Facebook Twitter

№ას-690-660-2014 10 მარტი, 2015 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – სს „ე.პ.ჯ-ა

მოწინააღმდეგე მხარე – ლ. ჭ-ა, ლ. ჭ-ა

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – უკანონო ხელშეშლის აღკვეთა.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართეს ლ. ჭ-ამ და ლ. ჭ-ამ მოპასუხე სს „ე.-პ. ჯ-ას“ მიმართ და მოითხოვეს მოპასუხისათვის მათი კუთვნილი მიწის ნაკვეთით (საკადასტრო კოდი: ........) სარგებლობის აკრძალვა, ასევე მოპასუხისათვის დასახელებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებული ტრანსფორმატორის, ელექტროგადამცემი ხაზებისა და მრიცხველების დემონტაჟის დავალება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 3 დეკემბრის გადაწყვეტილებით ლ. ჭ-ას და ლ. ჭ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილებით:

1. ლ. ჭ-ასა და ლ. ჭ-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება;

3. უკანონო ხელშეშლის აღკვეთის მიზნით სს „ე.-პ. ჯ-ას“ დაევალა ლ. და ლ. ჭ-ების საკარმიდამო ეზოდან (საკადასტრო კოდი .......) სს „ე.-პ. ჯ-ას“ კუთვნილი ელექტროგადამცემი ხაზების, ტრანსფორმატორისა და სხვა პირების კუთვნილი მრიცხველების დემონტაჟი და გატანა;

4. სს „ე.პ. ჯ-ას“ ლ. და ლ. ჭ-ების სასარგებლოდ დაეკისრა 280 ლარის ანაზღაურება.

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

ლ. და ლ. ჭ-ებმა 2011 წლის 17 აგვისტოს ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე მოიპოვეს საკუთრების უფლება ქ.ზუგდიდში, ..... ქ.N...-ში მდებარე უძრავ ქონებაზე;

1995 წლიდან კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობის საფუძველზე, ზემოაღნიშნული უძრავი ქონების მესაკუთრე იყო ლ. და ლ. ჭ-ების დედა – ლ. ს-ა.

აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ შედგენილი ოქმით – ფაქტების კონსტანტაციის შესახებ დადგინდა, რომ ლ. და ლ. ჭ-ების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებული იყო ტრანსფორმატორი, ელექტროგადამცემი ხაზები და მრიცხველები. ტრანსფორმატორს ესაზღვრებოდა ორსართულიანი შენობა 30სმ-ში, საიდანაც გამოდიოდა სადენები და უკავშირდებოდა სხვადასხვა შენობებს. ტრანსფორმატორთან განთავსებული იყო 17 ცალი მრიცხველი;

საქმის მასალებით არ დასტურდებოდა, რომ სადავო ნაგებობები მოსარჩელეთა საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე 80-იან წლებში განთავსდა, რა დროსაც მიწის მესაკუთრე სახელმწიფო იყო;

უდავო იყო, რომ მოსარჩელეები წარმოადგენდნენ მიწის ნაკვეთის მესაკუთრეებს. მიუხედავად იმისა, რომ ისინი 2011 წლიდან ფლობდნენ მასზე საკუთრების უფლებას, 1995 წელს ეს ნაკვეთი მემკვიდრეობის მოწმობის საფუძველზე მიიღო მათმა დედამ ლ. ს-ამ. თავის მხრივ, სამკვიდრო წესით მიწის ნაკვეთის გადაცემა მეტყველებდა მანამდე უძრავ ნივთზე მამკვიდრებლის (კერძო პირის) უფლების არსებობაზე.

სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ მიწის ნაკვეთზე სადავო ნაგებობები მესაკუთრის (ან მართლზომიერი მფლობელის) თანხმობით განთავსდა, მოპასუხეს ეკისრებოდა.

სს „ე.-პ. ჯ-ა“ ზემოაღნიშნული გარემოების დადასტურებას ცდილობდა კომპანიის ზუგდიდის მომსახურების ცენტრის ოსტატის, გ. ბ-ას მოხსენებით ბარათზე მითითებით, სადაც აღნიშნული იყო, რომ იგი ენერგეტიკაში 1980 წლიდან დასაქმდა და ... ქ.N-...ში მდებარე ჭ-ების საკარმიდამო ნაკვეთში გამავალი N... ფიდერი დაახლოებ 50-60-იან წლებში, ხოლო სატრანსფორმატორო პუნქტი 85-90-იან წლებში აშენდა.

სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარდგენილი მოხსენებითი ბარათი არ წარმოადგენდა სამოქალაქო საპ.ცესო კოდექსით გათვალისწინებულ სათანადო მტკიცებულებას. მოხსენებითი ბარათის ავტორს წარმოადგენდა მოპასუხე კომპანიის ზუგდიდის ..... თანამშრომელი, მოხსენებით ბარათის ადრესატს კი – ამავე ფილიალის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი (მისი ზემდგომი ადმინისტრაციული თანამდებობის პირი). ამასთან, მოხსენებითი ბარათი 2013 წლის 1 ივნისით იყო დათარიღებული, ანუ შედგენილი იყო სს „ე.-პ. ჯ-ას“ მიმართ ლ. და ლ. ჭ-ების მიერ სარჩელის აღძვრის შემდეგ.

ზემომითითებული გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ თანხმობა ე.ობიექტის საკარმიდამო ეზოში განთავსების შესხებ არც უძრავი ქონების წინა მესაკუთრეს – ლ. ს-ას გაუცია, რომელმაც უძრავ ქონებაზე უფლება 1995 წლიდან მოიპოვა.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლზე და განმარტა, რომ ხელშეშლის აღკვეთა წარმოადგენს ნეგატორულ სარჩელს, რომელიც მესაკუთრის დაცვის მიზნით, მიმართულია უფლების დამრღვევი პირის მიმართ და სასამართლო ამ ტიპის სარჩელის განხილვისას ადგენს არა რაიმე ახალ უფლებას (აწესებს, ცვლის, წყვეტს და სხვა), არამედ მოდავე სუბიექტთა უფლებრივი მდგომარეობის შეუცვლელად ახდენს სამოქალაქო უფლების რეალიზაციის წესის სწორ განსაზღვრას. დასახელებული ტიპის სარჩელი დაკმაყოფილდება ისეთ შემთხვევაში, როდესაც იარსებებს ნივთის მესაკუთრე, რომელსაც სხვისი უკანონო მოქმედების გამო ხელი შეეშლება თავისი საკუთრების გამოყენებაში.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ აპელანტების საკარმიდამო ეზოში მესაკუთრის თანხმობის გარეშე განთავსებული იყო სს „ე.-პ. ჯ-ას“ კუთვნილი მაღალი ძაბვის მქონე სატრანსფორმატორო პუნქტი, ელექტროგადამცემი ხაზები და სხვა პირების კუთვნილი მრიცხველები; ასეთი თანხმობა არც უძრავი ქონების წინა მესაკუთრეს – ლ. ს-ას არ გაუცია. ამასთან, მხარეებს შორის არ დადებულა რაიმე სახის ხელშეკრულება საკარმიდამო ეზოთი სარგებლობის შესახებ.

სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, ვინაიდან სს „ე.პ.ჯ-ას“ ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე სარგებლობდა აპელანტების მიწის ნაკვეთით და აპელანტებს სხვისი უკანონო მოქმედების გამო ხელი ეშლებოდათ თავისი საკუთრების გამოყენებაში, უკანონო ხელშეშლის აღკვეთის მიზნით მოპასუხეს უნდა დავალებოდა ლ. და ლ. ჭ-ების საკარმიდამო ეზოდან მისი კუთვნილი ელექტროგადამცემი ხაზების, ტრანსფორმატორისა და სხვა პირთა კუთვნილი მრიცხველების დემონტაჟი და მოსარჩელისათვის ხარჯების დაკისრების გარეშე გატანა.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 27 დეკემბრის N964 ბრძანებულებით დამტკიცებული ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის წესზე და მათი გამოყენების ზონებზე და აღნიშნა, რომ ხსენებული ბრძანებულება განსაზღვრავს პირობებს, რომელთა დაცვა სავალდებულოა იმ შემთხვევაში, თუ ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობის დაცვის ზონის ფარგლებში ხდება შენობა-ნაგებობების განთავსება, ან საჭიროა რაიმე სამუშაოების წარმოება. ეს ნორმატიული აქტი ერთი მხრივ, უზრუნველყოფს უსაფრთხოებას, ხოლო მეორე მხრივ, ადგენს მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ობიექტების (ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების) სწორი და გამართული უზრუნველყოფის პირობებს, რაც გამოიხატება დაცვის ზონაში მიმდინარე ნებისმიერი სამუშაოს, თუ მშენებლობის თაობაზე ელექტრული ქსელის ექსპლოატაციაზე ვალდებული პირის ინფორმირებასა და პ.ცესში ჩართულობაში. დასახელებული ბრძანებულების მე-4 მუხლი, რომელიც პირველი ინსტანციის სასამართლომ სარჩელზე უარის თქმის საფუძვლად გამოიყენა, კრძალავს იმ ქმედებებს, რომლებმაც შეიძლება ელექტრული ქსელის ხაზობრივი ნაგებობის ნორმალური ფუნქციონირების მოშლა გამოიწვიოს. ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილია, რომ დაცვის ზონაში მშენებლობის ან რეკონსტრუქციის განხორციელება დასაშვებია მხოლოდ ელექტროგადამცემი ხაზის დამცავი ღონისძიების გატარების, ან მისი წინასწარი გადატანის გარეშე. ეს უკანასკნელი კი, დაინტერესებული პირის ხარჯით ხორციელდება. დაინტერესებული პირი შესაძლოა იყოს, როგორც მიწათმოსარგებლე, ასევე სხვა პირი, რომლის ინტერესშიც შედის სარეკონსტრუქციო თუ სამშენებლო სამუშაოების წარმოება. აღნიშნული ნორმა არ არეგულირებს მიწის ნაკვეთის მესაკუთრესა და ელექტრული ქსელის მფლობელ პირს შორის მესაკუთრის კუთვნილ ნაკვეთზე ქსელის განთავსების საკითხთან დაკავშრებულ ურთიერთობას. მფლობელის მიერ სხვისი ნაკვეთის გამოყენება რეგულირდება საერთო წესით, მფლობელსა და მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს შორის არსებული შეთანხმების საფუძველზე.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ პრეზიდენტის N964-ე ბრძანებულების სარჩელის უარყოფის საფუძვლად გამოყენება, ვინაიდან გასაჩივრებული გადაწყვეტილებით შეთავაზებული განმარტებით, ნებადართული ხდება ელექტროქსელის მფლობელის მიერ მისთვის საინტერესო მიწის ნაკვეთზე ქვესადგურებზე გამანაწილებელი მოწყობილობების, ან საკაბელო ხაზების განთავსება უძრავი ნივთის მესაკუთრის ნების მიუხედავად და პრეტენზიის შემთხვევაში მესაკუთრისათვის მიწის ნაკვეთის განთავისუფლების ხარჯების გადახდევინება. კონსტიტუციით გარანტირებული საკუთრების უფლების შეზღუდვა მხოლოდ კანონით არის შესაძლებელი. მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხეს, სადავო ობიექტების განთავსების თაობაზე მიწის ნაკვეთის არც ადრინდელი და არც შემდგომი მესაკუთრისგან თანხმობა არ მიუღია, მესაკუთრის შეზღუდვის ვალდებულება არც კანონით იყო დადგენილი.

სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია კანონისმიერი ან სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს ან სარგებლობდეს ქონებით, არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელე მიუთითებდა, რომ მის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე განთავსებული ტრანსფორმატორისა და ქსელის ელემენტების არსებობით, ვერ ხდებოდა მიწის ნაკვეთის მიზნობრივი გამოყენება, ტრანსფორმატორის და მრიცხველების შემოწმება-ექსპლოატაციის მიზნით დაინტერესებული პირები მისი ნებართვის გარეშე გადაადგილდებოდნენ ეზოში. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული მოქმედებებისგან თავდაცვის მოთხოვნა, არ შეიძლებოდა შეფასებულიყო მესაკუთრის მიერ უფლების ბოროტად გამოყენებად; ვინაიდან არ არსებობდა კანონისმიერი ან გარიგებითი საფუძველი, რასაც შეიძლებოდა შეეზღუდა მოსარჩელის საკუთრების უფლება, რაიმე ფორმით მისთვის მიწის ნაკვეთით სარგებლობის ან გამოყენების აკრძალვა, თმენის ვალდებულების დაკისრება ან საკუთრების უფლების ხელშეშლის აღკვეთისთვის ხარჯების ანაზღაურების ვალდებულება არ შეესაბამებოდა საკუთრების უფლების დაცვის პრინციპს.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს „ე.პ. ჯ-ამ“.

საკასაციო საჩივრის საფუძვლები:

სასამართლო, თავის გადაწყვეტილებას მთლიანად აფუძნებს იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხემ ვერ წარადგინა მესაკუთრის თანხმობა სადავო ქონების მოსარჩელეების კუთვნილ ეზოში განთავსებაზე, თუმცა ამ შემთხვევაში ყურადღება უნდა გამახვილდეს რიგ ფაქტორებზე, კერძოდ: 1. ქონების განთავსების დროს ქვეყანაში არ არსებობდა მიწაზე კერძო საკუთრების უფლება; 2. იმ დროისათვის ასევე არ არსებობდა არც სს „ე.პ. ჯ-ა“ და არც ე.ობიექტები წარმოადგენდნენ საკუთრების უფლების ობიექტს; 3. სასამართლო ვერ მიუთითებს იმ სამართლებრივ საფუძვლებზე, რომელთა მიხედვითაც, ე.ობიექტების მესაკუთრის (სახელმწიფოს) მიერ ე.ობიექტების თავის მიწაზე საზოგადოებრივი საჭიროებისათვის დადგმა საჭიროებდა მოსარჩელეების (ან მათი დედის, ან დედის მშობლების) თანხმობას;

მოსარჩელეები ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეები გახდნენ 2011 წელს, ხოლო მიწის ნაკვეთზე მდებარე ელექტრონული ქსელი აშენდა 80-90-იან წლებში. შესაბამისად, გადამცემი ხაზის მშენებლობის დროს არ არსებობდა მათი ის უფლება, რომლის დარღვევაზეც სააპელაციო სასამართლო მიუთითებს. იმ პერიოდში არ არსებობდა მიწაზე კერძო საკუთრება და იგი ეკუთვნოდა სახელმწიფოს. მოქალაქეთა პირად საკუთრებაში მხოლოდ საცხოვრებელი სახლი შეიძლებოდა ყოფილიყო. შესაბამისად, სახელმწიფოს შეეძლო მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე განეთავსებინა ე. ობიექტი მოსარჩელეების თანხმობის გარეშე;

მოსარჩელეების მოთხოვნა ხანდაზმულია. სასამართლოს მოსაზრება, რომ საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მიხედვით, საკუთრების უფლება დაცულია და იგი აბსოლუტურ უფლებას წარმოადგენს, რომლის შეზრუდვა დაუშვებელია, უსაფუძვლო და სამართლებრივად დაუსაბუთებელია. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის, სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლისა და საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 27 დეკემბრის N964 ბრძანებულებით დამტკიცებული ნორმატიული აქტის თანახმად, ჭ-ების საკუთრების უფლება განსახილველ შემთხვევაში შეზღუდულია;

ე. ობიექტის გადატანის მიმართ არ არის გამოკვეთილი მესაკუთრის ინტერესების უპირატესობა და მისი მოთხოვნის აუცილებლობა გაუმართლებელია;

სს „ე.პ.ჯ-ას“ არის კეთილსინდისიერი შემძენი, რომელმაც სახელმწიფოსაგან ელ.ქსელები სწორედ იმ მისამართზე შეიძინა, სადაც ამჟამად იმყოფება. მან სახელმწიფოსგან მიიღო პირობა, რომ აღნიშნული განლაგება არავის მხრიდან სადავო არ იყო და არც გახდებოდა. აღნიშნული ხელყოფს კომპანიის უფლებებს და აშკარად უარყოფითად აისახება სახელმწიფოს ელ.მომარაგების მდგომარეობაზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს „ე.პ.ჯ-ას“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპ.ცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპ.ცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპ.ცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპ.ცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპ.ცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% – 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპ.ცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სს „ე.პ.ჯ-ას“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორს სს „ე.პ.ჯ-ას“ დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი, საგადახდო დავალება №...., გადახდის თარიღი – 2014 წლის 10 ივნისი) 70% – 210 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე