საქმე №ას-1017-977-2014 2 აპრილი, 2015 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ნ.შ. (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ო.ნ. (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ო.ნ.ის კანონიერმა წარმომადგენელმა მ.თ.ე.მ სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ.შ.ის მიმართ და მოითხოვა შემდეგი:
1. ქ.თბილისში, ... მდებარე უძრავ ქონებაზე ო.ნ.თვის კუთვნილი ¼ იდეალური წილის - 22,88 კვ. მეტრის რეალურად გამოყოფის გზით საზიარო უფლების გაუქმება; 2. ქ.თბილისში, .. მდებარე უძრავ ქონებაზე ო.ნ.ს კუთვნილი ½ იდეალურ წილის - 17,2 კვ.მ ფართის მიკუთვნების გზით მხარეთა საზიარო უფლების გაუქმება; 3. ნ.შ.თვის მიყენებული ზიანისა და უსაფუძვლო გამდიდრებით მიღებული თანხის: ა) 2007 წლის თებერვლიდან 2014 წლის 1 იანვრამდე (ქ.თბილისში, .. მდებარე) ბინის იჯარით გაცემის გზთ მიღებული თანხის ¼-ის - 21.580 აშშ დოლარის; ბ) 2014 წლის 1 იანვრიდან გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, საიჯარო ქირიდან ყოველთვიურად ნ.შ.თვის ო.ნ.ის სასარგებლოდ 260 აშშ დოლარის დაკისრება; გ) 2007 წლის 1 თებერვლიდან 2014 წლის 1 იანვრამდე (ქ.თბილისში, ... არსებული) ფართის იჯარით გაცემის გზით მიღებული თანხის ½-ის - 22.848 აშშ დოლარის ანაზღაურება; დ) 2014 წლის 1 იანვრიდან გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, საიჯარო ქირიდან ყოველთვიურად ო.ნ.ის სასარგებლოდ 272 აშშ დოლარის მოპასუხისათვის დაკისრება. სარჩელი ემყარება შემდეგ გარემოებებს:
ქ.თბილისში, .... ქN..-სა და N..-ში მდებარე უძრავი ქონება საკუთრების უფლებით ეკუთვნოდა ო.ნ.ს, რომელიც გარდაიცვალა 2007 წლის 13 იანვარს. მამის სამკვიდროდან კუთვნილი ½ წილი სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე მიიღო მისმა ქმედუუნარო შვილმა - ო.ნ.მა.
სამკვიდრო მიღების მიუხედავად, ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია, ასევე, ქონების ფაქტობრივად დაუფლება მოსარჩელემ 6 წლის განმავლობაში ვერ შეძლო ბებიის, ხოლო მოგვიანებით მისი უფლებამონაცვლის - ნ.შ.ის მიერ არაერთი უსაფუძვლო სარჩელის აღძვრის გამო. 2007 წლის 26 ივლისიდან 2013 წლის 14 მარტამდე ქონებაზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული იყო ექვსჯერ, მხოლოდ 2012 წლის 26 დეკემბერს გახდა შესაძლებელი ქონებაზე მოსარჩელის საკუთრების უფლების აღრიცხვა.
მოსარჩელის კუთვნილ წილს კომერციული მიზნებით იყენებდა მოპასუხე. ნ.შ.ის მიერ აღძრული არც ერთი სარჩელი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, მოპასუხე ვალდებულია აანაზღაუროს როგორც მიყენებული ზიანი, ისე ო.ნ.ის ქონებით უსაფუძვლოდ სარგებლობით მიღებული სარგებელი.
ქ,თბილისში, ... მდებარე უძრავ ქონებაზე მოსარჩელესა და მოპასუხეს გააჩნიათ საზიარო უფლება, ქონების ¼ ეკუთვნის ო.ნ.ს, ხოლო ¾ - ნ.შ.ს, რაც შეეხება .... მდებარე ქონებას მხარეთა თანასაკუთრების უფლების ობიექტია ½-½ წილი. საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად, მხარეთა საზიარო უფლების გაუქმება წილის ნატურით გაყოფის გზით შესაძლებელია, ამდენად, მხარემ მოითხოვა საზიარო უფლების გაუქმებაც.
მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ, ქ.თბილისში, ... მდებარე უძრავ ქონებასთან დაკავშირებით 22.560 ლარისა და 2014 წლის 1 იანვრიდან ყოველთვიურად, სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე 260 აშშ დოლარის გადახდასთან დაკავშირებით, ასევე .... მდებარე უძრავ ქონებაზე საზიარო უფლების გაუქმებისა და ქონების ½-ის - 17.02 კვ.მ იდეალური წილის გამოყოფის მოთხოვნის ნაწილში ცნო, ხოლო ქ.თბილისში, ..... მდებარე უძრავ ქონებაზე საზიარო უფლების გაუქმებისა და ¼-ის მიკუთვნების, ასევე, .... მდებარე ფართის იჯარით გაცემით მიღებული თანხის ½ -ის ანაზღაურებისა და აღნიშნული ბინის საიჯარო ქირიდან ო.ნ.ის სასარგებლოდ 2014 წლის 1 იანვრიდან გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე ყოველთვიურად 272 აშშ დოლარის ანაზღაურების თაობაზე არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 14 იანვრის გადაწყვეტილებით, ო.ნ.ის კანონიერი წარმომადგენლის მ.თ.ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ქ.თბილისში, მდებარე ო.ნ.ისა და ნ.შ.ის თანასაკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე არსებული საზიარო უფლება გაუქმდა 2013 წლის 22 მარტის №.... ექსპერტიზის დასკვნის და დანართ №2-ის შესაბამისად ქონების ნატურით გაყოფის გზით, ნ.შ.ს ო.ნ.ის სასარგებლოდ (2007 წლიდან 2013 წლის ჩათვლით .... მდებარე ნივთით სარგებლობისათვის) დაეკისრა 22 848 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა, ნ.შ.ს ო.ნ.ის სასარგებლოდ დაეკისრა 2014 წლის 1 იანვრიდან გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე თვეში 272 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა, გაუქმდა საზიარო უფლება ო.ნ.ისა და ნ.შ.ის თანასაკუთრებაში არსებულ ქ.თბილისში, მდებარე უძრავ ქონებაზე, 2013 წლის 26 ივლისის №.... ექსპერტიზის დასკვნისა და დანართ №1-ის შესაბამისად, ნივთის ნატურით გაყოფის გზით, ნ.შ.ს მოსარჩელე ო.ნ.ის სასარგებლოდ დაეკისრა ( .... მდებარე ქონებით სარგებლობისათვის 2007 წლიდან 2013 წლის ჩათვლით) 22 560 ლარის გადახდა, ნ.შ.ს ო.ნ.ის სასარგებლოდ 2014 წლის 1 იანვრიდან გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე ყოველთვიურად დაეკისრა 260 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება .... მდებარე ფართით სარგებლობისათვის 22 848 აშშ დოლარის, ყოველთვიურად 272 აშშ დოლარის დაკისრების, ასევე, ..... მდებარე ქონებიდან მოსარჩელისათვის 22,88 კვ. მეტრის მიკუთვნების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილებით ნ.შ.ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 და მე-4 პუნქტების შეცვლით ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ო.ნ.ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ნ.შ.ს ო.ნ.ის სასარგებლოდ (..... მდებარე ქონებით სარგებლობისათვის 2007 წლიდან 2013 წლის ჩათვლით) დაეკისრა 20 420 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა, ნ.შ.ს ო.ნ.ის სასარგებლოდ 2014 წლის 1 იანვრიდან გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე ყოველთვიურად დაეკისრა 243.1 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა, დანარჩენ ნაწილში, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგი დასაბუთებით:
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ნ.შ.ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნისა და სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 27 ივნისის სხდომაზე სააპელაციო საჩივარზე ნაწილობრივ უარის თქმის გათვალისწინებით, სასამართლოს განხილვის საგანს წარმოადგენდა ქ.თბილისში, ... არსებული ფართით სარგებლობისათვის 22 848 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარისა და ყოველთვიურად 272 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმება.
პალატამ დადგენილად ცნო შემდეგი გარემოებები:
– 2007 წლის 13 იანვარს გარდაცვლილი ო.ნ.ის პირველი რიგის მემკვიდრეები იყვნენ მოსარჩელე ო.ნ.ი და ასევე პირველი რიგის მემკვიდრე ჯ.კ.ის უფლებამონაცვლე ნ.შ.ი. მოსარჩელის მიერ სამკვიდრო მიღებულია, თუმცა საჯარო რეესტრში რეგისტრირებული არ არის, ვინაიდან მხარეთა შორის წლების განმავლობაში მიმდინარეობდა დავა სამკვიდროს მიღება-გაყოფასთან დაკავშირებით. სამკვიდრო მასაში შემავალი ქონებით მოსარჩელე ვერ სარგებლობდა, რადგან სამკვიდროს გახსნის დღიდან სამკვიდრო ქონება იყო მოპასუხის მფლობელობაში;
– მემკვიდრეებს შორის სამკვიდრო გაყოფილია შემდეგნაირად: ქ.თბილისში, ... მდებარე უძრავი ქონების ¾ ნაწილი ეკუთვნის ნ.შ.ს, ხოლო ¼ - ო.ნ.ს. ქ.თბილისში, ... მდებარე ქონებიდან ½ ნ.შ.ის, ხოლო ½ - ო.ნ.ის საკუთრებაა.
სააპელაციო საჩივრის შინაარსიდან გამომდინარე, აპელანტი სადავოდ ხდიდა მხოლოდ მოპასუხის მიერ .... მდებარე უძრავი ქონებიდან მოსარჩელის კუთვნილი წილის 2007 წლიდან 2013 წლის განმავლობაში გამოყენებით გამოწვეული მიუღებელი შემოსავლის (22 848 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი) ოდენობას, ასევე, ყოველთვიური სარგებლობისათვის 2014 წლის იანვრიდან დაკისრებული ყოველთვიური თანხის (272 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი) ოდენობას და არა მისი დაკისრების სამართლებრივ საფუძველს.
არ იქნა გაზიარებული გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნა, რომ ადგილის შესაბამისად მსგავსი ფართის ქირის გათვალისწინებით მოპასუხეს უნდა დაკისრებოდა 22 848 აშშ დოლარის (2007 წლიდან 2013 წლის ჩათვლით), ხოლო 2014 წლის 1 იანვრიდან გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე - თვეში 272 აშშ დოლარის გადახდა.
საქალაქო სასამართლო ამ საკითხის განხილვისას ძირითადად დაეყრდნო მოსარჩელის მიერ წარდგენილ ინდივიდუალური აუდიტორის თ.კ.ის 2013 წლის 10 დეკემბრის დასკვნას საიჯარო ქირის გაანგარიშების შესახებ, რომელიც სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე და 105-ე მუხლების თანახმად. სასამართლოს განმარტებით, მითითებულ აუდიტორულ დასკვნაში არ არის გამოყენებული ღირებულების შეფასებისათვის საკმარისი მეთოდოლოგია და არ არის ჩატარებული საკმარისი კვლევა. დასკვნაში აღნიშნულია, რომ სამუშაოს შესასრულებლად მოხდა საჭირო ინფორმაციის მოძიება და შეკრება სხვადასხვა არხებიდან და სხვადასხვა მონაცემთა ბაზებიდან, თუმცა გაურკვეველია, რა მონაცემები იყო გამოყენებული კვლევისათვის და, რეალურად, რას ეფუძნებოდა იგი. სააპელაციო პალატის შეფასებით, მითითებული დასკვნა, პირველი ინსტანციის სასამართლომ ისე გაიზიარა, რომ იგი სათანადოდ არ შეუფასებია. აუდიტის დასკვნა ასევე მოპასუხემაც წარადგინა, თუმცა საქალაქო სასამართლომ სადავო საკითხის გასარკვევად ისე გაიზიარა მოსარჩელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, რომ არ შეუფასებია მოპასუხის მიერ წარდგენილი მტკიცებულება.
სააპელაციო სასამართლომ, როგორც ამ დასკვნების შეჯერების, ისე დასკვნების შემდგენ პირთა განმარტების შეფასებით მიიჩნია, რომ თ.კ.ის განმარტებები მის მიერ გაცემულ დასკვნასთან დაკავშირებით არ იყო დასაბუთებული, განსხვავებით გ.ჯ.ის განმარტებისაგან. სასამართლოს შეფასებით, დამოუკიდებელი აუდიტორის, ფიზიკური პირი გ.ჯ.ის 2013 წლის 23 დეკემბერს N.. დასკვნაში კვლევისათვის გამოყენებული იყო უფრო დამაჯერებელი და საკმარისი მეთოდოლოგია, რის გამოც მიუღებელი შემოსავალისა და ყოველთვიური ქირის ოდენობის დაანგარიშებისას პალატამ სწორედ ეს მტკიცებულება მიიჩნია სათანადოდ.
აუდიტორის დასკვნის მიხედვით, ქ.თბილისში ... მდებარე ფართის ერთი კვადრატული მეტრი საიჯარო ღირებულება შეადგენდა 13 აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარს, ხოლო შეფასების ზღვრული ცდომილება 8-10%-ს. ამდენად, სასამართლოს დასკვნით, სადავო ფართის ერთი კვადრატული მეტრი საიჯარო ღირებულება შეადგენდა 14.3 აშშ დოლარს, ხოლო 34 კვ. მეტრის გათვალისწინებით ყოველთვიური ქირის ოდენობა - 486.2 აშშ დოლარს. ო.ნ.ს, მისი წილის (½ წილი) კვალობაზე, ყოველთვიურად უნდა მიეღო 243.1 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი, 2007 წლიდან 2014 წლამდე კი - 20 420 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი, ამდენად, პალატამ ჩათვალა, რომ მითითებული დასკვნის საფუძველზე, უნდა შეცვლილიყო გასაჩივრებული გადაწყვეტილების მე-3 და მე-4 პუნქტები და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოპასუხეს უნდა დაკისრებოდა მიუღებელი შემოსავალი - 20 420 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარისა და ყოველთვიური ქირის - 243.1 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ანაზღაურება.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ.შ.მა, მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით 16 336 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის, ხოლო ყოველთვიური ქირის სახით 195 აშშ დოლარის ეკვივალენტი ეროვნული ლარის დაკისრება შემდეგი საფუძვლებით:
კასატორის განმარტებით, მისი სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას საიჯარო ქირის ღირებულების შემცირება და ამ თანხისათვის საშემოსავლო გადასახადის გამოკლება წარმოადგენდა, სასამართლომ, მართალია, მართებულად შეამცირა იგი და ამ ნაწილში სრულად გაიზიარა აპელანტის მოსაზრება, თუმცა მხარეს უარი განუცხადა საშემოსავლო გადასახადის გამოკლებაზე, ხოლო ეს უარი გადაწყვეტილებით არ დაუსაბუთებია. გადაწყვეტილებაში სასამართლოს არ აუსახავს მსჯელობა იმის თაობაზე, თუ რატომ არ გამოიყენა თანხის გაანგარიშების ის მეთოდიკა, რაც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაშია მოცემული.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 9 ოქტომბრის განჩინებით ნ.შ.ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა ნ.შ.ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ნ.შ.ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ ნ.შ.ს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით ე.მ.ის მიერ 2014 წლის 22 სექტემბერს N4 საგადახდო დავალებით გადახდილი 400,76 ლარისა და მის მიერვე 2014 წლის 9 ოქტომბერს N1 საგადახდო დავალებით გადახდილი 110,65 ლარის, სულ - 511,41 ლარის 70% – 357,987 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ.შ.ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ ნ.შ.ს (პ/№......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით ე.მ.ის მიერ 2014 წლის 22 სექტემბერს N4 საგადახდო დავალებით გადახდილი 400,76 ლარისა და მის მიერვე 2014 წლის 9 ოქტომბერს N1 საგადახდო დავალებით გადახდილი 110,65 ლარის, სულ - 511,41 ლარის 70% – 357,987 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური