№ ას-132-125-2014 29 აპრილი, 2015 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – სს „ს. რ-ა“
მოწინააღმდეგე მხარე – რ. ტ-ე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
რ. ტ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში სს ,,ს. რ-ის“ წინააღმდეგ და მოითხოვა მოპასუხის 2013 წლის 12 თებერვლის რ. ტ-ის შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანების №42 ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის - 450 ლარის ანაზღაურება.
სს ,,ს. რ-ამ“ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ რ. ტ-ე დაკავებული თანამდებობიდან განთავისუფლდა რკინიგზის შინაგანაწესის, შრომის კოდექსისა და მოქმედი ნორმატიული აქტების მოთხოვნათა სრული დაცვით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 16 მაისის გადაწყვეტილებით რ. ტ-ის სარჩელი სს ,,ს. რ-ის” მიმართ 2013 წლის 12 თებერვლის №42 ბრძანების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა რ. ტ-ემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილებით რ. ტ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 16 მაისის გადაწყვეტილება და აღნიშნული გადაწყვეტილების შეცვლით საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რ. ტ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სს „ს. რ-ის’’ 2013 წლის 12 თებერვლის N42 ბრძანება რ. ტ-ის ფილიალ ,,მგზავრთა გადაყვანის” გამყოლის (მომსახურების ოპერატორის) თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, აღდგენილ იქნა რ. ტ-ე სს ,,ს. რ-ის“ ,,მგზავრთა გადაყვანის” ფილიალში გამყოლის (მომსახურების ოპერატორის) თანამდებობაზე, სს „ს. რ-ას’’ რ. ტ-ის სასარგებლოდ დაეკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 2013 წლის 2 თებერვლიდან - თანამდებობაზე აღდგენამდე პერიოდისათვის, ყოველთვურად 450 ლარი.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები მიიჩნია:
2013 წლის 12 თებერვალს რ. ტ-ესთან შეწყდა შრომითი ურთიერთობა. ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი გახდა შრომითი ხელშეკრულების პირობების დარღვევა, რაც გამოიხატა იმაში, რომ რ. ტ-ის მორიგეობის დროს, მის ვაგონში (N10) აღმოჩენილი იქნა ორი უბილეთო მგზავრი (ოპერატიული თათბირის სხდომის ოქმი N6 (ს.ფ. 19-22, ტ. 1). დადგენილია, რომ რ. ტ-ე გაცნობილი იყო თანამდებობრივ ინსტრუქციას, რომლის შესაბამისად, მის მოვალეობას შეადგენდა სამგზავრო მატარებლის ვაგონში მგზავრთა კულტურული მომსახურება და უბილეთო მგზავრობის აღკვეთა.
რკინიგზით მგზავრთა გადაყვანის, ბარგის, ტვირთბარგისა და ფოსტის გადაზიდვის წესების 33.1 მუხლის შესაბამისად, ვაგონის გამყოლი მოვალეა მგზავრთა ვაგონში ჩასხდომისას შეამოწმოს სამგზავრო დოკუმენტი, მისი პიროვნების დამადასტურებელი დოკუმენტი და დადგენილ ნორმასთან ხელბარგის წონის შესაბამისობა.
ამდენად, საქმის მასალებით დადგენილია რ. ტ-ის მიერ სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევა.
2013 წლის 4 თებერვლის ოპერატიული თათბირის #6 ოქმით დადგენილია, რომ №3 ვაგონის გამყოლ გ. დ-თან აღმოჩენილი იქნა მგზავრი, რომელსაც არ გააჩნდა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, მაგრამ მგზავრობდა სხვა პირის შეღავათიანი სამგზავრო დოკუმენტით. ამდენად, ამ შემთხვვაშიც (მსგავსად რ. ტ-ესთან მიმართებაში) ადგილი ჰქონდა უბილეთო მგზავრობას. აღნიშნული დარღვევისათვის გ. დ-ის მიმართ გამოყენებული იქნა უფრო მსუბუქი სახის დისციპლინური ღონისძიება, კერძოდ, დაეკისრა პირგასამტეხლო ერთი თვის ხელფასის 10%-ის ოდენობით.
საქმის მასალებით არ დასტურდება რ. ტ-ის მიერ სხვა დროს ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება, გარდა იმ ფაქტისა, რაც საფუძვლად დაედო მასთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას.
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს კონსტიტუციის 42.1-ე, 30-ე ,უხლებით და აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობა შეწყდა საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ” ქვეპუნქტის შესაბამისად, რომლის თანახმადაც, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველია ერთ-ერთი მხარის მიერ შრომითი ხელშეკრულების დარღვევა. დამსაქმებლის ინიციატივით, შრომის ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, უფლების განხორციელების მართლზომიერება გულისხმობს იმას, რომ დამსაქმებლის ნების გამოვლენით არ უნდა დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები. პალატის განმარტებით, შრომასთან დაკავშირებულ უფლებათა შორის მნიშვნელოვანია თანაბარი მოპყრობისა და დისკრიმინაციის აკრძალვა. აღნიშნული გამომდინარეობს შრომის კოდექსის მე-2 მუხლიდან, რომლის მე-6 ნაწილის თანახმად, შრომითი ურთიერთობისას მხარეებმა უნდა დაიცვან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები, ხოლო იმავე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების თანახმად კი, შრომით ურთიერთობაში აკრძალულია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, რელიგიური ან რაიმე გაერთიანებისადმი კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური და სხვა შეხედულების გამო. დისკრიმინაციად ჩაითვლება პირის პირდაპირ ან არაპირდაპირ შევიწროება, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს მისთვის დამაშინებელი, მტრული, დამამცირებელი, ღირსების შემლახველი ან შეურაცხმყოფელი გარემოს შექმნას, ანდა პირისთვის ისეთი პირობების შექმნას, რომლებიც პირდაპირ ან არაპირდაპირ აუარესებს მის მდგომარეობას ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირთან შედარებით.
განსახილველ შემთხვევაში, პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ერთიდაიგივე დარღვევისათვის ერთი პირის მიმართ გამოყენებული იქნა უფრო მსუბუქი სახის დისციპლინური ღონისძიება, ვიდრე აპელანტ რ. ტ-ის მიმართ.
საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის შესაბამისად, ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა. კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპი გულისხმობს თანაბარ პირობებსა და გარემოებებში მყოფი ინდივიდისათვის თანაბარი პრივილეგიის მინიჭებას და თანაბარი პასუხისმგებლობის დაკისრებას. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სს ,,ს. რ-ის“ მიერ გარემოებათა ინდენტურობის პირობებში მიღებული იქნა განსხვავებული გადაწყვეტილებები. მოპასუხის მხრიდან დაუსაბუთებლად, თანაბარ პირობებში მყოფი პირებისადმი დიფერენცირებული მოპყრობა არღვევს თანასწორობის პრინციპს. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ მოპასუხის ქმედება უნდა შეფასდეს დისკრიმინაციულ ქმედებად, რაც შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ 2013 წლის 12 თებერვლის ბრძანების გაუქმებისა და მოსარჩელის სამსახურში აღდგენის საფუძველია.
პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლზე, და ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მიიჩნია, რომ რ. ტ-ის მოთხოვნა სამსახურში აღდგენის თაობაზე დასაბუთებული იყო.
პალატამ საქართველოს შრომის კოდექსის 44-ე, 32.1-ე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408.1-ე, 409-ე, 411-ე მუხლებზე მითითებით საფუძვლიანად მიიჩნია მოსარჩელის მოთხოვნა მისთვის იძულებითი განაცდურის სახით მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე. საქმის მასალებით დგინდება, რომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის დროს რ. ტ-ის ანაზღაურება განისაზღვრებოდა 450 ლარის ოდენობით. შესაბამისად, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის ფარგლებში, სააპელაციო პალატის აზრით, რ. ტ-ეს უნდა ანაზღაურებოდა 2013 წლის 2 თებერვლიდან სამსახურში აღდგენამდე პერიოდისათვის იძულებითი განაცდური ყოველთვიურად 450 ლარის ოდენობით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს „ს. რ-ამ“, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ უგულებელყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მეორე ნაწილი, სრულყოფილად არ გამოიკვლია საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივად არასწორად შეაფასა ისინი. სასამართლომ გამოიყენა საქართველოს შრომის კოდექსის მე-2, 32-ე და 44 -ე მუხლები, საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე, 408-ე, 409-ე და 411-ე მუხლები, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა. ამასთან, არ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილი, „რკინიგზით მგზავრთა გადაყვანის, ბარგის, ტვირთბარგისა და ფოსტის გადაზიდვის წესები“, რის გამოც საქმეზე მიიღო არასწორი გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ ერთი და იგივე დარღვევისთვის ერთი პირის მიმართ გამოყენებულ იქნა უფრო მსუბუქი სახის დისციპლინური ღონისძიება, ვიდრე აპელანტ რ. ტ-ის მიმართ. პალატამ ჩათვალა, რომ მოპასუხის მხრიდან დაუსაბუთებლად, თანაბარ პირობებში მყოფი პირებისადმი დიფერენცირებული მოპყრობა არღვევს თანასწორობის პრონციპს და, შესაბამისად, რკინიგზის ქმედება შეაფასა დისკრიმინაციულ ქმედებად, რაც კასატორის აზრით, არასწორია, ვინაიდან რ. ტ-ის განთავისუფლება დისკრიმინაციული ნიშნით არ განხორციელებულა, გარდა ამისა, ამგვარ საფუძველზე არც მოსარჩელე მიუთითებდა.
კასატორის განმარტებით, სამსახურებრივი გადაცდომის განხილვის დროს ხდება დარღვევის ყოველმხრივი მოკვლევა, ახსნა-განმარტებების ჩამორთმევა, მხედველობაში მიიღება დამრღვევ პირთა განვლილი შრომითი მოღვაწეობა, რამდენად კეთილსინდისიერნი არიან დაკისრებული მოვალეობების შესრულებისას და ყურადღება ექცევა, შეიძლებოდა თუ არა აღნიშნული დარღვევის თავიდან აცილება და განხილვის შედეგები ჯამდება სხდომის ოქმით, რომელიც ბუნებრივია, მოკლედ ასახავს განხილვის შედეგებს, შესაბამისად, არაობიექტურია გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ ოპერატიული თათბირის ოქმზე დაყრდნობით, ვინაიდან აღნიშნული ოქმი სრულად არ ასახავს ჩადენილი გადაცდომის გარემოებებს. ს. რ-ას კი, არ ჰქონდა საშუალება, წარმოედგინა შესაბამისი მტკიცებულებები და ემსჯელა იმ პიროვნების გადაცდომაზე, რომელსაც რ. ტ-ის საქმესთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა და არც მოსარჩელე აპელირებდა ამის შესახებ. ს. რ-აში უბილეთო მგზავრების გადაყვანა ერთ-ერთ უხეშ დარღვევად ითვლება, რაც თანამშრომლის არაკეთილსინდისიერების დასტურია. ყველა თანამშრომელი გაფრთხილებულია, რომ მსგავსი ქმედების აღმოჩენის შემთხვევაში, მათ მიმართ გატარდება უმკაცრესი ზომები. კასატორის მითითებით, ს. რ-ის მიერ ჩატარებული სამსახურებრივი მოკვლევით დადასტურდა, მომსახურების ოპერტორ გ. დ-თან აღმოჩენილი მგზავრი მგზავრობდა სხვისი შეღავათიანი სამგზავრო დოკუმენტით, ხოლო მატარებელში ის აღმოჩნდა ისეთ პირობებში, როცა გ. დ-ი არ ითვალისწინებდა მართლსაწინაარმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას, თუმცა მას შეეძლო ამის გათვალისწინება. როგორც მისი ახსნა-განმარტებიდან ირკვევა და შემდგომში ეს ფაქტი მოკვლევის შედეგადაც დადასტურდა, მატარებლის ვაგონში შევიდა ერთი გამცილებელი და ორი მგზავრი, რომელთაც საბუთები ჰქონდათ წესრიგში. ვისაც საბუთის მიხედვით უნდა ემგზავრა, მის მაგივრად წამოვიდა გამცილებელი. სწორედ აღნიშნულის გამო არ განთავისუფლდა გ. დ-ის სამსახურიდან, თუმცა ვინაიდან მას შეეძლო აღნიშნული შედეგის თავიდან აცილება, თუ მეტ გულისხმიერებას გამოიჩენდა დაკისრებული მოვალეობისადმი, მის მიმართ გამოყენებულ იქნა დისციპლინური ღონისძიების სახე ვალდებულების შესრულებისას გამოჩენილი უყურადღებობისთვის, ხოლო, რაც შეეხება, რ. ტ-ეს, სამსახურებრივი მოკვლევის შედეგებით დადასტურდა, რომ მას თავიდანვე ჰქონდა გაცნობიერებული, რომ თავის ვაგონში ადიოდნენ მგზავრები, რომლებსაც არ გააჩნდათ სამბგზავრო ბილეთები. რ. ტ-ემ არ შეასრულა თანამდებობრივი ინსტრუქციით გათვალისწინებული მოთხოვნები, რითაც ევალებოდა უბილეთო მგზავრობის აღკვეთა. ამასთან, დაარღვია მოქმედი კანონმდებლობით „რკინიგზით მგზავრთა გადაყვანის, ბარგის, ტვირთბარგისა და ფოსტის გადაზიდვის წესებით“ გათვალისწინებული ნორმები, რაც შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია. იგი სამსახურიდან განთავისუფლებულია საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, რაც ცხადყოფს, რომ ს. რ-ამ რ. ტ-ე გაანთავისუფლა შრომის კანონმდებლობისა და მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების მოთხოვნათა შესაბამისად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ განიხილა საქმის მასალები, შეისწავლა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სს „ს. რ-ის“ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები მიიჩნია:
1. 2013 წლის 12 თებერვალს რ. ტ-ესთან შეწყდა შრომითი ურთიერთობა. ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი გახდა შრომითი ხელშეკრულების პირობების დარღვევა, რაც გამოიხატა იმაში, რომ რ. ტ-ის მორიგეობის დროს, მის ვაგონში (N..) აღმოჩენილი იქნა ორი უბილეთო მგზავრი (ოპერატიული თათბირის სხდომის ოქმი N.. (ს.ფ. 19-22, ტ. 1). დადგენილია, რომ რ. ტ-ე გაცნობილი იყო თანამდებობრივ ინსტრუქციას, რომლის შესაბამისად, მის მოვალეობას შეადგენდა სამგზავრო მატარებლის ვაგონში მგზავრთა კულტურული მომსახურება და უბილეთო მგზავრობის აღკვეთა;
2. „რკინიგზით მგზავრთა გადაყვანის, ბარგის, ტვირთბარგისა და ფოსტის გადაზიდვის წესების“ 33.1 მუხლის შესაბამისად, ვაგონის გამყოლი მოვალეა მგზავრთა ვაგონში ჩასხდომისას შეამოწმოს სამგზავრო დოკუმენტი, მისი პიროვნების დამადასტურებელი დოკუმენტი და დადგენილ ნორმასთან ხელბარგის წონის შესაბამისობა; ამდენად, საქმის მასალებით დადგენილია რ. ტ-ის მიერ სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევა;
3. 2013 წლის 4 თებერვლის ოპერატიული თათბირის N.. ოქმით დადგენილია, რომ №.. ვაგონის გამყოლ გ. დ-თან აღმოჩენილი იქნა მგზავრი, რომელსაც არ გააჩნდა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, მაგრამ მგზავრობდა სხვა პირის შეღავათიანი სამგზავრო დოკუმენტით. ამდენად, ამ შემთხვევაშიც (მსგავსად რ. ტ-ესთან მიმართებაში) ადგილი ჰქონდა უბილეთო მგზავრობას. აღნიშნული დარღვევისათვის გ. დ-ის მიმართ გამოყენებული იქნა უფრო მსუბუქი სახის დისციპლინური ღონისძიება, კერძოდ, დაეკისრა პირგასამტეხლო ერთი თვის ხელფასის 10%-ის ოდენობით;
4. საქმის მასალებით არ დასტურდება რ. ტ-ის მიერ სხვა დროს ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება, გარდა იმ ფაქტისა, რაც საფუძვლად დაედო მასთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას;
5. ერთიდაიგივე დარღვევისათვის ერთი პირის მიმართ გამოყენებული იქნა უფრო მსუბუქი სახის დისციპლინური ღონისძიება, ვიდრე აპელანტ რ. ტ-ის მიმართ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). „დასაშვები და დასაბუტებული პრეტენზია“ გულისხმობს მხარის მითითებას იმ საპროცესოსამართლებრივ დარღვევებზე, რამაც ფაქტობრივი გარემოებების არასწორად დადგენა განაპირობა.
კასატორმა ისარგებლა ზემოაღნიშნული მუხლით გათვალისწინებული გარანტირებული შედავების უფლებით და 4-5 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მიმართ დასაშვები პრეტენზია წარმოადგინა.
საკასაციო სასამართლო, გაეცნო რა შედავების საფუძვლებს, მიიჩნევს, რომ სს „ს. რ-ის“ პოზიცია გაზიარებულ უნდა იქნეს.
საკასაციო სასამართლო ეთანხმება კასატორს, რომ სააპელაციო სასამართლო გასცდა სარჩელის საფუძვლებს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქმის განმხილველი სასამართლოსათვის სავალდებულოა სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები. სარჩელის საფუძველი არის იმ ფაქტების ერთობლიობა, რომლებიც ასაბუთებენ, ამართლებენ ფაქტობრივად მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნას, აქედან გამომდინარე, სარჩელის საფუძვლის შეცვლა ნიშნავს იმ ფაქტობრივი გარემოებების შეცვლას, რომლებიც თავდაპირველად იყო მითითებული მოსარჩელის მიერ თავის სარჩელში. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქმის განმხილველი სასამართლო შეზღუდულია მხოლოდ მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს (იხ. მაგ. სუსგ Nას-690-651-2010).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377.1 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო შეზღუდულია მხარის მიერ მითითებული ფაქტებით.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე არსად მიუთითებდა, რომ იმავე გადაცდომისათვის რკინიგზის სხვა თანამშრომელს უფრო მსუბუქი პასუხისმგებლობა დაეკისრა და მისი გათავისუფლება დისკრიმინაციული იყო. აპელანტის წარმომადგენელმა სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე მხოლოდ გაკვრით ახსენა გ. დ-ის შემთხვევა, დისკრიმინაციაზე ყოველგვარი მითითების გარეშე, გარდა ამისა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 380-ე მუხლის საფუძველზე, სააპელაციო სასამართლოში ახალი ფაქტებსა და გარემოებებზე მითითება იზღუდება, რაზეც სააპელაციო სასამართლოს საერთოდ არ უმსჯელია.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება იმგვარ ფაქტებზე დაყრდნობით მიიღო, რაზეც მოსარჩელე არ მიუთითებდა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული დავის სწორად გადაწყვეტისათვის, აუცილებელია შეფასდეს, დაარღვია თუ არა რ. ტ-ემ შრომის ხელშეკრულება, ასევე სს „ს. რ-ის“ მიერ ხელშეკრულების შეწყვეტის მართლზომიერება.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ირკვევა, რომ რ. ტ-ე, რომელიც სს „ს. რ-აში“ მატარებლის გამყოლად მუშაობდა, დაკავებული თანამდებობიდან საქართველოს შრომის კოდექსის იმ დროისათვის მოქმედი რედაქციის 37-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე გათავისუფლდა, რაც შრომის ხელშეკრულების დარღვევას ითვალისწინებდა. მოპასუხის მტკიცებით, შრომის ხელშეკრულების დარღვევა იმაში გამოიხატა, რომ მისი ზედამხედველობის ქვეშ მყოფ ვაგონში ორი უბილეთო მგზავრი აღმოაჩინეს.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქმეში წარმოდგენილი არ არის წერილობითი შრომის ხელშეკრულება. მოპასუხის მიერ წარმოდგენილი სს „ს. რ-ის“ შრომის შინაგანაწესი საერთოდ არ განსაზღვრავს კონკრეტულ თანამდებობაზე მომუშავე პირების უფლება-მოვალეობებს, არამედ ზოგადად აწესრიგებს სს „ს. რ-ის“ ყველა თანამშრომლისათვის საერთო პირობებს.
მოპასუხემ ასევე წარმოადგინა თანამდებობრივი ინსტრუქცია, რომელიც სამგზავრო მატარებლის გამყოლისა და მგზავრის ურთიერთობას მხოლოდ ერთი წინადადებით აღწერს: „სამგზავრო მატარებლის ვაგონში მგზავრთა კულტურული მომსახურება და უბილეთო მგზავრობის აღკვეთა.“ ინსტრუქციაში არ არის მითითებული კონკრეტულად რა ზომები უნდა მიიღოს გამყოლმა უბილეთო მგზავრობის აღსაკვეთად.
სს „ს. რ-ა“ ასევე მიუთითებს საქართველოს ტრასპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის 2003 წლის 15 აპრილის №24 ბრძანებით დამტკიცებულ „რკინიგზით მგზავრთა გადაყვანის, ბარგის, ტვირთბარგისა და ფოსტის გადაზიდვის წესებზე.“ აღნიშნული წესების 33.1 მუხლის თანახმად, ვაგონის გამყოლი მოვალეა მგზავრთა ვაგონში ჩასხდომისას შეამოწმოს სამგზავრო დოკუმენტი, მისი პიროვნების დამადასტურებელი დოკუმენტი და დადგენილ ნორმასთან ხელბარგის წონის შესაბამისობა, შესაბამისად, გამყოლი მგზავრს მატარებელში დაუშვებს მხოლოდ ბილეთის საფუძველზე, ამასთან, დაშვებულია, რომ მგზავრს ვაგონში აჰყვეს მისი გამცილებელი. სს „ს. რ-ა“ თავის საკასაციო საჩივარში შესაძლებლად მიიჩნევს, რომ გამცილებელი აჰყვეს ვაგონში მგზავრს და მატარებლის გასვლამდე ვაგონი არ დატოვოს. ასეთ შემთხვევაში, უბილეთოდ მგზავრობა გამოვლინდება, სავარაუდოდ, გამყოლის მიერ ბილეთების შემოწმება-აკრეფისას. „წესებით“ არ არის განსაზღვრული, მობრუნების სადგურიდან გამოსვლიდან რა ვადაში უნდა შეამოწმოს გამყოლმა ბილეთები. ასეთი პირობა არც თანამდებობრივი ინსტრუქციითაა დადგენილი. „წესებში“ ასევე არ არის აღნიშნული, უბილეთოდ მგზავრობის შემთხვევაში გამყოლმა რა ზომები უნდა გაატაროს, გააჩნია თუ არა უშუალოდ მას მგზავრის მატარებლიდან ჩამოსმის უფლებამოსილება, თუ უნდა მიმართოს მატარებლის უფროსს და ა.შ. „წესების“ 61-ე მუხლი ითვალისწინებს მგზავრის გაძევებას, თუ მგზავრი მატარებელში ჩაჯდომისას ან სვლის გზაზე ალკოჰოლური ან ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ იმყოფება, არღვევს მგზავრობის წესებსა და საზოგადოებრივ წესრიგს, სვამს სპირტიან სასმელებს, არღვევს სხვა მგზავრთა სიმშვიდეს. ასეთი მგზავრის ჩაჯდომაზე უარის თქმა ან გაძევება შეუძლია ვაგონის გამყოლს ან რკინიგზის სხვა თანამდებობის პირს, ხოლო დაუმორჩილებლობისას – პოლიციის მუშაკს. ასეთ პირს სამგზავრო დოკუმენტზე აღენიშნება: „უარი ეთქვას გადაყვანაზე ამ წესების 61-ე მუხლის “ა” პუნქტის საფუძველზე“. ამასთან მგზავრობის (გაუვლელი მანძილის) და ბარგის გადაზიდვის საფასურს არ უბრუნებენ. მგზავრის გაძევება ასევე დასაშვებია, თუ მგზავრის ჯანმრთელობა მძიმე მდგომარეობაშია, რაც არღვევს გარშემო მყოფთა სიმშვიდეს ან უქმნის საფრთხეს სხვა მგზავრთა ჯანმრთელობას და თუ ამასთან არ არის მისი ცალკე მოთავსების შესაძლებლობა. ცალსახაა, რომ აღნიშნული ნორმა სამგზავრო დოკუმენტის მქონე მგზავრის გაძევებას შეეხება, ხოლო უბილეთო მგზავრის გაძევებაზე საუბარი არ არის, გარდა ამისა, იმავე „წესების“ მე-60 მუხლის თანახმად, მატარებლებში მოძრაობის დროს მგზავრებსა და რკინიგზის მუშაკებს შორის, მათ მიერ თავიანთი მოვალეობების შესრულებისას, წარმოშობილ ყველა დავასა და გაუგებრობას წყვეტს მატარებლის უფროსი (მექანიკოს-ბრიგადირი).
მოცემულ შემთხვევაში, სადგურ ზუგდიდიდან გამოსვლიდან 30 წუთის შემდეგ კომისიამ შეამოწმა რ. ტ-ის ზედამხედველობის ქვეშ მყოფი ვაგონი, აღმოაჩინა ორი უბილეთო მგზავრი და შეადგინა აქტი. აქტის თანახმად, ერთ-ერთი მგზავრი ამტკიცებდა, რომ რკინიგზელი იყო, თუმცა შესაბამისი დოკუმენტი არ გააჩნდა. შემოწმებას ესწრებოდა მატარებლის უფროსი. გამყოლს ბილეთები შემოწმებული ჯერ არ ჰქონდა.
რ. ტ-ის ახსნა-განმარტების თანახმად, რასაც არც მოპასუხე უარყოფს, მან სადგურ ინგირიდან დაიწყო ბილეთების აკრეფა და აღმოაჩინა, რომ მატარებელში იმყოფებოდა უბილეთო მგზავრი, რომელიც ამტკიცებდა, რომ რკინიგზის თანამშრომელი იყო, თუმცა არ გააჩნდა შესაბამისი დოკუმენტი. რ. ტ-ემ გამოიძახა მატარებლის უფროსი, რასაც „წესების“ მე-60 მუხლი ითვალისწინებს. სანამ მატარებლის უფროსი მგზავრთან დავას გადაწყვეტდა ან რ. ტ-ე ბილეთების შემოწმებას დაასრულებდა, კომისიამ შეამოწმა ვაგონი და აღმოაჩინა კიდევ ერთი უბილეთო მგზავრი. ის ფაქტი, რომ ამ დროისათვის გამყოლს ბილეთები შემოწმებული არ ჰქონდა, თავად კომისიის აქტით დასტურდება.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ისეთ პირობებში, როდესაც დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის მომწესრიგებელი არც ერთი დოკუმენტი ზუსტად არ განსაზღვრავს დასაქმებულის უფლება-მოვალეობებს, შეუძლებელია, ცალსახად თქმა, რომ მან შრომის ხელშეკრულების პირობები დაარღვია. გაურკვეველია, სადგურიდან გამოსვლიდან 30 წუთის ფარგლებში გამყოლს შემოწმებული უნდა ჰქონოდა თუ არა ბილეთები, ამასთან, საკასაციო პალატის აზრით, რ. ტ-ეს არ უცდია უბილეთო მგზავრობის დაფარვა, კერძოდ, მან აღმოაჩინა რა, უბილეთო მგზავრი ბ-ა, რომელიც ამტკიცებდა, რომ რკინიგზელი იყო, „წესების“ შესაბამისად, დავის გადაწყვეტისათვის მატარებლის უფროსს მიმართა. როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა „წესები“ დეტალურად არ აწესრიგებს უბილეთოდ მგზავრობისას გამყოლის უფლება-მოვალეობებს, შესაბამისად, გაუგებარია, რ. ტ-ეს ამ შემთხვევაში, როგორ უნდა ემოქმედა, გარდა ამისა, ნებისმიერ შემთხვევაში ცალსახაა, რომ მგზავრს მოძრავი მატარებლიდან არავინ აძევებს, ახსნა-განმარტების თანახმად კი, მომდევნო სადგურში უკვე კომისია ამოვიდა და ვაგონი შეამოწმა. რაც შეეხება მეორე უბილეთო მგზავს, როგორც ჩანს, მის შესახებ გამყოლისათვის ცნობილი არ იყო, ვინაიდან, მას ამ დროისათვის ბილეთები შემოწმებული არ ჰქონდა. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ ირკვევა, თავისთავად ეს გარემოება იყო თუ არა შრომის ხელშეკრულების პირობების დარღვევა.
თუნდაც მივიჩნიოთ, რომ რ. ტ-ის ქმედება დისციპლინური გადაცდომა იყო, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მისი მოქმედება გაუფრთხილებლობის ფარგლებს არ სცილდება. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების თანახმად, რ. ტ-ეს ამ შემთხვევამდე დისციპლინური სახდელი არ დაჰკისრებია და მისი მხრიდან რაიმე წესის დარღვევაზე საუბარი არ არის, შესაბამისად, უნდა შეფასდეს, პირველივე დარღვევაზე პირდაპირ შრომის ხელშეკრულების შეწყვეტა მართლზომიერია თუ არა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დამსაქმებლის მიერ კანონით მინიჭებული შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლი). შრომითი ურთიერთობების შეწყვეტა დამსაქმებლის მიერ დასაშვები უნდა იყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გაუმართლებელია ამ უკანასკნელის უფლების დაცვის სხვა საფუძვლების გამოყენება (ამ საკითხზე დაწვრილებით იხილეთ სუსგ №ას-106-101-2014). ყველა შემთხვევაში უნდა შეფასდეს ჩადენილი გადაცდომის სიმძიმე და დამსაქმებლის ინტერესი ხელშეკრულების შეწყვეტისადმი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, როდესაც დამსაქმებლის მიერ ამომწურავად არ არის განსაზღვრული დასაქმებულის ვალდებულებები კონკრეტულ ვითარებაში, ამასთან დასაქმებულის მოქმედება გაუფრთხილებლობით უნდა აიხსნას და რ. ტ-ე მიზნად არ ისახავდა სს „ს. რ-ისათვის“ ზიანის მიყენებას უბილეთო მგზავრების დაშვების შედეგად, გარდა ამისა, რ. ტ-ის მიერ მანამდე შრომის ხელშეკრულების დარღვევისა და მის მიმართ დისციპლინური სახდელის გამოყენების ფაქტები საქმის მასალებით არ დასტურდება, სს „ს. რ-ის“ მიერ შრომის ხელშეკრულების შეწყვეტა გაუმართლებელი იყო.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
იმავე კოდექსის 393.3 მუხლის თანახმად, საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ დავის გადაწყვეტისას სააპელაციო სასამართლო სარჩელის საფუძვლებს გასცდა, შესაბამისად, სს „ს. რ-ის“ საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სს „ს. რ-ის“ საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე