27 აპრილი, 2015 წელი
№ას-448-423-2014 ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ო.ხ. (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – მ.ლ., გ.მ. (მოსარჩელე)
მესამე პირები - შპს „ქ.“, შპს „ი.“, ვ.ს., მ.ნ., მ.კ.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 18 მარტის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – პროექტის, მიწის ნაკვეთის საკადასტრო გეგმის, საკადასტრო აზომვითი ნახაზის, მისი ციფრული ვერსიისა და საკადასტრო რუკის ბათილად ცნობა, საჯარო რეესტრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ხელშეშლის აღკვეთა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ.ლ.მ და გ.მ.მ სარჩელი აღძრეს სასამართლოში ო.ხ.ის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურისა და შპს „ა.23-ის“ მიმართ პროექტის, მიწის ნაკვეთის საკადასტო გეგმის, საკადასტრო აზომვითი ნახაზის, მისივე ციფრული ვერსიისა და საკადასტრო რუკის ბათილად ცნობის (გაუქმების), საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 11 იანვრის N.... გადაწყვეტილების ნაწილობრივ ბათილად ცნობისა და ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნით.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მ.ლ.სა და გ.მ.ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 18 მარტის გადაწყვეტილებით მ.ლ.სა და გ.მ.ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, ხელშეშლის აღკვეთის შესახებ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მ.ლ.სა და გ.მ.ის სარჩელი ხელშეშლის აღკვეთის თაობაზე დაკმაყოფილდა, ო.ხ.ს დაევალა ქალაქ ქუთაისში, (ყოფილი .......) არსებული მიწის ნაკვეთის _ მ.ლ. და გ.მ. კუთვნილი შენობის (საკადასტრო კოდი №03.01.24.065) აღმოსავლეთით მდებარე 3.5 (სამ-ნახევარი) მეტრი სიგანის მქონე ზოლის, სიგრძით 34.5 (ოცდათოთხმეტ-ნახევარი) მეტრი (როგორც განსაზღვრულია სსიპ ლ.ს. სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზის 2011 წლის 3 თებერვლის №..... დასკვნით) მ.ლ. და გ.მ.თვის თავისუფალ მდგომარეობაში გადაცემა შემდეგი დასაბუთებით:
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მ.ლ. და გ.მ. მიერ 2011 წლის 20 დეკემბერს აღძრული სარჩელი მოიცავდა სხვადასხვა მოთხოვნებს, მათ შორის, საჯარო რეესტრის სარეგისტრაციო სამსახურის იმ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნასაც, რომლითაც სადავო მიწის ნაკვეთი საჯარო რეესტრში დარეგისტრირებული იყო ო.ხ.ის საკუთრებად;
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი თავდაპირველად განიხილა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ, რომლის 2013 წლის 7 მარტის გადაწყვეტილებით მ.ლ. და გ.მ. სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მ.ლ. და გ.მ. სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 11 იანვრის №..... გადაწყვეტილება და საკადასტრო რუკა, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა კანონით დადგენილ ვადაში საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად მიეღო ახალი გადაწყვეტილება ო.ხ.ის განცხადებასთან დაკავშირებით, მ.ლ. და გ.მ. სარჩელი მშენებლობის პროექტის და ნახაზების ციფრული ვერსიის ბათილად ცნობის ნაწილში არ დაკმაყოფილდა, მ.ლ. და გ.მ. სარჩელი, ხელშეშლის აღკვეთის ნაწილში, განსჯადობის წესის დაცვით, განსახილველად გადაეცა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას. გადაწყვეტილება ემყარება იმ გარემოებას, რომ სადავო მიწის ნაკვეთი შედიოდა შპს „ქ.ს“ სახელზე რეგისტრირებულ იმ მიწის ნაკვეთის ფართში, რომელიც, ნასყიდობის გზით, ე.წ „საჩეკის“ შენობასთან ერთად, შეიძინეს აპელანტებმა (მოსარჩელეებმა).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 19 სექტემბრის განჩინებით საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნა დაუშვებლად და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნასთან მიმართებით, სააპელაციო პალატამ დამტკიცებულად ცნო შემდეგი გარემოებები:
ქ.ქუთაისში, (ყოფილი .....) მდებარე 1361მ2 არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე (საჩეკის შენობა, გაბარიტული ზომით 11X60 მ-ზე, უფლების დამდგენი დოკუმენტის გარეშე არსებული შენობა-ნაგებობის საერთო ფართი: 39.48) საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია მ.ლ. და გ.მ. საკუთრების უფლება. ეს ქონება შეიძინეს 2004 წლის 10 აგვისტოს შპს „ქ.თან“ დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების (რეესტრში რეგისტრაციის №....., ნოტარიუსი დ.ხ.) საფუძველზე.
სადავო მიწის ნაკვეთი, რომელზე ხელშეშლის აღკვეთაც მოითხოვეს აპელანტებმა (მოსარჩელეებმა), მდებარეობს ქალაქ ქუთაისში, .. (ყოფილი .... ). მ.ლ. და გ.მ. კუთვნილი შენობის (საკადასტრო კოდი №.....) აღმოსავლეთით მდებარე 3.5 მეტრი სიგანისა და 34.5 მეტრი სიგრძის ზოლის სახით. ამ მიწის ნაკვეთით სარგებლობს ო.ხ. და მასზე განთავსებულია ქალაქ ქუთაისის მერიის 2010 წლის 25 მარტის №.. ბრძანებით შეთანხმებული პროექტისა და 2010 წლის 30 მარტს გაცემული №..... მშენებლობის ნებართვის საფუძველზე ო.ხ.ის მიერ აშენებული შენობა-ნაგებობის ნაწილი.
სსიპ ლ.ს.ის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2011 წლის 3 თებერვლის №..... დასკვნით, სადავო მიწის ნაკვეთი შედიოდა იმ ნაკვეთის შემადგენლობაში, რომელიც 2004 წლის 10 აგვისტოს ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე მ.ლ. და გ.მ. საკუთრებაში გადავიდა (ექსპერტიზის დასკვნაში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა: ხელშეკრულების თარიღად, ნაცვლად 10 აგვისტოსი, მითითებულია 26 აგვისტო).
გარდა ექსპერტიზის მითითებული დასკვნისა, სააპელაციო სასამართლომ, სადავო გარემოების დამტკიცებულად ცნობის დასასაბუთებლად, მიუთითა საჯარო რეესტრსა და ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის არქივში არსებულ სარეგისტრაციო (სააღრიცხვო) მასალებზე, რომლებსაც, ასევე, დაეყრდნო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა 2013 წლის 7 მარტის გადაწყვეტილების გამოტანისას, კერძოდ: ქალაქ ქუთაისის მიწის მართვის სამმართველომ მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების 1998 წლის 21 ივნისის აქტით, ქუთაისის საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1970 წლის 13 მაისის №…. სხდომის ოქმის საფუძველზე, სს „ქ.ს“ ადგილზე დაუმაგრა 16421 მ2 მიწის ნაკვეთი, მდებარე ქუთაისში, ……. მიღება-ჩაბარების აქტის შემადგენელი ნაწილით, მიწის ნაკვეთის გეგმით, დგინდებოდა, რომ სადავო მიწის ნაკვეთი მოიცავდა სს „ქ.ს“ საკუთრებაში არსებულ 16421 კვ.მ მიწის ნაკვეთს.
საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 2000 წლის 16 ოქტომბერს გაცემული მიწის (უძრავი ქონების) საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობით, სს „ქ.ს“ საკუთრებად აღირიცხა დაუზუსტებელი 16421 მ2 მიწის ნაკვეთი. სარეგისტრაციო მოწმობაზე არსებული საკადასტრო გეგმით ირკვეოდა, რომ სს „ქ.ს“ საკუთრებაში არსებული 16421 მ2 მიწის ნაკვეთი მოიცავდა სადავო მიწის ნაკვეთს.
2004 წლის 28 ივლისს სს „ქ.მ“ განცხადებით მიმართა ქუთაისის ზონის რეგისტრატორს სს „ქ.ს“ საკუთრებაში არსებული, ზემოთ აღნიშნული მიწის ნაკვეთის სამ ნაწილად დაყოფის თაობაზე, წარდგენილი გეგმა-ანაზომის მიხედვით, საქმეში დაცულ ტოპოგრაფიულ გეგმაში მითითებული იყო, რომ ნაკვეთი დაიყოს: ნაკვეთი №1 – 14500 მ2-ად; ნაკვეთი №2 – 1360 მ2-ად; ნაკვეთი №3 – 757 მ2-ად. აღნიშნული გეგმის მიხედვით, ნაკვეთი №2 მოიცავს სადავო მიწის ნაკვეთს. ასეთივე სახით დარეგისტრირდა №2 მიწის ნაკვეთი სს „ქ.ს“ საკუთრებად საჯარო რეესტრში 2004 წლის 28 ივლისს.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე და აღნიშნა, რომ მოსარჩელემ (აპელანტმა) სარჩელი დააფუძნა იმ გარემოებას, რომ სადავო მიწის ნაკვეთი რეალურად მას ეკუთვნის, მოპასუხე კი, ხელს უშლის სარგებლობაში, რის გამოც ითხოვა ხელშეშლის აღკვეთა.
საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის, სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის, 172-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, პალატამ აღნიშნა, რომ სადავო მიწის ნაკვეთი ეკუთვნოდათ მ.ლ.სა და გ.მ.ს, ხოლო ო.ხ. ხელს უშლიდა მესაკუთრეებს ამ ნაკვეთით შეხედულებისამებრ სარგებლობაში აპელანტების კუთვნილ მიწაზე მშენებლობის წარმოებით.
ამდენად, სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნის ნაწილში სარჩელი საფუძვლიანი იყო და უნდა დაკმაყოფილებულიყო.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ო.ხ.მ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:
კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებითა და შემდგომ საჯარო რეესტრის №...... გადაწყვეტილების საფუძველზე, გ.მ. და მ.ლ. სადავო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეებს არ წარმოადგენენ და მათ, მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, არც ხელშეშლის აღკვეთაში კანონისმიერი უფლება გააჩნდათ. სასამართლომ ამ ნაწილში კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეცვალა და მოთხოვნის ფარგლებს გასცდა, ხოლო გადაწყვეტილებით დაადგინა, რომ სადავო მიწის ნაკვეთი მ.ლ.სა და გ.მ.ს ეკუთვნით, მაშინ, როდესაც განსახილველ საქმეზე დავის საგანს ხელშეშლის აღკვეთა შეადგენდა.
სასამართლომ არასწორად და კანონის დარღვევით დამტკიცებულად ცნო, რომ სადავო მიწის ნაკვეთი, რომელზეც ხელშეშლა მოითხოვეს აპელანტებმა, მდებარეობს: ქ.ქუთაისში,....... (ყოფილი ........), მ.ლ. და გ.მ. კუთვნილი შენობის (საკადასტო კოდი N.....) აღმოსავლეთით მდებარე 3.5 მეტრი სიგანის და 34.5 მეტრი სიგრძის მქონე ზოლის სახით.
