Facebook Twitter
#as-403-383-2011

№ას-22-22-2014 6 აპრილი, 2015 წელი,

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – დ. ბ-ი (მოპასუხე)

წარმომადგენელი - ა. კ-ე

მოწინააღმდეგე მხარე – ო. ზ-ე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 14 ნოემბრის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის

დავის საგანი – ცილისმწამებლური ინფორმაციის უარყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ო. ზ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში დ. ბ-ის წინააღმდეგ და მოითხოვა მოპასუხისათვის, მის სასარგებლოდ, პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ინფორმაციის უარყოფის დავალება შემდეგი სახით: ა) გაზეთ „ა-ს“ ლოგოს გვერდით (გაზეთის პირველ გვერდზე) განათავსოს შემდეგი უარყოფა: „სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების ფარგლებში დ. ბ-ი აცხადებს, რომ მის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ნოტარიუს ო. ზ-ის მიერ ბიზნესმენების დაზარალების შესახებ არის ცილისწამება და არ შეესაბამება სინამდვილეს“; ბ) გაზეთ „ა-ს“ მე-14 გვერდზე განათავსოს შემდეგი უარყოფა: „სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების ფარგლებში დ. ბ-ი აცხადებს, რომ ნოტარიუს ო. ზ-ის შესახებ მის მიერ გავრცელებული ინფორმაცია (გაზეთი „ა-ა“, 18-22 ოქტომბერი, 2012 წ.), თითქოს ო. ზ-ემ დაამოწმა მუქარით დადებული რამდენიმე ხელშეკრულება, არის ცილისწამება და არ შეესაბამება სინამდვილეს, კერძოდ, დ. ბ-ი ადასტურებს, რომ ო. ზ-ეს არ დაუმოწმებია შპს „ტ-ის“ წილების ნასყიდობის ხელშეკრულება, შპს „თ-ის“ (თბილისის საავიაციო ქარხნის) წილების ნასყიდობის ხელშეკრულებები, ამასთანავე, ა. ს-ე და მ. დ-ე არ ყოფილან სს „თ. ე. ქ-ის“ აქციების მესაკუთრეები და ისინი არ ყოფილან იმ ხელშეკრულების მონაწილეები, რომელიც დაამოწმა ო. ზ-ემ“; გ) გაზეთ ”ა-ს” მე-14 გვერდზე, გვერდის ცენტრალურ ნაწილში, ჩარჩოში განათავსოს შემდეგი უარყოფა: „დ. ბ-ი აცხადებს, რომ მის მოწოდებას, გამოხმაურებოდნენ ნოტარიუს ო. ზ-ის მონაწილეობით დაზარალებული ბიზნესმენები, არცერთი ბიზნესმენი არ გამოხმაურებია“.

მოსარჩელის განმარტებით, 2012 წლის 18 ოქტომბერს, გაზეთ „ა-ში“ გამოქვეყნდა მოპასუხე დ. ბ-ის ინტერვიუ, რა დროსაც მან გაავრცელა ცილისმწამებლური ინფორმაცია მის შესახებ; ინფორმაცია არ შეესაბამება რეალურ ფაქტებს და წარმოადგენს სახელის გამტეხ, მისი საქმიანი და პიროვნული რეპუტაციის შემლახველ განცხადებას. კერძოდ, მოპასუხემ მიუთითა, რომ თითქოს მოსარჩელემ, როგორც ნოტარიუსმა, დაამოწმა შპს „ტ-ის” წილის ნასყიდობა, თ. ს. ქ-ის (შპს ”თ-ის” აქციების ნასყიდობა, სს ”თ.ე. ქ-ის” მესაკუთრეების - ა. ს-ის და მ. დ-ის აქციების ნასყიდობა; ამასთანავე, თითქოსდა თითოეული გარიგება დაიდო იძულებით. მოპასუხემ საზოგადოებას მიმართა შემდეგი განცხადებით: ”ის მოქალაქეები და ბიზნესმენები, რომლებიც ხელისუფლებისაგან დაზარალდნენ, ო. ზ-ის მონაწილეობით, გამოგვეხმაურონ და ამ საქმეებზეც ინფორმაცია მოგვაწოდონ”. ეს მიმართვა განთავსებულია ზემოთ დასახელებული გაზეთის პირველ გვერდზეც - გაზეთის ლოგოს გვერდით, ყველაზე თვალსაჩინო ადგილზე. მოსარჩელის განმარტებით, მას არასოდეს ჰქონია რაიმე შეხება არც შპს „ტ-ის” და არც თ. ს. ქ-ის (შპს ”თ-ის”) წილების ნასყიდობასთან; რაც შეეხება სს ”თ. ე. ქ-ის” აქციების ნასყიდობას, მოსარჩელე ადასტურებს, რომ მან დაამოწმა აქციათა პაკეტის (26% და 26%) ნასყიდობა, მაგრამ აქციების გამყიდველი არ ყოფილა არც ა. ს-ე და არც მ. დ-ე; აქციების ერთ-ერთი გამყიდველი იყო სხვა ფიზიკური პირი, ხოლო მეორე გამყიდველი იყო იურიდიული პირი, რომლის დამფუძნებლებსაც ასევე არ წარმოადგენდნენ დასახელებული პირები. ამასთან, მ. დ-ე ამ დროისათვის არ იყო ქარხნის გენერალური დირექტორი, რადგან ქარხანა იმყოფებოდა გაკოტრების რეჟიმში და მას მართავდა სხვა დირექტორი და გაკოტრების მმართველი. მოპასუხე საუბრობს არარეგისტრირებული ორგანიზაციის - „ბ. ს. თ. ბ-თვის“ ხელმძღვანელის სახით. ამ ორგანიზაციამ, დ. ბ-ის ხსენებული ინტერვიუს გამოქვეყნებამდე რამდენიმე დღით ადრე, გამოაქვეყნა იგივე შინაარსის ცილისმწამებლური ინფორმაცია, რის საპასუხოდაც, მოსარჩელემ, მითითებულ იმეილზე, 15.10.2012 წელს გააგზავნა გაფრთხილება, რომ მათი ინფორმაცია არასწორია და შეეწყვიტათ მისი გავრცელება. მოპასუხემ, მოსარჩელესთან დაკავშირებისა და მისგან დამატებითი ინფორმაციის მიღების გარეშე, ინტერვიუს სახით გაავრცელა სადავო ინფორმაცია.

მოპასუხე დ. ბ-მა წარმოდგენილი შესაგებლით და სასამართლო სხდომაზე, სასამართლოსათვის მიცემული ახსნა-განმარტებით, სარჩელი არ ცნო, მიიჩნია ის უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად, რის გამოც მოითხოვა ო. ზ-ისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

მოპასუხის განმარტებით, სადავო სტატიაში მას არ უთქვამს, რომ შპს „ტ-ის” და შპს „თ-ის” წილები სხვადასხვა პირებზე გადაფორმდა ნოტარიუს ო. ზ-ის მიერ დამოწმებულ გარიგებათა საფუძველზე. ამ საკითხზე მსჯელობისას, მართალია ის მიუთითებს, რომ ორივე ამ კომპანიის წილების გასხვისების ხელშეკრულება გაფორმდა ძალადობრივი გზით, მ-ის ქუჩაზე არსებულ სანოტარო ბიუროში, თუმცა ის არ მიუთითებს არც სანოტარო ბიუროს ზუსტ მისამართზე და არც ნოტარიუსის ვინაობას, მაშინ, როცა მ-ის ქუჩაზე მდებარეობს სხვა სანოტარო ბიუროც. რაც შეეხება მოსარჩელეს, მისი სახელი სადავო სტატიაში უკავშირდება სს ”ე. ქ-ის” აქციების ნასყიდობის ხელშეკრულების დამოწმებას. მოპასუხე მიუთითებს, რომ მან (ო. ზ-ემ) დაამოწმა იძულების გამოყენებით დადებული წილის ნასყიდობის ხელშეკრულება. მოპასუხე არსად ამბობს, რომ ა. ს-ძე ან მ. დ-ე იყვნენ ამ ქონების პირდაპირი მესაკუთრეები; აღნიშნულ აქციებზე რეგისტრირებული უფლება ეკუთვნოდა ამ პირების მეუღლეებს, შესაბამისად, ამ აქციებზე დასახელებულ პირებს გააჩნდათ გარკვეული უფლებები (კერძოდ, საკუთრების უფლება). სადავო ინტერვიუში არსებითი მნიშვნელობის მქონე მხოლოდ ის ცნობებია, სადაც მოპასუხე მიუთითებს ნოტარიუსის მხრიდან კანონის დარღვევას, კერძოდ, სანოტარო ბიუროში ძალადობის ფაქტების იგნორირებას და ძალადობის შედეგად ხელმოწერილი დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურებას. აქედან გამომდინარე, იმისთვის, რომ მოპასუხეს დაეკისროს სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობა მცდარი ინფორმაციის გავრეცელებისათვის, უნდა დადგინდეს შემდეგი გარემოებები: ა. ს-ესა და მ. დ-ეზე, ასევე, სხვა პირებზე არ განხორციელებულა ძალადობრივი ქმედებები ხელშეკრულებაზე ხელმოწერის მიზნით (მათ შორის _ სანოტარო ბიუროში) ან ნოტარიუსმა არ იცოდა და არ შეიძლებოდა სცოდნოდა განხორციელებული ზეწოლის შესახებ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილებით ო. ზ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მოპასუხე დ. ბ-ს დაევალა, მის მიერ გაზეთ „ა-ში“ გამოქვეყნებით გავრცელებული ო. ზ-ის პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ინფორმაციის უარყოფა, შემდეგი სახით:

ა) გაზეთ „ა-ს“ მე-14 გვერდზე განათავსოს შემდეგი უარყოფა: ”სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების ფარგლებში, დ. ბ-ი აცხადებს, რომ ნოტარიუს ო. ზ-ის შესახებ მის მიერ გავრცელებული ინფორმაცია (გაზეთი „ა-ა“, 18-22 ოქტომბერი, 2012 წ.), თითქოს ო. ზ-ემ დაამოწმა მუქარით დადებული რამდენიმე ხელშეკრულება, არის ცილისწამება და არ შეესაბამება სინამდვილეს, კერძოდ, დ. ბ-ი ადასტურებს, რომ ო. ზ-ეს არ დაუმოწმებია შპს ”ტ-ის” წილების ნასყიდობის ხელშეკრულება, შპს ”თ-ის” (თ. ს. ქ-ის) წილების ნასყიდობის ხელშეკრულებები, ამასთან, ა. ს-ე და მ. დ-ე არ ყოფილან სს ”თ. ე. ქ-ის” აქციების მესაკუთრეები და ისინი არ ყოფილან იმ ხელშეკრულების მონაწილეები, რომელიც დაამოწმა ო. ზ-ემ. სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების ფარგლებში, დ. ბ-ი აცხადებს, რომ მის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ნოტარიუს ო. ზ-ის მეშვეობით ბიზნესმენების დაზარალების შესახებ, არის ცილისწამება და არ შეესაბამება სინამდვილეს”;

ბ) გაზეთ „ა-ს“ ლოგოს გვერდით (გაზეთის პირველ გვერდზე) განათავსოს შემდეგი უარყოფა: „სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების ფარგლებში, დ. ბ-ი აცხადებს, რომ მის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ნოტარიუს ო. ზ-ის მეშვეობით ბიზნესმენების დაზარალების შესახებ, არის ცილისწამება და არ შეესაბამება სინამდვილეს“.

ო. ზ-ეს სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დ. ბ-მა, მოითხოვა მისი გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და აღნიშნულ ნაწილში საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება, ასევე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 13 მარტისა და 2013 წლის 19 აპრილის საოქმო განჩინებების გაუქმება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 14 ნოემბრის განჩინებით დ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

პალატამ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

ო. ზ-ე არის ნოტარიუსი. მისი სანოტარო ბიურო 2008-2010 წლებში (სადავო პუბლიკაციაში მითითებული სანოტარო აქტების დამოწმების დროს) მდებარეობდა მისამართზე: ქ. თბილისი, მ-ის ქ. №.., მე-.. სართული, ოთახი №..-..;

დ. ბ-ი არის ბიზნესმენი, ამავე დროს, საინიციატივო უფლებადამცველი ჯგუფის _ „ბ. ს, თ. ბ-ისათვის“ ხელმძღვანელი. ჯგუფი არ არის რეგისტრირებული.

მას შემდეგ, რაც გაზეთ „ა-ს” №..-ში გამოქვეყნდა, გაზეთის აღნიშვნით, დატერორებულ ბიზნესმენების სია, დ. ბ-ი დაუკავშირდა გაზეთის ჟურნალისტ ნ. ვ-ს და მას იმავე თემაზე მიაწოდა გარკვეული სახის ინფორმაცია.

დ. ბ-ის მიერ გაზეთ „ა-ს“ ჟურნალისტისათვის მიწოდებული ინფორმაცია გამოქვეყნდა გაზეთ „ა-ში“ (18.10-22-10, 2012წ. №.. (2736), 2012 წლის 18 ოქტომბერს, მის მე-14 გვერდზე. აღნიშნული პუბლიკაცია ერთგვარი ინტერვიუს სახით არის მოცემული (ტ. I, ს.ფ. 16).

მოპასუხე დ. ბ-ი, ჟურნალისტთან საუბარს იწყებს მისთვის, როგორც ბიზნესმენისათვის, ხელისუფლების მიერ შექმნილი პრობლემების შესახებ თხრობით, შემდეგ ასახელებს ოცამდე პირს, როგორც ბიზნესმენს, რომელთა მიმართაც, მისი განმარტებით, ხელისუფლებამ განახორციელა სხვადასხვა სახის ტერორი. ამ ბიზნესმენთა შორის დასახელებულია ა. (ა.) ს-ე და მ. დ-ე, როგორც სს ”თ. ე. ქ-ის” აქციონერები (იხ. პუბლიკაცია, მესამე სვეტი; ტ. I, ს.ფ. 16).

ჟურნალისტის შეკითხვაზე, წართმეულ ქონებას მაღალჩინოსნები თავად იფორმებდნენ თუ არა, დ. ბ-ი მიუთითებს, თუ მათ ამ საქმეში ვინ ეხმარებოდათ. სამ შემთხვევასთან, ტელეკომპანია „ი-ს“, თ. ს. ქ-ის და სს „ე. ქ-ის“ აქციების გასხვისებასთან დაკავშირებით, მოპასუხე პირდაპირ უთითებს მ-ის ქუჩაზე მდებარე სანოტარო ბიუროში მომუშავე ნოტარიუსზე; საავიაციო ქარხნის 26 აქციონერის მიერ აქციების დათმობის შემთხვევის შესახებ საუბრისას, მოპასუხე სანოტარო ბიუროს მისამართის მითითებისას აკონკრეტებს, რომ ის მდებარეობდა თბილისში, მ-ის ქ. №..-ში, ხოლო სს ”ე. ქ-ს” აქციების გასხვისების დეტალებზე საუბრისას, მოპასუხე, აგრეთვე, მიუთითებს ნოტარიუს ო. ზ-ის სახელსა და გვარს (იხ. პუბლიკაცია, მესამე, მეოთხე და მეხუთე სვეტი, ტ. I, ს.ფ. 16); სადავო ინტერვიუში მოპასუხე, ბიზნესმენებზე მოძალადე ხელისუფლების დამხმარე პირად (გარდა, ზოგადად დასახელებული „შსს-ს და ფინანსური პოლიციის თანამშრომლებისა”, სხვა სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებისა, „თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებისა”, 20-მდე შეიარაღებული ნიღბიანი ჯალათისა” და სხვ.) კონკრეტულად, სახელდებით ასახელებს მხოლოდ ნოტარიუს ო. ზ-ეს; ინტერვიუს დასასრულს, მოსარჩელე, საინიციატივო უფლებადამცველი ჯგუფის - ბ. ს. „თ. ბ-ისათვის” სახელით მიმართავს საზოგადოებას თხოვნით, შემდეგი სიტყვებით: ”ის მოქალაქეები და ბიზნესმენები, რომლებიც ხელისუფლებისაგან დაზარალდნენ, ნოტარიუს ო. ზ-ის მონაწილეობით, გამოგვეხმაურონ და ამ საქმეებზეც ინფორმაცია მოგვაწოდონ“ (ტ. I, ს.ფ. 16);

