№ას-795-760-2014 10 მარტი, 2015 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორები – მ. თ-ი, თ. თ-ი, ნ. თ-ი
მოწინააღმდეგე მხარე – თ. თ-ი, ნ. თ-ი, ლ. ყ-ი, ა. ო-ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 27 მაისის განჩინება
კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – სამკვიდრო მოწმობისა და ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, მესაკუთრედ ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართეს მ. თ-მა, თ. თ-მა და ნ. თ-მა მოპასუხეების - თ. თ-ის, ნ. თ-ის, ლ. ყ-ისა და ა. ო-ის მიმართ და მოითხოვეს:
1. გ. თ-ის სახელზე ნოტარიუს ე. ყ-ის მიერ 2009 წლის 25 ივნისს გაცემული სამკვიდრო მოწმობის (რეგისტრაციის N...) ბათილად ცნობა და საჯარო რეესტრში ლ.ყ-ის და ა.ო-ის სახელზე რეგისტრირებული ქ.თბილისში, ... ქ.N...-ში მდებარე უძრავი ქონების ¾ წილზე (თითოეული ¼ წილზე) მ., თ. და ნ. თ-ების მესაკუთრედ ცნობა.
2. ერთი მხრივ, გ. თ-ს, ხოლო მეორე მხრივ, ლ. ყ-სა და ა. ო-ს შორის 2010 წლის 15 აპრილს ქ.თბილისში, ...ს ქ.N..-ში მდებარე უძრავ ქონებაზე დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 1 თებერვლის გადაწყვეტილებით:
1. მ. თ-ის, თ. თ-ისა და ნ. თ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
2. გაუქმდა ამავე სასამართლოს 2012 წლის 24 ივლისის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ყადაღა დაედო ლ. ყ-ისა და ა. ო-ის სახელზე რიცხულ, ქ.თბილისში, ... ქ.N...-ში მდებარე უძრავ ქონებას.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 27 მაისის განჩინებით:
1. მ. თ-ის, თ. თ-ისა და ნ. თ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა;
2. უცვლელად დარჩა თბილისის საქაალქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
მამკვიდრებელი გ. თ-ი გარდაიცვალა 2004 წლის ....;
გ. თ-ს დარჩა ოთხი პირველი რიგის მემკვიდრე: მეუღლე – ნ. თ-ი; შვილები – მ. თ-ი, გ. თ-ი და თ. თ-ი;
პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა და სააპელაციო საჩივრით სადავოდ არ გამხდარა, რომ გ. თ-ის პირველი რიგის მემკვიდრეებმა მიიღეს სამკვიდრო;
მამკვიდრებელ გ. თ-ის სამკვიდროს წარმოადგენდა ქ.თბილისში, ... ქ.N..-ში მდებარე უძრავი ქონება;
2004 წლის 24 იანვარს გ. თ-მა შეადგინა ანდერძი, რომლის თანახმად, მის საკუთრებაში არსებული ქონება უანდერძა შვილიშვილს – გ. თ-ის შვილს ნ. თ-ს. 2012 წლის 14 ივნისს სანოტარო წესით შედგენილი განცხადება-თანხმობით ნ. თ-მა უარი განაცხადა გ. თ-ის მიერ მის სასარგებლოდ გაცემულ საანდერძო განკარგულებაზე;
გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგინდა, საქმის მასალებით დადასტურდა და სააპელაციო საჩივრით სადავო არ გამხდარა ის გარემოება, რომ 2009 წლის 25 ივნისს გ. თ-ის შვილის გ. თ-ის სახელზე გაიცა სამკვიდრო მოწმობა, რომლითაც გ. თ-მა მიიღო მამის სამკვიდრო: ქ.თბილისში, .... ქ.N..-ში მდებარე უძრავი ქონება. სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე ზემოაღნიშნული უძრავი ქონების ½ ნაწილი საჯარო რეესტრში აღირიცხა გ. თ-ის სახელზე. გ. თ-ი ხელმძღვანელობდა უძრავი ქონების სააგენტოს;
2009 წლის 22 დეკემბრის ნასყიდობის ხელშეკრულებით ქ.თბილისში, .... ქ.N...-ში მდებარე უძრავი ქონების ½ ნაწილის 1/3 ნაწილი გ. თ-მა მიჰყიდა ლ. თ-ს;
2009 წლის 24 დეკემბერს გაფორმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით გ.თ-მა ლ. ყ-ისგან ისესხა 10000 ევრო, ხოლო ა. ო-ისგან – 15000 აშშ დოლარი, 3 თვის ვადით, 5%-იანი სარგებლით. გაცემული სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა გ. თ-ის კუთვნილი ქ.თბილისში, ... ქ.N..-ში მდებარე უძრავი ქონების ½ წილის 2/3 ნაწილი. ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ, რომ სესხის გადაუხდელობის შემთხვევაში იპოთეკის საგანი პირდაპირ ვერ გადავიდოდა იპოთეკარის საკუთრებაში. იპოთეკის უფლება დარეგისტრირდა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში;
2010 წლის 20 იანვარს გაფორმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით გ. თ-მა ჯ. ყ-ან ისესხა 5000 აშშ დოლარი და გაცემული სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა გ. თ-ის კუთვნილი ქ.თბილისში, ... ქ.N...-ში მდებარე უძრავი ქონების ½ წილის 2/3 ნაწილი. იპოთეკის უფლება დარეგისტრირდა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში;
2010 წლის 15 აპრილს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებით, გ. თ-მა ლ.ყ-სა და ა. ო-ს მიჰყიდა ქ.თბილისში, ... ქ.N..-ში მდებარე უძრავი ქონების ½ წილის 2/3 ნაწილი;
2010 წლის 15 აპრილს გ. თ-ს, ლ. ყ-სა და ა. ო-ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება 2009 წლის 24 დეკემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების გაუქმების თაობაზე. ხელშეკრულების თანახმად, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების გაუქმებას საფუძვლად დაედო ვალდებულების შესრულება;
გ. თ-ი გარდაიცვალა 2010 წლის 30 სექტემბერს;
გ. თ-ის პირველი რიგის მემკვიდრეებმა – შვილებმა, თ. და ნ. თ-ებმა 2012 წლის 14 ივნისს სანოტარო წესით შეადგინეს განცხადება-თანხმობა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ თ. და ნ. თ-ებს არ მიუღიათ გარდაცვლილი მამის სამკვიდრო და არც მომავალში ექნებოდათ პრეტენზია სამკვიდრო ქონებაზე.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მსჯელობა იმის შესახებ, რომ 2009 წლის 24 დეკემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება შეწყდა კრედიტორის მიერ ამ ვალდებულებით გათვალისწინებული შესრულების ნაცვლად სხვა შესრულების მიღებით, კერძოდ, გ. თ-მა 2010 წლის 15 აპრილის ნასყიდობის ხელშეკრულებით კრედიტორებს გაცემული სესხის სანაცვლოდ საკუთრებაში გადასცა უძრავი ქონება. უდავო იყო, რომ გ. თ-ს ლ. ყ-სა და ა. ო-თან დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ შეუსრულებია. სადავო არ იყო არც ის ფაქტი, რომ ლ. ყ-სა და ა. ო-ს არ გადაუხდიათ ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული უძრავი ქონების ღირებულება, თუმცა მხარეებმა ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებისთანავე გააფორმეს ხელშეკრულება სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების გაუქმების თაობაზე და მიუთითეს, რომ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების გაუქმებას საფუძვლად დაედო ვალდებულების შესრულება.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლომ დასაბუთებულად მიიჩნია მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება შეწყდა კრედიტორის მიერ ამ ვალდებულებით გათვალისწინებული შესრულების ნაცვლად სხვა შესრულების მიღებით. გ. თ-მა კრედიტორებს გაცემული სესხის დაბრუნების სანაცვლოდ ნასყიდობის ხელშეკრულებით საკუთრებაში გადასცა უძრავი ქონება.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლით განსაზღვრულ საჯარო წესრიგში იგულისხმება სამოქალაქო ბრუნვის ფუნდამენტური პრინციპები, მათ შორის საკუთრების ხელშეუხებლობა. საჯარო წესრიგის დარღვევით ილახება არა მხოლოდ ურთიერთობის კონკრეტული მონაწილის უფლებები, არამედ იგი ზიანს აყენებს სახელმწიფოსა და საზოგადოების ინტერესებს. გარიგება, რითაც უარყოფილი იქნება საკუთრების ხელშეუხებლობის სოციალური ფუნქცია, უნდა ჩაითვალოს საჯარო წესრიგის დამრღვევ გარიგებად. ამ შემთხვევაში მხედველობაშია სოციალური და ეკონომიკური საჯარო წესრიგი.
სამოქალაქო კოდექსის 428-ე მუხლის თანახმად, ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება მაშინაც, როდესაც კრედიტორი ამ ვალდებულებით გათვალისწინებული შესრულების ნაცვლად იღებს სხვა შესრულებას.
განსახილველ შემთხვევაში დადგინდა, რომ მხარეთა შორის გაფორმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება შეწყდა კრედიტორის მიერ ამ ვალდებულებით გათვალისწინებული შესრულების ნაცვლად ხვა შესრულების მიღებით. კერძოდ, გ. თ-მა ნასყიდობის ხელშეკრულებით კრედიტორებს გაცემული სესხის დაბრუნების სანაცვლოდ საკუთრებაში გადასცა უძრავი ქონება. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომ ზემოაღნიშნული ნასყიდობის ხელშეკრულება არ წარმოადგენდა კანონსაწინააღმდეგო გარიგებას, არ არღვევდა საჯარო წესრიგსა და ზნეობრივ ნორმებს. შესაბამისად, არ არსებობდა ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 185-ე და 312-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ დასტურდებოდა რომ შემძენებმა იცოდნენ უძრავი ქონების სადავოობის (მოსარჩელეთა პრეტენზიების) შესახებ. ლ. ყ-სა და ა. ო-ს, როგორც სესხისა და იპოთეკის, ისე ნასყიდობის ხელშეკრულება დადებული ჰქონდათ უძრავი ქონების რეგისტრირებულ მესაკუთრესთან.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ ვინაიდან არ არსებობდა ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი, მოსარჩელეთა მოთხოვნა სამკვიდრო მოწმობის გაბათილებისა და მესაკუთრედ ცნობის თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილებულიყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლით განსაზღვრული იურიდიული ინტერესის არარსებობის გამო. შესაბამისად არ არსებობდა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძვლები.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მ. თ-მა, თ. თ-მა და ნ. თ-მა.
საკასაციო საჩივრის საფუძვლები:
ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ქონების გასხვისება სასამართლომ არასწორად შეაფასა სხვა შესრულების მიღებად. ამისათვის სამოქალაქო კოდექსი ადგენს შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ დამადასტურებელი დოკუმენტის ფორმის სავალდებულოობას, დოკუმენტი შესრულების თაობაზე უნდა შეიცავდეს მონაცემებს ვალის მოცულობისა და სახეობის შესახებ, მოვალის ან იმ პირის გვარსა და სახელს, რომელიც იხდის ვალს, შესრულების დროსა და ადგილს. მოცემულ შემთხვევაში, ნასყიდობის ხელშეკრულება წარმოადგენდა თვალთმაქცურ გარიგებას და ბათილად უნდა მიჩნეულიყო. აღნიშნული გარემოება დასტურდება სასამართლო სხდომაზე მოპასუხის აღიარებით, რომ მათ ნასყიდობის თანხა (70000 აშშ დოლარი) არ გადაუხდიათ. ამასთან, ნასყიდობის ხელშეკრულებაში მითითებული გარიგების საგნის ღირებულება ბევრად აღემატება (35000 აშშ დოლარით) იმ დროისათვის სესხის ხელშეკრულების შესაბამისად გადასახდელ თანხას, რაც გარიგების მოჩვენებით ხასიათზე მიუთითებს. სააპელაციო სასამართლოს, ნასყიდობის ხელშეკრულება (როგორც მოჩვენებითი გარიგება) იმ მიზეზითაც უნდა გაეუქმებინა, რომ გ. თ-ი იმ დროს მძიმედ ავად იყო. იპოთეკარებს ეშინოდათ, რომ კანონიერი გზით იპოთეკის საგნის რეალიზაციას ვერ მოასწრებდნენ, ხოლო დადებული იპოთეკის ხელშეკრულება გამორიცხავდა იპოთეკის საგნის პირდაპირ იპოთეკარის საკუთრებაში გადასვლას;
საკასაციო საჩივარში კასატორები შუამდგომლობენ საქმეში მესამე პირებად რ. და ა. თ-ების ჩაბმის, აგრეთვე, საკასაციო საჩივრებზე თანდართული მტკიცებულებების საკასაციო სასამართლოს მიერ მიღების შესახებ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. თ. და ნ. თ-ების საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას მ. თ. და ნ. თ-ების საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ამ ნორმის გამოყენების წინაპირობა არ არსებობს, ვინაიდან კასატორები განთავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის „მ1“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორების შუამდგომლობა საქმეში მესამე პირებად რ. და ა. თ-ების ჩაბმის, აგრეთვე, საკასაციო საჩივარზე დართული მტკიცებულებების საკასაციო სასამართლოს მიერ მიღების შესახებ არ უნდა დაკმაყოფლდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 406-ე მუხლზე, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველ ნაწილზე და 411-ე მუხლზე და განმარტავს, რომ საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილების მხოლოდ იურიდიულ მხარეს, კანონი კრძალავს საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითებას და ახალი მტკიცებულებების წარდგენას. კანონმდებელი ადგენს საკასაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების შეფასების პროცესუალურ ფარგლებს, საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითება და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა არ დაიშვება, რამდენადაც აღნიშნული შეუთავსებელია საკასაციო სასამართლოს უფლებამოსილებასთან. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო, რომელიც არ წარმოადგენს საქმის არსებითად განმხილველ სასამართლოს, მოკლებულია შესაძლებლობას, ჩააბას მესამე პირი საქმეში. ამდენად, კასატორების თხოვნა საკასაციო სასამართლოს მიერ მოცემულ საქმეში მესამე პირების ჩაბმის შესახებ არ გამომდინარეობს მოქმედი საპროცესო კანონმდებლობიდან და შესაბამისად, არ უნდა დაკმაყოფილდეს.
რაც შეეხება საკასაციო საჩივარზე თანდართულ მტკიცებულებებს, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ისინი უნდა დაუბრუნდეს კასატორებს, რადგან როგორც ზემოთ აღინიშნა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის 1-ლი ნაწილიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითება და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა არ დაიშვება, შესაბამისად, ახალი მტკიცებულება ვერც სასამართლოს მიერ იქნება გაზიარებული, მიუხედავად იმისა, მხარეს ობიექტურად ჰქონდა თუ არა შესაძლებლობა სასამართლოსათვის მანამდე წარმოედგინა ისინი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არ აქვთ. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორებს უნდა დაუბრუნდეთ 11.07.2014წ. და 14.07.2014წ. შეტანილ საკასაციო საჩივრებზე თანდართული შემდეგი მტკიცებულებები (რ. თ-ის გარდაცვალების მოწმობა; რ. თ-ის დაბადების მოწმობა; .........გაცემული გარდაცვალების მოწმობა; სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის საინფორმაციო ბარათი; ა. თ-ის დაბადების მოწმობა; 2012 წლის ....... გაცემული რწმუნებულება; ადვოკატ მ.ქ-ის 2012 წლის ..... განცხადება, თბილისის საქალაქო სასამართლოში წარდგენილი მისივე შუამდგომლობა; ნოტარიუსის 2012 წლის ...... მიმართვა; საკადასტრო აზომვითი ნახაზი; შენობა-ნაგებობების ტექნიკური მაჩვენებლები; ტექინვენტარიზაციის არქივიდან ამოღებული დოკუმენტი „2“ ფურცლად; ა. თ-ის გარდაცვალების მოწმობა; გ. თ-ის გარდაცვალების მოწმობა; 1998 წლის .......გაცემული გარდაცვალების მოწმობა (......).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ. თ. და ნ. თ-ების საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. მ. თ. და ნ. თ-ების შუამდგომლობა საქმეში მესამე პირების ჩაბმისა და მტკიცებულებების გამოთხოვის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;
3. კასატორებს – მ. თ. და ნ. თ-ებს დაუბრუნდეთ 11.07.2014წ. და 14.07.2014წ. შეტანილ საკასაციო საჩივრებზე თანდართული შემდეგი მტკიცებულებები (რ. თ-ის გარდაცვალების მოწმობა; რ. თ-ის დაბადების მოწმობა; 1998 წლის ...... გაცემული გარდაცვალების მოწმობა; სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის საინფორმაციო ბარათი; ა. თ-ის დაბადების მოწმობა; 2012 წლის ..... გაცემული რწმუნებულება; ადვოკატ მ.ქ-ის 2012 წლის 10 აგვისტოს განცხადება, თბილისის საქალაქო სასამართლოში წარდგენილი მისივე შუამდგომლობა; ნოტარიუსის 2012 წლის 13 აგვისტოს მიმართვა; საკადასტრო აზომვითი ნახაზი; შენობა-ნაგებობების ტექნიკური მაჩვენებლები; ტექინვენტარიზაციის არქივიდან ამოღებული დოკუმენტი „.. ფურცლად; ა. თ-ის გარდაცვალების მოწმობა; გ. თ-ის გარდაცვალების მოწმობა; 1998 წლის ......გაცემული გარდაცვალების მოწმობა (....)
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ბ. ალავიძე