Facebook Twitter

3 აპრილი, 2015 წელი

საქმე№ას-335-320-2015 ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ფ. ა-ის უფლებამონაცვლე ს. ა-ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – რ. გ-ის უფლებამონაცვლე ნ. გ-ა (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – თანხის გადახდის სანაცვლოდ საცხოვრებელ სადგომზე საკუთრების უფლების გადაცემა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

რ. გ-მა სარჩელი აღძრა ფ. ა-ის მიმართ თანხის გადახდის სანცვლოდ საცხოვრებელ სადგომზე საკუთრების უფლების გადაცემის თაობაზე.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით რ. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა რ. გ-მა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალტის 2012 წლის 15 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით რ. გ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; რ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლოს დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანა ფ. ა-მა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 18 აპრილის საოქმო განჩინებით ფ. ა-ის საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალტის 2012 წლის 15 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და საქმის წარმოება განახლდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალქო საქმეთა პალატის 2012 წლის 30 მაისის განჩინებით რ. გ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა რ. გ-მა.

2012 წლის 16 ივლისს საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მიმართა ფ. ა-ის მეუღლემ ს. ა-მა და მოითხოვა საქმის წარმოების შეჩერება ფ. ა-ის უფლებამონაცვლის დადგენამდე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 19 ივლისის განჩინებით შეჩერდა საქმის წარმოება ფ. ა-ის უფლებამონაცვლის დადგენამდე.

ს. ა-მა განცხადებით მიმართა უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა მოცემულ საქმეში ფ. ა-ის უფლებამონაცვლედ ჩართვა და სააღსრულებო ფურცლის გაცემა სადავო ქონების მის საკუთრებაში გადაცემის თაობაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 1 ოქტომბრის განჩინებით ს. ა-ის განცხადება მოცემული სამოქალაქო საქმის განხილვის განახლების, ფ. ა-ის მემკვიდრედ მისი ჩაბმისა და სააღსრულებო ფურცლის გაცემის შესახებ არ დაკმაყოფილდა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 12 თებერვლის განჩინებით ს. ა-ი ცნობილ იქნა ფ. ა-ის უფლებამონაცვლედ.

2013 წლის 5 აგვისტოს საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მიმართა რ. გ-ის მეუღლემ ნ. გ-ამ, წარადგინა რ. გ-ის გარდაცვალების მოწმობის ასლი და იშუამდგომლა საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 10 სექტემბრის განჩინებით შეჩერდა წარმოება სამოქალქო საქმეზე რ. გ-ის სარჩელის გამო ფ. ა-ის მიმართ კომპენსაციის გადახდის სანაცვლოდ საცხოვრებელი სადგომის საკუთრებაში გადაცემის შესახებ რ. გ-ის უფლებამონაცვლის დადგენამდე.

2014 წლის 14 თებერვალს სასამართლოს განცხადებით მიმართა რაფელ გ-ის მეუღლემ, ნ. გ-ამ, წარმოადგინა მის სახელზე გაცემული სამკვიდრო მოწმობა და იშუამდგომლა რ. გ-ის უფლებამონაცვლედ ცნობისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 17 თებერვლის განჩინებით ნ. გ-ა ცნობილ იქნა რ. გ-ის უფლებამონაცვლედ; განახლდა რ. გ-ის საკასაციო საჩივრის განხილვა, საქმეზე რ. გ-ის სარჩელის გამო ფ. ა-ის მიმართ კომპენსაციის გადახდის სანაცვლოდ საცხოვრებელი სადგომის საკუთრებაში გადაცემის შესახებ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 4 მარტის განჩინებით რ. გ-ის უფლებამონაცვლე ნ. გ-ას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 30 მაისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილებით რ. გ-ის უფლებამონაცვლე ნ. გ-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ფ. ა-ის უფლებამონაცვლე ს. ა-მა შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი განხილვის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ ფ. ა-ის უფლებამონაცვლე ს. ა-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლო გადაწყვეტილებებისა და განჩინებების გასაჩივრების კანონით განსაზღვრული ვადების გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დადგენილია, რომ თვეებით გამოსათვლელი ვადა გასულად ჩაითვლება ვადის უკანასკნელი თვის შესაბამის თვესა და რიცხვში. ამავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.

მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ კასატორს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ასლი გაეგზავნა კანონით დადგენილი წესით და ჩაბარდა 2014 წლის 19 ნოემბერს ს. ა-ის რძალს გ. ხ-ეს (ტ. II ს.ფ. 393). აქედან გამომდინარე გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა დაიწყო 2014 წლის 20 ნოემბერს და ამოიწურა ამავე წლის 10 დეკემბერს, ხოლო მან თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა 2015 წლის 27 თებერვალს (იხ.ტ.II, ს.ფ.416), ანუ 21 დღიანი ვადის დარღვევით. ამდენად, სახეზეა ს. ა-ის საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების სამართლებრივი საფუძვლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 285-ე, 397-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ფ. ა-ის უფლებამონაცვლე ს. ა-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე ნინო ბაქაქური