Facebook Twitter

საქმე №ას-183-170-2015 30 აპრილი, 2015 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ა.გ. (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ქ.მ. (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ქ.მ.მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ა.გ.ის მიმართ სესხის ზეპირი ხელშეკრულების საფუძველზე გაცემული თანხის _ 3 200 ლარის მოპასუხისათვის დაკისრების მოთხოვნით.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა იმ საფუძვლით, რომ მხარეთა შორის სესხის ხელშეკრულების არსებობა არ დასტურდება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილებით ქ.მ.ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ქ.მ.ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ა.გ.ს ქ.მ.ის სასარგებლოდ დაეკისრა 3 200 ლარის გადახდა შემდეგი დასაბუთებით:

მოსარჩელის ახსნა-განმარტების, მოდავე მხარეთა შორის სოციალურ ქსელში არსებული მიმოწერისა (სადაც დიდი ნაწილი ეთმობოდა სესხად აღებული თანხის დაბრუნების საკითხს) და ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიშზე ფულის მიღების ოქმის (სადაც აღნიშნული იყო, რომ ანგარიშზე შეტანილი 400 ლარი უნდა გადასცემოდა ქ.მ.ს ა.გ.ის მიერ მისგან აღებული ვალის დაფარვის ანგარიშში) შეფასებით სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო, რომ ქ.მ.სა და ა.გ.ს შორის არსებობდა 3600 ლარზე ზეპირი ფორმით დადებული სესხის ხელშეკრულება.

არ იქნა გაზიარებული პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასება, რომ მოსარჩელე ვერ ადასტურებდა, რომ მოდავე მხარეთა შორის ზეპირი სესხის ხელშეკრულება დადებული იყო 3600 ლარზე, რადგანაც საქმის მასალებით დადგენილი იყო შემდეგი: ქ.მ. და ა.გ. იმყოფებოდნენ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებით-სამართლებრივ ურთიერთობაში; მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის, სესხის ხელშეკრულება დადებული იყო ზეპირი ფორმით; 21.09.2012 წელს ა.გ.ის სახელით ზოია ხარხელაურმა მიმართა სანოტარო ბიუროს და მოითხოვა ქ.მ.თვის გადაცემის მიზნით 400 ლარის ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიშზე მიღება; სანოტარო აქტში მიეთითა, რომ ანგარიშზე შეტანილი 400 ლარი უნდა გადასცემოდა ქ.მ.ს ა.გ.ის მიერ მისგან აღებული ვალის დაფარვის ანგარიშში. რაც შეეხება სასარჩელო მოთხოვნად მითითებულ 3200 ლარს, მოპასუხემ უარყო დამატებით სესხის არსებობა, რაც გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამომტანმა სასამართლომ.

პალატის განმარტებით, სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე და დავის გადაწყვეტის ბედიც ამ პროცესში მონაწილე მხარეთა პოზიციითაა განსაზღვრული. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლომ აღნიშნა, რომ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებისმიერი მტკიცებულება შეიძლება წარუდგინოს მხარემ სასამართლოს თავისი მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძვლის არსებობის დამტკიცების მიზნით. ამასთან, ზოგადი წესიდან 102-ე მუხლის მესამე ნაწილი აწესებს გამონაკლისსაც.

სესხის ხელშეკრულების დადებისათვის კანონმდებელმა არ გაითვალისწინა სავალდებულო ფორმა, თუმცა, კანონით განისაზღვრა მტკიცებულებათა დასაშვებობის კრიტერიუმები და მოწმეთა ჩვენება ამ შემთხვევაში არასაკმარისი მტკიცებულებაა და საჭიროა სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული სხვა მტკიცებულებებიც. ასეთად შეიძლება განხილულ იქნას ხელწერილი ვალის არსებობის თაობაზე ან ნებისმიერი სხვა წერილობითი მტკიცებულება, რომლითაც შეიძლება დადასტურდეს მოდავე მხარეებს შორის სასესხო ურთიერთობის არსებობა.

ქ.მ.მა იმ გარემოების დასადასტურებლად, რომ სესხის ოდენობა შეადგენდა სულ 3600 ლარს, საიდანაც მოპასუხემ გადაიხადა 400 ლარი, გარდა მოწმის (იწ.) ჩვენების, ასევე, ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიშზე ფულის მიღების ოქმისა და ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიშიდან კრედიტორისათვის ფულის გადაცემის ოქმისა, ასევე მიუთითა მოდავე მხარეთა შორის სოციალურ ქსელში არსებულ მიმოწერაზე, სადაც ქ.მ. უთითებს, რომ „რაც მახსოვს 3600 გასესხე ბენოს ფულიანად“. ა.გ.ი არ უარყოფს თანხის ამ ოდენობას და პასუხად წერს „ველოდები და კაპიკ-კაპიკ დავითვალოთ“. მოპასუხის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა იმ გარემოების უარყოფა, რომ სოციალურ ქსელზე არსებული მიმოწერა არ ეკუთვნოდა ა.გ.ს, ან/და იგი წარმოადგენდა ყალბ წერილობით მტკიცებულებას, რაც მოპასუხემ ვერ დაადასტურა, თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლისა.

პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხეს, მიუხედავად სარჩელზე მითითებული მთელი რიგი ფაქტობრივი გარემოებებისა, კვალიფიციური შესაგებელი არ წარუდგენია, არ წარუდგენია სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების საპირისპირო მტკიცებულებები. მტკიცების ტვირთის საპროცესო უფლების სრულყოფილი რეალიზება მოპასუხეს ასევე არ განუხორციელებია საქმის მოსამზადებელ სტადიაზე. მოპასუხემ მხოლოდ საქმის არსებითი განხილვისას გახადა სადაოდ სარჩელში მითითებული ფაქტები და მიუთითა ისეთ გარემოებებზე, რომელთა შესახებაც არ განუცხადებია საქმის არსებით განხილვამდე.

სააპელაციო პალატამ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 219-ე მუხლზე და აღნიშნა, რომ მოპასუხის მიერ ქ.მ.ის სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების შეცილება სასამართლოს მთავარ სხდომაზე ახალ გარემოებაზე მითითებით პალატის მოსაზრებით არ უნდა იქნეს შეფასებული და გაზიარებული. შესაბამისად, მტკიცების ტვირთის სამართლიანი განაწილების პრინციპისა და ზემოაღნიშნული ნორმის გათვალისწინებით, ქ.მ.ის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილებულიყო.

ამდენად, დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ ა.გ.ს სესხის ხელშეკრულებით მიღებული 3600 ლარიდან დაბრუნებული არ ჰქონდა 3200 ლარი, რამდენადაც სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია 3200 ლარის ნაწილში კრედიტორის მიერ შესრულების მიღების დამადასტურებელი დოკუმენტი.

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილით, 317-ე მუხლის პირველი ნაწილით, 361-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 623-ე, 624-ე მუხლებით და მიიჩნია, რომ სარჩელი საფუძვლიანი იყო და უნდა დაკმაყოფილებულიყო.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა.გ.მა, მოითხოვა მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:

სააპელაციო სასამართლომ მხოლოდ აპელანტის ახსნა-განმარტების საფუძველზე დადგენილად ჩათვალა, რომ მხარეთა შორის დადებული იყო სესხის ხელშეკრულება. ა.გ. დავის არც ერთ ეტაპზე არ ცნობდა სარჩელს სასამართლო კი დაეყრდნო მხოლოდ მოსარჩელის განმარტებას. სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ სოციალური ქსელში არსებული მიმოწერა ქართულ ენაზე არაა შესრულებული, მაშინ, როდესაც სამართალწარმოების ენა ქართულია, თავად მიმოწერიდან არ დასტურდება მოპასუხის მიერ არც სესხის აღაირება და არც მისი ოდენობა, ამასთანავე, არ დასტურდება რომ სოციალური ქსელის მომხმარებელი ნამდვილად ა.გ. იყო. რაც შეეხება ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიშს, მოსარჩელეს თანხა გადაურიცხა ზ.ხ.მა, რომელსაც რაიმე კავშირი ა.გ.თან არ აქვს. მიუხედავად აღნიშნულისა, თუ სასამართლო მაინც ჩათვლიდა, რომ მხარეთა შორის არსებობდა სესხის ხელშეკრულება, სასამართლოს უნდა გამოეკვლია მისი წარმოშობის დრო, დამდგარი იყო თუ არა შესრულება და ა.შ. გარდა აღნიშნულისა, მოსარჩელის განმარტებით, მან თანხის ნაწილი ნარდობის ურთიერთობიდან გამომდინარე გადასცა ვინმე ბ.ს და სწორედ მისგან იცოდა, რომ ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე გადასცა თანხა მოპასუხეს „ბ.მ“. ამ კუთხით გადაწყვეტილება არ არის დასაბუთებული.

სამოქალაქო კოდექსი განსაზღვრავს გაცილებით მაღალ სტანდარტს სესხთან დაკავშირებული გარიგების არსებობის დასადასტურებლად, ვიდრე მხოლოდ მხარის ზეპირი განმარტებაა. წარმოდგენილი მტკიცებულებანი ვერ აკმაყოფილებენ აღნიშნულ სტანდარტს და მტკიცებითი წონადობის თვალსაზრისით არ ქმნიან საქმესთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მისაღებად საკმარის ფასეულობას.

კასატორის მოსაზრებით, სოციალურ ქსელში არსებული მტკიცებულება არ პასუხოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის მე-4 ნაწილის, ასევე 139 მუხლის 11 ნაწილის მოთხოვნებს, მითითებული საფუძვლებიდან გამომდინარე, კასატორი არ დაეთანხმა გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილ გარემოებას ზეპირი ფორმით დადებული სესხის არსებობის თაობაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 13 თებერვლის განჩინებით ა.გ.ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა ა.გ.ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

კასატორის პრეტენზია ძირითადად მიმართულია სასამართლოს მხრიდან ფაქტების არასწორად გამოკვლევისაკენ. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორს არ წარმოუდგენია დასაბუთებული შედავება. ამ კუთხით პალატა განმარტავს, რომ მოქმედი საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, სარჩელის საფუძვლიანობის შემოწმება ხორციელდება რამდენიმე მიმართულებით, ესაა ე.წ მოსარჩელის სტადია, რა დროსაც ხდება სარჩელის დასაბუთებულობის, მისი გამართულობის, შემოწმება, შემდეგი ეტაპია მოპასუხის სტადია, ხოლო გადაწყვეტილების გამოტანამდე ე.წ მტკიცების სტადიაზე ხდება მტკიცებულებათა გამოკვლევა, საყურადღებოა, რომ საქმის განხილვის ყოველ შემდგომ ეტაპზე გადასვლა და ამა თუ იმ მხარის მიერ საპროცესო კანონმდებლობით დაკისრებული ტვირთის დაძლევა ფასდება მას შემდეგ, რაც სრულად ამოიწურება წინა ეტაპით განსაზღვრული საპროცესო მოქმედებიები.

სააპელაციო პალატის შეფასების საგანს წარმოადგენდა მხარეთა შორის ზეპირი სესხის ხელშეკრულების არსებობის დადგენა. ამ კუთხით, სააპელაციო პალატამ მართებულად გამოიკვლია მოპასუხის შესაგებლის სამართლებრივი შინაარსი და არც კასატორს მიუთითებია იმგვარ გარემოებაზე, რომ მან სარჩელში მითითებული ფაქტებისაგან განსხვავებულ ფაქტებზე მითითებით უარყო სარჩელის საფუძლიანობა. უდავოდ გასათვალისწინებელია, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება, საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, თითოეულ მხარეს აღჭურავს უფლებით, მიუთითოს და დაამტკიცოს მისთვის სასურველი ფაქტები. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, სააპელაციო პალატამ მართებულად მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 219-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის ანალიზიდანაც გამომდინარეობს ერთმნიშვნელოვანი დასკვნა, რომ მხარეები ფაქტებისა თუ მტკიცებულებების წარდგენისას შეზღუდული არიან საქმის მოსამზადებელი პერიოდით, ე.წ წერილობითი შეჯიბრებითობის ეტაპით, საქმის სასამართლოს მთავარ სხდომაზე განსახილველად დაშვება მიანიშნებს იმაზე, რომ ამ დროისათვის დასრულებულია მხარეთა პოზიციებისა თუ მტკიცებულებების წარდგენა და სასამართლო უკვე შეგროვებული მასალების არსებითად გამოკვლევის გზით გადაწყვეტს საქმეს, თავის მხრივ, მოსამზადებელი ეტაპის დასრულების შემდეგ ახალი გარემოებების მითითება და გაზიარება დასაშვებია მხოლოდ საპატიო მიზეზით მათი მოსამზადებელი ეტაპის დასრულებამდე წარდგენის შეუძლებლობისას.

სწორედ ზემოაღნიშნული საფუძვლებიდან გამომდინარე წარმოადგენს დაუსაბუთებელ საკასაციო პრეტენზიას მხარის მტკიცება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მოთხოვნებთან სოციალურ ქსელში არსებული მიმოწერის შეუსაბამობის თაობაზე.

ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით, რამდენადაც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისითაც დასაბუთებულია, ამასთან არ განსხვავდება საკასაციო პალატის მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებაზე ზეპირი ფორმით დადებული სესხის ხელშეკრულების თაობაზე. ერთ-ერთ საქმეზე საკასაციო პალატამ აღნიშნა, რომ „სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის შესაბამისად, სესხის ხელშეკრულებით, გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს, დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ამავე კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად კი, სესხის ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით. მითითებული ნორმების ანალიზი ცხადყოფს, რომ სესხის სახელშეკრულებო ურთიერთობის დასადგენად კანონმდებელი მოსარჩელის მტკიცების ტვირთს გარკვეულწილად აძლიერებს. სასესხო ურთიერთობაში თანხის სესხად გადაცემის ფაქტის მტკიცების ტვირთი მოსარჩელის მხარეზეა (იხ. სუსგ №ას-839-890-2011 ,8 ნოემბერი, 2011 წელი).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ა.გ.ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს ტ.ჩ.ის მიერ 2015 წლის 6 თებერვლის N5 საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა.გ.ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ ა.გ.ს (პ/N.....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით ტარიელ ჩოჩიშვილის მიერ 2015 წლის 6 თებერვლის N5 საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური