საქმე №ას-53-48-2015 2 აპრილი, 2015 წელი,
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ს.კ. (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შ.კ. (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 26 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი – შვილად აყვანის ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ს.კ.მა სარჩელი აღძრა სასამართლოში შ.კ.ის მიმართ გარდაცვლილი ი.კ.ის მიერ შ.მ.ის შვილად აყვანის ბათილად ცნობის მოთხოვნით შემდეგ გარემოებათა გამო:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 1 ივლისის გადაწყვეტილებით, საბერძნეთის მოქალაქემ, 85 წლის ი.კ.მა 38 წლის შ.მ. იშვილა და თავისი გვარი მიაკუთვნა.
აღნიშნული შვილად აყვანა ბათილია, რადგანაც მოპასუხე მშვილების გარდაცვალებამდე მოვლისათვის განკუთვნილ ანაზღაურებას იღებდა. შვილების შესახებ ი.კ.ის ოჯახის წევრებმა, მოსარჩელე ს.კ.მა არაფერი იცოდნენ. შვილად აყვანა არ ემსახურებოდა კანონის მიზნებს და შვილად აყვანისათვის დამახასიათებელი ურთიერთობა არ წარმოშობილა.
შ.კ.მა სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა შემდეგი საფუძვლებით:
არასწორია მოსარჩელის მსჯელობა მხარეთა შორის ფაქტობრივი საოჯახო ურთიერთობის არარსებობის თაობაზე, მითითებული გარემოებები სარჩელზე დართული მტკიცებულებებით არ დასტურდება
ა. ქ.მა, შესაძლოა, მართლაც მიიღო რაიმე სახის მონაწილეობა ნ. კ.ის დაკრძალვის ორგანიზებაში და ეს ბუნებრივიცაა, ვინაიდან იგი აწ განსვენებულ ნ..ის ერთადერთი სისხლისმიერი ნათესავი და ანდერძისმიერი მემკვიდრე იყო, თუმცა ეს არ ადასტურებს იმას, რომ მოპასუხემ, როგორც ნაშვილებმა მამას თანადგომა არ გაუწია და მის გარდაცვლილ მეუღლეს შესაფერისი პატივი არ მიაგო. პირიქით, ი.კ.მა სწორედ მისი ყურადღებისა და მზრუნველობის პირობებში გადაიტანა ეს პერიოდი. ა.ქ.ს ჩვენების მტკიცებულებად მითითება არასწორია, რადგან იგი იმ სასამართლომაც არ გაიზიარა, რომელსაც ჩვენება მისცა.
გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილებით ს.კ.ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 26 ნოემბრის განჩინებით ს.კ.ის სააპელაციო საჩვარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2014 წლის 28 იანვრის საოქმო განჩინება მტკიცებულებათა დართვაზე უარის თქმის შესახებ შემდეგი დასაბუთებით:
სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელე შვილად აყვანის ბათილობას, სამოქალაქო კოდექსის 1272-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე ითხოვდა, და აღნიშნა, რომ ბათილად ცნობის მნიშნელოვან საფუძველს მისი ფიქციური ხასიათი წარმოადგენს, ანუ როცა შვილად აყვანა იმ განზრახვის გარეშე ხდება, რომ შვილად ამყვანსა და ნაშვილებს შორის რეალური საოჯახო-სამართლებრივი ურთიერთობა წარმოიშვას. ამ ნორმის მიხედვით ფიქციურობის ელემენტები უნდა გამოვლინდეს შვილად აყვანის შემდეგ. მოცემულ შემთხვევაში ეს პერიოდი მოიცავს დროის მონაკვეთს შვილად აყვანიდან - 2009 წლის 1 ივლისიდან, ი.კ.ის გარდაცვალებამდე - 2010 წლის 25 იანვრამდე დროის მონაკვეთს, ანუ დაახლოებით 7 თვეს. ამ პეროდში უნდა გამოვლენილიყო გარემოებები, რომლებიც შვილად აყვანის ფიქციურობაზე მიუთითებდა.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ აპელანტის ძირითადი არგუმენტაცია იმაში მდგომარეობდა, რომ შ.კ. შვილად აყვანის შემდეგ საქართველოში დარჩა და საბერძნეთში გვიან, 2009 წლის დეკემბერში ჩავიდა, შესაბამისად, მშვილებელს ვერ უვლიდა.
სასამართლოს განმარტებით, ვინაიდან შვილად ამყვანი საბერძნეთის მოქალაქე იყო, მის მიერ ნაშვილებ შ.კ.ს საბერძნეთის რესპუბლიკაში ცხოვრების უფლების მოსაპოვებლად მთელი რიგი საბუთები დასჭირდებოდა. შ.კ.მა ემიგრაციის ნებართვა საქართველოს იუსტიციის სამინისტროდან 2009 წლის 16 დეკემბერს მიიღო, ხოლო ბინადრობის მოწმობაზე განაცხადი 2009 წლის 18 დეკემბერს წარადგინა, ბინადრობის მოწმობა კი, 2011 წლის 1 დეკემბერს იქნა გაცემული. საბერძნეთში ცხოვრებისათვის აუცილებელი საბუთები შ.კ.მა 2009 წლის ბოლოს მოიპოვა, რის გამოც მის მიერ ამ პერიოდში საბერძნეთში გაუმგზავრებლობა (მათ შორის შ.კ.ის არყოფნა ი.კ.ის მეუღლის გარდაცვალებისას) არ შეიძლებოდა შვილად აყვანის ფიქციურობით ახსნილიყო.
პალატამ არ გაიზიარა აპელანტის არგუმენტი, რომელიც შეეხებოდა მოწმეთა ჩვენებების მიხედვით იმ გარემოების დადგენას, თუ რა განზრახვა ჰქონდა ი.კ.ს შ.კ.ის შვილად აყვანისას. აპელანტი მიუთითებდა ა.ქ.ს ჩვენებაზე, რომლის თანახმადაც, ი.კ.ს არ უთქვამს მისთვის, რომ აპირებდა შვილად აყვანას. აპელანტი ასევე მიუთითებდა სხვა მოწმეთა ჩვენებზეც. საგულისხმოა, რომ 2009 წლის 1 ივლისის გადაწყვეტილების შედეგად შვილად აყვანა უკვე იურიდიულ ფაქტს წარმოადგენდა. იგი დაადგინა, როგორც საქართველოს სასამართლომ, ასევე ცნობილ იქნა საბერძნეთის სასამართლოს მიერ, სასამართლოს მოსაზრებით, ვიდრე ამ გადაწყვეტილებათა გადასინჯვა არ მოხდებოდა, ვერ იქნებოდა გაზიარებული მოსაზრება იმის თაობაზე, რომ შვილება არ გამომდინარეობდა მხარეთა ნებიდან თუ კანონის მოთხოვნიდან, შესაბამისად, მოწმეთა ჩვენებებს იმ ფაქტების დასადგენად, თუ რა ხდებოდა 2009 წლის 1 ივლისამდე (მათ შორის იყო თუ არა მამა-შვილური ურთიერთობა შვილად ასაყვანსა და მშვილებელს შორის) მოცემული დავის განხილვისას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ჰქონდათ. აპელანტის მიერ მოხმობილი ის გარემოებაც, რომ ი.კ.მა არავითარი მოქმედება არ განხორციელა 2009 წლის 1 ივლისის გადაწყვეტილების საბერძნეთში ცნობისა და აღსრულებისათვის, ასევე არ წარმოადგენდა საფუძველს შვილად აყვანის ფიქციურობის დასადგენად.
საგულისხმო იყო ის ფაქტი, რომ აპელანტი ასევე ასაჩივრებდა 2014 წლის 28 იანვრის საოქმო განჩინებას მტკიცებულებათა დართვაზე უარის თქმის შესახებ. კერძოდ, აპელანტმა 2014 წლის 28 იანვრის სხდომაზე ორი ახალი მტკიცებულება წარადგინა, ცნობა დაკრძალვის ხარჯების შესახებ და გრაფიკული ექსპერტიზის დასკვნა. იმავე სხდომაზე საოქმო განჩინებით შუამდგომლობა იმ მოტივით არ დაკმაყოფილდა, რომ იგი წარდგენილი წერილობითი სახით არ ყოფილა, მით უფრო, რომ, ეს ახალი შუამდგომლობა არ ყოფილა. იმავე სხდომაზე მოსამართლის მიერ განჩინებაზე მსჯელობისას ასევე აღნიშნულ იქნა, რომ გრაფიკული ექსპერტიზის დასკვნას კავშირი არ ჰქონდა განსახილველ საკითხთან.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის პირველ ნაწილზე და აღნიშნა, რომ როგორც საქმის მასალებით ირკვეოდა, 2014 წლის 28 იანვარს მთავარი სხდომა ტარდებოდა, ხოლო მხარემ ახალ საპატიო გარემოებად ის მოიტანა, რომ გრაფიკული ექსპერტიზის დასკვნა მხოლოდ 2014 წლის 17 იანვარს მომზადდა.
სასამართლოს განმარტებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, მტკიცებულების წარდგენა მხარის საპროცესო მოვალეობას წარმოადგენდა, რაც, მოცემულ შემთხვევაში, მხარემ მთავარ სხდომაზე განახორციელა. ის გარემოება, რომ ექსპერტიზა მხოლოდ 2014 წელს ჩატარდა საპატიოს მიზეზს არ წარმოადგენდა, ვინაიდან მხარეს შეეძლო მისთვის საინტერესო საკითხზე ექსპერტიზა საქმის მომზადების ეტაპზეც ან მანამდე ჩაეტარებინა, რომელიც (მომზადების ეტაპი) 2013 წლის სექტემბრიდან 2013 წლის 25 დეკემბრამდე გაგრძელდა. ცნობა დაკრძალვის ხარჯების შესახებ 2010 წლის იანვარში იქნა გაცემული და მისი წარდგენაც მხარეს საქმის მომზადების ეტაპზე შეეძლო. გრაფიკული ექსპერტიზის დასკვნა, როგორც მტკიცებულება, ფიქციურობის გამო შვილად აყვანის ბათილობის თაობაზე სარჩელის განხილვისას, არ წარმოადგენდა განკუთვნად მტკიცებულებას, თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104–ე მუხლის პირველი ნაწილისა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ს.კ.მა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:
სააპელაციო სასამართლოს განჩინება მიღებულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, არ შეესაბამება სამოქალქო საპროცესო კოდექსის 244-ე მუხლის მოთხოვნებს, რომელიც განსაზღვრავს სასამართლოს მიერ ყველა ფაქტობრივი გარემოების შეფასების ვალდებულებას და იმის გარკვევას რომელი ფაქტებია დადგენილი და რომელი დაუდგენელი.
სასამართლომ დაარღვია როგორც მატერიალური, ისე საპროცესო კანონმდებლობა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 249-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნის გვერდის ავლით, განჩინების აღწერილობით ნაწილში არ იმსჯელა, რატომ მიიჩნია უდავო ფაქტობრივ გარემოებად ი.კ.ის (მშვილებლის) ოჯახში ამ უკანასკნელის გარდაცვალებამდე მოპასუხის ცხოვრება და მუშაობა. საქმეში არსებული უტყუარი მტკიცებულებებით კერძოდ, საქართველოს შს სამინისტროს 2012 წლის 27 დეკემბრის საზღვრის კვეთის ცნობით N……ირკვევა, რომ მოპასუხე 2009 წლის 16 აპრილიდან 2009 წლის 14 დეკემბრამდე საბერძნეთში არ იმყოფებოდა. ამრიგად, უდავო ფაქტობრივი გარემოება არის ის, რომ მოპასუხემ მიიღო რა მისთვის სასურველი დოკუმენტი შვილების თაობაზე, მიაღწია მიზანს და შემდეგ მთელი ცხრა თვის განმავლობაში 84 წლის დასნეულებული მოხუცი მიატოვა, მაშინ, როდესაც, როგორც ექიმი (მით უმეტეს შვილი), ვალდებული იყო სიმსივნით დაავადებული მშვილებლისათვის მიეხედა. ი.კ.სა და შ.მ.ს შორის არც შვილებამდე არსებობდა მშობლისა და შვილის ფაქტობრივი ურთიერთობა და არც შემდგომ წარმოშობილა. კანონი ცალსახად განსაზღვრავს, რომ სრულწლოვანი პირის შვილება გამონაკლისის სახით შეიძლება, როცა მშვილებელსა და ნაშვილებს შორის მშობლისა და შვილის ფაქტობრივი ურთიერთობა უკვე არსებობდა, რაც, მოცემულ შემთხვევაში, არ დგინდება.
სააპელაციო სასამართლოს ერთობლიობაში უნდა შეეფასებინა საქმეში არსებული ყველა მტკიცებულება, ახსნა-განმარტება და ფაქტობრივი გარემოება, რაც არ განხორციელებულა, პალატამ არ გაიზიარა ის გარემოება, რომ მოპასუხე მიღებული და აღიარებული არ ყოფილა მშვილებლის ოჯახის წევრად. სამოქალაქო კოდექსის 1259-ე მუხლის თანახმად კი, ნაშვილები და მისი შთამომავლობა, მშვილებლისა და მისი შთამომავლობის მიმართ, შთამომავლობით ნათესაობას უთანაბრდება. შ.მ მშვილებლის გარდაცვალებამდე შვილების ფაქტი დამალა, რაც მის ფიქტიურობაზე მიუთითებს, სამოქალაქო კოდექსის 1272-ე მუხლის მიხედვით კი, ეს გარემოება შვილად აყვანის ბათილობის საფუძველია.
სასამართლოს მოსარჩელის ახსნა-განმარტებაზე (რომელიც თავისთავად მტკიცებულებაა) სრულყოფილად არ უმსჯელია, საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნით, სასამართლოსათვის განკუთვნილ ერთ-ერთ განცხადებაზე მშვილებლის ხელმოწერა გაყალბდა, რომელიც საფუძვლად დაედო შვილების შესახებ სასამართლო გადაწყვეტილებას.
სასამართლომ მხოლოდ მოპასუხე მხარის მოწმეთა ჩვენებები გაიზიარა, რომელთა ახსნა-განმარტებებიც რეალურად არსებულ გარემოებას არ ემყარებოდა, დაფუძნებულია დაინტერესებული პირის (მოპასუხის) გადმოცემაზე, მაშინ, როდესაც ყოველგვარი დასაბუთების გარეშე არ გაიზიარა მოსარჩელის მოწმეების არც ერთი ჩვენება.
სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, სარჩელის იურიდიული ინტერესი დასაბუთებულია, თუ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, მოსარჩელე დარღვეულ ან შეზღუდულ უფლებას აღიდგენს, ასევე, მოსარჩელის სამართლებრივი მდგომარეობა თუ იცვლება და აღიარებითი სარჩელის წარდგენა დარღვეული, თუ შელახული უფლების აღდგენის ერთადერთი გზაა.
მოცემულ შემთხვევაში სახეზეა მოსარჩელის იურიდიული ინტერესი. სააპელაციო სასამართლო არასწორედ უთითებს თითქოს, მოსარჩელემ, რომელიც მშვილებლის ძმის შვილი არის, ვერ დაადასტურა თუ რა უფლებები დაერღვა ი.კ.ის მიერ შ.მ.ის შვილად აყვანით. საქმის მასალებიდან ჩანს, რომ შვილად აყვანის ფაქტამდე ს.კ.ი და მისი ძმა გ.კ. ი.კ.ის ერთადერთი მემკვიდრეები იყვნენ. ი.ის გარდაცვალებამდე მათთვის გასაიდუმლოებული იყო შ.მ.ის შვილების ფაქტი. ს.კ.მა, როგორც მემკვიდრემ, სრულად გაიღო გარდაცვილი ბიძის დაკრძალვის ხარჯები. აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტი, როგორც საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე მტკიცებულება, საქმეშია წარმოდგენილი, თუმცა კანონმდებლობით გარანტირებული შეჯიბრებითობის პრინციპი დაირღვა და ამ უტყუარ მტკიცებულებას სამართლებრივი შეფასება არ მიეცა, რის გამოც გადაწყვეტილებაშიც არ აისახა.
შვილად აყვანა მშვილებლის მშობლიური გრძნობების გამოვლენისა და განხორციელების შესაძლებლობაა. თუ მოპასუხის შვილება მიზნად მართლაც მყარ და და მუდმივ საოჯახო-საამართლებრივ ურთიერთობას ისახავდა, საბერძნეთის კანონმდებლობის გვერდის ავლით ეს საკითხი არ უნდა გასაიდუმლოებულიყო.
