Facebook Twitter

№ას-1130-1077-2014 30 აპრილი, 2015 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – შპს „ს. ჯ-ი“

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ა. ც-ი“

მესამე პირი – სს „ჩ. კ-ა“

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა შპს „ა. ც-მა“ მოპასუხე შპს „ს. ჯ-ის“ მიმართ და მოითხოვა:

1. მოპასუხისათვის 2013 წლის აპრილის თვეში გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების – 17480.60 ლარის ანაზღაურების დაკისრება;

2. მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს – ყოველდღიურად 0.1 პროცენტის, 17.50 ლარის დაკისრება, 2013 წლის 31 მა.სიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე;

3. მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრება გადაწყვეტილების აღსრულებამდე – 2013 წლის 31 მა.სიდან ყოველდღიურად 5.30 ლარის ოდენობით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებით:

1. შპს „ა. ც-ის“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;

2. მოპასუხე შპს „ს. ჯ-ს“ მოსარჩელე შპს „ა. ც-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა – 17480.60 ლარის გადახდა;

3. მოპასუხე შპს „ს. ჯ-ს“ მოსარჩელე შპს „ა. ც-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 2013 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილების აღსრულებამდე პირგასამტეხლოს გადახდა ყოველდღიურად გადაუხდელი თანხის 0.1%-ის ოდენობით (17.50 ლარი);

4. მასვე მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 525 ლარის გადახდა, სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ – 191 ლარის ანაზღაურება;

5. სარჩელი არ დაკმაყოფილდა ზიანის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნის ნაწილში.

საქალაქო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

შპს „ა. ც-მა“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 14 მა.სის №--- დადგენილების შესაბამისად, სამედიცინო მომსახურება გაუწია სადაზღვევო კომპანია „ა. ჯ-ის” მიერ დაზღვეულ პირებს 2013 წლის აპრილში. მომსახურების თანხამ შეადგინა 17480.6 ლარი.

მოსარჩელესა და სს „პ. ბ-ს” შორის დადებულია საკრედიტო ხელშეკრულება წლიური 11% სარგებლით.

,,ჯანმრთელობის დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის და საქართველოს მთავრობის 2012 წლის 14 მაისის №--- დადგენილების შესაბამისად, 2013 წლის აპრილის თვეში სადაზღვევო კომპანია ,,ა. ჯ-ის’’ მიერ დაზღვეულ პირთათვის გაწეული მომსახურებიდან გამომდინარე დავა განხილულია სსიპ სამედიცინო მედიაციის სამსახურის მიერ. სამსახურმა გამოიტანა რეკომენდაცია, რომლითაც დაკმაყოფილდა მოსარჩელის 2013 წლის აპრილის თვეში გაწეული მომსახურებიდან წარმოშობილი მოთხოვნები – ძირი თანხის 17480.60 ლარის და პირგასამტეხლოს ნაწილში 17.5 ლარის, ყოველდღიურად, 31 მაისიდან აღსრულებამდე დაკისრების თაობაზე.

აპრილის თვეში გაწეული სამედიცინო მომსახურების ამსახველი საანგარიშო დოკუმენტაცია მოპასუხეს წარედგინა 2013 წლის 1 მაისს.

მოსარჩელისათვის სამედიცინო მომსახურების ღირებულება არ ანაზღაურებულა.

მხარეთა განმარტებით და საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ მოპასუხე „ს. ჯ-ს” გაწეული სამედიცინო მომსახურების და მისი ღირებულების შესახებ შესაბამისი დოკუმენტაცია წარედგინა 2013 წლის 1 მაისს, რის შესაბამისადაც ანგარიშსწორება უნდა განხორციელებულიყო 19 სამუშაო დღის ვადაში – 2013 წლის 31 მაისამდე. მიუხედავად ამისა, სამედიცინო მომსახურების ღირებულება არ ანაზღაურებულა. მხარეთა განმარტებით დადასტურდა, რომ წარდგენილი დოკუმენტაციის თაობაზე ინსპექტირების აქტი მხარეებს არ შეუდგენიათ.

მესამე პირმა, სს „ჩ. კ-ამ”, წარადგინა გადახდის საბოლოო დოკუმენტები და დანართები იმ გარემოების დასადასტურებლად, რომ მან აპრილის თვის დავალიანება მოსარჩელეს აუნაზღაურა.

2013 წლის 26 ივლისის საგადახდო დავალების მიხედვით, სს „ჩ. კ-ამ” შპს „ა. ც-ს” გადაუხადა დავალიანება 10000 ლარი, ხოლო 2013 წლის 24 აგვისტოს საგადახდო დავალებით – 20000 ლარი. მოსარჩელის წარმომადგენელს სადავოდ არ გაუხდია ის გარემოება, რომ გადახდილი 10000 ლარი წარმოადგენდა მაისის თვეში გაწეული მომსახურების ღირებულებას, რის საფუძველზეც მაისის თვის დავალიანების გადახდის მოთხოვნით იმავე მხარეებს შორის მიმდინარე დავაზე მან შეამცირა სარჩელის მოთხოვნა. გადახდილი 10000 ლარი რომ მაისის თვის დავალიანებას განეკუთვნებოდა, სს „ჩ. კ-ის” დირექტორ გ.მ-ის 2013 წლის 13 აგვისტოს წერილიც ადასტურებდა.

მოსარჩელე მოითხოვდა 17480.60 ლარის დაკისრებას აპრილის თვეში გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარჯების ასანაზღაურებლად. 24 აგვისტოს საგადახდო დავალებით გადახდილ იქნა 20000 ლარი. სასამართლომ, წარდგენილი მტკიცებულებებით, ვერ დაადგინა აპრილის თვის დავალიანების ანგარიშში ამ თანხის გადახდის ფაქტი.

საქალაქო სასამართლომ, საქმის განხილვისას იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 417-ე, 418-ე, 629-ე მუხლებით და სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილებას საფუძვლად დაუდო შემდეგი მოსაზრებები:

მხარეთა შორის არსებობდა სახელშეკრულებო ურთიერთობა, რომლის საფუძველზეც, მოსარჩელემ სამედიცინო მომსახურება გაუწია „ს. ჯ-ის” მიერ დაზღვეულ პირებს 2013 წლის აპრილის თვეში. გაწეული მომსახურებისათვის მოსარჩელე მოითხოვდა 17480.60 ლარის ანაზღაურებას. მოპასუხეს სამედიცინო მომსახურების ღირებულება არ აუნაზღაურებია. სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის თანახმად, მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე ვალდებული იყო გადაეხადა შესრულებული სამუშაოს ღირებულება, ამიტომ, „ს. ჯ-ს” ღუდუშაურის სახელობის სამედიცინო ცენტრისათვის უნდა აენაზღაურებინა გაწეული ხარჯები.

სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 14 მაისის №177 დადგენილების შესაბამისად, სამედიცინო მომსახურების ღირებულების ანაზღაურების ვადის დარღვევის შემთხვევაში, მზღვეველი ვალდებული იყო განეხორციელებინა პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.1%-ის ოდენობით.

დასახელებული სამართლებრივი ნორმების ანალიზის შედეგად, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ საფუძვლიანი იყო და მოპასუხეს 2013 წლის აპრილის თვის დავალიანების პროპორციულად უნდა დაკისრებოდა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელი თანხის 0.1 პროცენტი.

რაც შეეხებოდა სარჩელის მოთხოვნას სამედიცინო მომსახურების ღირებულების გადაუხდელობით მიყენებული ზიანის, ყოველდღიურად 5.3 ლარის გადახდის თაობაზე, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, იგი უსაფუძვლო იყო, სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. საქალაქო სასამართლოს მოსაზრებით, ის გარემოება, რომ მოსარჩელეს ბ-ის წინაშე სასესხო ვალებულებები ჰქონდა დაკისრებული, არ შეიძლებოდა წინასწარ სავარაუდო ყოფილიყო მოპასუხისათვის და ასევე არ წარმოადგენდა ზიანის გამოწვევის უშუალო შედეგს, რის გამოც სარჩელის ეს მოთხოვნა ვერ დაკმაყოფილდებოდა. გარდა ამისა, უსაფუძვლობის გამო ვერ დაკმაყოფილდებოდა მოსარჩელის მოთხოვნა სამედიცინო მედიაციის სამსახურში გაწეული მოპასუხის მიერ აუნაზღაურებელი ხარჯების, 500 ლარის დაკისრების თაობაზე.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებულ და მისთვის სახელმწიფო ბაჟის თანხების დაკისრების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „ს. ჯ-მა“.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილებით:

1. შპს „ს. ჯ-ის“ სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;

2. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება;

3. შპს „ა. ც-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა;

4. შპს „ს. ჯ-ს“ შპს „ა. ც-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 15940.60 ლარის გადახდა;

5. შპს „ს. ჯ-ს“ შპს „ა. ც-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს გადახდა 1066.28 ლარის ოდენობით;

6. შპს „ს. ჯ-ს“ შპს „ა. ც-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს გადახდა, 2013 წლის 31 ივლისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე პერიოდზე, ყოველდღიურად 15940.60 ლარის 0.1%-ის – 15.94 ლარის ოდენობით;

7. შპს „ს. ჯ-ს“ შპს „ა. ც-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 510.20 ლარის გადახდა;

8. შპს „ს. ჯ-ს“ დაუბრუნდა სააპელაციო საჩივარზე №1 საგადახდო დავალებით 2013 წლის 10 დეკემბერს ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან – 1465.72 ლარიდან 785.45 ლარის ოდენობით თანხა.

გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიხედვით, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მოსარჩელე შპს „ა. ც-ის“ წარმომადგენელმა 15940.60 ლარამდე შეამცირა სარჩელის მოთხოვნა.

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

„სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამების ფარგლებში სამედიცინო და ს. მომსახურების მიწოდების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის №177 დადგენილების შესაბამისად, მოსარჩელემ სამედიცინო მომსახურება გაუწია შპს „ს. ჯ-ის“ მიერ დაზღვეულ პირებს (სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში) 2013 წლის აპრილში. მომსახურების ღირებულება 17480.60 ლარს შეადგენდა.

სს „ვ. ჯ-ს“ 2013 წლის 31 ივლისის №1 საგადახდო დავალებით დგინდება, რომ შპს „ს. ჯ-მა“ შპს „ა. ც-ის“ წინაშე შეასრულა №--- შესრულებული სამუშაოს ანგარიშით (ინვოისით) გათვალისწინებული ფულადი ვალდებულება 1540 ლარის ოდენობით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოწინააღმდეგე მხარის (მოსარჩელის) წარმომადგენელმა სასამართლო სხდომაზე 1540 ლარით შეამცირა სარჩელის მოთხოვნა და მოითხოვა 15940.60 ლარის ოდენობით შეუსრულებელი ფულადი ვალდებულების აპელანტისათვის დაკისრება.

იმის გათვალისწინებით, რომ 1540 ლარის ოდენობით ფულადი ვალდებულება 2013 წლის 31 ივლისს შესრულდა, ხოლო ვალდებულება 2013 წლის 31 მაისამდე უნდა შესრულებულიყო, მოსარჩელემ (მოწინააღმდეგე მხარემ) მოითხოვა გადასახდელი თანხის 0.1 პროცენტის ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრება 31 ივლისამდე პერიოდზე (61 დღეზე) 17480.60 ლარიდან, ხოლო 31 ივლისიდან – გადაწყვეტილების აღსრულებამდე პერიოდზე 15940.60 ლარიდან.

კონკრეტულ შემთხვევაში, საქმეზე წარდგენილი დოკუმენტაციით, კერძოდ, 2013 წლის 1 მაისის №--- მიღება-ჩაბარების აქტით, ანგარიშ-ფაქტურებითა და სამედიცინო მომსახურებაზე შედგენილი ანგარიშების უწყისებით სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ შპს „ა. ც-მა“ 17480.60 ლარის ღირებულების სამედიცინო მომსახურება გაუწია (სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში) შპს „ს. ჯ-ის“ მიერ დაზღვეულ პირებს და გაწეული სამედიცინო მომსახურების დამადასტურებელი დოკუმენტაცია მოპასუხეს წარედგინა წესების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ ვადაში, 2013 წლის 1 მაისს.

სარჩელზე წარდგენილი შესაგებლით მოპასუხე დაეთანხმა სამედიცინო დაწესებულების მიერ გაწეული სამედიცინო მომსახურების შესახებ ინფორმაციის მიღებას და ამასთან, არც დაზღვეული პირების გაწეული სამედიცინო მომსახურების საფასური გაუხდია სადავოდ, თუმცა მან მიიჩნია, რომ ანგარიშსწორების საფუძველი შეიძლებოდა ყოფილიყო მხოლოდ „ანგარიშსწორების შესახებ ურთიერთშედარების აქტი“ და არა მისთვის წარდგენილი მიღება-ჩაბარების აქტი, რაც სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა. მხოლოდ ის გარემოება, რომ მხარეებს შორის „ანგარიშსწორების შესახებ ურთიერთშედარების აქტი“ არ გაფორმებულა (გათვალისწინებული წესების მე-2 მუხლის „უ“ პუნქტით), არ შეიძლებოდა საფუძვლად დადებოდა სამედიცინო დაწესებულების მიერ გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების ანაზღაურების ვალდებულებისგან მზღვეველის განთავისუფლებას. როგორც ეს მზღვეველისათვის მიწოდებული დოკუმენტაციით დგინდებოდა, მზღვეველს ეცნობა ყველა საჭირო ინფორმაცია შესრულებული მომსახურების შესახებ, როგორიც იყო გაწეული მომსახურების თანხის ოდენობა, მომსახურების სახე პაციენტთა ვინაობის მითითებით, დასმული დიაგნოზების დასახელება, მომსახურების პერიოდები, მომსახურების დასახელება და კონკრეტულ პაციენტზე ასანაზღაურებელი თანხის ოდენობა. სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ მზღვეველმა სამედიცინო დაწესებულების მიერ ჩატარებული სამუშაო მიიღო და ამდენად, მას წარმოეშვა გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურების შემხვედრი ვალდებულება.

სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, მომსახურების ანაზღაურებაზე ვალდებულ პირად სწორად განისაზღვრა შპს „ს. ჯ-ი“, ვინაიდან, როგორც საქმის მასალებით დგინდებოდა, შპს „ა. ც-მა“ სამედიცინო მომსახურება გაუწია სწორედ შპს „ს. ჯ-ის“ მიერ დაზღვეულ პირებს, ხოლო აპელანტის პოზიცია, რომ გარკვეული კონტიგენტის (სამეგრელო-ზემო სვანეთისა და აფხაზეთის რეგიონების) სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი სს „ჩ. კ-ა“ იყო, ვერ გახდებოდა შპს „ა. ც-ის“ მიერ გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე პასუხისმგებელი სუბიექტის ცვლილების საფუძველი.

საქმეზე დადგინდა, რომ 2013 წლის 1 მაისს მოპასუხისათვის მიწოდებული დოკუმენტაციით მოპასუხეს წარმოეშვა გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურების ვალდებულება, ხოლო წესების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტისა და მე-3 პუნქტის „ყ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ ვალდებულების შეუსრულებლობისათვის მზღვეველი ვალდებულია გადა.ხადოს პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.1%-ის ოდენობით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ შპს „ს. ჯ-ს“ შპს „ა. ც-ის“ სასარგებლოდ უნდა დაკისრებოდა 15940.60 ლარის, ასევე, პირგასამტეხლოს გადახდა, 2013 წლის 31 მაისიდან – 31 ივლისამდე პერიოდზე 17480.60 ლარის 0.1%-ის – 1066.28 ლარის, ხოლო 2013 წლის 31 ივლისიდან – გადაწყვეტილების აღსრულებამდე პერიოდზე ყოველდღიურად 15940.60 ლარის 0.1%-ის – 15.94 ლარის ოდენობით.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „ს. ჯ-მა“.

საკასაციო საჩივრის საფუძვლები:

დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ მზღვეველმა არ შეასრულა თავისი ვალდებულება, კერძოდ, არ განახორციელა დადგენილებით განსაზღვრულ ვადაში საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირება და არ მიიღო ზომები მოპასუხესთან ურთიერთშედარების აქტის გასაფორმებლად, ვინაიდან მხარესთან სადავო პერიოდზე ინსპექტირების ჩატარებაზე შეთანხმება ვერ მოხერხდა და მოწინააღმდეგე მხარე უარს აცხადებდა კასატორის წარმომადგენლების კ-ის ტერიტორიაზე დაშვებაზე. სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ მხარეთა შორის ურთიერთობები მისი სპეციფიური ხა.ათიდან გამომდინარე წესრიგდება და რეგულირდება, ასევე, არ გაითვალისწინა საქართველოს მთავრობის 2012 წლის 14 მაისის №--- დადგენილებით გათვალისწინებულ ვადებში ურთიერთშედარების აქტის გაუფორმებლობის ფაქტი. შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება სამართლებრივად დაუსაბუთებელია.

სასამართლომ ყურადღება არ მიაქცია იმ გარემოებაზე, რომ კასატორს, როგორც მზღვეველსა და სს „ჩ. კ-ას“ შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში – 2013 წლის 1 მარტიდან მზღვეველის მიერ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებშიი დაზღვეული პირების ცალკეული კონტიგენტის სამედიცინო უზრუნველყოფას, აგრეთვე, აღნიშნულ პირებზე გაწეულ სამედიცინო მომსახურებაზე ინფორმაციის/დოკუმენტაციის დამუშავებას, მზღვეველისათვის მიწოდებას და კ-ასთან რეგულირების შედეგად განსაზღვრული გადასახდელი თანხების ანგარიშსწორებას სრულად უზრუნველყოფს სს „ჩ. კ-ა“. ხსენებული ურთიერთთანამშრომლობის შესახებ ცნობილი იყო მოწინააღმდეგე მხარისათვის და შესაბამისად, 2013 წლის აგვისტოს თვის სამედიცინო მომსახურებაზე ანაზღაურების მოთხოვნა წარადგინეს სს „ჩ. კ-აში“. სასამართლომ არ გაითვალისწინა ხსენებული გარემოება, კერძოდ, ის, რომ სამედიცინო მომსახურების ანაზღაურებაზე ვალდებულ პირს კასატორი არ წარმოადგენდა.

სააპელაციო სასამართლომ სრულიად უსაფუძვლოდ მიიჩნია, რომ სს „ჩ. კ-ის“ მხრიდან არ მომხდარა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მცხოვრები ბენეფიციარებისათვის აპრილის თვეში გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების – 14843.10 ლარის ანაზღაურება. სასამართლომ არაერთგვაროვნად შეაფასა სს „ჩ. კ-ის“ მხრიდან დავალიანების გადახდის დამადასტურებელი 10000 და 20000 ლარიანი საგადახდო დავალებები. 10000 ლარიანი საგადახდო დავალების შემთხვევაში სასამართლომ მიიჩნია, რომ იგი მაისის თვის მომსახურების ანაზღაურებას ემსახურებოდა, 20000 ლარის დანიშნულება კი, საერთოდ არ დაადგინა, მიუხედავად იმისა, რომ ამ უკანასკნელის დანიშნულებაში მითითებული იყო: „ა. ჯ-ის დაზღვეულებისათვის გაწეული მომსახურების ღირებულება პრფ №08-105“, ხოლო 10000 ლარის შემთხვევაში: „დავალიანების დაფარვა პრფ №07-235“. სასამართლომ არ გაითვალისწინა ის ფაქტიც, რომ სს „ჩ. კ-ას“ ა. ჯ-ის დაზღვეულებისათვის გაწეული მომსახურების უფრო ადრინდელი დავალიანება არ გააჩნდა.

სასამართლომ დაუსაბუთებლად უთხრა კასატორს უარი სს „ჩ. კ-ის“ გენერალური დირექტორის წერილის საქმეზე დართვის თხოვნის დაკმაყოფილებაზე. ეს წერილი ადასტურებდა, რომ ზემოაღნიშნული 20000 ლარიანი გადარიცხვა პირველ რიგში აპრილის თვის მომსახურების ღირებულების – 14843.10 ლარის ანაზღაურებას ემსახურებოდა. აღნიშნულის გათვალისწინებით სრულიად დაუსაბუთებელია სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც მოპასუხეს უკვე ანაზღაურებული თანხის ხელმეორედ გადახდა დაეკისრა და ასევე დაევალა პირგასამტეხლოს ანაზღაურება, მაშინ როდესაც მოსარჩელემ თანხა რეალურად მიიღო, სარგებლობდა ამ თანხით და მას არანაირი ზიანი არ მიდგომია. შესაბამისად, სასამართლოს გადაწყვეტილება მითითებულ ნაწილში უნდა გაუქმდეს და აპრილის თვის მომსახურების თანხა უნდა შემცირდეს აღნიშნულ პერიოდში სამეგრელო-ზემო სვანეთის დაზღვეულთათვის გაწეული მომსახურების სს „ჩ. კ-ის“ მიერ ანაზღაურებული ოდენობით – 14843.10 ლარით. ამავდროულად, უნდა შემცირდეს სასამართლო გადაწყვეტილებით დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა დასახელებულ თანხაზე (14843.10 ლარი) დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობით.

საქართველოს მთავრობის №--- დადგენილებით ცვლილება შევიდა მთავრობის №--- დადგენილებაში, კერძოდ, დაზღვეულთათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების ანაზღაურების ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადის დარღვევის შემთხვევაში, მზღვეველს მოსთხოვოს პირგასამტეხლოს გადახდა 2014 წლის 8 აგვისტომდე პერიოდზე ასანაზღაურებელი თანხის 0.1%-ის ოდენობით, ხოლო 2014 წლის 8 აგვისტოდან შემდგომ პერიოდზე – ასანაზღაურებელი თანხის 0.02%-ის ოდენობით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ს. ჯ-ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას შპს „ს. ჯ-ის“ საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (მთლიანობაში 1723 ლარი) 70% – 1206.10 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „ს. ჯ-ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორ შპს „ს. ჯ-ს“ დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო (მთლიანობაში 1723 ლარი, მათ შორის: 2014 წლის 20 ოქტომბერს გადახდილი 1231.30 ლარი, საგადახდო დავალება N 1 და 2014 წლის 6 ნოემბერს გადახდილი 491.70 ლარი, საგადახდო დავალება № 1) 70% – 1206.10 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე