საქმე №ას-57-52-2015 3 აპრილი, 2015 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – სს „ბ-ი“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ნ. ბ-ა (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 14 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სს „ბ-მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ. ბ-ას მიმართ, საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დავალიანების – 4972.51 ლარის დაკისრების მოთხოვნით, თუმცა მოგვიანებით მოსარჩელემ დაზუსტებული სარჩელით მოითხოვა დავალიანების – 10478 ლარის ანაზღაურება.
მოსარჩელემ განმარტა, რომ ფოთის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 31 მარტის განაჩენით ნ. ბ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 24.208-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მართლსაწინააღმდეგო ქმედებაში. ამავე განაჩენით დადგინდა, რომ ნ. ბ-მ სს „ბ-ს“ მიაყენა მნიშვნელოვანი ზიანი 10478 ლარის ოდენობით. ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის შესაბამისად, აღნიშნული ზიანი ბანკს უნდა აუნაზღაურდეს.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სასარჩელო მოთხოვნა, სამოქალაქო კოდექსის 1008-ე მუხლის შესაბამისად, ხანდაზმულია.
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილებით სს „ბ-ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 14 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2008 წლის 25 ნოემბერს ნ. ბ-ამ სს „ბ-ისაგან“ ისესხა 3000 ლარი, რომელიც სრულად უნდა დაეფარა 2010 წლის 20 ნოემბრამდე. ნ. ბ-ას ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება ჯეროვნად არ შეუსრულებია. აღნიშნული სესხის ასაღებად ნ. ბ-ამ გამოიყენა ყალბი ცნობები და, ამის გამო, ფოთის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 31 მარტის განაჩენით მას დაედო მსჯავრი კრედიტის უკანონოდ მიღების გამო. სს „ბ-მა“ სარჩელი მოპასუხისათვის თანხის დაკისრების მოთხოვნით აღძრა 2014 წლის 10 თებერვალს.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ სავსებით სწორად შეაფასა დადგენილი ფაქტები და მართებულად მიუთითა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ხანდაზმულია.
სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 1008-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ აპელანტის უფლება დაირღვა მაშინ, როცა ნ. ბ-ამ არ დაუბრუნა ნასესხები თანხა, ე.ი. 2010 წლის 20 ნოემბერს. ამ დროიდან აპელანტისათვის უკვე ცნობილი იყო უფლების დარღვევისა და ქონებრივი დანაკლისის, ანუ ზიანის არსებობის ფაქტი და ისიც, თუ ვინ იყო ვალდებული, აენაზღაურებინა იგი. ამიტომ, როგორც სახელშეკრულებო სამართლის, ასევე დელიქტური სამართლის ნორმებიდან გამომდინარე, აპელანტის მოთხოვნა ხანდაზმულია.
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ვითარებას არ ცვლის ის გარემოება, რომ ნ. ბ-ას მსჯავრი დაედო კრედიტის უკანონოდ მიღების გამო.
სააპელაციო პალატის შეფასებით, სასამართლო განაჩენი არის მხოლოდ მტკიცებულება, რომლითაც შესაძლებელია დადასტურდეს სარჩელში მოყვანილი ფაქტები. როგორც ძირითადი, ასევე დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა კი, არსებითად, სესხად გაცემული თანხის დაბრუნებაა.
სააპელაციო პალატის აზრით, აღნიშნულის გამო, საქალაქო სასამართლომ მართებულად არ დააკმაყოფილა სარჩელი.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სს „ბ-მა“ მოპასუხის მისამართად მიუთითა ქ.ფოთი, 9 აპრილის ხეივანი .., .. და სწორედ აქ სცადა სარჩელისა და თანდართული მასალების ჩაბარება. ისინი მოპასუხეს არ ჩაბარდა, რადგან ამ მისამართზე ცხოვრობდნენ სხვა პირები. ამის შემდეგ, მოსარჩელის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ საჯარო შეტყობინება გაავრცელა.
სააპელაციო პალატამ უდავოდ დაადგინა, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებულ მისამართზე ნ. ბ-ა არ ცხოვრობდა. აღნიშნული ირკვევა ნ. ბ-ას მიმართ გამოტანილი განაჩენიდანაც, სადაც მის ფაქტობრივ მისამართად მითითებულია ფოთი, გ-ის ქ.№5/5. აღსანიშნავია, რომ განაჩენის თანახმად, აპელანტი სისხლის სამართლის საქმეში მონაწილეობდა დაზარალებულის სტატუსით და, შესაბამისად, იგი სარგებლობდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 57-ე და 58-ე მუხლებით გათვალისწინებული დაზარალებულის ყველა უფლებით. ეს კი ნიშნავს, რომ სს „ბ-ისათვის“ ნ. ბ-ას ფაქტობრივი ადგილსამყოფელი იმთავითვე ცნობილი იყო.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელემ სარჩელში ნ. ბ-ას მისამართი არასწორად მიუთითა. ამდენად, აღნიშნულ მისამართზე გაგზავნილი პუბლიკაციები არ შეიძლებოდა, გამხდარიყო საჯარო შეტყობინების განხორციელებისა და შემდეგ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის საფუძველი. ასეც რომ არ ყოფილიყო, სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელის წარმომადგენელი 2014 წლის 12 ივნისის სხდომაზე დაეთანხმა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნას და მოითხოვა დრო დაზუსტებული სარჩელის აღსაძრავად.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება სს „ბ-მა“ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
კასატორმა მიიჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინება არ არის საკმარისად დასაბუთებული და მისი დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის განჩინებით სს „ბ-ის“ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე განჩინებით დადგინდა, რომ მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა სს „ბ-ის“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2008 წლის 25 ნოემბერს ნ. ბ-ამ სს „ბ-ისაგან“ ისესხა 3000 ლარი, რომელიც სრულად უნდა დაეფარა 2010 წლის 20 ნოემბრამდე. ნ. ბ-ას ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება ჯეროვნად არ შეუსრულებია. აღნიშნული სესხის ასაღებად ნ. ბ-ამ გამოიყენა ყალბი ცნობები და, ამის გამო, ფოთის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 31 მარტის განაჩენით მას დაედო მსჯავრი კრედიტის უკანონოდ მიღების გამო.
სს „ბ-მა“ სარჩელი მოპასუხისათვის თანხის დაკისრების მოთხოვნით აღძრა 2014 წლის 10 თებერვალს. აპელანტის უფლება დაირღვა მაშინ, როცა ნ. ბ-ამ არ დაუბრუნა ნასესხები თანხა, ე.ი. 2010 წლის 20 ნოემბერს. ამ დროიდან აპელანტისათვის უკვე ცნობილი იყო უფლების დარღვევისა და ქონებრივი დანაკლისის, ანუ ზიანის არსებობის ფაქტი და ისიც, თუ ვინ იყო ვალდებული, აენაზღაურებინა იგი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით, ვინაიდან მოცემული ტიპის დავებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სტაბილური პრაქტიკა (სუს 2013 წლის 24 ივნისის №ას-182-175-2013 განჩინება).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სს „ბ-ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე