საქმე №ას-989-950-2014 4 მარტი, 2015 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – სს „ს.რ“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ბ.რ.“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს „ბ.რ.მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში სს „ს.რ.ის“ მიმართ მუსიკალური ვიდეორგოლის „მატარებლის“ ღირებულების - 41 604,96 ლარის დაკისრების მოთხოვნით შემდეგ გარემოებათა გამო:
შპს „ბ. რ.სა“ და სს „ს.რ.ს“ შორის შედგა შეთანხმება რკინიგზის სარეკლამო რგოლის „მატარებლის“ დამზადების შესახებ. შეთანხმებაზე ხელშეკრულების მომზადების პარალელურად, იმის გამო, რომ ვიდეორგოლის დაჩქარებული წესით დამზადება წარმოადგენდა სს „ს.რ.ის“ მოთხოვნას, 2012 წლის 23 მაისს გაიცა შპს „ბ. რ.ის“ დირექტორის ბრძანება სარეკლამო ვიდეორგოლის დამზადებისათვის სამუშაოების დაწყების შესახებ. პროექტის განხორციელების პროცესი გაშუქდა ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ მიერ.
ვიდეორგოლის გადაღება დასრულდა 2012 წლის 27 ივნისს და ელექტრონული ფოსტით გაეგზავნა სს „ს.რ.ის“ საზოგადოებრივი სამსახურის უფროსს, რომელიც ჩართული იყო ვიდეორგოლის გადაღების მოლაპარაკებებში დამკვეთის სახელით. მცირედი კორექტირების შემდეგ ვიდეორგოლი შემკვეთმა მოიწონა და შესრულებული სამუშაო მიიღო.
ვიდეორგოლის დამზადებისა და გადაცემის პროცესში შეთანხმებაზე წერილობითი ხელშეკრულების გაფორმების პროცესი დასრულებული არ იყო. არა ერთი ზეპირი მოთხოვნის მიუხედავად, სს „ს..“ კლიპის ღირებულებას არ იხდის. 2013 წლის 14 და 22 თებერვალს მას გაეგზავნა წერილი შესრულებული სამუშაოსათვის საზღაურის გადახდის მოთხოვნით, თუმცა მოპასუხე უარს აცხადებს გადახდაზე.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით მოითხოვა:
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მოპასუხის მიერ ნებისმიერი მომსახურებისა და პროდუქტის შესყიდვა შესაძლებელია მხოლოდ წერილობითი ხელშეკრულების საფუძველზე, რასაც, მოცემულ შემთხვევაში, ადგილი არ ჰქონია. ასეთი თანხმობის გარეშე დადებული გარიგება კი, ბათილია.
2012 წლის 29 ივნისს, ტელეკომპანია „რუსთავი 2-ში“ გასული ვიდეორგოლი აკმაყოფილებს თუ არა იმ სტანდარტებს, რაც სს „ს.რ.ს“ შესაძლოა მოეთხოვა, გაურკვეველია.
ამასთანავე, მოპასუხისათვის გაგზავნილი 2013 წლის 22 თებერვლის წერილი შეიძლება განხილულ იქნას როგორც ოფერტი, რასაც მოპასუხის თანხმობა არ მოჰყოლია, შესაბამისად, გარიგება არ არსებობს.
საზოგადოებრივი სამსახურის უფროსს არ ჰქონდა უფლებამოსილება, სს „ს.რის“ სახელით მიეღო მონაწილეობა მოლაპარაკებებში, მხარეთა შორის რაიმე შეთანხმებას ადგილი არ ჰქონია და სს „ს.რ.ის“ ვალდებულებაც არ არსებობს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილებით შპს „ბ.რ.ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა, სს „ს.რ.ს“ შპს „ბ.რ.ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 41 604. 96 ლარის გადახდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილებით სს „ს.რ.ის“ სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც შპს „ბ.რ.ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სს „ს.რ.ს“ შპს „ბ.რ.ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 29 999 ლარის გადახდა, ხოლო შპს „ბ.რ.ის“ სარჩელი სს „ს.რ.თვის“ 11 605 ლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა შემდეგი დასაბუთებით:
პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 2012 წლის ივნისში შპს „ბ.რ.მა“ დაამზადა სარეკლამო ვიდეორგოლი -„მატარებელი“;
აღნიშნული ვიდეორგოლი 2012 წლის 29 ივნისს გადაიცა ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ეთერში;
ვიდეორგოლის დამზადების შესახებ წერილობითი ხელშეკრულება მხარეთა შორის არ გაფორმებულა;
სარეკლამო მუსიკალური ვიდეორგოლის შინაარსიდან გამომდინარე, პლატამ მიიჩნია, რომ ყურადღება გამახვილებული იყო გაუმჯობესებულ სარკინიგზო მომსახურებაზე, რასაც სთავაზობდა სს „ს.რ.“ მომხმარებელს, შესაბამისად, სარეკლამო რგოლი მიზნად ისახავდა საბოლოო ჯამში სს „ს.რ.ის“ პოპულარიზაციასა და მის რეკლამირებას;
დადასტურებულ გარემოებას წარმოადგენდა, როგორც ვიდეორგოლ „მატერებლის“ დამზადების, ისე, ამ ვიდეორგოლის გადასაღებად მოპასუხის კუთვნილი მატარებლისა (რომელიც მოსამსახურე პერსონალთან ერთად გამოიყო გადამღები ჯგუფისთვის) და სარკინიგზო მაგისტრალის (თბილისიდან ბათუმისა და ბათუმიდან თბილისის მიმართულებით) გამოყენების ფაქტი, რომელიც სხვა ფაქტობრივ გარემოებებთან ერთად ქმნიდა საკმარის საფუძველს სარეკლამო ვიდეორგოლის სს „ს.რ.ის“ მიზნებისათვის და მისივე ნების საფუძველზე დამზადებულად მიჩნევისათვის. სასამართლოს შეფასებით, სს „ს.რ.ის“ ნების არარსებობის პირობებში აღნიშნული სარეკლამო რგოლის დამზადებისათვის და კლიპში გამოყენებული ვიდეო კადრების გადაღებისათვის აუცილებელ ინფრასტრუქტურას მოსარჩელე ვერ მიიღებდა. ამასთან, კლიპის შინაარსიდან გამომდინარე, სარეკლამო რგოლი სწორედ „ს.რ.ის“ რეკლამირებას ისახავდა მიზნად და ამ კლიპის დამზადებასთან დაკავშირებული პროცესები გაშუქდა ტელევიზიით, რაც მიანიშნებდა მხარეთა ნების არსებობაზე.
ამდენად, პალატამ დადგენილად მიიჩნია სარეკლამო მუსიკალური ვიდეორგოლის გადაღება სს „ს.რ.ის“ მხრიდან ნების გამოვლენისა და შპს „ბ.რ.თან“ ზეპირი შეთანხმების საფუძველზე.
ამ გარემოების გათვალისწინებით, პალატამ არ გაიზიარა მხარეთა შორის ხელშეკრულების მომზადების ეტაპზე სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობისა და, აქედან გამომდინარე, უფლება-მოვალეობათა არსებობის შესახებ გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნა.
სარეკლამო მუსიკალური რგოლის დამზადება გარკვეული ხარჯების გაწევასთანაა დაკავშირებული რომელთა გარეშე იგი ვერ დამზადდებოდა. სარეკლამო რგოლის დამზადებისათვის მოსარჩელის მიერ ხარჯის გაწევა, სასამართლოს შეფასებით, წარმოადგენდა ფაქტს, ამასთანავე ამ სარეკლამო რგოლის დამზადებისათვის გაწეული ხარჯები, ვერ იქნებოდა შეფასებული ხელშეკრულების მომზადების ეტაპზე გაწეულ ხარჯებად, რამდენადაც ხელშეკრულებით გათვალისწინებული საგანი, რაზეც მხარეებმა გამოავლინეს შესაბამისი ნება, რეალურად შეიქმნა. სს „ს.რ.მ“ გამოხატა ნება, რომლის საფუძველზე შპს „ბ.რ.“ შეუქმნა კანონიერი, ლეგიტიმური მოლოდინი იმისა, რომ სს „ს.რ.“ განახორციელებდა დამკვეთის მოვალეობას. სწორედ ზეპირი ურთიერთობის პირობებში შპს „ბ.რ.მა“ დაამზადა შეთანხმებით გათვალისწინებული საგანი და ამის შემდეგ დამკვეთმა მხარეს უარი უთხრა ანაზღაურებაზე იმ მოტივით, რომ მასთან არ იყო გაფორმებული წერილობითი ხელშეკრულება. ამ კუთხით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის მე-2 ნაწილის გამოყენება სააპელაციო პალატამ არამართებულად მიიჩნია, ვინაიდან სახეზე იყო ნარდობის ურთიერთობა.
პალატამ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 630-ე მუხლის მე-2 ნაწილზე და ნარდობის ხელშეკრულების დეფინიციიდან, ასევე მისი სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე, აღნიშნა, რომ იგი ფორმასავალდებულო გარიგებათა კატეგორიას არ განეკუთვნებოდა, რომლის ნამდვილობასაც სამოქალაქო კოდექსი დაუკავშირებდა რაიმე ფორმის დაცვის აუცილებლობას, შესაბამისად, არ გაიზიარა აპელანტის პოზიცია, რომ „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონის შინაარსიდან გამომდინარე, სავალდებულო იყო წერილობითი ფორმის დაცვა და სამოქალაქო კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად, მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება იყო ბათილი.
სასამართლომ მიუთითა „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონის მიზანზე - მოხდეს სახელმწიფო შესყიდვისათვის განკუთვნილი ფულადი სახსრების რაციონალური ხარჯვა. სასამართლოს განმარტებით, ამგვარი ვალდებულების დაკისრება სპეციალური სუბიექტებისათვის არ მოქმედებს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ხელშეკრულების ფორმაზე, შესაბამისად, თუკი სპეციალური სუბიექტი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონის მოთხოვნათა დარღვევით, წერილობითი ფორმის გარეშე შევა ურთიერთობაში კონტრაჰენტთან, აღნიშნული დარღვევა ვერ იმოქმედებს რეალურად არსებული სამოქალაქო ურთიერთობის ნამდვილობაზე, თუკი თავად სამოქალაქო კოდექსით არ არის დადგენილი რაიმე სპეციალური ფორმა.
სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, მხარეთა შორის ნარდობის ხელშეკრულების ზეპირად დადების ფაქტი განაპირობებდა სადავო საკითხის - 41 604 ლარის მოპასუხისათვის დაკისრების საკითხის ნარდობის ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმებით გადაწყვეტის აუცილებლობას.
სამოქალაქო კოდექსის 629-ე და 630-ე მუხლების გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ ნარდობის ხელშეკრულების არსებით პირობად საზღაურზე შეთანხმება არ უნდა განხილულიყო, ვინაიდან ამგვარი შეთანხმების არარსებობისას მოქმედებდა სატარიფო განაკვეთი, ასეთის არარსებობის შემთხვევაში კი, ჩვეულებრივი ანაზღაურების პრინციპი.
პალატამ გაიზიარა აპელანტის მტკიცება მხარეთა შორის საზღაურის შესახებ შეთანხმების არარსებობის თაობაზე, ამასთანავე, საპირისპირო გარემოების დამტკიცება მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო, თუმცა, ვინაიდან საზღაური არ წარმოადგენდა ნარდობის არსებით პირობას, ხელშეკრულების ბათილობის საფუძველიც არ არსებობდა.
სასამართლო არ დაეთანხმა მოსარჩელის მტკიცებას სარეკლამო რგოლის ღირებულების თაობაზე, ვინაიდან შპს „ბ.რ.ს“ შიდა ბრძანებით სარეკლამო რგოლის ბიუჯეტის დამტკიცება არ შეიძლებოდა შეფასებულიყო მხარეთა შეთანხმებად საზღაურის თაობაზე, ვინაიდან ამ გარემოების შესახებ ორმხრივი ნების გამოვლენა არ დგინდებოდა. საზღაურის შეთანხმების თაობაზე მონაცემებს არ შეიცავდა არც ელექტრონული მიმოწერა ზ. შ.სა და ი. ს.ს შორის, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლომ ფაქტობრივი საფუძვლის გარეშე გაიზიარა მოსარჩელის მტკიცება საზღაურის ოდენობასთან დაკავშირებით და უსაფუძვლოდ დააკისრა საპირისპიროს მტკიცების ტვირთი მოპასუხეს.
სააპელაციო პალატამ, მოცემულ შემთხვევაში, შეუძლებლად მიიჩნია სატარიფო განაკვეთის გამოყენება, ვინაიდან საკითხი სპეციფიკურ სფეროს განეკუთვნებოდა და ამ სფეროში მოქმედი სატარიფო განაკვეთების არსებობა დასაბუთებული არ ყოფილა. გარდა აღნიშნულისა, მოსარჩელემ ვერც ჩვეულებრივი ანაზღაურების თაობაზე კანონით გათვალისწინებული პირობის გამოყენების შესაძლებლობა დაასაბუთა. მან, მართალია წარადგინა მსგავსი ხელშეკრულება სარეკლამო ვიდეორგოლის დამზადების შესახებ, დადებული სს „ს.რ.სა“ და შპს „ნ. ს.–ს“ შორის, თუმცა ამ ორი კომპანიის მიერ დამზადებული რგოლის იდენტურობა მოსარჩელეს არ დაუსაბუთებია და არც შესაბამისი სპეციალური ცოდნის გამოყენებით ჩატარებული კვლევა წარუდგენია.
სასამართლოს მითითებით, მიუხედავად მხარეთა შორის საზღაურის შესახებ შეთანხმების არარსებობისა, სს „ს.რ.“, როგორც დამკვეთი, მაინც წარმოადგენდა პასუხისმგებელ პირს შპს „ბ.რ.ს“ მიმართ. ამასთან, მოპასუხის პოზიცია, რომ წერილობითი ხელშეკრულების არარსებობა გამორიცხავდა მხარეთა შორის სამართლებრივ ურთიერთობას, სასამართლომ დამკვეთის მიერ შესრულებულ სამუშაოს მიღებაზე უარად მიიჩნია. სამოქალაქო კოდექსის 633-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მენარდე უფლებამოსილი იყო, მოეთხოვა ზიანის ანაზღაურება, რომლის ოდენობაც ამავე 633-ე მუხლის მე-2 ნაწილით ვერ იქნებოდა გამოანგარიშებული.
სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მენარდის მიერ ნარდობის საგნის დამზადებისათვის გათვალისწინებული აუცილებელი ხარჯები, პალატის შეფასებით, მენარდისათვის მიყენებულ ზიანს წარმოადგენდა, რომლის ოდენობის განსაზღვრისათვის მხედველობაში უნდა ყოფილიყო მიღებული მხარის მიერ სარეკლამო რგოლის დასამზადებლად გაწეული ხარჯები. ამ მხრივ მოსარჩელეს წარდგენილი ჰქონდა მტკიცებულებები: სს „ს.რ.ს“ საიმიჯო კლიპის ბიუჯეტი და მოწმის ჩვენება, რომლებიც იძლეოდა მოსარჩელის მოთხოვნის მხოლოდ ნაწილობრივ გაზიარების შესაძლებლობას.
უდავოს წარმოადგენდა მენარდის მიერ პროდუქტის შექმნის ფაქტი, რომელიც თავისთავად საჭიროებდა ხარჯების გაწევას. შპს „ბ.რ.ს“ მითითება სარეკლამო რგოლის გადაღებისთვის დამდგმელი რეჟისორისათვის, დამდგმელი ოპერატორისათვის, პროდიუსერისათვის, ორკესტრისათვის, მოცეკვავეთათვის, მსახიობთათვის და სხვა მონაწილე პირთათვის კლიპის ბიუჯეტით გათვალისწინებული ხარჯები დასაბუთებულად იქნა მიჩნეული და ამ ნაწილში, სასამართლოს შეფასებით, დაშვებული უნდა ყოფილიყო კანონიერი ვარაუდი, რომ თუნდაც შემოქმედებითი ჯგუფის წევრებისათვის შესაბამისი ხარჯების გარეშე მოსარჩელე მითითებულ მუსიკალურ რგოლს ვერ გადაიღებდა. პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხული მოწმის - ა.გ.ის ჩვენებით კი, დასტურდებოდა, რომ მას, როგორც შემოქმედებითი ჯგუფის წევრს, აუნაზღაურდა მომსახურების გაწევისათვის შეთანხმებული თანხა. მოსარჩელის მიერ წარდგენილი დოკუმენტით განსაზღვრული შემოქმედებითი ჯგუფისათვის გაწეული ხარჯები, რაც მთლიანად შეადგენდა 17 903 ლარს (საშემოსავლოს ჩათვლით - 14 323 ლარი + საშემოსავლო 3 580 = 17 903 ლარი) უნდა ჩათვლილიყო ზიანის ოდენობაში.
კლიპის ბიუჯეტით გათვალისწინებულ პროექტის გადაღებისთვის გაწეული ხარჯები პალატამ დასაბუთებულად მხოლოდ ნაწილობრივ მიიჩნია (მივლინება – 540 ლარი; კოსტუმები – 2 980 ლარი; მგზავრობის ხარჯი - 500 ლარი, გადასაღები მოედნის დეკორაცია - 3 500 ლარი; სულ 7 520 ლარი), ხოლო სტედიკამის, ურიკის, კამერის, რეკვიზიტების, მწვანე ფონის, განათების კომპლექტის ხარჯები არ იყო სათანადოდ დადასტურებული მოსარჩელის მიერ, რადგანაც მითითებული ტექნიკური აღჭურვილობისათვის კლიპის ბიუჯეტით ხარჯების გათვალისწინება არ იყო საკმარისი მოსარჩელის პოზიციის გასაზიარებლად, ეს ხარჯები საჭიროებდა თავად ამ ტექნიკური აღჭურვილობის დაქირავებისათვის ხარჯის გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენას. მოსარჩელის განმარტება, რომ მას არ გააჩნდა ეს ტექნიკური აღჭურვილობა და მესამე პირისგან უხდებოდა მათი დაქირავება, ხარჯების რეალურად გაღების ფაქტის დამტკიცებულად მიჩნევისათვის საკმარის წინაპირობას არ წარმოადგენდა.
ამგვარად, პალატამ შპს „ბ.რ.ს“ მიერ ზეპირი შეთანხმების ფარგლებში მომზადებული სარეკლამო რგოლის დამზადებისათვის გაწეულ აუცილებელ ხარჯებად მიიჩნია 17 903 ლარი და 7 520 ლარი, რასაც უნდა დამატებოდა შესაბამისი დღგ და მიყენებული ზიანი უნდა განსაზღვრულიყო 29 999 ლარით, შესაბამისად, სახეზე იყო სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილებისათვის სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილით, 633–ე მუხლის პირველი ნაწილით, 408-ე, 409-ე და 412-ე მუხლებით გათვალისწინებული საფუძვლები.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს „ს.რ.მ“, მოითხოვა მისი სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით შპს „ბ.რ.ს“ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:
გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სააპელაციო სასამართლოს არ მიუთითებია სამართლის ნორმაზე, რომელიც მოთხოვნილი თანხის ნაწილობრივ ანაზღაურების ვალდებულებას ითვალისწინებს, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების არასაკმარის იურიდიულ დასაბუთებაზე მიუთითებს.
სააპელაციო სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა სამოქალაქო კოდექსის 629-ე, 630-ე და 394-ე მუხლები, არამედ, უნდა ეხელმძღვანელა ამავე კოდექსის 327-ე, 328-ე მუხლებით, ასევე, საქართველოს მთავრობის 2012 წლის 18 იანვრის N14 დადგენილებით დამტკიცებულ „შპს ს.რ.თვის საქონლისა და მომსახურების შესყიდვის სპეციალური წესით“.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო კლიპი მიზნად ისახავდა სს „ს.რ.ის“ პოპულარიზაციას და მის რეკლამირებას, თუმცა ამ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება არ არის წარმოდგენილი, ასევე არ მოიპოვება საქმეში მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა კასატორის უფლებამოსილ პირსა და მოწინააღმდეგე მხარეს შორის გარიგების დადების ფაქტს, თანახმად „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლისა და „ს.რ.ის“ 2012 წლის 15 მაისის აქციონერთა კრების N2 ოქმისა.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია მხარეთა შორის ნარდობის ზეპირი ფორმით დადება, რომლის დროსაც მხარეები საზღაურზე არ იყვნენ შეთანხმებული, შესაბამისად, სასამართლომ დავა ამ ხელშეკრულების მარეგულირებელი ნორმებით გადაწყვიტა, თუმცა, მოცემულ შემთხვევაში, სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულება მაინც არ შეიძლება იქნას დადებულად მიჩნეული, რადგანაც მხარეების შეთანხმება ნარდობის ხელშეკრულების შესრულების ვადაზე დადგენილი არ არის. ამასთანავე, კასატორი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონის სუბიექტი და ხელშეკრულების დადებისათვის წერილობით ფორმის დაცვა იყო აუცილებელი, შესაბამისად, ზეპირად დადებული ნარდობა ბათილ გარიგებას წარმოადგენს სამოქალაქო კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად.
სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის შესაბამისად, პალატამ კლიპის გადაღებისათვის გაწეული აუცილებელი ხარჯი დააკისრა კასატორს მოწინააღმდეგე მხარისათვის მიყენებული ზიანის ანგარიშში, მაშინ, როდესაც საქმეში არ არის არც ერთი მტკიცებულება, რომლითაც სს „ს.რ.ის“ მიერ ზიანის მიყენების ფაქტი დადასტურდებოდა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 29 სექტემბრის განჩინებით სს „ს.რ.ის“ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა სს „ს.რ.ის“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას სს „ს.რ.ის“ საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ სს „ს.რ.ს“ უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2014 წლის 7 აგვისტოსს N.... საგადახდო დავალებით გადახდილი 1 499,95 ლარის 70% – 1 049,965 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სს „ს.რ.ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ სს „ს.რ.ს“ (პ/......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2014 წლის 7 აგვისტოსს N.... საგადახდო დავალებით გადახდილი 1 499,95 ლარის 70% – 1 049,965 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
პ. ქათამაძე