№ას-1029-987-2014 30 აპრილი, 2015 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – შპს „გ. კ-ა“
მოწინააღმდეგე მხარე – ვ. კ-ე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 11 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი – ინფორმაციის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა ვ. კ-ემ მოპასუხე შპს „გ. კ-ის“ მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა:
1. მოპასუხე ორგანიზაციისათვის საწარმოს წლიური ანგარიშებისა და 1996 წლიდან 2013 წლამდე პარტნიორთა კრების ყველა ოქმის (რომელიც წარდგენილი იყო სამეწარმეო რეესტრში), აგრეთვე, 2006-2007 წლის იმ დოკუმენტების, რომლებიც მოპასუხის განცხადებით მათთან ინახებოდა და რომლის ჩამონათვალი სასამართლო სხდომაზე წარადგინა, გადაცემის დავალება;
2. მოპასუხისათვის 2008 წლიდან 2013 წლამდე დოკუმენტაციის (საბუღალტრო, საკანცელარიო, საკორესპონდენციო და ა.შ.) აუდიტის მეშვეობით გაცნობის დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილებით:
1. ვ. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა;
2. შპს „გ. კ-ას“ დაევალა ვ. კ-ისათვის გადაეცა:
2.1 ხელშეკრულება N --- საქონლისა და/ან სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო გაფორმებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე (დათარიღებული – 08.01.2007წ.), შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,ჯ-ს” და შპს ,,გ. კ-ა”.
2.2 ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ (საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან), დათარიღებული: 22 თებერვალი, 2007 წელი.
2.3 ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ (საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან), დათარიღებული: 14 სექტემბერი. 2006 წელი.
2.4 ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N--- (საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან), დათარიღებული: 26 თებერვალი, 2007 წელი.
2.5 ხელშეკრულება მომსახურების გაწევის შესახებ (დათარიღებული: 1 მარტი, 2007წ.), შპს ,,პ-ი’’ და შპს ,,გ. კ-ა”, დამატება ხელშეკრულებასთან 1.03.07; 1.03.2007.
2.6 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2007 წლის 23 ოქტომბრის წერილი.
2.7 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, დ. წ-ის სახელზე წერილი (1/3, დათარიღებული: 23 ოქტომბერი 2007წ.).
2.8 მიღება-ჩაბარების აქტი (შპს ,,გ. კ-ა” და შპს ,,გ. მ-ს”, დათარიღებული: 23 ოქტომბერი 2007).
2.9 ურთიერთშეთანხმება 7/1-140 დათარიღებული: 26 ივლისი 2006წ., შპს ,,გ. კ-ა” და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი დაცვის პოლიციის დეპარტამენტი (ერთვის დანართი 2).
2.10 ხელშეკრულება 4/5 – 452 (დათარიღებული: 05/04/2007), შპს ,,გ. კ-ა” და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი დაცვის პოლიციის დეპარტამენტი.
2.11 დაცვის სიგნალიზაციის სისტემის ექსპლოატაციაში მიღება-ჩაბარების აქტი (დათარიღებული: 16 ნოემბერი 2007) შპს ,,გ. კ-ა” და დაცვის პოლიციის წარმომადგენელს შორის.
2.12 ხელშეკრულება N --- 10/4-3882 (დათარიღებული: 30.10.2007წ.) (ერთვის ხარჯთაღრიცხვა). შპს ,,გ. კ-ა’’ და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი დაცვის პოლიციის დეპარტამენტი.
2.13 შპს ,,გ. კ-ას’’ სალონი ,,დ-ს” გამოკვლევის აქტი (დათარიღებული: 2.03.2007წ.) კომისია – ქ.თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის დაცვის პოლიციის სამმართველოს ზონალური მუშაობის ჯგუფის ინსპექტორის, პოლიციის კაპიტან ბ.ლ-ის, უფროსი ინჟინრის დ.დ-ს და შპს ,,გ. კ-ას” სალონი ,,დ-ს” დირექტორ თ.კ-ს შემადგენლობით.
2.14 ქ.თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის დაცვის პოლიციის სამმართველოს უფროსი, პოლიციის მაიორის უფროს ო.ქ-ის წერილი N---; დათარიღებული: 21 მარტი, 2007წ.
2.15 საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ ხელშეკრულება N--- (დათარიღებული: 2006 წლის 13 ოქტომბერი), სს ,,გ. ბ-ის” რუსთაველის ფილიალი და შპს ,,გ. კ-ა”.
2.16 ხელშეკრულება N--- (დათარიღებული: 2006 წლის 28 სექტემბერი), სს ,,გ. ბ-ი” და შპს ,,გ. კ-ა”.
2.17 საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ ხელშეკრულება (დათარიღებული: 03/31/2006წ.), სს ,,თ. ბ-ის” მარჯანიშვილის ფილიალი და შპს ,,გ. კ-ა”.
2.18 საკრედიტო ხაზის ხელშეკრულება N---; დათარიღებული: 19 ოქტომბერი, 2006წ., სს ,,ბ. ბ-ის” და შპს ,,გ. კ-ა” (გრაფიკი).
2.19 ხელშეკრულება N--- მიმდინარე ანგარიშზე საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ; 6 ოქტომბერი 2006წ., სს ,,ბ. ბ-ი” და შპს ,,გ. კ-ა”.
2.20 ბ. ბ-ის კორპორატიული სესხების მენეჯერი ა. ძ-ის წერილი (დათარიღებული: 13 სექტემბერი, 2006წ.).
2.21 შპს ,,გ. კ-ას” დამფუძნებელ პარტნიორთა კრების ოქმი N3; დათარიღებული: 29.09.06წ.
2.22 იპოთეკის ხელშეკრულება N--- (დათარიღებული: 9 ოქტომებერი 2006 წ.), სს ,,ბ. ბ-ი” და შპს ,,გ. კ-ა’’.
2.23 გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება N; (დათარიღებული: 9 ოქტომბერი 2006 წ.), სს ,,ბ. ბ-ი” და შპს ,,გ. კ-ა’’.
2.24 საკრედიტო ხელშეკრულება N---; (დათარიღებული: 10 ოქტომბერი 2006 წ.), სს ,,ბ. ბ-ი” და შპს ,,გ. კ-ა”.
2.25 ხელშეკრულება N --- საერთაშორისო VISA EElectron/VISA და MasterCard/Maestro ბარათების მომსახურების შესახებ, (დათარიღებული: 10 ივლისი, 2007წ.), სს ,,თ. ბ-ი” და შპს ,,გ. კ-ა (დანართი N 1).
2.26 ხელშეკრულება N --- ელექტრონული საშუალებებით საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ (10 დეკემბერი 2007წ.), სს ,,ბ. ბ-ი” და შპს ,,გ. და კ-ა’’ (დანართი N2)
2.27 საკრედიტო ხაზის ხელშეკრულება N1117/06-30107 (დათარიღებული: 5.11.2007წ.), სააქციო საზოგადოება ,,ბ. სილქ როუდ ბ-ი” და შპს ,,გ. და კ-ა”.
2.28 თ. ბ-ის პლასტიკური ბარათების განყოფილების უფროს ე. ვ-ის წერილი 22/106-15 (დათარიღებული: 9.01.2006).
2.29 ბრუნვითი უწყისი 2007 წლის.
2.30 დღგ-ს თვიური დეკლარაციები 2006 და 2007 წლების თვეების.
2.31 ყოველთვიური საგადასახადო ანგარიში – სოციალური გადასახადის დეკლარირების შრომის ანაზღაურების შეთანხმებისა და დაკავებული გადასახადის გაანგარიშების და გადახდილი თანხების ინფორმაციის შესახებ, 2006-2007წ.წ.
2.32 1996 წლიდან 2013 წლის ჩათვლით პარტნიორთა კრების ყველა ოქმი (რაც წარდგენილი არ არის სამეწარმეო რეესტრში).
2.33 ყოველწლიური ანგარიში 1996 წლიდან 2012 წლის ჩათვლით.
3. შპს ,,გ. კ-ას” დაევალა, ვ. კ-ისათვის აუდიტორის მეშვეობით გაეცნო შპს ,,გ. კ-ას” დოკუმენტაცია 2008 წლიდან 2013 წლის ჩათვლით.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს ,,გ. კ-ამ”.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 11 ივნისის განჩინებით:
1. შპს ,,გ. კ-ის” სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა;
2. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, ამასთან, სააპელაციო საჩივარში მითითებულ გარემოებებთან დაკავშირებით მიუთითა შემდეგზე:
მოცემულ შემთხვევაში, აპელანტი (მოპასუხე) შპს „გ. კ-ა“ დაეთანხმა გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დაკისრებულ ვალდებულებას, შპს „გ. კ-ის“ დამფუძნებლისა და 10% წილის პარტნიორ ვ. კ-ისათვის 1996 წლიდან 2013 წლის ჩათვლით პარტნიორთა კრების ოქმების (რაც წარდგენილი არ იყო სამეწარმეო რეესტრში) და 1996 წლიდან 2012 წლის ჩათვლით ყოველწლიური ანგარიშის გადაცემის, ასევე, აუდიტის მეშვეობით შპს „გ. კ-ის“ დოკუმენტაციის აუდიტის მეშვეობით გაცნობის თაობაზე.
აპელანტი 1996 წლიდან 2013 წლის ჩათვლით პარტნიორთა კრების ოქმებისა და 1996 წლიდან 2012 წლის ჩათვლით ყოველწლიური ანგარიშების შესახებ დოკუმენტების გადაცემის ვალდებულებას სადავოდ ხდიდა იმ გარემოებაზე მითითებით, რომ მოსარჩელემ ვერ დაადასტურა, თუ რომელი პარტნიორთა კრების ოქმები და ყოველწლიური ანგარიშები ინახებოდა კ-აში და ამასთან, მიუთითა, რომ სასამართლომ არ გამოიკვლია ფაქტი, არსებობდა თუ არა მოთხოვნილი დოკუმენტები კ-აში და ისე მიიღო გადაწყვეტილება ამ დოკუმენტების გადაცემის თაობაზე.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ვინაიდან დავის საგანს წარმოადგენს საზოგადოების დოკუმენტაციის პარტნიორისათვის (პარტნიორთა კრების ოქმები, ყოველწლიური ანგარიშები) გაცნობისა და გადაცემის დავალება, ივარაუდება, რომ მოთხოვნილი დოკუმენტები უნდა არსებობდეს (ინახებოდეს) კ-აში (შპს „გ. კ-აში“), რის გამოც განსახილველ შემთხვევაში აღნიშნული დოკუმენტების მოპასუხესთან არსებობის ფაქტის მტკიცების ტვირთი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილისა და ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, მოწინააღმდეგე მხარეს არ ეკისრება. ამასთან, იმ შემთხვევაში, თუ დოკუმენტები შპს „გ. კ-აში“ არ არსებობს, ეს წარმოადგენს აღსრულების ეტაპზე „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის რეგულაციის საკითხს.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა სააპელაციო საჩივარში დოკუმენტების გადაცემაზე უარის თქმის საფუძვლად მითითებული გარემოება იმის თაობაზე, რომ ვ. კ-ე მოქმედებდა კ-ის ინტერესების საწინააღმდეგოდ და გაცემულ დოკუმენტაციას (ინფორმაციას) იგი საზოგადოების საზიანო მიზნებისათვის გამოიყენებდა.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ვ. კ-ე კ-ისგან დოკუმენტების გადაცემას 2013 წლის 18 მარტს ითხოვდა, ხოლო წერილით სს „თ. ბ-ს“ 2013 წლის 19 დეკემბერს მიმართა, მას შემდეგ რაც დოკუმენტების გაცნობაზე უარი ეთქვა და აღნიშნული უფლების რეალიზება დავის ფარგლებში განახორციელა, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილებით. გარდა ამისა, სს „თ. ბ-ის“ მიმართ ზემოხსენებული წერილი პარტნიორის მხრიდან საზოგადოებისათვის ზიანის მიყენების მცდელობის მტკიცებად ვერ შეფასდებოდა.
ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არც ზემოაღნიშნული საფუძვლით არ არსებობდა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველი.
სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, სასამართლომ სწორად გამოიყენა და განმარტა „მეწარმეთა შესახებ“ კანონის 3.10, 46.5 მუხლები, კ-ის წესდების 6.11 მუხლი და არსებითად სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს ,,გ. კ-ამ”.
საკასაციო საჩივრის საფუძვლები:
სასამართლოს უნდა გამოეკვლია, თუ რეალურად რომელი დოკუმენტაციის გადაცემა შეუძლია შპს „გ. კ-ას“ ვ. კ-ისათვის და ამის საფუძველზე მიეღო გადაწყვეტილება. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებში არ დადგენილა, თუ რა დოკუმენტაცია გააჩნია შპს „გ. კ-ას“ უშუალოდ 1996 წლიდან 2006 წლამდე (დეტალურად არც 2008-2013 წლების პერიოდი გამოკვლეულა). შესაბამისად, არ არის დადგენილი, შპს „გ. კ-ას“ ფიზიკურად გააჩნია თუ არა ორგანიზაციაში 1996 წლიდან 2006 წლის ჩათვლით პარტნიორთა კრების ოქმები (რაც წარდგენილი არ არის სამეწარმეო რეესტრში) და წლიური ანგარიშები.
შპს „გ. კ-ას“ დაევალა, ვ. კ-ისათვის აუდიტორის მეშვეობით 2008 წლიდან 2013 წლის ჩათვლით შპს „გ. კ-ას“ დოკუმენტაციის გაცნობის დავალება. „მეწარმეთა შესახებ“ კანონის შესაბამისად, პარტნიორს უფლება აქვს შეამოწმოს წლიური ანგარიშის სისწორე, ამ მიზნით გაეცნოს საზოგადოების დოკუმენტაციას უშუალოდ ან აუდიტორის მეშვეობით და საწარმოს ორგანოებს მოსთხოვოს განმარტებები წლიური ანგარიშის წარდგენის შემდეგ, მაგრამ ამ ანგარიშის დამტკიცებამდე. შესაბამისად, 2008-2012 წლების ჩათვლით ანგარიშებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის გაცნობის უფლება პარტნიორს არ აქვს. ამასთან, პარტნიორს უფლება აქვს მოითხოვოს 2013 წლის დოკუმენტაცია 2013 წლის ანგარიშების წარდგენის შემდეგ და თუ მის სისწორეში ეჭვს შეიტანს, გაეცნოს 2013 წლის ანგარიშთან დაკავშირებულ შესაბამის დოკუმენტაციას.
სასამართლომ არ გამოიყენა საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ პუნქტის „ვ.ა“ და „ვ.ბ“ ქვეპუნქტები, რომლებიც დოკუმენტაციის შენახვის ვადას 6 წლით განსაზღვრავენ. ამ ნორმის შესაბამისად, შპს „გ. კ-ა“ ვალდებული არ არის, 6 წელზე მეტი ვადით შეინახოს დოკუმენტაცია.
განსახილველ საკასაციო საჩივარს კასატორმა თან დაურთო მტკიცებულებები: თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 11 ივნისის განჩინების ასლი; შპს „გ. კ-ის“ პარტნიორთა კრების 2013 წლის 20 დეკემბრის ოქმი; შპს სკს-ს“ ადმინისტრატორ ნ.დ-ის 2013 წლის 20 დეკემბრის წერილი; TNT-ს ბარათის ასლი; შპს „გ. კ-ის“ აღმასრულებელი დირექტორის თ.ჩ-ის 2013 წლის 12 დეკემბრის წერილი; თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილების ასლი (ტომი 2, ს.ფ. 114-136).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „გ. კ-ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას შპს „გ. კ-ის“ საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ლ. დ-ს მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% – 210 ლარი.
რაც შეეხება საკასაციო საჩივარზე თანდართულ მტკიცებულებებს, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ისინი უნდა დაუბრუნდეს კასატორს, რადგან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. აღნიშნული ნორმა ადგენს საკასაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების შეფასების პროცესუალურ ფარგლებს და მისი შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითება და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა არ დაიშვება, შესაბამისად, ახალი მტკიცებულება ვერც სასამართლოს მიერ იქნება გაზიარებული, მიუხედავად იმისა, მხარეს ობიექტურად ჰქონდა თუ არა შესაძლებლობა სასამართლოსათვის მანამდე წარმოედგინა ისინი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არ აქვთ. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე თანდართული მტკიცებულებები: თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 11 ივნისის განჩინების ასლი; შპს „გ. კ-ის“ პარტნიორთა კრების 2013 წლის 20 დეკემბრის ოქმი; შპს სკს-ს“ ადმინისტრატორ ნ.დ-ის 2013 წლის 20 დეკემბრის წერილი; TNT-ს ბარათის ასლი; შპს „გ. კ-ის“ აღმასრულებელი დირექტორის თ.ჩ-ის 2013 წლის 12 დეკემბრის წერილი; თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილების ასლი (ტომი 2, ს.ფ. 114-136).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „გ. კ-ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორ შპს „გ. კ-ას“ დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ლ. დ-ს მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი, საგადახდო დავალება ---, ბანკში შემოსვლის თარიღი – 2014 წლის 29 ივლისი, შესრულების თარიღი – 2014 წლის 30 ივლისი) 70% – 210 ლარი;
3. კასატორ შპს „გ. კ-ას“ დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე თანდართული მტკიცებულებები: თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 11 ივნისის განჩინების ასლი; შპს „გ. კ-ის“ პარტნიორთა კრების 2013 წლის 20 დეკემბრის ოქმი; შპს სკს-ს“ ადმინისტრატორ ნ.დ-ის 2013 წლის 20 დეკემბრის წერილი; TNT-ს ბარათის ასლი; შპს „გ. კ-ის“ აღმასრულებელი დირექტორის თ.ჩ-ის 2013 წლის 12 დეკემბრის წერილი; თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილების ასლი (ტომი 2, ს.ფ. 114-136).
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ბ. ალავიძე