Facebook Twitter

საქმე №ას-526-499-2014 18 მარტი, 2015 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ბაქაქური, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ჰ. ვ-ე (მოსარჩელე, შეგებებულ სარჩელში მოპასუხე)

წარმომადგენელი - ლ. ჭ-ე

მოწინააღმდეგე მხარე – ნ. წ-ი (მოპასუხე, შეგებებულ სარჩელში მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 20 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვება

დავის საგანი – თანხის დაკისრება (ძირითად სარჩელში), პატენტზე/გამოგონებაზე საავტორო უფლებისა და პატენტმფლობელობის გაუქმება (შეგებებულ სარჩელში)

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ჰ. ვ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე ნ. წ-ის მიმართ და მოითხოვა, პატენტი №....-ის გამოყენებისათვის 4259.5 ლარის გადახდის დაკისრება. სარჩელის ფაქტობრივ გარემოებად მითითებულია, რომ ჰ. ვ-ე მოპასუხე ნ. წ-ან ერთად, როგორც №.... და №.... პატენტების თანაავტორი გარკვეული პერიოდის განმავლობაში იღებდა გასამრჯელოს შპს „ჯ. მ-თან“ პატენტის გამოყენებს თაობაზე გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე. მოგვიანებით, მოპასუხემ დაუმალა მოსარჩელეს გასამრჯელოს შესახებ ინფორმაცია და არ გადაუხადა მას კუთვნილი გასამრჯელო.

ძირითად სარჩელთან ერთად განსახილველად მოპასუხე ნ. წ-მა აღძრა შეგებებული სარჩელი, რომლითაც მოითხოვა №.... პატენტზე/გამოგონებაზე - „კ. ს-ის მისაღებად“, 12.09.2003წ.-დან და №.... პატენტზე - „ს-ის მიღების ხერხი“, 13.01.2005წ.-დან ჰ. ვ-ის საავტორო უფლებისა და შესაბამისად, პატენტმფლობელობის გაუქმება. შეგებებული სარჩელის ფაქტობრივ გარემოებად მითითებულია, რომ ჰ. ვ-ეს მონაწილეობა არ მიუღია გამოგონებების შექმნაში და ეს პატენტები არ წარმოადგენს ნ. წ-ის ინტელექტუალური შემოქმედების ნაყოფს, რასაც თვითონვე ადასტურებს თავისი ხელით წერილობით შესრულებულ მოსაზრებაში №.... პატენტის შესახებ, რომელშიც პირდაპირ მიუთითებს, რომ ნ. წ-ი არის რეალური ავტორი, ხოლო თავად არის მხოლოდ ამ პატენტის წარმოებაში რეალიზაციის თანამონაწილე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილებით ჰ. ვ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ასევე, არ დაკმაყოფილდა ნ. წ-ის შეგებებული სარჩელი. საქალაქო სასამართლომ შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში თავისი გადაწყვეტილება დააფუძნა იმ გარემოებას, რომ შეგებებული სარჩელი იყო ხანდაზმული, ხანდაზმულობის ვადის გასვლა კი, გამორიცხავდა დარღვეული უფლების აღდგენას.

ხანდაზმულობის გამო ნ. წ-ის შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ნ. წ-ის მიერ. სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 20 მარტის განჩინებით ნ. წ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილება ნ. წ-ის შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და საქმე აღნიშნულ ნაწილში ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე - 144-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ სარჩელის საფუძვლიანობის შემოწმებამდე, შესაბამისი წინაპირობის არსებობისას (რაშიც იგულისხმება ის, რომ ამ გარემოებაზე უნდა უთითებდეს მოპასუხე), სასამართლომ უნდა შეამოწმოს მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებული ფაქტები. სასამართლო არ არის უფლებამოსილი თავისი ინიციატივით შეამოწმოს ფაქტები სარჩელის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით და შესაბამისად, მიიღოს გადაწყვეტილება. როგორც საქმეში წარმოდგენილი მასალებით დგინდება შეგებებულ სარჩელზე წარდგენილ შესაგებელში მოპასუხე ჰ. ვ-ეს ხანდაზმულობაზე არ მიუთითებია, მან მხოლოდ 26.07.2013წ.-ის მოსაზრებაში, რომელიც შეეხებოდა დამატებით მტკიცებულებებს და სასამართლოში წარდგენილი იქნა მოსამზადებელი სხდომის დასრულებისა და მთავარი სხდომის დანიშვნის შემდეგ, დააყენა ხანდაზმულობის საკითხი (ტომი 1; ს.ფ. 382-384; 19.07.2013წ.-ის თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის საოქმო განჩინება, ტომი 1; ს.ფ. 290-314).

