№ას-20-17-2015 18 მარტი, 2015 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
სხდომის მდივანი: ლელა სანიკიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენით
საკასაციო საჩივრის ავტორი – სსიპ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ა-ს საჯარო სკოლა (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ლ. ბ-ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება ბრძანებების ბათილად ცნობისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ნაწილში და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ბრძანებების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
ლ. ბ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში სსიპ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ა-ს საჯარო სკოლის მიმართ გათავისუფლების ბრძანებების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილებით ლ. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ. ბ-მა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ლ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ლ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ა-ს საჯარო სკოლის 2013 წლის 1 ნოემბრის #../.-.. ბრძანება; ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი ამავე სკოლის 2013 წლის 15 სექტემბრით დათარიღებული #../.-...-ე ბრძანება. კერძოდ, 2013 წლის 15 სექტემბრით დათარიღებული #../.-...-ე ბრძანება ბათილად იქნა ცნობილი ლ. ბ-ისთვის შრომითი ხელშეკრულების 2013 წლის 1 ნოემბრამდე გაგრძელების ნაწილში; დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ა-ს საჯარო სკოლას ლ. ბ-ის სასარგებლოდ განაცდურის სახით დაეკისრა ყოველთვიურად დასარიცხი ხელფასის ოდენობის - 115 ლარის ანაზღაურება 2013 წლის 1 ნოემბრიდან 2014 წლის 15 სექტემბრამდე პერიოდის გათვალისწინებით; ლ. ბ-ის სარჩელი სამუშაოზე აღდგენის ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ა-ს საჯარო სკოლამ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება ბრძანებების ბათილად ცნობისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ნაწილში და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 16 იანვრის განჩინებით სსიპ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ა-ს საჯარო სკოლის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.
2015 წლის 5 თებერვალს საკასაციო სასამართლოში სსიპ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ა-ს საჯარო სკოლამ და ლ. ბ-მა წარმოადგინეს სანოტარო წესით დამოწმებული მორიგების აქტი და მოითხოვეს მორიგების დამტკიცება და საქმის წარმოების შეწყვეტა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 16 თებერვლის განჩინებით საქმეზე დაინიშნა ზეპირი განხილვა 2015 წლის 18 მარტს, 15:00 საათზე.
2015 წლის 18 მარტს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში გამართულ სასამართლო სხდომაზე მოწინააღმდეგე მხარემ (მოსარჩელე) ლ. ბ-მა უარი თქვა სარჩელზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, ლ. ბ-ის შუამდგომლობის საფუძვლიანობა და თვლის, რომ მოცემული საქმის წარმოება უნდა შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომელიც სამოქალაქო სამართალწარმოების ფუნდამენტურ პრინციპს - დისპოზიციურობას განამტკიცებს და დადგენილია, რომ მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლის მიხედვით კი, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
დასახელებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია საქმის განხილვის ეტაპზე დაუბრკოლებლად იხელმძღვანელოს ქვემდგომი წესით საქმის განხილვის მარეგულირებელი იმ ნორმებით, რომლებიც საკასაციო სამართალწარმოებისას სპეციალურ რეგულაციას არ ექვემდებარებიან, თავის მხრივ, საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის რეგულაცია არ შემოიფარგლება მხოლოდ პირველი ინსტანციის წესით საქმის განხილვით და მასში მითითებული თითოეული საპროცესო მოქმედების განხორციელება მხარეს შეუძლია საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე, ამასთან, ამავე კოდექსის 273-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოსარჩელემ უარი განაცხადა სარჩელზე, პალატა მიიჩნევს, რომ ლ. ბ-ის სარჩელზე უნდა შეწყდეს საქმის წარმოება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილს თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ხოლო ამავე ნორმის მე-4 ნაწილით დადგენილია, რომ სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მთლიანად გათავისუფლება ან სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განახევრება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, მხოლოდ ამ ინსტანციებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში.
კანონის აღნიშნული დანაწესიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ ვინაიდან სსიპ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ა-ს საჯარო სკოლის საკასაციო საჩივრის არსებითად განხილვამდე მოწინააღმდეგე მხარემ (მოსარჩელემ) სარჩელზე თქვა უარი, კასატორს სრულად უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 2014 წლის 26 დეკემბრის №157 საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე, 273-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ლ. ბ-ის შუამდგომლობა სარჩელზე უარის თქმის შესახებ დაკმაყოფილდეს;
2. შეწყდეს წარმოება სამოქალაქო საქმეზე - ლ. ბ-ის სარჩელის გამო სსიპ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ა-ს საჯარო სკოლის მიმართ, ბრძანებების ბათილად ცნობისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ;
3. გაუქმდეს მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის პირველი წინადადება, 3.1 და 3.2 ქვეპუნქტები და მე-4 პუნქტი;
4. კასატორ სსიპ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ა-ს საჯარო სკოლას (ს/ნ ......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2014 წლის 26 დეკემბრის N157 საგადახდო დავალებით გადახდილი 300 (სამასი) ლარი;
5. მხარეებს განემარტოთ, რომ სასამართლოში დავა იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით დაუშვებელია;
6. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე