საქმე №ას-389-369-2015 27 აპრილი, 2015 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორები – ბ. გ-ი, ლ. გ-ი (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე – ი. ს-ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა და თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ი. ს-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხეების – ბ. გ-ისა და ლ. გ-ის მიმართ და მოითხოვა 2011 წლის 4 აპრილის განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, უძრავი ქონების ბ. გ-ისა და ლ. გ-ის საკუთრებად აღრიცხვა და მოპასუხეებისათვის სოლიდარულად 20000 აშშ დოლარის დაკისრება.
ბ. და ლ. გ-მა შეგებებული სარჩელით მიმართეს სასამართლოს და მოითხოვეს 2011 წლის 4 აპრილის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა და უძრავი ქონების ბ. გ-ისა და ლ. გ-ის საკუთრებად აღრიცხვა.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ი. ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი 20111 წლის 4 აპრილის განვადებით უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება და უძრავი ქონება ს/კ №........ აღირიცხა მოპასუხეების – ბ. გ-ისა და ლ. გ-ის საკუთრებად. ბ. გ-სა და ლ. გ-ს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ ნასყიდობის თანხის – 20000 აშშ დოლარის დაბრუნება. ბ. გ-ისა და ლ. გ-ის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა. გაუქმდა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 3 აპრილის განჩინებით გამოყენებული შეგებებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და ყადაღა მოეხსნა ამ განჩინებით დაყადაღებულ თერჯოლის რაიონის სოფელ ჭ-ში მდებარე №........ საკადასტრო კოდის მქონე უძრავ ქონებას – დაზუსტებული ფართი 5887.00 კვ.მ, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: №01 – საცხოვრებელი (2-სართულიანი, აშენებული) განაშენიანების ფართი – 411,02 კვ.მ; №02-დამხმარე (1 სართული, აშენებული) განაშენიანების ფართი – 46,20 კვ.მ; №03-დამხმარე (1 სართული, აშენებული) განაშენიანების ფართი – 24,11 კვ.მ; ასევე გაუქმდა ამ განჩინებით გამოყენებული №........ საკადასტრო კოდის მქონე უძრავ ქონებაზე ნებისმიერი შემადგენელი ნაწილის უძრავი ქონებიდან გამოყოფისა და მათი გასხვისების ი. ს-ისათვის აკრძალვა. მოპასუხეებისათვის თანხის დაკისრების ნაწილში ი. ს-ის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფის მიზნით მოპასუხეთა ბ. გ-ისა და ლ. გ-ის საკუთრებად უძრავი ქონების აღრიცხვისთანავე, ყადაღა დაედო თერჯოლის რაიონის სოფელ ჭ-ში მდებარე №........ საკადასტრო კოდის მქონე უძრავ ქონებას – დაზუსტებული ფართი 5887.00 კვ.მ, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: №01 – საცხოვრებელი (2-სართულიანი, აშენებული) განაშენიანების ფართი – 411,02 კვ.მ; №02-დამხმარე (1 სართული, აშენებული) განაშენიანების ფართი – 46,20 კვ.მ; №03-დამხმარე (1 სართული, აშენებული) განაშენიანების ფართი – 24,11 კვ.მ.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბ. გ-მა, ლ. გ-მა და მოითხოვეს მისი გაუქმება თანხის დაკისრების ნაწილში.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილებით ბ. და ლ. გ-ბის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება გარდა იმ ნაწილისა, რომლითაც თერჯოლის რაიონის სოფელ ჭ-ში მდებარე სადავო ქონება აღირიცხა ბ. და ლ. გ-ბის საკუთრებად. ი. ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ბ. და ლ. გ-ბს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრათ 19000 აშშ დოლარის გადახდა. ი. ს-ის სარჩელი 2011 წლის 4 აპრილის განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა. ბ. და ლ. გ-ბის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და ცნობილ იქნა შეწყვეტილად 2011 წლის 4 აპრილს მხარეთა შორის გაფორმებული განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულება თერჯოლის რაიონის სოფელ ჭ-ში მდებარე №........ საკადასტრო კოდის მქონე უძრავ ქონებაზე.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ბ. გ-მა, ლ. გ-მა და მოითხოვეს მისი გაუქმება თანხის დაკისრების ნაწილში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ბ. გ-ისა და ლ. გ-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. ამავე კოდექსის 2591 მუხლის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოტანის თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მითითებული ნორმა ავალდებულებს მხარეს (მის წარმომადგენელს) გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოტანის თარიღი. ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში კანონი ადგენს, რომ გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს.
განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 5 თებერვლის სასამართლო სხდომაზე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას ესწრებოდა როგორც კასატორი ბ. გ-ი, ასევე მისი წარმომადგენელი თ. მ-ე (ს.ფ.268-278). ასეთ შემთხვევაში კასატორი ან მისი წარმომადგენელი ვალდებული იყვნენ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ასლის მისაღებად სასამართლოსათვის მიემართათ არა უგვიანეს 2014 წლის 7 მარტისა. საქმის მასალებით ირკვევა, რომ არც კასატორს და არც მის წარმომადგენელს გადაწყვეტილების ასლის მისაღებად სააპელაციო სასამართლოსათვის დადგენილ ვადაში არ მიუმართავთ. ბ. გ-მა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ასლი ჩიაბარა 2015 წლის 18 მარტს.
დიდი პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591-ე თანახმად, გასაჩივრების მსურველ მხარეს გააჩნია არა უფლება, არამედ ვალდებულება ჩაიბაროს გასასაჩივრებელი გადაწყვეტილება. ამ ვალდებულების შეუსრულებლობა აისახება მხოლოდ უშუალოდ მხარის მიერ გადაწყვეტილების გასაჩივრების წესზე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591-ე მუხლის შინაარსი არ შეიძლება გაგებულ იქნეს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების გარეშე. განსახილველი ნორმა აწესრიგებს გასაჩივრების უფლების წარმოშობის წინაპირობებს, ხოლო გასაჩივრების ვადის დენის დაწყებას კი აწესრიგებს იმავე კოდექსის 60-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესი.
ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს განჩინების გასაჩივრების 21-დღიანი ვადის ათვლა მოცემულ შემთხვევაში დაიწყო 2015 წლის 8 მარტს და ამოიწურა ამავე წლის 30 მარტს, ვინაიდან 28-29 მარტი იყო არასამუშაო დღეები – შაბათი-კვირა, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი წარდგენილ უნდა ყოფილიყო 2014 წლის 30 მარტის ჩათვლით. საქმის მასალებით ირკვევა, რომ საკასაციო საჩივარი ბ. და ლ. გ-ბის წარმომადგენელმა თ. მ-ემ ფოსტას ჩააბარა 2015 წლის 7 აპრილს (ს.ფ.314-325) ანუ კანონით დადგენილი ვადის დარღვევით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან კასატორების წარმომადგენელმა საკასაციო საჩივარი შეიტანა კანონით დადგენილი ვადის დარღვევით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ იგი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული.
ს ა რ ე ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლით, 397-ე მუხლის პირველი ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ბ. გ-ისა და ლ. გ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე ზურაბ ძლიერიშვილი