¹ბს-837-423-კ-05 16 ნოემბერი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა შემდეგი შემადგენლობით: ნ. წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ი. ლეგაშვილი,
ნ. კლარჯეიშვილი.
დავის საგანი: ზედმეტად გადახდილი თანხის უკან დაბრუნება და ზიანის ანაზღაურება.
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
2003წ. 17 ივნისს სს “ქ.-მ” სარჩელი აღძრა ქუთაისის საოლქო სასამართლოში მოპასუხეების _ ფინანსთა სამინისტროს, ქუთაისის პანსიონატ “წ.-სა” და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართ, რომლითაც მოითხოვა მოპასუხეებისათვის თანხის დაკისრება შემდეგი საფუძვლით:
“საქართველოს პურპროდუქტების სახელმწიფო კომერციული კორპორაციის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით წამოჭრილი ფინანსური პრობლემების გადაჭრის ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1999წ. 12 დეკემბრის ¹665 ბრძანებულების მოთხოვნათა შესრულების შემოწმების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს 2000წ. 18 დეკემბრის და 25 სექტემბრის ¹მ-108 და ¹მ-111 განკარგულებების საფუძველზე, ამავე სამინისტროს ფინანუსრი კონტროლის დეპარტამენტის სამმართელოს უფროსმა შ. ნ.-მ, მოადგილემ ვ. თ.-მ და მთავარმა სპეციალისტმა ე. გ.-მ, სს “ქ.-ში” შეამოწმეს გრანტებითა და ჰუმანიტარული დახმარებით შესულ პურპროდუქტებზე ბიუჯეტში ფიქსირებული გადასახადის გადახდის რეალობა, რის საფუძველზეც 2000წ. 7 ოქტომბერს შედგა შესაბამისი აქტი. აღნიშნული აქტის მიხედვით, 2000წ. 1 ოქტომბრისათვის საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1995წ. 20 სექტემბრის ¹336 და 1999წ. 12 დეკემბრის ¹665 ბრძანებულებისა და სხვა ნორმატიული აქტების თანახმად, გრანტებითა და ჰუმანიტარული დახმარებით მიღებულ ხორაბლსა და ფქვილზე დარიცხული ფიქსირებული გადასახადი 175,950 ლარი ექვემდებარება დაბრუნებას და ჩათვლას მომავალი პერიოდის გადასახადებში სს “ქ.-ის” სასარგებლოდ. ფინანსთა სამინისტროს 2000წ. 20 აპრილის ¹08/01-08-219/1707 მიმართვისა და 2000წ. 20 აპრილის ¹08-01/05 სასესხო ხელშეკრულების საფუძველზე სს “ქ.-ის” მიერ საპენსიო დავალიანების დასაფარავად დარიგდა ფქვილი, რომლის ღირებულება შეადგენდა 17890 აშშ დოლარს. აღნიშნულთან დაკავშირებით, მოსარჩელემ წერილობით არაერთხელ მიმართა ფინანსთაAსამინისტროს, რომლის საფუძველზეც სახელმწიფოს მიმართ არსებულ სასესხო დავალიანებათა მართვის პრობლემების შემსწავლელ კომისიის 22.052001წ. ¹3 სხდომაზე სხვა საკითხებთან ერთად განხილულ იქნა მოსარჩელის მიერ დაყენებული საკითხი. კომისიამ კი კიდევ ერთხელ დაადასტურა, ხოლო ფინანსთა სამინისტრომ აღიარა ზემოაღნიშნული ვალი. მითითებული კომისიის მიერ მიღებულ დადგენილებაში აღნიშნულია, რომ “დაკმაყოფილდეს “ქ.-ის” სასესხო ვალდებულების შემცირების თაობაზე მოთხოვნა და შეტანილ იქნეს ცვლილებები სასესხო ხელშეკრულებაში სესხის მოცულობის 175,95 ათასი ლარით და 17890 აშშ ეკვივალენტით ეროვნულ ვალუტაში შემცირების შესახებ”. ასევე, კომისიას დაევალა აღნიშნული თანხების დაუყოვნებლივ ჩაირცხვა, რაც არ განხორციელებულა, რის გამოც მოსარჩელე მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში აღმოჩნდა. ამასთან, მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მას 1998წ. 7 ნოემბრის ხელშეკრულებით სახელმწიფო კრედიტი აქვს აღებული ხუთი წლის ვადით, 825500 აშშ დოლარის ოდენობით, რომლის პროცენტმა აღნიშნულ პერიოდში შეადგინა 239440 აშშ დოლარი. ნაწილი ამ თნხიდან საწარმოს გადახდილი აქვს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ განმარტა, რომ თანხის თავის დროზე მიუღებლობით მიადგა დიდი ზიანი, რადგან საბაზრო ეკონომიკის პირობებში თანხის არარსებობა, ფაქტობრივად, წარმოების გაჩერების ტოლფასია, ამიტომ მოსარჩელეს მიაჩნია, რომ სკ-ის 404-ე მუხლის შესაბამისად, უფლება აქვს, მოითხოვოს ვადის გადაცილებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება, რის გამოც ფინანსთა სამინისტროს ძირითად თანხასთან _ 175950 ლართან და 17800 აშშ დოლართან ერთად უნდა დაეკისროს თავის დროზე თანხის ჩაურიცხველობით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება, 476450 ლარისა და 257330 აშშ დოლარის ოდენობით ეროვნულ ვალუტაში, სულ _ 1042576 ლარის ოდენობით.
გარდა აღნიშნულისა, მოსარჩელემ განმარტა, რომ 2000წ. 1 თებერვალს ქუთაისის პანსიონატ “წ.-სა” და ინვალიდების საქმეთა დეპარტამენტს შორის, რომლის სამართალმემკვიდრეა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, გაფორმდა ხელშეკრულება პურის მიწოდების შესახებ. თავის მხრივ, მოსარჩელე კისრულობდა ვალდებულებას, პური მიეწოდებინა დამკვეთ ქუთაისის პანსიონატ “წ.-სათვის” საკუთარი ძალებითა და ტრანსპორტით, ხოლო დამკვეთი ხელშეკრულების 3.1. მუხლის შესაბამისად, იღებდა ვალდებულებას, ყოველთვიურად, წინასწარი გადახდის პირობით მოეხდინა ანგარიშსწორება. შედარების აქტის თანახმად, პანსიონატ “წ.-ს” მოსარჩელის სასარგებლოდ 2000წ. 1 თებერვლის ხელშეკრულებით ერიცხება 18307 ცალი პურის (600 გრ) დავალიანება _ 8500 ლარი, შედარების აქტი ხელმოწერილი და დადასტურებულია მხარეთა მიერ. გარდა პურის დავალიანებისა, პანსიონატ “წ.-ს”, ხელშეკრულების თანახმად, დამკვეთის მიერ პურის ღირებულების გადაუხდელობისათვის ან დაგვიანებით გადახდისათვის ერიცხება ჯარიმა გადასახდელი თანხის 5%-ის ოდენობით ყოველ გადაცილებუილ დღეზე, რამაც 2003წ. 7 ივნისის მდგომარეობით შეადგინა 510.000 ლარი. ძირითადი თანხისა და საჯარიმო თანხის ნებაყოფილობითი დაფარვის შესახებ არაერთხელ იყო საუბარი პანსიონატ “წ.-ს” ხელმძღვანელობასთან, ამასთან, მოსარჩელემ არაერთხელ პრეტენზიით მიმართა, რომელშიც მითითებული იყო, რომ დავალიანების 5 დღის ვადაში დაფარვის შესახებ, რაც მხარემ არ შეასრულა. პანსიონატი “წ.-ა” ფინანსდება და ექვემდებარება შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და ფინანსთა სამინისტროს მიერ, რომლებიც, თავის მხრივ, ვალდებული იყვნენ ზემოაღნიშნული თანხა ჩაერიცხათ პანსიონატ “წ.-სათვის”, რაც მათ არ შეუსრულებიათ, რის გამოც, სკ-ის 463-465-ე მუხლების საფუძველზე, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და პანსიონატი “წ.-” წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს.
მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მოპასუხეთა ასეთი დამოკიდებულება ხელშეკრულებისა და ნაკისრი ვალდებულებისადმი მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ საჭირო აღნიშნულ საკითხზე სასამართლოს უნდა მიეღო განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, რადგან არ გაძნელებულიყო გადაწყვეტილების აღსრულება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ სკ-ის 361-ე, 390-ე, 391-ე, 417-ე, 463-465-ე მუხლების და სსკ-ის 177-ე, 179-ე, 193-ე და 198-ე მუხლების საფუძველზე მოითხოვა ფინანსთა სამინისტროსათვის მოსარჩელის სასარგებლოდ 1042,576 ლარის გადახდის დაკისრება, აგრეთვე, პანსიონატ “წ.-ს”, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ფინანსთა სამინისტროსათვის მოსარჩელის სასარგებლოდ 518500 ლარის გადახდის დაკისრება.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2003წ. 17 ივნისის განჩინებით სს “ქ.-ის” მოთხოვნა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ქუთაისის საოლქო სასამართლოში წარდგენილ შესაგებელში არ ცნო სს “ქ.-ის” სარჩელი და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლით:
სასარჩელო განცხადება თავისი შინაარსით მოიცავს ორ ერთმანეთისაგან განსხვავებულ და დამოუკიდებელ დავის საგანს, კერძოდ, ერთი ეხება ფინანსთა სამინისტროს მიმართ არსებულ დავას გაურკვეველი სასესხო ვალდებულებების შემცირებისა და ამასთან დაკავშირებით, თანხების ჩარიცხვის ვალდებულების შეუსრულებლობას, სადაც მოპასუხედ წარმოდგენილია მხოლოდ ფინანსთა სამინისტრო, ხოლო მეორე დავის საგანს წარმოადგენს პანსიონატ “წ.-სა” და ყოფილ ინვალიდების საქმეთა დეპარტამენტთან გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობა, სადაც მოპასუხეებად წარმოდგენილია პანსიონატი “წ.-” და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. აღნიშნული დავის საგნები მოიცავს სავსებით განსხვავებულ საფუძვლებს და ერთმანეთთან არ არის დაკავშირებული, რის გამოც მათი გაერთიანება ერთწარმოებად მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს.
მოპასუხემ აღნიშნა, რომ ქუთაისის საოლქო სასამართლოს წარმოებაშია სს “ქ.-ის” სასარჩელო განცხადებასთან დაკავშირებული საქმე პანსიონატ “წ.-სა” და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართ, იმავე დავის საგანზე და იმავე საფუძვლით. მითითებული საქმისწარმოება ქუთაისის საოლქო სასამართლოს მიერ შეჩერდა ყოფილი ინვალიდების საქმეთა დეპარტამენტის სამართალმემკვიდრისა და უფლებამონაცვლის დადგენამდე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხემ სსკ-ის 186.1. “გ” და “ე” პუნქტების შესაბამისად, მოითხოვა სს “ქ.-ის” სარჩელის მიღებაზე უარის თქმა იმ ნაწილში, სადაც მოპასუხეს წარმოადგენს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.
სს “ქ.-მ” სარჩელი აღძრა ქუთაისის საოლქო სასამართლოში მოპასუხე ქუთაისის საოლქო საგადასახადო ინსპექციის მიმართ, რომლითაც მოითხოვა მოპასუხისათვის 707401 ლარის გადახდის დაკისრება შემდეგი საფუძვლით:
ქუთაისის საოლქო საგადასახადო ინსპექციას სს “ქ.-დან” 2001წ. მარტიდან ზედმეტად აქვს ჩარიცხული 310694 ლარი და 58 თეთრი. აღნიშნულის შესახებ მოსარჩელემ არაერთხელ მიმართა წერილობით მოპასუხეს, მაგრამ, მიუხედავად თანხმობისა, თანხა არ იქნა ჩარიცხული. აღნიშნულის შესახებ მოპასუხესთან შედგენილია შედარების აქტი, რითაც ფაქტობრივად აღიარებულია დავალიანების არსებობის შესახებ.
მოსარჩელემ განმარტა, რომ ორგანიზაცია თანხის დაუბრუნებლობის გამო ვერ იხდის სახელმწიფო სესხს, რომელიც აღებული აქვს 2000წ. აპრილიდან. ამასთან, სესხის თავის დროზე გადაუხდელობისათვის, მოსარჩელეს პროცენტისა და ჯარიმის სახით დაერიცხა 397401 ლარი, რის გამოც მოპასუხეს ძირითად თანხასთან ერთად უნდა დაეკისროს ზიანის ანაზღაურება, რაც საერთო ჯამში ძირითად თანხასთან ერთად შეადგენს 707401 ლარს.
მოპასუხე ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელმა ქუთაისის საოლქო სასამართლოს სხდომაზე არ ცნო სარჩელი და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2003წ. 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით სს “ქ.-ის” სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ქუთაისის საოლქო საგადასახადო ინსპექციას დაევალა მოსარჩელისათვის ზედმეტად გადახდილი 310694 ლარის დაბრუნება, ქუთაისის საოლქო საგადასახადო ინსპექციას 2001წ. 1 მარტიდან, თანხის დაუბრუნებლობის გამო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადახდა 310 694 ლარის 0,15%-ის გადახდა, ქუთაისის პანსიონატ “წ.-ს” დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ ძირითადი თანხის _ 8500 ლარის გადახდა, ქუთაისის პანსიონატ “წ.-ს 2000წ. 1 თებერვლიდან ძირითადი თანხის გადაუხდელობის გამო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 8500 ლარის 0,15%-ის გადახდა საბოლოო დაფარვამდე. მოსარჩელეს ფინანსთა სამინისტროსათვის 175950 ლარისა და 17 890 აშშ დოლარის ურთიერთვალდებულებაში გაქვითვის შესახებ ეთქვა უარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2004წ. 7 ოქტომბრის განჩინებით ფინანსთა სამინისტროს, ქუთაისის საოლქო საგადასახადო ინსპექციისა და პანსიონატ “წ.-ს” საკასაციო საჩივრების საფუძველზე გაუქმდა ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 26 დეკემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა არსებითად განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
სს “ქ.-მ” სარჩელი აღძრა ქუთაისის საოლქო სასამართლოში მოპასუხე ქუთაისის საოლქო საგადასახადო ინსპქციის, ფინანსთა სამინისტროს, მსხვილ გადამხდელთა კავშირისა და საქართველოს მსხვილ გადამხდელთა კავშირის ქუთაისის ფილიალის მიმართ, რომლითაც მოითხოვა მოპასუხეებისათვის თანხის გადახდის დაკისრება შემდეგი საფუძვლით:
“საქართველოს პურპროდუქტების სახელმწიფო კომერციული კორპორაციის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით წამოჭრილი ფინანსური პრობლემების გადაჭრის ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1999წ. 12 დეკემბრის ¹665 ბრძანებულების მოთხოვნათა შესრულების შემოწმების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს 2000წ. 18 დეკემბრის და 25 სექტემბრის ¹მ-108 და ¹მ-111 განკარგულებების საფუძველზე, ამავე სამინისტროს ფინანსური კონტროლის დეპარტამენტის სამმართელოს უფროსმა შ. ნ.-მ, მოადგილე ვ. თ.-მ და მთავარმა სპეციალისტმა ე. გ.-მა, სს “ქ.-ში” შეამოწმეს გრანტებითა და ჰუმანიტარული დახმარებით შესულ პურპროდუქტებზე ბიუჯეტში ფიქსირებული გადასახადის გადახდის რეალობა, რის საფუძველზეც 2000წ. 7 ოქტომბერს შედგა შესაბამისი აქტი. აღნიშნული აქტის მიხედვით, 2000წ. 1 ოქტომბრისათვის საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1995წ. 20 სექტმბრის ¹336 და 1999წ. 12 დეკემბრის ¹665 ბრძანებულების და სხვა ნორმატიული აქტების თანახმად, გრანტებითა და ჰუმანიტარული დახმარებით მიღებულ ხორბალსა და ფქვილზე დარიცხული ფიქსირებული გადასახადი _ 175, 950 ლარი ექვემდებარება დაბრუნებას და ჩათვლას მომავალი პერიოდის გადასახადებში სს “ქ.-ის” სასარგებლოდ. ფინანსთა სამინისტროს 2000წ. 20 აპრილის ¹08/01-08-219/1707 მიმართვისა და 2000წ. 20 აპრილის ¹08-01/05 სასესხო ხელშეკრულების საფუძველზე სს “ქ.-ის” მიერ საპენსიო დავალიანების დასაფარავად დარიგდა ფქვილი, რომლის ღირებულება შეადგენდა 17890 აშშ დოლარს. აღნიშნულთან დაკავშირებით მოსარჩელემ წერილობით არაერთხელ მიმართა ფინანსთაAსამინისტროს, რომლის საფუძველზეც სახელმწიფოს მიმართ არსებული სასესხო დავალიანებათა მართვის პრობლემების შემსწავლელი კომისიის 22.05.2001წ. ¹3 სხდომაზე სხვა საკითხებთან ერთად განხილულ იქნა მოსარჩელის მიერ დაყენებული საკითხი. კომისიამ კიდევ ერთხელ დაადასტურა და ფინანსთა სამინისტროს მიერ კი აღიარებულ იქნა ზემოაღნიშნული ვალი. მითითებული კომისიის მიერ მიღებულ დადგენილებაში აღნიშნულია, რომ დაკმაყოფილდეს “ქ.-ის” მოთხოვნა სასესხო ვალდებულების შემცირების თაობაზე და შეტანილ იქნეს ცვლილებები სასესხო ხელშეკრულებაში სესხის მოცულობის 175,95 ათასი ლარითა და 17890 აშშ ეკვივალენტით ეროვნულ ვალუტაში შემცირების შესახებ”. ასევე, კომისიას დაევალა აღნიშნული თანხების დაუყოვნებლივ ჩაირცხვა, რაც არ განხორციელებულა, რის გამოც მოსარჩელე მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაშია. ამასთან, მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მას 2000წ. 20 აპრილის ხელშეკრულებით სახელმწიფო კრედიტი აქვს აღებული ხუთი წლის ვადით, თანხით 825500 აშშ დოლარის ოდენობით, რომლის პროცენტმა აღნიშნულ პერიოდში შეადგინა 239440 აშშ დოლარი. ნაწილი ამ თანხიდან საწარმოს გადახდილი აქვს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ განმარტა, რომ თანხის თავის დროზე მიუღებლობით მიადგა დიდი ზიანი, რადგან საბაზრო ეკონომიკის პირობებში თანხის არარსებობა ფაქტობრივად წარმოების გაჩერების ტოლფასია, რის გამოც მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სკ-ის 404-ე მუხლის შესაბამისად, უფლება აქვს მოითხოვოს ვადის გადაცილებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება, რის გამოც ფინანსთა სამინისტროს ძირითად თანხასთან _ 175950 ლარსა და 17800 აშშ დოლართან ერთად უნდა დაეკისროს თავის დროზე თანხის ჩაურიცხველობით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება, სესხის სარგებლობისათვის პროცენტის სახით 239 440 აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარებში, საურავი სესხის ვადის გადაცილებისათვის 212137,2 აშშ დოლარი, საერთო თანხით 175950 ლარი და 469467,2 აშშ დოლარი ეროვნულ ვალუტაში.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2005წ. 21 თებერვლის განჩინებით სს “ქ.-ის” შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და სარჩელში მოპასუხედ საოლქო საგადასახადო ინსპექციასა და ფინანსთა სამინისტროსთან ერთად ჩაება ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტი.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2005წ. 1 თებერვლის განჩინებით სს “ქ.-ის” შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, სარჩელში მოპასუხეთა სიიდან ამოირიცხა საქართველოს მსხვილ გადამხდელთა ინსპექციის ქუთაისის ფილიალი და მოპასუხედ საქმეში თავდაპირველ მოპასუხეებთან: საოლქო საგადასახადო ინსპექციასთან, ფინანსთა სამინისტროსა და მსხვილ გადამხდელთა ინსპექციასთან ერთად მოპასუხედ ჩაება ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტი.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2005წ. 21 თებერვლის განჩინებით ერთ წარმოებად გაერთიანდა შემდეგი საქმეები: სს “ქ.-ის” სარჩელის გამო, მოპასუხეებთან _ საოლქო საგადასახადო ინსპექციასთან, ფინანსთა სამინისტროსა და ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტთან 175 950 ლარისა და 17 890 აშშ დოლარის გაქვითვის მოთხოვნით და ამ თანხის დროულად ჩაურიცხაობით გამოწვეული ზიანის 239440 აშშ დოლარის, ასევე, სხვადასხვა სახის ეკონომიკური ზინის _ 3000500 ლარის, სულ _ 1042576 ლარის დაკისრების მოთხოვნით; 2) სს “ქ.-ის” სარჩელის გამო, მოპასუხეებთან _ საოლქო საგადასახადო ინსპექციასთან, ფინანსთა სამინისტროსთან და ფინანსთაA სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტსა და მსხვილ გადამხდელთა ინსპექციასთან 175950 ლარისა და 1 890 აშშ დოლარის დაკისრების მოთხოვნით, პროცენტის სახით 239440 აშშ დოლარის და საურავის _ 212137 აშშ დოლარის დაკისრების მოთხოვნით და 3) სს “ქ.-ის” სარჩელის გამო, მოპასუხეებთან _ საოლქო საგადასახადო ინსპექციასთან, ფინანსთა სამინისტროსა და ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტთან 707401 ლარის დაკისრების მოთხოვნით.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2005წ. 24 მარტის განჩინებით სს “ქ.-ის” სარჩელი მოპასუხეებთან _ ქუთაისის საოლქო საგადასახადო ინსპექციასთან, ფინანსთა სამინისტროსა და ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტთან 707401 ლარის დაკისრების მოთხოვნით, გამოყოფილ იქნა ცალკე წარმოებად.
მოპასუხე ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელმა სასამართლო სხდომაზე არ ცნო სს “ქ.-ის” სარჩელი, მიიჩნია ის უსაფუძვლოდ, ხანდაზმულად და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2005წ. 26 აპრილის გადაწყვეტილებით, სს “ქ.-ის” სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ფინანსთა სამინისტროს დაეკისრა სს “ქ.-ის” სასარგებლოდ 175950 ლარის გადახდა, ხოლო დანარჩენ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი, რაც სასამართლო კოლეგიამ დაასაბუთა შემდეგნაირად:
სასამართლო კოლეგიამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტები:
სადავო თანხა 175950 ლარი, ყველა დოკუმენტით მიჩნეულია როგორც ფიქსირებული გადასახადი. ფიქსირებული გადასახადი საერთო- სახელმწიფოებრივი გადასახადის ერთ-ერთი სახეა და მას როგორც ადრე მოქმედი ისე ახლანდელი საგადასახადო კანონმდებლობა იცნობდა, მის გადამხდელად კანონმდებელი ასახელებს ფიზიკურ პირებს, რომლებიც არ იყენებენ დაქირავებულ პირთა შრომას. მოპასუხე მხარეს სადავოდ არ გაუხდია ის გარემოება, რომ კონკრეტულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს საგადასახადო ურთიერთობა, მხარეები დაობენ იმ ზედმეტად გადახდილი თანხის რეალობაზე, რომელიც, მოსარჩელის განმარტებით მან გადაიხადა სწორედ მიღებული ხორბლის სანაცვლოდ, რის გამოც სასამართლომ მიიჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში დავა არ გამომდინარეობდა საგადასახადო ურთიერთობიდან.
საქართველოს პრეზიდენტმა 1999წ. 12 დეკემბერს გამოსცა ¹665 ბრძანებულება “საქართველოს პურპროდუქტების სახელმწიფო სააქციო კომერციული კორპორაციის დავალიანებასთან დაკავშირებით წამოჭრილი ფინანსური პრობლემების გადაჭრის ღონისძიებათა შესახებ”. ფინანსთა სამინისტროს 2000წ. 18 და 25 სექტემბრის ¹მ 108 და ¹მ 111 განკარგულებების საფუძველზე, ამავე სამინისტროს ფინანსური კონტროლის დეპარტამენტის სამმართველომ 2000წ. 7 ოქტომბერს შეამოწმა გრანტებითა და ჰუმანიტარული დახმარებებით შემოსულ პურპროდუქტებზე ბიუჯეტში თანხების (და არა ფიქსირებული გადასახადები) გადახდის რეალობა, რის საფუძველზეც შეადგინა შესაბამისი აქტი. შემოწმებით დადგინდა, რომ ივნისამდე ფოთისა და ბათუმის პორტებიდან გამოგზავნილია სს “ქ.-ში” ხორბალი 15307,85 ტონა, ფქვილი 13474,67 ტონა. აღნიშნულ აქტში ასევე იკითხება, რომ “1999წ. 15 ოქტომბერს ¹0801-08-4814056 წერილის საფუძველზე ეცნობა “ქ.-ს”, რომ მისი დავალიანება ბიუჯეტის მიმართ შემცირდებოდა ამბროლაურში, თერჯოლაში, მარტვილსა და წყალტუბოში მის მიერ გადატვირთული ხორბლის ღირებულების ოდენობით”. 2000წ. 1 ოქტომბრისათვის “გრანტებითა და ჰუმანიტარული დახმარებით მიღებულ ხორბალსა და ფქვილზე დარიცხული ფიქსირებული გადასახადი 179 950 ლარი ექვემდებარება დაბრუნებას სს “ქ.-ის” საწარმოს სასარგებლოდ. მითითებული აქტის სისწორეს ადასტურებს და ხელს აწერს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური კონტროლის დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი, მისი მოადგილე, მთავარი სპეციალისტი, ხოლო მოსარჩელის მხრიდან _ სს “ქ.-ის” დირექტორი და მთავარი სპეციალისტი, ხოლო ჰუმანიტარული დახმარებებით მიღებულ ხორბალსა და ფქვილზე თანხა _ 175950 ლარის დაფიქსირებულია, აგრეთვე, სახელმწიფოს მიმართ არსებული სასესხო დავალიანებათა მართვის პრობლემების შემსწავლელი კომისიის სხდომის ოქმი ¹3-ით, რომელიც დათარიღებულია 2001წ. 22 მაისით. ოქმის ამონაწერით ირკვევა, რომ სასესხო დავალიანებათა პრობლემების შემსწავლელმა კომისიამ მოისმინა სს “ქ.-ის” მიერ ფინანსთა სამინისტროს წინაშე დაყენებული საკითხები. სადაოდ არავის გაუხდია, რომ “ქ.-ს” ზედმეტად აქვს გადახდილი თანხა, რის გამოც ეს თანხები უკან დაბრუნებას ექვემდებარება. ოქმიდან ირკვევა, რომ 2000წ. 20 აპრილის ხელშეკრულებიდან გამომდინარე (ხელშეკრულება ფინანსთა სამინისტროსა და სს “ქ.-ს” შორის იყო დადებული) ფინანსთა სამინისტროს აღნიშნულმა კომისიამ დაადგინა, რომ შეტანილ ყოფილიყო ცვლილება სასესხო ხელშეკრულებაში სესხის მიუღებლობის 175950 ლარითა და 17890 აშშ დოლარით შემცირების თაობაზე. სახაზინო სამსახურსა და სხვა უფლებამოსილ პირებსაც მიეცათ შესაბამისი დავალება, რათა შეემუშავებინათ და წარმოედგინათ წინადადება სს “ქ.-ის” სასესხო ვალდებულების შემცირების გატარების მექანიზმის თაობაზე. მითითებული კომისიის სხდომას და მასზე მიღებულ დადგენილებას, იგი არ შესრულებულა, სს “ქ.-ის” მიერ გადახდილი 175950 ლარი კვლავ ზედმეტად გადახდილად დარჩა, სამინისტროს მიერ იგი ვალში არ გაქვითულა, რის გამოც 2003წ. 6 თებერვალს სს “ქ.-ს” ფინანსთა სამინისტრომ შეახსენა, რომ 2000წ. 20 აპრილს დადებული ხელშეკრულების თანახმად სს “ქ.-ს” დაებრუნებინა ფინანსთა სამინისტროს ვალი, პროცენტი და საურავი, კერძოდ, ფინანსთა სამინისტრო ითხოვდა ზომების მიღებას აღნიშნული დავალიანების დასაფარავად. საქმეში მდებარე ფინანსთა სამინისტროს წერილით პრეზიდენტისადმი ირკვევა, რომ ფინანსთა სამინისტრომ 2000წ. ოქტომბერში შეისწავლა ყოფილი პურპროდუქტების სახელმწიფო სააქციო კომერციული კორპორაციის წარმოებაში, საქართველოს პრეზიდენტის 1995წ. 20 სექტემბრის ¹368 და 1999წ. 12 დეკემბრის ¹665 ბრძანებულებების მოთხოვნათა შესრულების მდგომარეობა. ინფორმაციასთან ერთად, რომ გარკვეულ ორგანიზაცია-დაწესებულებებს გააჩნიათ სახელმწიფო დავალიანება მოწოდებული ხორბლის და ხორბლის ფქვილის გამო, სამინისტრომ პრეზიდენტს მოახსენა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ სამ იურიდიულ პირს ზედმეტად აქვს გადახდილი 191900 ლარი, მათ შორის “ქ.-ბ” საწარმოს 175 950 ლარი. ფინანსთა სამინისტროს მიერ სასამართლო სხდომაზე, წარდგენილი 2005წ. 28 იანვრის სამსახურებრივი ბარათით, რომელსაც ფინანსური პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი უდგენს ფინანსთა სამინისტროს იურიდიულ დეპარტამენტს მოპასუხე მხარემ აღიარა, რომ მითითებული თანხა ნამდვილად იქნა ზედმეტად გადახდილი “ქ.-ის” მიერ. მოსარჩელის მიერ წარდგენილი ქვითრებით დადასტურებულია, რომ მის მიერ ნამდვილად იქნა გადახდილი იმპორტული ფქვილის ღირებულება საქართველოს რესპუბლიკის ბიუჯეტში.
სასამართლო კოლეგიამ გამოიყენა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 და სსკ-ის 131-ე მუხლები და განმარტა, რომ არაერთი მტკიცებულებებით, რომელიც მხარეებმა წარადგინეს სასამართლოში ფინანსთა სამინისტრო ადასტურებს იმ ფაქტს, რომ სს “ქ.-ს” ნამდვილად აქვს ზედმეტად გადახდილი ფინანსთა სამინისტროსათვის 175950 ლარი. სასამართლო კოლეგიამ გამოიყენა სკ-ის 385-ე და 976-ე მუხლები და განმარტა, რომ არანაირი ვალდებულება მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის არ არსებობდა, რომელიც სადაო თანხის გადახდას დაავალდებულებდა მოსარჩელე მხარეს, რის გამოც მიღებული თანხა მოპასუხემ, როგორც ამ თანხის მიმღებმა და ვითომ კრედიტორმა სს “ქ.-ს” უკან უნდა დაუბრუნოს, ამასთან სასამართლო კოლეგიამ არ გაიზიარა მოპასუხის მოსაზრება სარჩელის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით და განმარტა, რომ სადავო თანხის არსებობის შესახებ მოსარჩელისათვის ცნობილი გახდა 2000წ. 7 ოქტომბრის აქტით და 3 წლიან ვადაში 2003წ. 17 ივნისს მან მიმართა კიდეც სასამართლოს დარღვეული უფლების აღსადგენად სკ-ის 128-ე მუხლის შესაბამისად.
სასამართლო კოლეგიამ არ გაიზიარა მოპასუხის მოსაზრება, რომ თუ მოსარჩელე თანხებს 1994-1996 წლებში რიცხავდა, მას 1996 წელსვე უნდა სცოდნოდა, რომ გარკვეული თანხა ზედმეტად ჰქონდა გადახდილი ბიჯეტში და მოეთხოვა მისი დაბრუნება _ და განმარტა, რომ წარდგენილი მტკიცებულებებიდან ირკვევა, პურპროდუქტების მიწოდებაც და თანხების გადარიცხვაც ხდებოდა ცენტრალიზებული წესით, რის გამოც ანალიზს მიღებული პურპროდუქტებისა და ჩარიცხული თანხის სისწორეს პურპროდუქტების კორპორაცია ახდენდა, ხოლო მას შემდეგ, რაც 2000წ. 7 ოქტომბრის აქტით რეალური სურათი გახდა ცნობილი მოსარჩელისათვის, მან სასამართლოს მიმართა სარჩელით დარღვეული უფლების აღსადგენად.
სასამართლო კოლეგიამ არ გაიზიარა მოსარჩელის მოთხოვნა 17890 აშშ დოლარის მოპასუხისათვის დაკისრების ნაწილში და განმარტა, რომ რადგან ფინანსთა სამინისტრო არ ყოფილა იმ ხელშეკრულების მონაწილე მხარე, რომლის საფუძველზეც მოსარჩელე ამ თანხების დაბრუნებას ითხოვდა, სარჩელი ამ ნაწილში იყო უსაფუძვლო, ამასთან სასამართლო კოლეგიამ მიიჩნია, რომ უსაფუძვლო იყო მოსარჩელის მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების ნაწილში, რადგან მის მიერ ვერ იქნა დადასტურებული ის ზიანი, რომელიც სადავო თანხის დაუბრუნებლობით განიცადა.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს მითითებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს “ქ.-მ” რომლითაც მოითხოვა მისი გაუქმება გასაჩივრებულ ნაწილში და საკასაციო სასამართლოს მიერ ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღება, შემდეგი მოტივით:
სასამართლო კოლეგიამ გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებისას არ გაითვალისწინა ხელშეკრულება, რამაც წარმოშვა დავალიანება. საუბარია 1998წ. 7 ნოემბრის ხელშეკრულებაზე, რომელიც მხარეებს სადაოდ არ გაუხდია, ამასთან სადავო არ არის ის გარემოება, რომ მოწინააღმდეგე მხრიდან ხელშეკრულების 3.4 მუხლის საფუძველზე სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების სამინისტროს მიერ ამ ხელშეკრულების 3.3. პუნქტის შეუსრულებლობის შემთხვევაში ფინანსთა სამინისტროს უნდა უზრუნველყო “შემსრულებლისათვის” საპენსიო დავალიანების გადასახდელად მიწოდებული ფქვილის ღირებულების ანაზღაურება 1999წ. 30 ოქტომბრამდე. მითითებულ ხელშეკრულებას ხელს აწერს ფინანსთა მინისტრი. აღნიშნული დავალიანება აღიარებულ იქნა ფინანსთა სამინისტროს მიერ 2000წ. 7 ოქტომბრის აქტში და სასესხო დავალიანებათა მართვის პრობლემების შემსწავლელი კომისიის მიერ 2001წ. 22 მაისს, რაც წარმოადგენდა საკმარისს საფუძველს სასამართლოსათვის სარჩელის დასაკმაყოფილებლად.
კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლო კოლეგიამ ზიანის ანაზღაურების ნაწილში უსაფუძვლოდ უთხრა უარი, რადგან ფინანსთა სამინისტროს აღნიშნული დავალიანება კასატორისათვის ცნობილი გახდა 2000წ. 7 ოქტომბრის აქტის საფუძველზე, რის შემდეგადაც კასატორი მოითხოვდა თანხის დაბრუნებას და ჩათვლას, რაც არ განხორციელებული, ხოლო ფინანსთა სამინისტრო 2000წ. 20 აპრილის სასესხო ხელშეკრულების საფუძველზე ვალის გადახდის გადაცილებისათვის ზედმეტად აკისრებს 239440 აშშ დოლარს, თუმცა ფინანსთა სამინისტრო არაერთხელ დაპირდა აღნიშნული თანხის ვალში გაქვითვას.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს მითითებული გადაწყვეტილება ასევე საკასაციო წესით გაასაჩივრა ფინანსთა სამინისტრომ, რომლითაც მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი მოტივით:
სასამართლო კოლეგიამ გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ მოსარჩელეს ნამდვილად აქვს 175950 ლარი ბიუჯეტში ზედმეტად გადახდილი გრანტისა და ჰუმანიტარული დახმარებით მიღებული ხორბლის ღირებულების გადასახადის სახით და მტკიცებულებად მიუთითა სხვადასხვა წერილებსა და ფინანსთა სამინისტროს კონტროლის დეპარტამენტის აქტზე, ამასთან, სასამართლომ მიიჩნია, რომ ფინანსთა სამინისტროს სადავოდ არ გაუხდია თანხის გადახდის რეალობა, რაც არასწორია, რადგან ფინანსთა სამინისტრომ სასამართლო სხდომაზე სადავოდ გახადა თანხის გადახდის რეალობა და მოსარჩელე მხარისგან მოითხოვა იმ მტკიცებულებების წარმოდგენა, რომელიც დაადასტურებდა აღნიშნულ ფაქტს, თუმცა მხარის მიერ წარმოდგენილ იქნა მხოლოდ მტკიცებულება ბიუჯეტში თანხის გადახდაზე და არა ზედმეტად გადახდილი თანხის შესახებ. სასამართლო კოლეგიამ სარჩელის მოთხოვნა არ მიიჩნია ხანდაზმულად, რაც არასწორია, რადგან სასამართლო მსვლელობისას მხარეთა შეკითხვების სტადიაზე მხარემ დაადასტურა, რომ აქტის მიღებამდეც მას მოთხოვნის საფუძველი გააჩნდა.
კასატორი უთითებს სკ-ის (1964წ. რედაქცია) მე-80 მუხლზე და განმარტავს, რომ მოცემული ურთიერთობიდან გამომდინარე, მოსარჩელეს დარღვეული უფლების შესახებ უნდა შეეტყო 1996 წელს, თანხის გადახდის მომენტიდან, რის გამოც მას გაშვებული აქვს ამავე კოდექსის 75-ე მუხლით გათვალისწინებული ერთწლიანი ხანდაზმულობის ვადა, რაც 84-ე მუხლის შესაბამისად, არის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი.
კასატორი თვლის, რომ სასამართლოს უნდა გამოეყენებინა სკ-ის 1507-ე მუხლი, ვინაიდან სადავო ურთიერთობის პერიოდი მოიცავს 1994-1996 წლებს, შესაბამისად, დღეს მოქმედი კოდექსის გამოყენებაზე საჭირო იყო საქართველოს ფინანასთა სამინისტროს თანხმობა. ამასთან, სასამართლომ დაარღვია განსჯადობის პრინციპი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის შესაბამისად, ვინაიდან კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელე ითხოვს ზიანის ანაზღაურებას 335000 ლარის ოდენობით. გარდა აღნიშნულისა, სარჩელში არ არის მითითებული, თუ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის რომელი ნორმებიდან გამომდინარეობს სარჩელის მოთხოვნა, ხოლო აღნიშნულ გარემოებაზე სასამართლოსაც არ უმსჯელია.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა-კანონიერების შემოწმების და საქმის სასამართლო სხდომაზე განხილვის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ფინანსთა სამინისტროს და სს “ქ.-ის” საკასაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2005წ. 26 აპრილის გადაწყვეტილება და საქმე განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას შემდეგ გარემოებათა გამო:
გასაჩივრებული განჩინების გამოტანისას დარღვეულია მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, კერძოდ, სსკ-ის 393-ე მუხლისა და 394-ე მუხლის “ა” და “ე” პუნქტების მოთხოვნები; სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, გადაწყვეტილება იურიდიული თვალსაზრისით იმდენად დაუსაბუთებელია, რომ შეუძლებელია მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სასამართლო კოლეგიამ არასწორად გამოიყენა სკ-ის 385-ე მუხლი, არასწორი შეფასება მისცა დავის საგანს, სარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძვლად გამოიყენა რა სკ-ის ნორმა, რომლითაც განსაზღვრულია უსაფუძვლო გამდიდრებით წარმოშობილი ზიანის ანაზღაურება, რამდენადაც კონკრეტულ შემთხვევაში სარჩელის საფუძველს არ წარმოადგენდა უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე ზიანის ანაზღაურება, არამედ, მოსარჩელეს სარჩელის სამართლებრივ საფუძვლად მითითებული ჰქონდა სკ-ის 404-ე მუხლით განსაზღვრული ვადის გადაცილებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, მოსარჩელე თავად განსაზღვრავს მოთხოვნის საფუძველს /რომლის შეცვლის შესაძლებლობა მხოლოდ მას გააჩნია სსსკ-ის 83.3. მუხლის შესაბამისად/ და სასამართლო არ არის უფლებამოსილი სხვა საფუძვლით დააკმაყოფილოს სარჩელი.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო შეზღუდულია მხარეთა მოთხოვნის ფარგლებით, რომლის უგულვებელყოფა არღვევს საპროცესო კანონით განსაზღვრულ სამართალწარმოების უმნიშვნელოვანეს _ მხარეთა დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებს.
საკასაციო სასამართლოს 2005წ. 4 აპრილის სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ სს “ქ.-ის” წარმომადგენელმა დააზუსტა აღძრული სარჩელის მოთხოვნა და მოითხოვა _ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს _ ფინანსთა სამინისტროსთვის 175950 ლარის ოდენობით თანხის დაკისრება და ზიანის ანაზღაურება 335000 ლარის ოდენობით.
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის (2000წ. რედაქცია) მე-5 მუხლის შესაბამისად, სასამართლოსადმი უწყებრივად დაქვემდებარებულ ადმინისტრაციულ საქმეებს განიხილავდა რაიონული (საქალაქო) სასამართლოები, გარდა ამ კოდექსის მე-6 მუხლით გათვალისწინებული საქმეებისა. ამავე კოდექსის მე-6 მუხლი შეიცავდა ჩამონათვალს საქმეებისა, რომლებიც ექვემდებარებოდა საოლქო სასამართლოს პირველი ინსტანციით განსახილველ საქმეთა კატეგორიას.
კონკრეტულ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენდა ადმინისტრაციული ორგანოსათვის ზედმეტად გადახდილი თანხის უკან დაბრუნება და ზიანის ანაზღაურება, რომელიც ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.2. “გ” პუნქტის შესაბამისად, წარმოადგენს საერთო სასამართლოების განსჯად ადმინისტრაციულ სარჩელს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, ის გარემოება, რომ დავის საგნის ღირებულება შეადგენს 510000 ლარს, არ წარმოადგენდა მოცემული საქმის საოლქო სასამართლოს პირველი ინსტანციის წესით განსახილველ საქმეთა კატეგორიად მიჩნევის საფუძველს, რადგან კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობდა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის /კანონის 2000წ. რედაქცია/ მე-6 მუხლის “დ” პუნქტით გათვალისწინებული წინაპირობა, კერძოდ, სს “ქ.-ის” სარჩელის მოთხოვნას წარმოადგენდა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ზიანის ანაზღაურება 350000 ლარის ოდენობით და ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ქმედების განხორციელება _ ზედმეტად გადახდილი თანხის უკან დაბრუნება, შესაბამისად, ის გარემოება, რომ სარჩელის საერთო ფასი აღემატებოდა 500000 ლარს, მოცემულ დავას არ განაკუთვნებდა საოლქო სასამართლოს I ინსტანციის წესით განსახილველ დავათა კატეგორიას, რამდენადაც სს “ქ.-ის” სარჩელის მოთხოვნას არ წარმოადგენს ადმინისტრაციული გარიგების დადების ან შესრულების, აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ზიანის ანაზღაურება, თუ სარჩელის ფასი აღემატება 500000 ლარს.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგია მხოლოდ მითითებულ შემთხვევებში აღძრულ სარჩელზე წარმოადგენდა უფლებამოსილ სასამართლოს, ყველა სხვა შემთხვევაში, როცა დავის საგნის ღირებულება აღემატება 500000 ლარს, ადმინისტრაციული საქმის განხილვის კომპეტენცია სსსკ-ის 13-ე მუხლის საფუძველზე საერთო განსჯადობის დაცვით, შესაბამის რაიონულ /საქალაქო/ სასამართლოებს გააჩნდათ.
მოცემულ შემთხვევაში, სს “ქ.-ის” სარჩელთან დაკავშირებით, მოპასუხეებს წარმოადგენდა ქუთაისის საოლქო საგადასახადო ინსპექცია, ფინანსთა სამინისტრო, ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტი და მსხვილ გადამხდელთა ინსპექცია, ხოლო სასამართლოს 2005წ. 24 მარტის საოქმო განჩინებით სს “ქ.-ის” წარმომადგენლის მ. გ.-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და მოპასუხეთა სიიდან ამოირიცხა ქუთაისის საოლქო საგადასახადო ინსპექცია, ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტი და მსხვილ გადამხდელთა ინსპექცია, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანის დროს 2005წ. 26 აპრილს სს “ქ.-ის” სარჩელზე მოპასუხეს წარმოადგენდა ფინანსთა სამინისტრო, რომლის ადგილსამყოფელი _ იურიდიული მისამართია ქ. თბილისი, ..., შესაბამისად, ქუთაისის საოლქო სასამართლო არ იყო უფლებამოსილი განეხილა მოცემული დავა და საქმე განსჯადობის მიხედვით უნდა გადაეგზავნა უფლებამოსილი სასამართლოსათვის საერთო განსჯადობის შესაბამისად _ მოპასუხის ადგილსამყოფლის მიხედვით.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციული საქმის განხილვის კომპეტენცია სსსკ-ის ნორმების საფუძველზე საერთო განსჯადობის დაცვით, შესაბამის რაიონულ /საქალაქო/ სასამართლოებს გააჩნიათ.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადამიანის ძირითადი უფლება კანონიერ სასამართლოზე, სხვა საპროცესო ძირითად უფლებებთან ერთად, სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის ნაწილს წარმოადგენს. საქართველოს კონსტიტუციის 42.2. მუხლით დაცული და უზრუნველყოფილია პირის აღნიშნული საპროცესო უფლება.
მითითებული კონსტიტუციური ნორმა წარმოადგენს გარანტიას სამართლიანი სასამართლოს უფლების უზრუნველსაყოფად, რაც სახელმწიფოსაგან მოითხოვს სასამართლო განსჯადობის ზუსტ განსაზღვრას და აბსოლუტურად დაუშვებელია, სასამართლოს ინტერპრეტაციის საფუძველზე ანალოგიის მიხედვით განსჯადი სასამართლოს განსაზღვრა.
საქართველოს სახელმწიფოს შემთხვევაში, საერთო სასამართლოების სისტემა, სასამართლოთა ტერიტორიული და ინსტანციური იურისდიქცია განსაზღვრულია 1997წ.13.06 “საერთო სასამართლოების შესახებ” ორგანული კანონით და შესაბამისი საპროცესო კოდექსებით.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში საქმე განხილულია როგორც ტერიტორიული, ასევე ინსტანციური იურისდიქციის დარღვევით, შესაბამისად, მართლმსაჯულება განხორციელებულია არაუფლებამოსილი სასამართლოს, ანუ არაკანონიერი სასამართლოს შემადგენლობის მიერ, რითაც უგულვებელყოფილია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-5, 26-ე და სსსკ-ის 394. “ა” მუხლების მოთხოვნები.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის თანახმად, მოცემული საქმე განსჯადობის შესაბამისად განსახილველად უნდა გადაეგზავნოს უფლებამოსილ _ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I, 26.1, სსკ-ის 53.1 257-ე, 372-ე, 390-ე, 399-ე, 401-ე, 411-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სს “ქ.-ის” და ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.;
2. გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 26 აპრილის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად გადაეცეს უფლებამოსილ სასამართლოს _ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას;
3. სასამართლო ხარჯები გადანაწილდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების დადგენისას;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.