№ას-826-790-2014 24 მარტი, 2015 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – შპს „ნ.ი+“
მოწინააღმდეგე მხარეები – მ. გ-ე, ა. ჭ-ე, თ. ს.ი, ვ. ჭ-ე, ა. მ-ი.
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 27 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგა. _ ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
გორის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 9 იანვრის გადაწყვეტილებით შპს „ნ.+-ის“ სარჩელი მ. გ-ის, ა. ჭ-ის, თ. ს-ის, ვ.ჭ-ის, ა. მ-ის მიმართ ზიანის სახით 11 781 ლარის ანაზღაურების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „ნ.+-მა“.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 27 მაისის განჩინებით:
1. შპს „ნ.+-ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა;
2. უცვლელად დარჩა გორის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 9 იანვრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
მ. გ-ე, ა. ჭ-ე, თ. ს-ი, ვ. ჭ-ე და ა. მ-ი. შრომითი ხელშეკრულებების საფუძველზე მუშაობდნენ შპს „ნ.ში“ ფარმაცევტის თანამდებობებზე;
მ. გ-ეს, ა. ჭ-ეს, თ. ს-ს, ვ. ჭ-ეს, ა. მ-სა და შპს „ნ.ს+-ს“ შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებები შეწყდა 2013 წლის 1 მაისიდან;
სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმის მასალებით არ დასტურდებოდა მოპასუხეების მიერ მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული ქმედებით შპს „ნ.+-ისათვის“ ზიანის მიყენების ფაქტი. აპალატის განმარტებით, საქმეში წარმოდგენილი არ იყო რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა მოსარჩელის გამარტებას, რომ შემოწმების შედეგად კომპა.ის ფილიალებში წარმოიშვა დანაკლისი, მოსარჩელე ასევე ვერ უთითებდა რა ფორმით მიადგა ზიანი საზოგადოებას და კონკრეტულად რაში გამოიხატებოდა აღნიშნული ზიანი სასამართლომ აღნიშნა ასევე, რომ გაუგებარი იყო რა პრინციპით განსაზღვრავდა მოსარჩელე თითოეული მოპასუხის ბრალეულობას და შესაბამისად, ასანაზღაურებელი ზიანის ოდენობას, საქმეში არ მოიპოვებოდა მტკიცებულება მოპასუხეთა მიერ სამუშაო ადგილებზე შრომითი მოვალეობების შესრულების დაწყების დროს მოხდა თუ არა მათთვის გადაცემული მატერიალური აქტივების აღწერა, ამასთან, ზიანის არსებობის ფაქტის დადასტურების შემთხვევაშიც, არ დგინდებოდა მოპასუხეთა მართლსაწინააღმდეგო ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და ზიანს შორის.
აპელანტის მითითებით, მოპასუხეთა მხრიდან მიყენებული ზიანი სწორედ იმაში გამოიხატა, რომ მათ არ აღკვეთეს მენეჯერის უკანონო ქმედება და ამით ხელი შეუწყეს დანაკლისის წარმოქმნას. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, საქმეზე წარმოდგენილი არ იყო რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა იმ გარემოებას, რომ მოპასუხეებს ჰქონდათ ფილიალის მენეჯერის კონტროლის და ზედამხედველობის უფლებამოსილება ან/და ვალდებულება. ამგვარ ვალდებულებასა და უფლებამოსილებაზე მითითებას არ შეიცავდა არც მოპასუხეებთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებები. შესაბამისად, პალატამ დაუსაბუთებლად მიიჩნია მსჯელობა მოპასუხეთა ვალდებულებაზე, ეკონტროლებინათ ფილიალის მენეჯერის ქმედებები.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა შპს „ნ.+-მა“.
საკასაციო საჩივრის საფუძვლები:
მოპასუხეების ქმედება წინასწარ კოორდინირებული მოქმედების შედეგია და მათი მენეჯერის მიმართ დამოკიდებულება განხილული უნდა იქნეს მენეჯერის მოქმედებისათვის ხელის შეწყობად, კერძოდ, მოპასუხეებისთვის ცნობილი იყო მენეჯერის მხრიდან მუდმივად საზოგადოების ქონების მითვისების ფაქტი, რაც იწვევდა დანაკლისს და კომპანიის სერიოზულ დაზარალებას;
მოპასუხეებს ხელშეკრულების შესაბამისად ევალებოდათ აფთიაქში არსებული მატერიალური ქონების დაცვა, სასამართლომ კი ფაქტობრივი გარემოებები არ შეაფასა, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ის დაადგენდა მოპასუხეების მიერ ზიანის მიყენების ფაქტს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ნ.+-ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვა. სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვა. საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (590 ლარი) 70% – 413 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „ნ.+-ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორ შპს „ნ.+-ს“ დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (590 ლარი, გადახდის თარიღი – 2014 წლის 15 ივლისი, საგადახდო დავალება №…..) 70% – 413 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ბ. ალავიძე