Facebook Twitter

საქმე №ას-198-185-2015 30 აპრილი, 2015 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ს.თ.ს. (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ვ.მ. (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 19 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთისგამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ვ.მ.მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ს.თ.ს.ს მიმართ მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან ვ.მ.ის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის (ს/კ N.... წინა N.....) გამოთხოვის მოთხოვნით.

ს.თ.ს.მ სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებით ვ.მ.ს სარჩელი დაკმაყოფილდა, ს.თ.ს.ს უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი ....., წინა ნომერი .....) და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცა ვ.მ.ს.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ს.თ.ს.მ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილებით ს.თ.ს.ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგი დასაბუთებით:

პალატამ დადგენილად ცნო, რომ საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, გარდაბნის რაიონის .... ტერიტორიაზე მდებარე სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდით №.... (წინა ნომერი ......)) რეგისტრირებულია ვ.მ.ს სახელზე;

მოსარჩელის მიერ წარდგენილი წერილების თანახმად, ვ.მ.მა რამდენჯერმე მიმართა საქართველოს თავადაცვის სამინისტროს მისი საკუთრების უკანონო ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნით, კერძოდ, შეეწყვიტათ თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს მისი საკუთრების უფლების ხელყოფა და მიეცათ საშუალება თავისუფლად ესარგებლათ მისი კუთვნილი მიწის ნაკვეთით;

სააპელაციო საჩივრის განხილვის ეტაპზე აპელანტმა უარყო ვ.მ.ს კუთვნილი მიწის ნაკვეთის ფლობის ფაქტი, რაც პალატამ არ გაიზიარა და მიუთითა მოპასუხის მიერ წარმოდგენილ წერილობითი შესაგებლის შინაარსზე, სადაც მოპასუხე ადასტურებდა მოსარჩელის მიერ მითითებულ გარემოებას, რითიც ფაქტობრივად აღიარებდა მოსარჩელის კუთვნილი მიწის ნაკვეთის ფლობის ფაქტს. ამასთან, მოპასუხის განმარტებით, მათი მხრიდან მხოლოდ პერიოდულად ხდებოდა ვ.მ.ს მიწის ნაკვეთის გამოყენება, რაც, პალატის მოსაზრებით, ასევე უსაფუძვლო იყო და არ წარმოშობდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივ საფუძველს. თავად აპელანტი ვერ უარყოფდა ფაქტობრივ გარემოებას იმის შესახებ, რომ ვ.მ.ს კუთვნილი მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ არის ს.თ.ს.ს სასროლეთი, სადაც პერიოდულად ხორციელდება სამხედრო მოსამსახურეთა მომზადება, წვრთნა.

სამხედრო მომზადების, წვრთნის დროს, უსაფრთხოების დაცვის მიზნით, შეუძლებელი ხდება კუთვნილი მიწის ნაკვეთის დაკავება ვ.მ.ს მიერ.

სააპელაციო პალატამ მიუთითა აპელანტის განმარტებაზე, რომ ამ ტერიტორიაზე სამხედრო წვრთნების, აგრეთვე განლაგებული სამხედრო ტექნიკის შესახებ ინფორმაცია არის გასაიდუმლოებული და ვ.მ. ვერ იქნება ინფორმირებული თუ როდის ახორციელებს ან როდის აპირებს განახორციელოს წვრთნები ამ ტერიტორიაზე აპელანტმა მხარემ.

აღნიშნულის შედეგად, პრაქტიკულად, ვ.მ. სრულად მოკლებულია შესაძლებლობას, გამოიყენოს კუთვნილი მიწის ნაკვეთი თავისი დანიშნულებით (საძოვარი).

პალატამ გაიზიარა მოსაზრება, რომ მოსარჩელეს არა მარტო ხელი ეშლება თვისი კუთვნილი მიწის ნაკვეთის გამოყენებაში, არამედ ფაქტობრივად მას ჩამორთმეული აქვს მიწის ნაკვეთის გამოყენების და მფლობელობის შესაძლებლობა.

სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 172-ე მუხლის პირველ ნაწილზე და აღნიშნა, რომ ეს ის შემთხვევაა, როცა უძრავი ქონების მესაკუთრეს კანონი ანიჭებს სასამართლოსათვის ვინდიკაციური სარჩელით მიმართვის შესაძლებლობას, რათა აღდგენილ იქნეს ნივთზე მისი მფლობელობის შელახული უფლება. სარჩელის საფუძვლიანობის შესამოწმებლად უნდა დადგინდეს შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 1. მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე; 2. მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი; 3. მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება. იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება სამივე გარემოების არსებობა, სარჩელი საფუძვლიანია.

სასამართლოს განმარტებით, სამოქალაქო კოდექსის 183-ე და 311-ე მუხლების მოთხოვნიდან გამომდინარე, უძრავ ნივთზე საკუთრების შეძენა ვლინდება საჯარო რეესტრიდან, ხოლო ამავე კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ არსებობს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების პირობებში, საქალაქო სასამართლომ მართებულად დააკმაყოფილა სარჩელი, ხოლო აპელანტმა ვერ უზრუნველყო გასაჩივრებული გადაწყვეტილების საპირისპიროდ შესაბამისი მტკიცებულებებით გამყარებული დასაბუთებული პრეტენზიის წარმოდგენა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ს.თ.ს., მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძლებით:

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება სამართლებრივად დაუსაბუთებელია, რაც წარმოშობს მისი გაუქმების აბსოლუტურ საფუძვლებს. სასამართლომ სწორი შეფასება არ მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს და აპელანტის ახსნა-განმარტებას, რაც გახდა უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი. თ.ს. არ არის ფიზიკურად დაუფლებული ვ.მ.ის ქონებას, შესაბამისად, გაურკვეველი რჩება საკითხი თუ როგორ მოხდება სასამართლოს გადაწყვეტილების ამ ნაწილში აღსრულება.

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ერთმნიშვნელოვნად არ დასტურდება სადავო ქონების თ.ს.ს მიერ უკანონოდ ფლობის ფაქტი. შესაბამისად, ის რაც არ არის დადასტურებული მტკიცებულებებით, მხოლოდ მხარის ახსნა-განმარტება ვერ იქნება მიჩნეული საკმარის მტკიცებულებად ამ გარემოების დადგენისა და საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისათვის.

იმ ვითარებაში, როდესაც მოპასუხე მოსარჩელის ქონებას არ ფლობს, სასამართლოს შეეძლო მიეღო გადაწყვეტილება, ვ.მ.ის კუთვნილ ქონებაზე ხელშეშლის აღკვეთის თაობაზე, თუ რა თქმა უნდა ასეთი ფაქტი დადასტურებულად იქნებოდა მიჩნეული.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 20 თებერვლის განჩინებით ს.თ.ს.ს საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლითა და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა ს.თ.ს.ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

ს.თ.ს.ს ძირითადი პრეტენზია მიმართულია იმისკენ, რომ სასამართლომ მოპასუხის მხრიდან სადავო ნივთის ფლობის ფაქტი არასწორად დაადგინა, რაც შეუძლებელს გახდის მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას, რასაც საკასაციო პალატა დასაბუთებულ საკასაციო შედავებად ვერ მიიჩნევს და აღნიშნავს შემდეგს:

საქმეში წარმოდგენილი შესაგებლით მოპასუხემ დაადასტურა მოსარჩელის უძრავი ნივთის ფლობისა და ამ ნივთით სარგებლობის ფაქტი, რაც სააპელაციო პალატამ სავსებით მართებულად მიჩნია სადავო გარემოების მოპასუხის მიერ აღიარებად.

საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე და 132-ე მუხლებზე, რომელთა თანახმადაც, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოების არსებობის ან არარსებობის აღიარება მხარეს შეუძლია როგორც ზეპირი, ისე წერილობითი ფორმით, საქმის წინასწარი სასამართლო განხილვისათვის მომზადების ან ამ საქმის სასამართლო სხდომაზე განხილვის დროს. თუ აღიარება წარმოდგენილია წერილობითი ფორმით, იგი დაერთვის საქმეს. ზეპირად გაკეთებული აღიარება შეიტანება სასამართლო სხდომის ოქმში.

საპროცესო სამართლის თეორიაში აღიარების განსაკუთრებული მნიშვნელობა განმარტებულია იმგვარად, რომ ფაქტს, რომელსაც უნდა ადასტურებდეს დავის სუბიექტი, ადასტურებს მისი მოწინააღმდეგე მხარე. ფაქტის აღიარების დროს მხარე ცნობს დავის კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებას, რაც სასამართლომ შეიძლება საკმარის საფუძვლად მიიჩნიოს გადაწყვეტილების გამოტანისას და დაეყრდნოს ამ აღიარებას.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 133-ე მუხლით ამომწურავადაა დადგენილი აღიარების გაქარწყლების წესი და მისი უარყოფა სარწმუნოა მაშინ, როდესაც აღიარების ავტორი გადაწყვეტილების გამოტანამდე დაამტკიცებს, რომ ეს აღიარება იყო: ა) შეცდომის შედეგი და განპირობებული იყო ისეთი გარემოებით, რომელიც ცნობილი გახდა მისთვის აღიარების შემდეგ; ბ) მის მიმართ ადგილი ჰქონდა ფსიქიკურ ან ფიზიკურ ზემოქმედებას, რომელიც გამორიცხავდა მხარის თავისუფალ ნებას. თავის მხრივ, აღიარების უარყოფა სასამართლომ უნდა დაასაბუთოს გადაწყვეტილებაში.

განსახილველ შემთხვევაში, აღიარების გაქარწყლების თაობაზე კასატორს პრეტენზია არ წარმოუდგენია, ხოლო თავად ის გარემოება, რომელიც ამ აღიარებით დადასტურდა, წარმოადგენს წინამდებარე დავის სწორად გადაწყვეტისათვის მტკიცების საგანში შემავალ ფაქტობრივ გარემოებას. საგულისხმოა, რომ სააპელაციო პალატამ ნივთის უკანონო ფლობა დაამყარა ასევე მოსარჩელის წერილებზე, რაც კასატორს სადავო არ გაუხდია.

საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 170-ე და 172-ე მუხლებზე და განმარტავს, რომ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა (ვინდიკაციური სარჩელი) მესაკუთრის უფლების დაცვის აღიარებული საშუალებაა. ესაა სარჩელი, რომელსაც მესაკუთრე მაშინ იყენებს, როდესაც შელახულია ნივთზე მისი მფლობელობა, სახელდობრ, როცა მესაკუთრის ქონება უკანონო მფლობელის ხელთაა. ვინდიკაციური სარჩელის არსი საკუთრების აბსოლუტური ბუნებიდან მომდინარეობს, რაც გულისხმობს მესაკუთრის თავისუფლებას, ნებისმიერ დროს დაეუფლოს კუთვნილ ნივთს ან ისარგებლოს ამ ნივთით, მათ შორის, მოითხოვოს უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა.

მესაკუთრეს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს მიმართოს სასამართლოს მის საკუთრებაში არსებული ნივთის გამოთხოვის მოთხოვნით.

ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული ერთგვაროვანი პრაქტიკისაგან (იხ. სუსგ № ას-1142-1071-2012, 7 მარტი, 2013 წელი).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ს.თ.ს.ს საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

რაც შეეხება კასატორის მოწინააღმდეგე მხარის მიერ საკასაციო შესაგებელზე დართულ მტკიცებულებებს, პალატა მიიჩნევს, რომ ისინი უნდა დაუბრუნდეს წარმომდგენს, რადგანაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. აღნიშნული ნორმა ადგენს საკასაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების შეფასების პროცესუალურ ფარგლებს და მისი შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითება და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა არ დაიშვება. ამავე კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არა აქვთ.

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად, კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ს.თ.ს.ს საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

3. ვ.მ.ს დაუბრუნდეს საკასაციო შესაგებელზე დართული მტკიცებულებები 7 (შვიდი) ფურცლად.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური