საქმე №ას-1304-1242-2014 27 მაისი , 2015 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნ. ბაქაქური, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ი. ქ. (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო, სსიპ თბილისის იუსტიციის სახლი (მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 29 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – პატივისა და ღირსების შემლახველი ცნობების უარყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ი. ქ.-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხეების: სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და სსიპ თბილისის იუსტიციის სახლის მიმართ, რომლითაც მოითხოვა სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ 2013 წლის 31 იანვრის №....../კ ბრძანების ბათილად ცნობა, მოპასუხისათვის ახალი შრომითი ხელშეკრულების დადების დავალება, იძულებითი მოცდენილი დროის ანაზღაურების დაკისრება თვეში 660 ლარის ოდენობითა და პატივისა და ღირსების შემლახველი ცნობების უარყოფა.
სარჩელის ფაქტობრივ გარემოებად მითითებულია, რომ მოსარჩელე 2012 წლიდან 2013 წლის 31 იანვრამდე შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მუშაობდა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მოქალაქეთა მომსახურების თბილისის განყოფილების ხანგრძლივი სივრცის ოპერატორის პოზიციაზე. 2013 წლის 31 იანვრის №...../კ ბრძანებით მოსარჩელე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან შრომითი ხელშეკრულების ვადის ამოწურვის საფუძვლით. სარჩელში აღნიშნულია, რომ მოსარჩელემ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მოახდინა იუსტიციის სახლის თანამშრომელთა ორგანიზება და ღია წერილით მიმართა საქართველოს იუსტიციის მინისტრს სისტემაში არსებული შრომითი პრობლემების შესახებ, რამაც იუსტიციის სახლის სხვადასხვა რგოლის თანამდებობის პირთა უკმაყოფილება გამოიწვია. ი. ქ.-ის მიმართ დაიწყო დისციპლინური დევნა, თვალთვალი და ინფორმაციის შეგროვება. საქმე გადაეგზავნა უწყების შიდა აუდიტის სამსახურს, რომლის დასკვნის თანახმად, მოსარჩელეს არ დაუმტკიცდა ხელმძღვანელ პირთა მიერ წაყენებული ბრალდებები. მიუხედავად აღნიშნულისა, მოსარჩელეს 2013 წლის 31 იანვარიდან აღარ გაუგრძელეს შრომითი ურთიერთობა. მოსარჩელის განმარტებით, მის მიმართ განხორციელდა დისკრიმინაცია განსხვავებული აზრის გამო. ამასთან, შეილახა მისი პატივი, ღირსება და საქმიანი რეპუტაცია.
მოპასუხეებმა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს და მიუთითეს, რომ მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველს წარმოადგენდა შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლა და მოსარჩელის მიერ იუსტიციის სამინისტროსადმი ღია წერილის მიწერის გამო, რაიმე სახის დისკრიმინაციას მის მიმართ ადგილი არ ჰქონია. გარდა ამისა, მოპასუხეებმა განმარტეს, რომ მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლებით მისი პატივი, ღირსება და საქმიანი რეპუტაცია არ შელახულა. მოპასუხეებმა აღნიშნეს, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შიდა აუდიტის სამსახურმა თბილისის იუსტიციის სახლის მენეჯერ გ. ჭ.-ის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე დაიწყო დისციპლინური წარმოება ი. ქ.-ის მიერ დისციპლინური გადაცდომის სავარაუდო ჩადენის ფაქტთან დაკავშირებით. დასკვნის თანახმად, მოსარჩელის გარკვეული ქმედებებით დაირღვა სამოქალაქო რეესტრის თავმჯდომარის 2009 წლის 13 აგვისტოს №... ბრძანებით დამტკიცებული მოქალაქეთა მომსახურების სტანდარტები, რაც უნდა შეფასდეს დისციპლინურ გადაცდომად. გარდა ამისა, 2011 წლის 20 აპრილის №...../კ ბრძანების საფუძველზე, მოსარჩელე დაინიშნა სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ძველი თბილისის სამსახურის მთავარ სპეციალისტად. აღნიშნულ პოზიციაზე ყოფნისას, 2011 წლის 11 სექტემბერს მას მიეცა შენიშვნა სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს დებულებისა და „ადამიანური რესურსების მართვის სახელმძღვანელოს“ მოთხოვნათა დარღვევისათვის. მოგვიანებით, 2012 წლის 13 თებერვალს, ი. ქ.-ეს სააგანტოს თავმჯდომარის ბრძანების შესაბამისად, დისციპლინური გადაცდომისთვის გამოეცხადა საყვედური. 2012 წლის 28 თებერვალს შიდა კონტროლის სამსახურის დასკვნისა და 2012 წლის 29 თებერვლის სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით, მოსარჩელეს გაუგრძელდა დისციპლინური სასჯელის ვადა სამი თვით.
მოპასუხეებმა განმარტეს, რომ მოსარჩელეს კანონის დაცვით ეთქვა უარი შრომითი ხელშეკრულების ვადის გაგრძელებაზე და განემარტა მიზეზები. მოსარჩელის მიმართ არსებობდა პრეტენზიები მის მიერ შრომითი დისციპლინის დარღვევის საკითხებზე, რომელთა ნაწილი დადასტურდა აუდიტის დასკვნით. ამასთან, იუსტიციის სახლისათვის სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს უფლებამოსილებების დელეგირების ფაქტიდან გამომდინარე, იმ ეტაპზე არ არსებობდა შესაბამისი თავისუფალი პოზიცია, რომელზე მუშაობის გაგრძელებასაც მოსარჩელე შეძლებდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით ი. ქ.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით ი. ქ.-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ 2012 წლის 22 სექტემბერს ერთი მხრივ, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, როგორც „დამსაქმებელსა“ და მეორე მხრივ, ი. ქ.-ეს, როგორც „დასაქმებულს“ შორის დაიდო ვადიანი შრომითი ხელშეკრულება, რომლითაც ი. ქ.-ე დაინიშნა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მოქალაქეთა მომსახურების სააგენტოს თბილისის განყოფილებაში ხანგრძლივი სივრცის ოპერატორის თანამდებობაზე. აღნიშნული ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდგომ, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის 2013 წლის 04 იანვრის ბრძანებით ი. ქ.-ეს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მოქალაქეთა მომსახურების თბილისის განყოფილების სხვა თანამშრომლებთან ერთად გაუგრძელდა შრომითი ხელშეკრულების ვადა 2013 წლის 01 იანვრიდან 2013 წლის 1 თებერვლამდე.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის 2013 წლის 31 იანვრის ბრძანებით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მოქალაქეთა მომსახურების თბილისის განყოფილების ხანგრძლივი სივრცის ოპერატორ ი. ქ.-ეს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის (ხელშეკრულების ვადის გასვლა) შესაბამისად, შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება და 2013 წლის 01 თებერვლიდან გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.
უდავოო გარემოებაა, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს იუსტიციის სახლსა და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შორის ფუნქციების გამიჯვნასთან დაკავშირებით გაუქმდა თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მოქალაქეთა მომსახურების განყოფილება, რომელშიც ხანგრძლივი სივრცის ოპერატორის თანამდებობაზე დასაქმებული იყო ი. ქ.-ე.
დადგენილია, რომ 2012 წლის 24 დეკემბერს სსიპ „იუსტიციის სახლის“ მენეჯერმა გ. ჭ.-ემ რეაგირების მიზნით, მოხსენებითი ბარათით მიმართა იუსტიციის სახლის აღმასრულებელ დირექტორ ნ. ჩ.-ს, რომლითაც აცნობა ი. ქ.-ის მიერ მომსახურების სტანდარტების დარღვევის ფაქტი.
2013 წლის 23 იანვარს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შიდა აუდიტის სამსახურმა განიხილა თბილისის იუსტიციის სახლის მენეჯერ გ. ჭ.-ის მოხსენებითი ბარათი, რომელიც ეხებოდა ი. ქ.-ის მიერ დისციპლინარული გადაცდომის სავარაუდო ჩადენის ფაქტს. შიდა აუდიტის სამსახურმა შემოწმების შედეგად გამოვლენილი კანონიერების დარღვევის შესწავლისა და, ასევე, მოსამსახურეთა ახსნა-განმარტებების გაანალიზების საფუძველზე მიზანშეწონილად მიიჩნია, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მოქალაქეთა მომსახურების თბილისის განყოფილების ხანგრძლივი სივრცის ოპერატორ ი. ქ.-ეს გამოცხადებოდა სიტყვიერი შენიშვნა.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის პრეტენზია მისი პატივისა და ღირსების შემლახველი ცნობების გავრცელების შესახებ და მიუთითა „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველ და მე-13 მუხლებზე, რომლის თანახმად, სადავო გარემოების მტკიცების ტვირთი ეკისრებოდა მოსარჩელეს, რომელიც ვალდებული იყო ემტკიცებინა, რომ: ა) მოპასუხემ მოსარჩელის შესახებ გაავრცელა სადავო განცხადება; ბ) სადავო განცხადება არ შეესაბამებოდა სინამდვილეს, ანუ იგი მცდარი ფაქტების შემცველი იყო; გ) სადავო განცხადება ლახავდა მის პატივსა და ღირსებას.
მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი არ იყო რაიმე მტკიცებულება, რაც მოსარჩელის მიმართ სადავოდ გამხდარი განცხადებების გავრცელების ფაქტს დაადასტურებდა, ხოლო გ. ჭ.-ის მოხსენებითი ბარათი, რომელსაც მოსარჩელე მიიჩნევდა მისი პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახველ განცხადებად, წარმოადგენდა შიდასამსახურებრივ მოხსენებით ბარათს, შედგენილი იყო სწორედ ამ დანიშნულებით და არ იყო გამიზნული პირთა ფართო წრის ინფორმირებისათვის. როგორც საქმის მასალებით ირკვეოდა სწორედ აღნიშნული მოხსნებითი ბარათის საფუძველზე აწარმოა კვლევა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შიდა აუდიტის სამსახურმა და 2013 წლის 23 იანვარს შედგენილი დასკვნით არ გაიზიარა მოხსენებით ბარათში მოცემული კონკრეტული დარღვევების არსებობის ფაქტი, ხოლო, რიგი დარღვევების არსებობის ფაქტის დადგენის გამო, მიზანშეწონილად მიიჩნია ი. ქ.-ისათვის სიტყვიერი შენიშვნის გამოცხადება.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ შრომითი მოვალეობების შესრულებისას გამოვლენილი დარღვევები ი. ქ.-ესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ 2013 წლის 31 იანვარს გამოცემულ ბრძანებას საფუძვლად არ დადებია.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლზე, რომლის თანახმად, ადამიანის პატივი და ღირსება ხელშეუვალია. ამავე კოდექსის მე-18 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს, სასამართლოს მეშვეობით, კანონით დადგენილი წესით დაიცვას საკუთარი პატივი და ღირსება შელახვისაგან.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, იმისათვის, რომ სასამართლოს გზით განხორციელდეს პირის პატივისა და ღირსების შესაბამისი დაცვა, უნდა არსებობდეს შემდეგი გარემოებანი: 1. პირის პატივისა და ღირსების შელახვა; 2. პატივისა და ღირსების შემლახველი ცნობების გავრცელება; 3. გავრცელებული ცნობების სინამდვილესთან შეუსაბამობა;
„სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ცილისწამება არის არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და პირისათვის ზიანის მიმყენებელი, მისი სახელის გამტეხი განცხადება (და არა კომენტარი, აზრი, ვარაუდი, მოსაზრება, შეფასება).
ცილისწამების შემადგენლობის უმთავრეს კომპონენტს წარმოადგენს სინამდვილის შეუსაბამო, არსებითად მცდარი ფაქტების გავრცელება. ამდენად, მოსარჩელემ, უპირველესად, სწორედ ის უნდა დაამტკიცოს, რომ უშუალოდ მის შესახებ მოპასუხემ გაავრცელა ფაქტები, ეს ფაქტები არსებითად მცდარი იყო და სინამდვილეს არ შეესაბამებოდა.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი არ იყო რაიმე მტკიცებულება, რაც მოსარჩელის მიმართ სადავო განცხადებების გავრცელებას დაადასტურებდა. შესაბამისად, არ არსებობდა პატივისა და ღირსების შემლახველი ცნობების უარყოფის მოთხოვნით აღძრული სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება ი. ქ.-ემ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
პატივისა და ღირსების შემლახველი ცნობების უარყოფის ნაწილში, საკასაციო საჩივრის ძირითადი პრეტენზია იმ გარემოებას ემყარება, რომ ი. ქ.-ესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტით დამსაქმებელმა ბოროტად გამოიყენა თავისი უფლება, რითაც უგულვებელყო მოქმედი კანონმდებლობა და შელახა კასატორის პატივი, ღირსება და საქმიანი რეპუტაცია. კერძოდ, თბილისის იუსტიციის სახლის მენეჯერ გ. ჭ.-ის მოხსენებითი ბარათით ილახება ი. ქ.-ის პატივი და ღირსება, ვინაიდან, იგი ხელმისაწვდომი გახდა უწყების თანამშრომლებისთვისაც. მოხსენებით ბარათში უგულებელყოფილი იქნა კასატორის შრომითი დისციპლინა და მომსახურების სტანდარტი. მისი, როგორც დასაქმებულის ქმედებები შეფასდა, როგორც „დესტრუქციული, არაპუნქტუალური“, „სამუშაო პროცესში მისი ჯდომის მანერა უფრო წოლითს გავს“, „სახის უკმაყოფილო გამომეტყველებით ემსახურება მომხმარებელს“, „მომსახურების სტანდარტი დარღვეულია 99%-ით“. მოხსენებითი ბარათის ავტორის ფუნქციური და იურიდიული სტატუსის, ბარათის ადრესატის, შეფასების არაკორექტულობისა და ფაქტების მცდარობის გათვალისწინებით, კასატორისათვის გაუგებარია, როგორ შეიძლებოდა, აღნიშნული ბარათი მიჩნეულიყო უბრალო, სუბიექტურ შეფასებად გადაჭარბების გარეშე. კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მითითებას იმ გარემოებაზე, რომ გ. ჭ.-ე მხარეს არ წარმოადგენს, რაც მის მიერ შედგენილ მოხსენებით ბარათს კიდევ უფრო სუბიექტურს ხდის. კასატორი განმარტავს, რომ გ. ჭ.-ე არის თბილისის იუსტიციის სახლის მენეჯერი, კანონით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფაგლებში განხორცილებული ქმედებებისას იგი წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს, შესაბამისად, ოფიციალური დოკუმენტით შედგენილი მისი შეფასებითი მსჯელობა, გამოხატავს დამსაქმებლის ნებას.
კასატორმა მიუთითა საკონსტიტუციო სასამართლოს ერთ-ერთ საქმეზე „მოქალაქე აკაკი გოგიჩაიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, სადაც სასამართლომ აღნიშნა, რომ ფაქტები ყოველთვის ეყრდნობოდნენ მტკიცებულებებს, შესაბამისად, ფაქტების გავრცელება ექვემდებარება მათი სისწორის, ნამდვილობის მტკიცების ვალდებულებას. ფაქტებისა და მოსაზრებების გონივრული გამიჯვნა, ერთი მხრივ, სიტყვისა და აზრის თავისუფლებას, მეორე მხრივ კი, პატივისა და ღირსების უფლების დაცვის გარანტიას წარმოადგენს.
კასატორი მიუთითებს საპროცესო ნორმების დარღვევაზეც და განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლომ მას უთხრა სააპელაციო საჩივარზე თანდართული დოკუმენტების მტკიცებულების სახით დაშვებაზე, რითაც დაირღვა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83-ე, 380-ე და 215-ე მუხლები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 16 მარტის განჩინებით ი. ქ.-ის საკასაციო საჩივარი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ 2013 წლის 31 იანვრის №..../კ ბრძანების ბათილად ცნობის, მოპასუხისათვის ახალი შრომითი ხელშეკრულების დადების დავალებისა და იძულებითი მოცდენილი დროის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო, ხოლო საკასაციო საჩივარი პატივისა და ღირსების შემლახველი ცნობების უარყოფის ნაწილში ცნობილ იქნა დასაშვებად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთება, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატის განხილვის საგანია ი. ქ.-ის საკასაციო საჩივარი პატივისა და ღირსების შემლახველი ცნობების უარყოფის ნაწილში.
კასატორის პრეტენზიების (კასაციის მიზეზების) დასაბუთებულობის შემოწმების მიზნით, საკასაციო პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს მიუთითოს მოთხოვნის მატერიალურ-სამართლებრივ რეგულირებაზე, რადგან მატერიალური ნორმების შემადგენლობის ნიშნების არსებობა განაპირობებს სარჩელის საფუძვლიანობას.
განსახილველი დავის საგნის, სასარჩელო მოთხოვნისა და მის საფუძვლად მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების ანალიზი, გვაძლევს იმ დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ მოსარჩელის მოთხოვნის მატერიალურ-სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლი, რომელიც ბლანკეტური შინაარსისაა და მოიცავს დათქმას სპეციალურ კანონზე, რომელიც საქართველოში ძალაშია 2004 წლის 16 ივლისიდან, ესაა „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონი. სახელდობრ, სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მეორე ნაწილი განსაზღვრავს, რომ ,,პირს უფლება აქვს სასამართლოს მეშვეობით, კანონით დადგენილი წესით დაიცვას საკუთარი პატივი, ღირსება, პირადი ცხოვრების საიდუმლოება, პირადი ხელშეუხებლობა ან საქმიანი რეპუტაცია შელახვისაგან“. შესაბამისად, საკასაციო პალატის მოსაზრებით, სადავო საკითხის გადასაწყვეტად, პატივისა და ღირსების შელახვის ფაქტობრივი გარემოებების გამოსარკვევად და დასადგენად სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მეორე ნაწილის სამართლებრივი განმარტებიდან გამომდინარე, უნდა ვიხელმძღვანელოთ „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ სპეციალური კანონით, რომელიც წარმოადგენს ღირსების და პატივის სამოქალაქო რეგულირების შემავსებელ ნორმას და საბოლოოდ, ქმნის საკითხის სამოქალაქო კოდექსით გადაწყვეტის წინაპირობას.
კასატორის პრეტენზია იმ გარემოებას ემყარება, რომ თბილისის იუსტიციის სახლის მენეჯერ გ. ჭ.-ის მოხსენებითი ბარათით შეილახა მისი პატივი და ღირსება, რომელსაც საქმის განმხილველმა სასამართლომ არ მისცა სწორი სამართლებრივი შეფასება. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მისი პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვის ფაქტი წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებას, რომლის არსებობის დადასტურების მტკიცების ტვირთს მატერიალური ნორმა აკისრებს „რეპუტაცია შელახულ პირს“. შესაბამისად, ეს ის შემთხვევაა, როდესაც მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციალური და ზოგადი წესი (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი) თანხვედრაშია, რაც ნიშნავს სწორედ იმას, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელეა ვალდებული და არა მოპასუხე, ამტკიცოს, რომ: ა) მოპასუხემ მის შესახებ გაავრცელა სადავო განცხადება; ბ) სადავო განცხადება არ შეესაბამება სინამდვილეს ანუ, იგი მცდარი ფაქტების შემცველია; გ) სადავო განცხადება ზიანს აყენებს მის პატივს, ღირსებასა და საქმიან რეპუტაციას.
მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლომ დადგინა დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2012 წლის 22 სექტემბერს ერთი მხრივ, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, როგორც „დამსაქმებელსა“ და მეორე მხრივ, ი. ქ.-ეს, როგორც „დასაქმებულს“ შორის დაიდო ვადიანი შრომითი ხელშეკრულება, რომლითაც ი. ქ.-ე დაინიშნა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მოქალაქეთა მომსახურების სააგენტოს თბილისის განყოფილებაში ხანგრძლივი სივრცის ოპერატორის თანამდებობაზე. აღნიშნული ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდგომ, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის 2013 წლის 04 იანვრის ბრძანებით ი. ქ.-ეს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მოქალაქეთა მომსახურების თბილისის განყოფილების სხვა თანამშრომლებთან ერთად გაუგრძელდა შრომითი ხელშეკრულების ვადა 2013 წლის 01 იანვრიდან 2013 წლის 01 თებერვლამდე.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის 2013 წლის 31 იანვრის ბრძანებით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მოქალაქეთა მომსახურების თბილისის განყოფილების ხანგრძლივი სივრცის ოპერატორ ი. ქ.-ეს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის (ხელშეკრულების ვადის გასვლა) შესაბამისად, შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება და 2013 წლის 01 თებერვლიდან გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.
უდავო გარემოებაა, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს იუსტიციის სახლსა და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შორის ფუნქციების გამიჯვნასთან დაკავშირებით გაუქმდა თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მოქალაქეთა მომსახურების განყოფილება, რომელშიც ხანგრძლივი სივრცის ოპერატორის თანამდებობაზე დასაქმებული იყო ი. ქ.-ე.
დადგენილია, რომ 2012 წლის 24 დეკემბერს სსიპ „იუსტიციის სახლის“ მენეჯერმა გ. ჭ.-ემ რეაგირების მიზნით მოხსენებითი ბარათით მიმართა იუსტიციის სახლის აღმასრულებელ დირექტორ ნ. ჩ.-ს, რომლითაც აცნობა ი. ქ.-ის მიერ მომსახურების სტანდარტების დარღვევის ფაქტი.
2013 წლის 23 იანვარს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შიდა აუდიტის სამსახურმა განიხილა თბილისის იუსტიციის სახლის მენეჯერ გ. ჭ.-ის მოხსენებითი ბარათი, რომელიც ეხებოდა ი. ქ.-ის მიერ დისციპლინარული გადაცდომის სავარაუდო ჩადენის ფაქტს. შიდა აუდიტის სამსახურმა შემოწმების შედეგად გამოვლენილი კანონიერების დარღვევის შესწავლისა და, ასევე, მოსამსახურეთა ახსნა-განმარტებების გაანალიზების საფუძველზე მიზანშეწონილად მიიჩნია, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მოქალაქეთა მომსახურების თბილისის განყოფილების ხანგრძლივი სივრცის ოპერატორ ი. ქ.-ეს გამოცხადებოდა სიტყვიერი შენიშვნა.
სააპელაციო სასამართლოს მიერ ზემოთდადგენილი ფაქტობრივი გარემოებები კასატორს სადავოდ არ გაუხდია და ამდენად, მას საკასაციო პალატისათვის სავალდებულო ძალა გააჩნია.
კასატორის ძირითადი პრეტენზია (კასაციის საფუძვლები) საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების არასწორ კვალიფიკაციას ეფუძნება, რაც სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ საქმის განმხილველმა სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა თბილისის იუსტიციის სახლის მენეჯერ გ. ჭ.-ის მოხსენებით ბარათს, რომელიც კასატორის მოსაზრებით, წარმოადგენს მისი პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახველ განცხადებას - ფაქტს, რომელიც ხელმისაწვდომი გახდა უწყების სხვა თანამშრომლებისთვისაც. მოხსენებით ბარათში უგულებელყოფილი იქნა კასატორის შრომითი დისციპლინა და მომსახურების სტანდარტი. მისი, როგორც დასაქმებულის ქმედებები შეფასდა, როგორც „დესტრუქციული, არაპუნქტუალური“, „სამუშაო პროცესში მისი ჯდომის მანერა უფრო წოლითს გავს“, „სახის უკმაყოფილო გამომეტყველებით ემსახურება მომხმარებელს“, „მომსახურების სტანდარტი დარღვეულია 99%-ით“.
მოცემულ შემთხვევაში, სადავო მოხსენებითი ბარათის გ. ჭ.-ის მიერ შედგენის ფაქტი სადავო არაა, მაგრამ მოპასუხის (კასატორის მოწინააღმდეგე მხარის) განმარტებით „მოხსენებითი ბარათი არ შეიცავდა დასაქმებულის პატივისა და ღირსების შემლახველ ინფორმაციას, არამედ წარმოადგენდა შიდასამსახურებრივ დოკუმენტს და განკუთვნილი იყო იუსტიციის სახლის აღმასრულებელ დირექტორ ნ. ჩ.-სათვის, რომელსაც ამ ბარათით ეცნობა ი. ქ.-ის მიერ მომსახურების სტანდარტების დარღვევის ფაქტი“.
წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის ძირითადი პრეტენზიის (კასაციის საფუძვლების) კანონიერების შემოწმებისათვის უნდა შეფასდეს შეიცავდა თუ არა თბილისის იუსტიციის სახლის მენეჯერ გ. ჭ.-ის მოხსენებითი ბარათი სინამდვილის შეუსაბამო, არსებითად მცდარი ფაქტის შემცველ ინფორმაციას, რომელიც ხელმისაწვდომი გახდა მესამე პირისათვის.
პირველ რიგში, დავის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია გაირკვეს, მოხსენებით ბარათში სადავო გამონათქვამები („დესტრუქციული, არაპუნქტუალური“, „სამუშაო პროცესში მისი ჯდომის მანერა უფრო წოლითს გავს“, „სახის უკმაყოფილო გამომეტყველებით ემსახურება მომხმარებელს“, „მომსახურების სტანდარტი დარღვეულია 99%-ით“) მიეკუთვნება ფაქტებს თუ, შეფასებით მსჯელობას (აზრს). საკასაციო პალატის მოსაზრებით, აღნიშნული აუცილებელი პირობაა გავრცელებული განცხადების შეფასებისთვის, ვინაიდან „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აზრი დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით, რაც გამორიცხავს სამოქალაქო სამართლებრივ პასუხისმგებლობას, კერძოდ, მითითებული კანონის პირველი მუხლის „ფ“ ქვეპუნქტის მიხედვით, აბსოლუტური პრივილეგია განმარტებულია, როგორც კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან პირის სრული და უპირობო განთავისუფლება.
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ აზრის გამოხატვის თავისუფლებას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ძალზე ფართოდ განმარტავს. თავისი პრინციპული პოზიცია მან ასახა ერთ-ერთ პრეცედენტულ გადაწყვეტილებაში (LINGENCE v. AUSTRIA, სტრასბურგი, 08 ივლისი, 1986 წელი, განაცხადის N9815/82), რომელშიც განმარტა, რომ უდიდესი სიფრთხილით უნდა შეფასდეს „ფაქტები“ და „მოსაზრება“/ „მსჯელობა“. თავის მხრივ, „ფაქტების“ არსებობა დასაშვებად მიიჩნევდა მათ დადასტურებას, მაშინ როდესაც „მოსაზრების“/„შეხედულების“ დადასტურება პრაქტიკულად შეუძლებელია და ამდენად, იგი განეკუთვნება შეხედულებათა თავისუფლების სფეროს და დაცულია კონვენციის მე-10 მუხლის პირველი ნაწილით.
საკასაციო პალატის მოსაზრებით, „ფაქტისა“ და ,,აზრის“ გამიჯვნისათვის აუცილებელია გამიჯვნის კრიტერიუმების დადგენა. ამისათვის უნდა მივმართოთ „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლს, რომელიც მინიმალურ სტანდარტს აწესებს აზრისა და ფაქტის გამიჯვნისათვის, კერძოდ, მითითებული მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ,,აზრის ან ფაქტის სტატუსის მინიჭების საკითხის განხილვისას ყოველგვარი გონივრული ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს განცხადებაში მოყვანილი ცნობებისათვის აზრის სტატუსის მინიჭების სასარგებლოდ“.
თავად აზრის დეფინიცია მოცემულია ზემოხსენებული კანონის პირველი მუხლის „ბ“ ქვეპუნქტში, რომლის მიხედვით, „აზრი არის შეფასებითი მსჯელობა, თვალსაზრისი, კომენტარი, აგრეთვე, ნებისმიერი სახით ისეთი შეხედულების გამოხატვა, რომელიც ასახავს რომელიმე პიროვნების, მოვლენის ან საგნის მიმართ დამოკიდებულებას და არ შეიცავს დადასტურებად ან უარყოფად ფაქტს“. სიტყვა „აზრი“ ფართოდ განმარტებისას გულისხმობს განსჯას, დამოკიდებულებასა თუ შეფასებას, რომლის სისწორე თუ მცდარობა დამოკიდებულია მთლიანად ინდივიდზე, მის სუბიექტურ დამოკიდებულებაზე (იხ. სუსგ, №ას-1278-1298-2011, 20 თებერვალი, 2012 წელი). ფაქტები კი, ჩვეულებრივ, მოკლებულია სუბიექტურ დამოკიდებულებას, იგი ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარეობს, ანუ ჩვენ გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ ფაქტი შევამოწმოთ და ვნახოთ, ის რეალურად არსებობდა თუ არა, ხოლო „აზრის“ შემოწმება შეუძლებელია, რამდენადაც იგი განეკუთვნება „გონების სფეროს“, წარმოადგენს აბსოლუტურად დაცულ უფლებას, რომელში ჩარევასაც კანონმდებელი დაუშვებლად მიიჩნევს და მისი მართებულობის კვლევას დღის წესრიგში არ აყენებს. ხშირ შემთხვევაში, აზრები და ფაქტები ერთმანეთს მჭიდროდ უკავშირდებიან და მათი გამიჯვნა რთულია. ეს განპირობებულია იმით, რომ გამოთქმის ორივე ფორმა იშვიათად გვხვდება სუფთა სახით. უმთავრესად, სჭარბობს სწორედ ისეთი გამონათქვამები, რომლებშიც თავს იყრის როგორც შეფასებითი, ასევე ფაქტობრივი ელემენტები. აზრი ხშირად ეყრდნობა და ეხება ფაქტებს, ფაქტები კი, თავის მხრივ, აზრის საფუძველია, რომელიც ადასტურებს ან უარყოფს მათ, ამიტომაც ხშირად საკამათო გამონათქვამის, როგორც შეხედულების ან როგორც ფაქტის გადმოცემის, კვალიფიცირების დროს შესაძლებელია გამოთქმის კონტექსტის მიხედვით მისი ცალკეული ნაწილების იზოლირება, მაგრამ ეს მეთოდი გამართლებულია მხოლოდ მაშინ, როდესაც ამით არ იკარგება ან არ ყალიბდება გამონათქვამის შინაარსი და ნამდვილი აზრი. თუკი ასეთი იზოლირება შეუძლებელია გამონათქვამის შინაარსის გაყალბების გარეშე, მაშინ ეს გამონათქვამი უნდა ჩაითვალოს მთლიანად აზრის გამოთქმად, ანუ შეხედულებად, შეფასებით მსჯელობად და, შესაბამისად, მთლიანად უნდა იქნეს შეყვანილი ძირითადი უფლებით დაცულ სფეროში.
განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სადავო მოხსენებით ბარათში გ. ჭ.-ის მითითებები, (გამონათქვამები), როგორიცაა „დესტრუქციული, არაპუნქტუალური“, „სამუშაო პროცესში მისი ჯდომის მანერა უფრო წოლითს გავს“, „სახის უკმაყოფილო გამომეტყველებით ემსახურება მომხმარებელს“, „მომსახურების სტანდარტი დარღვეულია 99%-ით“, წარმოადგენს მხოლოდ მისი ავტორის - გ. ჭ.-ის მოსაზრებას, შეხედულებას დასაქმებულის (ი. ქ.-ის) ქცევის სტანდარტთან მიმართებაში და თავისი შინაარსით, ემსახურება არა მის გავრცელებას და მესამე პირთათვის ხელმისაწვდომობას, არამედ როგორც წინამდებარე საქმის მასალებითაა დადასტურებული მიზნად ისახავდა შიდასამსახურებრივ რეაგირებას. ამ მიზნითვე გადაეცა იუსტიციის სახლის აღმასრულებელ დირექტორ ნ. ჩ.-ს, რომელმაც გადასცა იგი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შიდა აუდიტის სამსახურს შესასწავლად და შესაძლო დარღვევების გამოსავლენად. შესაბამისად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გ. ჭ.-ის მოხსენებითი ბარათის საერთო ტონალობა, მისი შინაარსი და შედგენის მიზანი არ იყო გამიზნული ადრესატის ცილისწამებისაკენ. სადავო მოხსნებითი ბარათით მოპასუხეს არ გაუვრცელებია მოსარჩელის მიმართ ცილისმწამებლური ინფორმაცია, გამომდინარე იქიდან, რომ მასში მითითებული გამონათქვამები არ წარმოადგენს „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ე“ პუნქტით გათვალისწინებულ შემადგენლობას, რომლის დანაწესით, ცილისწამება არის არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და პირისთვის ზიანის მიმყენებელი, მისი სახელის გამტეხი განცხადება, არამედ მოხსენებით ბარათში დაფიქსირებული გამონათქვამები წარმოადგენს მოპასუხის შეფასებით მსჯელობას, მის შეხედულებას, დამოკიდებულებას პიროვნებისა და მოვლენის მიმართ, რაც სავსებით თავსდება ამავე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტში გადმოცემულ „აზრის“ დეფინიციაში, რომელიც თავის მხრივ, დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ერთ-ერთ პრეცედენტულ საქმეში არაერთხელ განმარტა, რომ გამოხატვის თავისუფლება წარმოადგენს დემოკრატიული საზოგადოების არსებობისა და თითოეული ინდივიდის განვითარების უმთავრეს საფუძველს. კონვენციის მე-10 მუხლის მე-2 ნაწილით დაშვებული ჩარევის აუცილებლობის არარასებობისას, ნორმით დაცულ სფეროში ხვდება არა მხოლოდ „უწყინარი“, „უვნებელი“ გამონათქვემები, არამედ „შეურაცხმყოფელი“, აღმაშფოთებელი“, „შოკისმომგვრელი“ მოსაზრებები. ეს არის პლურალიზმის, ტოლერანტობისა და ლიბერალიზმის მოთხოვნები, რომლის გარეშეც, წარმოუდგენელია დემოკრატიული საზოგადოების არსებობა (იხ., OTTO PREMINGER INSTITUTE v. AUSTRIA, სტრასბურგი, 20 სექტემბერი, 1994 წელი, განაცხადის N13470/87). ამ საკითხთან მიმართებაში, თავისი პრინციპული პოზიცია სასამართლომ უფრო ადრე დააფიქსირა საქმეში ჰენდისაიდი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (HANDYSIDE v. UNITED KINGDOM, სტრასბურგი, 07 დეკემბერი, 1976 წელი განაცხადის N 5493/72).
ამდენად, საკასაციო პალატის მოსაზრებით, აღნიშნულ ბარათში მითითებული ინფორმაცია არ შეიცავს კონკრეტული ფაქტების მტკიცების პრეტენზიას, მასში ასახულია მხოლოდ მოპასუხის აზრი (მსჯელობა, თვალსაზრისი) და არა ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარე ფაქტების დამტკიცების მცდელობა. ამასთან, მხედველობაშია მისაღები ის მიზანი, რომელმაც განაპირობა ამგვარი შინაარსის მოხსენებითი ბარათის შედეგენა, რომელსაც ამ კონკრეტულ საქმეზე წარმოადგენდა არა დასაქმებულ ი. ქ.-ის დისკრედიტაცია, არამედ - დასაქმებულის მიერ კომუნიკაციის სტანდარტების დარღვევისადმი შიდასამსახურებრივი რეაგირება, რაც დაკავებული თანამდებობიდან გამომდინარე ეკისრებოდა კიდევაც მენეჯერს. შესაბამისად, საკასაციო პალატა მიდის დასკვნამდე, რომ თბილისის იუსტიციის სახლის მენეჯერ გ. ჭ.-ის მოხსენებით ბარათში გამოთქმული მოსაზრებები ვერ შეფასდება ი. ქ.-ის პატივისა და ღირსების შემლახველად. უფრო მეტიც, 2013 წლის 23 იანვარს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შიდა აუდიტის სამსახურმა განიხილა რა თბილისის იუსტიციის სახლის მენეჯერ გ. ჭ.-ის მოხსენებითი ბარათი, რომელიც ეხებოდა ი. ქ.-ის მიერ დისციპლინური გადაცდომის სავარაუდო ჩადენის ფაქტს, ზოგიერთი მათგანი გაიზიარა, ზოგიერთი კი, - არა.
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სარჩელში მითითებული მოპასუხის განცხადებები არ წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლით დაცულ ადამიანის პატივისა და ღირსების დაცულ სფეროში ჩარევას, არამედ მასში ასახულია მოპასუხის შეფასებები პიროვნებისა და მოვლენის მიმართ, არ არსებობს კონსტიტუციის მე-19 მუხლი მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის წინაპირობები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორის პოზიცია იმის თაობაზე, რომ სსიპ იუსტიციის სახლის მენეჯერ გ. ჭ.-ის მოხსენებითი ბარათით შეილახა მისი პატივი და ღირსება, მოხდა მისი დისკრედიტაცია საფუძველს მოკლებულია. მით უფრო იმ პირობებში, როდესაც ი. ქ.-ესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტას საფუძვლად დაედო არა გ. ჭ.-ის მიერ შედგენილი სადავო მოხსენებითი ბარათი, არამედ შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი (ხელშეკრულების ვადის გასვლა).
სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებიდან გამომდინარე დავისას იმის შეფასება, გავრცელებული განცხადება წარმოადგენს ფაქტს თუ აზრს სამართლის საკითხს წარმოადგენს, რომლის სამართლებრივი კვალიფიკაციაც სასამართლოს შეფასებაზეა დამოკიდებული. როგორც უკვე აღინიშნა, გავრცელებული განცხადება არ წარმოადგენდა რა ცილისწამებას, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემულ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება იმის თაობაზე, რომ არ არსებობს პატივისა და ღირსების შემლახველი ცნობების უარყოფის მოთხოვნით აღძრული სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი სწორი და დასაბუთებულია, რაც გამორიცხავს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივ საფუძვლებს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ი. ქ.-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 29 ოქტომბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ნ. ბაქაქური
ბ. ალავიძე