საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
10 მარტი, 2015 წელი
№ას-233-220-2015 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – აჭარის ა/რ-ის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „მ-ი“
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 26 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა აჭარის ა/რ-ის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ მოპასუხე შპს „მ-ის“ მიმართ და მოითხოვა:
1. აჭარის ა/რ-ის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საკუთრებაში არსებული ........ მიწის ნაკვეთის არამართლზომიერად სარგებლობის გამო, მოპასუხისათვის სარგებლობაში გადაცემის საფასურის – 6689.85 ლარის დაკისრება, ქონებით სარგებლობის მთელი პერიოდისათვის – 2011 წლის 16 იანვრიდან 2014 წლის 1 მაისის ჩათვლით;
2. შპს „მ-ისათვის“ ქონების მესაკუთრეზე გადაცემამდე ყოველ ვაგადადაცილებულ დღეზე 5.57 ლარის დაკისრება.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილებით:
აჭარის ა/რ-ის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 26 დეკემბრის განჩინებით:
1. აჭარის ა/რ-ის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა;
2. უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
დაბა ....., ..... ქუჩის მიმდებარედ არსებული 81...კვ.მ მიწის ნაკვეთი ეკუთვნის აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას.
შპს „მ-ის“ იჯარით აქვს აღებული ამ ნაკვეთის მიმდებარედ არსებული უძრავი ქონება.
2011-2012 წლებში შპს „მ-იმა“ სადავო ტერიტორია კეთილმოაწყო, კერძოდ, დაასხა ბეტონის საფარი და შემოღობა.
საქმის მასალებით არ დგინდება, რომ აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე რაიმე სახით სარგებლობს სადავო ტერიტორიით ან მისი ნაწილით.
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორად შეაფასა დადგენილი ფაქტები და მართებულად მიუთითა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავისი მოთხოვნის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენა აპელანტს ევალებოდა, თუმცა მას შესაბამისი მტკიცებულებები სასამართლოსთვის არ წარუდგენია. ფაქტობრივად, ერთადერთ მტკიცებულებას, რომელიც აპელანტმა სასამართლოს წარუდგინა, წარმოადგენდა სადავო ტერიტორიის ფოტოსურათები. ამ ფოტოსურათებიდან მხოლოდ ის ჩანდა, რომ ტერიტორია კეთილმოწყობილი იყო, მაგრამ ის ფაქტი, რომ ამ ტერიტორიაზე მოპასუხე ეწეოდა სამეწარმეო საქმიანობას, არ დასტურდებოდა.
ამავდროულად, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოწინააღმდეგე მხარის მიერ სადავო ტერიტორიით სარგებლობის დამადასტურებელი მტკიცებულებები აპელანტმა ვერც ადმინისტრაციული წარმოების დროს მოიპოვა. მოცემულ საკითხთან დაკავშირებით აპელანტის მიერ გამოცემული აქტები ეყრდნობოდა მხოლოდ ვარაუდს, რომ რადგან მოწინააღმდეგე მხარემ ტერიტორია კეთილმოაწყო, იგი მას იყებდა კიდეც.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ზემოხსენებული ვარაუდის საფუძველზე საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებების დადგენა შეუძლებელი იყო.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, სამოქალაქო კოდექსის 982-ე მუხლის პირველი ნაწილის, აგრეთვე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ აჭარის ა/რ-ის კანონის მე-18 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, პირი ვალდებულია გადაიხადოს საფასური სხვის საკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობის და არა მისი კეთილმოწყობისა და გაუმჯობესებისათვის.
კონკრეტულ შემთხვევაში, აპელანტმა ვერ დაამტკიცა შპს „მ-ის“ მიერ აჭარის ა/რ-ის კუთვნილი ქონებით სარგებლობის ფაქტი. ამის გამო, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელი დაუსაბუთებელი იყო და სასამართლომ იგი მართებულად არ დააკმაყოფილა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აჭარის ა/რ-ის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ.
საკასაციო საჩივრის საფუძვლები:
შპს „მ-იმა“ აღიარა, რომ აჭარის ა/რ-ის საკუთრებაში არსებულ 81....კვ.მ მიწის ნაკვეთზე დაასხა ბეტონი და რკინის გისოსებით შემოღობა, ……. გამზირის მომიჯნავედ (ყოველგვარი დაშორების გარეშე) ეწევა კომერციულ (სამეწარმეო) საქმიანობას. სწორედ აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებას ემყარებოდა აჭარის ა/რ-ის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სარჩელის მოთხოვნა, რომლის თანახმადაც, შპს „მ.-ის“ არამართლზომიერად აქვს სარგებლობაში აჭარის ა/რ-ის საკუთრებაში რეგისტრირებული უძრავი ქონება.
ქონების დათვალიერებისას შპს „მმ-ის“ გაჩერებული ყავდა გასაყიდი ავტომანქანები, ხოლო მოგვიანებით სურათების გადაღებისას, ავტომანქანები ადგილზე აღარ იყო. მიუხედავად ამისა, მითითებულ ტერიტორიაზე მაშინაც და დღესაც შპს „მ-ის“ ჩადგმული აქვს მსუბუქი კონსტრუქციის პატარა შენობა (ე.წ. საყარაულო), რაც ნათლად ჩანს წარმოდგენილ ფოტოსურათებზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ აჭარის ა/რ-ის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას აჭარის ა/რ-ის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ამ ნორმის გამოყენების წინაპირობა არ არსებობს, ვინაიდან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე კასატორი გაანთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. აჭარის ა/რ-ის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ბ. ალავიძე