საქმე №330210013274544
საქმე №ას-266-254-2015 15 ივლისი, 2015 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – შპს „ს.-ო“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – მ. ჯ.-ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 24 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – სახელფასო დავალიანების ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ. ჯ.-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე შპს „ს.-ოს“ მიმართ 2010 წლის მარტის, აპრილის და მაისის სახელფასო დავალიანების – 3 300 ლარის, ასევე სარჩელის აღძვრამდე ანაზღაურების დაყოვნების ყოველი დღისათვის დაყოვნებული თანხის 0,07% ანაზღაურების თაობაზე.
მოსარჩელემ განმარტა, რომ 2010 წლის მარტიდან მაისამდე პერიოდში ზეპირი შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე შპს „ს.-ოსათვის“ შეასრულა 3 300 ლარის ღირებულების სარემონტო-სამღებრო სამუშაოები. მოთხოვნის საფუძველზე მოპასუხე ორგანიზაციამ მის სახელზე გასცა ცნობა მხოლოდ 1500 ლარის დავალიანების შესახებ, რასაც მ. ჯ.-ი არ დაეთანხმა. 2013 წლის 1 ივლისს მან კვლავ უშედეგოდ მიმართა განცხადებით მოპასუხეს დავალიანების ოდენობასთან დაკავშირებით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 9 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მ. ჯ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, შპს „ს.-ოს“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2010 წლის მარტის, აპრილისა და მაისის სახელფასო დავალიანების – 3300 ლარის, ასევე, სარჩელის აღძვრამდე (2013 წლის 16 ივლისამდე) ყოველი დაყოვნებული დღისათვის დაყოვნებული თანხის 0,07%-ის გადახდა, რაზეც შპს „ს.-ომ“ შეიტანა საჩივარი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 24 ივნისის განჩინებით შპს „ს.-ოს“ საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც შპს „ს.-ომ“ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 24 დეკემბრის განჩინებით შპს „ს.-ოს“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ დადგინა, რომ მოპასუხე შპს „ს.-ოს“ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით ეცნობა 2014 წლის 9 იანვარს დანიშნული სხდომის თაობაზე.
საქმის მასალებით დგინდება, რომ 2014 წლის 9 იანვარს, 14:00 სთ-ზე დანიშნული სხდომის შესახებ უწყება ჩაბარდა მოპასუხე ორგანიზაციის ოფისმენეჯერ მ. ლ.-ას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხეს უწყება ჩაბარდა კანონით დადგენილი წესით, თუმცა შპს „ს.-ო“ 2014 წლის 9 იანვარს დანიშნულ სხდომაზე არ გამოცხადდა. აპელანტს სადავოდ არ გაუხდია ის გარემოება, რომ მას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით ეცნობა სხდომის თაობაზე. მოპასუხემ პროცესზე გამოუცხადებლობის მიზეზად მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ ორგანიზაციას არ ჰყავდა იურისტი, ხოლო საზოგადოების დირექტორი არ იმყოფებოდა ქალაქში, რის შესახებაც სასამართლოს შეატყობინა პროცესის დაწყებამდე.
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე, 241-ე მუხლებით, 233-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტისა და 215-ე მუხლის მესამე ნაწილით და მიუთითა, რომ სააპელაციო საჩივარი ეფუძნება სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის ორ მიზეზს, კერძოდ: ორგანიზაციას არ ჰყავდა იურისტი და საზოგადოების დირექტორი, ქალაქში არ ყოფნის გამო, ვერ გამოცხადდა დანიშნულ დროს, რის შესახებაც სასამართლოს შეატყობინა პროცესის დაწყებამდე.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარეთა მოწვევისას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლით გათვალისწინებული უწყების ჩაბარების გონივრული ვადა არ დარღვეულა, ვინაიდან მოპასუხეს 2014 წლის 9 იანვრის სხდომის შესახებ უწყება ჩაბარდა 2013 წლის 4 დეკემბერს. ამდენად, მოპასუხეს სასამართლოს მიერ ერთი თვით ადრე ეცნობა სხდომის დანიშვნის თაობაზე და ეს დრო სრულიად საკმარისი იყო იმისათვის, რომ მხარეს უზრუნველეყო სასამართლო სხდომაზე წარმომადგენლის დასწრება.
გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად სააპელაციო პალატამ არ ჩათვალა აპელანტის არგუმენტი, რომ ორგანიზაციის დირექტორი არ იმყოფებოდა ქალაქში, რის შესახებაც აცნობა სასამართლოს. შეტყობინება სხდომაზე გამოუცხადებლობის შესახებ არ არის საკმარისი, გამოუცხადებლობა გამოწვეული უნდა იყოს საპატიო მიზეზით, ხოლო საპატიო გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენა ეკისრება გამოუცხადებელ მხარეს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, ამავე კოდექსის 241-ე მუხლით გათვალისწინებული გარემოების არსებობა კანონის მოთხოვნათა დაცვით საჩივრის ავტორს არ დაუდასტურებია.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას. სასამართლოს განმარტებით, სასამართლო სხდომაზე მოპასუხის გამოუცხადებლობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას საფუძვლად არ უდევს საქმის არსებითი განხილვა, რაც მოიცავს მოთხოვნის საფუძვლად მითითებული გარემოებების დადგენას საქმეში არსებულ მტკიცებულებათა გამოკვლევისა და შეფასების შედეგად, არამედ მოპასუხის გამოუცხადებლობისა და მის მიერ სარჩელის საწინააღმდეგო მტკიცების განუხორციელებლობის გამო, მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებები დადგენილად მიიჩნევა მხოლოდ მოსარჩელის განმარტების საფუძველზე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლო უფლებამოსილია, იმსჯელოს მხოლოდ მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებების იურიდიულ შესაბამისობაზე სარჩელის მოთხოვნასთან მიმართებით.
მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ დამტკიცებულად ჩათვალა სარჩელში მითითებული შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: მხარეთა შორის არსებობდა ზეპირი შრომითი ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელემ 2010 წლის მარტში, აპრილსა და მაისში შპს „ს.-ოსათვის“ შეასრულა 3300 ლარის ღირებულების სარემონტო-სამღებრო სამუშაოები. 2013 წლის 1 ივლისს მოსარჩელემ განცხადებით მიმართა საზოგადოების დირექტორს და მოითხოვა მის მიერ შპს „ს.-ოსათვის“ შესრულებული სამუშაოს მოცულობის, სახელფასო დავალიანების ოდენობისა და დავალიანების წარმოშობის პერიოდის შესახებ ცნობის გაცემა, რაზეც მიიღო უარი.
სააპელაციო სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია სარჩელში მითითებული გარემოება იმის შესახებ, რომ მოპასუხეს გააჩნია სახელფასო დავალიანება 3300 ლარის ოდენობით. ამდენად, შრომის კოდექსის მე-2, მე-6, 31-ე, 34-ე მუხლებისა და დადგენილი გარემოებების შესაბამისად, არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის საფუძვლები, ვინაიდან მოპასუხე, რომელიც გაფრთხილებული იყო სხდომის შესახებ კანონით დადგენილი წესით, არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა სხდომაზე და მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებები სამართლებრივად ამართლებდა მის მოთხოვნას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ დაასკვნა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 9 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2014 წლის 24 ივნისის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ გამოტანილია საპროცესო ნორმების სრული დაცვით, სააპელაციო საჩივარი კი დაუსაბუთებელია და მისი დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება შპს „ს.-ომ“ გაასაჩივრა საკასაციო წესით და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:
კასატორმა მიიჩნია, რომ გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები სასარჩელო მოთხოვნას იურიდიულად არ ამართლებს. სააპელაციო სასამართლომ კი დაუსწრებელი გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმებისას ყურადღება გაამახვილა მხოლოდ პროცესუალურ საკითხებზე.
შპს „ს.-ოს“ მტკიცებით, მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ადასტურებს, რომ საზოგადოებამ მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველზე გასცა 1 500 ლარის დავალიანების შესახებ ცნობა, 3 300 ლარის ოდენობის დავალიანების არსებობის თაობაზე კი მოსარჩელეს არანაირი მტკიცებულება არ გააჩნდა და არც შეიძლებოდა ჰქონოდა. აღნიშნულის მიუხედავად, სასამართლომ სადავო თანხის დაკისრებაზე მოთხოვნა უკანონოდ დააკმაყოფილა.
კასატორმა აღნიშნა, რომ პროცესის დაწყებამდე პირველი ინსტანციის სასამართლოსა და მოსარჩელისათვის ცნობილი იყო მოპასუხის გამოუცხადებლობის მიზეზი, რის მიუხედავად მხარემ მაინც იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე. მოსარჩელისათვის ნათელი იყო, რომ შეჯიბრობითობის პრინციპის საფუძველზე იგი დავას ვერ მოიგებდა, რადგან მის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები სამართლებრივად სასარჩელო მოთხოვნას არ ამართლებდა.
მხარის განმარტებით, შპს „ს.-ოს“ იმ დროისათვის არ ჰყავდა წარმომადგენელი, მოცემული საქმეს კი, მისი სირთულიდან გამომდინარე, სათანადო განათლების არმქონე პიროვნება ვერ გაუძღვებოდა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 16 მარტის განჩინებით საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად საკასაციო საჩივრის შეტანის ვადის დარღვევის გამო.
შპს „ს.-ომ“ განცხადებით მიმართა საკასაციო სასამართლოს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ზემოაღნიშნული განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 3 ივლისის განჩინებით ამავე სასამართლოს 2015 წლის 16 მარტის განჩინება გაუქმდა და საქმის წარმოება განახლდა. ამავე პალატის 2015 წლის 3 ივლისის განჩინებით შპს „ს.-ოს“ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. კასატორს გადაუვადდა სახელმწიფო ბაჟის – 300 ლარის გადახდა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა შპს „ს.-ოს“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხე შპს „ს.-ოს“ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით ეცნობა 2014 წლის 9 იანვარს დანიშნული სხდომის თაობაზე.
საქმის მასალებით დგინდება, რომ 2014 წლის 9 იანვარს, 14:00 სთ-ზე დანიშნული სხდომის შესახებ უწყება ჩაბარდა მოპასუხე ორგანიზაციის ოფისმენეჯერ მ. ლ.-ას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხეს უწყება ჩაბარდა კანონით დადგენილი წესით, თუმცა შპს „ს.-ო“ 2014 წლის 9 იანვარს დანიშნულ სხდომაზე არ გამოცხადდა. მოპასუხემ პროცესზე გამოუცხადებლობის მიზეზად მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ ორგანიზაციას არ ჰყავდა იურისტი, ხოლო საზოგადოების დირექტორი არ იმყოფებოდა ქალაქში, რის შესახებაც სასამართლოს შეატყობინა პროცესის დაწყებამდე.
სააპელაციო სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ მოპასუხეს 2014 წლის 9 იანვრის სხდომის შესახებ უწყება ჩაბარდა 2013 წლის 4 დეკემბერს. ამდენად, მოპასუხეს სასამართლოს მიერ ერთი თვით ადრე ეცნობა სხდომის დანიშვნის თაობაზე.
სააპელაციო სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია სარჩელში მითითებული გარემოება იმის შესახებ, რომ მოპასუხეს გააჩნია სახელფასო დავალიანება 3300 ლარის ოდენობით. ამდენად, შრომის კოდექსის მე-2, მე-6, 31-ე, 34-ე მუხლებისა და დადგენილი გარემოებების შესაბამისად, არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის საფუძვლები, ვინაიდან მოპასუხე, რომელიც გაფრთხილებული იყო სხდომის შესახებ კანონით დადგენილი წესით, არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა სხდომაზე და მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებები სამართლებრივად ამართლებდა მის მოთხოვნას.
წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით შპს „ს.-ომ“ სადავო მიიჩნია პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ, მოპასუხის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის გამო, მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების კანონიერება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით, ვინაიდან მოცემული ტიპის დავებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სტაბილური პრაქტიკა (სუსგ 2015 წლის 3 ივნისი, საქმე №ას-356-338-2015).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ შპს „ს.-ოს“ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებაზე გადავადებული სახელმწიფო ბაჟის – 300 ლარისა და საკასაციო საჩივარზე გადავადებული სახელმწიფო ბაჟის – 300 ლარის 30%-ის – 90 ლარის, სულ – 390 ლარის გადახდა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „ს.-ოს“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ შპს „ს.-ოს“ (საიდენტიფიკაციო კოდი №...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადავადებული სახელმწიფო ბაჟის – 390 ლარის გადახდა.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ნ. ბაქაქური