Facebook Twitter

საქმე №ას-104-97-2015 15 აპრილი, 2015 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ბაქაქური, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – რ. ნ-ე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ე. კ-ა (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 11 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით საქმის განსახილველად დაბრუნება

დავის საგანი – ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების არსებობის დადგენა, სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების შეწყვეტა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ე. კ-ამ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე რ. ნ-ის მიმართ, რომლითაც მოითხოვა ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების არსებობის დადგენა, სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების შეწყვეტა.

სარჩელის ფაქტობრივ გარემოებად მითითებულია, რომ 2003 წლის 28 მარტს სანოტარო წესით გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის შინაარსით ე. კ-ამ რ. ნ-ეს მიჰყიდა მცხეთის რაიონის დაბა ზაჰესში ს-ის ქ.N19-ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 700მ2 მიწის ნაკვეთი მასზე მდებარე 161მ2 ფართობის ოთხი საცხოვრებელი ოთახისა და 81მ2 ფართობის მქონე დამხმარე ფართისაგან შემდგარი საცხოვრებელი სახლით. რეალურად კი, მხარეებს შორის დაიდო სამისდღემშიო რჩენის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით მოპასუხეს, რომელიც მოსარჩელის დის ქმარია, უნდა ერჩინა მოსარჩელე, ხოლო მოსარჩელეს ცხოვრება უნდა გაეგრძელებინა იმ სახლში, რომელიც მისი მეუღლის შეძენილი იყო. მხარეები 2003 წლიდან 2013 წლის ოქტომბრის შუა რიცხვებამდე ერთად ცხოვრობდნენ, ხოლო 2013 წლის ოქტომბრის შუა რიცხვებში მოპასუხის მხრიდან განხორციელებული სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის გამო, მოსარჩელე იძულებული შეიქნა დაეტოვეინა მისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 23 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით: 1. მოსარჩელე ე. კ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა. 2. ბათილად იქნა ცნობილი 2003 წლის 28 მარტს ე. კ-სა და რ. ნ-ეს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება დამოწმებული ნოტარიუს თ. კ-ის მიერ. 3. დადგენილ იქნა მოსარჩელე ე. კ-ასა და მოპასუხე რ. ნ-ეს შორის სამისდღემშიო რჩენის ხელშეკრულების არსებობა. 4. შეწყვეტილად იქნა აღიარებული მოსარჩელე ე. კ-სა და მოპასუხე რ. ნ-ეს შორის სამისდღემშიო რჩენის ხელშეკრულება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 17 სექტემბრის განჩინებით, რ. ნ-ის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 23 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 23 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

დაუსწრებელი გადაწყვეტილება და მისი უცვლელად დატოვების შესახებ განჩინება სააპელაციო წესით გასაჩივრდა რ. ნ-ის მიერ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 11 დეკემბრის განჩინებით რ. ნ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია ფაქტობრივი გარემოებები იმის თაობაზე, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 18.06.2014წ.-ის საოქმო (ფორმის) განჩინებით სასამართლოს მოსამზადებელი სხდომა სამოქალაქო საქმეზე მოსარჩელე - ე. კ-ა, მოპასუხე - რ. ნ-ე გადაიდო 23.06.2014წ.-ის 11:00სთ.-ზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში 23.06.2014წ.-ის 11:00სთ.-ზე დანიშნული სასამართლო სხდომის თაობაზე რ. ნ-ეს ეცნობა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ხოლო ჩაბარების განსხვავებულ, გონივრულ წესზე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში − ამ შეთანხმებით გათვალისწინებული წესით. წარმომადგენელი ვალდებულია უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს. საქმის მასალებით დადგენილია, რომ რ. ნ-ის წარმომადგენელს - დ. მ-ეს 23.06.2014წ. 11:00სთ.-ზე დანიშნული სასამართლო სხდომის თაობაზე კანონით დადგენილი წესით ეცნობა, რაც დადასტურებულია საქმეში წარმოდგენილი ხელწერილით. ეს გარემოება აპელანტს სადავოდ არ გაუხდია.

დადგენილია, რომ თბილისის სამოქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში 23.06.2014წ.-ის 11:00სთ.-ზე დანიშნულ სხდომაზე არ გამოცხადებულა რ. ნ-ე ანდა მისი წარმომადგენელი და არც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის შესახებ უცნობებიათ სასამარათლოსათვის.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში მოპასუხე რ. ნ-ის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის საფუძვლით 23.06.2014წ.-ს მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება ე. კ-ას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

რ. ნ-ემ ვერ დაადასტურა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში 23.06.2014წ.-ს დანიშნულ სასამართლოს სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის არსებობა. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომელიც ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად მიიჩნევს მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობას, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა რ. ნ-ის წარმომადგენლის - დ. მ-ის განმარტება სხდომაზე საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შესახებ და მიუთითა საქმეში წარმოდგენილ შპს „ქ. თბილისის №3 სამკურნალო პროფილაქტიკური ცენტრის” 02.07.2014წ.-ს გაცემულ №937 ცნობაზე, რომლის მიხედვით ირკვეოდა, რომ დ. მ-ემ საავადმყოფოს მიმართა 02.07.2014წ-ს. და პაციენტს აღენიშნებოდა არტერიული ჰიპერტენზია.

სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სასამართლო სხდომა დანიშნული იყო 23.06.2014წ.-ს ივნისს, ხოლო წარმოდგენილი ცნობის მიხედვით, ექიმთან მიმართვის თარიღად მითითებული იყო 02.07.2014წ.-ი. შესაბამისად, წარმოდგენილი ცნობით არ დასტურდებოდა, რომ დ. მ-ეს სასამართლო სხდომის დღეს არ შესწევდა სხდომაზე გამოცხადების უნარი.

რაც შეეხება რ. ნ-ის დის შვილის ავადმყოფობაზე მითითებას, კერძოდ, იმ გარემოებას, რომ რ. ნ-ის 5 წლის დისშვილი მოხვდა ავარიაში, აღნიშნული სააპელაციო საამართლომ არ მიიჩნია სასამართლოს სხდომაზე რ. ნ-ის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად და მიუთითა საქმეში წარმოდგენილი შპს „მ. იაშვილის სახ. ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს” 23.06.2014წ.-ის №31210 ცნობაზე, რომლითაც ირკვეოდა, რომ ა. უ-ე მარჯვენა წვივის მოტეხილობის დიაგნოზით საავადმყოფოში მოთავსდა 17.06.2014წ.-ს და საავადმყოფოდან გაეწერა 23.06.2014წ.-ს. შესაბამისად, წარმოდგენილი ცნობის მიხედვით არ დასტურდებოდა, რომ საჩივრის ავტორის დის შვილის ავადმყოფობა დადგა სასამართლო სხდომის მიმდინარეობის დღეს. საავადმყოფოში მოთავსების დღიდან პაციენტის გაწერამდე კი, მხარეს საკმარისი დრო ჰქონდა სასამართლოსათვის შეეტყობინებინა სხდომაზე გამოუცხადებლობის თაობაზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტის მიერ მითითებული და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ ასაბუთებდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში 23.06.2014წ.-ს დანიშნულ სასამართლოს სხდომაზე მოპასუხე მხარის გამოუცხადებლობის საპატიოობას.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლი კი ადგენს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ: ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები.

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში 23.06.2014წ.-ს 11:00სთ.-ზე დანიშნული სასამართლო სხდომის თაობაზე რ. ნ-ეს ეცნობა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე -78-ე მუხლებით დადგენილი წესით. სხდომაზე მოპასუხე მხარის გამოუცხადებლობის საპატიოობა საქმის მასალებით დადგენილი არ არის.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლით გათვალისწინებული, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაააჩივრა რ. ნ-ემ, რომლითაც მოითხოვა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით საქმის განსახილველად დაბრუნება.

საკასაციო საჩივრის ძირითადი დასაბუთება იმ გარემოებას ემყარება, რომ საქმის განმხილველმა სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის დანაწესით, მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ სასამართლოსთვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას, ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის. კასატორის მოსაზრებით, სასამართლოს სხდომაზე მისი გამოუცხადებლობა სწორედ ნორმაში მითითებულ „სხვა მოვლენას“ განეკუთვნება და წარმოადგენს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელ გარემოებას, რაც საქმის განმხილველ სასამართლოს სწორად არ შეუფასებია.

ამასთან, კასატორის განმარტებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის თანახმად „დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს, „როდესაც სასამართლოს ეჭვი ეპარება მხარის გამოუცხადებლობის მიზეზის საპატიოობაში“. კასატორის განმარტებით, კანონის პირდაპირი მითითებაა „მხარე“ და არა „მხარე, ან მისი წარმომადგენელი“, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მითითება, იმასთან დაკავშირებით, რომ პროცესის შესახებ გაფრთხილებული იყო წარმომადგენლი დ. მ-ე, უსაფუძვლოა, რადგან საქმეში მხარეს წარმოადგენს რ. ნ-ე და არა მისი წარმომადგენელი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 25 თებერვლის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით სადავოდაა გამხდარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 23.06.2014წ.-ის დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი უცვლელად დატოვების შესახებ 17.09.2014წ.-ის განჩინების კანონიერება.

მოცემულ საქმეზე დადგენილია ფაქტობრივი გარემოებები იმის თაობაზე, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში 23.06.2014წ.-ის 11:00სთ.-ზე დანიშნული სასამართლო სხდომის თაობაზე რ. ნ-ე გაფრთხილებული იყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, კერძოდ, საქმეში წარმოდგენილია ხელწერილი, რომლითაც დადასტურებულია, რომ რ. ნ-ის წარმომადგენელს - დ. მ-ეს 23.06.2014წ.-ის 11:00სთ.-ზე დანიშნული სასამართლო სხდომის თაობაზე ეცნობა კანონით დადგენილი წესით. ეს გარემოება აპელანტს სადავოდ არ გაუხდია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლი განსაზღვრავს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლებს. აღნიშნული მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.

ამდენად, მხარეს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შეუძლია გააქარწყლოს ვარაუდი, რომელიც საფუძვლად უდევს ამ გადაწყვეტილებას, მოითხოვოს მისი გაუქმება და საქმის წარმოების განახლება თუ, დაამტკიცებს, რომ არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობები.

წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის ძირითადი პრეტენზია იმ გარემოებას ემყარება, რომ სასამართლოს სხდომაზე მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, რაც კონკრეტულ შემთხვევაში, აბრკოლებდა მის წინააღმდეგ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებას.

კასატორის ზემოაღნიშნულ პრეტენზიას საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს და განმარტავს, კასატორის მიერ მითითებული გარემოებები ვერ ასაბუთებს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში 23.06.2014წ.-ის 11:00სთ.-ზე დანიშნულ სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის საპატიოობას და განმარტავს, რომ იმ გარემოებათა წრეს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს მითითებულია 233-ე მუხლის პირველ ნაწილში, მაგრამ ამ მუხლის ჩამონათვალი არაა ამომწურავი. გამოუცხადებელ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შეუძლია მიუთითოს სხვა გარემოებებზეც, რომლის ჩამონათვალს განსაზღვრავს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილი. ნორმის მიზნებისათვის საპატიოდ მიიჩნევა ისეთი გარემოების ანდა მოვლენის არსებობა, რომელსაც შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოს სხდომაზე მხარის გამოცხადებისათვის ანდა გამოუცხადებლობის შესახებ ინფორმაციის მიწოდებისათვის. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

მოცემულ საქმეზე დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში 23.06.2014წ.-ის 11:00სთ.-ზე დანიშნულ სხდომაზე არ გამოცხადებულა რ. ნ-ე, მისი წარმომადგენელი და გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის შესახებ მათ არ უცნობებიათ სასამართლოსათვის.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა რ. ნ-ის სასამართლოს სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად მისი დის შვილის ავადმყოფობაზე აპელირება, იმ საფუძვლით, რომ სამედიცინო ცნობა, რომლითაც რ. ნ-ე ცდილობდა დაედასტურებინა სასამართლოს სხდომაზე გამოუცხადებლობის დამაბრკოლებელი გარემოების არსებობა, იძლეოდა მხოლოდ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ა. უ-ე მარჯვენა წვივის მოტეხილობის დიაგნოზით საავადმყოფოში მოთავსდა 17.06.2014წ.-ს და საავადმყოფოდან გაეწერა 23.06.2014წ.-ი (შპს „მ.იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს” 23.06.2014წ.-ის №31210 ცნობა). ამდენად, არ დასტურდებოდა, რომ რ. ნ-ის დის შვილის ავადმყოფობა დადგა სასამართლო სხდომის მიმდინარეობის დღეს, რამაც ობიექტურად შეუძლებელი გახდა რ. ნ-ის სასამართლოს სხდომაზე გამოცხადება. მით უფრო, საავადმყოფოში მოთავსებიდან პაციენტის გაწერის დღემდე, რომელიც ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ემთხვევა სასამართლოს სხდომის დღეს, რ. ნ-ეს ჰქონდა საკმარისი დრო სასამართლოსათვის შეეტყობინებინა სხდომაზე გამოუცხადებლობის შესახებ, რაც მისი მხრიდან არ განხორციელდა.

რაც შეეხება, რ. ნ-ის წარმომადგენლის გამოუცხადებლობას, არც აღნიშნული გარემოება იქნა სარწმუნოდ დადასტურებული, რადგან, საქმეში წარმოდგენილი შპს „ქ. თბილისის №3 სამკურნალო პროფილაქტიკური ცენტრის” 02.07.2014წ.-ის №937 ცნობით დადგენილია, რომ დ. მ-ემ საავადმყოფოს მიმართა 02.07.2014წ.-ს და პაციენტს აღენიშნებოდა არტერიული ჰიპერტენზია. სასამართლო სხდომა დანიშნული იყო 23.06.2014წ.-ს, ხოლო წარმოდგენილი ცნობის მიხედვით, ექიმთან მიმართვის თარიღად მითითებული იყო 02.07.2014წ.. შესაბამისად, არ დასტურდებოდა, რომ დ. მ-ეს სასამართლო სხდომის დღეს არ შესწევდა სხდომაზე გამოცხადების უნარი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტის მიერ მითითებული და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ ასაბუთებდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში 23.06.2014წ.-ს დანიშნულ სასამართლოს სხდომაზე მოპასუხე მხარის გამოუცხადებლობის საპატიოობას.

საქართველოს უზენაესი სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივ შეფასებას და მიაჩნია, არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორმა ამ ნაწილშიც, ვერ წარმოადგინა დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია (შედავება), რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც, ვინაიდან ამ კატეგორიის საქმეებზე უკვე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა (სუს 2012 წლის 17 მაისის №ას-608-574-2012 განჩინება; სუს 2014 წლის 16 ივნისის Nას-299-281-2014 განჩინება), რომლითაც განმარტებულია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული საფუძვლები.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საკასაციო საჩივარი და მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70%, რაც შეადგენს 210 ლარს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. რ. ნ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორს - რ. ნ-ეს (პ/ნ:........) დაუბრუნდეს ნ. გ-ის მიერ 2015 წლის 16 თებერვალს №13 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70% – 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300 773 150;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ნ. ბაქაქური

ბ. ალავიძე