Facebook Twitter

საქმე №ას-234-221-2015 27 მარტი, 2015 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – რ. თ-ე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს მ. ო. „რ. ე-ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 23 იანვრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ხელშეკრულების შეწყვეტა, თანხის დაკისრება, იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს მ. ო. „რ. ე-მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში რ. თ-ის მიმართ 2012 წლის 25 მაისს მხარეთა შორის დადებული საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების №.... ხელშეკრულების შეწყვეტის, 24240 აშშ დოლარის ანაზღაურებისა და იპოთეკით დატვირთული ქ.ქუთაისში, კ.გ-ს მე-12 შესახვევში მდებარე მოპასუხის კუთვნილი №3 უძრავი ქონების რეალიზაციის შესახებ.

მოსარჩელემ განმარტა, რომ მხარეთა შორის დაიდო საკრედიტო პროდუქტებით მომსახურებისა და იპოთეკის ხელშეკრულებები. მოსარჩელემ მოპასუხეს კრედიტის სახით გადასცა 20 000 აშშ დოლარი 35 თვით წლიური 24%-ის დარიცხვით. პირგასამტეხლო განისაზღვრა ვადაგადაცილებული დღისათვის 0,5%-ის ოდენობით. რ. თ-ეს მხარეთა შორის დადებული საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები ჯეროვნად არ შეუსრულებია.

მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ, ძირითადი თანხის – 20 000 აშშ დოლარისა და სარგებლის – 840 აშშ დოლარის ნაწილში ცნო.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, რ. თ-ეს დაეკისრა შპს მ. ო. „რ. ე-ის“ სასარგებლოდ სესხის ძირითადი თანხის – 20000 აშშ დოლარის, პროცენტის – 840 აშშ დოლარისა და პირგასამტეხლოს – 500 აშშ დოლარის გადახდა, შეწყდა რ. თ-ეს და შპს მ. ო. „რ. ე-ს“ შორის 2012 წლის 25 მაისს დადებული საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების №.... ხელშეკრულება, ასევე 2014 წლის 28 იანვარს დადებული №....-01 საკრედიტო ხელშეკრულება, დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცა იპოთეკით დატვირთული, რ. თ-ის სახელზე რიცხული უძრავი ქონება ქ. ქუთაისში, კ. გ-ას ქუჩის XII შესახვევის №3-ში (ყოფილი ნ-ის ქ. T შეს. №3), ნაკვ 1-1; ს/კ:........, დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 23 იანვრის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2014 წლის 8 დეკემბრის განჩინებით აპელანტ რ. თ-ეს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა, განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის – 1621 ლარის გადახდა და გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის სააპელაციო პალატისთვის წარდგენა. აპელანტს განემარტა, რომ თუ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში არ შეავსებდა ხარვეზს, სასამართლო გამოიტანდა განჩინებას სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 8 დეკემბრის განჩინება 2014 წლის 12 დეკემბერს აპელანტს პირადად ჩაბარდა. 2014 წლის 22 დეკემბერს რ. თ-ემ განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს, მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება და მიუთითა, რომ მითითებული ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდა მისთვის შეუძლებელია.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 30 დეკემბრის განჩინებით რ. თ-ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, აპელანტს გაუგრძელდა ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადა 10 დღით. ამავე განჩინებით აპელანტს განემარტა, რომ თუ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში არ შეავსებდა ხარვეზს, სასამართლო გამოიტანდა განჩინებას სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.

ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ განჩინება აპელანტს 2015 წლის 6 იანვარს პირადად ჩაბარდა.

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილით, 74-ე მუხლით და მიუთითა, რომ ხარვეზის გაგრძელების შესახებ სააპელაციო პალატის განჩინების ასლი აპელანტს ჩაბარდა კანონით დადგენილი წესით, 2015 წლის 6 იანვარს, შესაბამისად, ხარვეზის შევსების 10-დღიანი ვადა აპელანტს ეწურებოდა 2015 წლის 16 იანვარს, 24:00 საათზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილების, 368-ე, 374-ე, 59-ე, 63-ე მუხლების თანახმად სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში აპელანტს ხარვეზი არ შევსებულა და არც ხარვეზის შესავსებად დანიშნული ვადის გაგრძელების შესახებ შუამდგომლობით სასამართლოსთვის არ მიუმართავს. სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ რ. თ-ის სააპელაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე რ. თ-ემ შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის სააპელაციო საჩივრის განსახილველად შემდეგი საფუძვლებით:

კერძო საჩივრის ავტორმა განმარტა, რომ მან „რ. ე-ს“ 2012 წლის 25 მაისის სესხის ხელშეკრულების საფუძველზე გადაუხადა პროცენტის სახით 20 000 აშშ დოლარზე მეტი, რაც სესხის ძირითად თანხას გაუტოლდა და გადააჭარბა კიდეც. არსებული ფულადი დავალიანების დასაფარად რ.თ-ე ყოველთვიურად იხდიდა 758 აშშ დოლარს, რის გამოც იგი მძიმე მატერიალურ მდგომარებაში აღმოჩნდა.

მხარემ აღნიშნა, რომ სააპელაციო საჩივრის შეტანისას იშუამდგომლა სასამართლოს წინაშე სახელმწიფო ბაჟის გადავადების შესახებ, აგრეთვე მიუთითა, რომ განჩინებაში მითითებული ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდა მისთვის ფაქტობრივად შეუძლებელი იყო და ხარვეზის დადგენის შემდეგ კვლავ იშუამდგომლა თანხის გადახდის გადავადების თაობაზე. 2014 წლის 30 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო სასამართლომ რ. თ-ეს გაუგრძელა ხარვეზის შევსების ვადა 10 დღით, თუმცა 10 დღეში აპელანტის ფინანსური მდგომარეობა არ შეცვლილა და მან მაინც ვერ შეძლო აღნიშნულ დროშიც ხარვეზის გამოსწორება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ რ. თ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.

დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომელიც ხარვეზის შესავსებად უნდა განხორციელდეს და საპროცესო ვადას, რომლის განმავლობაშიც აპელანტი ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში დადგენილი მოქმედებები. სასამართლოს მიერ მითითებული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ კი სააპელაციო საჩივარი აღარ განიხილება და დარჩება განუხილველად.

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სააპელაციო პალატამ 2014 წლის 8 დეკემბრის განჩინებით სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე აპელანტ რ. თ-ეს დაუდგინა ხარვეზი და დაავალა 10 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის სახით 1621 ლარის გადახდა. ამავე კოდექსის 48-ე მუხლის საფუძველზე კი, სასამართლომ არ დააკმაყოფილა მხარის მოთხოვნა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე, რადგან მხარეს არ ჰქონდა წარდგენილი სათანადო მტკიცებულებები.

რ. თ-ემ განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ იმ მოტივით, რომ მითითებული ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდა მისთვის შეუძლებელია.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 30 დეკემბრის განჩინებით რ. თ-ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, აპელანტს გაუგრძელდა ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადა 10 დღით და განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში სასამართლო გამოიტანდა განჩინებას სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.

ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ სააპელაციო სასამართლოს განჩინება აპელანტს 2015 წლის 6 იანვარს პირადად ჩაბარდა (ს.ფ. 111).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით კი, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის დენა დაიწყო 2015 წლის 7 იანვარს და ამოიწურა ამავე წლის 16 იანვარს, თუმცა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში აპელანტს სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი არ შეუვსია და არც რაიმე შუამდგომლობით მისთვის არ მიუმართავს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული გარემოება წარმოადგენდა რ. თ-ის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობას.

დაუსაბუთებელია კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზია იმასთან დაკავშირებით, რომ სასამართლოს აპელანტის მძიმე მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით სახელმწიფო ბაჟის გადახდა უნდა გადაევადებინა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს.

ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლით გათვალისწინებული სასამართლო ხარჯების გადახდის გადავადების შესაძლებლობა არსებობს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სასამართლოს მხარის მიერ წარდგენილი უტყუარი მტკიცებულებების შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე შეექმნება შინაგანი რწმენა მხარის მძიმე ქონებრივი მდგომარეობის შესახებ, კერძოდ, რომ მას მოცემულ ეტაპზე სახელმწიფო ბაჟის გადახდა არ შეუძლია.

განსახილველ შემთხვევაში აპელანტს თავისი შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე რაიმე მტკიცებულებით არ დაუსაბუთებია, არამედ შემოიფარგლა იმაზე მითითებით, რომ მძიმე ეკონომიკურ მდგომაროებაში იმყოფება.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოება კანონის მითითებული დანაწესის გამოყენებისა და მხარის შუამდგომლობის დაკმაყოფილების წინაპირობას არ წარმოადგენს, რის გამოც სააპელაციო პალატამ აპელანტს სახელმწიფო ბაჟის გადახდა სავსებით სწორად არ გადაუვადა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. რ. თ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 23 იანვრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ნ. ბაქაქური