საქმე №ას-133-125-2015 23 აპრილი, 2015 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ა.ვ. (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „მ.ო.ჯ.კ.“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 18 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით კასატორისათვის ვალდებულების შესრულების ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 4 000 აშშ დოლარის 0,01%-ის დაკისრება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს მ.ს. „ჯ.კ.მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში ა.ვ.ის მიმართ, საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მოპასუხისათვის სესხის ძირი თანხის _ 4 000 აშშ დოლარის, სარგებლის _ 2 948,93 აშშ დოლარის, პიგასამტეხლოს _ 2012 წლის 25 სექტემბრიდან 2014 წლის 20 მარტის ჩათვლით ყოველდღიურად, სესხის ძირი თანხის 0,1%-ის, ასევე, სარგებლის გადაუხდელობის გამო, 2 660 აშშ დოლარის 0,1%-ის დაკისრების მოთხოვნით.
მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ, სესხის ძირი თანხის ნაწილში ცნო, ხოლო პროცენტის ნაწილში განმარტა, რომ მოსარჩელე ითხოვს პროცენტს იმ პერიოდისთვის, როდესაც გასული იყო საკრედიტო ხელშეკრულების მოქმედების ვადა, რაც უსაფუძვლოა, პირგასამტეხლო კი, დაანგარიშებულია საკრედიტო ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ დარიცხულ სარგებელზე, რასაც ხელშეკრულება არ ითვალისწინებდა, ამასთან, პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილებით შპს „მ.ო.ჯ.კ.ის“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ა.ვ.ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 4 000 აშშ დოლარის, ასევე პირგასამტეხლოს სახით 4 000 აშშ დოლარის 0.1%-ის გადახდა ყოველდღიურად, 2012 წლის 25 სექტემბრიდან 2014 წლის 20 მარტამდე. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა.ვ.მ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთ აპალატის 2014 წლის 18 დეკემბრის განჩინებით ა.ვ.ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი შემდეგი დასაბუთებით:
სასამართლოს განმარტებით, შეფასების საგანს წარმოადგენდა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა, კერძოდ, აპელანტი მოითხოვდა ახალი გადაწყვეტილებით მის შემცირებას 0,01%-მდე და მოსარჩელის სასარგებლოდ 4 000 აშშ დოლარის 0,01%-ის დაკისრებას 2012 წლის 25 სექტემბრიდან 2014 წლის 20 მარტამდე ყოველდღიურად.
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 417-ე, 418-ე მუხლებით და აღნიშნა შემდეგი: მართალია ვალდებულების დარღვევის ფაქტის არსებობისას კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან, ვინაიდან პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება, შესაბამისად, პირგასამტეხლო ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული უნდა იყოს. სასამართლოსათვის მინიჭებული უფლებამოსილება შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირების თაობაზე, უნდა განხორციელდეს საქმის გარემოებათა გათვალისწინებით, რა დროსაც გათვალისწინებული უნდა იქნას მხარეთა ეკონომიკური მდგომაროება, მათი მოლოდინი ხელშეკრულების შესრულების მიმართ, შესრულების ვადის გადაცილების პერიოდი და ა.შ.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ხელშეკრულებით მხარეთა მიერ განსაზღვრული პირგასამტეხლო _ ძირი თანხის 0,1%, რაც 2012 წლის 25 სექტემბრიდან 2014 წლის 20 მარტის ჩათვლით 2 168 აშშ დოლარს შეადგენდა, ხელშეკრულების შესრულების მიმართ მოსარჩელის მოლოდინის გათვალისწინებით, შეუსაბამოდ მაღალ ოდენობას არ წარმოადგენდა, ამდენად, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული პირგასამტეხლო გონივრულად და სამართლიან ოდენობად იქნა მიჩნეული და არ არსებობდა შემცირების საფუძველი.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა.ვ.მ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით 2012 წლის 25 სექტემბრიდან 2014 წლის 20 მარტის ჩათვლით პირგასამტეხლოს სახით 4 000 აშშ დოლარის 0.01%-ის დაკისრება შემდეგი საფუძვლებით:
სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია სასამართლომ მხოლოდ იმ გარემოებაზე მიუთითა, რომ აღნიშნული ოდენობა არ არის შეუსაბამოდ მაღალი, ისე რომ დაკისრებული თანხის გონივრულობის თაობაზე სასამართლოს რაიმე არგუმენტაცია არ წარუდგენია. სააპელაციო სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო ის გარემოებაც, რომ საქალაქო სასამართლოს არგუმენტირებულად არ უმსჯელია ყველა იმ გარემოებაზე, რაც პირგასამტეხლოს გონივრულობის საკითხს განსაზღვრავს, ასევე არ დაუსაბუთებია, თუ რატომ იზიარებს ან უგულებელყოფს მოცემულ გარემოებებს. მოცემული გარემოებები კი შემდეგია: ძირითადი ვალისა და პირგასამტეხლოს ოდენობის შეფარდება, ვალდებულების დარღვევის ხარისხი, ზიანი, რომელიც მიკროსაფინანსო ორგანიზაციას რეალურად მიადგა, რადგან პირგასამტეხლოს მთავარ ფუნქციას სწორედ ზიანის ანაზღაურება წარმოადგენს.
ამდენად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება დაუსაბუთებელია, რაც მისი გაუქმების აბსოლუტური საფუძველია.
გარდა აღნიშნულისა, პალატამ არ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი.
პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა, რომ კასატორის მხრიდან სესხის ვალდებულების შესასრულებლად გადახდილ იქნა 2 578 აშშ დოლარი, რომლიდანაც პირგასამტეხლოს წარმოადგენდა 898 აშშ დოლარი. ამ პირობებში კასატორის მხრიდან ჯამში გადახდილი პირგასამტეხლო შეადგენს 3 066 აშშ დოლარს. ამდენად, 4 000 აშშ დოლარის გადახდის ვადის გადაცილებისთვის კასატორს თითქმის ამ ოდენობის პირგასამტეხლო დაეკისრა, რაც შეუსაბამოდ მაღალია.
ერთგვარი სასამართლო პრაქტიკის თანახმად, სასამართლო ყოველი ურთიერთობის შეფასებისას, არსებულ ძირ თანხასთან მიმართებით ამცირებს შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოს. სააპელაციო სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა არსებული პრაქტიკა და დაკისრებული პირგასამტეხლო უნდა შეემცირებინა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 18 მარტის განჩინებით ა.ვ.ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა ა.ვ.ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
პალატა ყურადღებას ამახვილებს ა.ვ.ის საკასაციო საჩივრის ძირითად არგუმენტებზე: კასატორი გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას, ერთი მხრივ, იმ საფუძლით მოიითხოვს, რომ სააპელაციო სასამართლოს არ დაუსაბუთებია, თუ რატომ მიიჩნია დაკისრებული პირგასამტეხლო გონივრულად, მეორე მხრივ, თვლის, რომ სასამართლომ არასწორად არ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით, რომლითაც დადგენილია პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობა.
მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განჩინების დასკვნას დაკისრებული პირგასამტეხლოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერების თაობაზე და განმარტავს შემდეგს:
სამოქალაქო კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს დანიშნულებაა ვალდებულების დარღვევის მინიმალური ზიანის ანგარიშში პირგასამტეხლოს თანხის ჩათვლა. ფუნქციური თვალსაზრისით, მინიმალური ზიანი არ წარმოადგენს ფაქტობრივად დამდგარი ზიანის სრულ ანაზღაურებას, არამედ ესაა თანხა, რომელიც უზრუნველყოფს კრედიტორის მოთხოვნის მინიმალურ დაკმაყოფილებას, სწორედ ამითაა გამართლებული პირგასამტეხლოს სახელშეკრულებო ბუნება, ანუ პირგასამტეხლოს დაკისრებისათვის სავალდებულოა მხარეთა მიერ შესაბამისი ფორმით შეთანხმების მიღწევა, რაც რეგულირებულია სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის მე-2 ნაწილით.
გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებიდან ირკვევა, რომ სასამართლომ პირგასამტეხლოს განსაზღვრისას მხედველობაში მიიღო როგორც ვალდებულების დარღვევის ვადა, ისე მხარეთა ინტერესები ვალდებულების შესრულების მიმართ და მათი ქონებრივი მდგომაროება. ამ კუთხით კასატორს არანაირი პრეტენზია არ წარმოუდგენია.
საქართველოს კონსტიტუციის 85-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. კონსტიტუციის ეს დებულება ასახულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში და დადგენილია, რომ მართლმსაჯულებას სამოქალაქო საქმეებზე ახორციელებს მხოლოდ სასამართლო კანონისა და სასამართლოს წინაშე ყველა პირის თანასწორობის საწყისებზე.
სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის დათქმა, რომ სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, ბუნებრივია, არ წარმოადგენს პირგასამტეხლოს იმგვარი შემიცირების შესაძლებლობას, რომ თავად პირგასამტეხლოს ინსტიტუტმა დაკარგოს აზრი. ნორმა განსაზღვრავს, რომ პირგასამტეხლოს სამართლიანი ოდენობა სასამართლომ უნდა დაადგინოს საქმის გარემოებების გათვალისწინებით, რაც არ შეიძლება განმარტებულ იქნას იმგვარად, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისათვის უნდა არსებობდეს რაიმე სპეციალური მტკიცებულება, იგი ყოველთვის გონივრული განსჯის შედეგია და ამოსავალ პრინციპს წარმოადგენს როგორც დარღვეული ვალდებულების ხასიათი, ისე კრედიტორისა და მოვალის ინტერესთა თანაფარდობა.
უდავოდ გასათვალისწინებელია, რომ 420-ე მუხლის რეგულაცია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში განსხვავებულია, რაც დავის ფაქტობრივი გარემოებებითაა განპირობებული, ის ფაქტი, რომ სასამართლო უფლებამოსილია, ჩაერიოს მოსარჩელის მოთხოვნის ფარგლებში და შეგებებული სარჩელის არარსებობის პირობებში შეამციროს მოთხოვნილი თანხა, გამართლებრულია მხარეთა თანასწორობის სამართლიანი ბალანსის დაცვის გზით, რაც იმას ნიშნავს, რომ მოვალე მოპასუხის ინტერესების თანაზომიერად უნდა იქნას დაცული მოსარჩელე კრედიტორის ინტერესიც. თავის მხრივ, საპროცესო კანონმდებლობა აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე, 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოპასუხეს ევალება მითითება ისეთ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რაც სამართლიანს გახდის მოთხოვნილი პირგასამტეხლოს შემცირებას, ამგვარი მტკიცება კასატორს არ შემოუთავაზებია სასამართლოსათვის, ხოლო ის ფაქტი, რომ მას ვალდებულების დარღვევის თანაზომიერად გადახდილი აქვს პირგასამტეხლოს გარკვეული ოდენობა, სააპელაციო პლატამ მართებულად არ მიიჩნია მოთხოვნილი თანხის შემცირების წინაპირობად ისეთ პირობებში, როდესაც მოსარჩელის პროფესიული საქმიანობა სესხის გაცემა და ამ გზით მოგების მიღებაა, ხოლო მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და 2012 წლის 25 სექტემბრიდან არ დაუბრუნებია თანხა.
ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არ აქვს წარმატების პერსპექტივა.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით, ვინაიდან პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირების თაობაზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა, ხოლო გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თაობაზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებისაგან (იხ. სუსგ №ას-921-960-2011 25 ნოემბერი, 2011 წელი).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ა.ვ.ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ ა.ვ.ს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ გადახდილი 300 ლარის 70% - 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა.ვ.ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ ა.ვ.ს (პ/N......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2015 წლის 10 მარტის N1 საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური