საქმე №ას-109-102-2015 3 აპრილი, 2015 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ნ. წ-ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ი. ბ-ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 8 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის ნაწილობრივ ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ნ. წ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ი. ბ-ის მიმართ და მოითხოვა, ნაწილობრივ ბათილად იქნეს ცნობილი ნოტარიუს ო. გ-ის მიერ 2013 წლის 20 სექტემბერს გაცემული სააღსრულებო ფურცელი ძირითადი თანხის – 2400 აშშ დოლარის, სარგებლის – 1600 აშშ დოლარისა და პირგასამტეხლოს – 2460 აშშ დოლარის ნაწილში.
მოსარჩელემ განმარტა, რომ 2013 წლის 29 მარტს ზ. დ-სა და მოპასუხე ი. ბ-ს შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად ზ. დ-მა მოპასუხისაგან ისესხა 20 000 აშშ დოლარი 3 თვის ვადით თვეში 4%-ის დარიცხვით.
რეალურად მსესხებელს სესხის სახით გადაეხადა 18 000 აშშ დოლარი და არა ხელშეკრულებაში მითითებული 20 000 აშშ დოლარი. მოსარჩელის მითითებით, მსესხებელმა გამსესხებელს გადაუხადა სამი თვის სარგებელი – 2400 აშშ დოლარი. ნასესხები თანხის – 18 000 აშშ დოლარის 4% შეადგენს 720 აშშ დოლარს, ხოლო სამი თვის განმავლობაში გადასახდელი პროცენტია 2160 აშშ დოლარი, შესაბამისად, პროცენტის სახით გადახდილი თანხიდან 2400 აშშ დოლარიდან ზედმეტი თანხა – 240 აშშ დოლარი უნდა ჩაითვალოს ძირითადი თანხის ანგარიშში გადახდილად.
2013 წლის 20 სექტემბერს ნოტარიუს ო. გ-ის მიერ კრედიტორის განცხადების საფუძველზე გაიცა სააღსრულებო ფურცელი, რომლის თანახმად, აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა განისაზღვრა 20 000 აშშ დოლარით – ძირითადი თანხით, სესხის ორი თვის სარგებლით – 1600 აშშ დოლარითა და პირგასამტეხლოთი – ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის 0.15%-ით, სულ – 2460 აშშ დოლარით.
მოსარჩელემ განმარტა, რომ იგი წარმოადგენს ზემოაღნიშნული სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების მესაკუთრეს. ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცელში სწორად არ არის დადგენილი დავალიანების მოცულობა ძირითადი თანხიდან 2000 აშშ დოლარის ნაწილში. ამასთან, სარგებლის გადახდის ვალდებულება შესრულებული იყო, ამდენად, დავალიანების მოცულობიდან 2400 აშშ დოლარის ნაწილში სააღსრულებო ფურცლის გაცემის საფუძველი არ არსებობდა. 2013 წლის 29 ივნისიდან 2013 წლის 20 სექტემბრამდე დარიცხული პირგასამტეხლო 2460 აშშ დოლარის ოდენობით, შეუსაბამოდ მაღალია.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და არ დაეთანხმა მოსარჩელის პოზიციას სესხის ძირითადი თანხის 18 000 აშშ დოლარით განსაზღვრისა და 2400 აშშ დოლარის გადახდილად მიჩნევის შესახებ.
საქმეში დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე მესამე პირად ჩაება ზ. დ-ი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 6 მაისის გადაწყვეტილებით ნ. წ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 8 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2013 წლის 29 მარტს ი. ბ-სა და ზ. დ-ს შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად ი. ბ-მა ზ. დ-ს ასესხა 20 000 აშშ დოლარი თვეში 4%-ის დარიცხვით სამი თვის ვადით. ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის მხარეებმა გაითვალისწინეს პირგასამტეხლო ყოველი გადაცილებული დღისათვის 0.15%. სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ზ. დ-ის კუთვნილი უძრავი ქონება ქ. თბილისში, გლდანის მასივის მე-- მკ/რ-ის №-- კორპუსის №71 ბინაში. იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება ამჟამად წარმოადგენს ნ. წ-ის საკუთრებას.
კრედიტორის მოთხოვნის შესაბამისად, 2013 წლის 20 სექტემბერს ნოტარიუს ო. გ-ის მიერ გაიცა სააღსრულებო ფურცელი, რომლის თანახმად ზემოაღნიშნული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა განისაზღვრა სესხის თანხით – 20 000 აშშ დოლარით, ორი თვის სარგებლით – 1 600 აშშ დოლარითა და პირგასამტეხლოთი ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის, სულ – 2 460 აშშ დოლარით.
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა ნ. წ-ის პრეტენზია სადავოდ სააღსრულებო ფურცლის ნაწილობრივ გაუქმებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ სამოქალაქო კოდექსის 623-ე, 624-ე მუხლების, ასევე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, რიგ შემთხვევებში მტკიცებულების არჩევის აუცილებლობას თვით მატერიალურ-სამართლებრივი ნორმა ითვალისწინებს. ფულადი ვალდებულების სპეციფიკიდან გამომდინარე, მხარეთა შორის სასესხო ვალდებულების წარმოშობის ფაქტი უნდა დასტურდებოდეს ისეთი სახის მტკიცებულებებით, რომლებიც პირდაპირ მიუთითებს მოვალისათვის თანხის გადაცემის ფაქტზე. სესხის ხელშეკრულება რეალური ხელშეკრულებაა და იგი დადებულად ითვლება მსესხებლისათვის თანხის ან გვაროვნული ნივთის გადაცემის მომენტიდან. სესხის ხელშეკრულების არსიდან გამომდინარე, გასესხებული თანხის გადაცემის დამტკიცების მოვალეობა აქვს გამსესხებელს. ზეპირი სესხის ხელშეკრულების დროს თანხის გადაცემის და შესაბამისად, სესხის ხელშეკრულების დადების ფაქტი არ შეიძლება დადასტურდეს ზეპირი სახის მტკიცებულებებით – მოწმის ჩვენებით, მხარის ახსნა-განმარტებით.
ამდენად, კანონმდებელი სესხის ხელშეკრულების წერილობით ფორმას გარკვეულ უპირატესობას ანიჭებს, რადგან ხელშეკრულების სადავოდ გახდომისას მხარეთა ინტერესების დაცვა უფრო მეტადაა გარანტირებული, გამსესხებელი თავისი მოთხოვნის დასადასტურებლად მიუთითებს წერილობითი ფორმით დადებულ სესხის ხელშეკრულებაზე, მსესხებელმა კი უნდა დაადასტუროს ამ საბუთის უსწორობა. განსახილველ შემთხვევაში, სესხის ხელშეკრულებით დგინდება, რომ გამსესხებელმა ი. ბ-მა მსესხებელ ზ. დ-ს გადასცა 20 000 აშშ დოლარი. ამავე ხელშეკრულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, ხელშეკრულებაზე ხელის მოწერით მსესხებელი ადასტურებს ამ ხელშეკრულების მე-3 მუხლის პირველ პუნქტში მითითებული სესხის თანხის სრულად მიღებას. სესხის ხელშეკრულება ხელმოწერილია მსესხებლის მიერ, რომელსაც სადავოდ არ გაუხდია ხელშეკრულებაზე მისი ხელმოწერის ნამდვილობა. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად არ გაიზიარა ზ. დ-ის განმარტება გამსესხებლისგან რეალურად 18 000 აშშ დოლარის მიღების თაობაზე.
აღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ დადგენილად ჩათვალა, რომ სესხის ხელშეკრულება დადებულია 20 000 აშშ დოლარზე და ეს თანხა მსესხებელს სრულად აქვს მიღებული. მოსარჩელემ (აპელანტმა) კი ვერ დაადასტურა ამ საბუთის (სესხის ხელშეკრულების) უსწორობა.
სააპელაციო პალატის მოსაზრებით, მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ კონკრეტულ შემთხვევაში მხარეთა შორის დადებულია სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება. აღნიშნულიდან გამომდინარე, უდავოა, რომ სადავო ხელშეკრულებით გამოვლენილია სესხის – 20 000 აშშ დოლარის გადაცემის ნება, სესხის თანხა გაცემულია და მისი დაბრუნების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთულია ამჟამად ნ. წ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება.
სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ზ. დ-ს მის მიერ ი. ბ-ისაგან სესხის სახით აღებული თანხის 20 000 აშშ დოლარის ორი თვის სარგებელი – 1600 აშშ დოლარი არა აქვს გადახდილი. სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლებით.
სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლი ადგენს ვალდებულების შესრულების მიღების წესს. ზემოაღნიშნული მუხლის პირველი ნაწილით, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი. მითითებული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ კრედიტორი ყოველთვის ვალდებულია, გასცეს მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ ამას მოვალე მოითხოვს. კანონში კრედიტორის მიმართ არსებობს მეტად ცალსახა დამოკიდებულება – იგი ვალდებულია, მოვალის მოთხოვნის შემთხვევაში გასცეს ასეთი დოკუმენტი, თუმცა კანონი ასეთივე მომთხოვნი არ არის მოვალის მიმართ. მას შეუძლია, არ გამოითხოვოს ასეთი საბუთი კრედიტორისაგან. ბუნებრივია, კანონმდებლის ასეთი დამოკიდებულება განპირობებულია ვალდებულებიდან გამომდინარე მხარეთა მდგომარეობით. ნორმაში მითითებული დოკუმენტის ფლობა აუცილებლობას წარმოადგენს მოვალისათვის, რადგან მან მხოლოდ ამ დოკუმენტით შეიძლება დაადასტუროს ვალდებულების შესრულება, რასაც ვერ ვიტყვით კრედიტორზე. მას არანაირი საჭიროება არ აქვს, ფლობდეს ამ დოკუმენტს არც სამართლებრივი და არც ფაქტობრივი თვალსაზრისით. კანონი მოვალეს აღჭურვავს მთელი რიგი უფლებებით, რათა შესძლოს ვალდებულების შესრულების და კრედიტორის მიერ ამ შესრულების მიღების ფაქტის დადასტურება. ამ უფლების გამოუყენებლობა კი, წარმოადგენს მის რისკს და შეუძლებელს ხდის ზემოთ მითითებული გარემოების დადასტურებას. ამდენად, რადგან სესხად გაცემული თანხის ორი თვის სარგებლის – 1600 აშშ დოლარის დაბრუნების დამადასტურებელი გარემოების მტკიცების ტვირთი ეკისრება მოსარჩელეს, შესაბამისი მტკიცებულება კი, სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის საფუძველზე შეიძლება იყოს თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, რაც მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებში არ მოიპოვება, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მსესხებლების მიერ სესხად აღებული თანხის ორი თვის სარგებელი გადახდილი არ ყოფილა.
სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის, 317-ე მუხლის პირველი ნაწილის, 361-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ კიდევ ერთხელ გამაახვილა ყურადღება მის მიერ დადგენილ გარემოებაზე, რომ ზ. დ-ს ი. ბ-ისაგან სესხის სახით აღებული 20 000 აშშ დოლარი და ორი თვის სარგებელი – 1600 აშშ დოლარი არ გადაუხდია.
რაც შეეხება აპელანტის მითითებას პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ დიდ ოდენობაზე, ამ ნაწილშიც პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნას იმის შესახებ, რომ სააღსრულებო ფურცლით განსაზღვრული პირგასამტეხლო არ იყო შეუსაბამოდ მაღალი. ამდენად, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად არ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით მინიჭებული უფლებამოსილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება ნ. წ-მა გაასაჩივრა საკასაციო წესით და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:
კასატორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო პალატამ, საქალაქო სასამართლოს მსგავსად, სრულიად უსაფუძვლოდ არ დააკმაყოფილა კასატორის შუამდგომლობა მოწმეთა დაკითხვის თაობაზე, ასევე საქმეში ჩაბმულ მესამე პირს არ მისცა საქმეში მონაწილეობის მიღების საშუალება. საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა მესამე პირის განცხადება, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, სასამართლო სხდომის გადადების შესახებ, რასაც ერთოდა ამ უკანასკნელის ჯანმრთელობის ცნობა. ზ. დ-ი სააპელაციო სასამართლოს სხდომაზეც ვერ გამოცხადდა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, თუმცა არც აღნიშნული გაიზიარა სააპელაციო სასამართლომ და საქმე მის გარეშე განიხილა. მესამე პირს საერთოდ არ მიეცა დრო საქმის მასალების სრულყოფილად გასაცნობად და ადვოკატის ასაყვანად მაშინ, როცა სწორედ მესამე პირი წარმოადგენს აღნიშნულ საქმეზე მოვალეს, მას გააჩნია გარკვეული მტკიცებულებები, რისი წარდგენის საშუალებაც უსამართლოდ არ მიეცა.
კასატორმა განმარტა, რომ სასამართლომ არასწორად არ დააკმაყოფილა მისი მოთხოვნა საქმეზე მოწმის სახით დ. დ-ის დაკითხვის შესახებ. მოწმე დაადასტურებდა იმ გარემოებას, რომ მოპასუხემ სინამდვილეში სესხის სახით გასცა არა 20 000 აშშ დოლარი, არამედ 18 000 აშშ დოლარი, ხოლო მსესხებელმა სამი თვის სარგებლის თანხა, სულ – 2400 აშშ დოლარი დაფარა. ასეთ შემთხვევაში სასამართლო მიიღებდა სწორ გადაწყვეტილებას და სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდებოდა.
კასატორმა მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი, რომელიც ადგენს სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირების შესაძლებლობას, თუმცა მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს შემცირებაზე უსაფუძვლოდ არ დაკმაყოფილდა, რაც ეწინააღმდეგება მსგავს კატეგორიის საქმეებზე სასამართლო პრაქტიკას.
მოპასუხეს სააღსრულებო წარმოებათა წესით დაყადაღებული აქვს მოსარჩელის იპოთეკით დატვირთული ბინა, რაც კიდევ უფრო მეტად ზღუდავს მოსარჩელის უფლებებს. აღნიშნული ცხადჰყოფს მოპასუხის მიზანს, ხელში რომ ჩაიგდოს მოსარჩელის ბინა, რასაც ხელს უწყობს გასაჩივრებული განჩინებაც.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 5 თებერვლის განჩინებით ნ. წ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე განჩინებით დადგინდა, რომ კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა ნ. წ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2013 წლის 29 მარტს ი. ბ-სა და ზ. დ-ს შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად ი. ბ-მა ზ. დ-ს ასესხა 20 000 აშშ დოლარი თვეში 4%-ის დარიცხვით სამი თვის ვადით. ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის მხარეებმა გაითვალისწინეს პირგასამტეხლო ყოველი გადაცილებული დღისათვის 0.15%. სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ზ. დ-ის კუთვნილი უძრავი ქონება ქ. თბილისში, გლდანის მასივის მე-- მკ/რ-ის №--კორპუსის №71 ბინაში. იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება ამჟამად წარმოადგენს ნ. წ-ის საკუთრებას.
კრედიტორის მოთხოვნის შესაბამისად, 2013 წლის 20 სექტემბერს ნოტარიუსმა ო. გ-ემ გასცა სააღსრულებო ფურცელი, რომლის თანახმად ზემოაღნიშნული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა განისაზღვრა სესხის თანხით – 20 000 აშშ დოლარით, ორი თვის სარგებლით – 1 600 აშშ დოლარითა და პირგასამტეხლოთი ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის, სულ – 2 460 აშშ დოლარით.
სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ზ. დ-ს მის მიერ ი. ბ-ისაგან სესხის სახით აღებული თანხის 20 000 აშშ დოლარის ორი თვის სარგებელი – 1600 აშშ დოლარი არა აქვს გადახდილი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით, ვინაიდან მოცემული ტიპის დავებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სტაბილური პრაქტიკა (სუს 2014 წლის 2 ივნისის №ას-1278-1220-2013 განჩინება, სუს 2011 წლის 15 ნოემბრის №ას988-1021-2011 გადაწყვეტილება).
საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის პირველი ნაწილით, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი.
მითითებული ნორმით განსაზღვრული ვალდებულების შესრულების ფაქტის დასადგენად ამავე ნორმით გათვალისწინებულია შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, რაც უდავოდ გულისხმობს წერილობითი სახის მტკიცებულებას. ფულადი ვალდებულების თავისებურებიდან გამომდინარე, მისი შესრულება უნდა დასტურდებოდეს ისეთი სახის მტკიცებულებებით, რომლებიც პირდაპირ მიუთითებს თანხის გადახდის ფაქტზე, მაგალითად, ხელწერილით, თანხის გადარიცხვის დოკუმენტით და სხვა.
რაც შეეხება პირგასამტეხლოს შემცირების საკითხს, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება, ამ ვალდებულების შესრულებამდე. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა.
პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება.
სასამართლოს, ზემოაღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით, მხარის შუამდგომლობის საფუძველზე უფლება აქვს, დაიყვანოს პირგასამტეხლო თანაზომიერების ფარგლებამდე.
პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ. წ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ბ. ალავიძე