საქმე №ას-684-654-2014 23 მარტი, 2015 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ა.ე. (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „ბ.რ.“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 29 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – მოთხოვნის უფლების დაკარგულად აღიარება, ქონების იპოთეკისაგან გათავისუფლება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ა.ე.მა სარჩელი აღძრა სასამართლოში სს „ბ.რ.ს“ მიმართ ქ.ბათუმში, მდებარე N10 ბინაზე იპოთეკის საგნის აუქციონზე რეალიზაციის უფლების დაკარგულად აღიარებისა და ქონების იპოთეკისაგან გათავისუფლების მოთხოვნით შემდეგ გარემოებათა გამო:
2011 წლის 27 მაისს გარდაიცვალა ა.ე.ის მამკვიდრებელი ვ. ხ. სამკვიდრო ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციისას ცნობილი გახდა, რომ 2007 წლის 9 ივლისს ვ.ხ.ს ზ. გ.ის სახელზე გაცემული ჰქონდა ქონების განკარგვის უფლებამოსილება. ბანკისაგან კრედიტის სახით მიღებული 20 000 (ოცი ათასი) აშშ დოლარის უზრუნველყოფის მიზნით, 2007 წლის 11 ივლისს, მინდობილობის საფუძველზე ზ.გ.ს სს „ბ.რ.ს“ სასარგებლოდ იპოთეკით დაუტვირთავს ვ.ხ.ს კუთვნილი ბინა. ამავე სესხის უზრუნველყოფის მიზნით, იმავე დღეს, ბანკის წინაშე თავდებობის ხელშეკრულება გაფორმებული აქვს მსესხებლის მამას, ი. გ.ს.
იმის გამო, რომ მიმღებმა - ზ. გ.მ და თავდებმა - ი. გ.მ დაარღვიეს ბანკთან დადებული საკრედიტო ხელშეკრულების პირობები, ბანკის მიერ წარდგენილი სარჩელის საფუძველზე, ბათუმის საქალაქო სასამართლომ, 2010 წლის 28 ივლისს მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლის თანახმად ზ. და ი. გ.ეებს ბანკის სასარგებლოდ დაეკისრათ არსებული დავალიანების - 32 992 აშშ დოლარის, გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 1 921 ლარისა და ადვოკატის მომსახურების ხარჯის - 3 080 ლარის გადახდა. ამავე გადაწყვეტილებით დადგინდა დაკისრებული თანხის ამოღება იპოთეკით დატვირთული ვ.ხ.ს საცხოვრებელი ბინის იძულებით აუქციონზე რეალიზაციის გზით.
დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე ვ.ხ.ს მიერ წარდგენილი საჩივრის უზენაეს სასამართლოში განხილვამდე, 2011 წლის 27 მაისს ეს უკანასკნელი გარდაიცვალა. საჩივარი უზენაესმა სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა და 2011 წლის 13 ივნისს დაუშველბლად ცნო. ანუ სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა გარდაცვლილი პირის მიმართ, რის გამოც ა.ე.მა განცხადებით მიმართა სასამართლოს მიღებული განჩინების გაუქმებისა და უფლებამონაცვლის დადგენამდე საქმის წარმოების შეჩერების შესახებ.
უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 6 დეკემბრის განჩინებით ა.ე. ცნობილ იქნა ვ.ხ.ს უფლებამონაცვლედ. ეს განჩინება მოპასუხე სს „ბ.რ.ს“ ჩაბარდა 2011 წლის 9 დეკემბერს და ამ დროიდან სს „ბ. რ.თვის“, როგორც კრედიტორისათვის, ცნობილი გახდა, რომ გარდაცვლილ ვ.ხ.ს სამკვიდრო მიიღო ა.ე.მა. მიუხედავად ამისა, კრედიტორს მემკვიდრის მიმართ მოთხოვნა არ წარუდგენია და იპოთეკის საგნის იძულებით აუქციონზე რეალიზაციის თაობაზე გადაწყვეტილება მიღებული და კანონიერ ძალაშია შესული მხოლოდ გარდაცვლილი ვ.ხ.ს მიმართ.
ვინაიდან სს „ბ.რ.მ“ დაარღვია სამოქალაქო კოდექსის 1488-ე მუხლით დადგენილი წესი და იმ დღიდან, როცა მისთვის ცნობილი გახდა სამკვიდროს გახსნის შესახებ 6 თვის განმავლობაში არ წარუდგინა მოთხოვნა მემკვიდრეს, კრედიტორმა ამ ვადის გასვლის შემდეგ დაკარგა ეს უფლება და აღარ არის უფლებამოსილი ა. ე.ის სამკვიდრო ქონებაზე მიაქციოს აღსრულება.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით მოითხოვა:
სამოქალაქო კოდექსის 1488-ე მუხლი მოცემულ შემთხვევაზე არ ვრცელდება, ბანკისათვის ცნობილი არ იყო იპოთეკით დატვირთული ქონების მესაკუთრის გარდაცვალების ფაქტი. ბანკის განმარტებით, მის სასარგებლოდ მოქმედებს „სააღსრულებო წარმოებათა“ შესახებ საქართველოს კანონის 25-ე მუხლი.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 5 მარტის გადაწყვეტილებით ა.ე.ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 29 მაისის განჩინებით ა.ე.ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 5 მარტის გადაწყვეტილება შემდეგი დასაბუთებით:
სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო, რომ 2007 წლის 13 ივლისს, სს „ბ. რ.სა“ და ვ.ხ.ს მინდობილ პირს - ზ. გ.ეს შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება №.... აღნიშნული ხელშეკრულებით, 2007 წლის 11 ივლისს დადებული №.... სესხის ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, იპოთეკით დაიტვირთა ვ.ხ.ს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ქ.ბათუმში. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 28 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სს „ბ.რ.ს“ სარჩელი დაკმაყოფილდა ზ. და ი. გ.ეებს სს „ბ.რ.ს“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 32 992.16 აშშ დოლარის გადახდა, გადაწყვეტილებით დადგინდა თანხის გადახდევინება ვ.ხ.ს საკუთრებაში არსებული, ქ.ბათუმში, მდებარე, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციის გზით. დაუსწრებელი გადაწყვეტილება არ გაუქმებულა და შევიდა კანონიერ ძალაში;
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 6 დეკემბრის განჩინებით, ვ.ხ.ს უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა ა.ე.ი;
სასამართლოს შეფასებით, სს „ბ.რ.“ არის არა მამკვიდრებელ ვ. ხ.ს კრედიტორი, არამედ თავად ა.ე.ის კრედიტორი, ვინაიდან ის სს „ბ.რ.ს“ მიერ აღძრულ სარჩელში ჩართულ იქნა მოპასუხედ (სუბიექტად) - ვ.ხ.ს უფლებამონაცვლედ.
ვ.ხ.ს ქონების მესაკუთრედ საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა ა.ე..
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 1488-ე მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით და აღნიშნა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 6 დეკემბრის განჩინებით ვ.ხ.ს საპროცესო უფლებამონაცვლედ ცნობით ა.ე. გახდა თავად მოპასუხე სუბიექტი, რის გამოც, განსახილველ შემთხვევაზე ვერ გავრცელდებოდა მოსარჩელეის მიერ მითითებული სამოქალაქო კოდექსის 1488-ე მუხლი. სასამართლოს შეფასებით, სს „ბ.რ.“ იყო არა მამკვიდრებლის კრედიტორი, არამედ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინების თანახმად, თავად ა.ე.ის კრედიტორი, ვინაიდან ის სს „ბ.რ.ს“ მიერ აღძრული სარჩელის გამო ნაწარმოებ დავაში ჩაება მოპასუხედ - ვ.ხ.ს უფლებამონაცვლედ. სასამართლოს განმარტებით, სამოქალაქო კოდექსის 1488-ე მუხლი ითვალისწინებდა შემთხვევას, როცა მამკვიდრებლის კრედიტორებს ევალებათ ექვსი თვის განმავლობაში იმ დღიდან, რაც მათთვის ცნობილი გახდა სამკვიდროს გახსნის შესახებ, წარუდგინონ მოთხოვნა მემკვიდრეებს, რომლებმაც მიიღეს სამკვიდრო, მოთხოვნის ვადის დადგომის მიუხედავად.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა.ე.მა, მოითხოვა მისი გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:
სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე და სამოქალაქო კოდექსის 1488-ე მუხლები, შესაბამისად, მიიღო არასწორი გადაწყვეტილება. სასამართლოს სარჩელი სწორედ სამოქალაქო კოდექსის 1488-ე მუხლის საფუძველზე უნდა დაეკმაყოფილებინა. კასატორის საქმეში უფლებამონაცვლედ საკუთარი ინიციატივით ჩაბმა ისე, რომ ამ უკანასკნელს მონაწილეობა არ მიუღია საქმის არსებით განხილვაში, ამასთან მისი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი, რაც არ უნდა იყოს მემკვიდრის მიმართ სამოქალაქო კოდექსის 1488-ე მუხლის გამოყენების დამაბრკოლებელი გარემოება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 7 ივლისის განჩინებით სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის „მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ა.ე.ი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლდა, ხოლო მისი საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა ა.ე.ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ა.ე.ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის „მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა.ე.ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
პ. ქათამაძე