№ ას-1-1-2015 8 აპრილი, 2015 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – სს „ს.რ-ა“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს ,,ს.ა.გ-ა’’ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 13 ნოემბრის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
შპს ,,ს.ა.გ-ამ’’ სარჩელი აღძრა სს ,,ს.რ-ის“ მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე და მოითხოვა სს ,,ს.რ-ისათვის’’ შპს ,,ს.ა.გ-ის’’ სასარგებლოდ 4 364,31 ლარის დაკისრება შემდეგი დასაბუთებით:
2010 წლის იანვრიდან სს ,,თ.ს.ა-ი’’ უზრუნველყოფდა შპს ,,ს.რ-ის’’ მიერ აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე დაკავებული ფართის წყალმომარაგებას, ასევე საკანალიზაციო და წყალმომარაგების გარეშე ქსელების მომსახურებას. დაკავებული ფართის წყალმომარაგებისათვის შპს ,,ს.რ-ას’’ უნდა გადაეხადა წყლის წყალმზომის ჩვენების მიხედვით, საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ დადგენილი ფასით (ერთი კუბური მეტრი - 4,40 ლარი დღგ-ს ჩათვლით), საკანალიზაციო მილით სარგებლობისათვის კი - ყოველთვე 188,80 ლარი დღგ-ს ჩათვლით. სს ,,თ.ს.ა-ის’’ რეორგანიზაციის, კერძოდ, მისი შპს ,,ს.ა.გ-ასთან’’ შერწყმის შედეგად, სს ,,თ.ს.ა-ის’’ უფლებამონაცვლეს წარმოადგენს შპს ,,ს.ა.გ-ა’’.
მოსარჩელის განმარტებით, შპს ,,ს.რ-ამ’’ 2010 წლის იანვრისა და თებერვლის თვის გახარჯული წყლის ღირებულებისა და საკანალიზაციო გარე ქსელების მომსახურების ღირებულება გადაიხადა, ხოლო 2010 წლის მარტიდან ოქტომბრის ჩათვლით გახარჯული წყლის ღირებულების და საკანალიზაციო გარე ქსელების მომსახურების გადახდაზე უარი განაცხადა. გადაუხდელმა დავალიანებამ შეადგინა 4 364,31 ლარი. მოსარჩელის მიერ არაერთი ზეპირი და წერილობითი მოთხოვნის მიუხედავად, შპს ,,ს.რ-ამ’’ არ გადაიხადა დავალიანება.
სს „ს.რ-ამ“ სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი დასაბუთებით:
შპს ,,ს.რ-აზე’’, როგორც სახელმწიფოს 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოზე ვრცელდება ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა.თ’’ ქვეპუნქტების მოთხოვნები. შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ბათილია კანონით ან ხელშკრულებით გათვალისწინებული ფორმის დაუცველად დადებული გარიგება. ამასთან, მოცემულ შემთხვევაში მხარეები არ ყოფილან შეთანხმებული ხელშკრულების არანაირ პირობებზე და არც ხელშკრულება ყოფილა მათ შორის გაფორმებული კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით, შესაბამისი წერილობითი ფორმით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 28 მაისის გადაწყვეტილებით შპს ,,ს.ა.გ-ის’’ სარჩელი დაკმაყოფილდა: სს ,,ს.რ-ას’’ მოსარჩელე შპს „ს.ა.გ-ის“ სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა 4364,31 ლარი.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს ,,ს.რ-ამ’’.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 13 ნოემბრის განჩინებით სს „ს.რ-ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 28 მაისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
შპს ,,ს.რ-ის“ უფლებამონაცვლეს წარმოადგენს სს ,,ს.რ-ა”, ხოლო ,,ს.ა.გ-ა” 2011 წლის 19 აპრილიდან არის სს ,,თ.ს.ა-ის” უფლებამონაცვლე.
სს ,,ს.რ-ა“ 2010 წლის იანვრიდან 2010 წლის ნოემბრამდე, ახორციელებდა აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული რკინიგზის სადგურის ექსპლუატაციას.
საქმეში წარმოდგენილი ანგარიშ-ფაქტურების შესაბამისად, შპს ,,ს.რ-ის” მიერ გახარჯული წყლის ღირებულებამ დღგ-ს ჩათვლით შეადგინა 202.41 ლარი, ხოლო საკანალიზაციო გარე ქსელების (მილების) მომსახურების ღირებულებამ 188.80 ლარი. ჯამში წყლის ღირებულებამ 2010 წლის 31 იანვრის №4517713 ანგარიშ-ფაქტურის მიხედვით შეადგინა 301.21 ლარი. შპს ,,ს.რ-ის” მიერ, ანგარიშ-ფაქტურის ჩაბარება დადასტურებულია ხელმოწერით.
2010 წლის 28 თებერვლის №5158862 ანგარიშ-ფაქტურის თანახმად, სს ,,ს.რ-ის” მიერ გახარჯული წყლის ღირებულებამ დღგ-ს ჩათვლით შეადგინა 255.21 ლარი, ხოლო საკანალიზაციო გარე ქსელების (მილების) მომსახურების ღირებულებამ 188.80 ლარი, სულ ჯამში - 444.01 ლარი. მითითებული ანგარიშ-ფაქტურაც, სს ,,ს.რ-ის” მიერ, ასევე დაფიქსირებულია ხელმოწერით.
საგადასახადო დავალება №...-ის შესაბამისად, პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 2010 წლის 12 აპრილს სს ,,ს.რ-ამ” გადაიხადა 2010 წლის იანვარსა და თებერვალში არსებული წყლისა და მომსახურების ღირებულება 835.22 ლარი.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის პოზიცია იმის თაობაზე, რომ სს „ს.რ-ას“ არ დაუდია არანაირი ხელშეკრულება წყლით მომარაგებასთან, ასევე გარე ქსელების მომსახურებასთან დაკავშირებით.
პალატამ მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს: სასმელი წყლის ხარჯვის უწყისებს, ანგარიშ-ფაქტურებს, საგადასახადო დავალებებს, მოსარჩელის ახსნა-განმარტებებს, როდესაც დაასკვნა, რომ მხარეები ერთმანეთთან სახელშეკრულებო ურთიერთობაში იმყოფებოდნენ.
ზემოაღნიშნულის საფუძველზე, სასამართლომ მიიჩნია, რომ დაკავებული ფართის წყალმომარაგებისათვის სს ,,ს.რ-ას” შპს „ს.ა.გ-ისათვის“ უნდა გადაეხადა წყლის წყალმზომის ჩვენების მიხედვით დადგენილი ფასი – 1 კუბურ მეტრზე - 4.40 ლარი დღგ-ს ჩათვლით, ხოლო საკანალიზაციო მილებით სარგებლობისათვის ყოველ თვე ფიქსირებული 188.80 ლარი დღგ-ს ჩათვლით. აღნიშნული 2010 წლის იანვრის და თებერვლის მომსახურების საფასურის ანაზღაურებით დადასტურებულ იქნა სს „ს.რ-ის“ მიერ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე და 105-ე მუხლებზე დაყრდნობით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მხარეთა შორის სწორად გაანაწილა მტკიცების ტვირთი და სწორად აღნიშნა, რომ მოპასუხემ ვერ უზრუნველყო მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოს ვერ წარუდგინა სათანადო მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ მოსარჩელესთან არ იმყოფებოდა სახელშეკრულებო ურთიერთობაში და თანხის დაკისრების შესახებ მისი მოთხოვნა უსაფუძვლო იყო.
სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე მუხლების, ასევე ამავე კოდექსის 629-ე მუხლის პირველ ნაწილზე დაყრდნობით, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სს ,,ს.რ-ას“ და შპს „ს.ა.გ-ას“ შორის, 2010 წლის იანვარში, ზეპირი ფორმით დაიდო აეროპორტის ტერიტორიაზე არსებული სარკინიგზო ვაგზლის წყალმომარაგების (ნასყიდობის), საკანალიზაციო და წყალმომარაგების გარე ქსელების (მილების) მომსახურების ხელშეკრულება. სს ,,ს.რ-ას” შპს „ს.ა.გ-ისათვის“ უნდა გადაეხადა წყლის წყალმზომის ჩვენების მიხედვით საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ დადგენილი ფასი, 1 კუბურ მეტრზე - 4.40 ლარი დღგ-ს ჩათვლით, ხოლო საკანალიზაციო მილებით სარგებლობისათვის ყოველ თვე ფიქსირებული 188.80 ლარი დღგ-ს ჩათვლით.
სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მითითება, რომ რადგან სს „ს.რ-აზე“, როგორც სახელმწიფოს 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოზე, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–3 მუხლის პირველი ნაწილის „ა.თ“ ქვეპუნქტის თანახმად, ვრცელდება აღნიშნული კანონის მოთხოვნები, ამიტომ, რკინიგზის ფორმის დაუცველად დადებული გარიგება არ წარმოშობს სს „ს.რ-ისათვის“ სამართლებრივ შედეგებს.
პალატამ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის მე–8 მუხლის მე–3 ნაწილზე, რომლის თანახმად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობანი.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შპს „ს.ა.გ-ამ’’ ჯეროვნად შეასრულა თავისი სახელშეკრულებო ვალდებულება სს ,,ს.რ-ის” მიმართ. ამ უკანასკნელმა მიიღო შესრულება, ხოლო თავისი წილი ვალდებულება, ფულადი თანხის გადახდის თაობაზე, არ იქნა შესრულებული. ამ შემთხვევაში სს ,,ს.რ-ის” აპელირება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონზე, რათა მან თავისი წილი ვალდებულება არ შეასრულოს, პალატის აზრით, ეწინააღდგება სამოქალაქო სამართლის უძირითადეს პრინციპს – ვალდებულების კეთილსინდისიერად შესრულებას. სს ,,ს.რ-ა” ვალდებული იყო ზედმიწევნით დაეცვა მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონის ნორმებიც. შესაბამისად, მას თავიდანვე არ უნდა დაედო ხელშეკრულება და, მით უფრო, არ უნდა მიეღო შესრულება კონტრაჰენტისაგან, თუ ეს წინააღმდეგობაში მოდიოდა „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონთან, მაგრამ მას შემდეგ, რაც მან მიიღო შესრულება (მიიღო მომსახურება, მატერიალური სარგებელი), ამის შემდეგ თავისი წილი ვალდებულების შესრულებაზე უარის თქმა, სააპელაციო სასამართლოს აზრით, ეწინააღდგება კეთილსინდისიერების პრინციპს.
ამრიგად, პალატამ სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის შესაბამისად და
იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელემ ნაკისრი ვალდებულებები შეასრულა ჯეროვნად, ხოლო მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება და არ გადაიხადა გაწეული მომსახურების ღირებულება, დაასკვნა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა თანხის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია და იგი მართებულად იქნა დაკმაყოფილებული პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს „ს.რ-ამ“, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი დასაბუთებით:
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ მართალია გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, მაგრამ არასწორად განმარტა იგი. კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე და 629-ე მუხლები.
საკასაციო საჩივრის ავტორის აზრით, საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულება არ ადასტურებს, რომ მოსარჩელე ნამდვილად 2010 წლის მარტიდან ოქტომბრის ჩათვლით უწევდა რკინიგზას რაიმე სახის მომსახურებას და რომ ამ მომსახურების ღირებულება ნამდვილად 4 361,31 ლარია. შესაბამისად, არანაირი ვალდებულება, რომლის ძალითაც მოსარჩელე, როგორც კრედიტორი, მოსთხოვდა სს „ს.რ-ას“ თანხის გადახდას, სახეზე არ არის.
კასატორი არ ეთანხმება სასამართლოს დასკვნას, რომ სს „ს.რ-ასა“ და შპს ,,ს.ა.გ-ას’’ შორის 2010 წლის იანვარში ზეპირი ფორმით დაიდო მომსახურების ხელშკრულება, და განმარტავს, რომ ვინაიდან შპს ,,ს.რ-აზე’’, როგორც სახელმწიფოს 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოზე ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ა.თ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ვრცელდება აღნიშნული კანონის მოთხოვნები, შესაბამისად, ფორმის დაუცველად დადებული გარიგება არ წარმოშობს სს „ს.რ-ისათვის“ სამართლებრივ შედეგებს. კონკრეტულ შემთხვევაში მხარეები არ ყოფილან შეთანხმებული ხელშკრულების არანაირ პირობებზე და არც ხელშეკრულება ყოფილა მათ შორის გაფორმებული კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით, შესაბამისი წერილობითი ფორმით.
საკასაციო საჩივრის ავტორის აზრით, სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად ,,გახარჯული’’ წყლის ღირებულება. ანგარიშ-ფაქტურის არსებობა არ წარმოადგენს იმის დამადასტურებელ მტკიცებულებას, რომ მასში მოყვანილი მონაცემები უდაოა და მხარეს ავალდებულებს რაიმე ქმედების განხორციელებას ან მისგან თავის შეკავებას. მითუმეტეს, რომ სს „ს.რ-ას“ არ გაუფორმებია არანაირი ხელშკრულება წყლით მომარაგებასთან დაკავშირებით, ასევე გარე ქსელების მომსახურეობისათვის.
ამასთან, მოსარჩელე თანხის ანაზღაურებას ითხოვდა ,,წყალმომარეგების ტარიფების შესახებ’’ საქართელოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2010 წლის 17 აგვისტოს #17 დადგენილების საფუძველზე. აღნიშნული ნორმატიული აქტი ძალაში შვიდა 2010 წლის 23 აგვისტოს და შესაბამისად, იგი ვერ გახდებოდა საფუძველი ურთიერთობის რეგულირებისათვის, მით უმეტეს, რომ მხარეებს შორის ურთიერთობა დაწყებულია 2010 წლის იანვრიდან.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს „ს.რ-ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. სუს განჩინება Nას-7-362-07), რომლითაც განმარტებულია ვალდებულების შესრულების სამოქალაქოსამართლებრივი საფუძვლები, ასევე კეთილსინდისიერებისა და მეორე მხარის უფლებებისა და ქონებისადმი განსაკუთრებული გულისხმიერების ცნებების შინაარსი.
შესაბამისად, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას სს „ს.რ-ის“ საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% – 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. სს „ს.რ-ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორ სს „ს.რ-ას“ დაუბრუნდეს მის (საიდენტიფიკაციო კოდი: ...) მიერ 2014 წლის 31 დეკემბერს №... საგადასახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის 70% – 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე