Facebook Twitter

საქმე №ას-250-237-2015 23 მარტი, 2015 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – შპს „ო. ვ-ი“ (მოპასუხე)

წარმომადგენელი – ქ. უ-ი

მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს. ბ-ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 12 დეკემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სს „ს. ბ-მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში ქ. წ-სა და შპს „ო. ვ-ის“ მიმართ დავალიანების ძირითადი თანხის – 8709,07 აშშ დოლარის, პროცენტის – 4 218,57 აშშ დოლარისა და პირგასამტეხლოს – 28005,44 აშშ დოლარის ანაზღაურების შესახებ, საიდანაც შპს „ო. ვ-ის“ პასუხისმგებლობა განისაზღვრება 22 800 აშშ დოლარით.

მოსარჩელემ მიუთითა, რომ 2007 წლის 11 ივლისს სს „ს. ბ-სა“ და ქ. წ-ს შორის გაფორმდა საბანკო მომსახურების შესახებ №...... ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ქ.წ-მა მიიღო 11 400 აშშ დოლარის ოდენობით კრედიტი 72 თვის ვადით, სარგებლის წლიური 16%-ის დარიცხვით. ხელშეკრულების უზრუნველყოფა მოხდა 2007 წლის 11 ივლისს სს „ს. ბ-სა“ და შპს „ო. ვ-ს“ შორის გაფორმებული სოლიდარული თავდებობის შესახებ №......-ბ წერილობითი განცხადებით, რომლითაც თავდებობის რაოდენობრივად განსაზღვრული თანხაა 22 800 აშშ დოლარი. სესხის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველთვიურად, ნაწილ-ნაწილ, გრაფიკის შესაბამისად, რაც ხშირ შემთხვევაში ირღვეოდა, ვალდებულების შეუსრულებლობა დღემდე გრძელდება და მნიშვნელოვნად იქნა გადაცილებული კრედიტის დაფარვის ვადები.

მოსარჩელემ განმარტა, რომ მოპასუხეს გაუგზავნა გაფრთხილების წერილი, თუმცა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ შესრულებულა.

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალია, ამასთან, სარჩელი ხანდაზმულია.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 3 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრათ დავალიანების ძირითადი თანხის – 6108,75 აშშ დოლარის, 2011 წლის 11 თებერვლიდან 2013 წლის 4 ივლისამდე პროცენტის – 1 350,74 აშშ დოლარის, 2011 წლის 11 თებერვლიდან 2014 წლის 15 იანვრამდე პირგასამტეხლოს – 467 აშშ დოლარის გადახდა, ზიანის ანაზღაურება მიუღებელი შემოსავლის სახით 2013 წლის 4 ივლისიდან 2014 წლის 5 იანვრამდე - 522,17 აშშ დოლარის ოდენობით, ხოლო შპს „ო. ვ-ს” აღნიშნული თანხის გადახდა დაეკისრა 22 800 აშშ დოლარის ფარგლებში.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში შპს „ო. ვ-მა“ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 12 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2014 წლის 28 ივლისის განჩინებით შპს „ო. ვ-ს“ დაუდგინა ხარვეზი და დაევალა, 14 დღის ვადაში განესაზღვრა სააპელაციო საჩივრის ღირებულება, გადაეხადა სრულად სახელმწიფო ბაჟი და სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში წარედგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი.

სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 26 სექტემბრის განჩინებით დაკმაყოფილდა შპს „ო. ვ-ის“ შუამდგომლობა ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის გაგრძელების თაობაზე. აპელანტს განჩინების ჩაბარებიდან 5 დღით გაუგრძელდა სააპელაციო საჩივარში არსებული ხარვეზის შევსების ვადა.

2014 წლის 26 სექტემბრის განჩინება, ხარვეზის შევსების მიზნით, 2014 წლის 9 ოქტომბერს გაეგზავნა შპს „ო. ვ-ის“ წარმომადგენელ ქ. უ-ს და 2014 წლის 10 ოქტომბერს ჩაბარდა ქ. უ-ის თანაშემწეს – ლ. მ-ს.

2014 წლის 15 ოქტომბერს სააპელაციო სასამართლოს განმეორებით განცხადებით მიმართა შპს „ო. ვ-ის“ წარმომადგენელმა ქ. უ-მა და ითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადავადება კიდევ ხუთი დღით.

სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით შპს „ო. ვ-ის“ შუამდგომლობა ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის გაგრძელების თაობაზე დაკმაყოფილდა. აპელანტს განჩინების ჩაბარებიდან 5 დღით გაუგრძელდა სააპელაციო საჩივარში არსებული ხარვეზის შევსების ვადა. ამავე განჩინებით აპელანტს განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი, დაუშვებლობის გამო, დარჩებოდა განუხილველად. ზემოაღნიშნული განჩინება გაეგზავნა აპელანტის წარმომადგენელ ქ. უ-ს საქმეში მითითებულ მისამართზე და ჩაბარდა 2014 წლის 27 ნოემბერს მის თანაშემწე ლ. მ-ს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 73-ე მუხლის მერვე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სასამართლოს გზავნილი ჩაბარდა აპელანტის წარმომადგენლის თანაშემწე ლ. მ-ს, ამდენად, წერილობითი კორესპოდენცია ჩაბარებულად ითვლება თავად აპელანტის წარმომადგენელ ქ. უ-ისათვის. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტს სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 17 ოქტომბრის განჩინება გაეგზავნა და ჩაბარდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით და მას ხარვეზის შეუვსებლობის რაიმე საპატიო მიზეზი სასამართლოსათვის არ უცნობებია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში აპელანტისათვის ხარვეზის შესავსებად სასამართლოს მიერ დანიშნული 5-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2014 წლის 28 ნოემბერს და ამოიწურა 2014 წლის 2 დეკემბერს. საქმის მასალებით დადგენილია, რომ აპელანტს სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის შევსების შესახებ განცხადებით სასამართლოსათვის არ მიუმართავს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე, 63-ე, 374-ე მუხლების თანახმად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე შპს „ო. ვ-მა“ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:

კერძო საჩივრის ავტორმა განმარტა, რომ შპს „ო. ვ-მა“, მძიმე ფინანსური მდგომარეობის გამო, ვერ შეძლო სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად თანხის მოძიება მიუხედავად იმისა, რომ სააპელაციო სასამართლომ მხარეს ხარვეზის შესავსებად მისცა 14-დღიანი ვადა და შემდეგ მითითებული ვადა ორჯერ 5-5 დღით გაუგრძელა.

მხარემ აღნიშნა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის თანახმად, სასამართლო ხარჯების გადახდის გადავადება სასამართლოს შეხედულებაზეა დამოკიდებული. აღნიშნული შეხედულება კი, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის საფუძველზე ყალიბდება. სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს კონკრეტული საქმის გარემოებები, მხარის გადახდისუნარიანობა.

მხარის მოსაზრებით, სააპელაციო პალატას უნდა გაეთვალისწინებინა ის ფაქტი, რომ შპს „ო. ვ-ი“ რეგისტრირებული იყო მოვალეთა რეესტრში, კრედიტორთა დავალიანების გამო, რაც დადასტურდა სააპელაციო საჩივარზე დართული ამონაწერით. საზოგადოების ქონებაზე მიმდინარეობდა იძულებითი აღსრულება. შესაბამისად, მას არ გააჩნია არანაირი შემოსავალი და სხვა უძრავი ქონება სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად. სასამართლომ უგულებელყო „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 191 მუხლის პირველი პუნქტის დანაწესი და უკანონოდ არ გადაუვადა აპელანტს სახელმწიფო ბაჟის გადახდა.

კერძო საჩივრის ავტორმა განმარტა, რომ მოცემულ საკითხზე არსებობს სასამართლო პრაქტიკა, რაც დადასტურდებოდა კერძო საჩივარზე დართული სასამართლო განჩინებით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ო. ვ-ის“ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.

დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომელიც ხარვეზის შესავსებად უნდა განხორციელდეს და საპროცესო ვადას, რომლის განმავლობაშიც აპელანტი ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში დადგენილი მოქმედებები. სასამართლოს მიერ მითითებული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ კი სააპელაციო საჩივარი აღარ განიხილება და დარჩება განუხილველად.

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სააპელაციო პალატამ 2014 წლის 28 ივლისის განჩინებით სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე აპელანტ შპს „ო. ვ-ს“ დაუდგინა ხარვეზი და დაავალა 14 დღის ვადაში სააპელაციო საჩივრის მოთხოვნის დაზუსტება და შესაბამისი ოდენობის სახელმწიფო ბაჟის გადახდა. აღნიშნული ვადა აპელანტის თხოვნით ორჯერ – 5-5 დღით გაგრძელდა. ამავე კოდექსის 48-ე მუხლის საფუძველზე კი, სასამართლომ არ დააკმაყოფილა მხარის მოთხოვნა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე, რადგან მხარეს არ ჰქონდა წარდგენილი სათანადო მტკიცებულებები.

ასევე დადგენილია და მხარეს სადავოდ არ გაუხდია ის ფაქტი, რომ სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 17 ოქტომბრის განჩინება ხარვეზის გამოსასწორებლად ვადის გაგრძელების შესახებ საქმეში მითითებულ მისამართზე გაეგზავნა აპელანტის წარმომადგენელ ქ. უ-ს, რომლის შესაბამისი უფლებამოსილება დადასტურებულია საქმეში არსებული რწმუნებულებით (ტომი 1, ს.ფ. 54) და ჩაბარდა 2014 წლის 27 ნოემბერს მის თანაშემწე ლ. მ-ს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. წარმომადგენელი ვალდებულია უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს.

ამავე კოდექსის 73-ე მუხლის მერვე ნაწილის მიხედვით, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება მას უნდა ჩაჰბარდეს პირადად, ხოლო მოქალაქის სამუშაო ადგილზე, ასევე ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში უწყების ჩაბარება დასტურდება მის მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.

დასახელებული ნორმების შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ სასამართლოს მიერ გაგზავნილი საპროცესო დოკუმენტების მხარის უფლებამოსილი წარმომადგენლისათვის ჩაბარება ამავე დოკუმენტების თავად მხარისათვის ჩაბარებას უთანაბრდება. ამასთან, თუ სასამართლო უწყებას ან გზავნილს გაუგზავნის ზემოაღნიშნულ სუბიექტებს სამუშაო ადგილის მიხედვით, გზავნილი კანონით დადგენილი წესით ჩაბარებულად მიიჩნევა მაშინაც, როდესაც იგი მიიღო არა უშუალოდ ადრესატმა, არამედ შესაბამისი ორგანიზაციის სათანადოდ უფლებამოსილმა პირმა. ასეთი პირი ვალდებულია, თავისი ხელმოწერით დაადასტუროს სასამართლო გზავნილის ჩაბარება და გადასცეს იგი ადრესატს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განსახილველ შემთხვევაში სასამართლო გზავნილის მიმღები ქ. უ-ის თანაშემწე ლ.მ-ა წარმოადგენს მითითებული ნორმით გათვალისწინებულ სამსახურებრივად უფლებამოსილ პირს, რომლისათვის გზავნილის ჩაბარება ქ. უ-ის მიერ მის მიღებად უნდა ჩაითვალოს, ხოლო ქ. უ-ისათვის სასამართლო გზავნილის ჩაბარება აღნიშნული საპროცესო დოკუმენტის თავად შპს „ო. ვ-ისათვის“ ჩაბარების ტოლფასია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით კი, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.

ამდენად, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის დენა დაიწყო 2014 წლის 28 ნოემბერს და ამოიწურა 2014 წლის 2 დეკემბერს, თუმცა აპელანტს სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის შევსების შესახებ განცხადებით სასამართლოსათვის არ მიუმართავს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოება წარმოადგენდა შპს „ო. ვ-ის“ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობას.

დაუსაბუთებელია კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზია იმასთან დაკავშირებით, რომ სასამართლოს უნდა გამოეყენებინა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლი და აპელანტის მძიმე მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით მისთვის სახელმწიფო ბაჟის დარჩენილი ოდენობის გადახდა უნდა გადაევადებინება.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს.

ხსენებული ნორმების ანალიზი მეტყველებს, რომ სასამართლო უფლებამოსილია, სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გაათავისუფლოს ან მისი გადახდა გადაუვადოს მხარეს, რომელიც დაარწმუნებს მას, საკუთარი მძიმე ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, ასეთის გადახდის ობიექტურ შეუძლებლობაში, რაც დადასტურდება სათანადო მტკიცებულებების წარდგენით.

საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ შპს „ო. ვ-ის“ მოვალეთა რეესტრში რეგისტრაცია თავისთავად არ წარმოადგენს უტყუარ მტკიცებულებას იმ ფაქტის დასადასტურებლად, რომ საზოგადოებას სახელმწიფო ბაჟის გადახდის შესაძლებლობა ობიექტურად არ გააჩნია ან ვერ გადაიხდის თანხას გარკვეული პერიოდის განმავლობაში.

მითითებული კუთხით სააპელაციო სასამართლომ სავსებით სწორად გაამახვილა ყურადღება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 191 მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის მიხედვითაც მოვალეთა რეესტრი არის ფულადი მოთხოვნის აღსრულების უზრუნველყოფამდე წარმოებული საშუალება – სისტემატიზებული ელექტრონული ერთობლიობა მონაცემებისა იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირთა და სხვა ორგანიზაციულ წარმონაქმნთა შესახებ, რომელთა მიმართაც აღსრულება დაიწყო 2010 წლის 1 იანვრიდან, გარდა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და უზრუნველყოფილი მოთხოვნის მოვალისა. პირი მოვალეთა რეესტრში შეიტანება დაუყოვნებლივ, მას შემდეგ, რაც მის წინააღმდეგ დაიწყება სააღსრულებო წარმოება.

ამდენად, აპელანტის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი მისი ქონებრივი მდგომარეობის ამსახველ უტყუარ მტკიცებულებად ვერ ჩაითვლება.

რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის მითითებას, რომ არსებული მოცემულობით მხარისათვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებაზე არსებობს სასამართლო პრაქტიკა, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მხარეს თავისი პოზიციის დასადასტურებლად რაიმე კონკრეტული განჩინება არ დაუსახელებია. ამასთან, სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება ხდება ყოველი დავის ირგვლივ შექმნილი გარემოებებისა და სპეციფიკის გათვალისწინებით, ინდივიდუალურად.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 419-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „ო. ვ-ის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 12 დეკემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ნ. ბაქაქური