2009 წლის 21 ივლისის შვილად აყვანით მშვილებელსა და ნაშვილებს შორის საოჯახო ურთიერთობა არ დაკანონებულა, რადგან ასეთი არც შვილების ფაქტამდე არსებობდა. შვილება ფიქტიური იყო, ვინაიდან ორივე მხარე გარკვეული სარგებლის მიღებას იმედოვნებდა: მშვილებელს არ უნდოდა შ.ს (ექიმის დიპლომის მქონე მომვლელი) ქვეყნიდან დეპორტაცია, რასაც დოკუმენტის მოუწესრიგებლობის შემთხვევაში ექნებოდა ადგილი, ხოლო ნაშვილებს გაცილებით შორსმიმავალი მიზანი გააჩნდა, ამისათვის 84 წლის მოხუცის ნდობა მოიპოვა და გარდა იმისა, რომ საბერძნეთის ბინადრობის ნებართვას მიაღწია, მიიღო მემკვიდრეობა, მნიშვნელოვანი ფინანსური სარგებელი და პრივილეგიები. მშვილებელსა და ნაშვილებს შორის საოჯახო ურთიერთობის არ არსებობაზე მიუთითებს მოწმე ა.ქ.
სასამართლო გადაწყვეტილება არასწორედ ეყრდნობა სამოქალაქო კოდექსის 1272-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებს, აღნიშნული არ შეესაბამება სასამართლო პრაქტიკას (საქმე ას-845-1119-05). რაც შეეხება სააპელაციო სასამართლოს მიერ იმავე მუხლის მე-4 პუნქტის განმარტებას, კანონი ასეთ დანაწესს არ იცნობს. მითითებული მუხლი ბათილობის მოთხოვნის უფლებას ანიჭებს იმ პირს, რომლის უფლებაც შვილად აყვანით დარღვეულია, რაც, მოცემულ შემთხვევაში, სარჩელით და თანდართული დოკუმენტებით დადასტურებულია (ი.კ.ის უახლოესი ნათესავების შესახებ 2011 წლის 13 დეკემბრის ცნობა N…., რომელშიც მოსარჩელე ი.კ. ერთ-ერთ მემკვიდრედ აღიარებული იქნა და, რომელიც მოპასუხე შ.კ.ის მოთხოვნით გაუქმდა. ასევე მოსარჩელის მამის თ.კ.ის ანდერძი, რომელშიც ის მოსარჩელეს უტოვებს ი.კ.გან მემკვიდრეობით მიღებულ ნებისმიერ უძრავ-მოძრავ ქონებას).
უდავო ფაქტობრივ გარემოებად არასწორადაა მიჩნეული ის, რომ მოპასუხე 2007 წლიდან ი.კ.ის გარდაცვალებამდე 2010 წლის 25 იანვრამდე ცხოვრობდა და მუშაობდა მის ოჯახში. იქმნება აზრი, რომ შვილების საფუძველი იყო ერთ ოჯახად ხანგრძლივი ცხოვრება, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება.
შ.მ.მა ი.კ.ის სახლში მუშაობა 2008 წლიდან დაიწყო, ხოლო საქართველოს შსს-ს მიერ გაცემული ცნობით დგინდება, რომ შ.მ.ი 2009 წლის 16 აპრილიდან 2009 წლის 14 დეკემბრამდე საქართველოში იმყოფებოდა.
სასამართლომ უკანონოდ არ გაიზიარა წარმოდგენილ მოწმეთა არც ერთი ჩვენება იმის შესახებ, რომ ი.კ.სა და შ.მ.ს შორის მშობლისა და შვილის ფაქტობრივი ურთიერთობა არ არსებობდა, რის გამოც შვილად აყვანა ფიქციური იყო.
მოწმე ლილიან მიხას ჩვენებით ი.კ.მა ცოლს ახარა, რომ მისი მოთხოვნა სასამართლომ დააკმაყოფილა და შ. იშვილა, მაშინ, როდესაც ი.ის ცოლი პარალიზებული იყო და რეაგირება არ შეეძლო, მით უმეტეს, როგორც მოწმის ჩვენებიდან ირკვევა, მან შ. დალოცა, რაც სამართლიანად აყენებს ეჭვქვეშ მთლიანი ჩვენების ნამდვილობას.
სასამართლომ დაარღვია შეჯიბრებითობის პრინციპი, რაც სამარალწარმოების ამოსავალი პრინიპია და დავის გადაწყვეტის ბედიც ამ პროცესში მონაწილე მხარეთა პოზიცითაა განსაზღვრული. მოსარჩელეს არ მიეცათ შესაძლებლობა, მოპასუხის თანაბრად ესარგებლათ მინიჭებული უფლებით და დამატებით წარედგინათ საქმის სწორი გადაწყვეტისათვის განსაკუთრებელი მნიშვნელობის მტკიცებულებები: გრაფოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა და საბერძნეთში, პ.ფ.ს დამკრძალავი ბიუროს მიერ გაწეული მომსახურების ჩეკი.
მიუხედავად იმისა, რომ საქმის ზეპირი მოსმენის დროს, მოპასუხე მხარემ აღიარა ზემოაღნიშნულ ორივე დოკუმენტში მოცემული ფაქტის ნამდვილობა, სასამართლომ უარი თქვა მათ მიღებაზე. სააპელაციო სასამართლომ არასწორად არ მიიღო დამატებითი მტკიცებულებები იმ საფუძვლით, რომ დროულად არ წარადგინეს გრაფოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა და დაკრძალვის ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტი. აღნიშნული ექსპერტიზის ჩატარების აუცილებლობა მხოლოდ მას შემდეგ წარმოიშვა, რაც საქმის მასალებს საბერძნეთში მცხოვრები მოსარჩელე გაეცნო. რაც შეეხება დაკრძალვის ხარჯების დამადასტურებელ დოკუმენტს, რომელიც 2010 წლის იანვარში შედგა, მაგრამ მოსარჩელემ ხანდაზმულობის ვადაზე დაყრდნობით დამკრძალავი ბიუროდან 2014 წლის იანვარში, მხოლოდ არაერთგზისი განმეორებითი მოთხოვნის შედეგად მიიღო.
კასატორი შუამდგომლობს საქმეს დაერთოს დამატებით წარმოდგენილი მტკიცებულებები: გრაფოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა და პ.ფ.ს დამკრძალავი ბიუროს მიერ გაწეული მომსახურების ცნობა, რომლებსაც მათი აზრით დიდი მნიშვნელობა ენიჭება საქმეზე კანონიერი გადაწყვეტილების მიღებისათვის, თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე და 132-ე მუხლებისა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 26 იანვრის განჩინებით ს.კ.ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა ს.კ.ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
კასატორის პრეტენზია ძირითადად მიმართულია სასამართლოს მხრიდან ფაქტების არასწორად გამოკვლევისა და მტკიცებულებათა დაშვებაზე უარის არასწორად თქმისკენ. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორს არ წარმოუდგენია დასაბუთებული შედავება. ამ კუთხით პალატა განმარტავს, რომ მოქმედი საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, სარჩელის საფუძვლიანობის შემოწმება ხორციელდება რამდენიმე მიმართულებით, ესაა ე.წ მოსარჩელის სტადია, რა დროსაც ხდება სარჩელის დასაბუთებულობის, მისი გამართულობის, შემოწმება, შემდეგი ეტაპია მოპასუხის სტადია, ხოლო გადაწყვეტილების გამოტანამდე ე.წ მტკიცების სტადიაზე ხდება მტკიცებულებათა გამოკვლევა, საყურადღებოა, რომ საქმის განხილვის ყოველ შემდგომ ეტაპზე გადასვლა და ამა თუ იმ მხარის მიერ საპროცესო კანონმდებლობით დაკისრებული ტვირთის დაძლევა ფასდება მას შემდეგ, რაც სრულად ამოიწურება წინა ეტაპით განსაზღვრული საპროცესო მოქმედებიები.
სადავოს არ წარმოადგენს, რომ სარჩელის სამართლებრივ საფუძლად მოსარჩელე მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 1272-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ წინაპირობას, კერძოდ, შვილად აყვანის ფიქციურობის მოტივით ითხოვს სრულწლოვანი პირის შვილად აყვანის ბათილად ცნობას. ასეთ შემთხვევასთან მიმართებით სარჩელზე დართული უნდა იყოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც არა ვარაუდის, არამედ სადავო საკითხზე ერთმნიშვნელოვანი დასკვნის გაკეთების საფუძველს მოგვცემდა, ამგვარი მტკიცებულებები მოსარჩელის სტადიაზე არ წარმოდგენილა, თავის მხრივ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად, შვილად აყვანის ფიქციურობის სათანადოდ დადასტურების ტვირთი ეკისრებოდა მოსარჩელეს, რაც, როგორც აღინიშნა, მან განკუთვნადი და სარწმუნო მტკიცებულებების წარდგენით ვერ უზრუნველყო.
რაც შეეხება კასატორის მსჯელობას მტკიცებულებათა დაშვებაზე უარის არასწორად თქმის თაობაზე, საკასაციო პალატა ვერც ამ მოსაზრებას გაიზიარებს და განმარტავს, რომ საპროცესო კანონდებლობა აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, სრულყოფილადაა განსაზღვრული საქმის განხილვის თითოეულ ეტაზე მტკიცებულებათა წარდგენის წესი და დადგენილია, რომ სასამართლოს მთვარ სხდომაზე მხარე შეზღუდულია როგორც ახალი მტკიცებულებების წარდგენით, ისე ახალ ფაქტებზე მითითებით (სსსკ 219.1 მუხლი). ახალი მტკიცებულების დაშვება შესაძლებელია საპატიო მიზეზის (სსსკ 215.3 მუხლი) არსებობსას. საპატიო მიზეზად კანონმდებლობა განიხილავს მხარისაგან დამოუკიდებელ იმგვარ ხდომილებას, რომლის თაობაზე მითითებაც გონივრული წინდახედულობის პირობებში საშუალო შესაძლბელობის მქონე პირს არ შეეძლო. ამასთანავე, საკასაციო საჩივარში მტკიცებულებათა წარდგენის საპატიო მიზეზად მითითებული გარემოებების თაობაზე საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილია შემდეგი ქცევის წესი: მოსარჩელე ვალდებულია, სარჩელს დაურთოს მასში მითითებული ყველა მტკიცებულება. თუ მოსარჩელეს საპატიო მიზეზით არ შეუძლია სარჩელთან ერთად მტკიცებულებათა წარდგენა, იგი ვალდებულია, ამის შესახებ მიუთითოს სარჩელში. მოსარჩელე უფლებამოსილია, მტკიცებულებათა წარდგენისათვის მოითხოვოს გონივრული ვადა. ამგვარ მითითებას საქმეში წარმოდგენილი სარჩელი არ შეიცავს.
ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ს.კ.ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
რაც შეეხება კასატორის შუამდგომლობას მტკიცებულებების: გრაფოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის და პ.ფ.ს დამკრძალავი ბიუროს მიერ გაწეული მომსახურების ცნობის დართვის თაობაზე, აღნიშნულს პალატა ვერ გაიზიარებს შემდეგი საფუძლებით:
სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ მხარეს შუამდგომლობაში მითითებული მტკიცებულებები არ წარმოუდგენია, თუმცა, საპირისპირო ვითარებაშიც კი, არ იარსებებდა მათი საქმისათვის დართვის წინაპირობები, რადგანაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. აღნიშნული ნორმა ადგენს საკასაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების შეფასების პროცესუალურ ფარგლებს და მისი შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითება და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა არ დაიშვება.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა შუამდგომლობას დაუსაბუთებლად მიიჩნევს, რაც მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს სააპელაციო საჩივარზე დართულ სასამართლო გრაფოლოგ მ.კ.ს 2014 წლის 17 იანვრის გრაფოლოგიურ დასკვნას და მიიჩნევს, რომ ვერც აღნიშნული გახდებოდა სადავო გარემოებების დამტკიცებულად მიჩნევის უტყუარი წინაპირობა, რამდენადაც კვლევის თანახმად, ს.კ.მ დოკუმენტები წარადგინა ასლის სახით და, ეთიკური მიზეზების გამო, ექსპერტმა თავი შეიკავა დასკვნის გაკეთებისგან, დოკუმენტი გაცემულია წინასწარი გრაფოლოგიური კვლევის შედეგად და რეკომენრედბულია შესწავლილი დოკუმენტების დედანში გამოკვლევა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორ ს.კ.ს უნდა დაუბრუნდეს დ.ს. (ი.ჯ.) მიერ 2015 წლის 13 იანვარს N1 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის, 70% – 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ს.კ.ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ ს.კ.ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს დ.ს.ის (ი.ჯ.ის) მიერ 2015 წლის 13 იანვარს N1 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის, 70% – 210 ლარი.
3. კასატორის შუამდგომლობა მტკიცებულებათა საქმისათვის დართვის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს უსაფუძლობის გამო.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური