საქმე №ას-59-54-2015 13 მარტი, 2015 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საჩივრის ავტორი – კ., კ., გ. ღ-ეების წარმომადგენელი ი. ა-ე
მოწინააღმდეგე მხარე – ნ. ქ-ის მეურვე მ. მ-ა
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 19 დეკემბრის განჩინება
საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
ნ. ქ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში კ., კ. და გ. ღ-ების მიმართ უძრავ ქონებაზე დადებული გარიგებების ბათილად ცნობის მოთხოვნით.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილებით ნ. ქ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს კ., კ. და გ. ღ-ეებმა და მოითხოვეს აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
2014 წლის 14 ნოემბერს აპელანტების, კ., კ. და გ. ღ-ეების წარმომადგენლმა ი. ა-ემ განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა სამოქალაქო საქმის წარმოების შეჩერება მოწინააღმდეგე მხარის, ნ. ქ-ის გარდაცვალების გამო.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 19 ნოემბრის განჩინებით შეჩერდა #..-....-.. სამოქალაქო საქმის წარმოება მოწინააღმდეგე მხარის, ნ. ქ-ის გარდაცვალების გამო, მისი უფლებამონაცვლის დადგენამდე ექვსი თვის ვადით - 2015 წლის 30 მაისამდე.
2014 წლის 18 დეკემბერს ნ. ქ-ის მეურვემ, მ. მ-ამ განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მოთხოვნით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 19 დეკემბრის განჩინებით ნ. ქ-ის მეურვის მ. მ-ას შუამდგომლობა გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის თაობაზე დაკმაყოფილდა: ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით აპელანტებს, კ., კ. და გ. ღ-ებს აეკრძალათ დავის პროცესში გარკვეული მოქმედებების შესრულება. კერძოდ, მათ არ უნდა ხელეყოთ ქ. ქუთაისში, ს. პ-ის ქ. #..-ში მდებარე ნ. ქ-ის დანაშთი ქონება, მათ შორის, არ მოეშალათ არსებული საცხოვრებელი სახლის ღობეები, არ დაერღვიათ ამავე მისამართზე არსებული საცხოვრებელი სახლის მთლიანობა, არ დაეზიანებინათ იგი, არ გაესხვისებინათ სახლში არსებული მოძრავი ნივთები და სადავო ქონება შეენარჩუნებინათ უცვლელ მდგომარეობაში.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილებით ნ. ქ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. განმცხადებელმა მოითხოვა აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა, კერძოდ, მოპასუხეთათვის გარკვეული ქმედების აკრძალვა სადავო ქონების დაცვის მიზნით, ანუ განმცხადებელმა მიუთითა გარემოებაზე, რომლის გამოც გადაწყვეტილების უზრუნველყოფის მიუღებლობას შესაძლოა გაეძნელებინა გადაწყვეტილების აღსრულება და მატერიალური ზიანი მიეყენებინა მისთვის, როგორც ნ. ქ-ის მეურვისა და კანონისმიერი მემკვიდრისათვის. აღნიშნული კი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის შესაბამისად, იძლეოდა განცხადების დაკმაყოფილების საფუძველს.
აღნიშნულ განჩინებაზე საჩივარი წარადგინა კ., კ. და გ. ღ-ეების წარმომადგენელმა ი. ა-ემ და მოითხოვა განჩინების გაუქმება შემდეგი საფუძვლით:
საჩივრის ავტორის განმარტებით, გასაჩივრებული განჩინება როგორც ფაქტობრივი, ასევე სამართლებრივი თვალსაზრისით არის დაუსაბუთებელი და უნდა გაუქმდეს, რადგან უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე მ. მ-ას მიერ წარმოდგენილი განცხადებით ვერ დგინდება მოპასუხეების მხრიდან ქონების დაზიანების ფაქტი, აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი არცერთი მტკიცებულება მხარის მიერ არ იქნა წარმოდგენილი. საჩივრის ავტორის მითითებით, შუამდგომლობის წარდგენის დროისთვის მ. მ-ა გარდაცვლილი ნ. ქ-ის მეურვე აღარ იყო, რადგან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1302-ე მუხლის „ა“ პუნქტის თანახმად, მეურვეობა წყდება სამეურვეო პირის გარდაცვალებით. შესაბამისად, მას არ ჰქონდა უფლება მიემართა სასამართლოსთვის.
საჩივრის ავტორის განმარტებით, სასამართლომ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საფუძვლად არასწორად მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ მ. მ-ა არის გარდაცვლილი ნ. ქ-ის პოტენციური კანონისმიერი მემკვიდრე, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილია ანდერძი, რომლის შესაბამისად დასტურდება, რომ ნ. ქ-ემ სიცოცხლეშივე მის საკუთრებაში არსებული მთელი ქონება უანდერძა კ. ღ-ეს, ამ უკანასკნელმა კი კ. ღ-ეს. ამრიგად, ნ. ქ-ის დანაშთ ქონებაზე მ. მ-ას პოტენციურ კანონისმიერ მემკვიდრედ მიჩნევა სამართლებრივად დაუშვებელია, რადგან იგი არ წარმოადგენს პირველი რიგის კანონისმიერ მემკვიდრეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 8 იანვრის განჩინებით კ., კ. და გ. ღ-ეების საჩივარი არ დაკმაყოფილდა და იგი საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადმოიგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და საჩივრის საფუძვლიანობის ანალიზის შედეგად მიიჩნევს, რომ კ., კ. და გ. ღ-ეების საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით. ამავე კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით, ხოლო 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 271-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია უზრუნველყოს იმ გადაწყვეტილების აღსრულება, რომელიც გადაცემული არ არის დაუყოვნებლივ აღსასრულებლად XXIII თავით დადგენილი წესების შესაბამისად. ამ თავით გათვალისწინებული სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტი წარმოადგენს მატერიალური კანონმდებლობით დაცული უფლებებისა და კანონიერი ინტერსების რეალური განხორციელების სწრაფ და ეფექტურ საპროცესო-სამართლებრივ გარანტიას. სასამართლოს მიერ სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენებას საფუძვლად უდევს ვარაუდი, რომ მომავალში მიღებული სასამართლო გადაწყვეტილება, შესაძლოა ვერ აღსრულდეს ან აღსრულება მნიშვნელოვნად დაბრკოლდეს. ამდენად, სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის მიზანია მოსარჩელის მატერიალური უფლებების რეალური განხორციელებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა. თუმცა, მხედველობაშია მისაღები, რომ სამოქალაქო პროცესი თანაბარ მდგომარეობაში აყენებს პროცესის ორივე მხარეს – მოსარჩელესა და მოპასუხეს, შესაბამისად, მხარეთა თანასწორობის უმნიშვნელოვანესი პრინციპიდან გამომდინარე, სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის შეფასება უნდა მოხდეს როგორც მოსარჩელის, ისე მოპასუხის პოზიციიდან. ამგვარი შეფასებისას გასათვალისწინებელია, რომ დაცული იყოს თანაზომიერების პრინციპი, კერძოდ, მოსარჩელის მოთხოვნის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიება ამ მოთხოვნის (სარჩელის საგნის) პროპორციული (ადეკვატური) უნდა იყოს და აშკარა შეუსაბამობა არ უნდა იკვეთებოდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენება ვერ გაამართლებს სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის მიზანს. ამიტომ სასამართლომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების საკითხის გადაწყვეტის დროს, ყოველთვის უნდა შეაფასოს, სარჩელის უზრუნველსაყოფად მის მიერ შერჩეული ღონისძიება არის თუ არა შესაბამისობაში მოსარჩელის მოთხოვნასთან, რომლის უზრუნველყოფასაც იგი ემსახურება.
განსახილველ შემთხვევაში განმცხადებელმა უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საფუძვლად მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ სადავო უძრავ ქონებას ემუქრებოდა მოპასუხეთა მიერ განადგურებისა და დატაცების საფრთხე. კერძოდ, მოპასუხეები ახდენდნენ აღნიშნული ქონების დაშლას და დაზიანებას, ასევე სახლში არსებული ნივთების განადგურებას.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს საჩივრის ავტორთა მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე იმ პირობებში, როდესაც წარდგენილი განცხადებით ვერ დასტურდება მოპასუხეების მხრიდან ქონების დაზიანების ფაქტი.
საკასაციო პალატის მოსაზრებით, სარჩელის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული ნორმის (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლი - განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ) იმგვარი გაგება, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მომთხოვნი პირი ვალდებულია უტყუარი მტკიცებულებების წარმოდგენით დაამტკიცოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობა, არ გამომდინარეობს არც მითითებული და არც სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის მარეგულირებელი სხვა ნორმებიდან. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სასამართლოს დასარწმუნებლად საკმარისია მხოლოდ ალბათობის მაღალი ხარისხით იმ გარემოებების არსებობის ვარაუდი, რომელსაც ემყარება მოსარჩელის მოთხოვნა სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენების აუცილებლობის შესახებ. სხვაგვარად, აღნიშნული გარემოებების არსებობის ალბათობა უნდა გადასწონიდეს ვარაუდს მისი არარსებობის შესახებ. მოცემულ შემთხვევაში იმ გარემოების არსებობის ალბათობა, რომ მოწინააღმდეგე მხარემ შესაძლოა დააზიანოს სადავო ქონება, გადასწონის ვარაუდს მისი არარსებობის, ანუ იმის შესახებ, რომ იგი არ დააზიანებს მის საკუთრებაში არსებულ ქონებას.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მხარის ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილებით ნ. ქ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის შესაბამისად, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე მსჯელობისას სასამართლომ პირველ რიგში ყურადღება უნდა გაამახვილოს სარჩელის უზრუნველყოფის საფუძველზე, კერძოდ, სამომავლოდ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების გაძნელების ან აღსრულების შეუძლებლობის საშიშროებაზე, და ასევე იმაზეც, თუ იურიდიულად რამდენად გამართლებულია სასარჩელო მოთხოვნა, რაც იმას ნიშნავს, რომ გამოკვეთილი უნდა იყოს სასარჩელო მოთხოვნის იურიდიული მართებულობა. სასარჩელო მოთხოვნის იურიდიული მართებულობა არის სარჩელის დაკმაყოფილების ერთ-ერთი აუცილებელი საფუძველი, რომელსაც მნიშვნელობა აქვს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების მისაღებად. არ არის გამართლებული იმ უფლების უზრუნველყოფა, რომელიც არ არსებობს და ეს იმთავითვე ნათელია სასამართლოსათვის. თუ არ არსებობს უფლება, არც იმის საშიშროებაა, რომ იგი დაირღვევა სარჩელის უზრუნველყოფის მიუღებლობით. ამდენად, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებისადმი, როგორც საპროცესო-სამართლებრივი ინსტიტუტისადმი, ფორმალური მიდგომა დაუშვებელია და იგი უმეტესწილად სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების ვარაუდზეა დამოკიდებული. ზემოაღნიშნული ისე არ უნდა იქნეს გაგებული, რომ სასამართლო ვალდებულია უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტისას იმავდროულად იმსჯელოს მოთხოვნის დასაბუთებულობაზე და გადაწყვიტოს, დააკმაყოფილებს თუ არა მას მომავალში, მაგრამ სარჩელის უზრუნველყოფაზე უარის თქმის შემთხვევაში, სასამართლომ უნდა დაასაბუთოს, თუ რას ემყარება მისი ვარაუდი, რომ არ არის გამოკვეთილი სასარჩელო მოთხოვნის იურიდიული დასაბუთებულობა. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია საფუძვლიანად უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება იმ პირობებში, როდესაც არსებობს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე.
საკასაციო სასამართლო უსაფუძვლობის გამო ვერ გაიზიარებს საჩივრის ავტორის მითითებას, რომ ვინაიდან უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე შუამდგომლობის წარდგენისას სამეურვეო პირი, ნ. ქ-ე გარდაცვლილი იყო, მეურვეს (ამ შემთხვევაში განმცხადებელს) არ ჰქონდა უფლება მიემართა სასამართლოსთვის, რადგან მეურვეობა წყდება სამეურვეო პირის გარდაცვალებით.
პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1302-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, მეურვეობა შეწყდება, თუ გარდაიცვალა სამეურვეო პირი. ამავე მუხლის მეორე ნაწილით დადგენილია, რომ ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში მეურვეობა შეწყდება მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს გადაწყვეტილებით. ამრიგად, აღნიშნული ნორმა სამეურვეო პირის გარდაცვალებისას მეურვეობის შეწყვეტას ითვალისწინებს მხოლოდ შესაბამისი ორგანოს გადაწყვეტილების საფუძველზე, რაც განსახილველ შემთხვევაში სახეზე არ გვაქვს. საქმის მასალებით არ დასტურდება ნ. ქ-ის მეურვის მ. მ-ას მიმართ მეურვეობის შეწყვეტის ფაქტი. აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება არც საჩივრის ავტორს წარმოუდგენია.
რაც შეეხება მხარის აპელირებას, რომ ნ. ქ-ის მეურვე არ იყო უფლებამოსილი წარედგინა განცხადება უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე, ვინაიდან მოსარჩელეს ჰყავდა ერთადერთი ანდერძისმიერი მემკვიდრე, მოპასუხე კ. ღ-ე, ვერ იქნება მიჩნეული გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძვლად შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელის, ქმედუუნაროდ აღიარებული აწ გარდაცვლილი ნ. ქ-ის მეურვედ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქუთაისის სოციალური მომსახურების ცენტრის 2013 წლის 17 ივნისის #..-..-../.... გადაწყვეტილების შესაბამისად, დაინიშნა მისი დისშვილი, მ. მ-ა (იხ. ტ. 1. ს.ფ. 108-109), რომელიც სასამართლოში წარმოადგენდა დეიდის ინტერესებს და რომელიც ამავდროულად არის გარდაცვლილის სავარაუდო მემკვიდრე. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მ. მ-ა არის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მოთხოვნაზე უფლებამოსილი პირი, ვინაიდან სადავო უძრავი ქონების სავარაუდო მემკვიდრეს წარმოადგენს. ხოლო იმ პირობებში, როდესაც დაკმაყოფილებულია ნ. ქ-ის სარჩელი, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი მოპასუხეთა მიერ ნ. ქ-ის მიმართ დადებული სადავო უძრავ ქონებასთან დაკავშირებული გარიგებები, აღნიშნული ზრდის განმცხადებელის (მ. მ-ას) მოთხოვნის საფუძლიანობას და შესაბამისად, სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენების საჭიროებას.
საკასაციო სასამართლო აქვე დამატებით აღნიშნავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საკითხის განხილვის ეტაპზე არ ხდება სარჩელის საფუძვლიანობის შემოწმება, რაც გამორიცხავს სასამართლოს მიერ საჩივრის ავტორის იმ მოსაზრებაზე მსჯელობას, რომელიც ეხება მ. მ-ას კანონისმიერი მემკვიდრეობის საფუძვლიანობის შესწავლას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კ., კ. და გ. ღ-ეების საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
კ., კ. და გ. ღ-ეების საჩივარი არ დაკმაყოფილდეს; ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 19 დეკემბრის განჩინება დარჩეს უცვლელი; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე