Facebook Twitter

№ ას-586-555-2014 16 აპრილი, 2015 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „ჯ-ი“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – გ. ხ-ე (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 4 აპრილის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის

დავის საგანი – დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს „ჯ-მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში გ. ხ-ის წინააღმდეგ და მოითხოვა მოპასუხისათვის, მის სასარგებლოდ დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის – 60000 ლარის დაკისრება შემდეგი საფუძვლებით:

მოსარჩელის განმარტებით, შპს „ჯ-ი“ შესაბამისი ლიცენზიისა და შპს „კ-თან“ გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, მასთან დაქვემდებარებულ კაზინო „ა-ის“ საშუალებით ატარებს სხვადასხვა სახის მომგებიან აზარტულ გათამაშებას ცოცხალი და ელექტრონული სახით. მიმდინარე წლის მაის-ივნისში აღმოჩნდა, რომ საზოგადოებასთან შრომით ურთიერთობაში მყოფი დილერ-ინსპექტორი გ. ო-ი, მორიგეობის პერიოდში, არაკეთილსინდისიერი ქმედებებით ხელს უწყობდა სხვადასხვა მომხმარებელს მოგებაში. არსებული პროგრამის საფუძველზე, აღნიშნული ქმედებები გამოავლინა ელექტრონული უსაფრთხოების შესაბამისმა ჯგუფმა და გამოიკვეთა, რომ, სავარაუდოდ, ო-თან დანაშაულებრივი გზით დაკავშირებულმა გ. ხ-ემ არაკეთილსინდისიერი გზით მოიგო 60 000 ლარი, რომელიც განათავსა პირად საბანკო ანგარიშზე. ამ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელეს წარმოდგენილი არ აქვს სარჩელში მითითებული გარემოების დამამტკიცებელი უტყუარი მტკიცებულება, არ არსებობს კანონიერ ძალაში შესული განაჩენი და არ იკვეთება დანაშაულებრივი კავშირი დილერ- ინსპექტორთან.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელე შპს „ჯ-ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „ჯ-მა“, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 4 აპრილის განჩინებით შპს „ჯ-ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა:

სააპელაციო პალატამ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები;

შპს „ჯ-ი“ კაზინო „ა-ის“ საშუალებით ატარებს სხვადასხვა სახის მომგებიან-აზარტულ თამაშობებს;

2013 წლის 2 და 19 ივნისს გ. ხ-ემ აპელანტის მიერ მოწყობილ თამაშობებში მოიგო 179900 ლარი;

შპს „ჯ-ის“ რეგლამენტის თანახმად, სათამაშო სიტუაცია „გაუქმებული ფსონი” განიმარტება, როგორც სიტუაცია, როდესაც ბურთულის ამოძრავებიდან ფსონის დახურვამდე, ბურთულა ციფრში ჩავარდება და მას შემდეგ მოთამაშე ამ ან სხვა ციფრზე (ციფრებზე) ფსონს დადებს. ასეთ შემთხვევაში უქმდება მოთამაშის მიერ განხორციელებული ფსონი და მას დადებული თანხა უკან უბრუნდება;

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ სამართლებრივად სწორად შეაფასა საქმეზე დადგენილი ფაქტები და მართებულად მიუთითა, რომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, სარჩელში მითითებული ფაქტების მტკიცების ტვირთი ეკისრებოდა მოსარჩელეს. მას კი, თავისი მოთხოვნის დამადასტურებელი არცერთი მტკიცებულება სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია;

საქმის მასალებით არ დამტკიცდა, რომ გ. ხ-ეს რაიმე კავშირი ჰქონდა დილერ-ინსპექტორ გ. ო-თან. მეტიც, საქმის მასალებით არც ის დადგინდა, რომ გათამაშების დროს გ. ხ-ემ დაარღვია თამაშობის წესები.

რეგლამენტიდან ამონარიდით დადგენილ იქნა, რომ ფსონის გასაუქმებლად აუცილებელი იყო ერთდროულად ორი პირობის არსებობა: ბურთულა ციფრში უნდა ჩავარდნილიყო ფსონის დახურვამდე და მოთამაშეს ფსონი უნდა დაედო ბურთულის ციფრში ჩავარდნის შემდეგ;

სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მოწვეული სპეციალისტ თამაზ სუხაშვილის დახმარებით გამოკვლეული, აპელანტის მიერ მოთხოვნის დასასაბუთებლად წარმოდგენილი ერთადერთი მტკიცებულებით - გათამაშების ცხრილებით, არ დადგინდა, რომ გ. ხ-ემ ფსონი დადო ბურთულის ციფრში ჩავარდნის შემდეგ;

თავისი მოთხოვნის დამადასტურებელი სხვა რაიმე მტკიცებულება კი, აპელანტს სასამართლოსათვის არ წარუდგენია;

სააპელაციო პალატამ სამოქალაქო კოდექსის 952-ე მუხლზე მითითებით აღნიშნა, რომ შპს „ჯ-ის“ თამაშობა სახელმწიფოს მიერ ნებადართული იყო, რის გამოც, იგი წარმოშობდა ვალდებულებას. აღნიშნული კი, ცხადყოფდა, რომ გ. ხ-ეს თანხა უსაფუძვლოდ არ მიუღია.

პალატამ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 317.1-ე მუხლზე და მიიჩნია, რომ გ. ხ-ე არ იყო ვალდებული, შპს „ჯ-ისთვის“ გადაეხადა 60 000 ლარი ამ ნორმით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება მართებული იყო და არ არსებობდა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 4 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „ჯ-მა“, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის შემდეგი საფუძვლებით:

კასატორის განმარტებით, გასაჩივრებული განჩინება იურიდიულად არასაკმარისადაა დასაბუთებული, ვინაიდან სასამართლომ მის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები სამართლებრივად არასწორად შეაფასა, ასევე, უსაფუძვლოდ უთხრა უარი წარედგინა მტკიცებულებები, რომელთა გამოკვლევის შედეგად, სააპელაციო საჩივრის დასაკმაყოფილებლად იარსებებდა ყველა სამართლებრივი საფუძველი, კერძოდ, შპს „ჯ-ს“ მოთხოვნის დასადასტურებლად დამატებით გააჩნია მტკიცებულებები, თუმცა პირველი ინსტანციის სასამართლოში, გამოძიების საჯარო ინტერესებიდან გამომდინარე, იგი შეიზღუდა წარედგინა ისინი. საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვისას კი, მას ჰქონდა შესაძლებლობა აღნიშნული მტკიცებულებების წარდგენისა, რაზეც სასამართლომ სრულიად უსაფუძვლოდ უთხრა უარი.

კასატორის მითითებით, სასამართლომ გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთებისას მიუთითა, რომ რეგლამენტის ამონარიდის მიხედვით, ფსონის გასაუქმებლად აუცილებელი იყო ერთდროულად ორი პირობის არსებობა: 1) ბურთულა ციფრში უნდა ჩავარდნილიყო ფსონის დახურვამდე და 2) მოთამაშეს ფსონი უნდა დაედო ბურთულის ციფრში ჩავარდნის შემდეგ. კასატორის აზრით, აღნიშნული მსჯელობა უსაფუძვლოა, ვინაიდან დადგენილია, რომ დილერმა მოთამაშეს შესაძლებლობა მისცა: ა) დაენახა მომგებიანი ციფრი; ბ) განეთავსებინა მომგებიან ციფრზე ფსონი; გ) გათამაშების გაუუქმებლობით დაეფიქსირებინა მისთვის მოგება. სასამართლოსთვის ცნობილი იყო, რომ კონკრეტული გათამაშებისას სამივე გარემოება არსებობდა და გათამაშება გასაუქმებელი იყო, თუმცა სარჩელი არ დააკმაყოფილა.

კასატორი ასევე სადავოდ ხდის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 21 თებერვლის საოქმო განჩინებას დამატებითი მტკიცებულებების წარდგენის შესახებ უარის თქმის თაობაზე და აღნიშნავს, რომ მას გააჩნია მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებენ მოთხოვნის მართებულობას, თუმცა, ვინაიდან მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება, გამოძიების საჯარო ინტერესებიდან გამომდინარე, არ დართეს ნება პირველ ინსტანციის სასამართლოში წარედგინა გარკვეული მტკიცებულებები. სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას კი, შეეძლო აღნიშნული მტკიცებულებების წარდგენა, რაზეც სრულიად უსაფუძვლოდ ეთქვა უარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 18 ივნისის განჩინებით შპს „ჯ-ის“ საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ჯ-ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა, კერძოდ, კასატორი სადავოდ ხდის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 21 თებერვლის საოქმო განჩინებას დამატებითი მტკიცებულებების წარდგენის შესახებ უარის თქმის თაობაზე და აღნიშნავს, რომ მას გააჩნია მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებენ მოთხოვნის მართებულობას, თუმცა, ვინაიდან მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება, გამოძიების საჯარო ინტერესებიდან გამომდინარე, არ დართეს ნება პირველი ინსტანციის სასამართლოში წარედგინა გარკვეული მტკიცებულებები. სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას კი, შეეძლო აღნიშნული მტკიცებულებების წარდგენა, რაზეც სრულიად უსაფუძვლოდ ეთქვა უარი, რასაც საკასაციო სასამართლო არ იზიარებს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 219-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირველი ინსტანციის სასამართლოში მხარეები შეზღუდული არიან ახსნა-განმარტების მოსმენისას წარადგინონ ახალი მტკიცებულებები ან მიუთითონ ახალ გარემოებებზე, რომელთა შესახებაც არ ყოფილა მითითებული სარჩელსა თუ შესაგებელში ან საქმის მომზადების სტადიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათ შესახებ თავის დროზე საპატიო მიზეზით არ იყო განცხადებული.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 380-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოში შესაძლებელია ახალი ფაქტების მოყვანა და ახალი მტკიცებულებების წარდგენა, თუმცა სასამართლო არ მიიღებს ახალ ფაქტებსა და მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეს შეეძლო წარედგინა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, მაგრამ არასაპატიო მიზეზით არ წარადგინა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო მიიღებს ახლად წარმოდგენილ მტკიცებულებებს, თუ მათ მნიშვნელობა აქვთ საქმისთვის, 380-ე მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, მხარეთა და მათ წარმომადგენელთა შუამდგომლობები და განცხადებები ახალ მტკიცებულებათა წარმოდგენის ან გამოთხოვის შესახებ სასამართლომ შეიძლება განიხილოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქმის მოსამზადებელ სტადიაზე მხარეს არ შეეძლო მათი წარმოდგენა, აგრეთვე, თუ მათ შესახებ მისთვის ობიექტური მიზეზებით ვერ იქნებოდა ცნობილი და მათი წარმოდგენის საფუძველი წარმოიშვა მთავარ სხდომაზე ან, თუ მხარემ საპატიო მიზეზით ვერ უზრუნველყო შესაბამისი შუამდგომლობებისა და განცხადებების წარმოდგენა საქმის მოსამზადებელ სტადიაზე.

ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ამ კანონის მიზნებისთვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხდებას ანდა შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას.

განსახილველ შემთხვევაში ირკვევა, რომ შპს „ჯ-მა“ სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე იშუამდგომლა ახალი მტკიცებულებების, კერძოდ, შპს „ს-სა“ და შპს „ჯ-ს“ შორის თამაშის მოწყობის მიზნით თანამშრომლობის შესახებ 2012 წლის 28 დეკემბრის ხელშეკრულების, შპს „ჯ-ის“ მიმართ მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენლის 2013 წლის 31 ივლისის განცხადების, შპს „ს-ის“ 2014 წლის 19 თებერვლის №0422 და №0424 ცნობების საქმეზე დართვა და შპს „ს-ის“ ტექნიკური დირექტორის მოწმედ დაკითხვა. პირველ ინსტანციის სასამართლოში და სააპელაციო სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მათი წარუდგენლობის ობიექტურ გარემობად კი, მიუთითა, რომ, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, საგამოძიებო ორგანოს მხრიდან ვერბალური კომუნიკაციის საფუძველზე, აეკრძალა მტკიცებულებების წარმოდგენა (იხ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 21.02.2014 წ. სხდომის ოქმი 11:37:51 – 11:40:39). იმის გათვალისწინებით, რომ იგი შემოიფარგლა მხოლოდ სიტყვიერი განმარტებებით და რაიმე წერილობითი დოკუმენტი აღნიშნული ფაქტის დასადასტურებლად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების შესაბამისად სასამართლოსათვის არ წარუდგენია, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ ვერ დასტურდებოდა პირველი ინსტანციის სასამართლოსა და სააპელაციო სასამართლოს მოსამზადებლ სხდომაზე მათი წარუდგენლობის საპატიო მიზეზი, რის გამოც არ არსებობდა შპს „ჯ-ის“ შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველი.

ამასთან, კასატორმა პირველი ინსტანციის სასამართლოსა და სააპელაციო სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე არა მხოლოდ არასაპატიო მიზეზით არ წარადგინა მტკიცებულებები, არამედ სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე მათი წარდგენით, ფაქტობრივად მიუთითა ახალ ფაქტზე, რომელზეც პირველი ინსტანციის სასამართლოში სამართალწარმოების არცერთ ეტაპზე არ ჰქონდა მითითებული, კერძოდ, კასატორი სარჩელს აფუძნებდა და დავის ფაქტობრივ გარემოებად უთითებდა შპს „ჯ-სა“ და შპს „კ--ს“ შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაზე, რომლის მეშვეობითაც ახორციელებდა თამაშის პროგრამულ უზრუნველყოფას. შპს „ს-თან“ დადებული ხელშეკრულების თაობაზე კი, არც სარჩელში არ მიუთითებია და აღნიშნულთან დაკავშირებით არც შესაბამისი მტკიცებულებები არ წარუდგენია სასამართლოსთვის.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად განახორციელა ის საპროცესო მოქმედებები, რომლებიც, მხარეთა თანასწორუფლებიანობის პირობებში, საჭირო იყო საქმის გარემოებთა დადგენისა და, მხარეთათვის დაკისრებული მტკიცების ტვირთის შესაბამისად, მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისათვის, რაც ცხადყოფს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 21 თებერვლის საოქმო განჩინება მტკიცებულებების დართვისა და მოწმის დაკითხვის შესახებ უარის თქმის თაობაზე მართებულია, არ გამოვლენილა ისეთი საპროცესო დარღვევა, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე და, შესაბამისად, არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ: №ას-510-857-07-მართლსაწინააღმდეგო ქმედებით მიყენებულ ზიანთან დაკავშირებით).

შესაბამისად, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას შპს „ჯ-ის“ საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (3000 ლარის) 70% – 2100 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „ჯ-ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორ შპს „ჯ-ს“ (ს/კ ...) დაუბრუნდეს მის მიერ 2014 წლის 16 ივნისს №... საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (3000 ლარის) 70% – 2100 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე