Facebook Twitter

საქმე №ას-1004-965-2014 08 აპრილი, 2015 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ბაქაქური, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – შპს „ს. ფ-ა“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ბ. გ-ე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივი გაუქმება და გაუქმებულ ნაწილში, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურებa

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ბ. გ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე შპს „ს. ფ-ის“ მიმართ, რომლითაც მოითხოვა ბ. გ-ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ შპს „ს. ფ-ის“ 2012 წლის 05 დეკემბრის ..... ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაო ადგილზე აღდგენა, იძულებით მოცდენილი დროის ხელფასისა და გამოუყენებელი შვებულების თანხის ანაზღაურება.

სარჩელის ფაქტობრივ გარემოებად მითითებულია, რომ მოპასუხის მიერ გამოცემული ბრძანება ბ. გ-ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ უკანონოა გამომდინარე იქიდან, რომ ბრძანების მატერიალურსამართლებრივ საფუძვლად საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის გამოყენების საფუძველი, რომელიც შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლად შრომითი ხელშეკრულების პირობების დარღვევას ითვალისწინებს, მოცემულ საქმეზე დადგენილი არ არის, სახელდობრ, მოსარჩელის განმარტებით არ დასტურდება ბ. გ-ისათვის დაკისრებულ მოვალეობათა არაკეთილსინდისიერად შესრულებისა და შრომითი პირობების დარღვევის შესახებ ფაქტობრივი გარემოებები.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და სარჩელზე წარმოდგენილი შესაგებლით განმარტა, რომ ბ. გ-ე არ გამოცხადებულა სამსახურში 2012 წლის 03 და 04 დეკემბერს. ამასთან, მისი მხრიდან ადგილი ჰქონდა სამუშაო პროცესის პარალიზებას, რაც გამოიხატა მის დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლების გაფიცვისაკენ მოწოდებაში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით ბ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი შპს „ს. ფ-ის” 2012 წლის 05 დეკემბრის №..... ბრძანება ბ. გ-ესთან შრომითი ურთირთობის შეწყვეტის შესახებ; დაეკისრა შპს „ს. ფ-ას”, ბ. გ-ის სასარგებლოდ, 2012 წლის 05 დეკემბრიდან 2013 წლის 01 სექტემბრამდე პერიოდში იძულებითი განაცდურის სახით მიყენებული ზიანის ანაზღაურება, მისი ყოველთვიური ხელფასის - 2300 ლარის (დარიცხული) ოდენობის გათვალისწინებით; დაეკისრა შპს „ს. ფ-ას”, ბ. გ-ის სასარგებლოდ, გამოუყენებელი ყოველწლიური შვებულების თანხის ანაზღაურება 2300 ლარის (დარიცხული) ოდენობით. სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სს „ს. ფ-ის“ მიერ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებით შპს ,,ს. ფ-ის’’ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1.3 და მე-4 პუნქტები და ამ ნაწილში, მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ბ. გ-ეს უარი ეთქვა გამოუყენებელი ყოველწლიური შვებულების თანხის 2300 ლარის ანაზღაურებაზე; გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელი.

მოცემულ საქმეზე დადგენილია ფაქტობრივი გარემოებები იმის თაობაზე, რომ ბ. გ-ე დაინიშნა შპს „ს. ფ-ის” თბილისის სამმართველოს უფროსად. ხელშეკრულება დაიდო 6 თვის ვადით - 2012 წლის 04 იანვრამდე.

მხარეთა შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების ვადა გაგრძელდა 2012 წლის 31 აგვისტოს: ამ თარიღით გამოცემული, მოპასუხის №..... ბრძანებით, ბ. გ-ეს - შპს „ს. ფ-ის” გენერალური დირექტორის მოადგილეს, თბილისის და მცხეთა-მთიანეთის ფოსტის რეგიონალური სამმართველოს უფროსს გაუგრძელდა შრომითი ხელშეკრულების ვადა 2012 წლის 01 სექტემბრიდან ერთი წლის ვადით (2013 წლის 01 სექტემბრამდე); ამავე ბრძანებით, ბ. გ-ის ყოველთვიური შრომის ანაზღაურების ოდენობად განისაზღვრა 2300 ლარი (დარიცხული).

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ბ. გ-ე კეთილსინდისიერად, პასუხისმგებლობით და გულისხმიერებით ეკიდებოდა მასზე დაკისრებულ შრომით მოვალეობებს, კერძოდ, დადგენილია, რომ შპს ,,ს. ფის’’ საქმიანობის გაუმჯობესებასა და ელექტრონული წესით მუშაობის დანერგვაში მისი როლი მნიშვნელოვანი იყო: იგი ყოველდღიურად, ადგილზე ეცნობოდა თბილისში და მცხეთა-მთიანეთში არსებულ საფოსტო განყოფილებებში არსებულ ვითარებას და უშუალო მონაწილეობას იღებდა წამოჭრილი პრობლემების მოგვარებაში; ფოსტის თითოეულ თანამშრომელს დღის ნებისმიერ პერიოდში შეეძლო მასთან ტელეფონით დაკავშირება. მისი სამუშაო დღე სისტემატურად გრძელდებოდა ღამის 11-12 საათამდე, ზოგჯერ - პირველ საათამდეც. გარდა ამისა, მოსარჩელის სამუშაო ადგილზე, შპს „ს. ფ-ის” ადმინისტრაციულ შენობაში სისტემატურად, დაახლოებით თვეში 3-4-ჯერ იმართებოდა თათბირები, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, თვეში 1-2-ჯერ გაფართოებული თათბირები.

მოპასუხე კომპანიის მხრიდან, ბ. გ-ის, როგორც დასაქმებულის მიმართ, არ ყოფილა გამოყენებული დისციპლინური პასუხისმგებლობის რომელიმე სახე.

მოსარჩელე ბ. გელენიძე, მისადმი დაქვემდებარებული სამმართველოს თანამშრომლების მხრიდან იმსახურებდა პატივისცემას.

2012 წლის შემოდგომაზე, დაახლოებით ნოემბრის თვეში შეიცვალა შპს „ს. ფ-ის” გენერალური დირექტორი. კომპანიაში განხორციელდა გარკვეული ცვლილებები, რაც მოპასუხის განმარტებით, წარმოადგენდა კომპანიის სტრუქტურულ რეორგანიზაციას. დასაქმებულებთან გაფორმდა ერთთვიანი ხელშეკრულებები, გადაწყდა ე.წ. სპეციალური საკადრო რეზერვის შექმნა, რაც მოპასუხის განმარტებით, ნიშნავდა იმას, რომ თანამშრომლები, რომელთაც ამოეწურათ შრომითი ხელშეკრულების ვადა, ავტომატურად გადაინაცვლებდნენ საკადრო რეზერვში, საიდანაც ერთი თვის განმავლობაში გადანაწილდებოდნენ სხვა საფოსტო განყოფილებაში.

2012 წლის ნოემბრის ბოლოს, ბ. გ-ეს გარდაეცვალა დედა, რომელიც დაკრძალეს 2012 წლის 02 დეკემბერს. ეს ფაქტი მოპასუხე კომპანიისათვის ცნობილი იყო.

შპს „ს. ფ-ის” 2012 წლის 05 დეკემბრის №..... ბრძანებით ბ. გ-ე გათავისუფლდა შპს „ს. ფ-ის” თბილისისა და მცხეთა-მთიანეთის ფოსტის რეგიონალური სამმართველოს უფროსის თანამდებობიდან. ბრძანების საფუძვლად მითითებულია: ა) ბ. გ-ის მხრიდან შრომითი ხელშეკრულების პირობების დარღვევა, სახელდობრ, სამუშაო ადგილზე ორი დღის განმავლობაში გამოუცხადებლობა და სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობა; ბ) შპს „ს. ფ-ის” საქმიანობის პარალიზების მცდელობა და ხელშეშლა; გ) შპს „ს. ფ-ის” გენერალური დირექტორის განკარგულება.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სადავო ბრძანების საფუძვლად მითითებული ფაქტის მტკიცების ტვირთი, რომლითაც დადასტურდებოდა მოსარჩელის მიერ შრომითი ხელშეკრულების დარღვევა, ეკისრებოდა დამსაქმებელს.

მოცემულ შემთხვევაში, იმ გარემოების დასადასტურებლად, რომ ბ. გ-ე სამუშაო ადგილზე ორი დღის განმავლობაში არ გამოცხადებულა და მის მიერ ადგილი ჰქონდა სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობას უთითებდა: ა) შპს „ს. ფ-ის“ კანცელარიის უფროსის სამსახურებრივ ბარათზე, რომელიც ადასტურებდა გარემოებას 03 და 04 დეკემბერს კანცელარიაში ბ. გ-ის ხელმოწერით რაიმე სახის დოკუმენტაციის რეგისტრაციის არარსებობის შესახებ; ბ) მოწმეთა ჩვენებებზე, რომლებიც წარმოადგენდნენ სხვადასხვა განყოფილების უფროსებს და რომლებიც ადასტურებდნენ, რომ სხვა დღეებში მოსარჩელე ყოველდღე შედიოდა მათ განყოფილებაში, მაგრამ 03 და 04 დეკემბერს მოსარჩელე არავის არ უნახავს განყოფილებაში.

ის გარემოება, რომ 3, 4 დეკემბერს კანცელარიაში ბ. გ-ის ხელმოწერით რაიმე სახის დოკუმენტაციის რეგისტრაციის შესახებ ინფორმაცია არ მოიპოვებოდა და ამ დღეებში მოსარჩელე არ შესულა სხვადასხვა განყოფილებებში. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, არ დასტურდებოდა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ბ. გ-ე 03 და 04 დეკემბერს არ იმყოფებოდა სამსახურში. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ საქმის მასალებში წარმოდგენილი მტკიცებულებებით (მოწმეთა ჩვენებები) დასტურდებოდა, რომ: 1. 2012 წლის 03 დეკემბერს, ორშაბათს (დედის დაკრძალვის შემდგომ დღეს), დილის 9:30სთ-.სათვის ბ. გ-ე უკვე თავის სამუშაო ოთახში იმყოფებოდა (მოწმე ი. გ-ის ჩვენება); 2. ამავე დღეს, დღის მეორე ნახევარში, მოსარჩელემ ჩაატარა თათბირი სერვისცენტრების (საფოსტო განყოფილებების) უფროსებისათვის (მოწმის სახით დაკითხული სერვისცენტრის უფროსების ჩვენებები); 3. ამავე დღეს, მასთან იმყოფებოდა ორი თანამშრომელი ახსნა-განმარტების დასაწერად (მოწმეების: ე. მ-ის, ლ. ე-ის, ასევე, პ. გ-ის ჩვენებები); 4. სამუშაო დღის შემდეგ, ბ. გ-ე სამსახურში ნახა მოპასუხე კომპანიის იურიდიული სამსახურის უფროსმაც (მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტება); 5. ამ დღეს, მოსარჩელის სამსახურში ყოფნას არაპირდაპირ ადასტურებდა, მოსარჩელის მობილური ტელეფონის ნომრებზე 2012 წლის 03 დეკემბერს განხორციელებული (გამავალი, შემავალი) ზარების დეტალური ნუსხა და მასში დაფიქსირებული ანძების - ტერიტორიული განლაგების ნუსხა; 6. მოსარჩელე ბ. გ-ე სამუშაო ადგილზე იმყოფებოდა 2012 წლის 04 დეკემბერსაც, კერძოდ, 2012 წლის 04 დეკემბერს, საღამოს საათებში (გაფართოებული თათბირის წინ) მოსარჩელეს ზეპირსიტყვიერად ეცნობა, რომ გათავისუფლებული იყო სამსახურიდან (მოსარჩელის ახსნა-განმარტება, მოწმე ი. გ-ის ჩვენება), სწორედ აღნიშნული გახდა გაფართოებული თათბირის ჩაშლის მიზეზი (მოწინააღმდეგე მხარის ახსნა-განმარტება).

ამდენად, ის გარემოება, რომ ბ. გ-ის მხრიდან ადგილი არ ჰქონდა შრომითი ხელშეკრულების პირობების დარღვევას, სახელდობრ, სამუშაო ადგილზე ორი დღის განმავლობაში გამოუცხადებლობას, საქმის მასალებით არ დადასტურდა.

იმ გარემოების დასადასტურებლად, რომ მოსარჩელის მხრიდან ადგილი ჰქონდა შპს „ს. ფ-ის” საქმიანობის პარალიზების მცდელობას და ხელშეშლას, კერძოდ, ბ. გ-ე თავისი ქმედებით ხელს უშლიდა შპს „ს. ფ-ის” საქმიანობისათვის მოპასუხე აპელირებდა: ა) მოწმეთა ჩვენებებზე, რომლებიც განმარტავდნენ, რომ სერვის ცენტრების უფროსები მათ მოუწოდებდნენ პროტესტისკენ, რაც გაფიცვაში გამოიხატებოდა, რაც ცნობილი იყო ბ. გ-ისათვის; ბ) ბ. გ-ის ახსნა-განმარტებაზე, რომლის თანახმად, ირკვეოდა, რომ მოსარჩელეს ხშირი საუბარი ჰქონდა სერვის ცენტრების უფროსებთან, ასევე, მოსარჩელეს ხშირი კომუნიკაცია ჰქონდა მის მიმართ დაქვემდებარებულ თანამშრომლებთან, ირიბად/არაპირდაპირ ადასტურებდა იმ გარემოებას, რომ მოწინააღმდეგე მხარემ გაფიცვის შესახებ იცოდა, მაგრამ ხელი არ შეუშალა ამ გარემოებას, პირიქით, ე.წ. გაფართოებული თათბირისათვის თანამშრომელთა შეკრებით ხელს უწყობდა გაფიცვას.

ზემოაღნიშნული გარემოებები სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა და განმარტა, რომ მართალია სადავო არ იყო ის გარემოება, რომ: ა) მოპასუხე კომპანიაში გენერალური დირექტორის შეცვლასთან დაკავშირებულმა ცვლილებებმა (სიახლეებმა) არაერთგვაროვანი გამოხატულება ჰპოვა კომპანიის თანამშრომლებში: ნაწილს გაუჩნდა სამსახურიდან მოსალოდნელი გათავისუფლების შიში, ნაწილი არ ეთანხმებოდა საკადრო ცვლილებებს და სხვა; ბ) მოპასუხე კომპანიაში განხორციელებული ცვლილებებით (სიახლეებით) უკმაყოფილო თანამშრომელთა ნაწილი, დაახლოებით რამდენიმე ათეული პირი, 2012 წლის 05 დეკემბერს, დღის პირველ ნახევარში შეიკრიბა შპს „ს. ფ-ის” ადმინისტრაციულ შენობასთან (სათავო ოფისთან), სადაც გამოხატავდნენ თავიანთ უკმაყოფილებას ერთთვიან შრომით ხელშეკრულებებზე გადასვლის გამო, ასევე, ძველი კადრების გათავისუფლების გამო. აღნიშნულ პროცესს მიეძღვნა სატელევიზიო სიუჟეტი, რომელშიც თავიანთ პოზიციებს გამოთქვამდნენ, როგორც აქციის მონაწილენი, ისე შპს „ს. ფ-ის” გენერალური დირექტორი; მაგრამ საქმის მასალებით არ დასტურდებოდა ის გარემოება, რომ 2012 წლის 05 დეკემბრის ზემოაღნიშნულ აქციაში, ამა თუ იმ სახით მონაწილეობდა მოსარჩელე ბ. გ-ე.

ამასთან, სიუჟეტში, აქციის რომელიმე მონაწილის მხრიდან არ იყო ნახსენები მოსარჩელე სახელითა და გვარით, ან რაიმე ფორმით. საქმის მასალებით არ დასტურდებოდა ის გარემოება, რომ ბ. გ-ის მხრიდან ადგილი ჰქონდა რაიმე აქციის ჩატარების, პროტესტის გამოხატვის, კომპანიის საქმიანობის პარალიზების შესახებ თანამშრომლების მიმართ რაიმე სახის მოწოდებას.

ამდენად, დადგენილად იქნა მიჩნეული იმ გარემოება, რომ ბ. გ-ის მხრიდან ადგილი არ ჰქონდა შპს „ს. ფ-ის” საქმიანობისათვის პარალიზების მცდელობასა და ხელშეშლას.

რაც შეეხება ბრძანების საფუძვლად მითითებულ მესამე გარემოებას - შპს „ს. ფ-ის” გენერალური დირექტორის განკარგულებას, ვინაიდან ეს ბრძანება საქმეში არ იყო წარმოდგენილი, სააპელაციო სასამართლომ მის საფუძვლიანობაზე ვერ იმსჯელა.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების მიზნით სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით, 30-ე მუხლის მე-4 პუნქტით.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს შრომის კოდექსზე, რომელიც აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე შრომით და მის თანამდევ ურთიერთობებს, თუ ისინი განსხვავებულად არ რეგულირდება სხვა სპეციალური კანონით ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით (საქართველოს შრომის კოდექსის 1.1 მუხლი). სასამართლომ აღნიშნა, რომ შრომის ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებსაც არ აწესრიგებს ეს კანონი ან სხვა სპეციალური კანონი, რეგულირდება სამოქალაქო კოდექსის ნორმებით (სშკ-ის 1.2 მუხლი).

სშკ-ის 2.1 მუხლის შესაბამისად, შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ. ამავე მუხლის 2.2 პუნქტის თანახმად, შრომითი ურთიერთობა წარმოიშობა მხარეთა თანასწორუფლებიანობის საფუძველზე ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად მიღწეული შეთანხმებით.

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილ იქნა, რომ მოდავე მხარეებს შორის არსებობდა შრომითი ურთიერთობა, რაც შეწყდა დამსაქმებლის 2012 წლის 05 დეკემბრის №..... ბრძანებით, რომლითაც ბ. გ-ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან შრომითი ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო.

საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ" ქვეპუნქტის თანახმად, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველია ერთ-ერთი მხარის მიერ შრომითი ხელშეკრულების პირობების დარღვევა.

გამომდინარე იქიდან, რომ აპელანტმა (მოპასუხემ) ვერ დაადასტურა სამუშაოდან დასაქმებულის გათავისუფლების კანონიერება - დამსაქმებლის მხრიდან შრომითი ხელშეკრულების პირობების დარღვევა, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ დამსაქმებელს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, არ გააჩნდა მართლზომიერი საფუძველი, შეეწყვიტა ბ. გ-ესთან შრომითი ურთიერთობა, რის გამოც არსებობდა სადავო ბრძანების გაუქმების წინაპირობა.

შრომის კოდექსის 32.1 მუხლის თანახმად, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, დამსაქმებლის ბრალით გამოწვეული იძულებითი მოცდენის დროს, დასაქმებულს შრომის ანაზღაურება მიეცემა სრული ოდენობით. ამავე კოდექსის 44-ე მუხლის თანახმად, შრომითი ურთიერთობისას მხარის მიერ მეორე მხარისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

პალატამ მიიჩნია, რომ შრომითი ურთიერთობის უკანონო შეწყვეტით, მოპასუხემ დასაქმებულს წაართვა შესაძლებლობა განეხორციელებინა შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამსახურებრივი მოვალეობა და მიეღო შესაბამისი ანაზღაურება. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში, თბილისის საქალაქო სასამართლომ მართებულად დააკისრა შპს „ს. ფ-ას“ 2012 წლის 05 დეკემბრიდან 2013 წლის 01 სექტემბრამდე პერიოდში იძულებითი განაცდურის სახით, მიყენებული ზიანის ანაზღაურება, მისი ყოველთვიური ხელფასის - 2300 ლარის (დარიცხული) ოდენობის გათვალისწინებით.

სამოქალაქო საქმეთა პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მიუხედავად განაცდურის სრულად ანაზღაურებისა, სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1.3 ქვეპუნქტით შპს „ს. ფ-ას”, ბ. გ-ის სასარგებლოდ დააკისრა გამოუყენებელი ყოველწლიური შვებულების თანხის ანაზღაურება 2300 ლარის (დარიცხული) ოდენობით.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა შრომის კოდექსის 21-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, დასაქმებულს უფლება აქვს ისარგებლოს ანაზღაურებადი შვებულებით – არანაკლებ წელიწადში 24 სამუშაო დღით. 26-ე მუხლის ბოლო წინადადების თანახმად, დასაქმებულის საშვებულებო ანაზღაურება ყოველთვიური ფიქსირებული ანაზღაურების შემთხვევაში, განისაზღვრება ბოლო თვის ანაზღაურების მიხედვით.

ამდენად, საშვებულებო ანაზღაურება (თანხა) არ მოიცავს ხელფასისაგან განსხვავებით ანდა დამატებით რაიმე ანაზღაურებას. საშვებულებო ანაზღაურება წარმოადგენს თვიურ ფიქსირებულ ანაზღაურებას, რაც არის ბოლო თვის ანაზღაურების იდენტური და რომელიც, დასაქმებულს მიეცემა წინასწარ (წინა თვეს) და ჩაითვლება მომავალი თვის სახელფასო ანაზღაურებაში.

ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ვინაიდან მოსარჩელეს სრულად აუნაზღაურდა იძულებითი განაცდურის სახით მიყენებული ზიანი, ყოველთვიური ხელფასის - 2300 ლარის (დარიცხული) ოდენობის გათვალისწინებით, აღარ არსებობდა დამატებით, შპს ,,ს. ფ-ისათვის’’ გამოუყენებელი 2012 წლის შვებულების თანხის - 2300 ლარის (დარიცხული) ოდენობით დაკისრების საფუძველი.

გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა შპს „ს. ფ-ამ“ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტის გაუქმება და ამ ნაწილში, ახალი გადაწყვვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

კასატორის განმარტებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები, რის გამოც უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია გადაწყვეტილება ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში. კერძოდ, კასატორი აღნიშნავს, რომ შპს „ს. ფ-ის“ გენერალური დირექტორის 2012 წლის 05 დეკემბრის ..... ბრძანება მიღებულია შრომის კოდექსით დადგენილი წესით, რაც მოსამართლის მიერ არ იქნა გათვალისწინებული. კასატორი ასევე მიუთითებს, რომ მოსამართლის მიერ არ იქნა გათვალისწინებული ის გარემოება, რომ საზოგადოების გენერალური დირექტორის განკარგულება, რომლის მატერიალური სახით საქმეში არარსებობის მოტივით, სააპელაციო სასამართლომ უარი განაცხადა მასზე ემსჯელა, შეიძლება იყოს როგორც წერილობითი ისე, ზეპირი ფორმის. განკარგულება წერილობით მიიღება თუ ეს გათვალისწინებულია შესაბამისი სამართლებრივი აქტით, საქმის განხილვის დროს კასატორმა განმარტა და დაადასტურა, რომ წერილობითი ფორმით გენერალური დირექტორი მხოლოდ ბრძანებას გამოსცემს, ხოლო განკარგულება გაიცემა ზეპირი ფორმით, ამდენად საქმის მასალებში იგი წარმოდგენილი ვერ იქნებოდა.

კასატორი აღნიშნავს, რომ ბ. გ-ე სამსახურში არ გამოცხადდა 03 და 04 დეკემბერს, შესაბამისად მას არ შეუსრულებია მისთვის დაკისრებული მოვალეობები. კასატორის განმარტებით, მოსამართლე დაეყრდნო მხოლოდ მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარმოდგენილი მოწმის ჩვენებას, რომელმაც სამსახური ბ. გ-ის სამსახურიდან გათავისუფლების გამო დატოვა, ამიტომ ბუნებრივია, რომ მისი ჩვენება იქნებოდა ტენდენციური. კასატორის განმარტებით, მოსამართლემ არ გაითვალისწინა შპს „ს. ფ-ის“ მიერ წარმოდგენილ მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც არიან სხვადასხვა განყოფილებების უფროსები და რომლებიც ადასტურებენ, რომ სადავო პერიოდში მოწინააღმდეგე მხარე სამსახურში არ უნახავთ. კასატორის განმარტებით, არასწორად იქნა დადგენილი მოწინააღმდეგე მხარის სამსახურში ყოფნის ფაქტი სატელეფონო ანძის ტერიტორიული ნუსხის მიხედვით, რადგან აღნიშნული მტკიცებულება ადასტურებს, რომ სადავო პერიოდში ბ. გ-ე იმყოფებოდა ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიაზე და არა სამსახურში.

კასატორის განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ ვერ მიუთითა და ვერ დაასაბუთა, თუ რატომ არ მიიჩნია მტიცებულებად ს. ფ-ის კანცელარიის უფროსის სამსახურებრივი ბარათი, რომელიც ადასტურებდა, რომ სადავო პერიოდში მოწინააღმდეგე მხარეს კანცელარიაში არ შეუტანია დოკუმენტები და არ დაურეგისტრირებია ისინი.

კასატორის განმარტებით, მოწინააღმდეგე მხარე ხელს უშლიდა შპს „ს. ფ-ის“ საქმიანობის წარმართვას. მოწმეთა ჩვენებებით დასტურდება, რომ სერვის-ცენტრების უფროსები მოუწოდებდნენ თანამშრომლებს გაფიცულიყვნენ, მოეწყოთ აქციები, რის შედეგადაც ჩაიშალა შპს-ს ფუნქციონირება. კასატორის მითითებით, ე.წ. გაფართოებული თათბირის ჩატარებით მოწინააღმდეგე მხარემ ხელი შეუწყო გაფიცვას.

კასატორის განმარტებით, სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმის მასალები, არ გაითვალისწინა კასატორის მიერ წარდგენილ მოწმეთა ჩვენებები, დაუსაბუთებლად უარყო მისი მტკიცებულებები და შესაბამისად მიიღო უკანონო გადაწყვეტილება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 09 ოქტომბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ს. ფ-ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

დადგენილია, რომ ბ. გ-ე ვადიანი შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე დაინიშნა შპს „ს. ფ-ის” თბილისის სამმართველოს უფროსად. ხელშეკრულების ვადა 2012 წლის 31 აგვისტოს №..... ბრძანებით გაგრძელდა 2013 წლის 01 სექტემბრამდე. ამავე ბრძანებით, ბ. გ-ის ყოველთვიური შრომის ანაზღაურებად განისაზღვრა 2300 ლარი (დარიცხული).

შპს „ს. ფ-ის” 2012 წლის 05 დეკემბრის №... ბრძანებით ბ. გ-ე გათავისუფლდა შპს „ს. ფ-ის” თბილისისა და მცხეთა-მთიანეთის ფოსტის რეგიონალური სამმართველოს უფროსის თანამდებობიდან. ბრძანების საფუძვლად მითითებულია: ა) ბ. გ-ის მხრიდან შრომითი ხელშეკრულების პირობების დარღვევა, სახელდობრ, სამუშაო ადგილზე ორი დღის განმავლობაში გამოუცხადებლობა და სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობა; ბ) შპს „ს. ფ-ის” საქმიანობის პარალიზების მცდელობა და ხელშეშლა; გ) შპს „ს. ფ-ის” გენერალური დირექტორის განკარგულება.

მოსარჩელემ სადავოდ გახადა მისი გათავისუფლების შესახებ ბრძანების კანონიერება, რაც გაიზიარა პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოებმა, რომლებმაც მოცემულ საქმეზე დადგენილად მიიჩნია, რომ ბ. გ-ე კეთილსინდისიერად, პასუხისმგებლობით და გულისხმიერებით ეკიდებოდა მასზე დაკისრებულ შრომით მოვალეობებს. მის მიმართ, არ ყოფილა გამოყენებული დისციპლინური პასუხისმგებლობის არც ერთი ზომა. ბ. გ-ე, მისადმი დაქვემდებარებული სამმართველოს თანამშრომლების მხრიდან იმსახურებდა პატივისცემას.

ის გარემოება, რომ ბ. გ-ის მხრიდან ადგილი არ ჰქონდა შრომითი ხელშეკრულების პირობების დარღვევას, სახელდობრ, სამუშაო ადგილზე ორი დღის განმავლობაში გამოუცხადებლობას, საქმის მასალებით არ დადასტურდა. ასევე, უსაფუძვლოდ იქნა მიჩნეული შპს „ს. ფ-ის” პოზიცია ბ. გ-ის მხრიდან მისი საქმიანობის პარალიზების მცდელობისა და ხელშეშლის თაობაზე.

რაც შეეხება ბრძანების საფუძვლად მითითებულ მესამე გარემოებას - შპს „ს. ფ-ის” გენერალური დირექტორის განკარგულებას, ვინაიდან ეს ბრძანება საქმეში არ იყო წარმოდგენილი, სააპელაციო სასამართლომ მის საფუძვლიანობაზე ვერ იმსჯელა.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების მიზნით სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით, 30-ე მუხლის მე-4 პუნქტით; ასევე, შრომის კოდექსის პირველი, მე-2 და 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ პუნქტით და მიიჩნია, რომ ბ. გ-ე სამსახურიდან გათავისუფლდა საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, არამართლზომიერად, რის გამოც, სახეზე იყო, როგორც გასაჩივრებული ბრძანების ბათილობის ისე, უკანონო გათავისუფლების შედეგად მიყენებული ზიანის, იძულებით მოცდენილი დროის ხელფასის ანაზღაურების შრომის კოდექსის 32.1 და 44-ე მუხლებითა და სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლით გათვალისწინებული მატერიალურ-სამართლებრივი საფუძვლებით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს უზენაესი სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივ შეფასებას და მიაჩნია, არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც, ვინაიდან ამ კატეგორიის საქმეებზე უკვე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი სტაბილური პრაქტიკა (იხ., სუს 10.10.2014წ.-ის Nას-512-485-2014 განჩინება), რომლითაც განმარტებულია შრომის კოდექსის 37-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის გამოყენების მატერიალურ-სამართლებრივი საფუძვლები და დასაქმებულის უკანონო გათავისუფლებით მიყენებული ზიანის, მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების წინაპირობები (შრომის კოდექსის 44-ე და სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილი).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას შპს „ს. ფ-ის“ საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (1150 ლარის) 70% – 805 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „ს. ფ-ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორს - შპს „ს. ფ-ას“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: ....) დაუბრუნდეს მის მიერ 2014 წლის 03 ოქტომბერს №10919 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (1150 ლარის) 70% – 805 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300 773 150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ნ. ბაქაქური

ბ. ალავიძე