№ას-954-916-2014 10 მარტი, 2015 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – ქ.ბათუმის მერია
მოწინააღმდეგე მხარე – ა.პ.-ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2013 წლის 24 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა ქ.ბათუმის მერიამ მოპასუხე ა.პ.-ის მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად 37681 ლარის დაკისრება.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილებით ქ.ბათუმის მერიის სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხე ა.პ.-ს ქ.ბათუმის მერიის სასარგებლოდ დაეკისრა 37681 ლარის გადახდა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა.პ.-მა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილებით:
1. ა.პ.-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა;
2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება;
3. ქ.ბათუმის მერიის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. ქ.ბათუმის მერიას ა.პ.-ის სასარგებლოდ დაევალა სააპელაციო სასამართლოში გადახდილი ბაჟის – 1552 ლარისა და 45 თეთრის ანაზღაურება;
5. ქ.ბათუმის მერიას ა.პ.-ის სასარგებლოდ დაეკისრა იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის – 1000 ლარის გადახდა.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2011 წლის 8 თებერვალს, ქ.ბათუმის მერიასა და შპს ე.ტ.-ს” შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №… ხელშეკრულება ქ.ბათუმში, გ.-ის ქ.№..-ში მდებარე სახლის ფასადის გარე განათების სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვაზე, რომლის თანახმად მიმწოდებელმა აიღო ვალდებულება სამუშაოს შესრულებაზე შემდეგ თანხაზე – 300499.86 ლარი;
სამუშაოს შესრულების და ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 2011 წლის 1 აპრილი. ხელშეკრულების მე-9 მუხლის თანახმად, შემსრულებელი სამუშაოს ხარისხზე მიმწოდებელი ექსპლოატაციის ნორმების დაცვის შემთხვევაში იძლევა გარანტიას – 5 წელს. საგარანტიო ვადის განმავლობაში მიმწოდებელი ვალდებულია, საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს ექსპლოატაციის პროცესში წარმოქმნილი ხარვეზების აღმოფხვრა;
ა.პ.-ი (მოპასუხე) წარმოადგენს ქ.ბათუმში, გ.-ის ქ.№..-ში მდებარე 40.80კვ.მ ფართის მქონე საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე №8 ბინის მესაკუთრეს;
2012 წლის 4 მაისს შედგა დეფექტური აქტი იმასთან დაკავშირებით, რომ კომისიამ შემადგენლობით: ქ.ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის მთავარი სპეციალისტი – ო. გ.-ე; შპს „ე.ტ.-ის” დირექტორი – ა. კ.-ი; ამავე კომპანიის უფროსი, ელ.მონტიორი – გ. ვ.-ე და ელ.მონტიორი ს. ბ.-ე, – შეისწავლა ქ.ბათუმის მერიასა და შპს „ე.ტ.-ს” შორის 2011 წლის 8 თებერვლის №… ხელშეკრულების მე-9 მუხლის საფუძველზე ქ.ბათუმში, გ.-ის ქ.№..-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ფასადზე დამოტაჟებული განათების პროექტორების დაზიანების მიზეზი და დაადგინა: დაზიანებულია და მწყობრიდან გამოსულია შენობაზე დამონტაჟებული 42 ცალი გარე განათების პროექტორი, – REVO-Basic, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენს 37681 ლარს; აღნიშნული საქონლის დაზიანების მიზეზია სახლის პირველი სართულის მიერ პროექტორების ელ.სადენზე დამატებითი სადენის არაკანონიერი და არასწორი შეერთება, რამაც გამოიწვია ელ.სადენების მოკლე ჩართვა და შესაბამისად პროექტორების გადაწვა. დეფექტური აქტით დადგინდა, რომ განათების დაზიანების მიზეზია სახლის პირველ სართულზე მობინადრის მხრიდან პროჟექტორების ელ.სადენზე დამატებითი სადენის არაკანონიერი და არასწორი მიერთება, რამაც გამოიწვია ელ.სადენებში მოკლე ჩართვა და შესაბამისად პროექტორების გადაწვა. ქ.ბათუმში, გ.-ის ქ.№..-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის გარე განათება დაზიანებულია; დაზიანება გამოწვეულია გარე განათების პროჟექტორების ელსადენის გადაჭრით და არასწორი მიერთებით; ზიანის არსებობა დადასტურებულია; ზიანი მიყენებულია საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე წარმოებული სარემონტო სამუშაოების დროს.
იმის გათვალისწინებით, რომ საქმეში არსებობდა არაერთგვაროვანი საექპერტო თუ დეფექტური დასკვნები, სააპელაციო სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია ა.პ.-ის სააპელაციო საჩივართან დაკავშირებულ №…… სამოქალაქო საქმეზე დანიშნულიყო საინჟინრო-ტექნიკური და სასაქონლო ექსპერტიზა.
ექსპერტის წინაშე გამოსაკვლევად დაისვა შემდეგი კითხვები:
1. რამ გამოიწვია ქ.ბათუმში, გ.-ის ქ.№..-ში გარე განათების დიოდური პროექტორების დაზიანება;
2. ხომ არ იყო გამოწვეული აღნიშნული დაზიანება 2012 წლის 4 მაისს შედგენილ დეფექტურ აქტში მითითებული მიზეზით;
3. შესაძლებელია თუ არა დაზიანებული პროექტორების აღდგენა და დადებით შემთხვევაში განისაზღვროს მათი აღდგენის ღირებულება.
