Facebook Twitter

№ას-954-916-2014 10 მარტი, 2015 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ა. პ-ი

მოწინააღმდეგე მხარე – ქ.ბათუმის მერია

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 24 ივნისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და განცხადების დაკმაყოფილება

დავის საგანი - სასამართლო ხარჯების ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2013 წლის 24 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა ქ.ბათუმის მერიამ მოპასუხე ა. პ-ის მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად 37681 ლარის დაკისრება.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილებით ქ.ბათუმის მერიის სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხე ა. პ-ს ქ.ბათუმის მერიის სასარგებლოდ დაეკისრა 37681 ლარის გადახდა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. პ-მა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილებით:

1. ა. პ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა;

2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება;

3. ქ.ბათუმის მერიის სარჩელი არ დაკმაყოფილდა;

4. ქ.ბათუმის მერიას ა.პ-ის სასარგებლოდ დაეკისრა სააპელაციო სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 1552 ლარისა და 45 თეთრის ანაზღაურება;

5. ქ.ბათუმის მერიას ა. პ-ის სასარგებლოდ დაეკისრა იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის – 1000 ლარის გადახდა.

2014 წლის 23 ივნისს სააპელაციო სასამართლოში განცხადება შეიტანა ა. პ-მა და მოითხოვა დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანა.

განმცხადებლის განმარტებით, მან სასამართლოში წარადგინა მის მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯების დამადასტურებელი მტკიცებულებები და იშუამდგომლა, რომ მოსარჩელეს მის სასარგებლოდ დაკისრებოდა შემდეგი ხარჯების ანაზღაურება:

ა. იურიდიული მომსახურების ხარჯი – 2000 ლარი;

ბ. ექსპერტიზასთან დაკავშირებული ხარჯი (მათ შორის: 1-ლი ექსპერტიზისათვის – 100 ლარი და მე-2-ე ექსპერტიზისათვის – 240 ლარი);

გ. ფაქტის კონსტატაციაზე გაწეული ხარჯი (100 ლარი);

დ. სააპელაციო სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი – 1553 ლარი.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 24 ივნისის განჩინებით ა. პ-ის განცხადება არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით, ან მხარეთა თხოვნით გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება, თუ სასამართლოს არ გადაუწყვეტია სასამართლო ხარჯების საკითხი.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლომ იმსჯელა მოპასუხის მიერ სააპელაციო წარმოებისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟისა და იურიდიული მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის მოპასუხეზე დაკისრების თაობაზე და მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება, ამიტომ ამ ნაწილში დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ ა. პ-ის მოთხოვნა უსაფუძვლო იყო და დაკმაყოფილებას არ ექვემდებარებოდა.

რაც შეეხებოდა სხვა ხარჯების საკითხს, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოთხოვნა ამ ნაწილშიც უსაფუძვლო იყო, რადგან აღნიშნულ საკითხზე მოთხოვნა აპელანტს სააპელაციო საჩივარში არ დაუყენებია და არც მისი დამადასტურებელი მტკიცებულებები არ წარუდგენია.

სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 24 ივნისის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ა. პ-მა.

კერძო საჩივრის საფუძვლები:

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა ა. პ-ის მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ მან სასამართლოში წარადგინა მის მიერ იურიდიული მომსახურების ხარჯის (2000 ლარი), ექსპერტიზასთან დაკავშირებული ხარჯის (მათ შორის: 1-ლი ექსპერტიზისათვის – 100 ლარი და მე-2-ე ექსპერტიზისათვის – 240 ლარი), ფაქტის კონსტატაციაზე გაწეული ხარჯის (100 ლარი), აგრეთვე, სააპელაციო სასამართლოში განსახილველ საქმეზე სახელმწიფო ბაჟის (1553 ლარი) გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულებები და იშუამდგომლა დასახელებული მოთხოვნების დაკმაყოფილების თაობაზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. პ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს გასაჩივრებული განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს სასამართლოს ინიციატივით ან მხარეთა თხოვნით დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევათა ამომწურავ ჩამონათვალს, კერძოდ, კანონმდებელი სასამართლოს დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის უფლებამოსილებას ანიჭებს, თუ: ა. იმ მოთხოვნის გამო, რომლის შესახებაც მხარეებმა წარადგინეს მტკიცებულებანი და მისცეს ახსნა-განმარტებანი, გადაწყვეტილება არ გამოტანილა; ბ. სასამართლოს, რომელმაც გადაწყვიტა უფლების საკითხი, არ მიუთითებია გადასახდელი თანხის ოდენობა, გადასაცემი ქონება ან მოქმედება, რომელიც მოპასუხემ უნდა შეასრულოს; გ. სასამართლოს არ გადაუწყვეტია სასამართლო ხარჯების საკითხი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის (გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანის დროს მოქმედი რედაქციით) პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა. ამავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, აღნიშნული წესები შეეხება აგრეთვე სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გასწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.

ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს მოგებული მხარის სასარგებლოდ, ამ უკანასკნელის მიერ გაღებული ხარჯების წაგებული მხარისათვის დაკისრების წესს, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილი კი განსაზღვრავს, რომ ზემოხსენებული წესი შეეხება აგრეთვე სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გასწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას.

მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით ირკვევა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილებით:

1. ა. პ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა;

2. გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება;

3. ბათუმის მერიის სარჩელი არ დაკმაყოფილდა;

4. ბათუმის მერიას ა. პ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 1552 ლარისა და 45 თეთრის გადახდა (სააპელაციო საჩივარზე ა. პ-ის მიერ გადახდილი ბაჟი);

5. ბათუმის მერიას ა. პ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 1000 ლარის გადახდა (ა. პ-ის მიერ იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯი).

ამდენად, სააპელაციო სასამართლომ 2014 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილებით იმსჯელა მოგებული მხარის (ა. პ-ის) მიერ სააპელაციო წარმოებისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟისა და იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის წაგებული მხარისათვის (ქ.ბათუმის მერიისათვის) დაკისრების საკითხზე და დააკისრა კიდეც ამ უკანასკნელს მითითებული ხარჯების აპელანტის სასარგებლოდ ანაზღაურება. მართალია, იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯი აპელანტს ნაწილობრივ აუნაზღაურდა, მაგრამ აღნიშნული გარემოება წარმოადგენს არა დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის, არამედ ძირითადი გადაწყვეტილების ამ ნაწილზე საკასაციო საჩივრის შეტანის საფუძველს (იხ. .......წ., საქმე #ას-.........). მოცემულ შემთხვევაში აპელანტს ამ უფლებით არ უსარგებლია, ანუ ადვოკატის ხარჯის არასრულად ანაზღაურების ნაწილში ძირითადი გადაწყვეტილების წინააღმდეგ საკასაციო საჩივარი არ შეუტანია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, უსაფუძვლოა კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟისა და იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურების მოთხოვნის თაობაზე სააპელაციო სასამართლოს უნდა გამოეტანა დამატებითი გადაწყვეტილება.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დაუსაბუთებელია და დაკმაყოფილებას არ ექვემდებარება ასევე კერძო სჩივრის ავტორის მოთხოვნა ექსპერტიზის ჩატარებაზე და ფაქტის კონსტატაციაზე გაწეული ხარჯების ანაზღაურების თაობაზე დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ როგორც წესი, მართლმსაჯულების განხორციელება დაკავშირებულია სასამართლო ხარჯებთან და სასამართლოსგარეშე ხარჯებთან. სპეციალურ საექსპერტო დაწესებულებაში სასამართლო ექსპერტიზის ჩატარების ხარჯი და სასამართლოს დავალებით ფაქტების კონსტატაციაზე გაწეული ხარჯი წარმოადგენს საქმის განხილვასთან დაკავშირებულ ხარჯებს (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილი და ამავე კოდექსის 44-ე მუხლი). ასეთი ხარჯების ოდენობა უნდა განისაზღვროს მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი ფაქტობრივად გაწეული ხარჯების ოდენობის დამადასტურებელი მტკიცებულებების საფუძველზე. ამასთან, ეს მტკიცებულებები სასამართლოს უნდა წარედგინოს გადაწყვეტილების გამოტანამდე.

მოცემულ შემთხვევაში, ზემოხსენებული ხარჯების გაწევის დამადასტურებელი მტკიცებულებები აპელანტს გადაწყვეტილების გამოტანამდე სააპელაციო სასამართლოსათვის არ წარუდგენია და არც ამ ხარჯების დაკისრება მოუთხოვია მოწინააღმდეგე მხარისათვის. აპელანტმა მხოლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ წარდგენილ განცხადებას დაურთო ექსპერტიზის ჩატარებაზე ხარჯის გაწევის დამადასტურებელი მტკიცებულებები, მიუხედავად იმისა, რომ ეს მტკიცებულებები მისთვის მანამდეც ხელმისაწვდომი იყო. რაც შეეხება ფაქტის კონსტატაციაზე გაწეული ხარჯის დამადასტურებელ მტკიცებულებას, ასეთი საქმეში წარმოდგენილი არაა. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის დროს ვერ იმსჯელებდა ზემოხსენებული ხარჯების მოპასუხეზე დაკისრების თაობაზე და შესაბამისად, ვერც დამატებით გადაწყვეტილებას გამოიტანდა ამ ხარჯების შესახებ.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა. კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს კერძო საჩივარს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა. პ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 24 ივნისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე