Facebook Twitter

საქმე №ას-162-152-2015 15 აპრილი, 2015 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ვ. ა-ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ა. მ-ი (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 3 დეკემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ვ. ა-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ა. მ-ის მიმართ და მოითხოვა, ა. მ-ს დაეკისროს მოსარჩელე ვ. ა-ის სასარგებლოდ 4000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის, პირგასამტეხლოს – 2160 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის, ზიანის – 8550 ლარის გადახდა.

მოსარჩელემ განმარტა, რომ 2011 წლის 5 ივლისს ვ. ა-სა და ა. მ-ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე ვ. ა-მა, როგორც გამქირავებელმა 2011 წლის 1 ნოემბრამდე მოპასუხეს გადასცა დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ..... ტერიტორიაზე მის საკუთრებაში არსებული ფერმა, შენობა-ნაგებობა და საძოვარი. ქირის ოდენობა განისაზღვრა 4000 აშშ დოლარით, რომლის გადახდაც უნდა მომხდარიყო 2011 წლის 1 ნოემბრამდე. ქირის დაგვიანებით გადახდის შემთხვევაში მხარეებმა პირგასამტეხლოს ოდენობად განსაზღვრეს ქირის თანხის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 1%. მოპასუხემ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები დაარღვია და მოსარჩელეს მიაყენა ზიანი.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მან ქირავნობის ხელშეკრულება გააფორმა მინდობილ მესაკუთრესათან, ნ. ბ-თან, რომელსაც გადაუხადა ქირა – 4000 ლარი, 500 ლარი – ხელშეკრულების დადებისას, ხოლო 3500 ლარი – 2011 წლის ნოემბერში. მოპასუხემ არ იცის ქართული წერა-კითხვა, ხოლო ხელშეკრულების გაფორმებას თარჯიმანი არ დასწრებია. მოპასუხემ ფართის ფლობა გააგრძელა ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგაც, რაზეც არავის პრეტენზია არ გამოუთქვამს. ამასთან, პირგასამტეხლოს ოდენობა არის შეუსაბამოდ მაღალი. რაც შეეხება ზიანის ანაზღაურებას, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით მოპასუხის ბრალეულობა არ დასტურდება.

სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 3 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ქირავნობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოპასუხე ა. მ-ს ვ. ა-ის სასარგებლოდ დაეკისრა 1583.09 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარისა და, ქირავნობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს – 854.868 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა, ხოლო მიყენებული ზიანის ანაზღაურების ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ორივე მხარემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 3 დეკემბრის გადაწყვეტილებით ვ. ა-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ა. მ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება შეიცვალა ა. მ-ისათვის 1583.09 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარისა და და 854.868 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ვ. ა-ის სარჩელი, ქირავნობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ა. მ-ისათვის საიჯარო ქირისა და პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდა, სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 3 აპრილის გადაწყვეტილება ზიანის ანაზღაურების შესახებ ვ. ა-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და ექსპერტიზისათვის გაწეული ხარჯის განაწილების ნაწილში დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლომ საჯარო რეესტრიდან ამონაწერით დაადგინა, რომ დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ..... მდებარე უძრავ ქონებაზე (საკადასტრო კოდი ........) რეგისტრირებულია ვ. ა-ის საკუთრების უფლება.

2011 წლის 11 აპრილს ნოტარიუს მ. ა-ის მიერ დამოწმებული მინდობილობით ვ. ა-მა ნ. ბ-ს მიანიჭა შემდეგი უფლებამოსილება: მართოს, გააქირავოს თავისი შეხედულების მიხედვით, ხელი მოაწეროს ქირავნობის ხელშეკრულებას და დაარეგისტრიროს მემკვიდრეობით მიღებული მისი კუთვნილი ფერმა და სასოფლო-სამეურნეო მიწები მდებარე დედოფლისწყაროში, ა-ის ტერიტორიაზე, აღნიშნულთან დაკავშირებით იყოს მისი წარმომადგენელი იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ნებისმიერ სამსახურში, შეიტანოს განცხადებები მისი სახლით, გადაიხადოს გადასახადები ბანკში, გახსნას ანგარიში მისი სახელით ნებისმიერ ბანკში. შეისყიდოს ნებისმიერი ქონება საქართველოს ნებისმიერ ტერიტორიაზე, გადაიხადოს ყველანაირი გადასახადი ფერმასთან დაკავშირებით, ხელი მოაწეროს მის მაგივრად ნებისმიერ საბუთს და შეასრულოს ყველა მოქმედება, რაც საჭიროა ამ დავალების შესასრულებლად.

2011 წლის 5 ივლისს ვ. ა-ის წარმომადგენელ ნ. ბ-სა და ა. მ-ს შორის გაფორმდა ქირავნობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად ა. მ-ს გადაეცა დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ..... ტერიტორიაზე მდებარე ვ. ა-ის კუთვნილი ფერმა. ხელშეკრულების შესაბამისად, ქირის თანხაა 4000 აშშ დოლარი, რომელიც დამქირავებელს უნდა გადაეხადა 2012 წლის 1 ნოემბრამდე. ხელშეკრულების ვადა განისაზღვრა 2012 წლის 1 მაისამდე. ქირის დაგვიანებით გადახდის შემთხვევაში გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო ყოველი გადაცილებული დღისათვის 1%-ის ოდენობით.

წარმოდგენილი მინდობილობის საფუძველზე, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ ვ. ა-მა ნ. ბ-ს მიანიჭა უფლებამოსილება, თავისი შეხედულებით განესაზღვრა ხელშეკრულების არსებითი პირობები, მათ შორის ქირა. ა. მ-ის განმარტებით, წერილობით ხელშეკრულებაში, ქირის ფასში დაშვებულ იქნა შეცდომა, რეალურად მხარეთა შეთანხმებით, ქირა შეადგენდა 4000 ლარს.

პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, ნ. ბ-მა დაადასტურა, რომ მხარეთა შეთანხმებით ქირა განისაზღვრა ეროვნულ ვალუტაში, კერძოდ, 4000 ლარით და ხელშეკრულებაში შეცდომით დაფიქსირდა უცხოური ვალუტა.

სააპელაციო პალატის მოსაზრებით, ნ. ბ-სა და ა. მ-ის განმარტების საფუძველზე, ხელშეკრულებაში მითითებული უცხოური ვალუტა – აშშ დოლარი, მიჩნეულ უნდა იქნას წერილობით განხორციელებული ნების გამოვლენაში (ხელშეკრულებაში) შეცდომად (შეცდომა გამოანგარიშებაში ან წერილობით განხორციელებულ ნების გამოვლენაში, სამოქალაქო კოდექსის 78-ე მუხლი). წერილობით განხორციელებულ ნების გამოვლენაში დაშვებული შეცდომა არ შეიძლება გამოყენებული იქნეს დამქირავებლის საწინააღმდეგოდ მაშინ, როდესაც წარმომადგენელი ადასტურებს აღნიშნულ შეცდომას და ამავდროულად მას სრული უფლებამოსილება ჰქონდა მინიჭებული მესაკუთრე ვ. ა-ისაგან, თავისი შეხედულებით განესაზღვრა ხელშეკრულების არსებითი პირობები, მათ შორის ქირა. ვ. ა-ისაგან მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, ნ. ბ-ს სრული შესაძლებლობა გააჩნდა, მხარეთა შორის დავის დაწყებამდე, წერილობით ხელშეკრულებაში შეეტანა შესწორება. მართალია, წარმომადგენელმა – ნ. ბ-მა არ ისარგებლა ამგვარი შესაძლებლობით, თუმცა სასამართლო სხდომაზე აღიარა შეცდომა, რაც გაზიარებული უნდა იქნეს.

სააპელაციო პალატის განმარტებით, საწინააღმდეგოს დადასტურებამდე ივარაუდება, რომ შიდა ურთიერთობებში, ე.ი. მინდობილობის გამცემსა და რწმუნებულს შორის ურთიერთობაში, რწმუნებული მოქმედებს მინდობილობის გამცემის სასარგებლოდ. ასეთ ურთიერთობებში მინდობილობის გამცემი უფლებამოსილია, პრეტენზია წაუყენოს რწმუნებულს, თუ დაადასტურებს, რომ ის მოქმედებდა მისთვის ზიანის მიყენების განზრახვით. ამდენად, თუ ქირის ფასი აშკარად არ შეესაბამება საბაზრო ფასს, აღნიშნული შესაძლებელია, დავის საგანი გახდეს მინდობილობის გამცემსა და რწმუნებულს შორის. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეები შეთანხმდნენ 4000 ლარის ოდენობის ქირაზე.

სააპელაციო სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ ა. მ-ისა და ნ. ბ-ის განმარტებით, დამქირავებელმა ნ. ბ-ს 2011 წლის 1 ნოემბრამდე ქირა სრულად გადაუხადა.

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილით, 103-ე მუხლის პირველი ნაწილით, 531-ე მუხლით და მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობს ქირავნობის სახელშეკრულებო ურთიერთობიდან. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ხელშეკრულება გაფორმდა წარმომადგენლის მეშვეობით, რომლის უფლებამოსილების საკითხი სადავო არ არის. მხარეთა შეთანხმებით, განისაზღვრა ხელშეკრულების საგანი, ვადა და ფასი, კერძოდ, ხელშეკრულება გაფორმდა 2012 წლის მაისამდე და ქირა განისაზღვრა 4000 ლარით. ვ. ა-მა 2011 წლის 11 აპრილის სანოტარო აქტით ცალმხრივად გამოხატა ნება, ნ. ბ-სათვის მიენიჭებინა კუთვნილი უძრავი ქონების მართვისა და განკარგვის (გაქირავების) უფლებამოსილება. აღნიშნული მინდობილობის სიტყვა-სიტყვითი, ლოგიკური და შინაარსობრივი განმარტების შედეგად, არსებობს შერეული ტიპის გარიგება, კერძოდ, საკუთრების მინდობის ხელშეკრულება (724-729 მუხლები) და დავალების ხელშეკრულება (709-723 მუხლები).

სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში წარმომადგენელი ნ. ბ-ი უფლებამოსილი იყო, მიეღო ქირა. კონკრეტულ შემთხვევაში, დამქირავებელმა შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და რწმუნებულს გადასცა ქირა 4000 ლარის ოდენობით ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში.

სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, იმ შემთხვევას, როდესაც წარმომადგენელი მარწმუნებელს თანხას არ გადასცემს, არეგულირებს სამოქალაქო კოდექსის 715-ე მუხლი, რომლის მიხედვით, რწმუნებული მოვალეა დაუბრუნოს მარწმუნებელს ყველაფერი, რაც მან მიიღო მინდობილი მოქმედების შესასრულებლად და არ გამოიყენა ამისათვის, აგრეთვე ისიც, რაც მან შეიძინა მინდობილი მოქმედების შესრულებასთან დაკავშირებით. თუ რწმუნებული თავისთვის იყენებს ფულს, რომელიც მას უნდა დაებრუნებინა მარწმუნებლისათვის ან გამოეყენებინა მის სასარგებლოდ, რწმუნებული ვალდებულია, დააბრუნოს ფული პროცენტთან ერთად.

სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოპასუხემ ვალდებულება შეასრულა შეთანხმებული ოდენობით განსაზღვრულ ვადაში. შესაბამისად, არ არსებობს, არც ქირის და არც პირგასამტეხლოს დაკისრებისათვის კანონისმიერი წინაპირობები.

სააპელაციო საჩივარი ზიანის ანაზღაურების შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 564-ე, 532-ე, 548-ე მუხლების შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ქირავნობის ხელშეკრულებით მხარეებს ერთმანეთის მიმართ განსაზღვრული უფლებები და მოვალეობები ეკისრებათ. გამქირავებლის უპირველესი მოვალეობაა, დათქმულ ვადაში გადასცეს ნივთი დამქირავებელს და უზრუნველყოს გაქირავებული ნივთის შენარჩუნება ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებლობისათვის ვარგის მდგომარეობაში. ასევე, მისი მოვალეობაა, დამქირავებლისათვის დაქირავებული ნივთით სარგებლობის შესაძლებლობის გარანტიის შექმნა იმ მოცულობით, რაც გამქირავებელზეა დამოკიდებული. გაქირავებული ნივთი დამქირავებელს უნდა გადაეცეს ისეთ მდგომარეობაში, რომელიც შეესაბამება მის მიზნობრივ დანიშნულებას. თავის მხრივ, დამქირავებელს ეკისრება მიმდინარე რემონტის ჩატარება, რაც ემსახურება დამქირავებლის ინტერესების დაცვას და გამოწვეულია ნივთის სათანადოდ სარგებლობის მოთხოვნილებით. თუ, დამქირავებელი არ ასრულებს კანონით განსაზღვრულ ვალდებულებას, გამქირავებელს შეუძლია მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება, რომელიც გამოწვეულია დამქირავებლის მიერ მოვალეობის შეუსრულებლობით.

მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ გამქირავებელმა დამქირავებელს დროებით სარგებლობაში გადასცა დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ....., დაზუსტებული 1050 კვ.მ ფერმის შენობა-ნაგებობა და საძოვრები. ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელი ემყარება შემდეგ გარემოებებს: 2011 წლის თებერვალში, უხვი ნალექის მოსვლის შედეგად, ფერმის სახურავზე დაგროვდა თოვლის დიდი ოდენობა. ა. მ-მა სახურავი თოვლისაგან არ გაათავისუფლა, რის შედეგადაც სახურავი ჩაინგრა და დღემდე დაზიანებულია. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია ინდივიდუალური აუდიტორის – ვ. ბ-ის დასკვნა (28.11.2012 წელი) ზარალის განსაზღვრის შესახებ. დასკვნის თანახმად, ადგილზე დათვალიერებით გაირკვა, რომ ვ. ა-ის კუთვნილი ფერმის შენობა ნაწილობრივ დაშლილია, წაქცეულია კედელი ა-ის მხარეს 10.5 მ სიგრძით, 0.50 სმ სიგანით, კედლის სიმაღლეა 1.80 მ. 30მ. ანალოგიური მდგომარეობაა ა-ის მიმართულებით, მარცხენა მხარეს აშენებულ სადგომში, სადაც შენობას არ აქვს ჭერი, ჩამონგრეულია. აღნიშნული ნაკლოვანებების გამოსწორებისათვის, საჭირო სამშენებლო მასალების შეძენით და მისი გამოყენებით შეიძლება აღდგეს ფერმის სრული სახე. აქედან გამომდინარე, საბაზრო პირობების გათვალისწინებით, ფერმის ზარალი განისაზღვრა 9000 ლარით. ინდივიდუალური აუდიტორის ვ. ბ-ის 2013 წლის 3 სექტემბრის დასკვნის თანახმად, ვ. ა-ის კუთვნილი ფერმის აღსადგენი ღირებულება განისაზღვრა 8550 ლარით. მოპასუხის მიერ წარმოდგენილ იქნა ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა (2013 წლის 15 აგვისტო), რომლის თანახმად, ფერმის შენობა ერთსართულიანია, განთავსებულია დახრილ რელიეფზე, სავარაუდოდ აშენებულია გასული საუკუნის 70-იან წლებში. შენობის მზიდი კედლები შესრულებულია რიყის ქვით და წითელი აგურით ქვისა და ცემენტის ხსნარზე. გადახურვა განხორციელებულია ხის კონსტრუქციებით, სახურავი მოწყობილია ხის ნივნივებზე და გადახურულია აზბესტცემენტის ტალღოვანი ფურცლებით. ვიზუალური დათვალიერებით ფერმის შენობა მთლიანად ამორტიზირებულია, კერძოდ: დაშლილი და დაბზარულია რიყის ქვის და წითელი აგურის წყობა, მზიდი კედლები გადახრილია ვერტიკალური სიბრტყიდან, გადახურვის ნიშნულზე არსებული სარტყელი შესრულებულია საშუალო ზომის რიყის ქვით და ბეტონით. დაბალი შეჭიდულობის და მარკიანობის გამო, ადვილად იშლება ხელით. მთლიანად დეფორმირებული და სანახევროდ ჩამონგრეულია სახურავი. ფერმის შენობის დაზიანების მიზეზია მისი მზიდი კონსტრუქციების ამორტიზირება. შენობის შემდგომი ექსპლუატაცია დაუშვებელია და ექვემდებარება დემონტაჟს ამ მიზნით სპეციალურად დამუშავებული დემონტაჟის პროექტის საფუძველზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე, 103-ე მუხლების, 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მტკიცებულებათა ყოველმხრივ გამოკვლევაში იგულისხმება მტკიცებულებათა გამოკვლევა არა ერთი მხარის პოზიციიდან, არამედ სასამართლო მხედველობაში იღებს და მისი შესწავლის საგანი ხდება მხარეთა ყველა არგუმენტი. მტკიცებულებათა სრულ განხილვაში იგულისხმება მტკიცებულებათა ერთობლიობაში შეფასება და საკმარისი მტკიცებულებების არსებობა სასამართლოს მიერ ამა თუ იმ დასკვნის გასაკეთებლად. სასამართლომ უნდა განსაზღვროს, თუ რომელ მხარეს ეკისრება ამ ფაქტის მტკიცების ტვირთი და ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დააკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა. მოსარჩელე მოვალეა, დაამტკიცოს ფაქტები, რომელთა საფუძველზე შეიძლება გაკეთდეს დასკვნა გადაწყვეტილებისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა ფაქტების არსებობის ვარაუდის შესახებ, ხოლო იმ ფაქტების მტკიცების ტვირთი, რომლებიც ასეთ ვარაუდს გააქარწყლებენ, დაკისრებული აქვს მოპასუხეს. მხარეებს შორის მტკიცების ტვირთი უნდა განაწილდეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. სამოქალაქო კოდექსის 548-ე მუხლის მიხედვით, გამქირავებელს შეუძლია მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს შემდეგი წინაპირობები: დამქირავებლის უმოქმედობა, რაც გამოიხატება მიმდინარე რემონტის ჩატარების შესახებ ვალდებულების შეუსრულებლობაში; ვალდებულების შეუსრულებლობის შედეგად ნივთის გაუარესება.

სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, იმ გარემოების დამტკიცების ტვირთი, რომ ზიანი გამოწვეულია დამქირავებლის მიერ მოვალეობის შეუსრულებლობით, ეკისრება მოსარჩელეს. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია ინდივიდუალური აუდიტორის ვ. ბ-ის დასკვნა (28.11.2012წელი) ზარალის განსაზღვრის შესახებ, რომელშიც აღწერილია ნივთის იმ დროისათვის არსებული მდგომარეობა. მოპასუხის მიერ წარმოდგენილი სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ დასკვნა ასახავს არა მხოლოდ ნივთის მდგომარეობას, არამედ ადგენს ფერმის შენობის დაზიანების მიზეზებსაც, კერძოდ, დასკვნის თანახმად, შენობის დაზიანების მიზეზია მზიდი კონსტრუქციების ამორტიზირება. ამდენად, საქმეში წარმოდგენილი მასალების შეფასება იძლევა იმ დასკვნის საფუძველს, რომ არსებული დაზიანებები არ არის გამოწვეული მიმდინარე რემონტის ჩაუტარებლობით.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, კაპიტალური რემონტის ჩატარების ვალდებულება კანონით ეკისრება გამქირავებელს, რადგან იგი გამიზნულია მნიშვნელოვანი ნგრევის ან ნივთის ძირითადი ნაწილების დანგრევის აცილებისაკენ, რა დროსაც ხდება შენობის ისეთი აღდგენა, რომლის გარეშეც ეს უკანასკნელი არ შეიძლება გამოყენებულ იქნას დანიშნულებისამებრ.

სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ ფერმის შენობა დაშლილია, დაბზარულია რიყის ქვისა და წითელი აგურის წყობა, მზიდი კედლები გადახრილია ვერტიკალური სიბრტყიდან, მთლიანად დეფორმირებული და სანახევროდ ჩამონგრეულია სახურავი, ფერმის შენობა ნაწილობრივ დაშლილია და წაქცეულია კედელი. ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შენობის არსებული მდგომარეობა გამოწვეულია არა უხვი ნალექის მოსვლითა და მოპასუხის უმოქმედობით, არამედ მზიდი კონსტრუქციების ამორტიზირებით, რაც გამორიცხავს მოპასუხის პასუხისმგებლობას.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელზე უარის თქმის ნაწილში ვ. ა-მა გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით აღნიშნულ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:

კასატორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 319-ე, 535-ე მუხლები და არასწორად მიიჩნია, რომ სადავო შენობის არსებული დაზიანებები გამოწვეულია კაპიტალური რემონტის ჩაუტარებლობით და, შესაბამისად, მოპასუხეს არ დააკისრა ზიანის ანაზღაურება.

სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა თავად მოპასუხის მიერ იმ ფაქტის დადასტურება, რომ უხვი ნალექის მოსვლის შემდეგ მას სახურავი თოვლისაგან არ გაუწმენდია, თუმცა მოპასუხემ უარყო, რომ სახურავის გაწმენდის ვალდებულება მას ეკისრებოდა. მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 2. ა) პუნქტით დამქირავებელი ვალდებულია, არ დააზიანოს მინდობილი ქონება, მოუაროს მას და გამართულ, მოწესრიგებულ მდგომარეობაში დაუბრუნოს გამქირავებელს. ამავე ხელშეკრულების 2. ბ) პუნქტის თანახმად, დამქირავებელი ვალდებულია, ქონების დაზიანების ან განადგურების შემთხვევაში სრულად აუნაზღაუროს გამქირავებელს მიყენებული ზიანი.

კასატორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო პალატას სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2013 წლის 15 აგვისტოს დასკვნა მტკიცებულებად არ უნდა მიეღო. აღსანიშნავია, რომ შენობა დაზიანდა 2012 წლის თებერვალში, ხოლო ექსპერტიზა ჩატარებულია 2013 წლის აგვისტოში, შენობის დაზიანებიდან წელიწადნახევრის შემდეგ და დასკვნა ასახავს შენობა-ნაგებობის მდგომარეობის ექსპერტიზის ჩატარების თარიღის მიხედვით, სადაც საუბარია შენობის დაზიანებებზე და მის გამომწვევ მიზეზებზე, თუმცა არაფერია ნათქვამი კონკრეტულად სახურავის დაზიანებისა და მის გამომწვევ მიზეზებზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 17 მარტის განჩინებით ვ. ა-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა ვ. ა-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლომ საჯარო რეესტრიდან ამონაწერით დაადგინა, რომ დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ..... მდებარე უძრავ ქონებაზე (საკადასტრო კოდი ........) რეგისტრირებულია ვ. ა-ის საკუთრების უფლება.

2011 წლის 5 ივლისს ვ. ა-ის წარმომადგენელ ნ. ბ-სა და ა. მ-ს შორის გაფორმდა ქირავნობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად ა. მ-ს გადაეცა დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ..... ტერიტორიაზე მდებარე ვ. ა-ის კუთვნილი ფერმა.

სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ გამქირავებელმა დამქირავებელს დროებით სარგებლობაში გადასცა დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ....., დაზუსტებული 1050 კვ.მ ფერმის შენობა-ნაგებობა და საძოვრები.

მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია ინდივიდუალური აუდიტორის – ვ. ბ-ის დასკვნა (28.11.2012წელი) ზარალის განსაზღვრის შესახებ. დასკვნის თანახმად, ადგილზე დათვალიერებით გაირკვა, რომ ვ. ა-ის კუთვნილი ფერმის შენობა ნაწილობრივ დაშლილია, წაქცეულია კედელი ა-ის მხარეს 10.5 მ სიგრძით, 0.50 სმ სიგანით, კედლის სიმაღლეა 1.80 მ. 30მ. ანალოგიური მდგომარეობაა ა-ის მიმართულებით, მარცხენა მხარეს აშენებულ სადგომში, სადაც შენობას არ აქვს ჭერი, ჩამონგრეულია. აღნიშნული ნაკლოვანებების გამოსწორებისათვის, საჭირო სამშენებლო მასალების შეძენით და მისი გამოყენებით შეიძლება აღდგეს ფერმის სრული სახე. აქედან გამომდინარე, საბაზრო პირობების გათვალისწინებით, ფერმის ზარალი განისაზღვრა 9000 ლარით. ინდივიდუალური აუდიტორის ვ. ბ-ის 2013 წლის 3 სექტემბრის დასკვნის თანახმად, ვ. ა-ის კუთვნილი ფერმის აღსადგენი ღირებულება განისაზღვრა 8550 ლარით. მოპასუხის მიერ წარმოდგენილ იქნა ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა (2013 წლის 15 აგვისტო), რომლის თანახმად, ფერმის შენობა ერთსართულიანია, განთავსებულია დახრილ რელიეფზე, სავარაუდოდ აშენებულია გასული საუკუნის 70-იან წლებში. შენობის მზიდი კედლები შესრულებულია რიყის ქვით და წითელი აგურით ქვისა და ცემენტის ხსნარზე. გადახურვა განხორციელებულია ხის კონსტრუქციებით, სახურავი მოწყობილია ხის ნივნივებზე და გადახურულია აზბესტცემენტის ტალღოვანი ფურცლებით. ვიზუალური დათვალიერებით ფერმის შენობა მთლიანად ამორტიზირებულია, კერძოდ: დაშლილი და დაბზარულია რიყის ქვის და წითელი აგურის წყობა, მზიდი კედლები გადახრილია ვერტიკალური სიბრტყიდან, გადახურვის ნიშნულზე არსებული სარტყელი შესრულებულია საშუალო ზომის რიყის ქვით და ბეტონით. დაბალი შეჭიდულობის და მარკიანობის გამო, ადვილად იშლება ხელით. მთლიანად დეფორმირებული და სანახევროდ ჩამონგრეულია სახურავი. ფერმის შენობის დაზიანების მიზეზია მისი მზიდი კონსტრუქციების ამორტიზირება. შენობის შემდგომი ექსპლუატაცია დაუშვებელია და ექვემდებარება დემონტაჟს ამ მიზნით სპეციალურად დამუშავებული დემონტაჟის პროექტის საფუძველზე.

მოპასუხის მიერ წარმოდგენილი სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ დასკვნა ასახავს არა მხოლოდ ნივთის მდგომარეობას, არამედ ადგენს ფერმის შენობის დაზიანების მიზეზებსაც, კერძოდ, დასკვნის თანახმად, შენობის დაზიანების მიზეზია მზიდი კონსტრუქციების ამორტიზება. ამდენად, საქმეში წარმოდგენილი მასალების შეფასება იძლევა იმ დასკვნის საფუძველს, რომ არსებული დაზიანებები არ არის გამოწვეული მიმდინარე რემონტის ჩაუტარებლობით.

ამდენად, ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შენობის არსებული მდგომარეობა გამოწვეულია არა უხვი ნალექის მოსვლითა და მოპასუხის უმოქმედობით, არამედ მზიდი კონსტრუქციების ამორტიზებით, რაც გამორიცხავს მოპასუხის პასუხისმგებლობას.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით, ვინაიდან სამოქალაქო კოდექსის 548-ე მუხლის განმარტებასთან დაკავშირებით არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სტაბილური პრაქტიკა (სუსგ 2013 წლის 26 ნოემბერი, საქმე №ას-979-937-2013, სუსგ 2012 წლის 19 ნოემბერი, საქმე №ას-1237-1166-2012).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ ვ. ა-ს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით ნ. ფ-ის მიერ 2015 წლის 17 მარტს №1 საგადახდო დავალებით გადახდილი 450 ლარის 70% – 315 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ვ. ა-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ ვ. ა-ს (პირადი №........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით ნ. ფ-ის მიერ 2015 წლის 17 მარტს №1 საგადახდო დავალებით გადახდილი 450 ლარის 70% – 315 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ნ. ბაქაქური