Facebook Twitter

№ას-523-496-2014 30 აპრილი, 2015 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – დ. ა-ე

მოწინააღმდეგე მხარე – მ. ფ-ე

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 25 მარტის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილება, კერძოდ, მ. ფ-ისათვის მის სასარგებლოდ 10000 აშშ დოლარის დაკისრება

დავის საგანი – ბეს ხელშეკრულების ბათილად ცნობა, თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა დ. ა-ემ მოპასუხე მ. ფ-ის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა:

1. 2013 წლის 8 თებერვალს მასა და მოპასუხეს შორის გაფორმებული ბეს ხელშეკრულების ბათილად ცნობა;

2. მ. ფ-ისთვის მის სასარგებლოდ 30000 აშშ დოლარის დაკისრება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილებით:

1. დ. ა-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;

2. ბათილად იქნა ცნობილი დ. ა-ესა და მ. ფ-ეს შორის 2013 წლის 8 თებერვალს გაფორმებული ბეს გადახდის ხელშეკრულება, როგორც ფორმის დაუცველად დადებული გარიგება;

3. დ. ა-ის მოთხოვნა მოპასუხისათვის 30000 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მ. ფ-ეს დ. ა-ის სასარგებლოდ დაეკისრა 10000 აშშ დოლარის გადახდა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა, სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ფ-ემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 25 მარტის გადაწყვეტილებით:

1. მ. ფ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება;

3. დ. ა-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა;

4. დ. ა-ეს მ. ფ-ის სასარგებლოდ დაეკისრა ამ უკანასკნელის მიერ გაღებული სასამართლო ხარჯების: სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 770 ლარისა და ადვოკატის მომსახურების საფასურის 1000 ლარის გადახდა.

სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილებით საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ:

2013 წლის 8 თებერვალს მ. ფ-ესა და დ. ა-ეს შორის გაფორმდა ბეს ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, ბეს მიმცემმა ბეს მიმღებს გადასცა 10000 აშშ დოლარი;

ხელშეკრულების თანახმად, აღნიშნული ფულადი თანხა – ბე წარმოადგენდა უძრავ ნივთზე (მდებარე ქ.თბილისში, დაბა წყნეთში, თ. მ. ჩიხის გზის მარცხენა მხარეს (52-17), ნაკვეთის ფუნქცია: არასასოფლო- სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 3008.00კვ.მ., ნაკვეთის წინა ნომერი: ---, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: N---, საკადასტრო კოდი: ---) ნასყიდობის ხელშეკრულების დადების მტკიცებულებას და ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალებას;

ხელშეკრულების შესაბამისად, თანხა ჩაითვლებოდა ძირითადი ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის ანგარიშში, რომელიც შეადგენდა 310000 აშშ დოლარს. შესაბამისად, გადასახდელი დარჩებოდა 300000 აშშ დოლარი;

ხელშეკრულება ითვალისწინებდა, რომ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ბეს მიმღები ვალდებული იყო უკან დაებრუნებინა ბეს სამმაგი ოდენობა - 30000 აშშ დოლარი. ბეს მიმცემის ბრალით ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ბე, 10000 აშშ დოლარის ოდენობით უნდა დარჩენილიყო ბეს მიმღებთან;

მხარეთა შორის 2013 წლის 8 თებერვალს გაფორმებული ბეს გადახდის ხელშეკრულება დამოწმებული იყო სანოტარო წესით. იგი მხარეებს საჯარო რეესტრში დადგენილი წესით არ დაურეგისტრირებიათ;

მხარეთა შორის სადავო არ იყო, რომ 2013 წლის 8 თებერვალს ბეს ხელშეკრულების საფუძველზე, მოსარჩელე დ. ა-ისგან მოპასუხე მ. ფ-ემ მიიღო 10000 აშშ დოლარი;

უძრავი ქონება (მდებარე ქ.თბილისში, დაბა წყნეთში, თ. მ. ჩიხის გზის მარცხენა მხარეს (52-17), ნაკვეთის ფუნქცია: არასასოფლო- სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 3008.00კვ.მ., ნაკვეთის წინა ნომერი: 52, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: N---, საკადასტრო კოდი: ---) წარმოადგენდა მ. ფ-ის საკუთრებას;

მოსარჩელემ ვერ დაადასტურა მის მიერ მითითებული გარემოებები იმის შესახებ, რომ მოპასუხის მიწის ნაკვეთს გააჩნდა ნაკლი და, რომ ეს ფაქტი მოპასუხემ მას დაუმალა.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა იმის თაობაზე, რომ მხარეთა შორის 08.02.2013 წელს დადებული ბე-ს ხელშეკრულება ბათილი იყო კანონით დადგენილი ფორმის დაუცველობის გამო.

სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ უძრავი ქონების ნასყიდობის თაობაზე დადებული ბე-ს ხელშეკრულების ფორმა უნდა შეესაბამებოდეს იმ ფორმას, რაც კანონით დადგენილია უძრავი ნივთების შესაძენად, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 323-ე მუხლით დადგენილ წერილობით ფორმას. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, სადავო არ იყო, რომ ბე-ს ხელშეკრულება დაიდო წერილობით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საჯარო რეესტრში უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე სანივთო უფლებას ადასტურებდა და იგი ვერ იქნებოდა გარიგების ფორმის განმსაზღვრელი კომპონენტი.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა 2013 წლის 8 თებერვალს მხარეებს შორის გაფორმებული ბეს ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძველი ფორმის დაუცველობის გამო.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია ასევე, რომ, ვინაიდან ბეს ხელშეკრულება დაიდო კანონით დადგენილი ფორმის დაცვით და არ არსებობდა მისი ბათილად ცნობის საფუძველი, არ არსებობდა ასევე სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, უსაფუძვლო გამდიდრების წესით ბე-ს სახით გადაცემული თანხის დაბრუნების საფუძველი.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა დ. ა-ემ.

საკასაციო საჩივრის საფუძვლები:

სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 69-ე და 323-ე მუხლები, რომლებიც ზოგადი ნორმებია და არ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლი და 311¹-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლებიც იმპერატიული ხასიათის ნორმებია. დამკვიდრებული სასამართლო პრაქტიკის მიხედვით, ბეს გადაცემის ხელშეკრულების ფორმა უნდა შეესაბამებოდეს უძრავ ნივთზე საკუთრების შეძენისათვის გათვალისწინებულ ფორმას. ზემოხსენებული ნორმების ანლიზი ცხადყოფს, რომ წერილობითი ფორმით დადებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება ძალაში შედის მხოლოდ ამ ხელშეკრულების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან. განსახილველ შემთხვევაში, წერილობით დადებული ბეს გადახდის 08.02.2013 წლის ხელშეკრულება ბათილია, ვინაიდან იგი არაა რეგისტრირებული საჯარო რეესტრში;

სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლი და 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი;

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ დ. ა-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

კასატორის მოსაზრებით, ბეს გადახდის 08.02.2013 წლის ხელშეკრულება ბათილია, ვინაიდან იგი არ არის დადებული კანონით დადგენილი ფორმის დაცვით, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 183-ე და 3111-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, არ არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ბე წარმოადგენს ხელშეკრულების დადების ფაქტის მტკიცებულებას (სკ-ის 421-ე მუხლი) და იმავდროულად ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალებას (სკ-ის 416-ე, 422-ე და 423-ე მუხლები). საკასაციო პალატა იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ დამკვიდრებული სასამართლო პრაქტიკის თანახმად, უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების დადების ფაქტის დასადასტურებლად ბეს გადაცემის ხელშეკრულების ფორმა უნდა შეესაბამებოდეს უძრავ ნივთზე საკუთრების გადასვლის ხელშეკრულების ფორმას, თუმცა პალატა ვერ დაეთანხმება კასატორის იმ მოსაზრებას, რომ უძრავ ნივთზე საკუთრების გადასვლის ვალდებულებითსამართლებრივი ხელშეკრულების ფორმას, წერილობით ფორმასთან ერთად, წარმოადგენს ასევე ხელშეკრულების საჯარო რეესტრში რეგისტრაცია.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ უძრავ ნივთზე საკუთრების გადასვლის ვალდებულებითსამართლებრივი ხელშეკრულების ფორმას განსაზღვრავს სამოქალაქო კოდექსის 323-ე მუხლი, რომლის მიხედვით, ხელშეკრულება, რომლითაც ერთი მხარე იღებს ვალდებულებას, უძრავ ნივთზე საკუთრება გადასცეს სხვას ან შეიძინოს იგი, მოითხოვს წერილობით ფორმას. რაც შეეხება სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლს, ეს ნორმა წერილობით ფორმასთან ერთად განამტკიცებს უძრავ ნივთზე საკუთრების გადასვლის აუცილებელ წინაპირობასა და საკუთრების გადასვლის მომენტს - რეგისტრაციას საჯარო რეესტრში. უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის ფაქტს ის დანიშნულება გააჩნია, რომ შემძენი მესამე პირების წინაშე მესაკუთრის სტატუსით აღიჭურვება, ვინაიდან უძრავი ქონების შემძენის საჯარო რეესტრში მესაკუთრედ რეგისტრაციამდე, ერთადერთ მესაკუთრედ ითვლება გამსხვისებელი (სკ-ის 312-ე მუხლი). როგორც აღინიშნა, სამოქალაქო კოდექსის 323-ე მუხლი განსაზღვრავს უძრავ ნივთზე საკუთრების გადასვლის ვალდებულებითსამართლებრივი ხელშეკრულების ფორმას, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ფორმის დაცვით დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, მიუხედავად იმისა, რეგისტრირებულია თუ არა იგი საჯარო რეესტრში, წარმოშობს ნასყიდობის მომწესრიგებელი ნორმებით გათვალისწინებულ მხარეთა უფლება-მოვალეობებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საჯარო რეესტრში რეგისტრაცია არის არა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების ფორმა, არამედ უძრავ ნივთზე საკუთრების გადასვლის აუცილებელი წინაპირობა, შესაბამისად, მისი დაუცველობა იწვევს არა ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობას, არამედ იმას, რომ შემძენი არ მიიჩნევა შეძენილი უძრავი ქონების მესაკუთრედ და კარგავს ამ ქონების კეთილსინდისიერ შემძენთან შედავების უფლებას (სკ-ის 185-ე მუხლი).

არასწორია ასევე კასატორის მითითება სამოქალაქო კოდექსის 3111-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის მიხედვით, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე დადებული გარიგებები ძალაში შედის ამ გარიგებებით განსაზღვრული უფლებების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან.

საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლი, რომელზედაც უთითებს კასატორი, უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების ძალაში შესვლას, ანუ ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული უფლება-მოვალეობების წარმოშობას არ უკავშირებს საჯარო რეესტრში ხელშეკრულების რეგისტრაციის ფაქტს. საკასაციო პალატის მოსაზრებით, სამოქალაქო კოდექსის 3111-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ ერთ-ერთ შემთხვევას წარმოადგენს არა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების საჯარო რეესტრში რეგისტრაცია, არამედ ამავე კოდექსის 289-ე მუხლის (იპოთეკის რეგისტრაცია) პირველი ნაწილი, რომლის მიხედვით, იპოთეკა იურიდიულ ძალას იძენს საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან.

განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ ბეს გადახდის 08.02.2013 წლის ხელშეკრულება დადებულია წერილობით და მხარეთა ხელმოწერები დამოწმებულია სანოტარო წესით, შესაბამისად, სწორია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომ კანონით გათვალისწინებული ფორმის დაუცველობის მოტივით ამ ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე გამსხვისებლისათვის გადაცემული ბეს (10000 აშშ დოლარის) მყიდველისათვის დაბრუნების საფუძველი არ არსებობს.

საკასაციო პალატის მოსაზრებით, სამოქალაქო კოდექსის 423-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, ბეს მიმცემს (მოსარჩელეს) შესაძლებელია ჰქონოდა ბეს მიმღებისაგან (მოპასუხისაგან) ბეს ორმაგად დაბრუნების მოთხოვნის უფლება, თუ იგი დაამტკიცებდა, რომ ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვია ბეს მიმღების ბრალეულმა მოქმედებამ. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მიუთითებდა, რომ მოპასუხემ მას ნაკლის მქონე მიწის ნაკვეთი მიყიდა და, შესაბამისად, ბრალეულად დაარღვია ვალდებულება. აღნიშნულთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა და სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მოსარჩელემ ვერ შეძლო მის მიერ მითითებული გარემოების დადასტურება. ეს ფაქტობრივი გარემოება სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სსკ-ის 407.2 მუხლი), შესაბამისად, მოსარჩელეს არც სამოქალაქო კოდექსის 423-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე გააჩნია მოთხოვნის უფლება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას დ. ა-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გ. ჭ-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (886.00 ლარი) 70% – 620.20 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დ. ა-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორ დ. ა-ეს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გ. ჭ-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (886.00 ლარი, საგადახდო დავალება N 1, გადახდის თარიღი – 2014 წლის 2 ივნისი) 70% – 620.20 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება;

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე