ბს-836-422(კ-05) 11 აპრილი, 2006წ.,
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა საკასაციო პალატა
შემადგენლობა: ნ. წკეპლაძე (თავმჯდომარე),
ლ. ლაზარაშვილი (მომხსენებელი),
ნ. სხირტლაძე
დავის საგანი: ზედმეტად გადახდილი გადასახადის უკან დაბრუნება, ზიანის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
2003წ. 20 მარტს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას სასარჩელო განცხადებით მიმართა სს “ .. ..” მოპასუხე ქუთაისის საოლქო საგადასახადო ინსპექციის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისათვის 2001წ. მარტიდან ზედმეტად ჩარიცხული 310 694,58 ლარის, ასევე, ზიანის ანაზღაურების სახით 397 401 ლარის, სულ 707 401 ლარის დაკისრება.
სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლები მდგომარეობდა შემდეგში:
2001წ. მარტიდან ქუთაისის საოლქო საგადასახადო ინსპექციას სს “.. ..” სახელმწიფო ბიუჯეტში ზედმეტად ჰქონდა ჩარიცხული 310 694 ლარი. ამასთან დაკავშირებით მოსარჩელემ არაერთხელ მიმართა წერილობით ქუთაისის საოლქო საგადასახადო ინსპექციას, რომელიც, მართალია, სადავოდ არ ხდიდა აღნიშნულ თანხას, მაგრამ სს “.. ..ს” უკან მაინც არ უბრუნებდა. მითითებული თანხის დაუბრუნებლობის გამო მოსარჩელე ვერ იხდიდა სახელმწიფო სესხს, რომელიც აღებული ჰქონდა 2000წ. აპრილში. ამასთან, სესხის თავის დროზე გადაუხდელობის გამო სააქციო საზოგადოებას პროცენტებისა და ჯარიმის სახით ერიცხებოდა 397 401 ლარი. მოსარჩელე თვლიდა, რომ ქუთაისის საგადასახადო ინსპექციას ძირითად თანხასთან ერთად უნდა დაკისრებოდა ზიანის ანაზღაურებაც, რაც სულ შეადგენდა 707 401 ლარს.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიაში სს “.. ..მა” ასევე აღძრა სარჩელი მოპასუხეების _ ფინანსთა სამინისტროს, ქუთაისის პანსიონატ “წ...ს” და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითადი ვალისა და ზარალის ანაზღაურება 518 500 ლარის ოდენობით.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის მიერ ზემოაღნიშნული საქმეები გაერთიანდა ერთ წარმოებად.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით სს “.. ..ის” სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ქუთაისის საოლქო საგადასახადო ინსპექციას დაევალა მოსარჩელისათვის ზედმეტად გადახდილი 310 694 ლარის დაბრუნება და 2001წ. 1 მარტიდან, თანხის დაუბრუნებლობის გამო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 310 694 ლარის 0,15%-ის გადახდა თანხის დაფარვამდე. ქუთაისის პანსიონატ “წ...ს” დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ ძირითადი თანხის გადახდა 8500 ლარის ოდენობით და 2000წ. 1 თებერვლიდან თანხის გადაუხდელობის გამო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,15%, თანხის საბოლოო გადახდამდე, ხოლო ფინანსთა სამინისტროსთან 175950 ლარისა და 17890 აშშ დოლარის ურთიერთვალდებულებაში გაქვითვის შესახებ მოსარჩელეს უარი ეთქვა.
სასამართლო კოლეგიის გადაწყვეტილების მოტივები მდგომარეობდა შემდეგში:
საოლქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სს “.. ..ი” ქუთაისის საოლქო საგადასახადო ინსპექციაში ირიცხებოდა გადამხდელად და 2001 წელს მთლიანად, ზედმეტად ჰქონდა გადახდილი 310 694 ლარი. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეს გააჩნდა კანონიერი საფუძველი, მოეთხოვა არა მარტო ზედმეტად გადახდილი თანხის უკან დაბრუნება, არამედ სკ-ის 408-ე და 411-ე მუხლების შესაბამისად, ვალდებულების შეუსრულებლობით მიყენებული ზიანის ანაზღაურებაც. ამასთანავე, სასამართლომ მიიჩნია, რომ სს “.. ..სა” და პანსიონატ “წ...ს” შორის ხელშეკრულების შეუსრულებლობისათვის გათვალისწინებული საჯარიმო სანქცია ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 5%-ის ოდენობით შეუსაბამოდ მაღალი იყო და უნდა შემცირებულიყო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,15%-მდე. რაც შეეხებოდა სს “.. ..ის” სარჩელს ფინანსთა სამინისტროსათვის 175950 ლარისა და 17890 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში, სასამართლო კოლეგიამ მიუთითა, რომ ფინანსთა სამინისტროს ფინანსური კონტროლის დეპარტამენტის მიერ 2000წ. 7 ოქტომბერს შედგენილ იქნა აქტი, რომლის თანახმად, სახელმწიფო მეთაურის 1995წ. 20 სექტემბრის ¹366 და 1999წ. 12 დეკემბრის ¹665 ბრძანებულებების საფუძველზე გრანტებითა და ჰუმანიტარული დახმარებით მიღებულ ხორბალსა და ფქვილზე დარიცხული ფიქსირებული გადასახადი 175950 ლარი ექვემდებარებოდა დაბრუნებას ან ჩათვლას მომდევნო პერიოდის გადასახადში სს “.. ..ის” სასარგებლოდ. მართალია, ფინანსთა სამინისტრომ შემოწმებით დაადგინა, რომ სს “.. ..” ზედმეტად ჰქონდა გადახდილი 175 950 ლარი, საპენსიო დავალიანების დასაფარავად დარიგებული პურის ფქვილის ღირებულება 17890 აშშ დოლარი და ეს თანხა ექვემდებარებოდა დაბრუნებას, მაგრამ ფინანსთა სამინისტრო წინააღმდეგი იყო, აღნიშნული თანხით შეემცირებინა სს “.. ..ის” ვალდებულება, რაც გამომდინარეობდა ფინანსთა სამინისტროსა და სს “.. ..ს” შორის 1998წ. 7 ნოემბერს დადებული სახელმწიფო კრედიტის ხელშეკრულებიდან. სასამართლომ ამ შემთხვევაში გაიზიარა ფინანსთა სამინისტროს მოსაზრება და მიიჩნია, რომ სს “.. ..სა” და ფინანსთა სამინისტროს შორის არ არსებობდა ურთიერთვალდებულება, რადგან ბიუჯეტში ზედმეტად გადახდილი 175 950 ლარისა და 17 890 აშშ დოლარის მოთხოვნა უნდა მომხდარიყო საგადასახადო ინსპექციისაგან.
საოლქო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა მოპასუხეების _ ქუთაისის საოლქო საგადასახადო ინსპექციის, ქუთაისის პანსიონატ “წ...სა” და ფინანსთა სამინისტროს მიერ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2004წ. 7 ოქტომბრის განჩინებით ფინანსთა სამინისტროს, ქუთაისის საოლქო საგადასახადო ინსპექციისა და პანსიონატ “წ...ს” საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 26 დეკემბრის გადაწყვეტილება და საქმე არსებითად განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2005წ. 21 თებერვლის განჩინებით ერთიან წარმოებად გაერთიანდა შემდეგი საქმეები: სს “.. ..ის” სარჩელი მოპასუხეებთან _ საოლქო საგადასახადო ინსპექციასთან, ფინანსთა სამინისტროსთან და ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტთან 175 950 ლარის და 17 890 აშშ დოლარის გაქვითვის მოთხოვნით და ამ თანხის დროულად ჩაურიცხაობით გამოწვეული ზიანის 239 440 აშშ დოლარის, ასევე სხვადასხვა სახის ეკონომიკური ზიანის 300 500 ლარის _ სულ 1 042 576 ლარის დაკისრების მოთხოვნით, გარდა ამისა სს “.. ..ის” სარჩელი მოპასუხეებთან _ საოლქო საგადასახადო ინსპექციასთან, ფინანსთა სამინისტროსთან, ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტთან და მსხვილ გადამხდელთა ინსპექციასთან თანხის 175 950 ლარისა და 17 890 აშშ დოლარის დაკისრების მოთხოვნით, პროცენტის სახით 239 440 აშშ დოლარის და საურავის 212 137 აშშ დოლარის დაკისრების მოთხოვნით, ამასთან. სს “.. ..ის” სარჩელი საოლქო საგადასახადო ინსპექციის, ფინანსთა სამინისტროსა და ფინანსთა სამინისტროს საგადასახადაო დეპარტამენტის მიმართ 707 401 ლარის დაკისრების შესახებ.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2005წ. 24 მარტის განჩინებით სს “.. ..ის” სარჩელი მოპასუხეებთან ქუთაისის საოლქო საგადასახადო ინსპექციასთან, ფინანსთა სამინისტროსა და ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტთან 707 401 ლარის (310 694 ლარი ძირითადი თანხა) დაკისრების მოთხოვნით გამოიყო ცალკე წარმოებად.
საოლქო სასამართლოში საქმის განხილვისას ქუთაისის საგადასახადო ინსპექციის მიერ წარდგენილ იქნა შედარების აქტი სს “.. ..თან” ანგარიშსწორების შესახებ 2005წ. 2 იანვრიდან 2005წ. 30 მარტის მდგომარეობით, რომლის თანახმად სააქციო საზოგადოების მიერ ბიუჯეტში ზედმეტად გადახდილი თანხის ოდენობა გაზრდილი იყო და შეადგენდა 369 581 ლარს. ამ მონაცემებზე დაყრდნობით მოსარჩელემ საბოლოოდ მოითხოვა სახელმწიფო ბიუჯეტში ზედმეტად გადახდილი თანხის _ 369 581 ლარის და ამ თანხის დაუბრუნებლობით მიყენებული ზიანის _ 141 969 ლარის, სულ 511 550 ლარის მოპასუხეებისათვის დაკისრება.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2005წ. 26 აპრილის გადაწყვეტილებით სს “.. ..ის” სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ქუთაისის საგადასახადო ინსპექციას და ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტს სს “.. ..ის” სასარგებლოდ დაეკისრა ზედმეტად გადახდილი გადასახადის დღგ-ის თანხის უკან დაბრუნება 369 581 ლარის ოდენობით, დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძვლები მდგომარეობს შემდეგში:
სასამართლო კოლეგიამ დადგენილად მიიჩნია, რომ სს “.. ..” ქუთაისის საგადასახადო ინსპექციაში აღრიცხვაზე იდგა, როგორც გადასახადის გადამხდელი და კომპიუტერულ ბარათზე ერიცხებოდა ზედმეტად გადახდილი თანხები დღგ-ში, რომელიც მომდინარეობდა 2001 წლიდან. ქუთაისის საგადასახადო ინსპექციის მიერ სს “.. ..თან” სახელმწიფო ბიუჯეტში და სპეციალურ სახელმწიფო ფონდებში გადასახადების ანგარიშსწორების შესახებ 2005წ. 2 იანვრიდან 2005წ. 24 მარტამდე პერიოდისათვის შედგენილი შედარების აქტის მიხედვით, სახელმწიფო ბიუჯეტში სს “.. ..ს” ზედმეტად გადახდილი ჰქონდა 369581,49 ლარი. ქუთაისის საოლქო საგადასახადო ინსპექცია სააქციო საზოგადოების მიმართვების საფუძველზე არაერთხელ იხილავდა აღნიშნულ საკითხს და ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის სახელზე გაგზავნილ 2005წ. 31 მარტის წერილში თავად აღწერდა ზედმეტად გადახდილი გადასახადების წარმომავლობას, აზუსტებდა მის ოდენობას და მიუთითებდა ამ თანხების მოსარჩელისათვის გადარიცხვის მიზანშეწონილობაზე. ამდენად, საგადასახადო ინსპექცია, ფაქტობრივად, აღიარებდა სადავო თანხის დაბრუნების კანონიერებას. როგორც 2005წ. იანვრამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 240-ე მუხლის, ისე _ ამჟამად მოქმედი 2004წ. 22 ოქტომბრის საგადასახადო კოდექსის 71-ე მუხლის შესაბამისად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილი იყო, ზედმეტად გადახდილი თანხა ჩაეთვალა სხვა გადასახადების ანგარიშში, გადამხდელის თანხმობის შემთხვევაში ზედმეტად გადახდილი თანხა ჩაითვლებოდა მომავალი გადასახადების ვალდებულებათა ანგარიშში ან გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის შემდეგ 20 დღის ვადაში ზედმეტად გადახდილი თანხები უნდა დაბრუნებოდა გადასახადის გადამხდელს. სასამართლო კოლეგიის მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში საგადასახადო ორგანო არ იყო უფლებამოსილი, სს “.. ..სათვის” ზედმეტად გადახდილი თანხები ჩაეთვალა სხვა გადასახადების ანგარიშში, ვინაიდან მოსარჩელე ითხოვდა ამ თანხების უკან დაბრუნებას წლების მანძილზე. ამდენად, მოსარჩელის მოთხოვნა ამ ნაწილში კანონიერი იყო და ექვემდებარებოდა დაკმაყოფილებას.
რაც შეეხებოდა მოთხოვნას ზედმეტად გადახდილი დღგ-ის თანხების დაუბრუნებლობით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების თაობაზე, აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში სასამართლო კოლეგიამ განმარტა, რომ ვინაიდან განსახილველი დავა გამომდინარეობდა საგადასახადო ურთიერთობებიდან, საგადასახადო ორგანოს პასუხისმგებლობა რეგულირდებოდა სპეციალური მუხლით, კერძოდ, 1997წ. 13 ივნისის საგადასახადო კოდექსის 243-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის თანახმად, გადასახადის გადამხდელი უფლებამოსილი იყო, დაებრუნებინა არასწორად გადახდილი გადასახადი და ამ თანხაზე დარიცხული პროცენტები სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე ამ კოდექსის 252-ე მუხლის მიხედვით. ამავე კოდექსის 252-ე მუხლის შესაბამისად კი გადასახადის ზედმეტად გადახდევინების შემთხვევაში გადასახდელი პროცენტი ყოველი კვარტლისათვის უთანაბრდებოდა ეროვნული ბანკის მიერ სამთავრობო სესხებისათვის დადგენილ განაკვეთს. მოსარჩელე ზედმეტად გადახდილ თანხაზე ზარალის ანაზღაურებას ითხოვდა არა საგადასახადო კოდექსით დადგენილი საფუძვლით, არამედ სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი ზიანის ანაზღაურების ზოგადი წესების შესაბამისად, რისთვისაც იგი მიუთითებდა სახელშეკრულებო ვალდებულებიდან წარმოშობილი ზიანის დადგომის თაობაზე. აქედან გამომდინარე, სასამართლო კოლეგიამ ჩათვალა, რომ ვინაიდან სარჩელის ამ ნაწილის მოთხოვნის საფუძველი არ გამომდინარეობდა საგადასახადო ურთიერთობების მარეგულირებელი კანონმდებლობიდან, სარჩელში მითითებული საფუძვლით სახელმწიფო ბიუჯეტში ზედმეტად გადახდილი თანხების დაუბრუნებლობის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა უკანონო იყო და ვერ დაკმაყოფილდებოდა.
საოლქო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს “.. ..მა”, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
კასატორის მითითებით, საქმეში არსებული არაერთი მტკიცებულების საფუძველზე სასამართლომ დადასტურებულად ცნო, რომ ქუთაისის საგადასახადო ინსპექციას ჰქონდა მოსარჩელის ვალი, კერძოდ, 369 581 ლარი. მოპასუხე არ უარყოფდა აღნიშნული ვალის წარმოშობას 2001წ. დასაწყისიდან. საქმეში წარმოდგენილი იყო არაერთი წერილი, რომლითაც სს “.. ..ი” ითხოვდა აღნიშნული თანხის დაბრუნებას, თუმცა უშედეგოდ. მხარეს ასევე სადავოდ არ გაუხდია ის ფაქტი, რომ 2000წ. 20 აპრილის სასესხო ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელემ ფინანსთა სამინისტროდან სესხის სახით, ხუთიწ. ვადით, აიღო 825.500 აშშ დოლარი, რომლის უმეტესი ნაწილი დააბრუნა, მაგრამ იმის გამო, რომ საწარმოს ფინანსურად გაუჭირდა, ფინანსთა სამინისტრომ სესხის დაბრუნების ვადის გადაცილების გამო მოსარჩელეს ზედმეტად დაარიცხა 239 440 აშშ დოლარი. ამდენად, მითითებული თანხის თავის დროზე ჩათვლა ან დაბრუნება არ წარმოშობდა აღნიშნულ დავალიანებას და შესაბამისად, საზოგადოებაც არ დაზარალდებოდა.
საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება ასევე საკასაციო წესით გაასაჩივრა ფინანსთა სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღება სარჩელი დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
კასატორის განმარტებით, სასამართლომ დაარღვია განსჯადობის პრინციპი, ვინაიდან ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის თანახმად, საოლქო სასამართლოები პირველი ინსტანციის წესით განიხილავდნენ სარჩელს, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ზიანის ანაზღაურების თაობაზე სარჩელის ფასი აღემატებოდა 500 000 ლარს. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე ზიანის სახით ითხოვდა 141 969 ლარის ანზღაურებას. აღნიშნული დარღვევა კი, სსკ-ის 394-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველი იყო. გარდა ამისა, კასატორის მითითებით, სასამართლომ არ გამოიყენა საგადასახადო კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის “გ” ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანო მოთხოვნიდან არაუგვიანეს 6 თვისა გადასახადის გადამხდელს/საგადასახადო აგენტს, სხვა ვალდებულ პირს უბრუნებდა დარჩენილ თანხას სახელმწიფო ხაზინის ბიუჯეტის შემოსულობების ერთიანი ანგარიშის საგადასახადო შემოსავლის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების ქვეანგარიშიდან მასზე რიცხული ნაშთის ფარგლებში.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრების საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ სს “.. ..ის” საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2005წ. 27 აპრილის გადაწყვეტილება და საქმე განსახილველად გადაეცეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საოლქო სასამართლოს კოლეგიის დასკვნები არ ემყარება საქმის მასალებს, საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების სწორ განმარტებას და არსებობს გადაწყვეტილების გაუქმების საპროცესო კანონით გათვალისწინებული საფუძვლები.
მოსარჩელე სს “.. ..ი” სასარჩელო განცხადებით ითხოვდა 2001წ. მარტიდან ზედმეტად ჩარიცხული 310 694 ლარისა და 58 თეთრის და 2000წ. აპრილიდან სახელმწიფო სესხის თავის დროზე გადაუხდელობის გამო დარიცხული პროცენტებისა და ჯარიმის სახით 397 401 ლარის, სულ 707 401 ლარის ოდენობით ზიანის ანაზღაურებას. საბოლოოდ მან მოითხოვა სახელმწიფო ბიუჯეტში ზედმეტად გადახდილი თანხის _ 369 581 ლარის და ამ თანხის დაუბრუნებლობით მიყენებული ზიანის _ 141 969 ლარის, სულ 511 550 ლარის ანაზღაურება.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს კოლეგია გასაჩივრებული გადაწყვეტილების აღწერილობით ნაწილში უთითებს, რომ სასამართლოს მთავარ სხდომაზე ქუთაისის საგადასახადო ინსპექციის მიერ წარდგენილი შედარების აქტის მონაცემებზე დაყრდნობით მოსარჩელემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და საბოლოოდ მოითხოვა სახელმწიფო ბიუჯეტში ზედმეტად გადახდილი თანხის _ 369 581 ლარის და ამ თანხის დაუბრუნებლობით მიყენებული ზიანის _ 1 419 698 ლარის მოპასუხეებისათვის დაკისრება. აღნიშნული მითითება ეწინააღმდეგება იმავე გადაწყვეტილების შესავალ ნაწილში დასახელებულ დავის საგანს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსი მოითხოვს, რომ სასამართლო გადაწყვეტილება ემყარებოდეს საქმის მასალებს და შეიცავდეს მათი სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შედეგად გამოტანილ თანმიმდევრულ დასკვნებს. აღნიშნული, უწინარეს ყოვლისა, გულისხმობს საქმის დადგენილი ვითარებისა და ფაქტობრივი გარემოებების ადეკვატურად ამსახველი მტკიცებულებების საქმეში არსებობას. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სასამართლო კოლეგიის გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი საქმის ვითარება სარჩელის ზემოაღნიშნულ მოთხოვნასთან დაკავშირებით არ არის საქმის მასალების ადეკვატური. საქმეში არ მოიპოვება მოსარჩელის მიერ სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების მიზნით სასამართლოსადმი წერილობით თუ ზეპირად წარდგენილი შუამდგომლობა და აღნიშნული შუამდგომლობის განხილვის შედეგად გამოტანილი სასამართლოს შესაბამისი განჩინება. ასევე, სასამართლოს არ უმსჯელია, ზიანის ანაზღაურების ნაწილში მოთხოვნის გაზრდა წარმოადგენდა სარჩელის დაზუსტებას თუ დავის საგნის გაზრდას, რაზედაც პირველი ინსტანციის სასამართლოში მთავარ სხდომაზე აუცილებელი იყო მოპასუხის თანხმობა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სასამართლო კოლეგიის მიერ სარჩელზე ნამსჯელია არა იმ მოთხოვნის ფარგლებში, რაც საქმის მასალებშია ასახული, რის გამოც დარღვეულია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველ ნაწილსა და სკ-ის მე-3 მუხლში განმტკიცებული დისპოზიციურობის პრინციპი, სსკ-ის 248-ე მუხლით განსაზღვრული სასამართლო გადაწყვეტილებისა და სარჩელის მოთხოვნის თანაზომიერების ფარგლები.
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტის შესაბამისად (2000წ. 25 ოქტომბრის კანონით შეტანილი ცვლილებები), საოლქო სასამართლოები პირველი ინსტანციის წესით განიხილავდნენ სარჩელს ადმინისტრაციული გარიგების დადების ან შესრულების, აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ზიანის ანაზღაურების თაობაზე, თუ სარჩელის ფასი აღემატებოდა 500 000 ლარს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სს “.. ..ის” სარჩელი, რომლითაც, საქმის მასალების შესაბამისად, მოსარჩელე ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ ზიანის ანაზღაურების სახით ითხოვდა 397 401 ლარს, არ განეკუთვნებოდა საოლქო სასამართლოს მიერ პირველი ინსტანციის წესით განსახილველ საქმეს. აღნიშნულზე გავლენას ვერ მოახდენდა ის გარემოება, რომ სარჩელის საერთო ფასი _ 707 401 ლარი _ აღემატებოდა 500 000 ლარს. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის ზემოაღნიშნული მე-6 მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტი პირველი ინსტანციით საოლქო სასამართლოს მიერ საქმის განსჯადობას ცალსახად უკავშირებდა მხოლოდ ზიანის ანაზღაურების შესახებ სასარჩელო მოთხოვნის ფასს, ხოლო აღნიშნული მუხლის მოთხოვნა, განსახილველ შემთხვევაში, საოლქო სასამართლოს მიერ დაცული არ ყოფილა. ამდენად, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის თანახმად, ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას არ გააჩნდა აღნიშნული საქმის განხილვის კომპეტენცია. ამავე კოდექსის მე-5 მუხლის თანახმად, სარჩელი უნდა განეხილა საქალაქო (რაიონულ) სასამართლოს.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-2 ნაწილით რეგლამენტირებული უფლება შესაბამისი იურისდიქციის მქონე სასამართლოზე სახელმწიფოსაგან მოითხოვს სასამართლო განსჯადობის ზუსტად განსაზღვრას და განხორციელებას, რაც, თავის მხრივ, წარმოადგენს სამართლიანი სასამართლოს თაობაზე ადამიანის ძირითადი უფლების უზრუნველყოფის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გარანტიას.
მოცემულ შემთხვევაში საქმე განხილულია ინსტანციური განსჯადობის პრინციპის დარღვევით, შესაბამისად, მართლმსაჯულება განხორციელებულია არაუფლებამოსილი სასამართლოს მიერ, რის გამოც დარღვეულია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-5, 26-ე მუხლების, სსკ-ის 394-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტის მოთხოვნები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის თანახმად მოცემული საქმე განსჯადობით განსახილველად უნდა გადაეგზავნოს უფლებამოსილ _ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს, იმის გათვალისწინებით, რომ საქმეზე ერთ-ერთი მოპასუხეა ქუთაისის საგადასახადო ინსპექცია.
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სწორად უნდა განსაზღვროს საქმეზე სარჩელის მოთხოვნა და ფარგლები და შესაბამისად გადაწყვიტოს როგორც ბიუჯეტში ზედმეტად გადახდილი დღგ-ის თანხის უკან დაბრუნების, ისე _ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის საკითხი.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სასამართლო კოლეგიის მსჯელობა მცდარია, რადგან მიუთითებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტში ზედმეტად გადახდილი თანხების დაუბრუნებლობის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა უკანონოა და არ ექვემდებარება დაკმაყოფილებას მხოლოდ იმის გამო, რომ განსახილველი დავა გამომდინარეობს საგადასახადო ურთიერთობებიდან, ხოლო მოსარჩელე ზედმეტად გადახდილ თანხაზე ზარალის ანაზღაურებას ითხოვს არა საგადასახადო კოდექსით დადგენილი საფუძვლით, არამედ სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი ზიანის ანაზღაურების ზოგადი წესების შესაბამისად.
როგორც ძველი, ისე ახალი საგადასახადო კოდექსი არ შეიცავს საგადასახადო ორგანოს მიერ თავისი მოვალეობის შეუსრულებლობით გადასახადის გადამხდელისათვის მიყენებული ზიანის სკ-ის საფუძველზე ანაზღაურების ამკრძალავ ნორმას. ამასთან დაკავშირებით სასამართლო კოლეგიის მსჯელობა საგადასახადო ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურების სკ-ის საფუძველზე მოთხოვნის არამართლზომიერებისა და სამართლებრივი შეუძლებლობის შესახებ სრულ წინააღმდეგობაშია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 ნაწილთან, რომლის თანახმად ყველასათვის გარანტირებულია სახელმწიფო და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება სახელმწიფო სახრებიდან, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლთან, რომლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი. წინააღმდეგ შემთხვევაში მივიღებდით მაკონტროლებელი ორგანოს თვითნებობის წახალისებას, გადასახადის გადამხდელთა უფლებების გაუმართლებელ შელახვას, რაც, თავის მხრივ, ქვეყნის ეკონომიკური სისტემის განვითარებას და საჯარო წესრიგს მისცემდა არასწორ მიმართულებას.
ამდენად, გაუმართლებელია გადასახადის გადამხდელისათვის საგადასახადო ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურების სკ-ის საფუძველზე მოთხოვნის უფლების წართმევა. ამიტომ საქალაქო სასამართლომ არსებითად უნდა იმსჯელოს სარჩელის მოთხოვნაზე ზიანის ანაზღაურების ნაწილშიც.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს “.. ..ის” საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
3. გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2005წ. 27 აპრილის გადაწყვეტილება და საქმე განსახილველად გადაეცეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს;
4. სასამართლო ხარჯები გადანაწილდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების დადგენისას;
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.