საქმე №ას-1096-1045-2014 08 აპრილი, 2015 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ბაქაქური, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – გ. ქ-ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ჯ. ქ-ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 25 აგვისტოს განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ხელშეშლის აღკვეთა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ჯ. ქ-მა და სს „ტ-ის“ გენერალურმა დირექტორმა - ვ. ო-მა სარჩელი აღძრეს სასამართლოში მოპასუხე გ. ქ-ის მიმართ, რომლითაც მოითხოვეს მოპასუხის მიერ სამარშუტო ხაზით (ლენტეხი-თბილისი-ქუთაისი-ხონი-ამბროლაური) სარგებლობის ხელშეშლის აღკვეთა. სარჩელის ფაქტობრივ გარემოებად მითითებულია, რომ მოსარჩელე ჯ. ქ-ი 1996 წლიდან წარმოადგენდა სს „ტ-ის“ აქციონერს და საზოგადოებაში ფლობდა აქციათა 0,69%-ს. 2012 წლის 27 დეკემბერს სს „ტ-სა“ და აქციონერ ჯ. ქ-ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ჯ. ქ-ი, როგორც „მძღოლი“ უნდა მომსახურებოდა მარშრუტს ლენტეხიდან ყველა მიმართულებით თბილისი-ქუთაისი-ხონი-ამბროლაური. მოსარჩელის განმარტებით, აღნიშნულ სამარშუტო ხაზს სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობდა მოპასუხე, რის გამოც ხელშემკვრელი მხარეები ვერ ასრულებდნენ ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს და მოპასუხის მიერ სამარშუტო ხაზით უკანონო სარგებლობით ხელი ეშლებოდათ.
მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სადავო სამარშრუტო ხაზს ფლობდა მამამისი - გ. ქ-ი.
ცაგერის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 12 დეკემბრის საოქმო (ფორმის) განჩინებით საქმეში მოპასუხე მხარეზე ჩაება გ. ქ-ი, რომელმაც სასამართლოში წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და სადავოდ გახდა საქმეში წარმოდგენილი 2012 წლის 27 დეკემბერს სს „ტ-სა“ და აქციონერ ჯ. ქ-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ნამდვილობა, სახელდობრ, მიუთითა, რომ ამ ხელშეკრულებაზე მითითებული მოქმედების ვადა გადასწორებული იყო. ირკვეოდა თითქოს, რომ ხელშეკრულება მოქმედებდა 6 თვით და ციფრი 6 გადასწორებული იყო 10-ად. შესაბამისად, მოსარჩელე ჯ. ქ-ი არ იყო უფლებამოსილი მოეთხოვა სადავო სამარშრუტო ხაზის მფლობელობის აკრძალავა. მეორე მოსარჩელის - სს „ტ-ის“ პრეტენზია კი, მის მიმართ უსაფუძვლოდ მიიჩნია და განმარტა, რომ იგი 2003 წლიდან ფლობდა სადავო სამარშრუტო ხაზს და შეთანხმებული იყო თბილისის დიდუბის ავტოვაგზლის „დიდუბის“ დირექტორთან ნ. შ-თან, რომლის საფუძველზეც ასრულებდა მარშრუტირებას თბილისი-ლენტეხის მიმართულებით.
ცაგერის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 20 თებერვლის საოქმო (ფორმის) განჩინებით დაკმაყოფილდა სს „ტ-ის“ გენერალური დირექტორის - ვ. ო-ის შუამდგომლობა სარჩელის გამოხმობის თაობაზე და სარჩელი დატოვებულ იქნა განუხილველად სს „ტ-ის“ გენერალური დირექტორის - ვ. ო-ის მოთხოვნის ნაწილში და დაუბრუნდა მოსარჩელეს.
ცაგერის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით ჯ. ქ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გ. ქ-ს აეკრძალა სამარშრუტო ხაზით სარგებლობის უფლება ლენტეხი-თბილისი-ქუთაისი-ხონი-ამბროლაურის მიმართულებით. მოპასუხე გ. ქ-ის მიმართ მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა.
გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა გ. ქ-მა, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით ჯ. ქ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 25 აგვისტოს განჩინებით გ. ქ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე ცაგერის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება.
მოცემულ საქმეზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ სს „ტ-ის” წესდების მიხედვით საზოგადოების დამფუძნებელს წარმოადგენდა ლენტეხის რაიონის გამგეობა. წესდების 3.2 პუნქტის თანახმად, საზოგადოების საქმიანობის ძირითადი სახეები იყო: მგზავრთა გადაყვანა საგარეუბნო და საქალაქთაშორისო მარშრუტებზე და სატვირთო გადაზიდვები.
სს ,,ტ-სა” და ჯ. ქ-ს შორის, 2012 წლის 27 დეკემბერს გაფორმდა ხელშეკრულება სამარშრუტო ხაზით (ლენტეხი - თბილისი - ხონი - ამბროლაური - ქუთაისი) სარგებლობის თაობაზე.
საქმეში წარმოდგენილი სს „ტ-ის” დირექტორის მიერ გაცემული ცნობით დადგენილ იქნა, რომ მოსარჩელე ჯ. ქ-ი 1989-1992წწ.-ში მოძრაობდა სამარშრუტო ხაზზე ლენტეხი-თბილისის მიმართულებით და იგი ამ პერიოდიდან მოყოლებული იყო უფლებამოსილი ემოძრავა ამავე სამარშრუტო ხაზზე. შესაბამისად, დადგენილ იქნა ფაქტობრივი გარემოება ჯ. ქ-ის მიერ სამარშრუტო ხაზის (ლენტეხი-თბილისის მიმართულებით) მართლზომიერი მფლობელობის შესახებ.
უდაოდ დადგენილ იქნა, რომ მოპასუხე ფლობდა და სარგებლობდა სამარშრუტო ხაზით ლენტეხი-თბილისის მიმართულებით. თუმცა დასახელებული სამარშრუტო ხაზის მართლზომიერად (თუ კეთილსინდისიერად) ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი მოპასუხე (იმავდროულად აპელანტს), გ. ქ-ს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია.
მოპასუხის მფლობელობის მართლზომიერების ფაქტის დასადასტურებლად სს „ტ-სა” და ს. ჩ-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულება, რომლითაც დასტურდებოდა ს. ჩ-ის მიერ მარშრუტის ლენტეხიდან ყველა მიმართულებით თბილისი - ქუთაისი - ხონი - ამბროლაური განხორციელების ფაქტი სასამართლომ მტკიცებულებად არ მიიჩნია, ვინაიდან ამ ხელშეკრულების მხარეს გ. ქ-ი არ წარმოადგენდა. სააპელაციო სასამართლომ არც შპს „გ-სა” და ს. ჩ-ს შორის გაფორმებული მომსახურების შესახებ ხელშეკრულება, რომლითაც ირკვეოდა, რომ ავტოსადგური გადამზიდველს (ს. ჩ-ს და არა გ. ქ-ს) უწევდა მომსახურებას და კისრულობდა ვალდებულებას უზრუნველეყო „გადამზიდველი” მის სარგებლობაში არსებული ქ. თბილისში, კ-ის ქ. №4-ში მდებარე ავტოსადგურის ტერიტორიაზე გამოყოფილი ბაქნით და ა.შ. ... მიიჩნია სადავო ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელ მტკიცებულებად, ვინაიდან არც ამ ხელშეკრულების მხარეს გ. ქ-ი არ წარმოადგენდა.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების მიზნით სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 155-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილებით, რომლის თანახმად, მფლობელობა წარმოიშობა ნივთზე ფაქტობრივი ბატონობით; თუ პირი ნივთს ფლობს იმ სამართლებრივი ურთიერთობის საფუძველზე, რომელიც განსაზღვრული ვადით ანიჭებს მას ნივთის ფლობის უფლებას ან ავალდებლებს მას ფლობდეს ნივთს, მაშინ ეს პირი ითვლება პირდაპირ მფლობელად, ხოლო უფლების მიმნიჭებელი ან ვალდებულების დამკისრებელი მიიჩნევა არაპირდაპირ მფლობელად. 161-ე მუხლის თანახმად კი, თუ კეთილსინდისიერ მფლობელს არ ჩამოერთმევა ნივთი, მაგრამ სხვაგვარად შეეშლება ხელი მისი მფლობელობის განხორციელებაში, მაშინ მას მსგავსად მესაკუთრისა, შეუძლია მოითხოვოს ხელის შეშლის აღკვეთა.
ამავე კოდექსის 159-ე მუხლის თანახმად კი, კეთილსინდიერია მფლობელი, რომელიც ნივთს მართლზომიერად ფლობს, ან რომელიც უფლებამოსილ პირად შეიძლება იქნეს მიჩნეული საქმიან ურთიერთობებში საჭირო გულმოდგინე შემოწმების პირობებში.
მოცემულ შემთხვევაში, წარმოდგენილი ხელშეკრულებისა და სს „ტ-ის” დირექტორის მიერ გაცემული ცნობის საფუძველზე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ჯ. ქ-ი უფლების კეთილსინდისიერი, ამავდროულად, მართლზომიერი მფლობელი იყო და მას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 161-ე მუხლი ანიჭებდა უფლებას ხელშემშლელისაგან მოეთხოვა ხელშეშლის აღკვეთა.
მოცემულ საქმეზე დადგენილ იქნა, რომ უფლებას იმოძრაოს სამარშრუტო ხაზზე: ლენტეხი, თბილისი, ხონი, ამბროლაური-ქუთაისის მიმართულებით ჯ. ქ-ი მართლზომიერად ფლობდა, ხოლო აღნიშნული სამარშრუტო ხაზის გ. ქ-ის მიერ მართლზომიერი მფლობელობა საქმის მასალებით დაუდასტურებელი იყო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გ. ქ-მა გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. 2014 წლის 25 აგვისტოს განჩინებასთან ერთად საკასაციო წესით გასაჩივრდა განჩინებები, რომელთა თანახმადაც კასატორს უარი ეთქვა სააპელაციო სასამართლოში მტკიცებულებათა წარმოდგენასა და მოწმის დაკითხვის შესახებ შუამდგომლობაზე.
საკასაციო საჩივრის ძირითადი დასაბუთება აგებულია იმ გარემოებაზე მითითებით, რომ საქმის განმხილველი სასამართლოს მიერ საქმის ზოგიერთი ფაქტობრივი გარემოება საერთოდ არ არის შეფასებული, ზოგიერთი - არასათანადოდაა გამოკვლეული, რამაც მოცემულ საქმეზე განაპირობა არასწორი გადაწყვეტილების მიღება, კერძოდ, საქმის მასალებით ირკვეოდა, რომ სს „ტ-ის“ 0.69%-ის აქციონერ ჯ. ქ-ს უფლება არ ჰქონდა გ. ქ-ისათვის აეკრძალა თბილისი-ლენტეხის მიმართულებით სამარშრუტო ხაზზე მოძრაობა. კასატორის განმარტებით, სასამართლომ არ გაამახვილა ყურადღება იმ გარემოებაზე, რომ სამარშრუტო ხაზზე მუშაობდა გ. ქ-ის მძღოლი ს. ჩ-ი და არა თავად გ. ქ-ი.
კასატორის განმარტებით, ჯ. ქ-ს არ ჰქონდა უფლება თბილისიდან ლენტეხის მიმართულებით სამარშრუტო ხაზზე ემუშავა. კასატორმა ასევე მიუთითა ჯ. ქ-სა და სს „ტ-ს“ შორის დადებული ხელშეკრულების სიყალბეზე, რაც მისივე თქმით არც პირველი ინსტანციის და არც სააპელაციო სასამართლოების მიერ არ იქნა გამოკვლეული.
კასატორის განმარტებით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მოთხოვნა და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა. კერძოდ, სასამართლოს უნდა გამოეყენებინა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 56-ე მუხლის მე-3 პუნქტი, რომლის თანახმად, სააქციო საზოგადოებას სასამართლოში წარმოადგენენ დირექტორები. აქედან გამომდინარე, 0.69%-ის მფლობელ აქციონერს არ ჰქონდა უფლება სარჩელი წარედგინა გ. ქ-ის წინააღმდეგ, მაშინ როცა ამ უკანასკნელის მიმართ პრეტენზიას არ აცხადებდა სს „ტ-ი“. კასატორის განმარტებით, სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 84-ე მუხლით და ამის მიხედვით მიეღო გადაწყვეტილება. კასატორის მითითებით, საქმეში არ დევს სასამართლოს განჩინება მტკიცებულებათა მიღებაზე უარის თქმის შესახებ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 03 ნოემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით კასატორი სადავოდ ხდის სამარშრუტო ხაზით (ლენტეხი-თბილისი-ქუთაისი-ხონი-ამბროლაური) ჯ. ქ-ის სარგებლობის მართლზომიერებას და საკასაციო საჩივრის მიზეზები (კასაციის საფუძვლები) იმ გარემოებას ემყარება, რომ გ. ქ-ი უფლებამოსილია ისარგებლოს სადავო სამარშრუტო ხაზით სს „ტ-თან“ გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად.
მოცემულ საქმეზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, სს „ტ-ის” წესდების მიხედვით საზოგადოების დამფუძნებელს წარმოადგენდა ლენტეხის რაიონის გამგეობა. წესდების 3.2 პუნქტის თანახმად, საზოგადოების საქმიანობის ძირითადი სახეები იყო: მგზავრთა გადაყვანა საგარეუბნო და საქალაქთაშორისო მარშრუტებზე და სატვირთო გადაზიდვები.
სს ,,ტ-სა” და ჯ. ქ-ს შორის, 2012 წლის 27 დეკემბერს გაფორმდა ხელშეკრულება სამარშრუტო ხაზით (ლენტეხი - თბილისი - ხონი - ამბროლაური - ქუთაისი) სარგებლობის თაობაზე.
საქმეში წარმოდგენილი სს „ტ-ის” დირექტორის მიერ გაცემული ცნობით დადგენილ იქნა, რომ მოსარჩელე ჯ. ქ-ი 1989-1992წწ.-ში მოძრაობდა სამარშრუტო ხაზზე ლენტეხი-თბილისის მიმართულებით და იგი ამ პერიოდიდან მოყოლებული იყო უფლებამოსილი ემოძრავა ამავე სამარშრუტო ხაზზე. შესაბამისად, დადგენილ იქნა ფაქტობრივი გარემოება ჯ. ქ-ის მიერ სამარშრუტო ხაზის (ლენტეხი-თბილისის მიმართულებით) მართლზომიერი მფლობელობის შესახებ.
უდაოდ დადგენილ იქნა, რომ გ. ქ-ი ფლობდა და სარგებლობდა სამარშრუტო ხაზით ლენტეხი-თბილისის მიმართულებით. თუმცა დასახელებული სამარშრუტო ხაზის მართლზომიერად (თუ კეთილსინდისიერად) ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი გ. ქ-ს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების მიზნით თბილისის სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 155-ე და 161-ე მუხლებით და მოცემულ შემთხვევაში, წარმოდგენილი ხელშეკრულებისა და სს „ტ-ის” დირექტორის მიერ გაცემული ცნობის საფუძველზე მიიჩნია, რომ უფლებას იმოძრაოს სამარშრუტო ხაზზე: ლენტეხი, თბილისი, ხონი, ამბროლაური-ქუთაისის მიმართულებით ჯ. ქ-ი მართლზომიერად ფლობდა, ხოლო აღნიშნული სამარშრუტო ხაზის გ. ქ-ის მიერ მართლზომიერი მფლობელობა საქმის მასალებით დაუდასტურებელი იყო, რაც ჯ. ქ-ს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 161-ე მუხლის საფუძველზე ანიჭებდა უფლებას ხელშემშლელისაგან მოეთხოვა, ხელშეშლის აღკვეთა.
საქართველოს უზენაესი სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივ შეფასებას და მიაჩნია, არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც, ვინაიდან ამ კატეგორიის საქმეებზე უკვე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა (სუს 13.10.2011წ.-ის Nას-1231-1251-2011 განჩინება), რომელიც შეეხება მართლზომიერი მფლობელის უფლება მოითხოვოს ხელშეშლის აღკვეთა (სკ-ის 161-ე, 155-ე მუხლები).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საკასაციო საჩივარი და მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, გ. ქ-ს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70%, რაც შეადგენს 210 ლარს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ. ქ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორს - გ. ქ-ს დაუბრუნდეს გ. ქ-ის მიერ 2014 წლის 30 ოქტომბერს №1 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70% – 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300 773 150;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ნ. ბაქაქური
ბ. ალავიძე