Facebook Twitter

საქმე №ას-246-233-2015 17 მარტი, 2015 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – გ. ლ-ი (მოპასუხე)

წარმომადგენელი – დ. კ-ი

მოწინააღმდეგე მხარე – ბ. გ-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 20 იანვრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ბ. გ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში გ. ლ-ის მიმართ მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან ქ.თბილისში, ი.ი-ის ქ.№(102) 47-ში მდებარე უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ.

მოსარჩელემ განმარტა, რომ ქ.თბილისში, ი.ი-ის ქ.№(102) 47-ში მდებარე უძრავი ქონების მესაკუთრეა ბ. გ-ი. სადავო ფართის ნაწილს უკანონოდ ფლობს გ. ლ-ი და უარს აცხადებს მის გამოთავისუფლებაზე.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სადავო ფართს ფლობს მართლზომიერად, შესაბამისად, სარჩელს უნდა ეთქვას უარი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილებით ბ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ქ.თბილისში, ი.ი-ის ქ.№(102) 47-ში მდებარე უძრავი ნივთი გამოთხოვილ იქნა გ. ლ-ის უკანონო მფლობელობიდან და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცა ბ. გ-ს, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 20 იანვრის განჩინებით გ. ლ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2015 წლის 5 იანვრის განჩინებით, გ. ლ-ის სააპელაციო საჩივრის გამო, სასამართლოს მთავარი სხდომა დაინიშნა 2015 წლის 20 იანვარს, 14.00 საათზე. აღნიშნულის შესახებ სასამართლო უწყება გაეგზავნა გ. ლ-ს 2015 წლის 6 იანვარს მის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე და ჩაბარდა 2015 წლის 8 იანვარს აპელანტის ადვოკატ დ. კ-ს. ამასთან, სასამართლო უწყება გაეგზავნა თავად დ. კ-საც, რომლის შესაბამისი უფლებამოსილება სააპელაციო პალატამ შეამოწმა.

სააპელაციო სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ 2015 წლის 20 იანვარს სასამართლო სხდომაზე არც აპელანტი და არც მისი ადვოკატი არ გამოცხადდნენ, ისინი საქმის განხილვაზე მიწვეული იყვნენ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით.

სააპელაციო პალატამ სასამართლო კანცელარიასა და მოსამართლის თანაშემწესთან შეამოწმა, ხომ არ წარადგინა აპელანტმა რაიმე განცხადება ან შეტყობინება სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის მიზეზებთან დაკავშირებით და დარწმუნდა, რომ აპელანტს სასამართლოსათვის რაიმე სახის განცხადებით არ მიუმართავს.

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 275-ე, 276-ე მუხლებით და განმარტა, რომ გ. ლ-ის გამოუცხადებლობის გამო, მისი სააპელაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე გ. ლ-ის წარმომადგენელმა დ. კ-მა შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:

კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა, რომ აპელანტი სადავო სასამართლო სხდომაზე ვერ გამოცხადდა საპატიო მიზეზით, კერძო დ. კ-ი 2015 წლის 16 იანვრიდან იმყოფებოდა საავადმყოფო ფურცელზე და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ვერ შეძლო სასამართლო სხდომაზე დასწრება.

ამასთან, პირველი ინსტანციის სასამართლოში გ.ლ-ის ინტერესებს დ. კ-თან ერთად იცავდა ადვოკატი გ. ქ-იც, რომელმაც ვეღარ მიიღო მონაწილება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვაში, რადგან გააჩნდა მხოლოდ სისხლის სამართლის სპეციალიზაცია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. ლ-ის წარმომადგენელ დ. კ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

მითითებული ნორმა შესაძლებლობას აძლევს სააპელაციო სასამართლოს, იხელმძღვანელოს საქმის პირველი ინსტანციის წესით განხილვისათვის განსაზღვრული წესებით, თუ სადავო ურთიერთობა სცდება კანონმდებლის მიერ სააპელაციო სასამართლოსათვის სპეციალურად დადგენილ ნორმათა რეგულირების სფეროს. ამავე კოდექსის 275-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლო, მხარის განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე (განმცხადებელი) არ გამოცხადებულა, ხოლო მოპასუხე თანახმაა, სარჩელი (განცხადება) განუხილველად იქნეს დატოვებული.

დასახელებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია, განუხილველად დატოვოს სააპელაციო საჩივარი, თუ აპელანტი, რომელსაც საქმის განხილვის შესახებ სასამართლო უწყებები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით ჩაბარდა, სასამართლო სხდომაზე არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა და არც თავისი გამოუცხადებლობის შესახებ სასამართლოს არ აცნობა.

მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოში გ. ლ-ის სააპელაციო საჩივრის განხილვა დაინიშნა 2015 წლის 20 იანვარს, 14.00 საათზე.

სააპელაციო სასამართლომ დაადგინა და კერძო საჩივრით სადავოდ არ გამხდარა ის ფაქტი, რომ 2015 წლის 6 იანვარს სასამართლო უწყება გაეგზავნა გ. ლ-ს მის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე და მის წარმომადგენელ დ. კ-ს, რომლის შესაბამისი უფლებამოსილება დადასტურებულია საქმეში წარმოდგენილი მინდობილობით (ს.ფ. 88-89).

2015 წლის 8 იანვარს სასამართლო უწყებები ჩაბარდა აპელანტის ადვოკატ დ. კ-ს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. წარმომადგენელი ვალდებულია უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს.

დასახელებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ სასამართლოს მიერ გაგზავნილი საპროცესო დოკუმენტების მხარის უფლებამოსილი წარმომადგენლისათვის ჩაბარება ამავე დოკუმენტების თავად მხარისათვის ჩაბარებას უთანაბრდება.

ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ აპელანტ მხარეს სასამართლო მთავარი სხდომის შესახებ ეცნობა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების დაცვით.

აღნიშნულის მიუხედავად, აპელანტი გ. ლ-ი და მისი ადვოკატი დ. კ-ი სასამართლოს მიერ დადგენილ დროს სხდომაზე არ გამოცხადდნენ და არც თავისი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის შესახებ სააპელაციო პალატისათვის არ უცნობებიათ.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ გ. ლ-ის წარმომადგენელმა დ. კ-მა 2015 წლის 21 იანვარს, სასამართლო სხდომის მეორე დღეს მიმართა სააპელაციო პალატას და განმარტა, რომ, ავადმყოფობის გამო, ვერ გამოცხადდა პროცესზე. მოცემული მომენტისათვის კი, გ.ლ-ის სააპელაციო საჩივარი უკვე დატოვებული იყო განუხილველად.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

ამდენად, აპელანტმა განცხადება შეიტანა აღნიშნულისათვის კანონით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი მართებულად დატოვა განუხილველად.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტს, რომ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით – დ. კ-ის ავადმყოფობით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მესამე ნაწილი განსაზღვრავს ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის საპატიოდ მიჩნევის წანამძღვრებს და ასეთად მიიჩნევს ავადმყოფობას, ახლო ნათესავის გარდაცვალებას ან სხვა განსაკუთრებულ ობიექტურ გარემოებას, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის საპროცესო მოქმედების შესრულებას.

განსახილველ შემთხვევაში კერძო საჩივარს ერთვის სამედიცინო ცნობა, რომლითაც ირკვევა, რომ 2015 წლის 16 იანვრიდან დ.კ-ს დაუდგინდა დიაგნოზი – ლუმბალგია და დაენიშნა მკურნალობის შერეული რეჟიმი. ამდენად, აღნიშნული ცნობიდან ირკვევა, რომ დ.კ-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა სადავო სასამართლო სხდომამდე – 2015 წლის 20 იანვრამდე რამდენიმე დღით ადრე, შესაბამისად, დ.კ-ს შესაძლებლობა ჰქონდა, საქმის განხილვამდე ეცნობებინა სასამართლოსათვის თავისი ავადმყოფობის თაობაზე.

ამასთან, წარმოდგენილი ცნობა არ ადასტურებს დ. კ-ის ჯანმრთელობის ისეთ მდგომარეობას, რომლის დროსაც პირს არ შეეძლო სასამართლოში გამოცხადება და თავისი გამოუცხადებლობის შესახებ სააპელაციო პალატისათვის დროულად შეტყობინება, ვინაიდან დ.კ-ს მკურნალობის სტაციონარული ან წოლითი რეჟიმი დანიშნული არ ჰქონია.

ამავდროულად, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ არც 2015 წლის 21 იანვარს, სადავო სასამართლო სხდომის მეორე დღეს გ. ლ-ის წარმომადგენელ დ.კ-ის მიერ წარმოდგენილი განცხადებით და არც წარმოდგენილი კერძო საჩივრით მხარეს არ მიუთითებია, რამ შეუშალა ხელი თავად გ. ლ-ს, გამოცხადებულიყო სააპელაციო სასამართლოში და მონაწილეობა მიეღო თავისი სააპელაციო საჩივრის განხილვაში ან მოეთხოვა საქმის განხილვის სხვა დროისათვის გადადება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ. ლ-ის წარმომადგენელ დ. კ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 20 იანვრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ნ. ბაქაქური