№ას-205-192-2015 14 აპრილი, 2015 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – ა. ა-ი
მოწინააღმდეგე მხარეები – ი. შ-ი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 24 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი _ ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონების გაყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 3 აპრილის გადაწყვეტილებით:
1. ი. შ-ის სარჩელი ა. ა-ის მიმართ განქორწინებისა და ქონების გაყოფის თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;
1.1. შეწყდა ქორწინება ი. შ-სა (დაბ. ---წ, პ/ნ ------) და ა. ა-ს (დაბ. ---, პ/ნ ------) შორის რეგისტრირებული 19--- წლის --- დეკემბერს, ტრაპიზონის მუნიციპალიტეტის ქორწინების ბიუროს მიერ, რეგისტრაციის ნომ.: ---, სერია N---;
1.2. ი. შ-ი მესაკუთრედ იქნა ცნობილი საჯარო რეესტრში ა. ა-ის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონების, მდებარე - გარდაბანი, სოფელი მარტყოფი, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: N--- ½ წილზე;
1.3. ი. შ-ი მესაკუთრედ იქნა ცნობილი საჯარო რეესტრში ა. ა-ის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონების, მდებარე - გარდაბანი, სოფელი მარტყოფი, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: N--- ½ წილზე;
1.4. ი. შ-ი მესაკუთრედ იქნა ცნობილი ა. ა-ის სახელზე 2006 წლის 28 ივლისს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდული პირების რეესტრში დარეგისტრირებული შპს ”ი. +” 50%-ის ½ წილზე;
1.5. ი. შ-ის სარჩელი საჯარო რეესტრში ა. ა-ის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონების, მდებარე - თბილისი, დიდი ლილო, ვარკეთილის მეურნეობა, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N--- ½ წილზე მესაკუთრედ ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა;
2. ა. ა-ის შეგებებული სარჩელი ი. შ-ის მიმართ ალიმენტის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა;
2.1. ი. შ-ს დაეკისრა არასრულწლოვანი შვილის - 1997 წლის 13 სექტემბერს დაბადებული მ. შ-ის სასარგებლოდ ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 300 (სამასი) ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2013 წლის 29 ნოემბრიდან მის სრულწლოვანებამდე;
2.2. ა. ა-ის სარჩელი ი. შ-ის მიმართ წარსული დროის ალიმენტის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა;
2.3. ა. ა-ის სარჩელი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში ი. შ-ის სახელზე რეგისტრირებული ავტომანქანების - 1) 2008 წელს გამოშვებული ”TATA INDIGO’’ საიდენტიფიკაციო ნომ.თ - --- და 2) 2006 წელს გამოშვებული VOLKSWAGEN TRANSPORTER საიდენტიფიკაციო ნომრით --- - ის ½ წილზე მესაკუთრედ ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა;
3. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 20 მაისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და ყადაღა მოეხსნას საჯარო რეესტრში ა. ა-ის სახელზე რიცხულ უძრავ ქონებას, მდებარე: ქალაქი თბილისი, დიდი ლილო, ვარკეთილის მეურნეობა მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი _ №--- სარეგისტრაციო ზონა _ გარდაბანი ---, სექტორი _ დიდი ლილო ---, კვარტალი _ ----, ნაკვეთი _ ---, დაზუსტებული ფართობი _ 300.00 კვ.მ მესაკუთრე ა. ა-ი :პირადი #---.
4. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 03 დეკემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და ყადაღა მოეხსნას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის მონაცემებით შ-ი.ის (დაბ. ---წ.) სახელზე რიცხულ ორ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებას: 1. მარკა, მოდელი- TATA INDIGO; სახელმწიფო ნომ. - ---; სარეგისტრაციო მოწმობა_ ---; გამოშვების წელი _ ---; საიდენტიფიკაციო ნომ. - ---. 2. მარკა, მოდელი- VOLKSWAGEN TRANSPORTER; სახელმწიფო ნომ. - ---; სარეგისტრაციო მოწმობა_ ---; გამოშვების წელი_ ---; საიდენტიფიკაციო ნომ. - ---.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. ა-მა და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 24 დეკემბრის განჩინებით ა. ა-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. ა-მა და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და შპს „ი.+-ის“ 50%-ის 1/2 წილზე მესაკუთრედ ცნობა.
უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 24 თებერვლის განჩინებით ა. ა-ს დაუდგინდა ხარვეზი საკასაციო საჩივარზე და დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში შპს „ი.+-ის“ 50%-ის 1/2-ის საბაზრო ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტის და მის შესაბამისად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ქვითრის წარმოდგენა.
2015 წლის 2 მარტს საკასაციო პალატას განცხადებით მომართა კასატორის წარმომადგენელმა და ითხოვა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელება.
2014 წლის 17 მარტის განჩინებით კასატორს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ა. ა-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის წლის 24 თებერვლის განჩინებით კასატორს დაუდგინდა ხარვეზი საკასაციო საჩივარზე და დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში საკასაციო საჩივრის დავის საგნის საბაზრო ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა და მის შესაბამისად სახელმწიფო ბაჟის გადახდა. 2015 წლის 17 მარტის განჩინებით კასატორს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღით.
საქმეში წარმოდგენილი ხელწერილით დასტურდება, რომ ხარვეზის შევსების შესახებ საკასაციო სასამართლოს განჩინება, 2015 წლის 26 მარტს ჩაბარდა კასატორის წარმომადგენელ თ. კ-ეს (იხ. მინდობილობა, ტ.1, ს.ფ. 145-146), რაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, ითვლება სასამართლო შეტყობინების კასატორისათვის ჩაბარებად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, კასატორისათვის ხარვეზის შევსების 5-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2015 წლის 27 მარტს და ამოიწურა ამავე წლის 31 მარტს. ამდენად, კასატორი ვალდებული იყო ხარვეზი შეევსო 2014 წლის 31 მარტის ჩათვლით. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს მისთვის დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ა. ა-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, ვინაიდან კასატორმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსო ხარვეზი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა. ა-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე პაატა ქათამაძე