Facebook Twitter

№ას-1255-1195-2014 27 აპრილი, 2015 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ვ. ს- (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – გ. ს- ე, თ. გ- (მოპასუხეები)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 22 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვით ნახაზში ცვლილების შეტანა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

ვ. ს-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში შ. ა-ს, გ. ს- ისა და თ. გ-ს მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვით ნახაზში ცვლილების შეტანის თაობაზე, შემდეგი დასაბუთებით:

მოსარჩელის განმარტებით, 2000 წლიდან მის საკუთრებაშია სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი. 2010 წლის დეკემბერში მოსარჩელემ გადაწყვიტა მოეხდინა აღნიშნული მიწის ნაკვეთის ელექტრონული რეგისტრაცია და წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზისა და სხვა დოკუმენტების საფუძველზე საკუთრებაში დაირეგისტრირა მიწის ნაკვეთი. ზემოხსენებული ნახაზი, რომელიც შედგენილ იქნა ი/მ ნ.მ-მიერ მოიცავს მნიშვნელოვან უზუსტობებს, ის არ შეესაბამება მიწის ნაკვეთის საკუთრების დამადასტურებელი პირველადი დოკუმენტებით განსაზღვრულ ადგილმდებარეობას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საჯარო რეესტრის ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ მოხდა მოსარჩელის მიწის ნაკვეთის არასწორად რეგისტრაცია. აღნიშნული უზუსტობის აღმოფხვრის მიზნით, 2014 წლის 02 აპრილს, ნ.მ-მიერ შედგენილ იქნა ახალი საკადასტრო აზომვითი ნახაზი და მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენილი იქნა შესაბამისი წერილობითი ახსნა-განმარტება სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილებების შეტანის თხოვნით. მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ შეჩერებული იქნა სარეგისტრაციო წარმოება, ვინაიდან ვ. ს-ს საკუთრებაში არსებული ნაკვეთი ზედდებაში აღმოჩნდა გ. ს- ის, შ. ა-სა და თ. გ-ს საკუთრებაში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების მონაცემებთან. რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაციისთვის აუცილებელი გახდა კორექტირებული აზომვითი ნახაზების წარდგენა მოსარჩელისა და მოპასუხეების მიერ, რაც ამ უკანასკნელთა მიერ არ განხორციელდა, მიუხედავად იმისა, რომ ისინი დაეთანხმნენ ს-ს, რომ მათი ნაკვეთებიც არასწორად იყო რეგისტრირებული.

მოპასუხე შ. ა-მ სარჩელი ცნო, ხოლო მოპასუხეებმა გ. ს- ემ და თ. გ-მ სარჩელი არ ცნეს შემდეგი დასაბუთებით:

მათი განმარტებით, საკადასტრო აზომვით ნახაზებში ცვლილებების შეტანის და ნივთის გამოთხოვის საფუძველი არ არსებობს. პირველად საკუთრების უფლების რეგისტრაცია განახორციელა მოსარჩელემ და მოპასუხეების მიერ მათ კუთვნილ ნაკვეთებზე საკადასტრო აზომვითი ნახაზების წარდგენა შეესაბამებოდა საჯარო რეესტრში მოსარჩელის მიერ წარდგენილ მონაცემებს. თავდაპირველი რეგისტრაციისას მოსარჩელის მიერ წარდგენილი ნახაზის კონფიგურაცია არსებითად განსხვავდება ამჟამად მის მიერვე წარდგენილი კონფიგურაციისაგან, რაც განაპირობებს ზედდებას.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილებით: ვ. ს-ს სარჩელი შ. ა-ს მიმართ დაკმაყოფილდა; შ. ა-ს დაევალა შეესწორებინა მის საკუთრებაში საჯარო რეესტრში რეგისტრირებული ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი ვ. ს-ს მიერ ცვლილებების სარეგისტრაციოდ ...-ში წარდგენილი (განცხადების რეგისტრაციის ნომერი ...) მიწის ნაკვეთთან 200 კვ.მ მიწის ნაკვეთის ზედდების ნაწილში და შესაბამისი შესწორების შემდეგ განისაზღვრა ნივთის გამოთხოვა მისი მფლობელობიდან; ვ. ს-ს სარჩელი გ. ს- ისა და თ. გ-ს მიმართ შესაბამისად ... და ... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული ნივთის საზღვრებში არსებული ნაკვეთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვისა და ამ საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული ნაკვეთების საკადასტრო აზომვითი ნახაზების შესწორების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ნაწილობრივ გაასაჩივრა ვ. ს-მ, გ. ს- ის მიმართ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 22 ოქტომბრის განჩინებით ვ. ს-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

ზუგდიდის რაიონის სოფ. ჭითაწყარის საკრებულოს 1996 წლის 9 დეკემბრის დადგენილების საფუძველზე შედგენილია მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის თანახმად, ქ. ზუგდიდში მცხოვრებ ვ. ს-ს სარგებლობაში გადაეცა 0,17 ჰა სასოფლო-სამეურნეო მიწა ერთ ნაკვეთად.

2000 წლის 6 აგვისტოს ვ. ს-მ მიიღო მიწის (უძრავი ქონების) საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობა შემდეგი მონაცემებით: სარეგისტრაციო ზონა ზუგდიდი, კოდი 43, სექტორი სოფ. ჭითაწყარი, კოდი 14, კვარტლის # ..., ნაკვეთის ნომერი ..., დაზუსტებული ფართობი 873,62 მ2.

2010 წლის 14 დეკემბერს ვ. ს-ს მიერ წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე მას საკუთრებაში დაურეგისტრირდა 1703 მ2 (დაზუსტებული ფართობი) მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით ... სხვა სარეგისტრაციო დოკუმენტებთან ერთად ვ. ს-ს მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენილი ჰქონდა მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის როგორც ქაღალდის ისე ციფრული ვერსია. ნახაზი შედგენილია 2010 წლის 8 დეკემბერს, მას ხელს აწერენ საკადასტრო აზომვაზე პასუხისმგებელი პირი ნინო მღებრიშვილი და დაინტერესებული პირი ვ. ს-.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საჯარო რეესტრის მიერ განხორციელებული რეგისტრაცია სავსებით შეესაბამება ვ. ს-ს მიერ წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის მონაცემებს.

2014 წლის 2 აპრილს ვ. ს-მ მოითხოვა ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია და წარადგინა ახალი საკადასტრო აზომვითი ნახაზი. ამ ნახაზზე არსებული მიწის ნაკვეთის კონფიგურაცია არ შეესაბამება მის მიერ ადრე წარდგენილ საკადასტრო აზომვით ნახაზზე არსებულ კონფიგურაციას. ამასთან, ახალ საკადასტრო აზომვით ნახაზზე მონიშნული მიწის ნაკვეთი საჯარო რეესტრის მონაცემებით ზედდებაშია გ. ს- ის, შ. ა-ს და თ. გ-ს საკუთრებაში რეგისტრირებული ნივთების მონაცემებთან (შესაბამისად საკადასტრო კოდები - ..., ..., ...), რის გამოც საჯარო რეესტრის შესაბამისმა სამსახურმა ვერ განახორციელა ცვლილების რეგისტრაცია. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის #... გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული.

ვ. ს-ს დაკვეთით, შპს ,,ზ-ის" მიერ 2014 წლის 22 მაისს შესრულებული ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ ვ. ს-ს მიერ რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი …) განთავსება საკადასტრო რუკაზე არ შეესაბამება მიწის ნაკვეთის საკუთრების დამადასტურებელ პირველად დოკუმენტებში განსაზღვრულ ადგილმდებარეობას და ი/მ ნ.მ-მიერ შედგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი (იგულისხმება 08.12.2010) მოიცავს მნიშვნელოვან უზუსტობებს. ნახაზში უზუსტობის დაშვებას წერილობით აფიქსირებს ი/მ ნინო მღებრიშვილიც. უზუსტობებს შეიცავს ამ ნაკვეთთან დაკავშირებით შედგენილი პირველადი დოკუმენტებიც. მიღება-ჩაბარების აქტი ვ. ს-სთვის 1996 წლის 9 დეკემბერს სარგებლობაში გადაცემულად აფიქსირებს 0,17 ჰა-ს, 2000 წლის 6 აგვისტოს გაცემული მოწმობა საკუთრებაში გადაცემულად აფიქსირებს დაზუსტებულ ფართს 873,62 მ2-ს.

ამის მიუხედავად ვ. ს- საკადასტრო აზომვით ნახაზს უკვეთავს და საჯარო რეესტრში სარეგისტრაციოდ წარადგენს 1702,2 მ2-ზე, ხოლო მის საკუთრებაში რეგისტრირდება 1703,0 მ2.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2010 წლის 14 დეკემბერს ვ. ს-ს ნივთზე საკუთრების თავდაპირველი რეგისტრაციისას შ. ა-ს და გ. ს- ის მომიჯნავე მიწის ნაკვეთები საჯარო რეესტრში რეგისტრირებული არ იყო.

გ. ს- ის საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე საკადასტრო კოდით (..., ნაკვეთის წინა ნომერი ...) დარეგისტრირდა 2012 წლის 4 მაისს ვალის სანაცვლოდ უძრავი ნივთის საკუთრებაში გადაცემის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე. იგი კეთილსინდისიერი შემძენია. მის მიერ საკუთრების შეძენამდე ვ. ს-ს ნაკვეთის წინა მესაკუთრის მიმართ პრეტენზიები უფლებრივი ნაკლის არსებობასთან დაკავშირებით წარდგენილი არა აქვს. რეგისტრაციისას ვ. ს-ს ნაკვეთთან ზედდება არ დაფიქსირებულა.

თ. გ-ს საკუთრება უძრავ ნივთზე საკადასტრო კოდით ... დაუზუსტებელი მონაცემებით რეგისტრირებულია საკომლო სიის საფუძველზე 2000 წლის 1 აგვისტოდან. ამ ნივთზე მონაცემები დაზუსტდა 2012 წლის 18 ივლისს და ნაკვეთს მიენიჭა ახალი საკადასტრო კოდი .... რეგისტრაციისას ან მონაცემების დაზუსტებისას ვ. ს-ს ნაკვეთთან ზედდება არ დაფიქსირებულა.

პალატამ მიიჩნია, რომ გ. ს- ის ან თ. გ-ს მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული მოქმედება, რამაც მოსარჩელის ნაკვეთის საჯარო რეესტრში არასწორი რეგისტრაცია განაპირობა საქმის მასალებით ვერ დადგინდა. ვ. ს- მისი ნაკვეთის რეგისტრაციასთან დაკავშირებულ დოკუმენტებს მოიპოვებდა მოპასუხეებისგან დამოუკიდებლად და ასევე დამოუკიდებლად წარუდგენდა მარეგისტრირებელ ორგანოს.

სასამართლომ მიუთითა ,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 და მე-6 მუხლებზე, რომლის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტების ნამდვილობაზე. ისინი პასუხისმგებელნი არიან მხოლოდ რეგისტრირებული მონაცემებისა და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე.

საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით პალატამ განმარტა, რომ საკადასტრო მონაცემები არის ამ ინსტრუქციით დადგენილი წესით ასახული, მიწის ნაკვეთის საზღვრის კონფიგურაციის და ადგილმდებარეობის, მასზე არსებული ნაგებობების, მათ შორის ხაზოვანი ნაგებობების, ასევე სერვიტუტის ან სხვა სამართლებრივი შეზღუდვის ფარგლების შესახებ გრაფიკულად და ტექსტურად გამოსახული ზუსტი ინფორმაცია, ხოლო ამავე ნორმის მე-2 და მე-3 პუნქტის მიხედვით საკადასტრო აზომვითი ნახაზი არის ამ ინსტრუქციის მოთხოვნათა დაცვით შესრულებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემების ამსახველი დოკუმენტი.

ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახური ვალდებულია დაეყრდნოს ნებისმიერი ფიზიკური თუ იურიდიული პირის მიერ შესრულებულ საკადასტრო აზომვით ნახაზს, თუ იგი აკმაყოფილებს ამ ინსტრუქციითა და საქართველოს კანონმდებლობით საკადასტრო აზომვითი ნახაზისათვის დადგენილ აუცილებელ მოთხოვნებს.

ამ შემთხვევაშიც, პალატის განმარტებით, საჯარო რეესტრის შესაბამისი სამსახური დაეყრდნო იმ პირის დაკვეთით შესრულებულ ნახაზს, ვისაც ეკისრებოდა ამ ნახაზის სიზუსტეზე პასუხისმგებლობა დასახელებული ინსტრუქციის 30-ე მუხლის მიხედვით.

საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ საჯარო რეესტრმა მოსარჩელეს დაურეგისტრირა უძრავი ნივთის ის მონაცემები, რაც თავად მოსარჩელემ წარუდგინა. შესაბამისად, ამგვარი მონაცემებით მოსარჩელის ნივთის რეგისტრაციაში გ. ს- ეს და თ. გ-ს მონაწილეობა არ მიუღიათ. შესაბამისად, მათ ვერ დაეკისრებოდათ პასუხიმგებლობა მოსარჩელის მიერ შეცდომით წარდგენილი მონაცემების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის გამო.

პალატამ აღნიშნა, რომ მოპასუხეების მიერ წარდგენილი ინფორმაცია დაცულია საჯარო რეესტრში და ეს მონაცემები არ ეწინააღმდეგება მათ მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილ დოკუმენტებში აღწერილ ინფორმაციას. ასეთ შემთხვევაში საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის დანაწესებით მოქმედებს რეესტრის უტყუარობის პრეზუმფცია და რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველ ნაწილზე მითითებით პალატამ დაასკვნა, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული ზედდების ნაწილში რეგისტრირებულია გ. ს- ის და თ. გ-ს საკუთრების უფლება. ,,საჯარო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მიხედვით კი საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემთა მიმართ მოქმედებს უტყუარობის პრეზუმფცია, ვიდრე ისინი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად არ იქნება ცნობილი.

შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად არ დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნა გ. ს- ის და თ. გ-ს მიმართ ნივთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის შესახებ.

პალატამ აღნიშნა, რომ სარჩელს ერთვოდა მიწის მიღება-ჩააბრების აქტი №29, რომლის მიხედვითაც ვ. ს-ს გადაეცა 0,17 ჰექტარი სასოფლო სამეურნეო მიწა ერთ ნაკვეთად. ამავე აქტის მიხედვით ნაკვეთს ჩრდილოეთით ესაზღვრება გამგეობის მიწები, სამხრეთით კი გზა. ასევე სისტემური რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტები, რომელთა მიხედვითაც ვ. ს-ს გადაეცა ორი ნაკვეთი 1. - ... - 873,62 კვ/მ; და 2. - ... - 853,98, ანუ მთლიანობაში 1727,6 კვ/მ მიწის ნაკვეთი. მიუხედავად იმისა, რომ სისტემური რეგისტრაციის ნახაზებში ამ ორ ნაკვეთზე გადის გზა, პალატის აზრით, მისი ერთ ნაკვეთად მიჩნევა არ შეიძლება. აქვე სასამართლომ აღნიშნა, რომ თუნდაც სისტემური რეგისტრაციის ორივე ნახაზი მიჩნეული ყოფილიყო ერთ მთლიან ნაკვეთად, ვერ ხერხდებოდა მიღება-ჩაბარების აქტითა და სისტემური რეგისტრაციით გადაცემული ნაკვეთების იდენტურობა, რადგანაც სისტემურად რეგისტრირებულ ნაკვეთებს ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან ესაზღვრება სხვა მესაკუთრეების ნაკვეთები და არა გამგეობის ნაკვეთები და გზა.

სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ე.წ. სისტემური რეგისტრაცია განხორციელდა საქართველოს პრეზიდენტის 16.05.199 წლის №327 ბრძანებულებით (სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციის გადაუდებელ ღონისძიებათა და საქართველოს მოქალაქეთათვის სარეგისტრაციო მოწმობების გაცემის შესახებ), რომლის მე-4 პუქნტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, რეგისტრაციის საფუძველს წარმოადგენს მიწის მიღება-ჩაბარების აქტი და მასში მითითებული მონაცემები.

აღნიშნული აქტი დღესდღეობით ძალაში აღარ არის და სისტემური რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტები მათში არსებული უზუსტობების გამო აღარ წარმოადგენს რეგისტრაციის საფუძველს.

პალატამ მნიშველოვნად მიიჩნია ის გარემოებაც, რომ აპელანტს რეგისტრირებული აქვს №... მიღება-ჩაბარების აქტით მიღებული ნაკვეთი 08/12/2010 წელს ნაკვეთის საკადასტრო კოდია ...; აღნიშნული რეგისტრაცია განხორციელებულია თავად მესაკუთრის მიერ შესაბამისი პირისათვის ნაკვეთის ადგილმდებარეობისა და საკადასტრო მონაცემებზე მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით.

სასამართლომ აღნიშნა, რომ აპელანტის მითითებით, მისი ნაკვეთი, რომელიც ამ დროისათვის საკუთრებაში აქვს გ. ს- ეს ესაზღვრება ფ. კ-სა და თ. ნ-ის ნაკვეთებს. შესაბამისად სადაო მიწის ნაკვეთს უნდა ესაზღვრებოდეს ამ პირთა საკუთრებაში არსებული ნაკვეთები, რაც, პალატის აზრით, არ შეესაბამება სინამდვილეს და აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებები სასამართლოში წარმოდგენილი არ არის.

სასამართლოს მითითებით, საქმეში არ არსებობს მტკიცებულებები, რომელებიც დაადასტურებენ იმას, რომ ვ. ს-ზე იქნა გადაცემული იმ ნაკვეთის ნაწილი, რომელიც ამჟამად რეგისტრირებულია გ. ს- ეზე. აპელანტის მიერ მითითებულ ე.წ. ექსპერტიზის დასკვნაში კი საუბარია მხოლოდ იმ გარემოებაზე, რომ ვ. ს-ს მიერ ელექტრონულად რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის (ს/კ ...) განთავსება საკადასტრო რუკაზე არ შეესაბამება პირველადი დოკუმენტებით განსაზღვრულ მდგომარეობას.

პალატის განმარტებით, ის გარემოება, რომ ვ. ს-ს ნაკვეთი არასწორად აქვს რეგისტრირებული არ ნიშნავდა იმას, რომ პირველადი დოკუმენტაციით გაცემული ნაკვეთი დღესდღეობით საკუთრებაში აქვს რეგისტრირებული გ. ს- ეს.

საქმის მასალებითა და მხარეთა განმარტებებით სასამართლომ დაადგინა, რომ ზედდების ნახაზის მიხედვით ვ. ს-ს მიერ მოთხოვნილი (რომლის რეგისტრაციასაც ითხოვს) ნაკვეთი ჩრდილო-დასავლეთის მხრიდან ესაზღვრება 80 გრძივი მეტრით ფ. კ-ს ორ ნაკვეთს (... და ...); სარეგისტრაციო მოწმობაზე არსებული ნახაზის მიხედვით კი ჩრდილო-დასავლეთით 20 გრძივი მეტრით ესაზღვრება ნაკვეთი №...; მიწის მიღება-ჩაბარების აქტის მიხედვით კი ჩრდილოეთიდან უნდა ესაზღვრებოდეს გამგეობის მიწებს; შესაბამისად, პალატამ დაასკვნა, რომ როდესაც აპელანტი სისტემური რეგისტრაციით განხორციელებულ ნახაზებს ზუსტად მიიჩნევს და მასზე აფუძნებს სასარჩელო მოთხოვნის მტკიცების ტვირთს, გათვალისწინებული უნდა იქნეს, რომ სისტემური ნახაზები დაზუსტებული და სწორი არ არის და მისი სისწორის შემთხვევაში საკუთრებაში სადაო ნაკვეთს ვერ დაირეგისტრირებდა.

სასამართლოს მითითებით, ფ. კ-ს და ვ. ს-ს სისტემური რეგისტრაციის დოკუმენტებზე ასახული ნახაზები მთლიანობაში თავიანთი კონფიგურაციით არ ემთხვევა ზედდების დოკუმენტზე არსებულ ნახაზებს, კერძოდ სისტემურ ნახაზებზე ნაკვეთები ჩრდილო-დასავლეთით გახლავთ 20 გრძივი მეტრი, ხოლო ზედდების ნახაზზე კ-ს 80 გრძივი მეტრი, ხოლო ს-ს 90 გრძივი მეტრი.

სააპელაციო პალატის აზრით, თუ სარეგისტრაციო მოწმობებში მითითითებულ რუკებს ვენდობით, მაშინ უნდა დავიჯეროთ, რომ აპელანტის ნაკვეთს (220) ჩრდილოდასავლეთით 20 გრძივი მეტრით ესაზღვრება მ. შ-ს (241) ნაკვეთი (ანუ სადაო ნაკვეთი). მის მიერ მოთხოვნილი რეგისტრაციის მიხედვით კი ჩრდილო-დასავლეთით ესაზღვრება ფ. კ-ს ნაკვეთი, რომელის საკადასტრო ადგილმდებარეობაში ეჭვი არ შეაქვს აპელანტს.

სასამართლოს განმარტებით, საქმეში არ არსებობს არანაირი მკიცებულება, რომ თ. ნ-ის, ფ. კ-ს ან გ-ს საკუთრებაში რეგისტრირებული ნაკვეთები არის იმავე საკადასტრო მონაცემებში რეგისტრირებული, რომელშიც თავის დროზე საკუთრებაში იქნა გადაცემული მიწის ნაკვეთი, შესაბამისად, მათი მეშვეობით ვერ გადაწყდებოდა სადავო სამართლებრივი ურთიერთობა.

სააპელაციო პალატამ ასევე დაადგინა, რომ სარჩელს თან ერთვის 2010 წელს ვ. ს-ს მიერ წარდგენილი ნაკვეთის ნახაზი, რომელიც განსხავავებით დღეს სადაოდ გამხდარი რეგისტრაციისა კონფიგურაციით ემთხვევა სისტემური რეგისტრაციის ნახაზებს. შესაბამისად, სისტემური რეგისტრაციის ნახაზებზე დაყრდნობით ნაკვეთების ზუსტ საკადასტრო მდგომარეობის შესახებ დასკვნების გაკეთება შეუძლებელია, რა გარემოების გამოც საჯარო რეესტრის სააგენტო არ ითვალისწინებს მათ.

პალატამ ასევე დაუსაბუთებლად მიიჩნია აპელანტის პრეტენზია, რომ გ. ს- ე არ უნდა ყოფილიყო მიჩნეული კეთილსინდისიერ შემძენად და აღნიშნა, რომ ნაკვეთი, რომლის საკადასტრო კოდია 43.14.43.018 გ. ს- ემ შეიძინა 2012 წლის 4 მაისს მ. შ-საგან, რომელსაც უძრავი ქონება საჯარო რეესტრში რეგისტრირებული ჰქონდა 01/08/2000 წლიდან, რეგისტრაციის №...; მ. შ-ს დაზუსტებული ნახაზით ნაკვეთი საჯარო რეესტრში აქვს 02/03/2010 წლიდან; ხსენებული რეგისტრაციიდან თერთმეტი თვის შემდეგ (08/12/2010 წელს) მოსარჩელე მხარემ მიმართა საჯარო რეესტრს და დაარეგისტრირა თავისი უძრავი ქონება, რომლის საკადასტრო მონაცემებს არასწორად მიიჩნევს ამჟამად. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ გ. ს- ეს უძრავი ქონება შეძენილი ჰქონდა კანონით დადგენილი წესით, ამასთანავე მისთვის უცნობი იყო მესამე პირების მხრიდან რაიმე სახის პრეტენზიები ამ ნივთის მიმართ. აღნიშნულის საპირისპირო ფაქტობრივი გარემოება ან მტკიცებულება კი სასამართლოში წარმოდგენილი არ ყოფილა.

პალატის აზრით, სააპელაციო მოთხოვნა განსხვავდება სასარჩელო მოთხოვნისაგან. სასარჩელო მოთხოვნაში მითითებული იყო - საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების საკადასტრო ნახაზების ბათილად ცნობა; ხოლო სააპელაციო საჩივარში მითითებულია - გ. ს- ის მიერ უძრავ ნივთზე ს/კ ... საჯარო რეესტრში წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზების ბათილად ცნობა; შესაბამისად მხარე ითხოვს არა საკადასტრო გეგმის ბათილად ცნობას, რომელიც რეესტრის ამონაწერთან ერთად წამოადგენს საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს, არამედ რეგისტრაციის საფუძვლად დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილ საკადასტრო აზომვითი ნახაზის ბათილად ცნობას.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ. ს- ის ნაკვეთის რეგისტრაციის მიზნით საჯარო რეესტრში წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზი საქმეში საერთოდ არ დევს.

სარჩელში თანდართული საბუთების ნუსხაში მითითებულია, რომ მას თან ერთვის (დანართი №5) საკადასტრო რუკა ორი ფურცელი. სარჩელს კი თან ერთვოდა ვ. ს-ს მიერ საჯარო რეესტრში 2010 წელში წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზი და აღწერის ოქმი.

მიუხედავად ზემოხსენებულისა, სარჩელისა და სააპელაციო საჩივრის შინაარსის ერთობლიობიდან პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მხარე ითხოვდა საკადასტრო გეგმის ბათილად ცნობას, რადგანაც სარჩელში მისი დაკმაყოფილების საფუძვლად მითითებული იყო საჯარო რეესტრის ინსტრუქციის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტი (სარჩელში შეცდომითაა მითითებული 28-ე მუხლი) - „საკადასტრო გეგმა არის მიწის ნაკვეთის საკადასტრო და გრაფიკული მონაცემების ამსახველი დოკუმენტი, რომელიც შეიცავს ინფორმაციას მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდის, მისი ფართობის, კონფიგურაციის, დანიშნულების, საკოორდინატო ბადის, მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობებისა (მათ შორის, მშენებარე) და მათი სართულიანობის, ასევე ამ მიწის ნაკვეთზე იმ უფლებებისა და შეზღუდვების შესახებ, რომელთა საკადასტრო მონაცემებიც რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში (გარდა ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა).“

ამრიგად, სასამართლომ მიიჩნია, რომ გ. ს- ის მიერ კანონით დადგენილი წესით მოხდა საკუთრების უფლების შეძენა უძრავ ნივთზე, რომლის საკადასტრო კოდია ...; იგი იყო კეთილსინდისიერი შემძენი, რომელმაც საკუთრების უფლება შეიძინა ნივთზე იმ საკადასტრო მონაცემებით, რომლითაც მისი შეძენის დროს იყო რეგისტრირებული.

პალატამ საჯარო რეესტრის შესახებ კანონის მე-9 მუხლის მე-3 ნაწილზე მითითებით განმარტა, რომ საჯარო რეესტრის მიერ დამზადებული საკადასტრო გეგმა არის დამატებითი დოკუმენტი, რომელიც თან ერთვის ამონაწერს. ხოლო საკადასტრო აზომვითი ნახაზი ამ დამატებითი დოკუმენტის შედგენის საფუძველია და არა რაიმე სახის სამართლებრივი აქტი.

ზემოხსენებულიდან გამომდინარე დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილ საკადასტრო აზომვით ნახაზის ბათილად ცნობა, იმ პირობებში, როცა გასაჩივრებული და სადაო არ იყო აპელანტის მხრიდან უძრავ ნივთზე რეგისტრირებული საკუთრების უფლება, პალატამ მიზანშეწონილად არ მიიჩნია, ვინაიდან მისი ბათილობა გამოიწვევდა რეგისტრირებული უფლების ბათილობას, რომლის ბათილად ან ძალადაკარგულად ცნობის საფუძვლებსაც ადგენდა საჯარო რეესტრის შესახებ კანონის 26-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილები. აღნიშნული ნორმის გამოყენების საფუძველს კი სასარჩელო მოთხოვნა არ იძლეოდა

სასამართლომ უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად არ მიიჩნია ასევე დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი აზომვითი ნახაზი და მიუთითა საჯარო რეესტრის შესახებ კანონის მე-2 მუხლის „კ“ პუნქტიზე, რომლის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას.

შესაბამისად, პალატამ დაასკვნა, რომ აპელანტის მიერ მითითებული გარემოებები ვერ იქნა გამყარებული შესაბამისი მტკიცებულებებით, რაც მისი მოთხოვნის უსაფუძვლობაზე მეტყველებდა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ვ. ს-მ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა საპელაციო სასამართლოს 2014 წლის 22 ოქტომბრის განჩნების, ასევე ამავე თარიღის საოქმო განჩნების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება შემდეგი დასაბუთებით:

სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილება გამოტანილი იქნა მნიშვნელოვანი საპროცესო დარვევებით:

1. სააპელაციო საჩივარი შეტანილი იყო მხოლოდ გ. ს- ის მიმართ. თ. გ-ს მიმართ საჩივარი არ წარდგენილა, ვინაიდან მის მიერ ნებაყოფლობით მოხდა მისი მიწის ნაკვეთების საკადასტრო ნახაზების კორექტირება. მიუხედავად ამისა, სააპელაციო სასამართლომ საჩივარი გ-ს მიმართაც განიხილა - განჩინების 4.2. გრაფაში პირდაპირ არის მითითებული, რომ გადაწყვეტილება გასაჩივრებულია გ. ს- ის და თ. გ-ს მიმართ.

2. სააპელაციო საჩივარს დართული ჰქონდა მტკიცებულებები, რომლითაც დასტურდებოდა ახალი გარემოება, რომ თ. გ-მ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ, მის სასარგებლოდ საქმის გადაწყვეტის მიუხედავად, მოახდინა მოსარჩელის მოთხოვნის შესრულება - საკადასტრო ნახაზების შესწორება (სწორედ ამიტომ არ მოხდა მის მიმართ საჩივრის წარდგენა). ამ პირობებში სასამართლომ საქმისადმი შემხებლობის არარსებობის მოტივით, საქმეს არ დაურთო შესაბამისი მტკიცებულებები. კასატორის აზრით, თ. გ-ს მიწის ნაკვეთების დღევანდელი რეგისტრაცია მისი ნაკვეთების პირველად (სისტემურ) რეგისტრაციას შეესაბამება. შესაბამისად, გ. ს- ის მიწის ნაკვეთის პირველადი რეგისტრაციის ადგილმდებარეობის დასადგენად მნიშვნელოვანი იყო მითითებული მტკიცებულებების შეფასება, მაგრამ სააპელაციო სასამართლომ ისინი უმნიშვნელოდ მიიჩნია.

გადაწყვეტილება იურიდიულად საკმარისად არ არის დასაბუთებული:

1. კასატორის მითითებით, გ. ს- ე არის არა მის საკადასტრო გეგმაში მოქცეული მიწის კეთილსინდისიერი შემძენი, არამედ ამ მიწის პირვანდელი მესაკუთრისთვის გამოყოფილი მიწის კეთილსინდისიერი მფლობელი. მოცემული მსჯელობის საწინააღმდეგო დასკვნა კი სააპელაციო სასამართლოს არ გაუკეთებია.

2. არასწორია ასევე სასამართლოს მოსაზრება, რომ სისტემური რეგისტრაციის მასალები დაუზუსტებელია და ამიტომ მათზე დაყრდნობა დაუშვებელია, ვინაიდან, სასამართლოს სამართლებრივად არ შეუფასებია დაუზუსტებლობის მასშტაბი.

გადაწყვეტილება ფაქტობრივად არ არის საკმარისად დასაბუთებული:

1. სასამართლომ არ შეაფასა ის გარემოება, რომ თუ მოსარჩელის მოთხოვნა უსაფუძვლო იყო, მაშინ რატომ ცნო სარჩელი შ. ა-მ, ხოლო თ. გ-მ მოსარჩელის მოთხოვნის შესაბამისად შეცვალა თავისი საკადასტრო ნახაზი.

2. გადაწყვეტილებაში შეფასებული არ არის მ. შ-ს (რომლისგანაც ნაკვეთი შეიძინა გ. ს- ემ) მიწის ნაკვეთის თავდაპირველ რეგისტრაციას რა უფლების დამდგენი დოკუმენტი ედო საფუძვლად და სად, რომელი ნაკვეთის მიმდებარედ და რა კონფიგურაციით იყო მოცემული ნაკვეთი განთავსებული. მოცემული გარემოება მნიშვნელოვანი იყო ვ. ს-ს და გ. ს- ის მიწის ნაკვეთების პირველადი რეგისტრაციების ურთიერთმიმართების დასადგენად. კასატორის აზრით არასწორია სასამართლოს მითითება, რომ წარმოდგენილი არ არის მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ სადავო მიწის ნაკვეთი უნდა ესაზღვრებოდეს ფ. კ-სა და თ. ნ-ის მიწის ნაკვეთებს, ვინაიდან საქმეშია ფ. კ-ზე, თ. ნ-ეზე, ვ. ს-ზე, თ. გ-ზე გაცემული სარეგისტრაციო მოწმობები, რომლებზე დატანილი ნახაზებით ზუსტად და უტყუარად დგინდება ნაკვეთების ურთიერთმიმართება.

3. საკასაციო საჩივრის ავტორის აზრით, სააპელაციო სასამართლომ ჯეროვნად არ გამოიკვლია ვ. ს-ზე, მ. შ-ზე, თ. გ-სა და ფ. კ-ზე გამოყოფილი და დარეგისტრირებული ნაკვეთების ურთიერთმიმართების საკითხი, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული გარემოებები ზუსტად დგინდება საქმეში არსებული სარეგისტრაციო მოწმობებზე დატანილი ნახაზებით. სარეგისტრაციო მოწმობებზე დატანილი ნახაზებიდან აშკარად დგინდება, რომ ვ. ს-ს მიერ 2010 წელს წარდგენილი ნახაზი სისტემური რეგისტრაციის ნახაზებს არ ემთხვევა. ასეთ შემთხვევაში, თუ სასამართლოს არ ეყო სპეციალური ცოდნა, ნახაზებში გასარკვევად მას შეეძლო დაენიშნა ექსპერტიზა.

4. სასამართლო, ერთის მხრივ, მიუთითებს, რომ საქმეში არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ მიმდებარე მიწის ნაკვეთების მესაკუთრეებმა (ფ. კ-, თ. ნ-ე, თ. გ-) გამოყოფის დოკუმენტების მიხედვით დაარეგისტრირეს თავიანთი ნაკვეთები, ხოლო მეორეს მხრივ, მიუთითებს, რომ ვ. ს-ს მიერ 2010 წელს წარდგენილი ნახაზების ანალიზი განხორციელებული აქვს არაჯეროვნად, ვინაიდან სარეგისტრაციო მოწმობებზე დატანილი ნახაზებიდან აშკარად დგინდება ფ. კ-ს, თ. ნ-ის, თ. გ-ს, მ. შ-ს და ვ. ს-ს მიმდებარეობა და ასევე ის, რომ ვ. ს-ს მიერ 2010 წელს წარდგენილი ნახაზი სისტემური რეგისტრაციის ნახაზებს არ ემთხვევა.

კასატორის აზრით, განსახილველ შემთხვევაში, სადავო არ არის შემძენის (მოწინააღმდეგე მხარის) უფლება უძრავ ქონებაზე, რომელიც მან გარიგებით შეიძინა. დავის საგანია ის ქონება (ქონების ნაწილი), რომელიც შემძენს გარიგებით არ შეუძენია. რეესტრის მონაცემების უტყუარობა და, შესაბამისად, შემძენის კეთილსინდისიერება, მოქმედებს შეძენილ ქონებაზე და არა ქონებაზე, რომელიც არ შეძენილა. შესაბამისად, თუ აღმოჩნდება, რომ შემძენს შეძენილი არ ჰქონდა სადავო ქონება, უკანონოა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა კეთილსინდისიერების საფუძვლით.

მიუხედავად იმისა, რომ უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირებული უფლების შესახებ მონაცემებთან ერთად შეიტანება უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემები, თუ რეგისტრირებული უფლების შესახებ მონაცემებს ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემები ეწინააღმდეგება, უპირატესობა რეგისტრირებული უფლების შესახებ მონაცემებს (ანუ უფლების დამდგენ დოკუმენტს) ენიჭება.

საკასაციო საჩივრის ავტორის განმარტებით, მოცემულ დასკვნას საფუძვლად უდევს ის სამართლებრივი გარემოება, რომ უფლების რეგისტრაციის საფუძველია სარეგისტრაციო დოკუმენტი - სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას და არა საკადასტრო ნახაზები. ამას გარდა, აღსანიშნავია, რომ დაინტერესებული პირის უფლებამოსილება დგინდება მხოლოდ ამონაწერით საჯარო რეესტრიდან. მნიშვნელოვანია ასევე, რომ გარიგების დადება ხორციელდება საჯარო რეესტრის ამონაწერის და არა საკადასტრო გეგმის საფუძველზე.

ამრიგად, კასატორის განცხადებით, სასამართლომ არ დაადგინა ის გარემოება, რომ გ. ს- ის სახელზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის შემთხვევაში სახეზე იყო კოლიზია წინა მესაკუთრის სახელზე მიწის პირველადი (სისტემური) რეგისტრაციის დოკუმენტს (სარეგისტრაციო მოწმობას) და შემდგომი (ელექტრონული) რეგისტრაციის დოკუმენტს (საკადასტრო გეგმას) შორის და სადავო მიწის ნაკვეთი ზედდების ნაწილში გამოყოფის დოკუმენტით (მიღება-ჩაბარების აქტით) და პირველადი რეგისტრაციის დოკუმენტებით ვ. ს-ს ეკუთვნოდა. სასამართლომ ასევე არ დაასაბუთა, რომ პირველადი რეგისტრაციისა და ელექტრონული რეგისტრაციის მონაცემების არსებითი შეუსაბამობის შემთხვევაში შემძენის კეთილსინდისიერების საკითხის გადასაწყვეტად უპირატესობა შეძენის მომენტში არსებულ ელექტრონულ საკადასტრო მონაცემებს ენიჭებოდა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 18 დეკემბრის განჩინებით ვ. ს-ს საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ვ. ს-ს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით შემდეგ გარემოებათა გამო:

კასატორი მნიშვნელოვან საპროცესო დარღვევად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ სააპელაციო სასამართლომ 2014 წლის 22 ოქტომბრის განჩინებით (კერძოდ, მისი 4.2. პუნქტით) დადგენილად მიიჩნია გადაწყვეტილების თ. გ-ს მიმართ გასაჩივრების ფაქტი მაშინ, როდესაც სააპელაციო საჩივარი მის მიერ შეტანილი იყო მხოლოდ გ. ს- ის მიმართ მოთხოვნის არდაკმაყოფილების ნაწილში, ხოლო თ. გ-ს მიმართ მოთხოვნის არდაკმაყოფილების ნაწილში საჩივარი არ წარდგენილა, ვინაიდან ამ უკანასკნელის მიერ ნებაყოფლობით მოხდა მისი მიწის ნაკვეთების საკადასტრო ნახაზების კორექტირება.

საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის პოზიციას, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებაში მხარის სახით თ. გ-ს მიმართ მოსარჩელის მოთხოვნაზე მსჯელობა წარმოადგენს საპროცესო დარღვევას, თუმცა ვერ დაეთანხმება საჩივრის ავტორის დასკვნას, რომ აღნიშნულმა დარღვევამ არსებითი გავლენა მოახდინა საქმის განხილვის შედეგზე.

მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილება ვ. ს-მ გაასაჩივრა ნაწილობრივ, გ. ს- ის მიმართ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში (იხ. ს.ფ. 125-140). საქმის მასალებით ასევე დგინდება, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2014 წლის 22 ოქტომბრის განჩინების სამოტივაციო ნაწილის 4.2. პუნქტში მიუთითა, რომ გადაწყვეტილება გასაჩივრებულია ნაწილობრივ, კერძოდ იმ ნაწილში, რომლითაც ვ. ს-ს სარჩელი გ. ს- ის და თ. გ-ს მიმართ არ დაკმაყოფილდა (იხ. ს.ფ. 222).

ამრიგად, მიუხედავად იმისა, რომ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილება ვ. ს-მ გაასაჩივრა მხოლოდ გ. ს- ის მიმართ მოთხოვნის არდაკმაყოფილების ნაწილში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ თავის გადაწყვეტილებაში იმსჯელა როგორც გ. ს- ის, ასევე თეიმუაზ გ-ს მიმართ მოთხოვნებზე, თუმცა სააპელაციო სასამართლოს თ. გ-სთან მიმართებაში მოცემულ საქმეზე განსხვავებული შედეგი არ დაუყენებია - პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ შეუცვლია.

შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ გამოვლენილა ისეთი საპროცესო დარღვევა, რომელმაც არსებითად იმოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც არ არსებობს აღნიშნული მოტივით გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.

საკასაციო საჩივრის ავტორი სადავოდ ხდის ასევე სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 22 ოქტომბრის საოქმო განჩინებას, რომლითაც არ დაკმაყოფილდა აპელანტის შუამდგომლობა სააპელაციო საჩივართან ერთად წარდგენილი წერილობითი მტკიცებულებების საქმეზე ახალი მტკიცებულებების სახით დართვის შესახებ.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 219-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, პირველი ინსტანციის სასამართლოში მხარეები შეზღუდული არიან ახსნა-განმარტების მოსმენისას წარადგინონ ახალი მტკიცებულებები ან მიუთითონ ახალ გარემოებებზე, რომელთა შესახებაც არ ყოფილა მითითებული სარჩელსა თუ შესაგებელში ან საქმის მომზადების სტადიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათ შესახებ თავის დროზე საპატიო მიზეზით არ იყო განცხადებული.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 380-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოში შესაძლებელია ახალი ფაქტების მოყვანა და ახალი მტკიცებულებების წარდგენა, თუმცა სასამართლო არ მიიღებს ახალ ფაქტებსა და მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეს შეეძლო წარედგინა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, მაგრამ არასაპატიო მიზეზით არ წარადგინა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო მიიღებს ახლად წარმოდგენილ მტკიცებულებებს, თუ მათ მნიშვნელობა აქვთ საქმისთვის, 380-ე მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით.

განსახილველ შემთხვევაში ირკვევა, რომ სააპელაციო საჩივრის ავტორმა ვ. ს-მ სააპელაციო საჩივართან ერთად წარადგინა წერილობითი მტკიცებულებები (თ. გ-ს განცხადება, სარეგისტრაციო სამსახურის გადაწყვეტილებები, საჯარო რეესტრის ამონაწერი, საკადასტრო გეგმა, თ. გ-სა და მ. შ-ს მიწის ნაკვეთების სარეგისტრაციო მოწმობები, სიტუაციური ზედდების ნახაზი) და იშუამდგომლა სასამართლოს წინაშე მათი საქმეზე დართვის შესახებ (იხ. ს.ფ. 125-158). აპელანტმა აღნიშნული მტკიცებულებების დასაშვებად ცნობა მოითხოვა იმ საფუძვლით, რომ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ მოპასუხე თაიმურაზ გ-მ თავის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის სარეგისტრაციო მონაცემებში შეიტანა ცვლილება, რის შედეგადაც აღმოიფხვრა ზედდება მოსარჩელის საკადასტრო ნახაზთან. აპელანტის აზრით, იმის გათვალისწინებით, რომ გ. ს- ის მიწის ნაკვეთი და თ. გ-ს მიწის ნაკვეთი ერთმანეთს ესაზღვრებოდა და თ. გ-ს ნაკვეთმა შეიცვალა კოორდინატები, გ. ს- ის ნაკვეთსაც უნდა შეეცვალა კოორდინატები, შესაბამისად, აღარ იარსებებდა დავის საგანი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 22 ოქტომბრის საოქმო განჩინებით არ დაკმაყოფილდა აპელანტის აღნიშნული შუამდგომლობა, წარმოდგენილი მტკიცებულებების საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის არქონის გამო (იხ. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 22 ოქტომბრის სასამართლო სხდომის ოქმი 14:34:38-14:35:25).

საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის შესაბამისად სააპელაციო სასამართლო ახლად წარმოდგენილ მტკიცებულებებს მიიღებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათ მნიშვნელობა აქვთ საქმისთვის.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილებით ვ. ს-ს სარჩელი შ. ა-ს მიმართ დაკმაყოფილდა, ხოლო გ. ს- ისა და თ. გ-ს მიმართ შესაბამისად ... და ... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული ნივთის საზღვრებში არსებული ნაკვეთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვისა და ამ საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული ნაკვეთების საკადასტრო აზომვითი ნახაზების შესწორების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება ვ. ს-მ გაასაჩივრა ნაწილობრივ, გ. ს- ის მიმართ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში. შესაბამისად, თ. გ-ს მიმართ გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ სააპელაციო საჩივარზე დართული დოკუმენტები (თ. გ-ს განცხადება, სარეგისტრაციო სამსახურის გადაწყვეტილებები, საჯარო რეესტრის ამონაწერი, საკადასტრო გეგმა და თ. გ-სა და მ. შ-ს მიწის ნაკვეთების სარეგისტრაციო მოწმობები) ვერ მიიჩნევა მოცემული საქმის გადაწყვეტისთვის მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებებად, ვინაიდან სააპელაციო სასამართლო განიხილავდა დავას ვ. ს-სა და გ. ს- ეს შორის უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვით ნახაზში ცვლილების შეტანის თაობაზე, ხოლო იმ პირობებში, როდესაც თ. გ-ს მიმართ (რომელიც პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას წარმოადგენდა მოპასუხე მხარეს) გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში იყო შესული (მის მიმართ ვ. ს-ს არ გაუსაჩივრებია რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება), აპელანტის მიერ მითითებული გარემოება, რომ თ. გ-ს ნაკვეთმა შეიცვალა კოორდინატები და შესაბამისად, გ. ს- ის ნაკვეთსაც უნდა შეეცვალა კოორდინატები, არ წარმოადგენდა აღნიშნული მტკიცებულებების საქმეზე დართვის შუამდგომლობის დაკმაყოფილების საკმარის საფუძველს. მოსარჩელემ ვერ დაადასტურა, რატომ ჰქონდა ახალი მტკიცებულებების საქმეზე დართვას მნიშვნელობა სააპელაციო საჩივრის ფარგლებში საქმის განხილვისათვის.

ამრიგად, საკასაციო სასამართლო უსაფუძვლობის გამო ვერ გაიზიარებს კასატორის ზემოაღნიშნულ პრეტენზიებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად განახოციელა ის საპროცესო მოქმედებები, რომლებიც, მხარეთა თანასწორუფლებიანობის პირობებში, საჭირო იყო საქმის გარემოებათა დადგენისა და, მხარეთათვის დაკისრებული მტკიცების ტვირთის შესაბამისად, მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისათვის, რაც ცხადყოფს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 22 ოქტომბრის საოქმო განჩინება მტკიცებულებების დართვაზე უარის თქმის თაობაზე მართებულია, არ გამოვლენილა ისეთი საპროცესო დარღვევა, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე და, შესაბამისად, არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ.სუს 2012 წლის 8 ნოემბრის №ას-740-696-2012 განჩინება; სუს 2014 წლის 24 აპრილის №ბს-359-349 (4კ-13) გადაწყვეტილება; სუს 2015 წლის 4 მაისის №ას-144-137-2015 განჩინება). შესაბამისად, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ვ. ს-ს საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70% – 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ვ. ს-ს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. კასატორ ვ. ს-ს (პირადი ნომერი: ...) დაუბრუნდეს გ. ფ-ს მიერ 2014 წლის 3 დეკემბერს №... საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% – 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი REPLGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე