Facebook Twitter

საქმე №ას-145-135-2015 23 აპრილი, 2015 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ნ.რ. (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს.ბ.“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 9 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის ნაწილობრივ გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ნ.რ.მა სარჩელი აღძრა სასამართლოში სს „ს.ბ.ს“ მიმართ ნოტარიუს ზ.ბ.ის მიერ 2012 წლის 12 ივნისს გაცემული №..... სააღსრულებო ფურცლის ნაწილობრივ გაუქმებისა და სს „ს.ბ.ს“ მიმართ დავალიანების 39 530.25 აშშ დოლარით განსაზღვრის მოთხოვნით, საიდანაც №..... საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირითადი თანხა 33 478 აშშ დოლარია, ხოლო პირგასამტეხლო _ 2 234.46 აშშ დოლარი, ხოლო №..... საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითადი დავალიანება _ 3581.89 აშშ დოლარია და პირგასამტეხლო _ 235.90 აშშ დოლარი.

მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ, №.... საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს 2 234.46 აშშ დოლარით და №.... საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს - 235.90 აშშ დოლარით განსაზღვრის ნაწილში ცნო, ხოლო დანარჩენ ნაწილში მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 11 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ნაწილობრივ გაუქმდა 2012 წლის 12 ივნისის ნოტარიუს ზ.ბ.ის მიერ გაცემული №..... სააღსრულებო ფურცელი და მისი მე-7 პუნქტით დადგენილი ნ.რ.ის ვალდებულება განისაზღვრა შემდეგი სახით: აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობაა 64 566.65 აშშ დოლარი. სხვა ნაწილში სააღსრულებო ფურცელი დარჩა უცვლელი.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 9 დეკემბრის განჩინებით ნ.რ.ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგი საფუძლებით:

პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 07.03.2008წ ნ.რ.სა და სს „ს.ბ.ს“ შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლითაც ნ.რ.ის სახელზე ავტოსატრანსპორტო საშუალების განვადებით შესაძენად კრედიტის სახით გაიცა 45 300 აშშ დოლარი 72 თვის ვადით, წლიური 17%-ის დარიცხვით. პირგასამტეხლო განისაზღვრა გადაუხდელი თანხის 0.5%-ით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;

საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნების უზრუნველსაყოფად ნ.რ.სა და სს „ს.ბ.ს“ შორის 07.03.2008წ. გაფორმდა გირავნობის ხელშეკრულება, რომლითაც გირავნობით დაიტვირთა ნ.რ.ის კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალება (ტოიოტა, მოდელი _ ლენდკრუიზერი, ფერი _ შავი, გამოშვების წელი _ 2008, საიდენტიფიკაციო ნომერი _ ....., სარეგისტრაციო მოწმობა _ ...., სახელმწიფო ნომერი _ .....) და გირავნობის უფლება რეგისტრირებული იყო სსიპ ს.შ.ს.ს. მომსახურების სააგენტოში;

ნ.რ.სა და სს „ს.ბ.ს“ შორის გაფორმდა დაგირავებული ავტოსატრანსპორტო საშუალების დაზღვევის №..... ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, ყოველწლიური ტრანშის გამოყოფის ფორმით ხდებოდა სადაზღვევო თანხის _ 4 127 აშშ დოლარის წლიური 18%-ით გაცემა კლიენტზე, საკრედიტო ხელშეკრულების ვადის განმავლობაში (72 თვე). პირველი ტრანში გაიცა 2008 წლის 21 მარტს;

12.06.2012წ. ნოტარიუსმა ზ.ბ.მა გასცა სააღსრულებო ფურცელი, რომლის მიხედვითაც ნ.რ.ის მიმართ არსებული აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა განისაზღვრა 111 791.25 აშშ დოლარით;

სს „ს.ბ.ს“ მიერ გაცემული ინფორმაციით, 2008 წლის 7 მარტის №.... საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ნ.რ.ის დავალიანება ჯამურად შეადგენდა 84 112.06 აშშ დოლარს, საიდანაც დავალიანების ძირითადი თანხა იყო 35 136.98 აშშ დოლარი, საპროცენტო დავალიანება _ 21 237.94 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო _ 27 737.14 აშშ დოლარი; №.... საკრედიტო (დაზღვევის) ხელშეკრულებიდან გამომდინარე _ 27 679.19 აშშ დოლარი, საიდანაც ძირითადი დავალიანება იყო 3 581.89 აშშ დოლარი, საპროცენტო დავალიანება _ 2 139.48 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო _ 21 957.82 აშშ დოლარი;

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით ნაწილობრივ გაუქმდა 2012 წლის 12 ივნისის №..... სააღსრულებო ფურცელი და სააღსრულებო ფურცლის მე-7 პუნქტით დადგენილი ნ.რ.ის ვალდებულების მოცულობა განისაზღვრა 64 566.65 აშშ დოლარით, საიდანაც №... საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირითადი თანხა იყო _ 35 136.98 აშშ დოლარი, საპროცენტო დავალიანება _ 21 237.94 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო _ 2 234.46 აშშ დოლარი, ხოლო №.... საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითადი დავალიანება _ 3 581.89 აშშ დოლარი, საპროცენტო დავალიანება _ 2 139.48 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო _ 235.90 აშშ დოლარი;

პალატამ ასევე ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ სარჩელით ნ.რ. პრეტენზიას აცხადებდა ასევე №... საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანებიდან ძირითადი თანხის ოდენობაზე და მიუთითებდა, რომ 2012 წლის 12 ივნისის მდგომარეობით გადასახდელი ძირითადი თანხა შეადგენდა არა 35 136.98 აშშ დოლარს, არამედ 33 478 აშშ დოლარს. პირველი ინსტანციის სასამართლომ ზემოაღნიშნული მსჯელობა არ გაიზიარა და №.... საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე გადასახდელი ძირითადი თანხის ოდენობა განსაზღვრა 35 136.98 აშშ დოლარით. აპელანტმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და მოითხოვა ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, თუმცა სააპელაციო საჩივარი №.... საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანებიდან ძირითადი თანხის 35 136.98 აშშ დოლარის ნაცვლად 33 478 აშშ დოლარით განსაზღვრის უსწორობასთან მიმართებაში მსჯელობას არ შეიცავდა. ამდენად, საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილ ზემოაღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებასთან დაკავშირებით აპელანტის მიერ არ იყო წარდგენილი დასაბუთებული შედავება, შესაბამისად, პალატამ ჩათვალა, რომ ეს ფაქტი პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა მართებულად.

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლით, 867-ე მუხლის პირველი ნაწილით, 868-ე მუხლის პირველი ნაწილით, „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-5 პუნქტით, სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილით და აღნიშნა, რომ ვინაიდან ვერ დასტურდებოდა მხარეთა შორის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის 28.07.2010წ. შეწყვეტის ფაქტი, საპროცენტო სარგებლის დაანგარიშება 2012 წლის ივნისამდე, ანუ სააღსრულებო ფურცლის გაცემამდე მართებულად იქნა მიჩნეული და არ არსებობდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული საპროცენტო სარგებლის გადახდისაგან ნ.რ.ის გათავისუფლების საფუძველი.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ.რ.მა, მოითხოვა მისი გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:

სასამართლომ არასწორად არ გაიზიარა აპელანტის მტკიცება, რომ საკრედიტო ხელშეკრულება უნდა ჩათვლილიყო შეწყვეტილად იმ დროიდან, როდესაც მოვალემ შეწყვიტა გადახდა და კრედიტორს წარმოეშვა მოთხოვნის უფლება. კასატორმა მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 405-ე, 352-ე მუხლებზე და აღნიშნა შემდეგი: როდესაც მხარემ სახელშეკრულებო ვალდებულება არ შეასრულა დათქმულ დროს, აღნიშნული განიხილება ვალდებულების დარღვევად, ხოლო სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, აღნიშნული წარმოადგენს ხელშეკრულების მოშლის საფუძველს. ნ.რ.ის მიერ საკრედიტო ხელშეკრულების დარღვევიდან _ 2010 წლის 28 ივლისიდან, კრედიტორს წარმოეშვა მოვალისადმი მოთხოვნის უფლება. ამ დროიდან ხელშეკრულება უნდა ჩაითვალოს შეწყვეტილად. N.... საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე სარგებლის _ 21 237.94 აშშ დოლარისა და №.... საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე სარგებლის _ 2 138.48 აშშ დოლარის ნაწილში გადაწყვეტილება უკანონოა და უნდა გაუქმდეს. მოწინააღმდეგე მხარის მიმართვა ნოტარიუსისთვის სააღსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნით არ განხორციელებულა 2012 წლის 12 ივნისამდე, ვინაიდან სესხს დარიცხოდა სარგებელი და პირგასამტეხლო გაზრდილიყო ხელოვნურად. იმის გათვალისწინებით, რომ მსესხებელი ვერ ასრულებდა ვალდებულებას და აღნიშნულის შესახებ ინფორმირებული იყო გამსესხებელი, იგი ვალდებული იყო მოეხდინა თავისი უფლებების რეალიზაცია და აღსრულება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 11 თებერვლის განჩინებით ნ.რ.ს გადაუვადდა სახელმწიფო ბაჟის _ 3 613,05 აშშ დოლარის ეკვივალენტი ეროვნული ლარის გადახდა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, ხოლო მისი საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა ნ.რ.ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

კასატორი გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას მოითხოვს იმ საფუძლით, რომ მის მიერ ბანკის მიმართ ნაკისრი ვალდებულების დარღვევის მომენტიდან ხელშეკრულება შეწყვეტილად მიიჩნევა და მოთხოვნილი ოდენობით თანხაზე სააღსრულებო ფურცელი არ უნდა გაცემულიყო, ამასთანავე, კრედიტორს სააღსრულებო ფურცელი ვალდებულების დარღვევის მომნტიდან უნდა მოეთხოვა, რათა ხელოვნურად არ გაზრდილიყო სესხის სარგებელი და პირგასამტეხლოს ოდენობა.

საკასაციო პალატა მხარის ამ პრეტენზიას დასაბუთებულ საკასაციო შედავებად ვერ განიხილავს, რადგანაც მოცემულ შემთხვევაში, სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება წარმოადგენს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლით განსაზღვრულ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებას, რომლის დაბრუნებაც გათვალისწინებული იყო ნაწილ-ნაწილ.

საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, როგორც სესხის ხელშეკრულების ნაირსახეობა, მოწესრიგებულია სპეციალური ნორმებით, ამ ნორმათაგან ერთ-ერთს წარმოადგენს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლი, რომლითაც დადგენილია, რომ კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ აღნიშნული ნორმა წარმოადგენს კრედიტორის ინტერესების დამცავ აღმჭურველ ნორმას და საბანკო კრედიტის გამცემს ანიჭებს უფლებას, ვალდებულების დარღვევისას, შესაბამისი პირობების დაცვით მოშალოს ხელშეკრულება, თუმცა თავად უფლების არსიდან გამომდინარე, იგი არ შეიძლება გაიგივდეს ვალდებულებასთან და მისი გამოყენება, მხოლოდ უფლების მქონე პირის ნებაზეა დამოკიდებული.

რაც შეეხება გადასახდელი თანხის ოდენობის ხელოვნურად გაზრდას, პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხემ პირგასამტეხლოს ნაწილში სარჩელი ცნო და ამ ნაწილში მოსარჩელის სასარგებლო გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი, ამასთანავე, ერთ-ერთ საქმეზე საკასაციო პალატამ არ გაიზიარა სააპელაციო სასამართლოს დასკვნა იმის თაობაზე, რომ მოსარჩელემ (ბანკმა), ვალდებულების დარღვევიდან 2 წლისა და 5 თვის გასვლის შემდეგ სარჩელის წარდგენით ბოროტად გამოიყენა მისთვის მინიჭებული უფლება. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, „სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლით რეგლამენტირებულია უფლების ბოროტად გამოყენების დაუშვებლობის პრინციპი, კერძოდ, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას. მითითებული ნორმის ანალიზიდან გამომდინარე, უფლების ბოროტად გამოყენებას მაშინ აქვს ადგილი, თუ პირი მოქმედებს არამართლზომიერად, ამასთან, ქმედება მიზნად ისახავს მხოლოდ სხვისი სამართლებრივი სიკეთის ხელყოფას და არ ემსახურება საკუთარი უფლების დაცვას ან აღდგენას. ის ფაქტი, რომ მოსარჩელემ მოპასუხის მხრიდან ვალდებულების დარღვევიდან დაუყოვნებლივ არ წარადგინა სარჩელი სასამართლოში, არ შეიძლება განვიხილოთ უფლების ბოროტად გამოყენებად, მით უმეტეს იმ პირობებში, როცა მოსარჩელემ საკუთარი უფლების რეალიზაცია მოახდინა კანონით დადგენილ ხანდაზმულობის ვადაში და მისი ქმედება კანონიერ მიზნებს ემსახურება“ (იხ. სუსგ №ას-1385-1307-2012, 7 თებერვალი, 2013 წელი).

ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით, რადგანაც მიღებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ნ.რ.ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

დასახელებული ნორმით დადგენილია საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში სახელმწიფო ბიუჯეტში მხარის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 30%-ის დატოვების აუცილებლობა.

მოცემულ შემთხვევაში, ნ.რ.ს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს 2015 წლის 11 თებერვლის განჩინებით გადაუვადდა სახელმწიფო ბაჟის _ 3 613,05 აშშ დოლარის ეკვივალენტი ეროვნული ლარის გადახდა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. ვინაიდან საკასაციო საჩვარი დაუშვებლადაა მიჩნეული, პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაეკისროს გადავადებული თანხის 30%-ის _ 1 083,915 აშშ დოლარის ეკვივალენტი ეროვნული ლარის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ.რ.ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ ნ.რ.ს (პ/N......) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს საკასაციო სასამართლოს 2015 წლის 11 თებერვლის განჩინებით გადავადებული სახელმწიფო ბაჟის - 3 613,05 აშშ დოლარის 30%-ის - 1 083,915 აშშ დოლარის ეკვივალენტი ეროვნული ლარის გადახდა.

3. სახელმწიფო ბაჟი ჩაირიცხოს შემდეგ ანგარიშზე: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური