Facebook Twitter

საქმე №ას-235-222-2015 16 მარტი, 2015 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ნ.ა. (შეგებებული სარჩელის ავტორი)

მოწინააღმდეგე მხარე – ლ.ა. (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 23 იანვრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ეტაპიდან საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება

დავის საგანი – ძირითად სარჩელში - სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია, შეგებებულ სარჩელში - სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ლ.ა.მ სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ. ა.ის მიმართ მოპასუხისათვის სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებისა და იპოთეკით დატვირთული მოპასუხის ქონების რეალიზაციის მოთოხვნით.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო, ამასთან, შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს ლ. ა.ის მიმართ 2011 წლის 29 ივლისს დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების გაუქმების მოთხოვნით.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ლ. ა.ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ნ.ა.ს ლ. ა.ის სასარგებლოდ დაეკისრა 9 440 აშშ დოლარის გადახდა, ხოლო მოთხოვნის დაკმაყოფილება მოხდა იპოთეკით დატვირთული მოპასუხის ქონების რეალიზაციის გზით, ამავე გადაწყვეტილებით ნ. ა.ის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა დაუსაბუთებლობის გამო.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ.ა.მ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 23 იანვრის განჩინებით ნ. ა.ის სააპელაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველად შემდეგი დასაბუთებით:

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ლ. ა.ის სარჩელთან და ნ. ა.ის შეგებებულ სარჩელთან დაკავშირებულ საქმეზე, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გამოცხადდა 2014 წლის 31 ოქტომბერს;

გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას ესწრებოდა მოპასუხე ნ. ა.ის წარმომადგენელი ნ. მ., რომელმაც გადაწყვეტილების ასლის მოთხოვნით სასამართლოს მიმართა 2014 წლის 9 დეკემბერს და ჩაიბარა იმავე დღეს;

ნ.ა.მ და მისმა წარმომადგენელმა ნ. მ. სააპელაციო საჩივარი ქუთაისის საქალაქო სასამართლოში წარადგინეს 2014 წლის 22 დეკემბერს;

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-9 და მე-10 პუნქტებით მხარეებს განემარტათ დასაბუთებული გადაწყვეტილების მოთხოვნის, ჩაბარებისა და გასაჩივრების წესი.

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილით, 369-ე მუხლის პირველი ნაწილით, 374-ე მუხლით და განმარტა შემდეგი: ვინაიდან ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრებოდა აპელანტის წარმომადგენელი (სასამართლო აქტების გასაჩივრების უფლების მქონე პირი), გასაჩივრების 14-დღიანი ვადის აითვლა დაიწყო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს - 30 ნოემბერს და ამოიწურა 2014 წლის 15 დეკემბერს (ორშაბათს), 24 საათზე. სააპელაციო საჩივარი ხელმოწერილი და წარდგენილი იყო 2014 წლის 22 დეკემბერს, რაც მისი დაუშვებლად მიჩნევისა და განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენდა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩვარი შეიტანა ნ.ა.მ, მისი გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ეტაპიდან საქმის იმავე სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნება მოითხოვა შემდეგი საფუძვლებით:

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, მისმა წარმომადგენელმა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ჩაიბარა 2014 წლის 9 დეკემბერს. გადაწყვეტილების მხარისათვის გადაცემისა და გაცნობის შემდეგ კერძო საჩივრის ავტორი არ დაეთანხმა მას და გადაწყვეტილებაში მითითებული ვადის დაცვით, 2014 წლის 22 დეკემბერს წარადგინა სააპელაციო საჩივარი.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას არ ესწრებოდა შეგებებული სარჩელის ავტორი და მის მიმართ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილი არ უნდა გავრცელდეს, ხოლო ამავე კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადა მხარეს არ დაურღვევია. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, წინამდებარე დავა შეეხება მის ერთადერთ საცხოვრებელ სახლს და მას უნდა მიეცეს სააპელაციო წესით საქმის განხილვის შესაძლებლობა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 6 მარტის განჩინებით ნ. ა.ის კერძო საჩვარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ა.ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

საქმის მასალებით დასტურდება და არც კერძო საჩივრის ავტორს გაუხდია სადავოდ ის გარემოება, რომ ნ. ა.ის ინტერესებს იცავდა ნ. მ., რომლის სახელზეც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა დაცვით გაცემულია მინდობილობა და მისი მოქმედების ვადად მითითებულია 2015 წლის 21 ოქტომბერი (იხ. ს.ფ.83);

საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 31 ოქტომბრის სხდომას, რომელზეც გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გამოცხადდა, ესწრებოდა შეგებებული სარჩელის ავტორის წარმომადგენელი ნ. მ.;

საქმეში წარმოდგენილი ხელწერილის თანახმად, კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენელმა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების ჩაბარების თხოვნით მიმართა 2014 წლის 9 დეკემბერს და იმავე დღეს ჩაიბარა გადაწყვეტილება;

დადასტურებულია, რომ სააპელაციო საჩჩივარი ხელმოწერილია და სააპელაციო სასამართლოში წარდგენილი 2014 წლის 22 დეკემბერს.

მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმადაც, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.

დასახელებული ნორმის ანალიზით დასტურდება, რომ კანონმდებელი სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის დენის დასაწყისს უკავშირებს მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტს, რომელიც, ერთი მხრივ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლით განსაზღვრული ვადის განმავლობაში მხარის გამოცხადებისა და გადაწყვეტილების ჩაბარების გზით იწყება, ხოლო, მეორე მხრივ, როდესაც გასაჩივრების მსურველი მხარე არ ცხადდება კანონით გათვალისწინებული ვადის განმავლობაში, გასაჩივრებისათვის დადგენილი საპროცესო ვადის დენის დასაწყისი კანონის ძალით, აითვლება გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს, რადგანაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

უდავოა, რომ ნ.ა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის მე-2 ნაწილის სუბიექტს არ წარმოადგენს.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის არგუმენტს, რომ ნ.ა. არ ესწრებოდა სასამართლოს ხდომას, რომელზეც გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გამოცხადდა და მის მიმართ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილის მოქმედება არ ვრცელდება. აღნიშნულის საპირისპირიდ, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრული წარმომადგენლობის ინსტიტუტი გამორიცხავს მხარის ამ პოზიციის გაზიარების შესაძლებლობას. ის ფაქტი, რომ ნ.მ. ინფორმირებული იყო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების თაობაზე და ესწრებოდა კიდევაც სასამართლო სხდომას, სწორედ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლით გათვალისწინებულ შედეგებს იწვევს.

აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა ნაწილობრივ ეთანხმება გასაჩივრებული განჩინებით დადგენილ გარემოებას, რომ გასაჩივრების ვადის ათვლა აპელანტისათვის დაიწყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესით, კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან მე-20 დღე იყო 2014 წლის 20 ნოემბერი, ხოლო 30-ე დღე - 30 ნოემბერი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 თანახმად, გასაჩივრების მსურველ მხარეს გააჩნია არა უფლება, არამედ ვალდებულება, ჩაიბაროს გასასაჩივრებელი გადაწყვეტილება. ამ ვალდებულების შეუსრულებლობა აისახება მხოლოდ უშუალოდ მხარის მიერ გადაწყვეტილების გასაჩივრების წესზე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის შინაარსი არ შეიძლება გაგებულ იქნეს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების გარეშე. განსახილველი ნორმა აწესრიგებს გასაჩივრების უფლების წარმოშობის წინაპირობებს, ხოლო გასაჩივრების ვადის დენის დაწყებას კი აწესრიგებს იმავე კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესი (იხ. სუსგ დიდი პალატის 2014 წლის 30 დეკემბრის №ას-1161-1106-2014 განჩინება).

ამდენად, სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადის დენა დაიწყო 2014 წლის 1 დეკემბერს და ვინაიდან ვადის უკანასკნელი დღე - 14 დეკემბერი ემთხვეოდა დასვენების დღეს, კვირას, საპროცესო ვადა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამოიწურა 2014 წლის 15 დეკემბერს, სააპელაციო საჩივარი კი, წარდგენილია 22 დეკემბერს, კანონით დადგენილი 14-დღიანი ვადის გასვლის შემდგომ, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე, 59-ე მუხლების, 61-ე მუხლის მესამე ნაწილისა და 63-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი იყო.

საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლითაც განსაზღვრულია, რომ სააპელაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის განმავლობაში სააპელაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა სააპელაციო საჩივარი. თუ შემოწმების შედეგად აღმოჩნდება, რომ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღების შესახებ. თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, რომელზედაც შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა.

რაც შეეხება კერძო საჩვრის ავტორის მითითებას სააპელაციო წესით საქმის განხილვის შესაძლებლობის ჩამორთმევის თაობაზე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის დათქმა, უფლების სასამართლო წესით დაცვის თაობაზე, შინაარსობრივად აბსოლუტურ უფლებას არ წარმოადგენს და მისი შეზღუდვა შეიძლება, მხოლოდ კანონმდებლობით გათვალისწინებულ საფუძველს ემყარებოდეს. ამგვარ ლეგიტიმურ შეზღუდვათაგან ერთ-ერთს წარმოადგენს სწორედ მხარის მიერ გადაწყვეტილებათა გასაჩივრებისათვის დადგენილი საპროცესო ვადების დაცვის აუცილებლობა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის VII თავი ეძღვნება საპროცესო ვადებს და კანონდებელი ითვალისწინებს, როგორც გაშვებული ვადის საპატიოდ მიჩნევის, ისე, მისი აღდგენის შესაძლებლობას, თუმცა, კანონის იმპერატიული დათქმიდანვე გამომდინარეობს, რომ ამგვარი შეღავათები სასამართლო გადაწყვეტილებებისა და განჩინებების გასაჩივრების კანონით გათვალისწინებული ვადების მიმართ არ გამოიყენება (სსსკ 59.4 მუხლი), შესაბამისად, მხარის მითითებული არგუმენტიც უსაფუძვლოა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ გასაჩივრებული განჩინებით არსებითად სწორად განმარტა კანონი და მართებულად არ მიიღო განსახილველად ნ. ა.ის სააპელაციო საჩივარი, ხოლო წინამდებარე კერძო საჩივრით მხარეს არ მიუთითებია იმგვარ დასაბუთებულ პრეტენზიაზე, რაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი გახდებოდა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ. ა.ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 23 იანვრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. კერძო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

4. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

პ. ქათამაძე