2014 წლის 12 ივნისს, ქუთაისის საპელაციო სასამართლოში სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ წარადგინა მოცემულ საქმეზე ექსპერტიზის დასკვნა.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2014 წლის 30 აპრილის №....... ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ: 1. ექსპერტიზაზე წარდგენილი 1 (ერთი) ცალი ,,ROVE-BASIC-ის“ ტიპის 2011 წლის 27 იანვრით დათარიღებული დაზიანებული დიოდური პროექტორის ტესტირების შედეგზე დაყრდნობით, პროექტორის დაზიანების მიზეზია სანათის კორპუსის შიგნით შემავალი კაბელის ,,AC/DC LED DRIVERIS-ის“ (ძაბვის გადაქმნელი) სადენების გადაბმის ადგილში ნულოვან და ფაზურ სადენებს შორის გადაფარვა (მოკლე შერთვა); 2. 2012 წლის 4 მაისს შედგენილ დეფექტურ აქტში მითითებული დაზიანების მიზეზზე ექსპერტი ვერ იმსჯელებდა, ვინაიდან დღეის მდგომარეობით ობიექტი სახეცვლილი იყო, ხოლო განათების ქსელის პროექტი არ წარდგენილა; 3. ექსპერტიზაზე წარდგენილი 1 (ერთი) ცალი ,,ROVE-BASIC-ის“ ტიპის 2011 წლის 27 იანვრით დათარიღებული დაზიანებული დიოდური პროექტორის ტესტირების შედეგზე დაყრდნობით დაზიანებული დიოდური პროექტორის აღდგენა შესაძლებელია სადენებს შორის კონტაქტის აღდგენით.
სააპელაციო სასამართლომ ექსპერტიზის დასკვნიდან გამომდინარე, არ გაიზიარა 2012 წლის 4 მაისს შედგენილი დეფექტური აქტი, ვინაიდან ექსპერტის დასკვნით არ დგინდებოდა მიზეზობრივი კავშირი ა.პ.-ის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.
სააპელაციო სასამართლომ დავის გადაწყვეტისას გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლი, რომლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთ სახეს დელიქტური ვალდებულება წარმოადგენს. ამგვარი ვალდებულებები არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც ზიანის მიყენების შედეგად წარმოიშობა. სამოქალაქო კოდექსის ზემომითითებული ნორმა განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა დადგინდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას. აქედან თუნდაც ერთ-ერთი ელემენტის არარსებობა გამორიცხავს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას. დელიქტით გამოწვეული ზიანის ასანაზღაურებლად აუცილებელია სამივე პირობის თანადროულობა, თანაარსებობა.
სააპელაციო სასამართლომ ასევე განმარტა, რომ სამოქალაქო სამართლებრივ პასუხისმგებლობას ახასიათებს მისთვის დამახასიათებელი ზიანის მიმყენებლის ბრალეულობის პრეზუმფციის პრინციპი. ზიანის მიმყენებელი მიიჩნევა ბრალეულად, თუ არ დაამტკიცებს მისი ბრალის არარსებობის ფაქტს. ამის შესაბამისადვე ხდება მტკიცების ტვირთის განაწილება დაზარალებულსა და ზიანის მიმყენებელს შორის: დაზარალებული, მიმართავს რა სასამართლოს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით, ვალდებულია დაამტკიცოს მისთვის ზიანის მიყენების ფაქტი, ასევე მიზეზობრივი კავშირის არსებობა ზიანის მიმყენებლის ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის. ზიანის მიმყენებელმა, თავის მხრივ, უნდა დაამტკიცოს მის ქმედებაში მართლწინააღმდეგობის და ბრალის არარსებობა.
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში, უდავო იყო, რომ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნით პეტროსიანის მხრიდან ბათუმის მერიისათვის სწორედ ზიანის მიყენების ფაქტი არ დასტურდებოდა. მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანი არ ყოფილა გამოწვეული აპელანტის ბრალეული მოქმედებით და იგი არ ყოფილა მიზეზობრივ კავშირში ამ ზიანთან.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ქ.ბათუმის მერიამ.
საკასაციო საჩივრის საფუძვლები:
სააპელაციო სასამართლომ, ფაქტობრივად უგულებელყო საქმეში არსებული მოწმეთა ჩვენებები და მხედველობაში მიიღო ექსპერტიზის დასკვნის მხოლოდ მხარისთვის საჭირო ჩანაწერი. შედეგად, სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მოთხოვნა. სააპელაციო სასამართლო დაეყრდნო ექსპერტიზის დასკვნას, რომელიც სრულყოფილად არ პასუხობდა დასმულ კითხვებს. ამასთან, ექსპერტის დასკვნა სასამართლოსთვის სავალდებულო არ არის და მისი შეფასება ხდება 105-ე მუხლით დადგენილი წესით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ.ბათუმის მერიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში ამ ნორმის გამოყენების წინაპირობა არ არსებობს, ვინაიდან კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ქ.ბათუმის მერიის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ბ. ალავიძე