საქმე №ას-659-626-2014 19 მარტი, 2015 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები: 1. სსიპ ქუთაისის №.. ..... საჯარო სკოლა (მოპასუხე)
2. მ. ქ-ი, დ. ყ-ი, რ. კ-ი-დ-ე, თ. დ-ე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილება
კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება
დავის საგანი – ბრძანებების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ. ქ-მა, დ. ყ-მა, ე. ს-ემ, რ. კ-ი-დ-ემ, ც. ხ-ამ და თ. დ-ემ სარჩელი აღძრეს სასამართლოში სსიპ ქუთაისის №.. ..... საჯარო სკოლის მიმართ მოსარჩელეთა სამუშაოდან დათხოვნის შესახებ ბრძანებების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ.
მოსარჩელეებმა განმარტეს, რომ წლების განმავლობაში მუშაობდნენ №.. საჯარო სკოლაში პედაგოგებად და პირნათლად ასრულებდნენ დაკისრებულ მოვალეობას. აღნიშნულის მიუხედავად, სკოლის დირექტორმა ყოველგვარი მიზეზის გარეშე, იმ დროისათვის მოქმედი შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მოსარჩელეები სამუშაოდან გაათავისუფლა და მათ ადგილებზე დანიშნა სხვა პირები ნათესაური ნიშნით.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელეთა სამუშაოდან გათავისუფლება მოხდა იმჟამად მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით. მათ გადაეცათ ერთი თვის კომპენსაციაც. ამავდროულად, სასარჩელო მოთხოვნების ხარნდაზმულია.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილებით დ. ყ-ის, მ. ქ-ისა და ე. ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ ქუთაისის №45-ე ..... საჯარო სკოლის დირექტორის 2011 წლის 5 სექტემბრის №... ბრძანება და მოსარჩელე დ. ყ-ი აღდგენილ იქნა პედაგოგის თანამდებობაზე, სსიპ ქუთაისის №..-ე საჯარო სკოლას მოსარჩელე დ. ყ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 16 თვის განაცდურის ანაზღაურება 5652.80 ლარის ოდენობით, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ ქუთაისის №..-ე ..... საჯარო სკოლის დირექტორის 2011 წლის 5 სექტემბრის №... ბრძანება და მოსარჩელე მ. ქ-ი აღდგენილ იქნა პედაგოგის თანამდებობაზე, მოპასუხე სსიპ ქუთაისის №..-ე საჯარო სკოლას მოსარჩელე მ. ქ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 16 თვის განაცდურის ანაზღაურება 6252.80 ლარის ოდენობით, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ ქუთაისის №..-ე ..... საჯარო სკოლის დირექტორის 2011 წლის 5 სექტემბრის №... ბრძანება და მოპასუხე სსიპ ქუთაისის №..-ე საჯარო სკოლას მოსარჩელე ე. ს-ის სასარგებლოდ დაეკისრა 16 თვის ანაზღაურება 3333.44 ლარის ოდენობით, რ. კ-ი-დ-ეს, ც. ხ-ას და თ. დ-ეს უარი ეთქვათ სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში – მოპასუხემ, ხოლო სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში – რ. კ-ი-დ-ემ, ც. ხ-ამ და თ. დ-ემ გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილებით სსიპ ქუთაისის №.. ..... საჯარო სკოლის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ხოლო თ. დ-ის, რ. კ-ი-დ-სა და ც. ხ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა დ. ყ-ისა და მ. ქ-ის პედაგოგის თანამდებობაზე აღდგენის ნაწილში, დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად, დ. ყ-ისა და მ. ქ-ის სარჩელი სამუშაოზე აღდგენის ნაწილში არ დაკმაყოფილდა შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ დ. ყ-ი, მ. ქ-ი, ე. ს-ე, ც. ხ-ა, რ. კ-ი-დ-ე და თ. დ-ე იყვნენ სსიპ ქალაქ ქუთაისის №.. საჯარო სკოლის პედაგოგები. სკოლას ყველა მათგანთან დადებული ჰქონდა შრომითი ხელშეკრულება სტანდარტული ფორმით. ეს ხელშეკრულებები მოქმედებდა 2013 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით. რ. კ-თან, თ. დ-ესთან და ც. ხ-ასთან დამსაქმებელმა შრომითი ურთიერთობები შეწყვიტა 2010 წლის 8 სექტემბერს, ხოლო 2011 წლის 5 სექტემბერს სკოლამ შრომითი ხელშეკრულებები მოუშალა მ. ქ-ს, დ. ყ-სა და ე. ს-ეს.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ სავსებით სწორად მიიჩნია რ. კ-ის, თ. დ-ისა და ც. ხ-ას მოთხოვნა ხანდაზმულად.
სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 130-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ რ. კ-ის, თ. დ-ისა და ც. ხ-ას უფლებები დაირღვა 2010 წლის 8 სექტემბრიდან და მათ სარჩელი უნდა აღეძრათ ამ დღიდან 3 წლის ვადაში, ე.ი. არაუგვიანეს 2013 წლის 8 სექტემბრისა. მოსარჩელეებმა კი სასამართლოს მიმართეს 2013 წლის 18 ნოემბერს, რის გამოც, სარჩელი ხანდაზმულია.
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა რ. კ-ის, თ. დ-ისა და ც. ხ-ას პოზიცია იმის თაობაზე, რომ მათ სარჩელი სასამართლოში თავდაპირველად აღძრეს 2013 წლის 8 სექტემბერს, ვინაიდან აღნიშნულის დამადასტურებელი არც ერთი მტკიცებულება მათ არ წარმოუდგენიათ.
სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სსიპ ქალაქ ქუთაისის №.. საჯარო სკოლა უფლებამოსილი იყო, უარი ეთქვა რ. კ-ის, თ. დ-ისა და ც. ხ-ას მიმართ ვალდებულების შესრულებაზე ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო. ამიტომ, ამ ნაწილში, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დასაბუთებულია.
სააპელაციო პალატამ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მსჯელობა შრომითი ხელშეკრულების მოშლის საფუძვლების შესახებ და მიიჩნია, რომ შრომითი ურთიერთობების დაუსაბუთებელი შეწყვეტა კანონსაწინააღმდეგოა. საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის საფუძველზე, სასამართლომ მართებულად ცნო ბრძანებები მ. ქ-თან, დ. ყ-თან და ე. ს-ესთან შრომითი ხელშეკრულების მოშლის შესახებ ბათილად.
სააპელაციო სასამართლო არ დაეთანხმა სსიპ ქალაქ ქუთაისის №.. საჯარო სკოლის მოსაზრებას, რომ ზემოხსენებული ბრძანებები ნამდვილია, რადგან დამსაქმებელმა სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ წინასწარ გააფრთხილა დასაქმებულები.
სააპელაციო პალატის მოსაზრებით, არც წინასწარ წერილობით გაფრთხილებებსა და არც შრომითი ხელშეკრულების მოშლის შესახებ ბრძანებებში ხელშეკრულებათა მოშლის საფუძვლები მითითებული არ ყოფილა. ამიტომ, ხელშეკრულებათა მოშლა ბათილია, მიუხედავად იმისა, აცნობა თუ არა ამის შესახებ წინასწარ აპელანტმა მოწინააღმდეგე მხარეს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 380-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ იგი არ არის უფლებამოსილი, იმსჯელოს მოსარჩელეებთან შრომითი ხელშეკრულებების მოშლის იმ ფაქტობრივი საფუძვლების შესახებ, რომლებიც სსიპ ქალაქ ქუთაისის №.. საჯარო სკოლამ სააპელაციო საჩივარში მოიყვანა. თუმცა, საყურადღებოა, რომ აპელანტს არც ამ ფაქტების დამადასტურებელი მტკიცებულებები კანონით განსაზღვრულ ვადაში არ წარმოუდგენია.
ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ მოსარჩელეთა მიერ მისაღები განაცდურის ოდენობა სსიპ ქალაქ ქუთაისის №.. საჯარო სკოლას საქალაქო სასამართლოში სადავოდ არ გაუხდია და ამ თანხიდან საშემოსავლო გადასახადის გამოკლებისა და გადახდილი კომპენსაციის ჩათვლის მოთხოვნა არ დაუყენებია. ამიტომ, სააპელაციო სასამართლომ არც აპელანტის ამ მოთხოვნებზე არ იმსჯელა.
სააპელაციო პალატის მითითებით, საყურადღებოა, რომ აპელანტმა მოწინააღმდეგე მხარესთან შრომითი ურთიერთობები შეწყვიტა შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლამდე 24 თვით ადრე. ამ პერიოდის განმავლობაში მოსარჩელეთა მიერ მიუღებელი შემოსავალი, საშემოსავლო გადასახადის და გადახდილი კომპენსაციით თანხის გამოკლებითაც კი აღემატებოდა საქალაქო სასამართლოს მიერ დაკისრებულ თანხას. ამრიგად, თანხის დაკისრების ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დასაბუთებულია და მისი გაუქმების საფუძვლები არ არსებობს.
ამავდროულად, სააპელაციო პალატა არ დაეთანხმა საქალაქო სასამართლოს პოზიციას დ. ყ-ისა და მ. ქ-ის სამუშაოზე აღდგენის თაობაზე.
როგორც აღინიშნა, დამსაქმებლის გადაწყვეტილება დ. ყ-თან და მ. ქ-თან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ იყო ბათილი. ბათილი გარიგება გარიგებით გათვალისწინებულ სამართლებრივ შედეგებს არ წარმოშობს. ამიტომ, გარიგების ბათილად აღიარებით მხარეები აღდგნენ იმ მდგომარეობაში, რომელშიც იმყოფებოდნენ სადავო აქტის გამოცემამდე. ხელშეკრულების შეწყვეტამდე კი მხარეები შრომით ურთიერთობაში იმყოფებოდნენ 2013 წლის 31 აგვისტომდე.
შრომის კოდექსის მე-2 მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ არა მარტო, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანის, არამედ სარჩელის აღძვრის დროისთვისაც კი შრომითი ხელშეკრულების მოქმედების ვადა გასული იყო და დამსაქმებელს მოსარჩელეებთან შრომითი ურთიერთობების გაგრძელების ნება არ გამოუხატავს.
სააპელაციო პალატის აზრით, ერთ-ერთი მხარისათვის ახალი შრომითი ხელშეკრულების დადების დავალდებულების კანონით გათვალისწინებული საფუძვლები არ არსებობდა და ამ საფუძვლებზე ვერც დ. ყ-მა და მ. ქ-მა მიუთითეს. ამის გამო, მათი მოთხოვნა სამუშაოზე აღდგენის თაობაზე უსაფუძვლო იყო და საქალაქო სასამართლომ შეცდომით დააკმაყოფილა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სსიპ ქუთაისის №.. ..... საჯარო სკოლამ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:
კასატორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორი გადაწყვეტილება მიიღო მხარეებისათვის – მ. ქ-ის, დ. ყ-ისა და ე. ს-თვის იძულებითი განაცდურის დაკისრების ნაწილში. მხარეები სამუშაოდან გათავისუფლდნენ სრულიად კანონიერად, რის გამოც სკოლას იძულებითი განაცდური ანაზღაურება არ უნდა დაეკისროს.
მხარის მითითებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ განაცდურის ოდენობა არასწორად დაიანგარიშა, სასამართლომ დაანგარიშება მოახდინა არა ხელზე ასაღები თანხის შესაბამისად, არამედ სკოლას დააკისრა დარიცხული, საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი თანხების მთლიანად გადახდა. ასევე, არ გაითვალისწინა, რომ მხარეებს მიღებული ჰქონდა ერთი თვის კომპენსაცია, რომელიც 16 თვის თანხებს არ გამოკლებია.
ამდენად, კასატორმა მიიჩნია, რომ სასამართლომ მ. ქ-ის სასარგებლოდ სკოლას დააკისრა გადასახდელი 16 თვის თანხა – 6252.80 ლარი, ნაცვლად 15 თვის დაუბეგრავი 4689.60 ლარისა, ე. ს-ის სასარგებლოდ – 16 თვის თანხა – 3333.44 ლარი, 15 თვის დაუბეგრავი 2500.10 ლარის ნაცვლად, ასევე, სასამართლომ ყურადღება არ გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ დ. ყ-ი სკოლიდან გათავისუფლდა 2011 წლის 5 სექტემბერს. 2012 წლის 1 მარტიდან გაუქმდა საათობრივ ბადეში არსებული აუდიო-ვერბალური რეაბილიტაციის საათები, ანუ 2012 წლის 1 მარტიდან რეალურად აღარ არსებობდა ის საშტატო ერთეული, რომელზეც დ. ყ-ი იყო დასაქმებული. იძულებითი განაცდური დაანგარიშების ნაწილში სასამართლოს უნდა გამოეთვალა მხოლოდ 6 თვის თანხა 2011 წლის 5 სექტემბრიდან 2012 წლის 1 მარტამდე. სსიპ ქუთაისის №.. საჯარო სკოლა არის ... და ........ . სკოლისათვის გამოყოფილი თანხები მიზნობრივად მიმართულია სკოლა-პანსიონის ბენეფიციართა სასწავლო-სააღმზრდელო საჭიროებების დაკმაყოფილებისათვის. აქედან გამომდინარე, სკოლა ვერ შეძლებს დაკისრებული თანხების გადახდას.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მ. ქ-მა, დ. ყ-მა, რ. კ-ი-დ-ემ და თ. დ-ემ შეიტანეს საკასაციო საჩივარი და მოითხოვეს მისი გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში შემდეგი დასაბუთებით:
კასატორებმა დაუსაბუთებლად მიიჩნიეს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, რომ ხელშეკრულების შეწყვეტამდე მხარეები შრომით ურთიერთობაში იმყოფებოდნენ 2013 წლის 31 აგვისტომდე. ერთ-ერთი მხარისათვის ახალი შრომითი ხელშეკრულების დადების დავალდებულების კანონით გათვალისწინებული საფუძვლები არ არსებობდა და ამ საფუძვლებზე ვერც დ. ყ-მა და მ. ქ-მა მიუთითეს. ამის გამო, მათი მოთხოვნა სამუშაოზე აღდგენის თაობაზე უსაფუძვლო იყო და საქალაქო სასამართლომ შეცდომით დააკმაყოფილა.
მხარის მითითებით, სააპელაციო სასამართლოს უნდა გამოეყენებინა სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილი და აღედგინა პირვანდელი მდგომარეობა მიუხედავად იმისა, როდის შეიტანეს სარჩელი მოსარჩელეებმა და რა დროს იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რაც მან უკანონოდ არ განახორციელა.
კასატორთა მოსაზრებით, სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველ ნაწილში ეწინააღმდეგება სააპელაციო პალატის მსჯელობა, რომ სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანამდე მხარეთა შორის არსებული შრომითი ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემთხვევაში დასაქმებული სამუშაოზე ვეღარ აღდგება, თუნდაც დადგინდეს მისი უკანონოდ გათავისუფლების ფაქტი.
მხარემ მიიჩნია, რომ წარმოდგენილი სარჩელი ხანდაზმული არ არის, ვინაიდან მოსარჩელეთა მიერ 2013 წლის 8 სექტემბერს სარჩელის აღძვრით, სამოქალაქო კოდექსის 138-ე და 141-ე მუხლების შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის დენა შეწყდა მიუხედავად იმისა, რომ მათ სარჩელის წარმოებაში მიღებაზე ეთქვათ უარი.
კასატორთა მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება, რომ ც. ხ-ას, რ. კ-ი-დ-სა და თ. დ-ის საათობრივი დაკმაყოფილება ვერ ხორციელდებოდა №.. ..... სკოლის მოსწავლეთა მცირე კონტიგენტის გამო და მათი მხრიდან სკოლაში შესასრულებელი სამუშაო აღარ არსებობს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 27 ივნისის განჩინებით წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა სსიპ ქუთაისის №.. ..... საჯარო სკოლის, ასევე, მ. ქ-ის, დ. ყ-ის, რ. კ-ი-დ-სა და თ. დ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ ისინი დაუშვებლად უნდა იქნენ მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ დ. ყ-ი, მ. ქ-ი, ე. ს-ე, ც. ხ-ა, რ. კ-ი-დ-ე და თ. დ-ე იყვნენ სსიპ ქალაქ ქუთაისის №.. საჯარო სკოლის პედაგოგები. სკოლას ყველა მათგანთან დადებული ჰქონდა შრომითი ხელშეკრულება სტანდარტული ფორმით. ეს ხელშეკრულებები მოქმედებდა 2013 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით. რ. კ-თან, თ. დ-ესთან და ც. ხ-ასთან დამსაქმებელმა შრომითი ურთიერთობები შეწყვიტა 2010 წლის 8 სექტემბერს, ხოლო 2011 წლის 5 სექტემბერს სკოლამ შრომითი ხელშეკრულებები მოუშალა მ. ქ-ს, დ. ყ-სა და ე. ს-ეს.
სააპელაციო პალატამ ასევე დაადგინა, რომ მოსარჩელეებმა სასამართლოს სარჩელით მიმართეს 2013 წლის 18 ნოემბერს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორები მიუთითებენ რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივრებს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
ამასთან, საკასაციო საჩივრების განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით, ვინაიდან მოცემული ტიპის დავებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სტაბილური პრაქტიკა (სუს 2011 წლის 27 ივნისის №ას-608-573-2011 განჩინება, 2010 წლის 9 მარტის №ას-1238-1497-09 განჩინება).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორებს – მ. ქ-ს, დ. ყ-ს, რ. კ-ი-დ-ესა და თ. დ-ეს უნდა დაუბრუნდეთ სახელმწიფო ბაჟის სახით მ. ქ-ის მიერ 2014 წლის 10 ივნისს №3, ასევე დ. ყ-ის მიერ 2014 წლის 9 ივნისს (ბანკში შემოსვლის თარიღი – 10/06/2014) №1 საგადახდო დავალებებით გადახდილი 300-300 ლარის, სულ – 600 ლარის 70% – 420 ლარი, ხოლო სსიპ ქალაქ ქუთაისის №.. საჯარო სკოლას დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2014 წლის 11 ივნისს №1402486767 საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ ქუთაისის №.. ..... საჯარო სკოლის, ასევე, მ. ქ-ის, დ. ყ-ის, რ. კ-ი-დ-სა და თ. დ-ის საკასაციო საჩივრები დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ მ. ქ-ს (პირადი №........), დ. ყ-ს (პირადი №........), რ. კ-ი-დ-ეს (პირადი №........) და თ. დ-ეს (პირადი №........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეთ სახელმწიფო ბაჟის სახით მ. ქ-ის მიერ 2014 წლის 10 ივნისს №3, ასევე დ. ყ-ის მიერ 2014 წლის 9 ივნისს (ბანკში შემოსვლის თარიღი – 10/06/2014) №1 საგადახდო დავალებებით გადახდილი 300-300 ლარის, სულ – 600 ლარის 70% – 420 ლარი.
2. კასატორ სსიპ ქუთაისის №.. ..... საჯარო სკოლას (საიდენტიფიკაციო კოდი №........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2014 წლის 11 ივნისს №1402486767 საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ნ. ბაქაქური