Facebook Twitter

№ას-1087-1037-2014 30 აპრილი, 2015 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – ა. ჟ-ე

მოწინააღმდეგე მხარე – ნ. გ-ი

კასატორი – ნ. გ-ი

მოწინააღმდეგე მხარე – ა. ჟ-ე

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილება

ა. ჟ-ის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოწინააღმდეგე მხარისათვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე პირგასამტეხლოს სახით 0.1%-ის დაკისრება

ნ. გ-ის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება

დავის საგანი – სააღსრულებო ფურცლის გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა ნ. გ-მა მოპასუხე ა. ჟ-ის მიმართ და მოითხოვა:

ნოტარიუს ს. მ-ის მიერ 2012 წლის 11 ივნისს გაცემული N--- სააღსრულებო ფურცლის გაუქმება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 14 მარტის გადაწყვეტილებით:

1. ნ. გ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;

2. ნაწილობრივ გაუქმდა ნოტარიუს ს. მ-ის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცელი და ნ. გ-ის ვალდებულებად ა. ჟ-ის წინაშე განისაზღვრა 6738.89 აშშ დოლარის, აგრეთვე, 2012 წლის 12 დეკემბრიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 3.37 აშშ დოლარის გადახდა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. ჟ-ემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილებით:

1. ა. ჟ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება;

3. ნ. გ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;

4. ნაწილობრივ გაუქმდა ნოტარიუს ს. მ-ის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცელი და ნ. გ-ის ვალდებულებად ა. ჟ-ის წინაშე განისაზღვრა 11026.64 აშშ დოლარის, აგრეთვე, 2013 წლის 12 დეკემბრიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 7.72 აშშ დოლარის გადახდა;

5. მოწინააღმდეგე მხარეს – ნ. გ-ს აპელანტ ა. ჟ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 738 ლარის გადახდა სააპელაციო საჩივარზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად, აგრეთვე, წარმომადგენლის დახმარებაზე გაწეული ხარჯი – 200 ლარის ოდენობით.

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

ნ. გ-სა და ა. ჟ-ეს შორის 2011 წლის 28 ოქტომბერს დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება. ა. ჟ-ემ, როგორც გამსესხებელმა, ნ. გ-ს, როგორც მსესხებელს, 3 თვის ვადით (2012 წლის 28 იანვრის ჩათვლით) გადასცა თანხა 30000 აშშ დოლარის ოდენობით. სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით ყოველთვიურად გათვალისწინებული იყო 4%. ხელშეკრულების პირობების თანახმად, განსაზღვრული იყო პირგასამტეხლოს ოდენობა გადაუხდელი თანხის 0.3%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მოვალის მიერ ვალდებულების ნებაყოფლობით შეუსრულებლობის შემთხვევაში, კრედიტორს მიენიჭა უფლებამოსილება მოთხოვნის დაკმაყოფილება უზრუნველეყო ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე. ამასთან, გამსესხებლის მოთხოვნის უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დაიტვირთა ქ.ბათუმში, ფ. მ-ის ქ.N74-ში მდებარე ნ. გ-ის კუთვნილი ბინა N8 (საკადასტრო კოდი N---). ხელშეკრულების პირობების მიხედვით, სესხის დაბრუნების ვადის გაგრძელება უნდა მომხდარიყო წერილობითი შეთანხმებით.

მხარეებს შორის დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ვალდებულების შესრულების მიზნით, მოსარჩელეს მოპასუხის სასარგებლოდ 2013 წლის 11 დეკემბრამდე გადახდილი ჰქონდა 34500 აშშ დოლარი. ამასთან, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ 3-თვიან ვადაში ნ. გ-ს გადახდილი ჰქონდა 4500 აშშ დოლარი, კერძოდ, სესხისთვის გათვალისწინებული პროცენტი.

2012 წლის 11 ივნისს ნოტარიუსმა ს. მ-ემ ა. ჟ-ის სასარგებლოდ გასცა N--- სააღსრულებო ფურცელი. სააღსრულებო ფურცლის მიხედვით აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობამ შეადგინა:

სესხის თანხა – 30000 აშშ დოლარი, ერთი თვის პროცენტი – 1500 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო – 2012 წლის 29 იანვრიდან აღსრულებამდე 0.3%, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, აგრეთვე, სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი – 124.36 ლარი. ამავე სააღსრულებო ფურცლით დადგინდა იპოთეკის საგნის რეალიზაცია.

მხარეთა შორის ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაგრძელებას ადგილი არ ჰქონია.

სააპელაციო საჩივარი წარდგენილი იყო გასაჩივრებული გადაწყვეტილებით შემცირებული პირგასამტელოს 6738.89 აშშ დოლარისა და, აგრეთვე, ყოველდღიურად დასარიცხი პირგასამტეხლოს 3.37 აშშ დოლარის ნაწილში, კერძოდ, აპელანტის მოთხოვნით პირგასამტეხლო უნდა განსაზღვრულიყო 31138.83 აშშ დოლარით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.15%-ის დარიცხვის დაანგარიშებით.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილებულიყო. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის დანაწესზე, რომლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სამოქალაქო კოდექსის აღნიშნული ნორმა ითვალისწინებს სასამართლოს უფლებამოსილებას მხარეთა მიერ შეთანხმებული პირგასამტეხლოს შემცირებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მიიჩნევს, რომ შეთანხმებული პირგასამტეხლო შესაბამისად მაღალია. აღნიშნული საკითხი სასამართლომ უნდა შეაფასოს საქმის გარემოებების გათვალიწინებით, კერძოდ, პირგასამტეხლოს ოდენობის გონივრულობის შეფასებისას სასამართლო ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ითვალისწინებს ვალდებულების დარღვევის ფაქტს, დაკისრებული თანხის მოცულობას, მხარეთა მიერ ხელშეკრულებით განსაზღვრულვრულ ვალდებულების შესრულების ვადას და როგორც ქონებრივ, ასევე, ყველა პატივსადებ გარემოებას მოვალის ინტერესების გათვალისწინებით. შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლომ პირგასამტეხლოს გონივრული ოდენობა უნდა განსაზღვროს, ასევე, კრედიტორის ქონებრივი უფლებების მოვალის ინტერესებთან თანაბარზომიერი გათვალისწინების შედეგად, ისე, რომ პირგასამტეხლოს შემცირებით არ მოხდეს კრედიტორის ინტერესების დაუშვებელი ხელყოფა.

განსახილველ შემთხვევაში, უდავოდ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით (სესხის ხელშეკრულების 3-თვიანი ვადა; მოვალის მიერ სესხის ძირითადი თანხის – 30000 აშშ დოლარის გადახდის ვადის დარღვევის პერიოდი – 2012 წლის 29 იანვრიდან 2013 წლის 11 დეკემბრამდე, ამასთან, თანხის სხვადასხვა ოდენობით გადახდის სახით არათანაბარი პერიოდულობით გადახდა) სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე უნდა შემცირებულიყო კონკრეტული ვადაგადაცილებული პერიოდისათვის შესასრულებელი ვალდებულების (ძირითადი თანხის დავალიანების) 0.07%-მდე, კერძოდ, 2012 წლის 29 იანვრიდან – 31 ივლისამდე პერიოდზე (185 დღეზე) დარიცხულმა პირგასამტეხლომ (დღეში 0.07%) შეადგინა 3885 აშშ დოლარი; 2012 წლის 1 აგვისტოდან 30 სექტემბრამდე პერიოდზე (61 დღეზე) – 1105.29 აშშ დოლარი; 2012 წლის 1 ოქტომბრიდან 28 თებერვლამდე (151 დღეზე) – 2535.77 აშშ დოლარი; 2013 წლის 1 მარტიდან 31 მაისამდე (92 დღეზე) – 1289.68 აშშ დოლარი; 2013 წლის 1 ივნისიდან 31 ივლისამდე (61 დღეზე) – 760.73 აშშ დოლარი, ხოლო, 2013 წლის 1 აგვოსტოდან 11 დეკემბრამდე (133 დღეზე) – 1450.17 აშშ დოლარი, რამაც საბოლოოდ 11026.64 აშშ დოლარი შეადგინა. ზემოაღნიშნულ დავალიანებაზე 0.07%-ის დარიცხვა ყოველდღიურად 2013 წლის 12 დეკემბრიდან უნდა განხორციელებულიყო დავალიანების სრულად დაფარვამდე, აღსრულებამდე.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა, ერთი მხრივ, ა. ჟ-ემ და, მეორე მხრივ, ნ. გ-მა.

ა. ჟ-ის საკასაციო საჩივრის საფუძვლები:

მოცემულ შემთხვევაში, ა. ჟ-ესა და ნ. გ-ს შორის არსებული სესხის ხელშეკრულების ვადა 3 თვით განისაზღვრა, მაგრამ ნ. გ-ის მიერ ვალდებულების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის გამო იგი გაგრძელდა ვალდებულების შესრულებამდე. სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლისა და სამოქალაქო სამართალში არსებული კეთილსინდისიერების საფუძველზე, სასამართლოს მიერ ხელშეკრულების ვადის გაგრძელების წერილობითი ფორმის არარსებობის გამო მოვალისთვის ხელშეკრულებით განსაზღვრული საპროცენტო სარგებლის დაუკისრებლობა უკანონო და დაუსაბუთებელია. სამოქალაქო კოდექსის 417-ე და 418-ე მუხლების შესაბამისად, ა. ჟ-ემ და ნ. გ-მა პირგასამტეხლო განსაზღვრეს 0.3%-ის ოდენობით. საქალაქო სასამართლომ პირგასამტეხლოს ოდენობა შეამცირა 0.05%-მდე, რითაც შელახა კასატორის, როგორც კრედიტორის ინტერესი. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე, სამოქალაქო კოდექსის 69-ე, 403-ე, 417-ე და 418-ე მუხლების საფუძველზე, ნ. გ-ს უნდა დაეკისროს მის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი და შეუსრულებელი ვალდებულების სრულად შესრულება.

ნ. გ-ის საკასაციო საჩივრის საფუძვლები:

სააპელაციო სასამართლომ არასწორად გაზარდა აპელანტის მოთხოვნა დღეების გამოანგარიშების ნაწილში. 153 დღე, რომელიც რეალურად ვადაგადაცილებას წარმოადგენდა, 185 დღემდე გაზარდა. აღნიშნულს საფუძვლად დაუდო მხოლოდ აპელანტის სიტყვიერი განცხადება. სასამართლომ არ გაიზიარა მოწინააღმდეგე მხარის პოზიცია ვადაგადაცილებულ დღეებთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, ვადაგადაცილებული დღეების გამოანგარიშების ნაწილში გადაწყვეტილება უკანონოა;

პირგასამტეხლოს გაზრდა 0.05%-დან 0.07%-მდე არის კანონშეუსაბამო. ნ. გ-ი კეთილსინდისიერია, ვინაიდან, მან ა. ჟ-ეს გადაუხადა 34500 აშშ დოლარი და თანხმობა განაცხადა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაეხადა 0.05%;

სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას. განსახილველ შემთხვევაში, ნ. გ-მა სრულად შეასრულა ვალდებულება, შესაბამისად, მას საერთოდ არ უნდა დაეკისროს პირგასამტეხლო.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. ჟ-ისა და ნ. გ-ის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივრებს არა აქვთ წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ა. ჟ-ისა და ნ. გ-ის საკასაციო საჩივრები, რის გამოც საკასაციო საჩივრებს უარი უნდა ეთქვათ განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივრები დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორებს უნდა დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივრებზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%, კერძოდ, ა. ჟ-ეს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (556.00 ლარი) 70% – 389.20 ლარი, ხოლო კასატორ ნ. გ-ს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ვ. გ-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (375 ლარი) 70% – 262.50 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა. ჟ-ისა და ნ. გ-ის საკასაციო საჩივრები, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორ ა. ჟ-ეს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (556.00 ლარი, საგადახდო დავალება № ---, გადახდის თარიღი – 2014 წლის 22 აგვისტო) 70% – 389.20 ლარი;

3. კასატორ ნ. გ-ს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ვ. გ-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (375.00 ლარი, საგადახდო დავალება N ---, გადახდის თარიღი – 2014 წლის 9 სექტემბერი) 70% – 262.50 ლარი.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე