Facebook Twitter
# as-734-1103-06 ** *****, 2007 w

საქმე №ას-27-24-2015 1 აპრილი, 2015 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – სს სადაზღვევო კომპანია „ჰ-ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ სარჩელი აღძრა სასამართლოში სს სადაზღვევო კომპანია „ჰ-ის“ მიმართ 16136 ლარის ანაზღაურების შესახებ.

მოსარჩელის მითითებით, 2012 წლის 28 დეკემბერს სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემასა“ და მზღვეველს – სს სადაზღვევო კომპანია ჰ-ს“ შორის დაიდო ხელშეკრულება სადაზღვევო მომსახურების შესახებ.

2013 წლის 28 იანვარს სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოებისას დაზიანდა მოსარჩელის კუთვნილი ავტომანქანა „ფორდ კარგო“ სახელმწიფო ნომრით „......“, გამოშვების წელი – 2008, კერძოდ, მუშაობის პროცესში გაუტყდა ამწე აგრეგატის მბრუნავი ღერძის ძირითადი კბილანა, რამაც გამოიწვია ამწის ვარდნა და გვერდით მდგომი მისაბმელის დაზიანება. მზღვეველმა ზიანის ანაზღუარებაზე უარი განაცხადა, რის გამოც მოსარჩელე იძულებული გახდა, საკუთარი ხარჯებით აღედგინა დაზიანებული ავტომობილი, რისმა ღირებულებამ შეადგინა 16299 ლარი, აღნიშნულ თანხას გამოაკლდა ფრანშიზა 1%. საბოლოოდ მოპასუხის მხრიდან ასანაზღაურებელი თანხა შეადგენს 16136 ლარს.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო, რადგან მოსარჩელის მიერ მითითებული შემთხვევა მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების საფუძველზე მზღვეველის ვალდებულებას თანხის ანაზღაურებასთან დაკავშირებით არ წარმოშობს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივირებული გადაწყვეტილება გაუქმდა და სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 16136 ლარის გადახდა შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2012 წლის 28 დეკემბერს სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემასა“ და სს სადაზღვევო კომპანია “ჰ-ს“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება სადაზღვევო მომსახურების შესახებ.

ხელშეკრულების №2 დანართის პირველი პუნქტით განისაზღვრა შემთხვევები, რომლებიც ექვემდებარება მზღვეველის მიერ ანაზღაურებას, კერძოდ: ავტოტრანსპორტის დაზიანება, გატაცება (ქურდობა, ძარცვა-ყაჩაღობა, ბოროტგანზრახული ქმედება), ავტოსაგზაო შემთხვევა, ხანძარი, აფეთქება, გარეგანი ზემოქმედების შედეგად მიყენებული დაზიანება.

ხელშეკრულების 5.4 პუნქტში მოცემულია იმ საერთო გამონაკლისების ჩამონათვალი, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც დაზიანება და ზარალი არ ანაზღაურდება. 5.4.8 პუნქტის თანახმად, ზარალი არ ანაზღაურდება, თუ იგი გამოწვეულია დაზღვეული ავტომობილის საპროექტო ან კონსტრუქციული დეფექტებით.

№2 დანართის მე-2 პუნქტის მიხედვით, რომელიც არეგულირებს ავტომობილის ძარის დაზღვევას, ანაზღაურდება: ავტოსაგზაო შემთხვევა, ქურდობა, გატაცება, ყაჩაღობა, ხანძარი, აფეთქება, მესამე პირთა ბოროტგანზრახული ქმედება, ვანდალიზმი, საგნების ვარდნა, სტიქიური მოვლენები, მინების, სარკეების, დეტალების და აქსესუარების ცალკეული დაზიანება ან/და ქურდობა, მიწისძვრით ან სეტყვით მიყენებული დაზიანება. ხელშეკრულების №2 დანართის 2.15 პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ გამონაკლისების ჩამონათვალზე ავტომობილის ძარის დაზღვევისას, კერძოდ, 2.15.1 პუნქტის შესაბამისად, არ ანაზღაურდება: გაუფასურება, ამორტიზაცია ცვეთა, მექანიკური და ელექტროსისტემების მწყობრიდან გამოსვლა ისეთი მიზეზებით, რაც არ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. 2.15.9 პუნქტის მიხედვით კი, არ ანაზღაურდება ზარალი გამოწვეული მექანიკური ანდა ელექტროსისტემების ნაწილების მწყობრიდან გამოსვლით.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ თბილისის მთავარი სამმართველოს დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს მე-2 განყოფილების მიერ 2013 წლის 29 იანვარს გაცემული ცნობის მიხედვით, 2013 წლის 28 იანვარს ქ.თბილისში, ა-ის ქუჩა №34-ში მდებარე სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ თბილისის რეგიონალური ქსელის „დიდუბე-220-ის“ ტერიტორიაზე ავტოამწე „ფორდ კარგოს“, სახელმწიფო ნომრით „......”, სამუშაოს შესრულების დროს გაუტყდა ამწის ძირითადი მბრუნავი ღერძის კბილანის მექანიზმი და ამწის ისარი დაეცა გვერდით მდგომ უნაგირა საწევარას მისაბმელს სახელმწიფო ნომრით „.....“, რის შედეგადაც დაზიანდა როგორც აღნიშნული ამწის მექანიზმი, ასევე უნაგირა საწევარას მისაბმელი.

სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ მიმართა სს სადაზღვევო კომპანია “ჰ-ს“ სადაზღვევო თანხის ანაზღაურების მიზნით, მაგრამ სს სადაზღვევო კომპანია „ჰ-მა“ უარი უთხრა მოსარჩელეს ზარალის ანაზღაურებაზე იმ საფუძვლით, რომ აღნიშნული შემთხვევა არ წარმოადგენდა სადაზღვევო ხელშეკრულებით დაფარულ რისკს.

სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ავტომანქანა „ფორდ კარგო“ აღდგენილ იქნა შპს “კ-ის“ მიერ სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემასთან“ დადებული 2013 წლის 13 ნოემბრის ხელშეკრულების საფუძველზე. სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ შპს „კ-ს“ გადაუხადა ავტომანქანის აღდგენის (ამწე მექანიზმის შეკეთების) ღირებულება – 15999 ლარი დღგ-ის ჩათვლით და სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსეპერტიზის ბიუროს“ მომსახურების ღირებულება – 300 ლარი, სულ – 16299 ლარი.

ააიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 2013 წლის 12 სექტემბრის წერილით სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ განემარტა, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალებასთან მიმართებით ტერმინი „ავტომობილის ძარა“ მოიცავს ავტომობილის გარე კორპუსს, რომელიც ფუნქციონალურად და კინემატიკურად არ არის დაკავშირებული მუშა ორგანოს ძალოვან პარამეტრებთან და „ავტომობილის ძარა“ არავითარ შემთხვევაში არ მოიცავს ავტომობილზე დამონტაჟებულ (თუნდაც ქარხნულად დამზადებულ) დამატებით მოწყობილობას, მაგალითად ამწე მოწყობილობას.

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილით, 317-ე მუხლის პირველი ნაწილით, 799-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიუთითა, რომ მხარეთა შორის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა წარმოშობილია სადაზღვევო მომსახურების შესახებ ხელშეკრულებიდან.

სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ თბილისის მთავარი სამმართველოს დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს მე-2 განყოფილების მიერ 2013 წლის 29 იანვარს გაცემული ცნობის მიხედვით, 2013 წლის 28 იანვარს ქ.თბილისში, ა-ის ქუჩა №34-ში მდებარე სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ თბილისის რეგიონალური ქსელის „დიდუბე-220-ის“ ტერიტორიაზე ავტოამწე „ფორდ კარგოს“, სახელმწიფო ნომრით „......“, სამუშაოს შესრულების დროს გაუტყდა ამწის ძირითადი მბრუნავი ღერძის კბილანის მექანიზმი და ამწის ისარი დაეცა გვერდით მდგომ უნაგირა საწევარას მისაბმელს სახელმწიფო ნომრით „.....“, რის შედეგადაც დაზიანდა როგორც აღნიშნული ამწის მექანიზმი, ასევე უნაგირა საწევარას მისაბმელი.

სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ და სს სადაზღვევო კომპანია “ჰ-ს“ შორის 2012 წლის 28 დეკემბერს დადებული ხელშეკრულების №2 დანართის პირველი პუნქტი განსაზღვრავს, რა შემთხვევები ექვემდებარება მზღვეველის მიერ ანაზღაურებას: ავტოტრანსპორტის დაზიანება, გატაცება (ქურდობა, ძარცვა-ყაჩაღობა, ბოროტგანზრახული ქმედება), ავტოსაგზაო შემთხვევა, ხანძარი, აფეთქება, გარეგანი ზემოქმედების შედეგად მიყენებული დაზიანება.

ხელშეკრულების 5.4 პუნქტში მოცემულია იმ საერთო გამონაკლისების ჩამონათვალი, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც არ ანაზღაურდება დაზიანება და ზარალი. 5.4.8 პუქნტის თანახმად, ზარალი არ ანაზღაურდება, თუ იგი გამოწვეულია დაზღვეული ავტომობილის საპროექტო ან კონსტრუქციული დეფექტებით.

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მსჯელობა იმის შესახებ, რომ 2013 წლის 28 იანვარს მომხდარი შემთხვევა, რა დროსაც ქ. თბილისში, ა-ის ქუჩა №34-ში მდებარე სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ თბილისის რეგიონალური ქსელის „დიდუბე-220-ის“ ტერიტორიაზე ავტომანქანა „ფორდ კარგოს“ (სახელმწიფო ნომრით „......“) სამუშაოს შესრულების დროს გაუტყდა ამწის ძირითადი მბრუნავი ღერძის კბილანის მექანიზმი, არ წარმოადგენს მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების №2 დანართის პირველ და მეორე პუნქტებში მითითებულ იმ შემთხვევებს, რაც წარმოშობს მზღვეველის მხრიდან სადაზღვევო თანხის ანაზღაურების ვალდებულებას.

სააპელაციო პალატამ მიუთითა ხელშეკრულების №2 დანართის პირველი პუნქტზე, რომლიც ითვალისწინებს ავტოტრანსპორტის დაზიანების შემთხვევაში მიყენებული ზარალის მზღვეველის მიერ ანაზღაურებას. ამასთან, სადაზღვევო კომპანიის მიერ წარმოდგენილი არ არის რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა იმ გარემოებას, რომ აღნიშნული შემთხვევა მიეკუთვნება ხელშეკრულების 5.4.8 პუნქტით განსაზღვრულ გამონაკლისს და ზარალი გამოწვეულია დაზღვეული ავტომობილის საპროექტო ან კონსტრუქციული დეფექტებით, შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ არსებობს სადაზღვევო შემთხვევა, რაც წარმოშობს მზღვეველის მხრიდან სადაზღვევო თანხის ანაზღაურების ვალდებულებას.

რაც შეეხება მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების №2 დანართის მეორე პუნქტს, სააპელაციო პალატამ გაიზიარა აპელანტის მსჯელობა, რომ აღნიშნული პუნქტი ეხება ავტომობილის ძარის დაზღვევას და დანართის 2.15.2 და 2.15.9 პუნქტის პირობები ადგენს ავტომობილის ძარის დაზიანების შემთხვევაში იმ გამონაკლისებს, რომლის დროსაც ზიანი ანაზღაურებას არ ექვემდებარება. ამ მხრივ საყურადღებოა ააიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 2013 წლის 12 სექტემბრის წერილში მოცემული განმარტება იმის თაობაზე, რომ „ავტომობილის ძარა“ არავითარ შემთხვევაში არ მოიცავს ავტომობილზე დამონტაჟებულ (თუნდაც ქარხნულად დამზადებულ) დამატებით მოწყობილობას, მაგალითად ამწე მოწყობილობას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საფუძვლიანია დამზღვევის სარჩელი სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად მზღვეველისათვის 16 136 ლარის დაკისრების თაობაზე.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება სს სადაზღვევო კომპანია „ჰ-მა“ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:

კასატორმა ყურადღება გაამახვილა მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების №2 დანართზე, რომლითაც განსაზღვრულია ის შემთხვევები, რომელთა არსებობისასაც მზღვეველს თანხის გადახდის ვალდებულება არ წარმოეშობა.

მხარის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2013 წლის 28 იანვარს ქ.თბილისში, ა-ის ქუჩა №34-ში მდებარე სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ თბილისის რეგიონაური ქსელის „დიდუბე-220-ის“ ტერიტორიაზე ავტომანქანქანა „ფორდ კარგოს“ მიერ სამუშაოს შესრულებისას გაუტყდა ამწის ძირითადი მბრუნავი ღერძის კბილანის მექანიზმი. აღნიშნული გარემოება კი არ წარმოადდგენს მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების №2 დანართის პირველ და მეორე პუნქტებში მითითებულ იმ შემთხვევებს, რაც წარმოშობს მზღვეველის მხრიდან სადაზღვევო თანხის ანაზღაურების ვალდებულებას. ზემოაღნიშნული მექანიკური საშუალების დაზიანება შეეძლო მხოლოდ გაუმართავ მდგომარეობას ან არასწორ ექსპლუატაციას, სხვა ალტერნატიული მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის. ორივე მითითებული შემთხვევა კი გამორიცხავს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორის აზრით, მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და მის მიერ მოყვანილი გარემოებები არ ქმნიდნენ სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების ფაქტობრივ საფუძვლებს.

კასატორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე მუხლების მოთხოვნები და სადავო გარემოებების მტკიცების ტვირთი მზღვეველს არასწორად დააკისრა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 22 იანვრის განჩინებით სს სადაზღვევო კომპანია „ჰ-ის“ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა სს სადაზღვევო კომპანია „ჰ-ის“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2012 წლის 28 დეკემბერს სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემასა“ და სს სადაზღვევო კომპანია “ჰ-ს“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება სადაზღვევო მომსახურების შესახებ.

ხელშეკრულების №2 დანართის პირველი პუნქტით განისაზღვრა შემთხვევები, რომლებიც ექვემდებარება მზღვეველის მიერ ანაზღაურებას, კერძოდ: ავტოტრანსპორტის დაზიანება, გატაცება (ქურდობა, ძარცვა-ყაჩაღობა, ბოროტგანზრახული ქმედება), ავტოსაგზაო შემთხვევა, ხანძარი, აფეთქება, გარეგანი ზემოქმედების შედეგად მიყენებული დაზიანება.

ხელშეკრულების 5.4 პუნქტში მოცემულია იმ საერთო გამონაკლისების ჩამონათვალი, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც დაზიანება და ზარალი არ ანაზღაურდება. 5.4.8 პუნქტის თანახმად, ზარალი არ ანაზღაურდება, თუ იგი გამოწვეულია დაზღვეული ავტომობილის საპროექტო ან კონსტრუქციული დეფექტებით.

№2 დანართის მე-2 პუნქტის მიხედვით, რომელიც არეგულირებს ავტომობილის ძარის დაზღვევას, ანაზღაურდება: ავტოსაგზაო შემთხვევა, ქურდობა, გატაცება, ყაჩაღობა, ხანძარი, აფეთქება, მესამე პირთა ბოროტგანზრახული ქმედება, ვანდალიზმი, საგნების ვარდნა, სტიქიური მოვლენები, მინების, სარკეების, დეტალების და აქსესუარების ცალკეული დაზიანება ან/და ქურდობა, მიწისძვრით ან სეტყვით მიყენებული დაზიანება. ხელშეკრულების №2 დანართის 2.15 პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ გამონაკლისების ჩამონათვალზე ავტომობილის ძარის დაზღვევისას, კერძოდ, 2.15.1 პუნქტის შესაბამისად, არ ანაზღაურდება: გაუფასურება, ამორტიზაცია ცვეთა, მექანიკური და ელექტროსისტემების მწყობრიდან გამოსვლა ისეთი მიზეზებით, რაც არ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. 2.15.9 პუნქტის მიხედვით კი, არ ანაზღაურდება ზარალი გამოწვეული მექანიკური ანდა ელექტროსისტემების ნაწილების მწყობრიდან გამოსვლით.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ თბილისის მთავარი სამმართველოს დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს მე-2 განყოფილების მიერ 2013 წლის 29 იანვარს გაცემული ცნობის მიხედვით, 2013 წლის 28 იანვარს ქ.თბილისში, ა-ის ქუჩა №34-ში მდებარე სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ თბილისის რეგიონალური ქსელის „დიდუბე-220-ის“ ტერიტორიაზე ავტოამწე „ფორდ კარგოს“, სახელმწიფო ნომრით „......”, სამუშაოს შესრულების დროს გაუტყდა ამწის ძირითადი მბრუნავი ღერძის კბილანის მექანიზმი და ამწის ისარი დაეცა გვერდით მდგომ უნაგირა საწევარას მისაბმელს სახელმწიფო ნომრით „.....“, რის შედეგადაც დაზიანდა როგორც აღნიშნული ამწის მექანიზმი, ასევე უნაგირა საწევარას მისაბმელი.

სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ მიმართა სს სადაზღვევო კომპანია “ჰ-ს“ სადაზღვევო თანხის ანაზღაურების მიზნით, მაგრამ სს სადაზღვევო კომპანია „ჰ-მა“ უარი უთხრა მოსარჩელეს ზარალის ანაზღაურებაზე იმ საფუძვლით, რომ აღნიშნული შემთხვევა არ წარმოადგენდა სადაზღვევო ხელშეკრულებით დაფარულ რისკს.

სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ავტომანქანა „ფორდ კარგო“ აღდგენილ იქნა შპს “კ-ის“ მიერ სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემასთან“ დადებული 2013 წლის 13 ნოემბრის ხელშეკრულების საფუძველზე. სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ შპს „კ-ს“ გადაუხადა ავტომანქანის აღდგენის (ამწე მექანიზმის შეკეთების) ღირებულება – 15999 ლარი დღგ-ის ჩათვლით და სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსეპერტიზის ბიუროს“ მომსახურების ღირებულება – 300 ლარი, სულ – 16299 ლარი.

ააიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 2013 წლის 12 სექტემბრის წერილით სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ განემარტა, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალებასთან მიმართებით ტერმინი „ავტომობილის ძარა“ მოიცავს ავტომობილის გარე კორპუსს, რომელიც ფუნქციონალურად და კინემატიკურად არ არის დაკავშირებული მუშა ორგანოს ძალოვან პარამეტრებთან და „ავტომობილის ძარა“ არავითარ შემთხვევაში არ მოიცავს ავტომობილზე დამონტაჟებულ (თუნდაც ქარხნულად დამზადებულ) დამატებით მოწყობილობას, მაგალითად ამწე მოწყობილობას.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით, ვინაიდან სადაზღვევო მომსახურების შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებით არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სტაბილური პრაქტიკა (სუს 2014 წლის 20 ოქტომბრის №ას-698-668-2014 განჩინება).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ სს სადაზღვევო კომპანია “ჰ-ს“ უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2014 წლის 25 დეკემბერს №32215 საგადახდო დავალებით გადახდილი 807 ლარის 70% – 564,9 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სს სადაზღვევო კომპანია „ჰ-ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ სს სადაზღვევო კომპანია „ჰ-ის“ (საიდენტიფიკაციო კოდი №......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2014 წლის 25 დეკემბერს №32215 საგადახდო დავალებით გადახდილი 807 ლარის 70% – 564,9 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ბ. ალავიძე