Facebook Twitter

საქმე №ას-118-110-2015 23 აპრილი, 2015 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – მ.ტ. (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ი.ძ. (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 15 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და თბილისის საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ.ტ.მ სარჩელი აღძრა სასამართლოში ი.ძ.ის მიმართ თავდებობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხისათვის 5 360 აშშ დოლარის დაკისრების მოთხოვნით.

მოპასუხემ უარი განაცხადა სარჩელისა და თანდართული საბუთების ჩაბარებაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 25 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მ.ტ.ის სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხე ი.ძ.ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 5 360 აშშ დოლარის გადახდა, ხოლო ამავე სასამართლოს 2013 წლის 12 დეკემბრის განჩინებით ი.ძ.ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 29 აპრილის განჩინებით ი.ძ.ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 12 დეკემბრის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ და ი.ძ.ის საჩივარი დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 22 ივლისის განჩინებით ი.ძ.ის საჩივარი ამავე სასამართლოს 2013 წლის 25 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში, რაც ი.ძ.მა გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 15 დეკემბრის განჩინებით ი.ძ.ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 25 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და 2014 წლის 22 ივლისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად შესაგებლის წარმოდგენის ეტაპიდან დაუბრუნდა იმავე სასამართლოს შემდეგი საფუძვლებით:

სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო, რომ მოპასუხე ი.ძ.ს სარჩელი და თანდართული დოკუმენტები არ ჩაბარებია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად. საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ საქართველოს ფოსტის შეტყობინების მიხედვით, მის ჩაბარებაზე უარის განმცხადებელი პირის იდენტიფიცირება ვერ ხერხდებოდა. მოცემული დოკუმენტით შეუძლებელი იყო იმის დადგენა, რომ მოპასუხე ი.ძ.მა განაცხადა უარი მის ჩაბარებაზე. საფოსტო გზავნილზე არ იყო აღნიშნული მოპასუხის პირადი ნომერი, მხოლოდ მინაწერი, რომ „პირადად განაცხადა უარი“, სასამართლოს შეფასებით, არ იყო საკმარისი საფუძველი სარჩელის მოპასუხისათვის ჩაბარებულად ჩათვლისათვის. გარდა ამისა, კურიერს გზავნილზე არ ჰქონდა აღნიშნული ადრესატთან ვიზიტის დრო. ამდენად, კურიერის ჩანაწერის ნამდვილობის პრეზუმფცია არ არსებობდა.

საქმის მასალებით ასევე დგინდებოდა, რომ ი.ძ. 2013 წლის 9 ნოემბერს მთელი დღის განმავლობაში სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა. მოპასუხის განმარტებით, იყო მორიგე, რის გამოც სამუშაო საათები დაასრულა 20:20 საათზე, სამსახურიდან სახლისაკენ გადასაადგილებლად კი მას 1 საათი სჭირდება. მხარის აღნიშნულ განმარტებას ადასტურებდა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები: შპს „უ.ს“ ცნობა, რომლის თანახმადაც, 2013 წლის 9 ნოემბერს ი.ძ. იყო მორიგე, ასევე, მოპასუხის სამუშაო გრაფიკი, ამონაბეჭდი ტაქსოპროგრამიდან, რითაც დასტურდებოდა, რომ 2013 წლის 9 ნოემბერს ი.ძ.მა ბოლო გამოძახება მიიღო 20:19 საათზე, ამდენად, იგი სახლში დაახლოებით 21:20 საათზე იქნებოდა. აღნიშნული გარემოება მნიშვნელოვანი იყო იმდენად, რამდენადაც ფოსტის კურიერის მუშაობის გრაფიკიდან გამომდინარე, ეს უკანასკნელი შაბათს 21:20 საათზე ადრესატთან ვერ მივიდოდა, ხოლო ი.ძ. გზავნილის ჩაბარებაზე უარს ვერ განაცხადებდა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის მიხედვით, რადგან სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, მას უწყება უნდა ჩაებარებინა მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრისათვის, ხოლო უწყების მეორე ეგზემპლარზე უნდა აღნიშნულიყო კანონით გათვალისწინებული რეკვიზიტები. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულება არ შეიცავდა აღნიშნულ რეკვიზიტებს, რის გამოც, პალატამ გზავნილი ი.ძ.თვის ჩაბარებულად არ მიიჩნია.

სააპელაციო პალატის განმარტებით, დაუსწრებელი გადაწყვეტილების არსიდან გამომდინარე, შესაგებლის შეუტანლობა პროცესზე მოპასუხის გამოუცხადებლობასთან უნდა გათანაბრებულიყო და დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გამოსულიყო 2321 მუხლის საფუძველზე. სააპელაციო პალატის განმარტებით, დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებისათვის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის მე-7 ნაწილისა და 2321 მუხლის შესაბამისად, უნდა არსებობდეს შემდეგი საფუძვლები: 1) მოპასუხეს უნდა ჰქონდეს ჩაბარებული სარჩელის ასლი და იგი უნდა იყოს გაფრთხილებული შესაგებლის წარდგენის ვალდებულების ვადასა და ამ ვალდებულების შეუსრულებლობასთან დაკავშირებით; 2) მოსარჩელის მოთხოვნას იურიდიულად უნდა ამართლებდეს სარჩელში მოთხოვნის საფუძვლად მითითებული გარემოებები. მოცემულ შემთხვევაში არ იქნა დაცული პირველი პირობა, რადგან მოპასუხეს სარჩელის ასლი არ ჩაბარდა კანონის მოთხოვნათა დაცვით და იგი არ იყო გაფრთხილებული შესაგებლის წარდგენის ვალდებულების ვადისა და ამ ვალდებულების შეუსრულებლობასთან დაკავშირებით.

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლით, 233-ე მუხლით და რადგანაც ი.ძ.ს სასამართლო კორესპოდენცია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად არ ჩაბარდა, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებას წარმოადგენდა, მიიჩნია, რომ არსებობდა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინების გაუქმების საფუძველი.

სააპელაციო პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ.ტ.ემ, მოითხოვა მისი გაუქმება და საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვება შემდეგი საფუძლებით:

არასწორია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომ მოპასუხეს შეტყობინება არ ჩაბარებია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად, ადრესატის მიერ გზავნილის ჩაბარებაზე უარის თქმის შემთხვევაში, კანონი არ ითვალისწინებს იმ აუცილებელ პირობას, რომ კურიერმა დააფიქსიროს ადრესატის პირადი მონაცემები, მით უფრო, თუ იგი მას იცნობს და პირველად არ ახორციელებს ასეთ ვიზიტს. სააპელაციო პალატამ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 75-ე მუხლი განმარტა ფართოდ, რაც არ გამომდინარეობს ნორმის არსიდან, შესაბამისად, სააპელაციო პალატამ არასწორად განმარტა კანონი, ხოლო მის მიერ გაკეთებულ დასკვნას, ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, ვერ მოუძებნა სამართლებრივი საფუძველი.

დადგენილი წესით მხარისათვის შეტყობინების ჩაბარების საწინააღმდეგოდ, არსებობს მოწინააღმდეგე მხარის აღიარება, რომ მან მიიღო არა სასამართლოს გადაწყვეტილება, არამედ შეკვეთილი წერილი. სააპელაციო საჩივარში იგი ადასტურებდა აღნიშნულ ფაქტს. აქედან გამომდინარე, ი.ძ.დე საფოსტო გზავნილი მივიდა, წინააღმდეგ შემთხვევაში მას არ ეცოდინებოდა თუ რა გზავნილი მიუტანეს და ვერც სადავოდ გახდიდა იმას, თუ რა სახის კორესპოდენცია იყო მასთან მისული.

მოპასუხის განმარტებით, მის ოჯახს უთანხმოება ჰქონდა ყოფილ სიძესთან, რის გამოც უცხო პირებისაგან კორესპოდენციის მიღებას ერიდებოდნენ, იგი ასევე არ გამორიცხავდა, რომ საფოსტო გზავნილი შეიძლებოდა მისულიყო მის მისამართზე, მაგრამ ოჯახის რომელიმე წევრს უარი განეცხადებინა მის ჩაბარებაზე. იგი თავის განცხადებაში ითხოვდა კიდეც, რომ საპატიოდ ჩათვლილიყო მისთვის უცხო მოქალაქისაგან გზავნილის მიღებაზე უარის თქმა ან კარის არ გაღება. აღნიშნული განმარტება დადასტურებაა იმისა, რომ შეკვეთილი გზავნილი, რომელშიც მოთავსებული იყო სასარჩელო მასალები, ფოსტის თანამშრომლის მიერ მიტანილ იქნა ადრესატ ი.ძ.დე.

სააპელაციო სასამართლო უსაფუძვლოდ დაეთანხმა ი.ძ.ის მტკიცებას, რომ 2013 წლის 9 ნოემბერი იყო შაბათი და ამ დღეს იგი იმყოფებოდა სამსახურში 08:00 საათიდან 20:30 საათამდე, ხოლო ამ დღეს კურიერის სამუშაო საათებია 09:00 საათიდან 14:00 საათამდე. მოპასუხის ამ მოსაზრების გაზიარების შემთხვევაში, გაურკვეველია ფოსტის კურიერმა შაბათ დღეს, 2013 წლის 30 ნოემბერს როგორ შეძლო ჩაებარებინა მისთვის საფოსტო გზავნილი, რომელშიც დაუსწრებელი გადაწყვეტილება იყო მოთავსებული. მოპასუხის მიერვე წარმოდგენილი ცნობით, ნოემბერში ი.ძ.ს არც ერთი სამუშაო დღე არ გაუცდენია და ხელფასიც სრულად ჩაერიცხა. ამ გარემოების გათვალისწინებით, პალატას არ უნდა გამოერიცხა 2013 წლის 9 ნოემბერს ი.ძ.ის მხრიდან საფოსტო გზავნილის ჩაბარებაზე უარის თქმის ფაქტი, აპელანტს თავისუფლად შეეძლო ყოფილიყო სახლში და უარი განეცხადებინა გზავნილის მიღებაზე, ამ ვერსიას ამყარებს საქართველოს ფოსტის წერილი, რომელშიც პირდაპირაა მითითებული ადრესატამდე გზავნილის მიტანისა და ძამაშვილის მიერ მის მიღებაზე უარის თქმის შესახებ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 2 თებერვლის განჩინებით მ.ტ.ის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლითა და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა მ.ტ.ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

მოცემულ შემთხვევაში, კასატორის ძირითადი პრეტენზია მიმართულია სააპელაციო პალატის მიერ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-74-ე მუხლების არასწორია განმარტებისა და ამ გზით მოპასუხისათვის შეტყობინების ჩაუბარელობის შესახებ სასამართლოს დასკვნის გაქარწყლებისკენ, თუმცა პალატა მხარის ამ არგუმენტს ვერ გაიზიარებს და დასაბუთებულ შედავებად ვერ მიიჩნევს.

განსახილველ შემთხვევაში, უდავოს წარმოადგენს ის გარემოება, რომ საქმეში არსებული საფოსტო შეტყობნება არ შეიცავს სადავო მისამართზე მცხოვრები იმ პირის საიდენტიფიკაციო მონაცემებს, რომელმაც უარი განაცხადა შეტყობინების ჩაბარებაზე, შეტყობინებაზე არის მხოლოდ კურიერის აღნიშვნა, რომ ადრესატმა პირადად განაცხადა უარი. კასატორის მტკიცება, რომ საფოსტო შეტყობინებაზე მითითებეული „ადრესატი“ ი.ძ. იყო არ ემყარება რაიმე პირდაპირ მტკიცებულებებს, ეს პოზიცია არგუმენტირებულია მხოლოდ ვარაუდით, რომ შესაძლებელია მოპასუხე შინ ყოფილიყო, სხვა შაბათ დღეს როგორ შეძლო სასამართლო შეტყობინების ჩაბარება და სხვა, მათ შორის კასატორმა მიუთითა შპს „ს.ფ.ის“ წერილის სააპელაციო პალატის მიერ არასწორ გამოკვლევაზე, თუმცა საგულისხმოა, რომ ი.ძ.მა ამ მტკიცებულების საპირისპიროდ, წარადგინა მტკიცებულება, რომლის თანახმადაც მითითებულ დროს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რაც დასაბუთებულს ხდის მოპასუხის მტკიცებას კურიერის ვიზიტისას შინ არყოფნის თაობაზე.

გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ი.ძ.ს შეტყობინება პირველად გაეგზავნა მოსარჩელის მიერ მითითებულ მისამართზე. შეტყობინების გაგზავნის დროს მოქმედი რედაქციის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 75-ე მუხლით კი, დადგენილია შემდეგი ქცევის წესი: თუ ადრესატმა ან ამ კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულმა სუბიექტმა, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული გამონაკლისისა, უარი განაცხადა უწყების მიღებაზე, მისი მიმტანი პირი სათანადო აღნიშვნას აკეთებს უწყებაზე, რომელიც სასამართლოს უბრუნდება. ასეთ შემთხვევაში უწყება ადრესატისათვის ჩაბარებულად ითვლება და სასამართლოს შეუძლია განიხილოს საქმე. ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად კი, უწყების მიღებაზე ამ კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სუბიექტის უარის შემთხვევაში სასამართლო უწყება არ ჩაითვლება მოპასუხისათვის ჩაბარებულად, თუ მას პირველად ეგზავნება უწყება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა უწყება გაგზავნილი იქნა მოპასუხის მიერ პასუხში (შესაგებელში) მითითებულ მისამართზე.

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სასამართლო შეტყობინების მოპასუხისათვის ჩაბარება ვერ მოხერხდა კანონით დადგენილი წესით, საკასაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მითითებას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლსა და 233-ე მუხლის მე-3 ნაწილზე და თვლის, რომ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და ამ გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინების გაუქმების საფუძველი.

ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით, რადგანაც არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული ერთგვაროვანი პრაქტიკა და გასაჩივრებულ განჩინებაში სამართლის ნომები სწორედ დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისადაა განმარტებული (იხ. სუსგ №ას-1453-1371-2012, 25 დეკემბერი, 2012 წელი).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას მ.ტ.ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ მ.ტ.ს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2015 წლის 26 იანვრის N1 საგადახდო დავალებით გადახდილი 534,26 ლარის 70% – 373,982 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ.ტ.ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ მ.ტ.ს (პ/N....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2015 წლის 26 იანვრის N1 საგადახდო დავალებით გადახდილი 534,26 ლარის 70% – 373,982 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური