმ მოტივით, რომ გზავნილების ჩაბარების ყველა დასტურზე, ამომწურავად არის დაფიქსირებული მიმღები პირის ვინაობა, მისი ხელმოწერა, პირადი ნომერი და ადრესატთან მისი დამოკიდებულება. სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნული მიუთითებს, რომ კურიერმა ამომწურავად მიუთითა მოპასუხის დედას, თუ ვისი იყო გზავნილი, ვის უნდა გადასცემოდა და ვინ იყო პირი ადრესატისთვის. პალატის განმარტებით, ზემოაღნიშნული მოქმედება გზავნილის მიმღები პირის მხრიდან, როგორც გზავნილის ჩაბარებაზე უარის, ისე ადრესატის ადგილსამყოფელის მითითების სრულ შესაძლებლობას იძლეოდა.

მხარემ ყურადღება გაამახვილა მის მიერ სააპელაციო საჩივრის საფუძვლად მითითებულ არგუმენტზე, რომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მერვე ნაწილის შესაბამისად, გზავნილი მას პირადად უნდა ჩაბარებოდა, ვინაიდან ის გაიგზავნა საცხოვრებელ მისამართზე. ამავე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესის თანახმად, ვინაიდან პირველად გზავნილის ადრესატისთვის ჩაბარება ვერ მოხერხდა, ის მოპასუხეს უნდა გაგზავნოდა დამატებით ერთხელ მაინც იმავე ან ცნობილ სხვა მისამართზე, რაც სასამართლომ არ გაითვალისწინა და არ იზრუნა მოპასუხისათვის პირველი გზავნილის პირადად ჩაბარებაზე მას შემდეგ, რაც გამოირკვა, რომ გზავნილის ჩაბარების დროისათვის ადრესატის საცხოვრებელ ადგილს არ წარმოადგენდა გურჯაანის რაიონის სოფელი კ-ი. სასამართლოს არ გამოურკვევია, სად იყო წასული ადრესატი და როდისთვის ვარაუდობდნენ მის დაბრუნებას, შეეძლო თუ არა სხვა პირს, მოპასუხის დედას ადრესატისათვის გზავნილის დროულად გადაცემა.

კასატორმა მიიჩნია, რომ აღნიშნული საპროცესო დარღვევის შედეგად ადრესატმა ვერც ერთი გზავნილი (გარდა ბოლო გზავნილისა დაუსწრებელი გადაწყვეტილების ასლთან დაკავშირებით) ვერ მიიღო იმ ვადაში, რა დროშიც შესაძლებლობა ექნებოდა, განეხორციელებინა მისთვის კანონით მინიჭებული საპროცესო უფლებები.

კასატორმა ჩათვალა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილი სასამართლოს უნდა გამოეყენებინა ამავე კოდექსის 73-ე მუხლის პირველ და მერვე ნაწილებთან ერთობლიობაში, ადრესატისათვის გზავნილის პირადად ჩაბარების მცდელობის შემდეგ. თავის მხრივ, პირადად ჩაბარების მცდელობა გულისხმობს იმ გარემოებების გამორკვევას, თუ რატომ არ იმყოფება ადრესატი თავის საცხოვრებელ მისამართზე, სად არის წასული ადრესატი და როდის ვარაუდობენ მის დაბრუნებას, რის შესახებაც გზავნილის მეორე ეგზემპლარზე უნდა შესრულდეს აღნიშვნა. ამ საკითხის გამორკვევა მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისითაც, რომ გზავნილის ჩამბარებელი პირი შედის უშუალო კომუნიკაციაში გზავნილის მიმღებთან და განუმარტავს მას თავის უფლებებს, ასევე განმარტავს, რომ გზავნილის მიმღები ვალდებულია, გზავნილი დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს, ვინაიდან აღნიშნული დაკავშირებულია ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების ვადასთან და ასეთი მოქმედების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 75-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, უარი განაცხადოს გზავნილის ჩაბარებაზე.

მხარის მითითებით, თუ გზავნილის მიმღებ პირს არ განემარტა თავისი უფლებები და ვალდებულებები და მისთვის ცნობილი არ გახდა ადრესატისათვის დროის კონკრეტულ მონაკვეთში გზავნილების გადაცემის აუცილებლობა, აღნიშნული გზავნილები მისთვის იქნება უბრალო წერილები, რომლებსაც გზავნილის მიმღები, მოცემულ შემთხვევაში კასატორის დედა გადასცემდა თავის შვილს მასთან პირველივე შეხვედრისას, რაც ხდებოდა წელიწადში მხოლოდ რამდენჯერმე, ვინაიდან მოპასუხე ყოველდღე მუშაობდა მცხეთის რაიონის სოფელ ქ-ში შპს „ი“-ში დარაჯის პოზიციაზე და მას საცხოვრებელი ადგილით უზრუნველყოფდა სწორედ დასახელებული კომპანია.

კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია სადავო გზავნილები ადრესატისათვის სათანადო წესით ჩაბარებულად იმ მოტივით, რომ გზავნილების ჩაბარების ყველა დასტურზე ამომწურავად იყო დაფიქსირებული მიმღები პირის ვინაობა, მისი ხელმოწერა, პირადი ნომერი და ადრესატთან დამოკიდებულება. ასევე არასწორია სასამართლოს განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ ამ მონაცემების მითითება თავისთავად გულისხმობდა გზავნილის მიმღები პირის მხრიდან როგორც გზავნილის ჩაბარებაზე უარის, ისე ადრესატის ადგილსამყოფელის მითითების სრულ შესაძლებლობას.

მხარემ მიუთითა დაუსწრებელი გადაწყვეტილების შესახებ უზენაესი სასამართლოს განმარტებაზე, რომელთა მიხედვითაც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა ლოგიკური და გამართლებულია იმ მოპასუხის წინააღმდეგ, რომელიც სასამართლოს შეუქმნის რწმენას, რომ მან ცნო სარჩელი და დაკარგა სარჩელისაგან თავის დაცვის ინტერესი, მაგრამ ამავე საპროცესო მოქმედების განხორციელება იმ მოპასუხის მიმართ, რომლის გამოუცხადებლობამ ან შესაგებლის წარუდგენლობამ სასამართლოს ვერ შეუქმნა ამგვარი რწმენა, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა გაუმართლებელია. მოპასუხის მხრივ სარჩელის ცნობისა და სარჩელისაგან თავის დაცვის ინტერესის დაკარგვის ვარაუდი არ წარმოიშობა, თუ მხარეს არ ჩაბარებია სარჩელის ასლი თანდართული მასალებით და მისთვის ცნობილი არ გამხდარა მის მიმართ წარმოებული დავის შესახებ.

მოცემულ შემთხვევაში, კასატორმა მიიჩნია, რომ, ვინაიდან სასამართლომ არ დაიცვა ზემოთ მითითებული არც ერთი პირობა, მას არ ჰქონდა ვარაუდის საფუძველი, რომ მოპასუხემ ცნო სარჩელი და დაკარგა სარჩელისაგან თავის დაცვის ინტერესი. ასე რომ ყოფილიყო, კასატორი არ გაასაჩივრებდა დაუსწრებელ გადაწყვეტილებას, არ იქირავებდა ადვოკატს და მით უფრო არ წარმოადგენდა სააპელაციო საჩივარს შესაბამისი ბაჟის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულებით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 2 თებერვლის განჩინებით ი. ხ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა ი. ხ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

მოცემულ საქმეზე სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები და მიიჩნია, რომ მოპასუხე ი. ხ-ს ა. გ-ას სასარჩელო განცხადება თანდართულ მასალებთან ერთად ჩაბარდა გურჯაანის რაიონის სოფელ კ-ში მცხოვრებ ადრესატის დედას – თ. ხ-ს, რომელმაც ჩაიბარა არა მარტო მოსარჩელის მიერ გაგზავნილი გზავნილი, არამედ მანამდე, 2014 წლის 27 სექტემბერს სასამართლოს მიერ მოპასუხისათვის გაგზავნილი განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ და დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

ასევე დადგენილია, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში მოპასუხეს სასარჩელო განცხადებაზე შესაგებელი არ წარუდგენია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით, ვინაიდან მოცემული ტიპის საქმეებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სტაბილური პრაქტიკა (სუს 2014 წლის 15 სექტემბრის №ას-613-581-2014 განჩინება, სუს 2014 წლის 31 ივლისის №ას-756-724-2014 განჩინება).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ ი. ხ-ს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით ი. ხ-ისა და გ. ტ-ის მიერ 2015 წლის 23 იანვარს №1 საგადახდო დავალებით გადახდილი 497 ლარის 70% – 347,9 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ი. ხ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ ი. ხ-ს (პირადი №……..) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით ი. ხ-ისა და გ. ტ-ის მიერ 2015 წლის 23 იანვარს №1 საგადახდო დავალებით გადახდილი 497 ლარის 70% – 347,9 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ნ. ბაქაქური