გაზეთმა „ა-მ“, გაზეთის დასაბეჭდად მომზადებისას და, შესაბამისად, დ. ბ-ის ინტერვიუსთვის გარეგნული სახის მიცემისას მიღებული გადაწყვეტილებით, პუბლიკაციის (სტატიის) შუა ნაწილში, შავ ჩარჩოში, დამუქებული შრიფტით, სავარაუდოდ, მკითხველის დაინტერესების მიზნით, განათავსა ინტერვიუს დასასრულს, საზოგადოებისადმი დ. ბ-ის მიერ გამოთქმული თხოვნა (მიმართვა), შემდეგი სახით: ”მივმართავთ საზოგადოებას თხოვნით, ის მოქალაქეები და ბიზნესმენები, რომლებიც ხელისუფლებისგან დაზარალდნენ, ნოტარიუს ო. ზ-ის მონაწილეობით, გამოგვეხმაურონ!”.

გაზეთ „ა-ს“ იმავე ნომერში, მის პირველ გვერდზე, გაზეთის სახელწოდების (ლოგოს) _ „ა-ს” გვერდით, დ. ბ-ის ინტერვიუს ერთგვარი დაანონსების მიზნით, მითითებულია პუბლიკაციის (ინტერვიუს) სახელწოდება _ „ს-ის ხელისუფლებისგან რეპრესირებული ბიზნესმენების სია”, რომლის ქვემოთ (იქვე, გაზეთის სახელწოდების გვერდით), განთავსებულია ინტერვიუს დასასრულს მოცემული, დ. ბ-ის თხოვნა (მიმართვა) საზოგადოებისადმი (იმავე სახით, როგორც ისაა მოცემული სტატიის შუა ნაწილში, შავ ჩარჩოში): ”მივმართავთ საზოგადოებას თხოვნით, ის მოქალაქეები და ბიზნესმენები, რომლებიც ხელისუფლებისგან დაზარალდნენ, ნოტარიუს ო. ზ-ის მონაწილეობით, გამოგვეხმაურონ”; ასევე, მითითებულია გაზეთის ის გვერდი (14), სადაც მკითხველს შეეძლო მოეძია შესაბამისი პუბლიკაცია (იხ. გაზეთ ”ა-ს” პირველი გვერდი, (ტ. I, ს.ფ. 15).

მოპასუხე დ. ბ-ი ტელეკომპანია „ი-ის” აქციების გასხვისებასთან დაკავშირებული, მის მიერ დასახელებული ინფორმაციის წყაროდ უთითებს, 2008 წლის 19 თებერვალს, ბ. პ-ის ბიზნესპარტნიორ გ. ჯ-ის მიერ, თბილისში, პ-ის ოჯახის რეზიდენციაში - „ა-ში” გამართულ პრესკონფერენციაზე გაკეთებულ განცხადებას: თ. ს. ქ-ის აქციების ძალადობრივ გასხვისებასთან დაკავშირებული, მის მიერ მითითებული ინფორმაციის წყაროდ, მოპასუხე ასახელებს ცნობილ ტელეგადაცემაში სს „თ. ს. ქ-ის“ დამფუძნებელ პ. თ-ას განცხადებას ( ტ. I, ს.ფ. 16). მოპასუხეს აღნიშნული არ დაუდასტურებია რაიმე სახის სათანადო მტკიცებულებით;

სადავო პუბლიკაციაში, სს „თ. ე. ქ-ის“ აქციების გასხვისების შესახებ ჟურნალისტისათვის მიწოდებულ ინფორმაციაში, გარდა იმისა, რომ სტატიის მესამე სვეტში ა. ს-ე და მ. დ-ე დასახელებული არიან, როგორც სს ”თ. ე. ქ-ის” აქციონერები, ამავე სტატიის მეხუთე სვეტში, ნათქვამია, რომ ამ სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა ა. ს-ე, ამავე ქარხნის გენერალური დირექტორია მ. დ-ე. აქვე მათ მიმართ აღნიშნულია, რომ ისინი არიან დასახელებული ქარხნის მესაკუთრეები (ტ. I, ს.ფ. 16);

მოსარჩელემ სასამართლოს წარმოუდგინა, მის მიერ, 2008 წლის 17 სექტემბერს დამოწმებული სს ”თ. ე. ქ-ს” აქციების ნასყიდობის ორი ხელშეკრულება (რეესტრში რეგ. №...; №...) დანართით (ტ. I, ს.ფ. 156-247);

სს ”თ. ე. ქ-ის” აქციების ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულების (სანოტარო აქტი №...) მხარეები არიან: გამყიდველი - შპს ”თ. ჯ. თ-ი”, რომელსაც წარმოადგენს დირექტორი დ. ა-ი; მყიდველი -ბ. წ-ი (ტ. I, ს.ფ. 156,157);

სს ”თ. ე. ქ-ის” აქციების ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულების (სანოტარო აქტი №...) მხარეები არიან: გამყიდველი _ ვ. ჭ-ი, მყიდველი _ ბ. წ-ი (ტ. I, ს.ფ. 237).

მოსარჩელეს, როგორც ნოტარიუსს, არ დაუმოწმებია აქციების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის მხარეებიც იქნებოდნენ ა. (ა.) ს-ე და მ. დ-ე. არც მოცემული ხელშეკრულებებიდან, არც მათი დანართიდან არ ჩანს, რომ სადავო ინტერვიუში, დ. ბ-ის მიერ მითითებული ორი პირი - ა. (ა.) ს-ე და მ. დ-ე იყვნენ ქარხნის აქციების მფლობელები ან დაკავშირებული იყვნენ (მაგ. რეგისტრირებული ქორწინებით) აქციების მფლობელებთან და არსებობდა მათგან ამ აქციებზე პრეტენზიის წარმოშობის კანონიერი საფუძველი (ტ. I, ს.ფ. 237).

მიუხედავად იმისა, რომ სს ”თ. ე. ქ-ის” აქციების მფლობელებს არ წარმოადგენდნენ მოპასუხის მიერ მითითებული პირები - ა. ს-ე და მ. დ-ე, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად გაამახვილა ყურადღება იმ გარემოებაზე, რომ რომ სს „თ. ე. ქ-ის” აქციების ნასყიდობის ხელშეკრულებების და მათი დანართის სხვა მტკიცებულებებთან ურთიერთშეჯერებისა და შეფასების საფუძველზე, არ დადგინდა ისეთი ფაქტობრივი გარემოებები (გარიგების საეჭვოდ სწრაფად დადება; შინაარსის ან კომერციულობის მხრივ, გარიგების უჩვეულოობა), რომლებიც გარიგების დამოწმებისას მიანიშნებდნენ მოსარჩელეს, რომელიმე ამ ხელშეკრულების იძულებით, ზეწოლის ქვეშ დადებას (იხ. ხელშეკრულებები; დანართი; ტ. I, ს.ფ. 135-247); მოსარჩელის ახსნა-განმარტება, ტ. I, ს.ფ. 262-280; მოპასუხის ახსნა-განმარტება, ტ. I, ს.ფ. 281-283);

ნოტარიუს ო. ზ-ეს არ დაუმოწმებია შპს „ტ-ის“ წილის ნასყიდობის რომელიმე ხელშეკრულება. შპს ”ტ-თან” დაკავშირებული (სს ”ჯ. ... გ-ის” აქციათა ნასყიდობის) ხელშეკრულებები 19.02.2008 წელს დაამოწმა ნოტარიუსმა მ. ბ-ა, რომლის სანოტარო ბიუროც იმ დროისათვის მდებარეობდა, ასევე, მ-ის ქუჩაზე, სახელდობრ, №..-ში (იხ. სანოტარო აქტი, რეესტრში რეგისტრაციის №...; №...).

აღნიშნულის საწინააღმდეგოს დამადასტურებელი, რაიმე სახის სათანადო მტკიცებულება მოპასუხე მხარეს არ წარმოუდგენია; ნოტარიუს ო. ზ-ეს არ დაუმოწმებია შპს ”თ-ის” წილის ნასყიდობის ხელშეკრულება. შპს „თ-ის” წილის უსასყიდლოდ დათმობის ხელშეკრულება 28.07.2010 წელს დაამოწმა ნოტარიუსმა ლ. ბ-ემ, რომლის სანოტარო ბიუროც იმ დროისათვის მდებარეობდა მ-ის ქუჩის სიახლოვეს, დ. ა-ის გამზირ №..-ში (იხ. სანოტარო აქტი, რეესტრში რეგისტრაციის №...).

სადავო პუბლიკაციამდე რამდენიმე დღით ადრე, 2012 წლის 10-11 ოქტომბერს, მ. დ-ის და ა. ს-ის მიერ, მედიაში გავრცელდა განცხადება, რომლითაც ისინი საზოგადოებას თ. ე. ქ-ის დასაბრუნებლად ბრძოლის დაწყებას აუწყებდნენ. აღნიშნულ განცხადებაში, მისი ავტორები ნოტარიუს ო. ზ-ის მიმართ ავრცელებენ ინფორმაციას, რომელიც შეესაბამება სადავო პუბლიკაციაში დ. ბ-ის მიერ ნოტარიუს ო. ზ-ის მიმართ გავრცელებულ ინფორმაციას. მ. დ-ის და ა. ს-ის განცხადებას დაუყოვნებლივ გამოეხმაურა ო. ზ-ე, რომელმაც უარყო მათ მიერ გავრცელებული ინფორმაცია, მიიჩნია ის მისი საქმიანი რეპუტაციის, ასევე, პატივისა და ღირსების შემლახველად, რის გამოც მოითხოვა მათგან საჯაროდ ბოდიშის მოხდა.

რამოდენიმე ხნის შემდეგ, ანალოგიური შინაარსის ინფორმაცია გავრცელდა მოპასუხის ხელმძღვანელობით მოქმედი საინიციატივო ჯგუფის მიერ, რომელსაც მაშინვე, 2012 წლის 15 ოქტომბერს, გამოეხმაურა მოსარჩელე, რა დროსაც განაცხადა, რომ ყოველივე არის მცდარი და მოითხოვა მის მიმართ ცილისმწამებლური განცხადებებისა თუ ინფორმაციის გავრცელების შეწყვეტა. ამავე წერილით მოპასუხე მხარისათვის ცნობილი გახდა მოსარჩელის ელექტრონული ფოსტის მისამართი (იხ. ელექტრონული წერილების ამონაბეჭდი (ტ. I, ს.ფ. 21-26).

დადგენილია და სადავოდ გამხდარი არ არის, რომ მოპასუხე დ. ბ-მა უყურადღებოდ დატოვა მოსარჩელის განცხადებები; სადავო პუბლიკაციამდე დ. ბ-ი არ დაკავშირებია მოსარჩელეს და არ უცდია, მოესმინა მისი პოზიცია თუ განმარტება იმავე საკითხების თაობაზე.

პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა მასზე, რომ დ. ბ-მა გამოიჩინა აშკარა და უხეში დაუდევრობა, ვინაიდან მიუხედავად იმისა, რომ მისთვის ცნობილი იყო ის გარემოება, რომ ადრე გავრცელებულ იმავე სახის ინფორმაციას არ ეთანხმებოდა ო. ზ-ე, უშუალოდ მის მიერ იმავე შინაარსის ინფორმაციის გავრცელებამდე, არ შეეცადა გარკვეულიყო მოსარჩელის პოზიციაში და იმავე საკითხებზე მოესმინა ამ უკანასკნელის არგუმენტები, რამაც განაპირობა მის მიერ, ო. ზ-ის მიმართ, პატივისა და ღირსების, ასევე, საქმიანი რეპუტაციის შელახვა, რითაც მოსარჩელეს, როგორც ნოტარიუსს და პიროვნებას, მიადგა მორალური ზიანი.

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლით, რომლის მიხედვით, (ცვლილებამდე მოქმედი რედაქციით), პირს უფლება ჰქონდა, სასამართლოს მეშვეობით მოეთხოვა პატივის, ღირსების, პირადი ცხოვრების საიდუმლოების შემლახველი ცნობების უარყოფა, თუ ცნობების გამავრცელებელი არ დაამტკიცებდა, რომ ისინი სინამდვილეს შეესაბამებოდა. 2004 წლის 24 ივნისს დასახელებულ მუხლში შევიდა ცვლილება, რომლითაც კანონმდებელმა გაითვალისწინა მე-18 მუხლში მითითებული უფლებების დაცვა ,,კანონით დადგენილი წესით“. 2004 წლის 24 ივნისს მიღებულ იქნა საქართველოს კანონი „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“. ამ კანონის პირველი მუხლის „ე“ ქვეპუნქტით დამკვიდრდა ცილისწამების ცნება. აღნიშნული ნორმით, ასეთად ჩაითვლება არსებითად მცდარი ინფორმაციის შემცველი და პირისათვის ზიანის მიმყენებელი, მისი სახელის გამტეხი განცხადება.

განსახილველ შემთხვევაში, ო. ზ-ემ სარჩელში აღნიშნა, რომ მოპასუხის მიერ მის მიმართ გავრცელებული ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება, ანუ მოსარჩელის აზრით, დ. ბ-მა სადავო ინტერივიუს მიცემით გაავრცელა ცილისმწამებლური სიუჟეტი, რამაც შელახა მისი პატივი, ღირსება და საქმიანი რეპუტაცია, შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ დავა უნდა გადაწყვეტილიყო სპეციალური - „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონით.

პალატის განმარტებით, “სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ” კანონის მე-2 მუხლის თანახმად, ამ კანონის ინტერპრეტირება უნდა მოხდეს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო სამართლებრივი ვალდებულებების, მათ შორის, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის შესაბამისად.

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს კონსტიტუციის მე-17, 24-ე მუხლებით, ”სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით, ამავე კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტით, მე-14 მუხლით და გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა მასზე, რომ სადავო ინტერვიუთი მოპასუხემ მოსარჩელის მიმართ გაავრცელა ცილისმწამებლური ფაქტები. საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დადასტურდა ინტერვიუში მოყვანილი გარემოებები და ფაქტები. მოპასუხემ მოსარჩელის, როგორც ნოტარიუსის, როგორც პიროვნების მიმართ საზოგადოებას არასწორი სურათი მიაწოდა.

როგორც გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაშიც მართებულადაა აღნიშნული მოპასუხის მიერ ცილისმწამებლური ფაქტების გავრცელებით მოსარჩელეს შეელახა პატივი, ღირსება და საქმიანი რეპუტაცია. მოსარჩელემ დაამტკიცა, რომ ეს განცხადებები შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტს და არის მისთვის, როგორც ნოტარიუსისათვის, პიროვნებისათვის (ფიზიკური პირისათვის) ზიანის მიმყენებელი - სახელის გამტეხი განცხადება. ვინაიდან მოპასუხე დ. ბ-მა აშკარა და უხეში დაუდევრობის საფუძველზე გაავრცელა მოსარჩელის მიმართ ცილისმწამებლური განცხადებები, მისი ბრალეულობა სახეზეა. ამდენად, პალატის მოსაზრებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ მართებულად დააკმაყოფილა სარჩელი და არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.

პალატის განმარტებით, წინამდებარე სააპელაციო საჩივრის ფარგლებში აპელანტმა ასევე მოითხოვა გადაწყვეტილების წინმსწრები 13.03.2013 წლის საოქმო განჩინების გაუქმება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მოპასუხე დ. ბ-ის წარმომადგენლის შუამდგომლობა ა. ს-ის, დ. ა-ისა და ბ. ნ-ის მოწმის სახით გამოძახებისა და დაკითხვის თაობაზე (ტ. I, ს.ფ. 77). არსებით გადაწყვეტილებასთან ერთად გასაჩივრებულია ასევე გადაწყვეტილების წინმსწრები 19.04.2013 წლის საოქმო განჩინება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მოპასუხე დ. ბ-ის წარმომადგენლის შუამდგომლობა ა. ს-ის, დ. ა-ის, ბ. ნ-ის, ვ. ჭ-ის და ბ. წ-ის მოწმის სახით გამოძახების და დაკითხვის თაობაზე (ტ. I, ს.ფ. 129,130). სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ არ არსებობდა 13.03.2013 წლისა და 19.04.2013 წლის. საოქმო განჩინებების გაუქმების საფუძველი. ზემოაღნიშნული განჩინებები ფაქტობრივ-სამართლებრივი თვალსაზრისით დასაბუთებული, კანონიერია და სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ განჩინებების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 14 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა დ. ბ-მა, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის შემდეგი საფუძვლებით:

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ, ისევე როგორც პირველი ინსტანციის სასამართლომ, დადგენილად მიიჩნია, რომ თითქოს მოპასუხე, სადავო პუბლიკაციით ამტკიცებს, რომ სს „თ. ს. ქ-ის“ 26 აქციონერის მიერ წილების სახელმწიფოსათვის გადაცემის შესახებ ხელშეკრულება ნოტარიუს - ო. ზ-ის მიერაა დამოწმებული, რაც არ შეესაბამება სიმართლეს, ვინაიდან პუბლიკაციაში იგი (მოპასუხე) არათუ ამტკიცებს ასეთი ფაქტის არსებობას, არამედ აღნიშნავს, რომ ასეთი ინფორმაციის გაცხადება მოხდა ქარხნის ყოფილი დამფუძნებლის პ. თ-ას მიერ, ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში, ხოლო რაც შეეხება იმას, რომ საქმეში არ არსებობს პ. თ-ას მიერ ასეთი განცხადების დამადასტურებელი დოკუმენტი, უნდა აღინიშნოს, ის, რომ ეს საკითხი მოცემული საქმის განხილვის არც ერთ ეტაპზე სადავო არ გამხდარა, შესაბამისად, არც იყო ასეთი მტკიცებულების საქმეზე დართვის აუცილებლობა.

სასამართლომ არასწორად ცნო დადგენილად აგრეთვე ის ფაქტიც, რომ თითქოს სტატიის ავტორი პუბლიკაციაში მიუთითებს ა. ს-ესა და მ. დ-ეს, როგორც სს „ე. ქ-ის“ მესაკუთრეებზე, თუმცა ასეც რომ იყოს, მოპასუხის მიერ, ამ სახით გავრცელებული ცნობა არ შეიძლება გამხდარიყო მისი სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხიმგებლობის საფუძველი.

სასამართლო გადაწყვეტილებაში ასევე არასწორადაა მითითებული, რომ არ დგინდება ა. ს-ის მონაწილეობა წილის ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების პროცედურაში, თუმცა მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებით (2008 წლის 17 სექტემბრის შეთანხმება ა. ს-ეს, დ. ა-სა და ვ. მ-ს შორის) ნათლად ჩანს მისი კავშირი ამ ხელშეკრულების გაფორმებასთან.

„სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მიხედვით: „პირს ეკრძალება სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხიმგელობა საჯარო პირის ცილისწამებისათვის, თუ მოსარჩელე სასამართლოში დაამტკიცებს, რომ მოპასუხის განცხადება შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტს უშუალოდ მოსარჩელის შესახებ, ამ განცხადებით მოსარჩელეს ზიანი მიადგა და განცხადებული ფაქტის მცდარობა მოპასუხისთვის წინასწარ იყო ცნობილი ან მოპასუხემ გამოიჩინა აშკარა და უხეში დაუდევრობა, რამაც გამოიწვია არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი განცხადების გავრცელება“.

ამ სტატიაში მითითებული არაა, რომ ა. ს-ე ან მ. დ-ე იყვნენ რეგისტრირებული დამფუძნებლები სააქციო საზოგადოების და არც ისაა მითითებული, რომ აქციათა დათმობის შესახებ ხელშეკრულებაზე ხელი აქვთ მოწერილი ზემოაღნიშნულ პირებს (რაზედაც მოსარჩელე აპელირებს). თუმცა ასეც რომ იყოს და მოპასუხე მიუთითებდეს, ა. ს-ესა და მ. დ-ეს, როგორც ამ საზოგადოების უშუალო დამფუძნებლებსა და ხელშეკრულებაზე ხელმომწერ პირებზე, ის მაინც არ შეიძლება მიჩნეულ იქნას, როგორც არსებითი სახის ცნობა, რომელიც რაიმე სახის ზიანს მიაყენებდა მოსარჩელეს.

მოცემულ სტატიაში არსებითი მნიშვნელობის მქონე, მხოლოდ ის ცნობებია, სადაც სტატიის ავტორი მიუთითებს ნოტარიუსის მხრიდან კანონის დარღვევას, კერძოდ, სანოტარო ბიუროში ძალადობის ფაქტების იგნორირებას და ძალადობის შედეგად ხელმოწერილი დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, იმისათვის რომ მოპასუხეს დაეკისროს სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობა მცდარი ინფორმაციის გავრცელებისათვის, უნდა დადგინდეს შემდეგი გარემოებები: (1) ა. ს-ესა და მ. დ-ეზე, ასევე სხვა პირებზე არ განხორციელებულა ძალადობრივი ქმედებები ხელშეკრულებაზე ხელმოწერის მიზნით ( მათ შორის სანოტარო ბიუროში) ან (2) ნოტარიუსმა არ იცოდა და არ შეიძლებოდა სცოდნოდა განხორციელებული ზეწოლის შესახებ.

აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების (ძალადობის ფაქტის) დადგენის მიზნით, მოპასუხე მხარემ პირველი ინსტანციის სასამართლოში, ორჯერ დააყენა შუამდგომლობა, ხელშეკრულების ხელმოწერის პროცესში ნოტარიუსის ოფისში მყოფი პირების (მათ შორის აქციებზე საკუთრების უფლების მიღების) დაკითხვის შესახებ, თუმცა, ორივე შემთხვევაში, სასამართლომ 2013 წლის 13 მარტისა და 19 აპრილის საოქმო განჩინებებით არ დააკმაყოფილა მხარის შუამდგომლობები იმ მოტივით, რომ „სიტყვისა და გამოხატვის შესახებ კანონის“ თანახმად, მოსარჩელეს ეკისრებოდა სარჩელში მოყვანილი გარემოებების მტკიცების ტვირთი, სასამართლომ 2013 წლის 19 აპრილის საოქმო განჩინებით, ასევე უარი თქვა ზემოაღნიშნულ პირთა (ხელშეკრულების ხელმოწერის პროცესში ნოტარიუსის ოფისში მყოფი პირები) მიერ სასამართლოს სახელზე შედგენილი ახსნა-განმარტების მტკიცებულებათა სახით მიღებაზე, რითაც არასწორად განმარტა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლები და, შესაბამისად, დაარღვია მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპი.

კასატორის მოსაზრებით, სასამართლო გადაწყვეტილებით მოპასუხეს დაეკისრა ისეთი სახის მოქმედების განხორციელება, რომლის შესრულებაც მის ძალებს აღემატება, იმ პირობებში, როცა გაზეთი „ა-ა“ საქმეში არც მოპასუხედ და არც მესამე პირის სტატუსით ჩართული არ ყოფილა დავაში და მას არ ეკისრება არანაირი ვალდებულება. ხოლო მოპასუხე არაა უფლებამოსილი ჩაერიოს დამოუკიდებელი კომპანიის (ჩვენს შემთხვევაში გაზეთი „ა-ა“ ) შიდა სარედაქციო პრაქტიკაში და განსაზღვროს იგი ან აიძულოს რაიმე სახის განცხადების განთავსება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ განიხილა საკასაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ დ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

1. ო. ზ-ე არის ნოტარიუსი. მისი სანოტარო ბიურო 2008-2010 წლებში (სადავო პუბლიკაციაში მითითებული სანოტარო აქტების დამოწმების დროს) მდებარეობდა მისამართზე: ქ. თბილისი, მ-ის ქ. №.., მე-.. სართული, ოთახი №..-..;

2. დ. ბ-ი არის ბიზნესმენი, ამავე დროს, საინიციატივო უფლებადამცველი ჯგუფის _ „ბ. ს. თ. ბ-ისათვის“ ხელმძღვანელი. ჯგუფი არ არის რეგისტრირებული;

3. მას შემდეგ, რაც გაზეთ „ა-ს” №..-ში გამოქვეყნდა, გაზეთის აღნიშვნით, დატერორებულ ბიზნესმენების სია, დ. ბ-ი დაუკავშირდა გაზეთის ჟურნალისტ ნ. ვ-ს და მას იმავე თემაზე მიაწოდა გარკვეული სახის ინფორმაცია;

4. დ. ბ-ის მიერ გაზეთ „ა-ს“ ჟურნალისტისათვის მიწოდებული ინფორმაცია გამოქვეყნდა გაზეთ „ა-ში“ (18.10-22-10, 2012წ. №.. (...), 2012 წლის 18 ოქტომბერს, მის მე-14 გვერდზე. აღნიშნული პუბლიკაცია ერთგვარი ინტერვიუს სახით არის მოცემული (ტ. I, ს.ფ. 16);

5. მოპასუხე დ. ბ-ი, ჟურნალისტთან საუბარს იწყებს მისთვის, როგორც ბიზნესმენისათვის, ხელისუფლების მიერ შექმნილი პრობლემების შესახებ თხრობით, შემდეგ ასახელებს ოცამდე პირს, როგორც ბიზნესმენს, რომელთა მიმართაც, მისი განმარტებით, ხელისუფლებამ განახორციელა სხვადასხვა სახის ტერორი. ამ ბიზნესმენთა შორის დასახელებულია ა. (ა.) ს-ე და მ. დ-ე, როგორც სს ”თ. ე. ქ-ის” აქციონერები (იხ. პუბლიკაცია, მესამე სვეტი; ტ. I, ს.ფ. 16);

6. ჟურნალისტის შეკითხვაზე, წართმეულ ქონებას მაღალჩინოსნები თავად იფორმებდნენ თუ არა, დ. ბ-ი მიუთითებს, თუ მათ ამ საქმეში ვინ ეხმარებოდათ. სამ შემთხვევასთან, ტელეკომპანია ”ი-ის”, თ. ს. ქ-ის და სს ”ე. ქ-ის” აქციების გასხვისებასთან დაკავშირებით, მოპასუხე პირდაპირ უთითებს მ-ის ქუჩაზე მდებარე სანოტარო ბიუროში მომუშავე ნოტარიუსზე; ს. ქ-ის 26 აქციონერის მიერ აქციების დათმობის შემთხვევის შესახებ საუბრისას, მოპასუხე სანოტარო ბიუროს მისამართის მითითებისას აკონკრეტებს, რომ ის მდებარეობდა თბილისში, მ-ის ქ. №..-ში, ხოლო სს ”ე. ქ-ის” აქციების გასხვისების დეტალებზე საუბრისას, მოპასუხე, აგრეთვე, მიუთითებს ნოტარიუს ო. ზ-ის სახელსა და გვარს (იხ. პუბლიკაცია, მესამე, მეოთხე და მეხუთე სვეტი, ტ. I, ს.ფ. 16); სადავო ინტერვიუში მოპასუხე, ბიზნესმენებზე მოძალადე ხელისუფლების დამხმარე პირად (გარდა, ზოგადად დასახელებული „შსს-ს და ფინანსური პოლიციის თანამშრომლებისა”, სხვა სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებისა, „თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებისა”, 20-მდე შეიარაღებული ნიღბიანი ჯალათისა” და სხვ.) კონკრეტულად, სახელდებით ასახელებს მხოლოდ ნოტარიუს ო. ზ-ეს; ინტერვიუს დასასრულს, მოსარჩელე, საინიციატივო უფლებადამცველი ჯგუფის - ბ. ს. „თ. ბ-ისათვის” სახელით მიმართავს საზოგადოებას თხოვნით, შემდეგი სიტყვებით: ”ის მოქალაქეები და ბიზნესმენები, რომლებიც ხელისუფლებისაგან დაზარალდნენ, ნოტარიუს ო. ზ-ის მონაწილეობით, გამოგვეხმაურონ და ამ საქმეებზეც ინფორმაცია მოგვაწოდონ” (ტ. I, ს.ფ. 16);

7. გაზეთმა „ა-მ“, გაზეთის დასაბეჭდად მომზადებისას და, შესაბამისად, დ. ბ-ის ინტერვიუსთვის გარეგნული სახის მიცემისას მიღებული გადაწყვეტილებით, პუბლიკაციის (სტატიის) შუა ნაწილში, შავ ჩარჩოში, დამუქებული შრიფტით, სავარაუდოდ, მკითხველის დაინტერესების მიზნით, განათავსა ინტერვიუს დასასრულს, საზოგადოებისადმი დ. ბ-ის მიერ გამოთქმული თხოვნა (მიმართვა), შემდეგი სახით: ”მივმართავთ საზოგადოებას თხოვნით, ის მოქალაქეები და ბიზნესმენები, რომლებიც ხელისუფლებისგან დაზარალდნენ, ნოტარიუს ო. ზ-ის მონაწილეობით, გამოგვეხმაურონ!”;

8. გაზეთ „ა-ს“ იმავე ნომერში, მის პირველ გვერდზე, გაზეთის სახელწოდების (ლოგოს) _ „ა-ს” გვერდით, დ. ბ-ის ინტერვიუს ერთგვარი დაანონსების მიზნით, მითითებულია პუბლიკაციის (ინტერვიუს) სახელწოდება _ „ს-ის ხელისუფლებისგან რეპრესირებული ბიზნესმენების სია”, რომლის ქვემოთ (იქვე, გაზეთის სახელწოდების გვერდით), განთავსებულია ინტერვიუს დასასრულს მოცემული, დ. ბ-ის თხოვნა (მიმართვა) საზოგადოებისადმი (იმავე სახით, როგორც ისაა მოცემული სტატიის შუა ნაწილში, შავ ჩარჩოში): ”მივმართავთ საზოგადოებას თხოვნით, ის მოქალაქეები და ბიზნესმენები, რომლებიც ხელისუფლებისგან დაზარალდნენ, ნოტარიუს ო. ზ-ის მონაწილეობით, გამოგვეხმაურონ”; ასევე, მითითებულია გაზეთის ის გვერდი (14), სადაც მკითხველს შეეძლო მოეძია შესაბამისი პუბლიკაცია (იხ. გაზეთ „ა-ს“ პირველი გვერდი, (ტ. I, ს.ფ. 15);

9. მოპასუხე დ. ბ-ი ტელეკომპანია „ი-ს” აქციების გასხვისებასთან დაკავშირებული, მის მიერ დასახელებული ინფორმაციის წყაროდ უთითებს, 2008 წლის 19 თებერვალს, ბ. პ-ის ბიზნესპარტნიორ გ. ჯ-ის მიერ, თბილისში, პ.ის ოჯახის რეზიდენციაში - „ა-ში” გამართულ პრესკონფერენციაზე გაკეთებულ განცხადებას: თ. ს. ქ-ის აქციების ძალადობრივ გასხვისებასთან დაკავშირებული, მის მიერ მითითებული ინფორმაციის წყაროდ, მოპასუხე ასახელებს ცნობილ ტელეგადაცემაში სს „თ. ს. ქ-ის“ დამფუძნებელ პ. თ-ას განცხადებას ( ტ. I, ს.ფ. 16). მოპასუხეს აღნიშნული არ დაუდასტურებია რაიმე სახის სათანადო მტკიცებულებით;

10. სადავო პუბლიკაციაში, სს „თ. ე. ქ-ის“ აქციების გასხვისების შესახებ ჟურნალისტისათვის მიწოდებულ ინფორმაციაში, გარდა იმისა, რომ სტატიის მესამე სვეტში ა. ს-ე და მ. დ-ე დასახელებული არიან, როგორც სს ”თ. ე. ქ-ის” აქციონერები, ამავე სტატიის მეხუთე სვეტში, ნათქვამია, რომ ამ სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა ა. ს-ე, ამავე ქარხნის გენერალური დირექტორია მ. დ-ე. აქვე მათ მიმართ აღნიშნულია, რომ ისინი არიან დასახელებული ქარხნის მესაკუთრეები (ტ. I, ს.ფ. 16);

11. მოსარჩელემ სასამართლოს წარმოუდგინა, მის მიერ, 2008 წლის 17 სექტემბერს დამოწმებული სს ”თ. ე. ქ-ის” აქციების ნასყიდობის ორი ხელშეკრულება (რეესტრში რეგ. №...; №...) დანართით (ტ. I, ს.ფ. 156-247);

12. სს ”თ. ე. ქ-ის” აქციების ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულების (სანოტარო აქტი №...) მხარეები არიან: გამყიდველი - შპს ”თ. ჯ. თ-ი”, რომელსაც წარმოადგენს დირექტორი დ. ა-ი; მყიდველი -ბ. წ-ი (ტ. I, ს.ფ. 156,157);

13. სს ”თ. ე. ქ-ის” აქციების ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულების (სანოტარო აქტი №...) მხარეები არიან: გამყიდველი _ ვ. ჭ-ი, მყიდველი _ ბ. წ-ი (ტ. I, ს.ფ. 237);

14. მოსარჩელეს, როგორც ნოტარიუსს, არ დაუმოწმებია აქციების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის მხარეებიც იქნებოდნენ ა. (ა.) ს-ე და მ. დ-ე. არც მოცემული ხელშეკრულებებიდან, არც მათი დანართიდან არ ჩანს, რომ სადავო ინტერვიუში, დ. ბ-ის მიერ მითითებული ორი პირი - ა. (ა.) ს-ე და მ. დ-ე იყვნენ ქარხნის აქციების მფლობელები ან დაკავშირებული იყვნენ (მაგ. რეგისტრირებული ქორწინებით) აქციების მფლობელებთან და არსებობდა მათგან ამ აქციებზე პრეტენზიის წარმოშობის კანონიერი საფუძველი (ტ. I, ს.ფ. 237);

15. მიუხედავად იმისა, რომ სს „თ. ე. ქ-ის” აქციების მფლობელებს არ წარმოადგენდნენ მოპასუხის მიერ მითითებული პირები - ა. ს-ე და მ. დ-ე, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად გაამახვილა ყურადღება იმ გარემოებაზე, რომ რომ სს „თ. ე. ქ-ის” აქციების ნასყიდობის ხელშეკრულებების და მათი დანართის სხვა მტკიცებულებებთან ურთიერთშეჯერებისა და შეფასების საფუძველზე, არ დადგინდა ისეთი ფაქტობრივი გარემოებები (გარიგების საეჭვოდ სწრაფად დადება; შინაარსის ან კომერციულობის მხრივ, გარიგების უჩვეულოობა), რომლებიც გარიგების დამოწმებისას მიანიშნებდნენ მოსარჩელეს, რომელიმე ამ ხელშეკრულების იძულებით, ზეწოლის ქვეშე დადებას (იხ. ხელშეკრულებები; დანართი; ტ. I, ს.ფ. 135-247); მოსარჩელის ახსნა-განმარტება, ტ. I, ს.ფ. 262-280; მოპასუხის ახსნა-განმარტება, ტ. I, ს.ფ. 281-283);

16. ნოტარიუს ო. ზ-ეს არ დაუმოწმებია შპს „ტ-ის“ წილის ნასყიდობის რომელიმე ხელშეკრულება. შპს ”ტ-თან” დაკავშირებული (სს ”ჯ. ... გ-ის” აქციათა ნასყიდობის) ხელშეკრულებები 19.02.2008 წელს დაამოწმა ნოტარიუსმა მ. ბ-მა, რომლის სანოტარო ბიუროც იმ დროისათვის მდებარეობდა, ასევე, მ-ის ქუჩაზე, სახელდობრ, №..-ში (იხ. სანოტარო აქტი, რეესტრში რეგისტრაციის №...; №...);

17. აღნიშნულის საწინააღმდეგოს დამადასტურებელი, რაიმე სახის სათანადო მტკიცებულება მოპასუხე მხარეს არ წარმოუდგენია; ნოტარიუს ო. ზ-ეს არ დაუმოწმებია შპს „თ-ის“ წილის ნასყიდობის ხელშეკრულება. შპს „თ-ის“ წილის უსასყიდლოდ დათმობის ხელშეკრულება 28.07.2010 წელს დაამოწმა ნოტარიუსმა ლ. ბ-ემ, რომლის სანოტარო ბიუროც იმ დროისათვის მდებარეობდა მ-ის ქუჩის სიახლოვეს, დ. ა-ის გამზირ №..-ში (იხ. სანოტარო აქტი, რეესტრში რეგისტრაციის №...);

18. სადავო პუბლიკაციამდე რამდენიმე დღით ადრე, 2012 წლის 10-11 ოქტომბერს, მ. დ-ის და ა. ს-ის მიერ, მედიაში გავრცელდა განცხადება, რომლითაც ისინი საზოგადოებას თ. ე. ქ-ის დასაბრუნებლად ბრძოლის დაწყებას აუწყებდნენ. აღნიშნულ განცხადებაში, მისი ავტორები ნოტარიუს ო. ზ-ის მიმართ ავრცელებენ ინფორმაციას, რომელიც შეესაბამება სადავო პუბლიკაციაში დ. ბ-ის მიერ ნოტარიუს ო. ზ-ის მიმართ გავრცელებულ ინფორმაციას. მ. დ-ის და ა. ს-ის განცხადებას დაუყოვნებლივ გამოეხმაურა ო. ზ-ე, რომელმაც უარყო მათ მიერ გავრცელებული ინფორმაცია, მიიჩნია ის მისი საქმიანი რეპუტაციის, ასევე, პატივისა და ღირსების შემლახველად, რის გამოც მოითხოვა მათგან საჯაროდ ბოდიშის მოხდა;

19. გარკვეული ხნის შემდეგ, ანალოგიური შინაარსის ინფორმაცია გავრცელდა მოპასუხის ხელმძღვანელობით მოქმედი საინიციატივო ჯგუფის მიერ, რომელსაც მაშინვე, 2012 წლის 15 ოქტომბერს, გამოეხმაურა მოსარჩელე, რა დროსაც განაცხადა, რომ ყოველივე არის მცდარი და მოითხოვა მის მიმართ ცილისმწამებლური განცხადებებისა თუ ინფორმაციის გავრცელების შეწყვეტა. ამავე წერილით მოპასუხე მხარისათვის ცნობილი გახდა მოსარჩელის ელექტრონული ფოსტის მისამართი (იხ. ელექტრონული წერილების ამონაბეჭდი (ტ. I, ს.ფ. 21-26);

20. დ. ბ-მა უყურადღებოდ დატოვა მოსარჩელის განცხადებები; სადავო პუბლიკაციამდე დ. ბ-ი არ დაკავშირებია მოსარჩელეს და არ უცდია, მოესმინა მისი პოზიცია თუ განმარტება იმავე საკითხების თაობაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). „დასაბუთებული და დასაშვები პრეტენზია“ გულისხმობს კასატორის მითითებას იმ საპროცესოსამართლებრივ დარღვევებზე, რასაც ფაქტობრივი გარემოებების არასწორად დადგენა მოჰყვა. მოცემულ შემთხვევაში, კასატორს ამგვარი პრეტენზია არ წარმოუდგენია.

იმავე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები. აღნიშნული ნორმის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, იმსჯელოს საკასაციო საჩივარში მითითებულ გარემოებებზე, თუ მხარე მათზე ქვემდგომ ინსტანციებში არ აპელირებდა. ამ გარემოების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო არ შეაფასებს დ. ბ-ის პრეტენზიას იმის შესახებ, რომ გაზეთი „ა-ა“ მოცემულ საქმეში მხარედ უნდა ყოფილიყო ჩაბმული.

„სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მიხედვით პირს ეკისრება სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგელობა საჯარო პირის ცილისწამებისათვის, თუ მოსარჩელე სასამართლოში დაამტკიცებს, რომ მოპასუხის განცხადება შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტს უშუალოდ მოსარჩელის შესახებ, ამ განცხადებით მოსარჩელეს ზიანი მიადგა და განცხადებული ფაქტის მცდარობა მოპასუხისთვის წინასწარ იყო ცნობილი ან მოპასუხემ გამოიჩინა აშკარა და უხეში დაუდევრობა, რამაც გამოიწვია არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი განცხადების გავრცელება.

საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს, რომ მითითებული ნორმა მტკიცების ტვირთს მოსარჩელეს აკისრებს, რაც იმას ნიშნავს, რომ სასამართლოში სარჩელის წარდგენისას მოსარჩელეა ვალდებული ამტკიცოს შემდეგი: ა) მოპასუხემ მის შესახებ გაავრცელა სადავო განცხადება; ბ) სადავო განცხადება არ შეესაბამება სინამდვილეს ანუ იგი მცდარი ფაქტების შემცველია; გ) სადავო განცხადება ზიანს აყენებს მის პატივს, ღირსებასა და საქმიან რეპუტაციას. ცილისწამების შემადგენლობის უმთავრეს ელემენტს წარმოადგენს სინამდვილის შეუსაბამო, არსებითად მცდარი ფაქტების გავრცელება. ამდენად, მოსარჩელემ, უპირველესად, სწორედ ის უნდა დაამტკიცოს, რომ უშუალოდ მის შესახებ მოპასუხემ გაავრცელა ფაქტები, ეს ფაქტები არსებითად მცდარია და სინამდვილეს არ შეესაბამება.

მოცემულ საქმეზე დ. ბ-ის უფლებას, თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია, უპირისპირდება ო. ზ-ის რეპუტაციის უფლება, რომელიც აღიარებული და დაცულია ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-10 მუხლით, კერძოდ, ამ მუხლის თანახმად, ყველას აქვს უფლება გამოხატვის თავისუფლებისა. ეს უფლება მოიცავს პირის თავისუფლებას, ჰქონდეს შეხედულებები, მიიღოს ან გაავრცელოს ინფორმაცია თუ მოსაზრებები საჯარო ხელისუფლების ჩაურევლად და სახელმწიფო საზღვრების მიუხედავად. ეს მუხლი ხელს არ უშლის სახელმწიფოებს, განახორციელონ რადიომაუწყებლობის, სატელევიზიო ან კინემატოგრაფიულ საწარმოთა ლიცენზირება. ამ თავისუფლებათა განხორციელება, რამდენადაც ის განუყოფელია შესაბამისი ვალდებულებისა და პასუხისმგებლობისაგან, შეიძლება დაექვემდებაროს ისეთ წესებს, პირობებს, შეზღუდვებს ან სანქციებს, რომლებიც გათვალისწინებულია კანონით და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, ტერიტორიული მთლიანობის ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებისათვის, უწესრიგობისა თუ დანაშაულის აღსაკვეთად, ჯანმრთელობის ან მორალის დაცვის მიზნით, სხვათა რეპუტაციის ან უფლებების დასაცავად, საიდუმლოდ მიღებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლო ხელისუფლების ავტორიტეტისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ცალსახად დაადასტურა გავრცელებული ინფორმაციის მცდარობა, კერძოდ, მოპასუხის მიერ მითითებული სამი გარიგებიდან ორი საერთოდ არ არის ნოტარიუს ო. ზ-ის მიერ დამოწმებული, ხოლო მესამე შემთხვევაში, გარიგების მონაწილე პირები არ არიან ა. ს-ე და მ. დ-ე, რომლებიც სს „თ. ე. ქ-ის“ აქციების მფლობელებიც კი არ იყვნენ, შესაბამისად, მოპასუხის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ მათზე ძალადობის შედეგად დადებული წილის დათმობის გარიგება დაამოწმა ნოტარიუსმა ო. ზ-ემ, მცდარია. მართალია, მოპასუხე ამტკიცებდა, რომ გასხვისებულ აქციებს ა. ს-ისა და მ. დ-ის მეუღლეები ფლობდნენ, შესაბამისად, ზეწოლა მათზე მოხდა გარიგების დადების მიზნით, მაგრამ მოპასუხემ ვერ დაადასტურა დასახელებული პირების რაიმე კავშირი სს „თ. ე. ქ-ის“ აქციების მფლობელებთან ან მათ გასხვისებასთან.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ სადავო ინტერვიუთი მოპასუხემ მოსარჩელის მიმართ გაავრცელა ცილისმწამებლური ფაქტები. საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დადასტურდა ინტერვიუში მოყვანილი გარემოებები და ფაქტები. მოპასუხემ მოსარჩელის, როგორც ნოტარიუსის, როგორც პიროვნების მიმართ საზოგადოებას არასწორი სურათი მიაწოდა. მოპასუხის მიერ ცილისმწამებლური ფაქტების გავრცელებით მოსარჩელეს შეელახა პატივი, ღირსება და საქმიანი რეპუტაცია. მოსარჩელემ დაამტკიცა, რომ ეს განცხადებები შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტს და არის მისთვის, როგორც ნოტარიუსისათვის, პიროვნებისათვის ზიანის მიმყენებელი - სახელის გამტეხი განცხადება. ვინაიდან მოპასუხე დ. ბ-მა აშკარა და უხეში დაუდევრობის საფუძველზე გაავრცელა მოსარჩელის მიმართ ცილისმწამებლური განცხადებები, მისი ბრალეულობა სახეზეა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება დასაბუთებული, კანონიერია და მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 14 ნოემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები ბ. ალავიძე

პ. ქათამაძე