საქმე №ას-934-896-2014 30 მარტი, 2015 წელი
. ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – სსიპ გ. ა.ის ს. ს. თ.ის ს.ს.ჰ. (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – მ.მ.ი (მოსარჩელე)
კასატორი - ზ.კ. (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე –სსიპ ს. თ.ის ს. ს. ჰ., ს. თ. ს. (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის16 ივლისის განჩინება
კასატორების მოთხოვნა:
1. გასაჩივრებული განჩინების გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა სსიპ სს ჰ.ის სააპელაციო საჩივარი და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
2. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების, ასევე სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მოხსენებითი ბარათის ბათილად ცნობა.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ზ.კ.მ და მ.მ.მა სარჩელი აღძრეს სასამართლოში სსიპ ს. თ.ის ს. ს. ჰ., ს. თ. ს. მიმართ სსიპ ს. თ.ის ს. ს. ჰ.ის დირექტორის 2013 წლის 1 აპრილის N... და N.... ბრძანებების ბათილად ცნობის, სამუშაოზე მოსარჩელეების აღდგენის, განაცდურის ანაზღაურების და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მოხსენებითი ბარათის მ.მ.სა და ზ.კ.ის ნაწილში ბათილად ცნობის მოთხოვნით შემდეგ გარემოებათა გამო:
2010 წლის 14 მარტიდან ზ.კ. დაინიშნა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის მონიტორინგისა და კონტროლის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე, ხოლო ჰოსპიტლის დირექტორის 2013 წლის 1 აპრილს N....ბრძანების საფუძველზე, იგი გათავისუფლდა ამავე სამსახურის მონიტორინგისა და კონტროლის სამსახურის უფროსის თანამდებობიდან.
2009 წლის 2 ნოემბრიდან 2010 წლის 12 თებერვლამდე მ.მ.ი მუშაობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში იურიდიული უზრუნველყოფისა და კადრების მართვის სამსახურის კადრების მენეჯერის თანამდებობაზე, 2010 წლის 12 თებერვლიდან 2013 წლის 1 აპრილამდე კი, საკადრო უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის დირექტორმა 2013 წლის 1 აპრილს გამოსცა N... ბრძანება მ.მ.ის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის საკადრო უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე.
მოსარჩელეები სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ პირნათლად და მათ დისციპლინური გადაცდომა არ ჩაუდენიათ, ხოლო სამუშაოდან გათავისუფლება მოხდა უკანონოდ, გათავისუფლების ბრძანებას საფუძვლად დაედო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მოხსენებით ბარათი, რომელიც თავის მხრივ, უკანონოა.
ზ.კ.ის გათავისუფლების საფუძველი იყო მისი განსხვავებული შეხედულებები. გათავისუფლების შესახებ ბრძანება, ასევე გენერალური ინსპექციის მოხსენებითი ბარათი მოსარჩელეს დადგენილი წესით არ ჩაბარებია, გარდა აღნიშნულისა, დამსაქმებელს ის წინასწარ არ გაუფრთხილებია გათავისუფლების თაობაზე.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალმა სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა შემდეგი საფუძვლებით:
არასწორია ზ.კ.ის მიერ მითითებული გარემოება, რომ იგი ერთგულად ემსახურებოდა ჰოსპიტალს და პირნათლად ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ მეტყველებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მოხსენებითი ბარათი. გენერალურმა ინსპექციამ 2013 წლის თებერვალ-მარტში სსიპ ს. თ.ის ს.ს.ჰ.ში ჩაატარდა 2010 წლის 1 იანვრიდან 2013 წლის 1 იანვრამდე პერიოდის სამსახურებრივი შემოწმება და დადგინდა, რომ მონიტორინგისა და კონტროლის სამსახურის ყოფილი უფროსი ზ.კ. არ ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რამაც გამოიწვია შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა.
არასწორია ზ.კ.ის მსჯელობა ბრძანების დაგვიანებით გადაცემის თაობაზე, რადგანაც შრომის კოდექსი ამ გარემოებას არ ითვალისწინებს, შესაბამისად მოპასუხეს კანონის არც ერთი ნორმა არ დაურღვევია. რაც შეეხება გათავისუფლების ბრძანების ზეპირად შეტყობინებას, მოსარჩელე თავად აცხადებს, რომ მისთვის გათავისუფლების შესახებ იმავე დღეს გახდა ცნობილი. ზ.კ.ის მიერ მოთხოვნილი წერილი შედგენილია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ და არა სამხედრო ჰოსპიტლის მხრიდან. მასში მოყვანილია სხვა პირთა სამსახურებრივი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია სახელის, გვარის და თანამდებობის მითითებით, რაც წარმოადგენს პერსონალურ მონაცემებს და მათი დაცვის ვალდებულება ეკისრება სამასახურს. ზ.კ.ს 2013 წლის 8 აპრილის N5/.... წერილით განემარტა, დოკუმენტის გამოთხოვის მიზნით მიემართა შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოსათვის.
უსაფუძვლოა მოსარჩელის მითითება, რომ მისი გათვისუფლება პოლიტიკური ნიშნით მოხდა. ყოფილი ხელმძღვანელობის დროს სამხედრო ჰოსპიტალში დასაქმებულია ბევრი ადამიანი და კადრების აბსოლუტური უმრავლესობა არის ყოფილი ხელმძღვანელობის, ასევე გათავისუფლებული პირების ახლობლები, ნათესავები და მეგობრები, რომელთაც არ დაურღვევიათ შრომითი ხელშეკრულების პირობები და დღესაც აგრძელებენ მუშაობას იმავე თანამდებობაზე. ზ.კ. სამსახურიდან გათავისუფლდა მხოლოდ იმის გამო, რომ მან არ შეასრულა სამსახურებრივი მოვალეობა, რაც დადასტურებულია გენერალური ინსპექციის N8/.. წერილზე დართულ მოხსენებით ბარათში.
ასევე უსაფუძვლოა მოსარჩელის მოთხოვნა იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ, მაშინ, როდესაც ორგანული კანონის - შრომის კოდექსის 33-ე მუხლის თანახმად დამსაქმებელს უფლება აქვს დასაქმებულის შრომითი ანაზღაურებიდან დაქვითოს ზედმეტად გაცემული თანხა ან ნებისმიერი სხვა თანხა, რომელიც შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე მისთვის აქვს გადასახდელი. პრემია ინიშნება თანამშრომლის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულებისას, შესაბამისად დამსაქმებელს უფლება აქვს ზ.კ.ს არასწორად და დაუმსახურებლად გაცემული პრემიებიდან დაუქვითოს გარკვეული თანხა.
ზ.კ. მართალია 2013 წლის 1 აპრილს იმყოფებოდა ჰოსპიტლის ტერიტორიაზე, მაგრამ იგი ამ დროს უკვე აღარ ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას. მხოლოდ ჰოსპიტლის ტერიტორიაზე ყოფნა არ ნიშნავს სამუშაოს შესრულებას. იმის მტკიცება, რომ ზ.კ. 2013 წლის 1 აპრილს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, მოსარჩელეს აკისრია.
რაც შეეხება მ.მ.ის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ სამსახურებრივი კვლევის შედეგად დაადგინა მ.მ.ის მხრიდან სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობა, რაც გახდა კიდეც მისი სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზი.
სასარჩელო მოთხოვნები ასევე არ ცნო საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ და შემდეგ გარემოებებზე მიუთითა:
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2012 წლის 4 სექტემბრის N7.. ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების 2.1 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანხმად, გენერალური ინსპექციის ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფისა და სამინისტროს სიტემაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების ინსპექტირება და სამსახურებრივი შემოწმება, ხოლო მე-4 პუნქტის თანახმად, ჰოსპიტლის სამხედრო კონტროლს ახორციელებს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ 2013 წლის 29 მარტს სამხედრო ჰოსპიტალში განხორციელდა სამსახურებრივი შემოწმება, რომლის მიხედვითაც სხვა დარღვევებთან ერთად, გამოვლინდა საკადრო უზრუნველყოფის უფროს მ.მ.ის დაბალი პროფესიული კვალიფიკაცია და დაკავებულ თანამდებობასთან შეუთავსებლობა.
უსაფუძვლოა მ.მ.ის მოთხოვნა გენერალური ინსპექციის მოხსენებითი ბარათის ბათილად ცნობის ნაწილში, რაც მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
2013 წლის 29 მარტს სამხედრო ჰოსპიტალში განხორციელებული შემოწმების შედეგად ასევე გამოვლინდა მონიტორინგისა და კონტროლის სამსახურის უფუნქციობა და ამავე სამსახურის უფროსის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობის ფაქტი.
გენერალური ინსპექციის მიერ წარმოდგენილი მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ კონტროლისა და მონიტორინგის სამსახური (მათ შორის ზ.კ.) ვერ ასრულებდა დაკისრებულ მოვალეობას. გარდა ამისა, გენერალური ინსპექციის მიერ წარმოებული მოკვლევის შედეგად დადასტურდა, რომ არ არსებობდა რაიმე დოკუმენტი აღნიშნული სამსახურის მიერ განხორციელებული სამუშაოების შესახებ.
სამხედრო ჰოსპიტლის სხვადასხვა თანამშრომელთა განმარტებები ცალსახად მიუთითებდნენ კონტროლისა და მონიტორინგის სამსახურის უფუნქციობასა და მათი თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი მოვალეობის განუხორციელებლობაზე.
გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით ზ.კ.ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მ.მ.ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ ს.თ.ს.ს.ჰ. დირექტორის 2013 წლის 1 აპრილის №... ბრძანება, აღდგენილ იქნა მ.მ.ი სსიპ ს.თ.ს.ს.ჰ. საკადრო უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე და დათხოვნის დღიდან სამსახურში აღდგენის დროისათვის აუნაზღაურდა იძულებითი განაცდური, მ.მ.ის სარჩელი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მოხსენებითი ბარათის ბათილად ცნობის ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
რაიონული სასამართლოს 2013 წლის 1 ნოემბრის საოქმო განჩინებით სსიპ ს.თ.ს.ს.ჰ. წარმომადგენლის შუამდგომლობა საქმეზე ახალ მტკიცებულებათა (თავდაცვის სამინისტროს 19.11.2012წ. წერილის, ნ. ჩ.ის ახსნა-განმარტების, მ. ჯ.ს განცხადების, ნ. გ.ის განცხადების, ნ. გ.ის განცხადების, 20.01.2013წ. სამხედრო ჰოსპიტლის წერილის, გ. გ.ის განცხადების, თანდართული დოკუმენტებით) დართვის შესახებ არ დაკმაყოფილდა და დოკუმენტაცია დაუბრუნდა მხარეს.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზ.კ.ემ. ამავე გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა სსიპ ს.თ.ს.ს.ჰ.მაც, რომელმაც 2013 წლის 1 ნოემბრის საოქმო განჩინების გაუქმებაც მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 16 ივლისის განჩინებით ზ.კ.ის და სსიპ ს.თ.ს.ს.ჰ.–ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და 2013 წლის 1 ნოემბრის საოქმო განჩინება დარჩა უცვლელად შემდეგი დასაბუთებით:
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ზ.კ.ე 2010 წლის 14 მაისიდან სსიპ ს.თ.ს.ს.ჰ.ში დაინიშნა მონიტორინგისა და კონტროლის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე;
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის 2013 წლის 29 მარტის მოხსენებითი ბარათის მიხედვით, ზ.კ.ე არ შეესაბამებოდა დაკავებულ თანამდებობას, ჯეროვნად არ ასრულებდა ფუნქცია-მოვალეობებს;
სსიპ ს.თ.ს.ს.ჰ–ის დირექტორის 2013 წლის 1 აპრილის №58/კ ბრძანებით ზ.კ.ე გათავისუფლდა სსიპ ს.თ.ს.ს.ჰ.ის მონიტორინგისა და კონტროლის სამსახურის უფროსის თანამდებობიდან. გათავისუფლების საფუძვლად მითითებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის 2013 წლის 29 მარტის N8.... წერილი, შრომის კოდექსის 37-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 25 ოქტომბრის N... ბრძანებით დამტკიცებული „სსიპ ს.თ.ს.ს.ჰ.–ის დებულების“ 3.3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი, „სამხედრო ჰოსპიტლის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის 2007 წლის 14 სექტემბრის N... ბრძანების 7.2 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი;
სამხედრო ჰოსპიტლის დირექტორის 2013 წლის 1 აპრილის №... ბრძანების მიღებამდე მხარეები იმყოფებოდნენ შრომით ურთიერთობაში, რომლის მოქმედების ვადაც განსაზღვრული არ იყო და რომელიც შეწყდა სადავო ბრძანების საფუძველზე;
ზ.კ.თვის 2013 წლის 1 აპრილს ცნობილი გახდა მისი სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე. ჰოსპიტალში მუშაობის დროს ზ.კ.ს შრომის დისციპლინა არ დაურღვევია, მის მიმართ დისციპლინური ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა;
საქმეზე დართული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის სახელზე სამხედრო ჰოსპიტლის თანამშრომლების: მ.მ.ისა და თ. დ.ის მიერ დაწერილი ახსნა-განმარტებებით პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ სამხედრო ჰოსპიტლის დირექტორის მხრიდან ზ.კ.ის ფუნქცია-მოვალეობები განსაზღვრული იყო ზეპირად;
ზ.კ.ის სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა სსიპ ს.თ.ს.ს.ჰ.–ის დირექტორის 2013 წლის 1 აპრილის №... ბრძანებისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მოხსენებითი ბარათის ბათილად ცნობა იმ საფუძვლით, რომ ზ.კ.ის გათავისუფლება გამოწვეული იყო პოლიტიკური ნიშნით განხორციელებული დისკრიმინაციით და მისი სამსახურიდან დათხოვნა განაპირობა მისმა განსხვავებულმა პოლიტიკურმა შეხედულებებმა.
პალატამ მიუთითა შრომის კოდექსის მე-2 მუხლის მე-3-მე-5 ნაწილებზე და გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნა, რომ პოლიტიკური ნიშნით განხორციელებული დისკრიმინაციის საფუძველზე ზ.კ.ის სამსახურიდან დათხოვნა საქმის მასალებით არ დასტურდებოდა.
შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, არ იქნა გაზიარებული ზ.კ.ის განმარტება, რომ ეს უკანასკნელი, როგორც მონიტორინგისა და კონტროლის სამსახურის უფროსი, ჯეროვნად ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობებს. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2012 წლის 4 სექტემბრის N... ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების მიხედვით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ შეამოწმა ზ.კ.ის საქმიანობა, შეადგინა მოხსენებითი ბარათი იმის შესახებ, რომ დაკავებულ თანამდებობას არ შეესაბამებოდა ზ.კ.ის კვალიფიკაცია, ზ.კ. ჯეროვნად არ ასრულებდა ფუნქცია-მოვალეობებს. აპელანტის მიერ მისი მოვალეობების არაჯეროვნი შესრულება ასევე დაადასტურეს სამხედრო ჰოსპიტლის თანამშრომელებმა: მ.მ.მა, ლ. თ.მ და ნ. ხ.მა, რომელთა განმარტებით ირკვეოდა, რომ ჰოსპიტლის რიგი თანამშრომლები ხშირად არ ცხადდებოდნენ სამსახურში, რაზეც ზ.კ.ს უნდა განეხორციელებინა კონტროლი.
თავად ზ.კ. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის სახელზე დაწერილ ახსნა-განმარტებაში, ფაქტობრივად, აღიარებდა სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვინაიდან აპელანტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეეხებოდა სხვა მხარეთა შორის ნაწარმოებ დავას, არ იქნა გაზიარებული ზ.კ.ის სააპელაციო საჩივრის ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი, რომ სხვა სამოქალაქო საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებით დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოება (აპელანტისადმი დაქვემდებარებული პირი ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობებს კეთილსინდისიერად), ნიშნავდა იმას, რომ მისი ხელმძღვანელიც (ზ.კ.) ჯეროვნად ასრულებდა დაკისრებულ მოვალეობებს. ამასთან, თუნდაც დამტკიცებულად რომ მიჩნეულიყო მონიტორინგისა და კონტროლის სამსახურის რომელიმე რიგითი თანამშრომლის მიერ დაკისრებული მოვალეობის ჯეროვნად შესრულების ფაქტი, სასამართლოს შეფასებით, აღნიშნული ვერ გამოდგებოდა ამ სამსახურის უფროსის მიერ მოვალეობის ჯეროვნად შესრულების დამადასტურებელ მტკიცებულებად.
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 25 ოქტომბრის N... ბრძანებით დამტკიცებული დებულებით, ამავე ბრძანებით დამტკიცებული სამხედრო ჰოსპიტლის დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტით, მესამე პუნქტის „გ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით და აღნიშნა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მოხსენებითი ბარათის მიხედვით, ზ.კ.ის დათხოვნის საფუძველი გახდა მონიტორინგისა და კონტროლის სამსახურში აღმოჩენილი დარღვევები, რაც ასევე დადასტურდა სამხედრო ჰოსპიტლის თანამშრომლების ახსნა-განმარტებებით. ეს გარემოებები გამორიცხავდა აპელანტის მოსაზრების გაზიარებას, რომ მის მიმართ ადგილი ჰქონდა რაიმე ნიშნით დისკრიმინაციას, შესაბამისად, ზ.კ.თან ხელშეკრულება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ სამხედრო ჰოსპიტალში ჩატარებული შემოწმების შედეგად გამოვლენილი ხარვეზების გათვალისწინებით შეწყდა. შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის სამართლებრივ საფუძველს კი, შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი წარმოადგენდა, ამასთან, რადგანაც ბრძანების გამოცემითა და შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტით კანონის მოთხოვნები არ იყო დარღვეული, პალატამ ჩათვალა, რომ რაიონულმა სასამართლომ მართებულად არ დააკმაყოფილა სასარჩელო მოთხოვნა განაცდურის ანაზღაურების და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მოხსენებითი ბარათის ბათილად ცნობაზე უარის შესახებ, სწორედ მოხსენებითი ბარათი წარმოადგენდა სარეკომენდაციო ხასიათის ბარათს და იგი, ცალკე აღებული, არ იყო იურიდიული შედეგის მატარებელი სამართლებრივი აქტი, რომლის ბათილად ცნობის მიმართ არ იკვეთებოდა მოსარჩელის ნამდვილი იურიდიული ინტერესი.
სსიპ ს.თ.ს.ს.ჰ.ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძლად პალატამ მიუთითა შემდეგი:
მ.მ.ი 2010 წლის 12 თებერვლიდან დაინიშნა სსიპ ს.თ.ს.ს.ჰ.ში საკადრო უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე;
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის 2013 წლის 29 მარტის მოხსენებითი ბარათის მიხედვით, მ.მ.ი არ შეესაბამებოდა დაკავებულ თანამდებობას, ჯეროვნად არ ასრულებდა ფუნქცია-მოვალეობებს;
სსიპ ს.თ.ს.ს.ჰ.ის დირექტორის 2013 წლის 1 აპრილის №... ბრძანებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის 2013 წლის 29 მარტის წერილის, შრომის კოდექსის 37-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 25 ოქტომბრის N... ბრძანებით დამტკიცებული „სსიპ - ს.თ.ს.ს.ჰ.ის დებულების“ 3.3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის 2007 წლის 14 სექტემბრის N... ბრძანების („სამხედრო ჰოსპიტლის შინაგანაწესის შესახებ“) 7.2 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მ.მ.ი გათავისუფლდა თანამდებობიდან.
მოსარჩელეს ჰოსპიტალში მუშაობის პერიოდში შრომის დისციპლინა არ დაურღვევია, მის მიმართ დისციპლინური ღონისძიება არ გამოყენებულა.
საქმეში წარმოდგენილი მოხსენებითი ბარათის თანახმად, მ.მ.მა თანამშრომელთა მიმართ დისციპლინური სახდელის გამოყენების შესახებ ბრძანების პროექტები მოამზადა, რომლითაც მათ გამოეცხადათ „საყვედური“. საფუძვლად მიეთითა 2006 წლამდე მოქმედი საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 135-ე მუხლი, ნაცვლად სამხედრო ჰოსპიტლის წესდების დისციპლინური სახდელის ზომის გამოყენების შესახებ არსებული ნორმისა.
რაიონულმა სასამართლომ მოხსენებითი ბარათი სარეკომენდაციო ხასიათის დოკუმენტად მართებულად მიიჩნია და სწორად ჩათვალა, რომ მხოლოდ ეს ბარათი სამსახურიდან მუშაკის უპირობო დათხოვნის საკმარისი საფუძველი არ იყო. სასამართლოს შეფასებით, საყურადღებო იყო გენერალური ინსპექციის დასკვნაში მითითება იმისა, რომ პროექტის სათანადო მომზადებაზე, კადრების სამსახურის უფროსთან ერთად, პასუხისმგებელი იყო იურისტი, ხოლო, ბრძანების სისწორეზე კი უშუალოდ პასუხისმგებელი იყო დირექტორი, რომელიც ხელს აწერდა ბრძანებას. ამგვარი ხარვეზი არ შეიძლებოდა მიჩნეულიყო მხოლოდ მ.მამიაურის მხრიდან დარღვევად და მისი წილი პასუხისმგებლობისათვის შეიძლება გამოყენებულიყო უფრო მსუბუქი სახდელის სახე, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელის მიმართ სხვა დროს დისციპლინური სახდელი არ გამოყენებულა.
პალატამ სრულად გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნა, რომ სსიპ ს.თ.ს.ს.ჰ.ს არ გააჩნდა საფუძველი, შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, მ.მ.თან შრომის ხელშეკრულების მოსაშლელად. სსიპ ს.თ.ს.ს.ჰ.მა მ.მ.თან კანონის დარღვევით შეწყვიტა შრომითი ურთიერთობა, რის გამოც არსებობდა სადავო ბრძანების ბათილად ცნობისა და მოსარჩელის სამსახურში აღდგენის საფუძველი. დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების მოშლა დასაშვებია შრომის პირობების არსებითი ხასიათის დარღვევის გამო. აპელირება მხოლოდ იმ გარემოებაზე, რომ მ. მ.მა არასწორად ან ხარვეზით შეადგინა ბრძანების პროექტები, სასამართლოს შეფასებით, არ შეიძლება საფუძვლად დადებოდა მ.მ.თან შრომითი ხელშეკრულების მოშლას.
სააპელაციო პალატის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ ასევე სწორად დააკმაყოფილა მ.მ.ის მოთხოვნა იძულებით განაცდურის ანაზღაურების შესახებ, რადგანაც არსებობდა შრომის კოდექსის 44-ე მუხლით, ასევე სამოქალაქო კოდექსის 408-ე, 411-ე და 412-ე მუხლებით განსაზღვრული ზიანის ანაზღაურების წინაპირობები.
სსიპ ს.თ.ს.ს.ჰ.ს საბოლოო გადაწყვეტილებასთან ერთად, გასაჩივრებული ჰქონდა ასევე რაიონული სასამართლოს 2013 წლის 1 ნოემბრის საოქმო განჩინება, რომლითაც სასამართლომ არ მიიღო მტკიცებულებები. პალატამ გაიზიარა საოქმო განჩინების დასკვნები და მიუთითა, რომ მ.მ.ის სარჩელში დავის საგანს წარმოადგენდა მისი გათავისუფლების შესახებ სსიპ ს.თ.ს.ს.ჰ.–ის დირექტორის 2013 წლის პირველი აპრილის ბრძანება, რომელიც შეეხებოდა მ.მ.თან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტას. ბრძანების ფაქტობრივ საფუძვლად მითითებული იყო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის 2013 წლის 29 მარტის წერილი, შესაბამისად, ბრძანების კანონიერების შემოწმების ფარგლებში, სასამართლო უფლებამოსილი არ იყო შეემოწმებინა ისეთი ფაქტები, გარემოებები და მტკიცებულებები, რაც არ გამხდარა სადავო ბრძანების მიღების ფაქტობრივი საფუძველი, ხოლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, არ არსებობდა საოქმო განჩინების გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი წინაპირობები.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ გ.ა.ის სახელობის ს.თ.ს.ს.ჰ.მა, მოითხოვა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მ.მ.ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:
კასატორის განმარტებით, დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის 2010 წლის 12 თებერვალს დაიდო შრომითი ხელშეკრულება, რომლითაც მ.მ. დაინიშნა სამხედრო ჰოსპიტალში საკადრო უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე და დაევალა ამ თანამდებობის ფუნქციურ მოვალეობაში შესული ვალდებულებების ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას შესრულება, რაშიც მას უნდა მიეღო შესაბამისი ანაზღაურება.
სამხედრო ჰოსპიტალი არის სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირი, სადაც საქმიანობა გულისხმობს თანამდებობის პირის კოპეტენციაში შემავალი საქმიანობის სწორად განხორციელების ცოდნას, რაც თავისთავად მოიცავს ასევე ამ საქმიანობის განხორციელების მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების ცოდნის საფუძველზე სწორი საკადრო გადაწყვეტილების მიღებას, საკადრო საქმის წარმოებასა და ამ საქმიანობის ჯეროვან და კეთილსინდისიერ შესრულებას.
სასამართლოს მსჯელობა მოკლებულია იურიდიულ საფუძველს და მისი დასაბუთება არასრულია. გასაჩივრებული განჩინების მსჯელობა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის დირექტორის მიერ გამოცემულ გასაჩივრებულ ბრძანებებისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მოხსენებითი ბარათის თაობაზე სრულიად განსხვავდება ამავე განჩინების მე-15 გვერდზე ასახული მოსაზრებისაგან იმავე საკითხზე. სასამართლომ ყურადღება არ მიაქცია იმ გარემოებას, რომ მოხსენებით ბარათში სამხედრო ჰოსპიტლის ყოფილი იურისტის მიმართაც არის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის – სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ მითითება იმავე საფუძვლით, შესაბამისად, საკადრო უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი მ. მ. სხვისი წილი პასუხისმგებლობის გამო არ გათავისუფლებულა სამსახურიდან, არამედ თავისი ფუნქციური მოვალეობის – საკადრო საკითხებზე ბრძანებების პროექტის მომზადების არაჯეროვანი შესრულების, დაკავებულ თანამდებობასთან მისი კვალიფიკაციის შეუსაბამობის გამო მოხდა მისი გათავისუფლება. ამ თანამდებობაზე მისი ფუნქციური მოვალეობის კეთილსინდისიერი, ჯეროვანი და დროული შესრულებისათვის მას სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ასევე სხვა, ნებადართული შემოსავლებიდან ეძლეოდა ანაზღაურება, ხოლო დასაქმებულმა დაარღვია შრომითი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება საქმიანობის კეთილსინდისიერი და ჯეროვანი განხორციელების შესახებ.
სამხედრო ჰოსპიტლის მონიტორინგისა და კონტროლის სამსახურის უფროსის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ მსჯელობისას სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ სამსახურეობრივი შემოწმებისას მისი უფლებამოსილების ფარგლებში კანონიერად აღმოაჩინა დარღვევები, რაც დადასტურებული იყო სამხედრო ჰოსპიტლის თანამშრომლებისა და თავად ზ.კ.ის ახსნა-განმარტებებით, შესაბამისად სასამართლომ ჩათვალა, რომ ზ.კ.ის სამსახურიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით გენერალური ინსპექციის მოხსენებით ბარათში დაფიქსირებული დარღვევების საფუძველზე კანონი არ დარღვეულა, ხოლო მ.მ.ის სამსახურიდან გათავისუფლება იმავე გენერალური ინსპექციის მოხსენებით ბარათში მითითებული დარღვევების საფუძველზე, სასამართლომ უკანონოდ ცნო იმ მოტივით, რომ გენერალური ინსპექციის მოხსენებითი ბარათი სარეკომენდაციო ხასიათისაა და ხსენებული დარღვევის გამო, საკადრო უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის მიმართ სამხედრო ჰოსპიტალს შეეძლო გამოეყენებინა დისციპლინური სახდელის უფრო მსუბუქი ფორმა.
სასამართლოს აღნიშნული მსჯელობა, ნიშნავს, რომ დამსაქმებელს თავისი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, ასევე შეეძლო გამოეყენებინა უფრო მკაცრი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა ხსენებული დარღვევისათვის და სასამართლოს მსჯელობიდან გამომდინარე, სამხედრო ჰოსპიტლის დირექტორის გასაჩივრებული ბრძანება არ წარმოადგენს უკანონოსა და ბათილად საცნობს, რაც წინააღმდეგობაში მოდის სამხედრო ჰოსპიტლის დირექტორის გასაჩივრებული ბრძანების უსაფუძვლობისა და უკანონობის შესახებ სასამართლოს დასკვნასთან.
ჰოსპიტლის იურისტი ამავე გენერალური ინსპექციის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე სამსახურიდან გათავისუფლებულია და სასამართლოს მსჯელობა იმის შესახებ, რომ მთელი პასუხისმგებლობა არასწორად შედგენილი ბრძანებებისათვის სამხედრო ჰოსპიტლის საკადრო უზრუნველყოფის სამსახურის უფროსს არ უნდა მოეთხოვოს, ფაქტობრივ, სამართლებრივ და ლოგიკურ საფუძველს მოკლებულია.
დაუსაბუთებელია სასამართლოს მოტივაცია, რომ საჯარო სამართლის იურიდიული პირის კადრების უზრუნველყოფის სამსახურის უფროსს არ მოეთხოვება შრომის კოდექსისა და საკუთარი ორგანიზაციის შინაგანაწესის ცოდნა, რომელთა საფუძველზეც საკადრო უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა უნდა შეასრულოს თავისი მოვალეობა და მათი არცოდნის გამო საკადრო საკითხებზე არასწორი ბრძანებების პროექტების შედგენა არ წარმოადგენს შრომითი ხელშეკრულების პირობების არაჯეროვან შესრულებასა და ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველს.
სსიპ ს.ჰ.ის მაკონტროლებელი ორგანოს მიერ სამსახურეობრივი შემოწმების შედეგად შედგენილ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მოხსენებით ბარათში დადგენილად ცნობილი გარემოება მ.მ.ის სამსახურებრივი კვალიფიკაცის შეუსაბამობის თაობაზე სასამართლომ არასწორად არ გაითვალისწინა და სხვა მტკიცებულებების არ არსებობის პირობებში გამოიტანა დასკვნა, რომ მ.მ.ის მიერ მოვალეობის არაჯეროვანი შესრულება არ წარმოადგენს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამსახურიდან გათავისუფლების კანონიერ საფუძველს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის საწინააღმდეგოდ სასამართლომ ერთ შემთხვევაში გაითვალისწინა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მოხსენებით ბარათში აღწერილი ფაქტობრივი გარემოებები, მეორე შემთხვევაში კი, იმავე მოხსენებით ბარათში მითითებული სამხედრო ჰოსპიტლის სამსახურეობრივი შემოწმების შედეგად გამოვლენილი გარემოების საფუძველზე სამხედრო ჰოსპიტლის დირექტორის ბრძანება მუშაკის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ჩათვალა უკანონოდ.
სასამართლომ ასევე დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 127-ე მუხლის მოთხოვნები, როდესაც მ.მ.ის მიერ საქართველოს გენერალური ინსპექციის სახელზე დაწერილ ახსნა-განმარტებაზე საერთოდ არ იმსჯელა. საქმეში წარმოდგენილი ხსენებული დოკუმენტი წარმოადგენს მხარის მიერ იმ გარემოების აღიარებას, რომელზეც მეორე მხარე სამხედრო ჰოსპიტალი ამყარებდა თავის შესაგებელს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე და 132-ე მუხლების შესაბამისად. კონკრეტულ შემთხვევაში, მხარეს უნდა დაესაბუთებინა იყო თუ არა ხსენებული აღიარება შეცდომის ან სხვა გარემოების შედეგი და ამის გამო უნდა მოეთხოვა სასამართლოსათვის, რომ მისი აღიარება გაქარწყლებულიყო და შემდგომ სასამართლოს უნდა დაესაბუთებინა აღიარების უარყოფა განჩინებაში.
სასამართლომ არ იმსჯელა სამხედრო ჰოსპიტლის მიერ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების და უფლებამოსილების ფარგლებში გამოცემული სამართლებრივი აქტის შესრულების სავალდებულობაზე. სამხედრო ჰოსპიტალი, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი, ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს, რომელსაც ახორციელებს თავდაცვის სამინისტრო მისი გენერალური ინსპექციის მეშვეობით, 2013 წლის 8 თებერვლის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის №1 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა სამხედრო ჰოსპიტლის 2010-2012 წლების სამსახურეობრივი შემოწმება. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 25 ოქტომბრის №... ბრძანებით დამტკიცებულ სსიპ გ. ა.ის ს.ის ს.თ.ს.ს.ჰ.ის დებულების მე-4 მუხლის შესაბამისად, ჰოსპიტლის სახელმწიფო კონტროლი გულისხმობს მისი საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას.
სახედრო ჰოსპიტლის საქმიანობის კანონიერების შემოწმება შეუძლია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, რომელიც ამ შემოწმებას ახორციელებს თავისი გენერალური ინსპექციის მეშვეობით. სამხედრო ჰოსპიტლისათვის გენერალური ინსპექციის რეკომენდაციის კანონიერების შემოწმება შესაძლებელია მხოლოდ ფორმალური თვალსაზრისით, დაცულია თუ არა მოხსენებითი ბარათის შედგენის პროცედურები და ვადები, მისი შინაარსობრივი შემოწმების კომპეტენცია სასამართლოს არ გააჩნდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, გენერალური ინსპექციის 2013 წლის 29 მარტის მოხსენებით ბარათში დაფიქსირებული ფაქტების საწინააღმდეგო ფაქტობრივი გარემოებები კადრების უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის საქმიანობის შესახებ სამხედრო ჰოსპიტალში არ მოიპოვება, არც მხარეს წარმოუდგენია სასამართლოსათვის და მ.მ. რომ არაჯეროვნად ასრულებდა თავის მოვალეობას თავად მ.ის მიერაა აღიარებული.
პირველი ინსტანციის სასამართლომ არ დააკმაყოფილა მ.მ.ის სარჩელი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის 2013 წლის 29 მარტის მოხსენებითი ბარათის ბათილობის შესახებ, რის გამოც ეს დოკუმენტი დარჩა ძალაში. მოხსენებით ბარათში დადგენილად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სამხედრო ჰოსპიტლის კადრების უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის მიერ მისი ფუნქციური მოვალეობის არაჯეროვანი შესრულებისა და დაკავებულ თანამდებობის მოთხოვნებთან შეუსაბამობის შესახებ სააპელაციო წესით არ გასაჩივრებულა და, შესაბამისად, შესულია კანონიერ ძალაში, ხოლო ამ ფაქტობრივი გარემოების საფუძველზე სამხედრო ჰოსპიტლის დირექტორის ბრძანება მ.მ.ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია უკანონოდ. თუკი მოხსენებით ბარათში დადგენილად ცნობილი გარემოებები დადგენილია სწორად, მაშინ, სამხედრო ჰოსპიტლის საქმიანობის მაკონტროლებელი ორგანოს მიერ აღმოჩენილი დარღვევების საფუძველზე სამხედრო ჰოსპიტლის დირექტორის გასაჩივრებული ბრძანება სავსებით კანონიერია.
სასამართლომ არასწორად განმარტა შრომის კოდექსის 37-ე მუხლი, არ გამოიყენა ამავე კოდექსის მე-6 მუხლის მე-3 ნაწილი, ასევე არასწორად განმარტა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2012 წლის 4 სექტემბრის №.... ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი, არ გამოიყენა ამავე დებულების ზემოთ მითითებული ნორმები.
სასამართლომ ყურადღება არ გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მ.მ.ი 2010 წლის 12 თებერვლიდან 2013 წლის 1 აპრილამდე წარმოადგენდა სამხედრო ჰოსპიტლის საკადრო უზრუნველყოფის სამსახურის უფროსს, მის მიერ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის სახელზე დაწერილი 2013 წლის 21 თებერვლის ახსნა-განმარტებების თანახმად, მის მოვალეობას შეადგენდა დანიშვნა-გათავისუფლებასა და დისციპლინურ საკითხებზე სამხედრო ჰოსპიტლის დირექტორის ბრძანებების პროექტების მომზადება. 2011 წლის 6 იანვარს მას შესასრულებლად დაეწერა კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის უფროსის მოხსენებითი ბარათი და შეადგინა ბრძანების პროექტი, ამავე ახსნა-განმარტებაში მ.მ.ი აცხადებს, რომ მისთვის ცნობილი გახდა, რომ ბრძანებაში მითითებული აქვს შრომის კოდექსის ძველი რედაქციის მუხლი.
მ.მ. ვერ ადასტურებს, რომ მას, როგორც კადრების უზრუნველყოფის სამსახურის უფროსსა და ხ. ბ.ს, როგორც იურისტს, ერთობლივად ჰქონდათ შესასრულებელი ხსენებული ბრძანების პროექტი. ახსნა-განმარტებით დადგენილია, რომ შესასრულებლად მხოლოდ მას დაეწერა აღნიშნული მოხსენებითი ბარათი, ბრძანება მომზადებულია საკადრო უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის მიერ, წარმოდგენილი ბრძანების ვიზიტორად არ არის მითითებული იურისტი.
სასამართლომ დაარღვია სხდომაზე მტკიცებულების ყოველმხრივი სრული და ობიექტური გამოკვლევის პრინციპი, რის შედეგადაც მას უნდა გამოეტანა დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ყოველმხრივ არ შეაფასა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის სახელზე მ.მ.ის ახსნა-განმარტებები, ასევე საქმეში წარმოდგენილი სამხედრო ჰოსპიტლის დირექტორის 2011 წლის 6 იანვრისა და 6 აპრილის ბრძანებები ხ.პ.ის, ს.გ.ს, ე.ტ.ის მიმართ დისციპლინური სახდელის დაკისრების შესახებ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის საწინააღმდეგოდ, სასამართლომ არ გამოიყენა მტკიცებულებებად საქმეში წარმოდგენილი სამხედრო ჰოსპიტლის თანამშრომელთა ახსნა-განმარტებები. ასევე არ გამოიკვლია და არ იმსჯელა თავად მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტებაზე.
რაიონული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება გართულდება, თუნდაც იმიტომ, რომ 2013 წლის 1 ივლისს განხორციელდა სამხედრო ჰოსპიტლის რეორგანიზაცია, საკადრო უზრუნველყოფის სამსახური გაუქმდა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული ახალი საშტატო ნუსხით საკადრო სამსახურს შეუერთდა კანცელარიის განყოფილებაც, რომელიც ცალკე სტრუქტურულ ერთეულს წარმოადგენდა და საკადრო უზრუნველყოფის სამსახურის ნაცვლად წარმოიქმნა ახალი საქმისწარმოების და საკადრო საკითხთა განყოფილება, შესაბამისად, სამსახურს შეეცვალა ფუნქციები, სახელწოდება, ხოლო საქმისწარმოებისა და საკადრო საკითხთა განყოფილების უფროსის სახელფასო ანაზღაურება საკადრო უზრუნველყოფის სამსახურის უფროსთან შედარებით შემცირებულია. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში 2013 წელს განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, ჩატარებული კონკურსის შედეგების გათვალისწინებით დანიშნულია სხვა პირი, რომელიც კანონით დადგენილი წესით ახორციელებს საქმიანობას, მისი სამსახურიდან გათავისუფლების საკითხი კი, არ წარმოადგენს წინამდებარე საქმის დავის საგანს.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა ზ.კ.აც, მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:
სასამართლოს არგუმენტაცია, რომ ზ.კ.ე დაკისრებულ ფუნქცია-მოვალეობებს ჯეროვნად ვერ ასრულებდა არ შეესაბამება სიმართლეს. გადაწყვეტილებით დადგენილ იქნა, რომ ნ. ბ. ასრულებდა დაკისრებულ მოვალეობებს კეთილსინდისიერად და რომ არა მისი სამსახურის უფროსის კონტროლი და სამსახურისადმი კეთილსინდისიერი მიდგომა თანამშრომელი დაკისრებულ მოვალეობას კეთილსინდისიერად ვერ შეასრულებდა. სასამართლო ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე, მხოლოდ სამხედრო ჰოსპიტლის განმარტებას ეყრდნობა, რომ ზ.კ. ვერ ასრულებდა დაკისრებულ მოვალეობას და, რომ ჰოსპიტალი არ საჭიროებდა კონტროლისა და მონიტორინგის სამსახურს, აღნიშნული სამსახური დღეის მდგომარეობითაც ფუნქციონირებს.
სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის არც ერთი განმარტება და მტკიცებულება რომლითაც დასტურდებოდა ზ.კ.ის მხრიდან დაკისრებული მოვალეობის ჯეროვნად შესრულება. მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულება დასტურდება მისი პირადი საქმით, სადაც არ ფიგურირებდა არც ერთი ადმინისტრაციული გადაცდომა.
თანამშრომლების საშვებში ზ.კ.ის მიერ ჩატვირთულ იქნა ყველა საჭირო და აუცილებელი ინფორმაცია და იგი ასევე კონტროლს უწევდა თანამშრომლების სამსახურში გამოცხადებას, მათ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას. აღნიშნულთან დაკავშირებით კასატორი მოხსენებას წარუდგენდა დირექტორს და მხოლოდ მისი გადაწყვეტილებით ხდებოდა თანამშრომლებისათვის დისციპლინური სახდელების დადება თუ წახალისების გამოცხადება.
სასამართლომ არასწორად შეაფასა თავდაცვის სამინისტროს გენ.ინსპექციის 2013 წლის 23 მარტის მოხსენებითი ბარათი, რომელზედაც მოპასუხე მხარე აპელირებდა. სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული მოხსენებითი ბარათი არ შეიძლება ჩაითვალოს რაიმე ადმინისტრაციულ აქტად და იგი უნდა ჩაითვალოს მხოლოდ სარეკომენდაციო წერილად. თუკი გათავისუფლების ბრძანებასთან ერთად გენ.ინსპექციის მოხსენებით ბარათს განვიხილავთ სარეკომენდაციო წერილად, ამ შემთხვევაში არანაირი საფუძველი აღარ არსებობს იმისა, რომ კასატორი გათავისუფლდეს სამსახურიდან, მით უმეტეს ამ ბარათის საფუძველზე.
კასატორის განმარტებით, სამხედრო ჰოსპიტალს უფრო მაღალი სტანდარტი მოეთხოვა თანამშრომლებთან ურთიერთობისას, ვიდრე „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილ სუბიექტებს. პირი, რომელსაც წერილობით არ ჰქონდა უფლება-მოვალეობანი გაწერილი, თუმცა პირნათლად ასრულებდა ხელმძღვანელობის მიერ დაკისრებულ მოვალეობას, ცალკეულ დავალებებს, არ შეიძლება გათავისუფლდეს სამსახურიდან შინაგანაწესისა თუ ფუნქციების არაჯეროვანი შესრულების გამო. თუ ზ.კ. ხელშეკრულების პირობებს დაარღვევდა, მხოლოდ მაშინ შეიძლებოდა დღის წესრიგში დამდგარიყო არა მისი გათავისუფლების საკითხი, არამედ სამსახური შესაძლოა, შემოფარგლულიყო საყვედურით.
ზ.კ. გათავისუფლდა პოლიტიკური ნიშნით განხორციელებული დისკრიმინაციისა და მისი განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების საფუძველზე. მხარე უფლებამოსილია მისი სამსახურიდან გათავისფლების საფუძვლად მიიჩნიოს მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით განხორციელებული დისკრიმინაცია, რადგანაც ის ა.მ.ის დეიდაშვილია. ის გარემოება, რომ კასატორი შრომის კოდექსის მე-2 მუხლის თანახმადაა დისკრიმინირებული, ჩანს ერთი და იმავე სასამართლოს ორი სხვადასხვა მოსამართლის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებით.
რაც შეეხება მოპასუხის შუამდგომლობით საქმეზე დართული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციაში სამხედრო ჰოსპიტლის თანამშრომლების: მ.მ.სა და თ. დ.ის ახსნა-განმარტებას, ეს გარემოებები ასევე შეფასებულია არასწორად, რადგანაც არც ერთის ახსნა-განმარტებით არ დასტურდება ის გარემოება, რომ ზ.კ. ვერ ასრულებდა დაკისრებულ უფლება-მოვალეობებს. კასატორს არ ჰქონდა დადებული შრომითი ხელშეკრულება სადაც მითითებული იქნებოდა, რომ წერილობითი ახსნა-განმარტებები უნდა გაეკეთებინა, იგი პასუხისმგებელი იყო დირექტორის წინაშე და მას აბარებდა ზეპირ ახსნა-განმარტებას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 22 სექტემბრის განჩინებით სსიპ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის საკასაციო საჩივარი, ხოლო 2014 წლის 6 ოქტომბრის განჩინებით - ზ.კ.ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა სსიპ ს.თ.ს.ს.ჰ.სა და ზ.კ.ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ ისინი დაუშვებლად უნდა იქნას მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორები მიუთითებენ რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივრებს არა აქვთ წარმატების პერსპექტივა.
ამასთან, საკასაციო საჩივრების განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას სსიპ ს.თ.ს.ს.ჰ.სა და ზ.კ.ის საკასაციო საჩივრები, რის გამოც მათ უარი უნდა ეთქვათ განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ სსიპ ს.თ.ს.ს.ჰ.ს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2014 წლის 27 მაისის N.... საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი, ხოლო ზ.კ.ს - ვ. გ.ის მიერ 2014 წლის 29 აგვისტოს N1 საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარის 70% - 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ ს.თ.ს.ს.ჰ.ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. ზ.კ.ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
3. კასატორ სსიპ ს.თ.ს.ს. ჰ.ს (ს/№.......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2014 წლის 27 მაისის N.... საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი.
4. კასატორ ზ.კ.ს (პ/№........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით ვ. გ-ის მიერ 2014 წლის 29 აგვისტოს N1 საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარის 70% - 210 ლარი.
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
პ. ქათამაძე