საქალაქო სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას, შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში თავისი მოტივაცია დაამყარა იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომელიც თავისივე საოქმო განჩინებით ცნო დაუშვებლად და არ მიიღო მხედველობაში, რამაც გამოიწვია ამ მოტივით (ხანდაზმულობის გამო) შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. აღნიშნული კი, სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსაზრებით, საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევას წარმოადგენს და თავის მხრივ იწვევს არსებითი განხილვისათვის საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნებას პირველი ინსტანციის სასამართლოში.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ჰ. ვ-ემ, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვება. კასატორის მოსაზრებით, მხარე უფლებამოსილია დასვას ხანდაზმულობის საკითხი საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე, გამომდინარე იქიდან, რომ ხანდაზმულობის გამო ვალდებულების შესრულებაზე უარის თქმა წარმოადგენს მხარის არა ვალდებულებას, არამედ უფლებას. ამასთან, კასატორი მიუთითებს ნ. წ-ის შეგებებული სარჩელის ხანდაზმულობაზე და აღნიშნავს, რომ აღნიშნული საკითხი მან დასვა როგორც მხარეთა ახსნა-განმარტების, ისე პაექრობის ეტაპზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 29 მაისის განჩინებით ჰ. ვ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ჰ. ვ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

მოცემულ შემთხვევაში, კასატორი სადავოდ ხდის (შეგებებული) სარჩელის ხანდაზმულობაზე მითითების საპროცესო უფლების შეზღუდვას, რასაც საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს და განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება ეყრდნობა რა შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპებს, აღნიშნული უფლებას აძლევს სამართალწარმოების მონაწილეებს თავად განსაზღვრონ დავის საგანი, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-4 მუხ.). თუმცა სამართალწარმოების მონაწილეთათვის მინიჭებული ამ საპროცესო უფლებებით სარგებლობა შეზღუდულია კანონდებლობითვე დადგენილი ვადებით (საპროცესო მოქმედების განხორცილების ვადები). სწორედ ეს აზრია გატარებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 219-ე მუხლის პირველ ნაწილში, რომლის თანახმად, მხარეები შეზღუდული არიან, ახსნა-განმარტების მოსმენისას წარადგინონ ახალი მტკიცებულებები ან მიუთითონ ახალ

გარემოებებზე, რომელთა შესახებაც არ ყოფილა მითითებული სარჩელსა თუ შესაგებელში ან საქმის მომზადების სტადიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათ შესახებ თავის დროზე საპატიო მიზეზით არ იყო განცხადებული. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, შეგებებულ სარჩელზე წარდგენილ შესაგებელში მოპასუხე ჰ. ვ-ეს ხანდაზმულობაზე არ მიუთითებია, შეგებებული სარჩელის ხანდაზმულობის საკითხი შეგებებული სარჩელით მოპასუხე ჰ.ვ-ემ სადავოდ გახადა 19.07.2013წ.-ის მოსამზადებელი სხდომის დასრულების შემდეგ - 26.07.2013წ.-ს საქმეზე დამატებითი მტკიცებულებების დართვის შესახებ წარდგენილ შუამდგომლობაში (ტ.1. ს.ფ. 382-383), რაზედაც უარი ეთქვა 25.09.2013წ.-ის (საოქმო ფორმის) განჩინებით, იმ გარემოებებზე მითითებით, რომ აღნიშნული განცხადების წარმოდგენა სასამართლოში მოსარჩელე მხარის მიერ მოხდა საქმის მოსამზადებელი ეტაპის დასრულების შემდეგ, რაც გამორიცხავდა მისი შინაარსის მხდეველობაში მიღებას (ტ.1. ს.ფ. 280, 281). იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ხანდაზმულობის საკითხზე მითითების ტვირთი მხარის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენს, რაც სწორედ იმას ნიშნავს, რომ ხანდაზმულობის საკითხზე მსჯელობისას სასამართლო შეზღუდულია მხარეთა მითითებებით, კონკრეტულ შემთხვევაში კი, მხარემ საპროცესო ვადის დარღვევით მიუთითა ამ გარემოებაზე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოში საპროცესო ნორმების დარღვევას ადგილი არ ჰქონია და ამ თვალსაზრისით, კასატორის პრეტენზია დაუსაბუთებელია.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს უზენაესი სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივ შეფასებას და მიაჩნია, არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

როგორც ზემოთ აღინიშნა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც, ვინაიდან ამ კატეგორიის საქმეებზე უკვე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საკასაციო საჩივარი და მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70%, რაც შეადგენს 210 ლარს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ჰ. ვ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორს - ჰ. ვ-ეს (პ/ნ........) დაუბრუნდეს თეა ვასაძის მიერ 2014 წლის 13 მაისს №1 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70% – 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300 773 150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ნ. ბაქაქური

ბ. ალავიძე