სასამართლო გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ ო.ხ.ს 2012 წლის 25 იანვრის განჩინებით სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების მიზნით აეკრძალა ქ.ქუთაისში, .... მშენებლობის წარმოება, რაც არასწორია. 2013 წლის 7 მარტის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების თანახმად, მ.ლ.სა და გ.მ.ის სარჩელი მშენებლობის პროექტისა და ნახაზების ციფრული ვერსიის ბათილად ცნობის ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 28 მაისის განჩინებით ო.ხ.ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა ო.ხ.ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნას მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
განსახილველ შემთხვევაში, ადმინისტრაციული სამართალწარმოების ფარგლებში, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ საქმეში არსებული საკადასტრო რუკის შესაბამისად (სარეგისტრაციო №........; თარიღი: 26.10.04; საკადასტრო № ზონა .., სექტორი .., კვარტალი .., ნაკვეთი ..; მისამართი: რუსთაველის №...; ფართობი 1360 კვ.მ.) სადავო მიწის ნაკვეთი შედის მ.ლ.სა და გ.მ.ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთის საზღვრებში;
1998 წლის 21 ივნისის მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტით ირკვევა, რომ ქალაქ ქუთაისის მიწის მართვის სამმართველომ ქუთაისის საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1970 წლის 13 მაისის №… სხდომის ოქმის საფუძველზე დაუმაგრა ადგილზე სს „ქ.ს“ მიწის ნაკვეთი ფართობით 16 421 კვ.მ. მდებარე ქ.ქუთაისში, ..... მიღება-ჩაბარების აქტის შემადგენელი ნაწილით - მიწის ნაკვეთის გეგმით დგინდება, რომ სადავო ტერიტორიას მოიცავს სს „ქ.ს“ საკუთრებაში არსებული 16 421 კვ.მ მიწის ნაკვეთი;
საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 2000 წლის 16 ოქტომბერს გაცემული მიწის (უძრავი ქონების) საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობით ირკვევა, რომ სს „ქ.ს“ საკუთრებად აღირიცხა დაუზუსტებელი 16 421 კვ.მ მიწის ნაკვეთი (განაცხადის რეგისტრაციის №...., თარიღი: :....; სარეგისტრაციო ზონა: ქუთაისი, კოდი ..; სექტორი: ავტოქარხანა, კოდი ...; კვარტლის №...; ნაკვეთის №..; მისამართი: ....... №..; ნაკვეთის ფუნქცია: არასასოფლო-სამეურნეო);
სარეგისტრაციო მოწმობაზე არსებული საკადასტრო გეგმის მიხედვით ასევე ირკვევა, რომ სს „ქ.ს“ საკუთრებაში არსებული 16421 კვ.მ მიწის ნაკვეთი მოიცავს სადავო ტერიტორიას. 2004 წლის 28 ივლისს სს „ქ.ს“ დირექტორმა ჯ.კ.მა განცხადებით მიმართა ქუთაისის ზონის რეგისტრატორს სს „ქ.ს“ საკუთრებაში არსებული (ს.№.....) მიწის ნაკვეთის სამ ნაწილად დაყოფის თაობაზე წარდგენილი გეგმა-ანაზომის მიხედვით;
საქმეში დაცულ ტოპოგრაფიულ გეგმაში მითითებულია: ნაკვეთი დაიყოს: ნაკვეთი №1 – 14500 კვ.მ; ნაკვეთი №2 – 1360 კვ.მ; ნაკვეთი №3 – 757 კვ.მ.
აღნიშნული გეგმის მიხედვით ნაკვეთი №2 მოიცავს სადავო მიწის ნაკვეთს.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, სადავო მიწის ნაკვეთზე მოსარჩელეთა უფლების არსებობა, გარდა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებისა, დაუკავშირა სსიპ ლ.ის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს საექსპერტო კვლევასა და საქმეში წარმოდგენილ მიწის მიღება-ჩაბარების აქტს.
კასატორს ამ კუთხით დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია. ამასთანავე, საკასაციო სასამართლო მოიხმობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ ერთგვაროვან პრაქტიკას, რომლის თანახმადაც „მიწა შეიძლება არსებობდეს საკუთრებაში, როგორც დაუზუსტებელი, ისე დაზუსტებული მონაცემებით. კანონმდებლობა არ შეიცავს დაუზუსტებელი მონაცემებით მიწის ნაკვეთის სუბიექტზე აღრიცხვის გამომრიცხავ დანაწესს. ამასთანავე, პირველად დაუზუსტებელ რეგისტრაციას არ აქვს მხოლოდ საცნობარო მნიშვნელობა, უმართებულოა მისი დაყვანა მხოლოდ ფაქტობრივ აღრიცხვამდე, რომელიც აღრიცხვის ობიექტის მიმართ არ იწვევს რაიმე სამართლებრივ შედეგს. სააღრიცხვო მონაცემებს იურიდიული მნიშვნელობა გააჩნია. სარეგისტრაციო პროცედურას შედეგად მოსდევს უფლებადამდგენი დოკუმენტის გაცემა“ (იხ. სუსგ, 28 თებერვალი, 2013 წ., საქმე №ბს-367-363(კ-12)). საქმეზე Nბს-359-349(4კ-13), 24 აპრილი, 2014წ. სასამართლომ განმარტა შემდეგი: „საერთო წესის მიხედვით ბოლო ჩანაწერი ძალას უკარგავს ადრინდელ ჩანაწერს. მოცემულ შემთხვევაში თვითმმართველობის ორგანოს სახელზე განხორციელებული სადავო ჩანაწერით არ გაუქმებულა ვ. მ-ის სახელზე არსებული ჩანაწერი, სახეზეა ერთი და იმავე ობიექტზე სხვადასხვა კოორდინატთა სისტემაში ორი ჩანაწერის კონკურენცია, რომლის პირობებშიც უპირატესობა უნდა მიენიჭოს იმ უფლებას, რომელიც ქრონოლოგიურად უფრო ადრე არის რეგისტრირებული, ვინაიდან წინმსწრები რეგისტრაციის ჩანაწერის მოქმედება გამორიცხავს შემდეგი ჩანაწერის კანონიერებას.“; საქმეზე Nბს-367-363(კ-12), 28 თებერვალი, 2013 წ. საკასაციო პალატამ აღნიშნა, რომ „საგანთა ნამდვილი მდგომარეობა და რეგისტრირებული მონაცემები უნდა იყოს თანხვედრაში, ხოლო დუბლირების და პარალელიზმის გამოვლენის შემთხვევაში უნდა გაირკვეს საკითხი იმის შესახებ, თუ რომელს გააჩნია უკეთესი სამართლებრივი საფუძველი. ხ. მ-ის სახელზე გაცემული მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი, სარეგისტრაციო მოწმობა ქმნიდნენ ნაკვეთის ხ. მ-ის სახელზე აღრიცხვის მყარ საფუძველს. მხედველობაშია მისაღები აგრეთვე რეგისტრირებულ უფლებათა რიგითობა“.
ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, რომელიც შეეხება სადავო ქონებაზე მოსარჩელეთა უფლებას, სრულად შეესაბამება დამკვიდრებულ ერთგვაროვან პრაქტიკას (იხ. სუსგ №ას-314-299-2013, 17 აპრილი, 2015 წელი).
რაც შეეხება კასატორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლო გასცდა დავის საგანს და ხელშეშლის აღკვეთის თაობაზე წარდგენილი სარჩელის განხილვისას მოსარჩელეებს მიაკუთვნა ქონება, პალატა ვერ გაიზიარებს, რადგანაც სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული საკუთრების უფლების დამცავი სარჩელის განხილვისას სავალდებულოა დადგინდეს შემდეგი: მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე, მოპასუხე უნდა ფლობდეს ნივთს და მოპასუხის არამართლზომიერი ფლობით უნდა ირღვეოდეს მესაკუთრის გარანტირებული უფლება საკუთრებით თავისუფალი სარგებლობისა.
ვინაიდან ნეგატორული სარჩელის განხილვისას მტკიცების საგანში შემავალ ფაქტს წარმოადგენს მოსარჩელის საკუთრების უფლება ქონებაზე, სააკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სააპელაციო სასამართლოს არ დაურღვევია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის მოთხოვნები.
ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვთ წარმატების პერსპექტივა.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ო.ხ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
რაც შეეხება დაზუსტებულ საკასაციო საჩივარზე დართულ მტკიცებულებებს, პალატა მიიჩნევს, რომ ისინი უნდა დაუბრუნდეს მხარეს, რადგანაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. აღნიშნული ნორმა ადგენს საკასაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების შეფასების პროცესუალურ ფარგლებს და მისი შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითება და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა არ დაიშვება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არ აქვთ. დასახელებული ნორმის დისპოზიციისა და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საკასაციო სამართალწარმოების ეტაპზე მტკიცებულებათა მიღების შესაძლებლობას კანონმდებლობა არ ითვალისწინებს, პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს დაზუსტებულ საკასაციო საჩივარზე დართული მტკიცებულებები 4 (ოთხი) ფურცლად.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ ო.ხ.ს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2014 წლის 23 მაისის N1 საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით, 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ო.ხ.ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ ო.ხ.ს (პ/N.....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2014 წლის 23 მაისის N1 საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი.
3. კასატორს დაუბრუნდეს დაზუსტებულ საკასაციო საჩივარზე დართული მტკიცებულებები 4 (ოთხი) ფურცლად.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
პ. ქათამაძე